17 მაისი _ ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში

12-13 მაისის მძიმე დღეების შემდეგ ყველა დაძაბული ელოდებოდა 17 მაისს გასამართ აქციას. ცხადი იყო, რომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე საკმაოდ რთული იქნებოდა არა მხოლოდ ამ დღის მთავარი აქტორებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის.

2013 წლის შემდეგ 17 მაისის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. თითოეული აქტივობა, რომელსაც ლგბტ თემი ამ დღეს ახორციელებდა, მეტწილად პარტიზანულ ხასიათს ატარებდა, რომელშიც, აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჩართული იყო პოლიცია.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად აქტივისტები, ერთგვარად, 17 მაისის ტყვეობაშიც კი აღმოჩნდნენ და იმ კედლის დამსხვრევას ცდილობდნენ, რომელიც მათ საზოგადოებამ უაპელაციოდ ცხვირწინ აღუმართა.
მიმღებლობისთვის გადასადგამი ნაბიჯები მეტწილად ემოციებით თუ ცალკეული _ უბედური შემთხვევების დროს _ საზოგადოების მიმართ გაბრაზებით გამოიხატებოდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის მიერ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება კი თვალნათლივ ცხადყოფდა, რომ ეს იყო მცირერიცხოვანი ჯგუფის გამოწვევა და მათთვის ღია ომის გამოცხადება. წლიდან წლამდე ვხედავდით აგრესიას, რომელიც უმცირესობის წინააღმდეგ გროვდებოდა და ამის წამახალისებელი, სამწუხაროდ, საპატრიარქო და ცალკეული მღვდელმსახურნი აღმოჩნდნენ.
იმ დაძაბულობის შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ცხადი იყო, რომ 17 მაისი კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახლდათ სახელმწიფოსთვის, ხელისუფლებისთვის და, რა თქმა უნდა, ლგბტ თემისთვის.
საპატრიარქოსა და თემს დაპირისპირებული აგრესიული ძალების მიერ „საკუთარი“ აქციების დროისა და ჩატარების ადგილების ცვლილებები თემის აქციებისა და დროის პარალელურად, ცხადყოფდა, რომ მეორე მხარე ამ დღეს უკიდურეს კონფრონტაციაზე წავიდოდა. მართალია, ხელისუფლება და შესაბამისი ინსტიტუტები, პირველ რიგში, შს სამინისტრო, გარანტიას იძლეოდა, რომ აქციის თითოეულ მონაწილეს დაიცავდა, მაგრამ აქაც იყო კითხვის ნიშნები.
როგორც თემის ერთ-ერთმა აქტივისტმა გიორგი კიკონიშვილმა განაცხადა, მათ 2013 წელს სულაც იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდათ მიღებული გარანტიები, მაგრამ ეს დღე სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი დაუჯდა, როგორც საერთაშორისო რეპუტაციის თვალსაზრისით, ასევე აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ.
იმ ვითარებაში, როდესაც 17 მაისის მოლოდინმა პიკს მიაღწია, ლგბტ თემმა მიიღო აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება _ სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან აქციის გაუქმების შესახებ.
ემოციურად გასაგებია თემის წევრების იმ ნაწილის განცდა, რომლებიც უკმაყოფილონი დარჩნენ ამ გადაწყვეტილებით, თუმცა პოლიტიკურ ჭრილში ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რომ მათმა შეფასებებმაც კი დაიგვიანა.
თუ სიღრმისეულად შევხედავთ თემის გადაწყვეტილებას და გავრცელებულ განცხადებას, ეს იყო აბსოლუტურად ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში, რომლის თამაშის წესები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან არ იცვლება _ აქცია, პროტესტი, ბევრი ხალხი და უკიდურესი მოთხოვნები. ანუ სიკვდილი თავისუფლებისთვის. ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით თემმა არა მხოლოდ სამოქალაქო აქტივიზმის, არამედ პოლიტიკური ბრძოლის დღის წესრიგი შეცვალა და სათავე დაუდო სრულიად ახალ რეალპოლიტიკას _ გამარჯვება თავისუფლებისთვის.
აქციის გაუქმებით თემმა უარი თქვა, იზოლირებული ყოფილიყო პოლიციის კორდონით იმ საზოგადოებისგან, რომლისგანაც ითხოვს მიმღებლობას, უფლებების აღიარებასა და დაცვას. უარი თქვა გამხდარიყო პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი, რომელიც თუნდაც ხელისუფლებას ათქმევინებდა, რომ ქვეყანაში დაცულია უმცირესობის გარანტიები და უფლებები. უარი თქვა ესკალაციაზე და გააშიშვლა მოძალადე ინსტიტუტები, დაჯგუფებები. უარი თქვა, რომ ზიანი მიეყენებინათ თუნდაც მათ დამცველ პოლიციელებზე და უარი თქვა სახელმწიფო ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენებაზე. უარი თქვა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგზე, რომლებიც ამ ესკალაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებდნენ.
ამ გადაწყვეტილებით თემმა ძალიან ძლიერი სიგნალი გაუგზავნა ხელისუფლებას, რომ თუ მას რეალურად სურს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, უნდა იმოქმედოს. ამ გადაწყვეტილებით თემმა პირში ჩალაგამოვლებული დატოვა და ჩაუშალა ყალბი პატრიოტიზმისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე დგომის „მორიგი“ დემონსტრირების შანსი მეორე მხარეს მდგარ მოძალადეებს.
ის, რომ გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად გააზრებული და ეფუძნებოდა შორს მიმავალ სტრატეგიას, შეგვიძლია იმავე გიორგი კიკონიშვილის სიტყვებშიც ამოვიკითხოთ: ლგბტ თემი ვიწყებთ მოქმედებას რადიკალურად განსხვავებული წესებითა და მეთოდებით. 2018 წლის 17 მაისს ჩვენ _ ჯგუფმა, რომელიც ხშირად სხვების კეთილ ნებაზე ვიყავით დამოკიდებული და სახვეწარი გვქონდა თითოეული უფლება, ახლა თავად ავიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე! ვინც ამას ვერ ხვდებით, დროა გაიაზროთ და მოძველებული, კონსერვატორული, უმოქმედო მეთოდები უკან მოიტოვოთ, რომელიც უკვე არაფერში გვარგია და მხოლოდ არსებული სტატუს კვოს შენარჩუნებას უწყობდა ხელს.
რაღა დაგიმალოთ და ამ მიზნების, ამ სიტყვებისა და მიღებული გადაწყვეტილების ფონზე საკმაოდ სასაცილოდაც გამოიყურებოდნენ ცალკეული პოლიტიკური ძალები და ხელისუფლებაც, რომელიც ერთი მხრივ მიესალმებოდა (ხელისუფლების წარმომადგენლები) თემის გადაწყვეტილებას, ესკლაციის თავიდან აცილების მიზნით, მეორენი კი იმაზე აპელირებდნენ, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული არ არის.
თუმცა გამონაკლისის გარდა (ვგულისხმობ რესპუბლიკურ პარტიას) არავის გასჩენია კითხვა, რა გააკეთეს იმისთვის, რომ პროტესტის ეს უმწვავესი და რადიკალური ნაბიჯი არ გამხდარიყო გადასადგმელი და რა გააკეთეს იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ასე ფეხქვეშ არ იყოს გათელილი საზოგადოების ამ ჯგუფის უფლებები? არაფერი! რადგან მათაც 17 მაისი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდათ და სჭირდებათ. ის, რომ თემმა საკუთარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გაიარა კონსულტაცია, ესეც ნიშანდობლივია.
„თუკი ნამდვილად შეგტკივათ გული ჩვენს უფლებებზე, უნდა გაიაზროთ, რომ ეს სტატუს კვო მხოლოდ და მხოლოდ გვაზარალებდა და მეგობრულადვე გთხოვთ, ნუ გვიმტკიცებთ, რომ ჩვენს თავსა და უფლებებზე ჩვენზე მეტად შეგტკივათ გული. ნურც თავდადებასა და გმირობას გვატოლებთ, გთხოვთ. ამ გადაწყვეტილების მიმღები პირები ვართ ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე უმძიმეს რისკებზე წავსულვართ და წავალთ კიდეც სიმართლის დასაცავად!“ _ აცხადებენ თემში.
და აქვე, მაინც რატომ არ ჰქონდათ კონსულტაციები თემის წარმომადგენლებს პოლიტიკურ პარტიებთან? ცხადია, რომ ხელისუფლებასთან ამ თემაზე კომუნიკაციას აზრი არ ჰქონდა, თუნდაც იმის გამო, რომ მისთვის 17 მაისი ერთი დღეა, რომელიც უნდა გადააგორო, ხოლო ამ გადაგორების შემდეგ, როდესაც პარლამენტში „პიდარასტს“ დაგიძახებენ, არავინ აღმოჩნდება კოლეგისთვის შენიშვნის მიმცემიც კი. ანუ ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ ფასადია, რომელიც დასავლეთისთვის და საერთაშორისო ანგარიშებში პოზიციების გასამყარებლად სჭირდება ხელისუფლებას. ხელისუფლება ვერ ათვითცნობიერებს, რომ სისტემური ცვლილებები და ქმედითი ღონისძიებები ადამიანის, უცირესობების დაცვის კუთხით უფრო ნაკლებ რესუსს მოითხოვს, ვიდრე თუნდაც ერთი დღისთვის _ 17 მაისისთვის დახარჯული რესურსი და ენერგია.
რაც შეეხება ოპოზიციას, აქ უნდობლობის ფაქტორი ბევრად მაღალია _ ამ ადამიანებს კარგად ახსოვთ, როგორ ბოროტად იყენებდნენ მათ ორიენტაციას წინა ხელისუფლების დროს, როგორი ფსიქოლოგიური და მორალური ტერორის ქვეშ ამყოფედნენ და ისიც კარგად ახსოვთ, რამდენი თემის წევრი საკუთარი სურვილისა და ნების წინააღმდეგ გამოუყენებიათ იარაღად სხვა ადამიანების მიმართ. კარგად ახსოვთ, რამდენად ბოროტად იყენებდნენ მათ ცალკეული პერსონების დისკრედიტებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მძიმე გახსნება ყველა პარტიას არ ეხება, მაგრამ ამ ადამიანებისთვის ოპოზიცია ამჟამად მეტწილად ამ ფაქტებს, ამ ტკივილსა და ემოციურ განცდას უკავშირდება. შესაბამისად, არც უნდა გაუკვირდეთ ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს, რომ მათი გადაწყვეტილება არ ჩაეწერა ამ პარტიების დღის წესრიგში.
შესაძლოა, ცალკეულმა პერსონებმა განაცხადონ, რომ აქცია მაინც შედგა და კანცელარიასთან მაინც შეიკრიბნენ ლგბტ თემის წარმომადგენლები. დიახ, მაგრამ ეს იყო პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება იმის მიუხედავად, რომ ემოციურ დონეზე მათი გაგება აბსოლუტურად შესაძლებელია. რატომ მცდარი? ერთი ის, რომ ამ ადამიანებმა, რატომღაც, გადაწყვიტეს, _ თემს ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული ის პასუხისმგებლობა და შედეგები, რომელიც აქციის გაუქმების გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. მეორეც _ მათ დაარღვიეს ერთიანობის მოცემულობა, რომელიც მუდამ არის სიძლიერის განმსაზღვრელი და მესამეც _ მათ გააფუჭეს მთავარი სურათი _ აქციის ცარიელი ადგილი, როგორც პროტესტის უკიდურესი ემოციური და პოლიტიკური გამოხატულება.
ნიშანდობლივია, რომ ამ სურათის გაფუჭებისთვის თემს არ დაუძრახავს „ინდივიდუალისტები“, რაც ასევე წარმოადგენს სწორი აზროვნების პროდუქტს.
„ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღმა დგას შინაარსი. 2018 წლის 17 მაისს ლგბტ თემმა მივიღეთ ერთობლივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ღრმად გააზრებულ შინაარსზე დგას. სამწუხაროდ, ჩანს, რომ ბევრი თქვენგანის ემოციური განხილვის საგანი გახდა მხოლოდ გადაწყვეტილება და არა უშუალოდ შინაარსი და სრული კონტექსტი ამ გადაწყვეტილების გარშემო, _ ასე მიმართა გიორგი კიკონიშვილმა იმ ადამიანებს, რომლებმაც მაინც გადაწყვიტეს აქციაზე მისვლა და დასძინა, _ ეს ემოციები ბუნებრივია და ამის გამო ვერავის ვუსაყვედურებ (რამდენიმე პარტიულად მოტივირებული პერსონის გარდა). თქვენს ადგილზე ალბათ მეც იგივე რეაქცია მექნებოდა, რომ მენახა, როგორ აუქმებს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს საკუთარი ხელით. მაგრამ თქვენს ადგილზევე მაშინვე დავიწყებდი გადაწყვეტილების შინაარსის(!) დეტალურ გააზრებას. ამისთვის კი აუცილებელია სრულად იხილოთ განცხადება და გაიაზროთ მასში წარმოთქმული თითოეული სიტყვა. პოლიტიკურ ტექსტში თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია, ისიც კი, ვის მიმართავს განმცხადებელი პირველ რიგში!“
ახლა ცოტა რამ მორალურ კონტექტსტზე. შვილი არ შეიძლება გრცხვენოდეს. შვილი ნებისმიერ მშობელს უყვარს და ვინც ცალკეული გარემოების გამო აცხადებს, რომ მისი შვილი მოკვეთა, მისი შვილი გააგდო, მისი შვილის რცხვენია, რეალურად შვილზე კი არა, საკუთარ თავსა და „იმიჯზე“ ზრუნავს. მომკვეთი მშობლები ამას საზოგადოებისა და ახლობლების სანახავად აკეთებენ და არა შვილების კეთილდღეობისთვის.
რატომ ასე მძაფრად? 12-13 მაისს მშობლებს „გაუტყდათ“, რომ მათი შვილები აქციაზე ნარკოტიკების გამო იდგნენ. არადა, არ იდგნენ ნარკოტიკების გამო, ისინი იქ საკუთარ უფლებებს იცავდნენ, იცავდნენ მშობლებს, რომელთა შვილები შესაძლოა, ვინმე ტუტუცმა „ძალოვანმა“ საკუთარ ბრმა იარაღად გამოიყენოს ან სულაც ნარკოტიკი ჩაუდოს და დიდი ხნით ან სამუდამოდ ციხეში მიაბრძანოს. იცავდნენ მომავალს, რომლის დანგრევის უფლება არავის უნდა მიეცეს. იცავდნენ დედებს, რომლებმაც არ უნდა იტირონ. იცავდნენ მამებს, რომელებმაც ზურგი უნდა გაუმაგრონ და გააძლიერონ
რა ვნახეთ ამის საპირწონედ? როდესაც 13 მაისს პოლიციას მივანდეთ ჩვენი შვილების დაცვა და ისინი პირისპირ დავტოვეთ ადამიანებთან, რომლებიც მათ ჩაქოლვას ლამობდნენ და რამე უბედურება რომ მომხდარიყო, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი, პოლიცია? და ჩვენ, მშობლები გამონაკლისების გარდა, ტელევიზორებთან ვნახავდით, როგორ კლავდნენ, ქოლავდნენ, სცემდნენ, აგინებდნენ ჩვენს შვილებს? ან იმ შვილების მშობლებს რა გვიხაროდა და რა გვეამაყებოდა, რომლებიც ვახალისებდით, ვგულშემატკივრობდით, რომ კორდონი გაერღვიათ და მოყვასი ჩაექოლათ, მოეკლათ, ეცემათ? მოქნეული და მოზომილი სად გინახავთ? ანუ რეალურად გვიხაროდა, რომ ეს ჩვენი ქართველი ვაჟკაცი შვილები მზად იყვნენ, სხვა მოეკლათ _ საკუთარი თანატოლი, საკუთარი ახლობელი, მეგობარი, ძმა, რომლებიც პოლიციის კორდონს მიღმა იდგნენ? საოცარია თანამედროვე ქართველი მშობლის ფსიქოლოგია _ საჯარო მორალისტობა სხვის ქცევებზე და სრული უპასუხისმგებლობა და უსიყვარულობა. არა, უსიყვარულობაში ეგოიზმსა და ნარცისიზმს არ ვგულისხმობ, რომელიც ასე მძაფრად გვაქვს მოძალებული.
არადა, როგორ გვეამაყებოდა ხოლმე ისეთი წუთები, როდესაც ჩვენი შვილების სურვილებზე, პიროვნულ განცდებზე, იდენტობაზე არავინ აპელირებს და მათ გმირებად ვხედავთ და წარმოვაჩენთ. როდის? თუნდაც 2015 წლის 13 ივნისს გაგახსენებთ. ეს გოგო-ბიჭები არ იდგნენ ვერის ხეობაში? განა ისინი არ იბრძოდნენ სტიქიის წინააღმდეგ და მერე სალიკვიდაციო სამუშაოებისას? ჰო, ერთი მხრივ გვიხაროდა, რომ ასეთი საამაყო შვილები გვყავდა და მეორე მხრივ ის ბარი, ის თოხი, რომელსაც სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის თავად ყიდულობდნენ, ორჯერ გავაძვირეთ. ჰო, გვიხაროდა და ხეობიდან გამოსულ, ტალახში ამოგანგლულ ახალგაზრდებს მანქანასაც კი არ ვუჩერებდით, „სიდენია“ რომ არ დაესვარათ. ასეთია ჩვენი ბუნება _ ის, რაც გვიხარია, მუდამ უნდა დავამარცხოთ. ვისთვისაც შეგვიძლია მოვკვდეთ ბრძოლაში, შეგვიძლია მარტო დავტოვოთ და სასიკვდილოდ გავიმეტოთ.
და აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაშიც კი მათ უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენ ისინი. ამ დრამის მიუხედავად მათ მაინც არ დასცდენიათ ერთი აუგი _ პირიქით: 2013 წელს ბევრი თქვენგანი იმასაც ვერ იგებდა, რატომ ვაკეთებდით „ქამინგ აუთს“, რატომ გამოვდიოდით გარეთ და რატომ არ ვრჩებოდით სახლებში. მადლობა, რომ ამ წლების მანძილზე ბევრი იფიქრეთ, გადაიაზრეთ, ახლა ერთად ვდგავართ და გულწრფელად შეგტკივათ გული. ჩვენ-ც შეგვტკივა, არ დაგავიწყდეთ“, _ აცხადებს ლგბტ თემი.
ამას რეალურად ნამუსის მოწმენდა ჰქვია საკუთარი მშობლებისა და სახლში დარჩენილი და ნეიტრალური ადამიანებისთვის. ეს დიდი მორალური აქტია, დიდად დასაფიქრებელი ყველასთვის.
აქვე ვიღაც იტყვის, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თუ არც ნარკომანებს მინდა მივემხრო და არც ლგბტ ადამიანების ცხოვრების წესია (ეს წესი აუცილებლად განმარტებული იქნება, როგორც გარყვნილება) მისაღები?
და ვინ გაძალებთ? ადამიანი შესაძლოა იყო ნარკომანების წრეში და არ გახდე ნარკომანი, ისევე როგორც „გარყვნილი სექსუალური ცხოვრების“ პროპაგანდა შეუძლებელია. ანუ პროპაგანდის მსხვერპლი ვერავინ გახდება.
დაპირისპირების უმთავრესი ქვაკუთხედი ტრადიციაა და ესეც ტყულია. არაფერი აქვს მას საერთო სიმართლესთან, რადგან ნებისმიერ ეპოქასა და საზოგადოებაში სექსუალური უმცირესობის არსებობის სტატისტიკა, ფაქტობრივად, უცვლელია. რაც შეეხება ნარკომოხმარებას აქ რისკი ბევრად მეტია, თუმცა სწორი პოლიტიკა (მე მაინც პორტუგალიის მაგალითს ვემხრობი) ბევრად ეფექტიანია, ვიდრე რეპრესიული პოლიტიკა.
და მაინც, ვინ არის ამ უმცირესობის მთავარი ვიზავი? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს _ საპატრიარქო. ამ არეულობისა და თუ დაძაბულობის ინსპირატორიც საპატრიარქო იყო, რომელიც დამინდეთ ეს ჩემი დაჟინება, მაგრამ რუსეთის ინტერესების გამტარებელია. ახლა არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რა ღირებულებებზე დგას ქრისტიანული რელიგია, რომ უმთავრესია სიყვარული და ბარემ ტრადიცულსაც ვიტყვი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. თუმცა აზრი არ აქვს ამაზე საუბარს და ამის განვრცობას, რადგან თუნდაც ბოლო 6 წლის დინამიკა გვაჩვენებს _ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სიყვარული აბსოლუტურად მიუღებელი და გაუთვითცნობიერებელი მოცემულობაა, რადგან ისინი შეგნებულად თუ შეუგნებლად ერთი ხელის მოსმით უარყოფენ ქრისტიანულ მორალს, ღირებულებებს და მხოლოდ რუსეთის მსახურებაშიღა არიან.
წლების განმავლობაში გამჟღავნებული და დეკლარირებული სიძულვილის ფონზე როგორ არ უნდა მოვიხმო აქ მწერლისა და ღვთისმეტყველის, კლაივ სტეიპლს ლუისის შემდეგი სიტყვები: „…ქრისტიანობა კი მხოლოდ რელიგია არ არის, ის რელიგიაზე მეტია, რადგან ქრისტიანობა მჟღავნდება ადამიანის სიყვარულში, როგორიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ქრისტიანობის მიხედვით ადამიანის გადარჩენა მხოლოდ სიყვარულით შეიძლება. როცა იესო ქრისტე განკაცდა, მაშინ რომის იმპერია მსოფლიო ბატონი იყო. ცოდვები _ მრუშობა, მამათმავლობა, გარყვნილება მთელი რომის საზოგადოებაში იყო მოდებული. მაცხოვარმა კი არ მოიძულა ეს საზოგადოება, პირიქით, სწორედ მათთვის განკაცდა. და სწორედ იმ ხალხმა, ვინც ადრე გარყვნილების გზას ადგა, სულ მალე ქრისტესთვის გასწირა თავი. რა გარდატეხა მოხდა მათში? რამ შეცვალა ისინი? _ მხოლოდ სიყვარულმა და თანადგომამ“.
თუმცა არათუ ეს, ბიბლიიდან ამონარიდებიც ვერ შველის ადამიანებს იმის გასაგებად და ასახსნელად, რომ რაოდენ დიადიც არ უნდა იყოს მიზანი, თუ ის სიძულვილის გზაზე გადის, წარმატებას ვერ ეღირსება.
დაბოლოს, ისევ თემის გადაწყვეტილებას დავუბრუნდები, რომელმაც მართლაც დიდი რისკები ააცილა არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თემის თითოეულ წევრს, საზოგადოებას, უამრავ ოჯახსა და უამრავ დედასა თუ მამას.
გიორგი კიკონიშვილი აცხადებს, რომ ეს იყო ყველაზე ღირსეული, პასუხისმგებლიანი და თამამი გადაწყვეტილება _ თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი არეულობა, რომელსაც ხელების ფშვნეტით გეგმავდა და ელოდებოდა არაერთი(!) პოლიტიკური ჯგუფი; საკუთარი ხელით ეთქვა უარი არსებული კონსერვატორული და მოძველებული, სრულიად უმოქმედო სტატუს კვოს შენარჩუნებაზე და ლგბტ/სამოქალაქო აქტივიზმი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაეყვანა. ასეთი რადიკალური და კონტრვერსიული გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ.
დასარულ, სრული სიმართლე _ მართლა გგონიათ, რომ რაც 17 მაისს ხდება, ეს ტრადიციისთვის, ქრისტიანობისა და ღირებულებებისთვის დაცვის ბრძოლაა ან პირიქით? არა, ეს გახლავთ ბრძოლა სახელმწიფოს, მისი იდენტობის წინააღმდეგ, ეს არის საპატრიარქოს ძალის დემონსტრირება ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეს გახლავთ, რეალურად, რუსეთის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, ბრძოლა პროგრესისა და თავისუფლების დასამარცხებლად.

კოკა წერეთელი