სისხლის სამართლის საქმე #0900071372

10589151_10203789970365125_2143371272_n

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, 18,325-ე მუხლით და 18,323-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შუამდგომლობა ბრალდებულ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის შესახებ.

2008 წლის 14 იანვარი, ქ. თბილისი.

 

2008 წლის 5 იანვარს საქართველოში დაინიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. 2007 წლის 9 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სხვა კანდიდატებთან ერთად, პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გაატარა ა. პატარკაციშვილი. აღნიშნული პერიოდიდან ქ. თბილისში, ბოჭორმის ქ. #21-ში ფუნქციონირება დაიწყო მისმა საარჩევნო შტაბმა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა საქართველოს პარლამენტის წევრი, ვალერიან გელბახიანი.

ჩაერთო რა საარჩევნო კამპანიაში დიდ ბრიტანეთში მყოფი ა. პატარკაციშვილი თავისი მიზნის მისაღწევად – შეთქმულების გზით დაემხო სახელმწიფო ხელისუფლება, დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, საქართველოში მყოფ ვ. გელბახიანს. ვ. გელბახიანი, მოქმედებდა რა ა. პატარკაციშვილთან ერთად საერთო განზრახვით, თბილისში დანაშაულებრივად დაუკავშირდა მარინე გაბუნიას.

შეთქმულთა სამოქმედო გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფების მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მიზნით, ძალადობრივი პროვოკაციების მეშვეობით, უნდა მომხდარიყო, თითქოსდა, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში გამოყვანა და დაწყებულიყო მასობრივი არეულობები, რითაც ქვეყანაში განვითარდებოდა უმართავი პროცესები. ამის პარალელურად, დიდი ოდენობით თანხის შეთავაზებისა და პოლიტიკური გარანტიების დაპირებების ხარჯზე უნდა მომხდარიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადმობირება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავება, რასაც მოჰყვებოდა სხვა სახელისუფლებო რგოლების ფუნქციონირების მოშლა.

ამავე გეგმის თანახმად, 2007 წლის 14 დეკემბერს, მარინა გაბუნია დაუკავშირდა და შეხვდა თავის ნაცნობს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორს, ერეკლე კოდუას, ამ უკანასკნელის სამუშაო კაბინეტში. მ. გაბუნიას მიზანი იყო ე. კოდუაზე ზეგავლენის მოხდენა, მისი მატერიალური დაინტერესება და ჩართვა შეთქმულთა დანაშაულებრივი მიზნის განხორციელებაში. ე. კოდუას პოზიციის მოსასინჯად მ. გაბუნიამ საუბარი ააგო ქ. თბილისში 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ მოვლენებზე და, საერთოდ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. შეხვედრის ამ ეტაპზე კოდუასა და გაბუნიას შორის საუბარმა ვერ ჰპოვა მ. გაბუნიასთვის სასურველი განვითარება, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

მიუხედავად ამისა, 2007 წლის 15 დეკემბერს, მ. გაბუნია ტელეფონით კვლავ დაუკავშირდა ე. კოდუას და დაჟინებით ითხოვა მასთან შეხვედრა. შეხვედრა შედგა. საუბრისას მ. გაბუნიამ ე. კოდუას განუცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის, არკადი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი, ვალერიან გელბახიანი, დაინტერესებული იყო მისი პიროვნებით, რადგან გარკვეული მიზნებისთვის დასაყრდენს ეძებდა ძალოვან სტრუქტურებში.

ე. კოდუამ საუბრის თაობაზე 2007 წლის 17 დეკემბერს პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. აღნიშნული   დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენისა და მათი ქმედებების აღსაკვეთად დაიგეგმა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება.

2007 წლის 17 დეკემბერს მ. გაბუნია ტელეფონით კვლავ დაუკავშირდა ე. კოდუას და ითხოვა მასთან შეხვედრა. შეხვედრა ამჯერადაც შედგა. საუბარში მ. გაბუნიამ ერეკლე კოდუას კვლავ განუცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის, არკადი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი, ვ. გელბახიანი, დაინტერესებული იყო მისი პიროვნებით, რადგან გარკვეული მიზნებისთვის დასაყრდენს ეძებდა ძალოვან სტრუქტურებში, რაშიც ერეკლე კოდუას გადაუხდიდნენ მილიარდ აშშ დოლარს. ამ შემთხვევაში ე. კოდუამ მ. გაბუნიას აგრძნობინა, რომ ამ თემით იგი დაინტერესდა და შესთავაზა კონკრეტული დეტალების დაზუსტება. იმავე დღეს მ. გაბუნია ტელეფონით კვლავ დაუკავშირდა ე. კოდუას და ითხოვა მასთან შეხვედრა, რომელიც შედგა სასტუმრო `მარიოტთან~. ამ შეხვედრაზე მ. გაბუნიამ ე. კოდუას განუცხადა, რომ ვ. გელბახიანს სურდა მასთან პირადი შეხვედრა და საუბარი, რაზეც მიიღო ე. კოდუას თანხმობა.

აღნიშნულის შემდეგ, მ. გაბუნიას ინიციატივით, სამოქმედო გეგმის კონკრეტული დეტალების დასაზუსტებლად, 2007 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის 01 საათზე, გელბახიანი და გაბუნია შეხვდნენ ერეკლე კოდუას ქ. თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მდებარე თავისსავე საცხოვრებელ ბინაში. შეხვედრაზე ვ. გელბახიანმა და მ. გაბუნიამ ე. კოდუას გაუმხილეს დანაშაულებრივი განზრახვა და სთხოვეს დახმარება მის სისრულეში მოსაყვანად. ამისათვის მას შეჰპირდნენ რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს, თანხის საბოლოო რაოდენობა კი დაზუსტდებოდა ე. კოდუასა და ა. პატარკაციშვილის შეხვედრისას.

სანაცვლოდ, ერეკლე კოდუას, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წამყვანი დანაყოფის ხელმძღვანელს, ევალებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავება. აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო ქვეყანაში განვითარებული უმართავი პროცესების (არჩევნების ჩაშლა, ძალადობრივი პროვოკაციების მეშვეობით მასობრივი არეულობა) ფონზე, რაც ინსპირირებული იქნებოდა ვ. გელბახიანისა და მისი თანამზრახველების მიერ.

2007 წლის 18 დეკემბერს, მიმდინარე შეხვედრისას, ვ. გელბახიანმა ერეკლე კოდუას პირდაპირ განუცხადა, რომ მიუხედავად არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებისა, მათ მიერ განხორციელდებოდა სახელმწიფო სტრუქტურების ბლოკირება, გარდა ამისა, 5 იანვარს მოხდებოდა პროვოკაციები (მათ შორის, ძალადობრივი ხასიათის) არჩევნების ჩასაშლელად. საჭიროების შემთხვევაში მოხდებოდა საარჩევნო უბნების დარბევა, რაც მათ საშუალებას მისცემდა, დაესვათ არჩევნების ლეგიტიმურობის პრობლემა, გამოეწვიათ ქვეყანაში მასობრივი მღელვარება, მიმდინარე პროცესების ესკალაცია და დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება.

ვ. გელბახიანმა ე. კოდუას განუცხადა, რომ მათ წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული ხალხის ქუჩაში გამოყვანისა და მასობრივი მანიფესტაციების მოწყობის გეგმა. პროცესებს ექნებოდა ორგანიზებული ხასიათი და სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა, რისთვისაც წინასწარ ჰავდათ მომზადებული, დაახლოებით, 80 000 კაცი – კოორდინატორები, რომლებსაც უხდიდნენ ხელფასს და მათი პირდაპირი დანიშნულება იყო ხალხის ქუჩაში გამოყვანა და მათი მობილიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შესაბამისი განკარგულების მიღებიდან ერთ საათში.

ვ. გელბახიანმა განმარტა ისიც, რომ აღნიშნული ყველა საკითხი შეთანხმებული იყო დიდ ბრიტანეთში მყოფ პრეზიდენტობის კანდიდატ ა. პატარკაციშვილთან.

2007 წლის 21 დეკემბერს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სასტუმროში, დაახლოებით, 04 საათზე ვალერი გელბახიანი და მარინა გაბუნია  კვლავ შეხვდნენ ერეკლე კოდუას. პრეზიდენტობის კანდიდატი მზადყოფნას აცხადებდა, შეხვედროდა მას და პირადად მიეცა მისთვის ფინანსური და პოლიტიკური გარანტიები.

შეთანხმებისამებრ, 2007 წლის 23 დეკემბერს, ერეკლე კოდუა ჩავიდა ლონდონში და გაჩერდა სასტუმრო „ჰილტონში“, რომელშიც ნომერი დაჯავშნული იყო ანატოლი მოტკინის სახელზე. იმავე დღეს ის შეხვდა შეთქმულების ორგანიზატორ ა. პატარკაციშვილს თავისსავე საცხოვრებელ სახლში. აქ მათ პირადად განიხილეს საქართველოს ხელისუფლების დამხობის გეგმის დეტალები, განისაზღვრა ე. კოდუას კონკრეტული დავალება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავების გეგმის ჩათვლით. სანაცვლოდ ე. კოდუამ ა. პატარკაციშვილისგან მიიღო ფინანსური და პოლიტიკური გარანტიები.

კერძოდ, ვალერი გელბახიანის მიერ კოდუას კანდიდატურის შერჩევის მართებულობისა და ამ უკანასკნელის რეალური შესაძლებლობების შეფასების მიზნით, ა. პატარკაციშვილი საუბრისას დაინტერესდა შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა დამოკიდებულებით საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენებისადმი; ე. კოდუას პირადი კონტროლის ქვეშ მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა და სპეცდანიშნულების რაზმების მებრძოლთა რაოდენობით და ე. კოდუასადმი მათი ერთგულების ხარისხით; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვ. მერაბიშვილის პირადი დაცვის წევრთა რაოდენობითა და მინისტრის დაკავების შესაძლო ვარიანტებით.

პასუხების მიღების შემდეგ, დარწმუნდა რა ერეკლე კოდუას შესაძლებლობების რეალობაში, ა. პატარკაციშვილმა მისცა მას კონკრეტული დავალება არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დასაყენებლად. ამ მიზნით ერეკლე კოდუას ყალბი საარჩევნო ბიულეტენების დემონსტრირებით მოსახლეობა უნდა დაერწმუნებინა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბებაში, რაც გამოიწვევდა საზოგადოების უკმაყოფილებას  და ქვეყანაში განვითარდებოდა უმართავი პროცესები. ამ გარემოებებში ე. კოდუას ძალის დემონსტრირებით იძულებული უნდა გაეხადა შინაგან საქმეთა მინისტრი ივ. მერაბიშვილი, გადამდგარიყო თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი უნდა დაეპატიმრებინა.

მითითებული გეგმის განუხორციელებლობის შემთხვევაში ე. კოდუას ა. პატარკაციშვილმა დაავალა თავდასხმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ივ. მერაბიშვილზე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე. კერძოდ, ე. კოდუას, ნებისმიერი ხერხით, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, უნდა მოეხდინა ივ. მერაბიშვილის ჯანმრთელობის ხელყოფა, ამ გზით მას პირადი კონტროლი უნდა დაეწესებინა შინაგან საქმეთა სამინისტროზე.

აღნიშნული გეგმის წარმატებით შესრულების შემთხვევაში ა. პატარკაციშვილი ე. კოდუას შეჰპირდა 100 (ასი) მილიონი აშშ დოლარის გადახდას და აღუთქვა ოჯახის ყოველმხრივ უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, ა. პატარკაციშვილმა ე. კოდუასთან საუბრისას განიხილა მისი ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვის ის დეტალებიც, რომელსაც ხელისუფლების ორგანოებზე ზემოქმედების მიზნით უნდა გამოეწვია საქართველოში სიტუაციის დაძაბვა და ესკალაცია არჩევნების დღემდეც, ანუ 2008 წლის 5 იანვრამდე. კერძოდ, ე. კოდუას დაავალა მისთვის არასასურველ რამდენიმე ისეთ პირზე ტერორისტული აქტის განხორციელება, რომელთა ლიკვიდაციაც, მათი სტატუსიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გამოიწვევდა სახალხო მღელვარებას, მასობრივ არეულობას და ა. პატარკაციშვილს შეუქმნიდა საპრეზიდენტო არჩევნებში უბრძოლველად გამარჯვების პირობებს.

ე. კოდუასთან თანამშრომლობაზე თანხმობის მიღების შემდეგ ა. პატარკაციშვილმა მას უთხრა, რომ დეტალურ სამოქმედო გეგმას და სალიკვიდაციო პირთა სიას მიაწოდებდა გელბახიანის მეშვეობით.

არკადი პატარკაციშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება საქმეში არსებული ერთობლივი მასალებით, კერძოდ, მოწმე ე. კოდუას ჩვენებით, მ. გაბუნიას, ე. კოდუას, ვ. გელბახიანისა და ა. პატარკაციშვილის შეხვედრების ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების მასალებით, ა. პატარკაციშვილის სატელევიზიო გამოსვლით.

2008 წლის 8 იანვარს ა. პატარკაციშვილის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, 325-ე მუხლით და 323-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2008 წლის 10 იანვარს არკადი პატარკაციშვილის ახლო ნათესავს ჩაბარდა უწყება არკადი პატარკაციშვილის საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2008 წლის 12 იანვარს 12 საათზე გამოცხადების შესახებ, თუმცა იგი არ გამოცხადდა.

2008 წლის 12 იანვარს საგამოძიებო ნაწილში გამოცხადდა არკადი პატარკაციშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი, რომელსაც გადაეცა დადგენილება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და საქმის მასალები.

მივიღე მხედველობაში ის გარემოება, რომ არკადი პატარკაციშვილის მიმართ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. მას ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში. ის თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნა ხელს შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენასა და დანაშაულის სრული მოცულობით გამოვლინებას, რის გამოც მიზანშეწონილად მიმაჩნია, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნას დაპატიმრება, ვინაიდან უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 140-ე, 151-ე, 155-ე, 159-ე, 160-ე და 233-ე მუხლებით.

ვშუამდგომლობ:

ბრალდებულ არკადი პატარკაციშვილს, დაბადებულს 1955 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში, საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი განათლების მქონეს, ცოლშვილიანს, ნასამართლეობის არმქონეს, რეგისტრირებულს ქ. თბილისში, გლდანის მე-3 მ/რაიონი, მე-10 კორპუსი, ბინა #88-ში, აღკვეთის ღონისძიების სახით შეურჩიოთ დაპატიმრება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი _ ზ. შანშიაშვილი.

ვეთანხმები:

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი პროკურორი – გ. ქაჩიბაია.

 

2008 წლის 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნატო ხუჯაძემ, ნინო ნაჭყებიას მდივნობით, ღია სხდომაზე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ ზ. შანშიაშვილის მიერ წარმოდგენილი შაუმდგომლობა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.