„კათარზისში“ ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა


სათნოების სახლ „კათარზისში“ 8 მაისს ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის მონაწილეებიც თავად სათნოების სახლის ბენეფიციარები იყვნენ. მათ საზოგადოებას ქართული და სხვა ქვეყნების ცეკვებისა და სიმღერების ნაკრები შესთავაზეს! იყო მხატვრული კითხვაც და დამსწრე საზოგადოების კონცერტში უშუალოდ ჩართულობაც.

მიუხედავად იმისა, რომ ამინდი არცთუ ისე კეთილგანწყობილი აღმოჩნდა ღონისძიების მიმართ, ბენეფიციარებმა მაინც მოახერხეს თავიანთი ნომრების ბოლომდე შესრულება, მაყურებლების აყოლიება და მეტიც, შიგადაშიგ ცრემლი და ღიმილიც კი მოჰგვარეს დამსწრეებს. „კათარზისის“ შენობის უკანა ეზო, რომელიც თითქმის მთლიანად მწვანეშია ჩაფლული, რამდენიმე საათით ყველაზე ხალისიან და ცოცხალ ადგილაც იქცა!
ღონისძიებას საკმაოდ ბევრი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, ხოლო საღამოს უძღვებოდა ასოციაცია „კათარზისის“ პრეზიდენტ ზაურ ალადაშვილის თანაშემწე _ გულიკო რომანიშვილი.
კონცერტს მეორე მსოფლიო ომის ოთხი ვეტერანი ესწრებოდა, რომლებიც საპატიო ადგილს იკავებდნენ და სტუმრებისგანაც თბილ ღიმილს, ჩახუტებასა და მილოცვებს იღებდნენ.
ეს ადამიანები გახლდნენ: გრიგოლ პანასიანე, შალვა სიჭინავა, შოთა სომხიშვილი და ტრისტან კვატაშიძე.
მათ „ქრონიკა+“-თან აღნიშნული დღის მნიშვნელობის შემდეგ საკუთარ მდგომარეობასა და სახელმწიფოს მხრიდან დაუფასებლობაზეც ისაუბრეს…

გრიგოლ პანასიანე, ვეტერანი:
„9 მაისი მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც ვეტერანების გარდა ადგილობრივი მოსახლეობაც ელოდება. ჩვენ ახლა ახალგაზრდობის გაცოცხლება, წინ წასვლა, სწავლა, განათლება გვჭირდება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე ჩვენც, ვეტერანებიც ვხარობთ. მიუხედავად ამისა, გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვგრძნობ, რომ დაფასებული ვარ. არადა, ვფიქრობ, რომ ასე არ უნდა იყოს!“ როგორც მოგვიანებით ბატონი გრიგოლი მოგვიყვა, ის ობლად გაზრდილა და 17 წლის ასაკში კეთილი ნებით ჩართულა ომში.

შოთა სომხიშვილი, ვეტერანი:
„ვეტერანები უნდა დააფასო და გაახალისო, მთავრობამ და ხალხმაც პატივი უნდა გცეს! მთავრობის წევრები რომ ხელფასს და დანამატებს მუდმივად ელოდებიან, საწყალი ვეტერანიც წელიწადში ერთხელ მაინც ელოდება დაფასებას! დღეში რომ თითო ლარი შეაგროვონ, ამ დღეს მაინც ხომ 365 ლარს მივიღებთ? ეს უდიდესი შვება იქნება ჩვენთვის, მით უმეტეს, ასე ცოტანი დავრჩით! რატომ უნდა დავდიოდეთ მოხუცთა თავშესაფარში?! რატომ უნდა ვიღებდეთ მოწყალებას მათგან?! საქართველოს გარდა ყველაგან აქვს დაფასება ვეტერანებს“.

ტრისტან კვატაშიძე, ვეტერანი:
„365 ლარი მაინც მიეცი ვეტერანებს წელიწადში ერთხელ, რა მოხდება? დაიქცევა ქვეყანა? ჩვენი პენსია 220 ლარია, რომელიც მხოლოდ 40 ლარით აღემატება სხვებისას. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მასხრად აგდება და არდაფასებაა!“

შალვა სიჭინავა, ვეტერანი:
„მე ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ეს შესანიშნავი დღეა! სამხიარულო და სამწუხაროც არის, რადგან 300 000-ზე მეტმა კავკასიელმა თავი გასწირა ქვეყნისთვის, ის მისცა, რაც ყველაზე ძვირფასია _ სიცოცხლე! და ამას ვინც გააკეთებს, ის ყველა გმირია! დიდი მადლობა დღევანდელი საღამოს ორგანიზატორებს, ზაურ ალადაშვილს, რომელიც ჩვენი ცენტრის პრეზიდენტია და ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს! სიყვარულის ტაძარი დავარქვი აქაურობას. აქ ვიკრიბებით მწერლები, პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ვეტერანები და ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებთ“.

ღონისძიების იდეასა და მის მნიშვნელობაზე ასოციაცია „კათარზისის“ დამფუძნებელმა, ზაურ ალადაშვილმა ისაუბრა:
„ამ ორდენებითა და ღირსებით დახუნძლულ ხანდაზმულებს რომ დაინახავთ, სურვილი გიჩნდება, ჩაეხუტო, მოეფერო… მართალია, ცუდია, რომ რაც ამ ორდენისა და მედლის უკან დგას, ის წელიწადში ერთხელ გვახსენდება, მაგრამ ფაქტია და მადლობა ღმერთს, რომ გვახსენდება, სურვილი გვიჩნდება, რომ ამ ადამიანების შესახებ კიდევ ერთხელ ვთქვათ და შევახსენოთ საზოგადოებას. ვუერთდები სრულიად საქართველოს ერთსულოვან მილოცვას და ვუსურვებ მათ სითბოს, სიყვარულს! ვულოცავ იმას, რომ ღვთის რჩეულები არიან და ამდენ ხანს ცოცხლობენ“.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებთა შორის იყვნენ მონადირეთა კლუბ „ლეგიონის“ წარმომადგენლები, რომელთაც მუსიკალური ნომრებიც შესთავაზეს და დაასაჩუქრეს კიდევაც ჩვენი ვეტერანები.

ლევან ელიზბარაშვილი _ მონადირეთა კლუბ „ლეგიონის“ წევრი:
„ჩვენი კლუბი, ზოგადად, საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული სხვა საქმიანობასთან ერთად და წელიწადში ერთხელ მოხუცთა თავშესაფარს ვინახულებთ ხოლმე. იმ მინიმალური რესურსებით მოვდივართ, რასაც ვახერხებთ. დავდივართ ბავშვთა სახლებშიც და ვცდილობთ, საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ გახარებაში.
დღეს კი ვიცოდით რამდენად მნიშვნელოვანი დღე იყო ვეტერანებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მცირედი საჩუქრებით მოვსულიყავით მათთან“.

ამ კლუბის შემადგენლობაში ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრებიც შედიოდნენ, რომელთაც მართლაც დაუვიწყარი და შესანიშნავი ნომრები წარმოუდგინეს საზოგადოებას! სტუმრებს შორის იყვნენ „გოლდენ ბრენდის“ მოდელებიც, რომელთაც კონცერტის მსვლელობისას ბენეფიციარებთან ერთად იცეკვეს და საღამოც გაახალისეს.

ღონისძიების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და მოცეკვავე იამზე ციხელაშვილი იყო, რომელიც უკვე მე-5 წელია, სათნოების სახლის აქტიური წევრია:
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენი ხანდაზმული ხალხისთვის. გვიხარია, რომ ჩვენი ვეტერანები ცოცხლობენ და რამდენ ხანსაც იცოცხლებენ, უფრო მეტად მოგვემატება ძალ-ღონე! იცოცხლონ დიდხანს და მრავალ ამ დღეს დაესწრონ“.

„კათარზისის“ პრეზიდენტის თანაშემწე გულიკო რომანიშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა დღის მთავარ გმირებს და მათ დიდხანს სიცოცხლე უსურვა:
„კონცერტი ურიგო ნამდვილად არ გამოგვივიდა, ეს იყო ჩვენი, „კათარზისის“ ბენეფიციარების ძალებით გამართული ღონისძიება, თუმცა გვქონდა ნომრები სტუმრების, „გოლდენ ბრენდის“ მოდელების მონაწილეობითაც. შპს „ქართული გვარების“ ორგანიზაციის დირექტორმა ბიბლიოთეკისთვის წიგნები გადმოგვცა; მონადირეთა „ლეგიონმა“ ომის მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს. სწორედ მონადირეთა „ლეგიონში“ არიან ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრები, რომელთაც შესანიშნავი ნომრები შემოგვთავაზეს დღეს. დიდი მადლობა მათ. ძალიან ისიამოვნა ყველამ, თუმცა მთავარი ის იყო, რომ ეს ღონისძიება ომის მონაწილეებს ეძღვნებოდა, ისინი წლიდან წლამდე სულ უფრო ცოტანი რჩებიან და გვინდა, რომ როგორც შეგვიძლია, ისე დავაფასოთ, გარკვეული სითბო ვაჩუქოთ მათ, რათა კიდევ დიდხანს გვყავდნენ“.

კონცერტის დასრულების შემდეგაც არ გადაუღია წვიმას, თუმცა ღონისძიების მსვლელობისას თითქმის ყველა საკუთარ ადგილზე იჯდა და თვალს ვერ აშორებდა იმ შესანიშნავ ნომრებს, რომლებსაც ბენეფიციარები სთავაზობდათ… მათ იშრომეს, იწვალეს, რომ თავიანთი შემოქმედება მაყურებლისთვის წარედგინათ და ეს დაუფასდათ კიდეც…
წვიმა იმ დღეს გვიან შეწყდა, თითქმის ყველა დაიშალა. ვეტერანებმაც მიაშურეს თავიანთ საცხოვრებელს… დიდხანს სიცოცხლე მათ, რომ თავიანთი ღვაწლის დაფასებას აუცილებლად მოესწრონ!

ნინო ტაბაღუა