საფლავები „მჯდომარე მიცვალებულთათვის“ და უკვე დასაფლავებულებისთვის „ახეული“ საფლავები ზუგდიდში

ზუგდიდი რომ საოცრებათა ქალაქია, არა მარტო დადიანების საგვარეულოსთან ქალაქის კავშირითაა გამოწვეული და არც მხოლოდ იმით, კონსტანტინე გამსახურდია რომ ამბობდა: „ზუგდიდში თუ ყოფილხარ, ჩემო მკითხველო? მაშ, საქართველოს ულამაზესი დაბათაგანი არ გინახავს“.

არც ბოტანიკური ბაღია ზუგდიდის ქალაქ-საოცრებად მონათვლის სათავე და არც ახლანდელი ყოფა, გუბერნატორის წყალობით ოკუპირებული აფხაზეთიდან უაქციზო სიგარეტისა და სხვა სახის კონტრაბანდის დერეფნად რომ იქცა _ ეს ქალაქი იმიტომაა ქალაქი-საოცრება, რომ შიგადაშიგ აქ მართლაც საოცრებები ხდება.
მაგალითად, დღემდე ვერავინ გაიგო, რატომ არ უღებდა წინა ხელისუფლება ზუგდიდელ მოვაჭრეებს ბაზრის ცენტრალურ კარს და რატომ იყო ამ თემაზე სულ ჩხუბი, დარბევა და დავიდარაბა? რატომ გააგრძელა ამ ხელისუფლებამ იგივე, ეგეც საიდუმლოდ რჩება. ქალაქის გამგეობაში რატომ ხუმრობენ, ციხიდან ახლად გამოსულმა კაცმა შეიხედა გამგეობაში, იქ დასაქმებული თანამოსაკნეები დაინახა და ჩაილაპარაკა: ბოდიში, ბიჭებო, ახლავე ჩავალ მაღაზიაში და „ჩეფირს“ ამოვიტანო, _ ამასაც თღავისი ახსნა აქვს, მაგრამ ახლა სულ სხვა რამ გვინდა, გიამბოთ და მოგახსენოთ:
რამდენიმე დღის წინ მთელი მედია აიკლო ნიუსმა იმის თაობაზე, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დასაფლავების ნორმები გაწერა და ფორმულირების სახით შესაბამის დოკუმენტაციაში დაავანა.
ჰმ, ვინ კრძალავს მჯდომარედ მიცვალებულს ჩვენში, ესენი „პახმელიაზე“ ხომ არ არიანო?! _ იხუვლა მთელმა ერმა და ზოგმა იცინა, ზოგი გაბრაზდა, ზოგმა, ნეტაი, თქვენ, საქმე გამოგლევიათ, აგერ, 40 კილომეტრში თბილისიდან რუსის ტანკები დგანანო…
მერე წავიდა და წავიდა ამბავი, მაგრამ ისტორია, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, ოდნავადაც არ ჩამოუვარდება მიცვალებულის მჯდომარედ დასაფლავების სკანდალს.
თუ არ გჯერათ, აგერ თქვენ და აგერ _ მე:
მოკლედ, ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩაზე, ცხოვრობს ერთი სათნო პენსიონერი ქალბატონი, მზია ჭანტურია, რომელიც უკვე რა ხანია, სამართალს ეძებს და ვერ უპოვია.
კერძოდ, ქალბატონი მზია გამარჯვების ქუჩაზე მდებარე სახლიდან ხშირად დადიოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მისი ფუძეა და იქ დიდხანსაც რჩებოდა ხოლმე. სანამ დიდი ხნით წავიდოდა, ზუგდიდში კარგად ცნობილ ქაფათის სასაფლაოზე შეივლიდა და მის საგვარეულო საფლავს კარგად დაგვიდა, სარეველებისგან გაწმენდდა, ამოსაძირკვს ამოძირკვავდა, მოსარწყავს მორწყავდა, ნაგავს გაიტანდა, იქაურობას დაასუფთავებდა და დამშვიდებული სინდისით მიდიოდა.
მერე ისევ ბრუნდებოდა და ისევ ხელახლა იწყებოდა ყველაფერი: საფლავზე გასვლა, ხელების დაკაპიწება…
ერთხელაც, როცა ქალბატონი მზია ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩაზე დაბრუნდა და მეორე დღეს საგვარეულო საფლავს მიაშურა, ის… ვერ იპოვა. სულო ცოდვილო და, მზია ბებომ ისიც კი იფიქრა, დავბერდი და გზა ამერიაო, უკან დაბრუნდა და წლობით ნაცნობ, გატკეპნილ, დაზეპირებულ გზას ხელახლა გაუდგა.
მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! გზას, რომელსაც ის საგვარეულო საფლავთან უნდა მიეყვანა, სულ სხვა საფლავთან მიჰყავდა… მისი საგვარეულო საფლავი სადა, ლამაზად მოვლილი იყო, ის საფლავი კი, სანამდეც ახლა მიდიოდა ნაცნობი გზა _ შავი მარმარილოთი მოპირკეთებული, ამაღლებული და უხვწარწერიანი იყო, ერთ-ერთი წარწერა კი იტყობინებოდა, რომ აქ განისვენებს არა ჭანტურია ან მის გვართან და ოჯახთან დაკავშირებული ვინმე სხვა პირი, არამედ ხარებავა…
მოკლედ, სანამ ქალბატონი მზია ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, მისი საგვარეულო სასაფლაოსთვის გამოყოფილი მიწა გასხვისებულა და, როგორც ხდება, სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში, სასაფლაოების მართვის ცენტრს) დროებით გადაუცია მოქალაქე ეთერ ხარებავასთვის, რომელსაც, თავის მხრივ, მართვის ცენტრისთვის განცხადება წარუდგენია 2010 წლის 5 მარტს და აღუნიშნავს, რომ გარდაეცვალა ძმა და არ გააჩნია სასაფლაოსთვის მიწა, რასაც ითხოვდა და ფართობად ჰქონდა მითითებული 20 კვ.მ. ეს განცხადება 2010 წლის 5 მარტს დაწერილა სასაფლაოების მართვის ცენტრის დირექტორ ზვიად ღურწკაიას სახელზე, მას იმ დღესვე დაუვალებია რეზოლუციით ბატონ ვაჟა კიტიასთვის (ქვეშევრდომი), _ კანონის შესაბამისად მოახდინეთ რეაგირებაო და ბატონ ვაჟასაც ოპერატიულობა გამოუვლენია _ იმავე დღეს უპატაკა უფროსს, შესრულებულიაო (განცხადება რეზოლუციით საქმეში დევს).
ასე დაიწყო ამბავი და მიწის ნაკვეთის გადაცემის მერე საფლავის მოწყობას რაღა ედგა წინ _ ერთ საფლავზე მეორე აღმოცენებულა, მანამდე არსებული საფლავი კი უგზო-უკვლოდ გამქრალა.
საქმე ის გახლავთ, ქაფათის ეკლესია კარგა ხანია, დახურულია. წესით, საფლავებისთვის მიწის ნაკვეთი იქ არ უნდა გაიცემოდეს, მაგრამ ეს წესი შიგადაშიგ ირღვევა ხოლმე და ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეები გაუჩინარებულ საფლავებზე წუხან, წინაპრების საფლავებზე წამოჭიმული პომპეზური საფლავები აოცებთ… ამ ამბებში კიდევ ერთი საკვირველი დამთხვევაა _ ყველა „ხელახალი“ საფლავი თითქმის მომენტალურად ჩნდება, ანუ „ხელახალი საფლავების“ პატრონები თანხის დეფიციტს არ უჩივიან, რაც ეჭვს აჩენს, რომ ისინი უკვე არსებულ საფლავებს ხელახლა ყიდულობენ…
სწორედ ეს ეჭვი აქვს ქალბატონ მზია ჭანტურიას ადვოკატ თანდილა ჯოლოგუას, რომელმაც ყველა საბუთი შეაგროვა, პროკურატურას გადაუგზავნა, საქმეს ხელი მოჰკიდა და სრულიად უანგაროდ ეხმარება მოხუც პენსიონერს ჭეშმარიტების დადგენაში.
გამოძიება მზია ჭანტურიას კუთვნილი სასაფლაოს გასხვისების თაობაზე ზუგდიდის სამმართველოში 2011 წელს დაიწყო. როგორც ადვოკატ თანდილა ჯოლოგუას საქართველოს პროკურატურაში გაგზავნილი განცხადების პასუხად აცნობეს, გამოძიების მსვლელობის დროს დაიკითხნენ მოწმეები, დადგინდა სხვადასხვა გარემოება და გადაწყდა, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ამიტომაც მისი წარმოება შეწყდა.
ამგვარი პასუხი ადვოკატს არ აკმაყოფილებს, რადგან ფაქტი სახეზეა _ მზია ჭანტურიას კუთვნილი სასაფლაო აღარ არსებობს, ხოლო მის ადგილზე ახალი სასაფლაოა, რომლის მფლობელმა 2010 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართა სასაფლაოთა მართვის ცენტრს და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასაფლაოს გაფართოებაზეც კი თანხმობა მიიღო…
და ეს მაშინ, როცა სასფლაოთა მართვის ცენტრმა მზია ჭანტურიას აცნობა, რომ აღნიშნული (ხარებავების) საფლავისთვის მიწის ნაკვეთი 2010 წელსაა გაცემული და ჩვენ მას ვერ გავცემდით, რადგან ეს ცენტრი 2014 წელს შეიქმნაო.
ამ დროს კი საქმეში დევს ამავე ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ისევ მზია ჭანტურიას სახელზე, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 2010 წელს განცახების საფუძველზე მიწის ნაკვეთი „კანონმდებლობის შესაბამისად“ გადაეცა ეთერ ხარებავას, ხოლო 2011 წელს დაკმაყოფილდა კიდევ ერთი განცხადება სასაფლაოს გაფართოების თაობაზე…
აკი გეუბნებით, ზუგდიდი საოცრებათა ქალაქია-მეთქი.

მაგრამ თანდილა ჯოლოგუა დანებებას არ აპირებს. ის პრესკონფერენციის მოწვევას გეგმავს და სურს, ამ პარადოქსებით სავსე საქმის დეტალები მედიას გააცნოს. მანამდე კი ექსკლუზიურად „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა და ეს დეტალები უამბო:
„ამ დღეებში კიდევ ვაპირებ, ერთხელ შევაგროვო ყველა საბუთი, ყველა დეტალი აღვწერო და პროკურატურას მივმართო. იშვიათია ასეთი თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები. ძალიან უნდა იყოს ვიღაც დაინტერესებული, რომ ამ საქმეში სისხლის სამართლის ნიშნები ვერ აღმოაჩინოს და არაღძვრა გამოიტანოს. არაფერს ვამბობ შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე, რაც საფლავების გაყიდვაში გამოიხატება და ამ საქმემ სწორედ ეს და სხვა ფაქტებიც შეიძლება, გამოავლინოს“.
„ქრონიკა+“ აუცილებლად მიადევნებს თვალს ამ საქმის მსვლელობას და შედეგებს უახლოეს ნომერში გაცნობებთ.

დოროთე გითოლენდია