„ჩემს ფილტვებზე რომ გუგული მაღრაძე ზრუნავს არ მჯერა და რა გავაკეთო?!“

„ჩვენი თეატრების ხელმძღვანელებს ყველაზე მარტივი და ადვილი გზა აქვთ არჩეული _ სპეკულაცია ხშირ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე 100%-ით საჭიროებებს ვერ აფინანსებს და ამბობენ, რა ვქნათ, ყურადღება არ ექცევა თეატრს, კულტურა პრიორიტეტი არ არისო და ა. შ. თავად ისინი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ“, _ თქვა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და სახელმწიფო თეატრებს დაფინანსების 10% შეუწყვიტა, რაც ბევრ თეატრზე უარყოფითად აისახა, აისახა ბევრი მსახიობის ჯიბეზე, რეპერტუარსა და თეატრში მომუშავე ყველა ადამიანზე.

შეიცვალა თუ არა ფინანსური თვალსაზრით მსახიობ ნინო ლეჟავას მდგომარეობა? რას ფიქრობს ის ნარკოპოლიტიკაზე, სიგარეტის აკრძალვაზე, კულტურის მინისტრზე?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს მსახიობი ნინო ლეჟავა ესაუბრება:
_ ნინო, რა შეიცვალა ფინანსური თვალსაზრისით ამ წლების მანძილზე თეატრში?
_ არ ვიცი, სხვა თეატრებში რა ხდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოზარდმაყურებელთა თეარში სამხატვრო ხელმძღვანელად ბატონი დიმა ხვთისიაშვილი დაინიშნა, ამოვისუნთქეთ.
_ ანუ?
_ საათივით აეწყო სახელფასო სისტემა. წინა წლებში დიდი დაგვიანებით ვიღებდით და სულ პრობლემები გვქონდა. ბატონმა დიმამ, შეძლებისდაგვარად, მოახერხა და გამოასწორა ეს ყველაფერი. ბიუჯეტიდან გამომდინარე, კატეგორიების მიხედვით, ცოტა მატებაც არის, ხოლო რაღაც საკითხებში სამხატვრო ხელმძღვანელს თავს ზემოთ ძალა არ აქვს. როგორც კი სამინისტრომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას დაფინანსების 10% მოაკლო, ეს, რა თქმა უნდა, თეატრებზეც აისახა და ჩვენს ხელფასებზეც. კოშმარია! ჩემს თეატრში წარმოუდგენელი გრაფიკია. ზოგიერთ მსახიობს დღეში სამი სპექტაკლის თამაში უწევს, ასევე ორი სპექტაკლი _ ორი რეპეტიცია. გვქონია ისეთი შემთხვევაც, რომ ერთი საათის ინტერვალით დიდ და მცირე სცენაზე ერთდროულად გვითამაშია. ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ თვეში სამასი სპექტაკლი ითამაშონ, მათთვის ნამდვილად სასაცილოა ის ხელფასი, რასაც იღებენ. ამ საკითხზე თვითონ დიმაც ძალიან წუხს, მაგრამ თავის ჯიბიდან ხომ არ ამოიღებს ფულს და გადაუხდის მსახიობებს? პირადად მე 12 სპექტაკლი თუ დამიგროვდა თვის განმავლობაში, ყოველი მე-13 სპექტაკლიდან ზევით მაქვს ანაზღაურებადი, ხელზე ასაღები 15 ლარი. ამ თვეში, მაგალითდ, 106 რეპერტუარული სპექტაკლია. ჩვენ, ძირითადად, დამოკიდებულები ვართ აბონემენტურ სისტემაზე.
_ 10%-იანი დაფინანსების შეწყვეტა განსაკუთრებით ცუდად აისახა თეატრებზე. ნუთუ არავის გაგჩენიათ პროტესტის გრძნობა, გამომდინარე იქიდან, რა ხელფასებიც თქვენ გაქვთ?
_ ვიყვირებთ ბევრს, მაგრამ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიც ხომ იგივე ხდება. პედაგოგს რა, არ აქვთ სამარცხვინო ხელფასი? ბაღში რა პასუხისმგებლობებიც აკისრიათ, რამხელა შრომასაც ისინი დებენ ამ საქმეში, მათ შესაბამისი ანაზღაურება აქვთ? _ არა! ამიტომაა ბევრი პედაგოგი, რომელიც უგულოდ ასწავლის ბავშვს, თუმცა ამას ყველაზე ვერ ვიტყვი. სირცხვილია, რომ მხოლოდ მსახიობები შევიკრიბოთ და სახელმწიფოს ბრძოლა გამოვუცხადოთ. მაშინ ყველა, ვისაც ეს საკითხი ეხება და აწუხებს, გარეთ უნდა გამოვიდეს, ამ ყველაფერს კი ლიდერი სჭირდება. აღარ შეიძლება შიგნითაც ჟანა დ’არკი ვიყო და გარეთაც, იმის მიუხედავად, რომ ხშირად მაქვს ნათამაშები ეს როლი. ხალხს სამაგალითო პიროვნება სჭირდება, ვისაც მოუსმენენ, მაგრამ მაგ დროსაც ვერ გავხდებოდით ვერაფერს. ყველას პატივს ვცემ, თავიანთი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ვინც ხელოვნებიდან ამ წუთას პარლამენტში ზის, დაწყებული ზაზა პაპუაშვილით, დამთავრებული ნუკრი ქავთარაძით, მაგრამ არ მახსოვს ისეთი დღე, რომ თუნდაც ერთი სიტყვა ეთქვათ თეატრის სასიკეთოდ. არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი, რადგან რაც არ გესმის, იმაში არ უნდა ჩაძვრე. მე არამც თუ იმ განხრით მემუშავა, რაც არ მესმის, არამედ როლზეც კი მითქვამს ხშირად უარი. ვიცი, რა უნდა ჩემს ერს, რა სჭირდება და რა გამოაკეთებს ამ მდგომარეობას, მაგრამ მაინც არ გამაკეთებინებენ იმას, რაც მინდა. ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ: იმის გამო, რომ ბავშვებს სადმე წასასვლელი ჰქონოდათ, სიღნაღის რაიონში, სოფელ ქვემო მაღაროში სახლი ვიყიდე. გატანჯულია ხალხი. წყალს მიაქვს საქართველო და სოფელში წყლის უდიდესი პრობლემაა. როგორც კი გამგებელს მივადექი, ვუთხარი: მესმის, რომ თქვენი ბრალი არ არის, მაგრამ მე მაქვს საშუალება და ის ურთიერთობები, რომ აბსოლუტურად ყველა არხი თუ ჟურნალ-გაზეთი ჩამოვიყვანო და ვანახო ის ყველაფერი, რაც აქ ხდება-მეთქი. თან არ დაგავიწყდეთ, ეს ადამიანი იმ სოფლიდანაა და მის ეზოში ჩანჩქერი მოედინება. იმ წუთასვე შეცბა და მითხრა, _ არა, არა, ქალბატონო ნინო, ორი კვირა მაცადეთ და ახალ ბურღს დავარტყამთ და ისევ ექნება სოფელს წყალიო. ვერ გავიგე, შიშის სინდრომია მაინცდამაინც აუცილებელი ან ჟურნალისტებით დამუქრება, რომ საქმე გაკეთდეს? თუკი გაქვს საშუალება, ადამიანებს სული არ ამოჰხადო, გააკეთე საქმე.
_ ბევრმა გამოთქვა უკმაყოფილება სიგარეტის აკრძალვასთან დაკავშირებთ და, მათ შორის, მსახიობებმა, რეჟისორებმა. თქვენ რას ფიქრობთ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით?
_ საერთოდ, პირველად ოჯახში რომ მივიდოდი ან მანქანაში ვჯდებოდი, ვკითხულობდი, შეიძლებოდა თუ არა მოწევა. ეს შენს შინაგან კულტურაზე მეტყველებს და ზრდილობაზე, მაგრამ როდესაც სიგარეტის მოწევას კანონით მიკრძალავ და არამწეველების უფლებებზე მელაპარაკები, ჩემი, როგორც მწეველის უფლებებზე რატომ არ ფიქრობ, არ ირღვევა? კანონმორჩილი ადამიანი ვარ, მაგრამ სასაცილო კანონებს ნუ მიწესებენ. ზოგიერთს, თურმე, აწუხებს მსუქანი ქალები და ამიტომ უნდა გამიძვირო შოკოლადი? ტკბილეულს რომ მიძვირებ, ვიღაცა ცარიელ ჩაიზე და პურზეა, ეს არავის უკვირს, ზოგს ეგეც არ აქვს, მაგრამ ერთი კოვზი შაქარი აღარ ჩაყაროს ადამიანმა? თუ ასე წავიდა საქმე, მაშინ გამხდრებმა რა ვქნათ? დავდგათ სასწორი და ვინც კონკრეტულ მასას ასცდება, მისთვის იყოს ძვირი და მე რომ ორი გრამი ვარ, რა დავაშვე? ეს სწორი მიდგომაა? ბევრად სერიოზული პრობლემებია ქვეყანაში მოსაგვარებელი, ვიდრე სიგარეტი და ტკბილეული. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე უნდა ვიზრუნოთ. გავიგე, რომ ევროპულ მასშტაბებზეა ლაპარაკი, მაგრამ რომელ ევროპაზე მელაპარაკებით, ხალხი ქუჩაში ნაგვის დაყრას ვერ გადაეჩვია. მარჯანიშვილი ჩვეულებრივი პატარა სტამბული და პაკისტანია. თეატრიდან გავდივარ და ძალიან ცუდი სუნი მცემს _ ხორცის, კატასტროფული გამონაბოლქვი ამოდის ერთ-ერთი რესტორნიდან, რომლის სუნიც თეატრის პირველ სართულზე, ფოიეში ტრიალებს. ხედავთ, საიდან დავიწყეთ საუბარი და სადამდე მივედით, რამდენმა პრობლემამ წამოყო თავი? აუცილებელია, ეტაპობრივად დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება. მარტო მსახიობებზე როგორ ვისაუბროთ, როდესაც სცენის მემანქანეებს სასაცილო ხელფასზე უწევთ მუშაობა. არადა, მსახიობები, ისევე როგორც რეჟისორები, ვერ ვიარსებებთ იმ ნაწილის გარეშე, რასაც ჰქვია: კოსტიუმები, რეკვიზიტი, ბუტაფორია, სამკერვალო, სცენის მემანქანე და ა. შ. მათი გვარებიც კი არ იწერება აფიშებზე, ჩვენ ტაშზე მაინც ვმუშაობთ და ისინი ჩემნაირების მადლობაზე არიან. ჟურნალისტებს რა გილხინთ? ესეც ხომ კულტურული დარგია და ხელოვანი ხალხი ხართ. მუსიკოსს ულხინს ან მხატვარს? ამ დროს მოზარდ მაყურებელთა თეატრს ყველაზე მაღალი ბიუჯეტი სჭირდება. ზღაპარს დგამ და ბავშვს ის სამყარო უნდა აჩვენო, რომელიც მის წარმოსახვაში არის. რით გავაკვირვო ბავშვი, ორი კუბიკი დავდგა სცენაზე? უძვირესი ჯდება ეს ყველაფერი, ნაჭერი საყიდელი, ძაფები, მკერავის ხელფასი, მხატვრის ხელფასი, მუსიკოსის და ა. შ. გავიგე, რომ მსახიობი უნდა იყოს მშიერი, რადგან როგორც ამბობენ, უკეთ თამაშობსო, მაგრამ მაძღარი არც არასდროს ვართ. ჩვენ ხომ ჩვენი შვილებისთვის ვცხოვრობთ, ყველაფერი ხომ მათთვის გვინდა. და რა? რას ვუკეთებთ ამისთვის? ან რას ვუტოვებთ, _ აშენებულ ქვეყანას? კარგ კანონებს? არიან მზად თავისუფალი აზროვნებისთვის? კომუნისტების დროს ყველას დახშული ჰქონდა გონება, კარჩკეტილობა იყო, ბრახ და უცებ გახსნეს კარი. ყველაფერი ერთად წამოვიდა, ბევრი ინფორმაცია დაგროვდა, ბევრი სურვილი გაჩნდა და ეს არცაა გასაკვირი, ასევე უცებ უნდათ ახლა ისევ ჩაქუჩი ჩაგვარტყან თავში. ყველამ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ყველაფერი იქნება, ოღონდ პროფესიონალურად. ექიმს თუ სისხლზე გული ერევა და ჩირქი სძულს, ის არაა კარგი ექიმი, რადგან პაციენტი არ უყვარს. რაც არ უნდა პრეტენზიული იყოს მაყურებელი, მე ის მიყვარს. არსებობს ხალხი, რომელსაც ვერაფერს გააგებინებ, მაგრამ 300 კაციდან 290 თუ გისმენს _ კარგია. გვქონია შემთხვევა, როდესაც 7 კაცის გამო არ მოვხსენით სპექტაკლი, რადგან პატივი ვეცით მათ. ვითამაშეთ ისეთივე ენერგიით, როგორც სავსე დარბაზში.
_ როგორც ოთხი ბიჭის დედა, მსახიობი, ქალი, აქტიური საჯარო პირი, რას ფიქრობთ ნარკოპოლიტიკაზე?
_ პირადად მე არ ვეწევი, არ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რახან მე არ მომწონს, სხვამაც არ უნდა მოწიოს. თავისია სიცოცხლე და როგორც უნდა, ისე მოიქცევა. ერთ რამეს ვიტყოდი: გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს. ინდიელებმა რომ აღმოაჩინეს მარიხუანა, ისინი შაკიკის გასაყუჩებლად იყენებდნენ, ასევე მსმენია, რომ სიმსივნურ უჯრედებს ყინავს, ზუსტად არ ვიცი, ანუ სამედიცინო განხრით იყენებენ. თუმცა ბევრი კომპოზიტორი, მხატვარი თუ სხვა ხელოვანი იყენებს მარიხუანას და როგორც ამბობენ, უფრო კრეატიულები არიან და უკეთეს მუსიკას ქმნიანო. იყოს დაშვებული კონკრეტულ ადგილებში, იგივე კლუბებში, მაგრამ არა დიდი დოზით, კანონის ფარგლებში და ასეთ შემთხვევაში გამართლებულია, მაგრამ მარიხუანის მოხმარების გამო არ უნდა იჭერდნენ. ჩემს ფილტვებზე რომ გუგული მაღრაძე ზრუნავს, არ მჯერა და რა გავაკეთო?! აქ რომ დამიშლის, სახლში ორ იმდენს არ მოვწევ? ვფიქრობ, წყლის ნაყვაა ამ ქვეყანაში ყველაფერი.
_ რატომ შეიცვალა მიდგომები? ბევრი მოითხოვს კულტურის მინისტრის გადადგომას, რადგან ის ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებსო. თქვენ რას ფიქრობთ?
_ კულტურის მინისტრი კარგი ადამიანი ჩანს. პიროვნულად არ ვიცნობ, მაგრამ მისი განცხადებებიდან ვხვდები, რომ განათლებული ადამიანია. მე რომ დამსვა კულტურის მინისტრად, ალბათ, ერთ კვირაში ავტოკატასტროფას მომიწყობენ ან ვინმე დამემუქრება შვილებით. რამდენადაც კარგის გაკეთება მენდომება, იმდენად დამბლოკავენ. მაგალითად, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ძალიან კარგი ქალია, თეატრი მისთვის მეორე სახლია. ალბათ, მათაც თავსზემოთ ძალა არ აქვთ. რატომ არ უნდა უნდოდეს კულტურის მინისტრს, რომ ყველას კარგი ხელფასი ჰქონდეს ან მაღალ დონეზე იდგეს კულტურა? არა მგონია, რომ მათ უნდოდეთ მშიერი და ღარიბი არტისტები. კულტურის სამინისტროში იმდენად დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, რამდენსაც თეატრალურ ინსტიტუტში.
_ რატომ?
_ პრობლემა ის არის, რომ უნიჭო არ უნდა მიიღო ინსტიტუში, რადგან მას სამომავლოდ უმუშევარს ტოვებ ან იმ ნიჭიერს ტოვებ უმუშვარს, ვის ადგილზეც იმ უნიჭოს ღებულობ. ძალიან კარგი ჯგუფი მყავდა ქალბატონ ლილი იოსელიანთან, 12 კაცი ვიყავით. უნიჭიერესი იყო უჩა წიკლაური, რომელიც დღეს არსად არის და იძულებული გახდა, ამერიკაში წასულიყო. თორმეტკაციანი ჯგუფიდან მარტო მე ვარ თეატრში.
_ ალბათ, იღბალიც საჭიროა.
_ ნამდვილად, იღბალიც აუცილებელია. არც ნაცნობობით, არც ახლობლობით არსად მოვხვედრილვარ. წლების განმავლობაში უშტატო თანამშრომელი ვიყავი. თავიდან სანდრო მრევლიშვილმა მიმიწვია მეტეხის თეატრში, სადაც კონკრეტულ სპექტაკლში ეკატერინე ჭავჭავაძის როლი შემომთავაზა. მაშინ ამიყვანეს შტატში და 32 ლარი მქონდა ხელფასი. თეატრში დღეს იცით, რატომ ვარ? ჩემთვის არ არსებობდა ცუდი და კარგი რეჟისორი, პროფესიონალი და არაპროფესიონალი, არავის არასდროს უარს არ ვეუბნებოდი. შესაბამისად, არ გავჩერებულვარ და ვცდილობდი, რომ საკუთარი თავი გამეზარდა. ყველა სფეროში თავი და თავი არის მისაღები გამოცდები. სწორედ მათი დანაშაულია ის, რომ არ უნდა მიიღო უნივერსიტეტში უნიჭო ადამიანი. ყველამ უნდა აკეთოს ის საქმე, რომელიც საუკეთესოდ გამოსდის.
პატარ-პატარა პაუზები ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მეც მქონია, ისევე როგორც ყველას. როდესაც მეტეხის თეატრიდან წამოვედი, არ გავჩერებულვარ. ჩემთვის წესიერი შრომა არ არის სირცხვილი და უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ პატარა კაფეში ბარმენად მუშაობა დავიწყე. დღიურად 5 მანეთს ვიღებდი და მაშინ ეს ფული ძალიან კარგი იყო. დაიხურა ეს კაფე და პეროვსკაიაზე ერთ-ერთ ბარში დავიწყე მუშაობა, სადაც ვმღეროდი, იქაც გაჩერდა სიტუაცია და რესტორან „მირაჟში“ წავედი, სადაც ვცეკვავდი. მერე ნათესავებმა და ზოგმა ე. წ. კეთილისმსურველმა ადამიანმა დამიწყო, რომ გოგო, ამას მაინც ნუ ამბობ და ყვები ინტერვიუებშიო, მაგრამ ვისაც ჩემი რცხვენია, ის არ არის ჩემი ნათესაობისა და მეგობრობის ღირსი. შეგიძლიათ, დამივიწყოთ. ბევრს რომ ლაპარაკობ, რომელ ერთს უკითხავს ჩემთვის, _ ნინო, გშია? გწყურია? როგორ ხარ? ან რამე გჭირდება? _ არავის! ამიტომ ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს.
_ შრომა სასირცხვილო იყო?
_ რა ვიცი. მე მაგალითს ვაძლევდი ყველას, რომ შრომა არასდროს სირცხვილად არ ითვლება. პირველ რიგში, ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი და ყველას შრომა დავაფასოთ. მე თუ ის დამლაგებელი მილაგებს, ჩემთვის ალაგებს, მას საგრიმიოროში არ უნდა დავახვედრო სიბინძურე, იმას თავისი ეყოფა, რასაც ალაგებს და მიწკრიალებს.
_ ნინო, თქვენ კოტე თოლორდავასთან ერთად აპირებდით მსახიობთა გილდიის შექმნას, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. დღეს აღარ ფიქრობთ, ეს ჩანაფიქრი რეალობად აქციოთ?
_ კოტეს ოცნება იყო ეს გილდია, რომელიც ხელოვან ხალხს მოემსახურებოდა. ამ გილდიაში გაწევრიანებულ მსახიობებს უფლება არ ექნებოდათ, კონკრეტული ჰონორარის ქვემოთ სადმე მიეღოთ მონაწილეობა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნებოდა სერიალი, ფილმი თუ რეკლამა. ამ ყველაფერს ძალიან მაგარი იურიდიული ჯგუფი და მთავრობის მხარდაჭერა და ზურგი სჭირდებოდა. დღეს კი, სანამ არ დავინახავ, რომ მთავრობას უყვარს კულტურა და ხელოვნება, იქამდე ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ამას სჭირდება სერიოზული გუნდი თავისი ლიდერით და მარტო მე ვერაფერს გავხდები.

გიორგი საკარული