ცვლილებები სესხის დაფარვის დროსა და წესებში

ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტი წარმოადგინა, რომელშიც სესხის დაფარვის წესის ცვლილებებია მოცემული.
მართალია, დოკუმენტი ჯერ სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც განხილვის პროცესშია და შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებიც კი შევიდეს, თუმცა მან უკვე დაიმსახურა სფეროს ექსპერტების არაერთგვაროვანი შეფასებები და მიმოხილვა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტის მიზანი განმარტებულია შემდეგნაირად:
„საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ჯანსაღი დაკრედიტება და მსესხებელთა უფლებების დაცვა ჭარბვალიანობით გამოწვეული რისკებისგან“.
დებულებაში დადგენილია სესხის გაცემის კრიტერიუმები, რომელთა შესრულებაც სავალდებულო გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის და მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე/კრედიტზე, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირებზე (შემდგომში: მსესხებელი), გარდა სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობის მიზნობრიობით გაცემული სესხების/კრედიტებისა.

არსებითი ცვლილებები, რომელიც ამ დებულების მიხედვით უკვე 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, შემდეგია:
– იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება 20 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის _ 10 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის _ 4 წელი. იპოთეკური სესხის შემთხვევაში სესხის გამცემი ორგანიზაციის მხრიდან სავალდებულოა ხორციელდებოდეს მიზნობრიობის კონტროლი გონივრული პერიოდულობით;
– გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ცვლილება, რომლის მიხედვითაც 500 ლარის ან უფრო ნაკლები თვიური შემოსავლის ქონის შემთხვევაში კონკრეტული მსესხებლისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 15%-მდე დაიწევს, რის შედეგადაც თუ კონკრეტულ პირს 500-ლარიანი შემოსავალი აქვს, სესხის დაფარვაზე მსესხებელი ყოველთვიურად 75 ლარზე მეტს არ უნდა იხდიდეს;
– 500-დან 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 20%-ს გაუტოლდება, შესაბამისად, თუ თქვენი თვიური შემოსავალი 700 ლარია, თქვენი ყოველთვიური დასაფარი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 140 ლარს.
სესხის მომსახურების კოეფიციენტი კი იზრდება შემოსავლის შესაბამისად და შემდეგია:
1000-დან 2000-ლარიან ყოველთვიურ შემოსავალზე იხდით არაუმეტეს 25%-ისა; 2000-4000 ლარის შემოსავლის დროს 30%-ს; 4000-8000 ლარის შემთხვევაში _ 35-ს%; ხოლო თუ თქვენი შემოსავალი 8000-დან 16 ათას ლარამდე მერყეობს, თქვენი სესხის მომსახურების კოეფიციენტი 40% უნდა იყოს; რაც შეეხება 16 000 ლარის ზევით შემოსავალს, აქ აღნიშნული კოეფიციენტის მაქსიმალური ზღვარი 50% გახლავთ.

ყოველთვიური წმინდა შემოსავლების მოცულობა ლარში
სესხის მომსახურების კოეფიციენტი _ მაქსიმალური მაჩვენებელი
<=500 15%
500-1,000 20%
1,000-2,000 25%
2,000-4,000 30%
4,000-8,000 35%
8,000-16,000 40%
>=16,000 50%

დებულებაში მითითებულია ისიც, რომ მისი ამოქმედების შემდგომ სესხის გამცემ ორგანიზაციებს ეკრძალებათ დაკრედიტების პროცესში მოქმედი რაოდენობრივი/სტატისტიკური მეთოდოლოგიის შემდგომი გამოყენება სებ-ის მხრიდან მათზე თანხმობის მიღების გარეშე.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ახალი დებულება თითოეულ მსესხებელზე და უშუალოდ ბანკებზე? რა ასახვას ჰპოვებს იგი მოსახლეობის მოთხოვნაზე, განვადებებსა თუ სამომხმარებლო სესხის რაოდენობაზე?

ანი ალიბეგაშვილი _ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსი:
_ ეს დებულება მუშა რეჟიმშია და აგვისტოს დასაწყისამდე შესაძლებელია, კორექციები შევიდეს. ეს მართებულიც იქნება, ალბათ, რადგან გარკვეული პუნქტები ბუნდოვანი შეიძლება იყოს, რამაც შესაძლოა, მოსახლეობის დაბალ და საშუალო ფენას უფრო მეტად შეუფერხოს ფინანსებზე წვდომა.
მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება იგეგმება კოეფიციენტების მიმართულებით, ვგულისხმობ იმას, თუ რა ზღვრული თანხა შეიძლება მიმართოს მომხმარებელმა სესხის დასაფარად. თუ ადრე 500-ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში ეს ზღვრული თანხა 25%-ს უტოლდებოდა და 125 ლარი იყო, დღეს პროცენტის ოდენობა 15-მდე მცირდება და 75 ლარამდე დადის. შესაბამისად, ანაზღაურების მიხედვით ეს კოეფიციენტები შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელსაც სამომხმარებლო სესხი ჰქონდა აღებული, მათ შენატანი კოეფიციენტთან ახლოს ჰქონდათ დაგეგმილი და, ამავდროულად, პარალელური ვალდებულებებისთვის დატოვებული ჰქონდათ შემოსავლის ნაწილი. დღეს ეს მსესხებელი უკვე პარალელური ვალდებულებების აღებას ვერ შეძლებს. ასევე მცირდება უძრავი ქონების შეფასების კოეფიციენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ბინის შეძენის შემთხვევაში თუ ადრე მომხმარებელს 10-დან 15%-მდე თანამონაწილეობა ჰყოფნიდა, დღეს ამისთვის, მინიმუმ, 25% დასჭირდება.
ამ პარამეტრების შეცვლა იმოქმედებს მომხმარებლების იმ ნაწილზე, რომელსაც დღეს უკვე აქვს ვალდებულებები კომერციულ ბანკში. დებულების ამოქმედებიდან მათ პარალელურ სესხებზე წვდომა აღარ ექნებათ.
რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, მათზე ეს დებულება შემდეგნაირად აისახება: მათ ურთულდებათ პროცესინგი, რისკების განსაზღვრა, მოხმარებლის ფინანსური შემოსავლების შესასწავლად დასჭირდებათ მეტი რესურსი, დრო, თანამშრომელი. შესაბამისად, მათი სასესხო პორტფელის მოცულობა მოკლევადიან პერიოდში შემცირდება, იქნება ნაკლები მოთხოვნა და შესაძლებელია, ამან მოკლევადიან, 6-დან 9 თვემდე პერიოდში, სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა გამოიწვიოს…
თუ მოსახლეობაში არის მოთხოვნა და ის ეძებს გზებს თანხის მისაღებად, ხალხი ყოველთვის შეძლებს ალტერნატიული გზის გამონახვას და სამწუხაროდ, შეიძლება მიმართოს სექტორს, რომელიც, ფაქტობრივად, დაურეგულირებელია _ კერძო მევახშეებს. ამან შეიძლება უფრო ჩრდილოვანი სექტორისკენ მიგვიყვანოს, სადაც მომხმარებლების სასესხო ვალდებულებების მოცულობა და ხელშეკრულებების რაოდენობა განუსაზღვრელი და გაუკონტროლებელი იქნება!
რაც შეეხება შემდგომ ცვლილებებს, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. იმედია, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკების დროს იმ დეტალებს გაითვალისწინებს და გამოასწორებს, რომელმაც შეიძლება საბანკო სექტორის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხოს.

ვახტანგ ჭარაია _ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი:
_ ამ დებულებაში, ძირითადად, საუბარია იმაზე, რომ სამომხმარებლო სესხების ვადიანობა შემცირდეს და 5-დან თუნდაც 4 წელზე ჩამოვიდეს. სხვა, იპოთეკური სესხების ვადიანობის შემცირებასა თუ გაზრდაზე იქ არაფერია ნათქვამი.
რაც შეეხება ცვლილებას, თუ რა ზღვრული თანხა უნდა გადაიხადონ სესხის დასაფარად ხელფასიდან, გეტყვით, რომ აქამდე ზოგიერთი ბანკი ამ მიდგომას უკვე იყენებდა, თუმცა მაშინ ზღვრული თანხა შემოსავლის 40% იყო და ის სტანდარტული გახლდათ ყველასთვის. არ ჰქონდა მნიშვნელობა, 500 ლარი იყო კონკრეტული მსესხებლის ყოველთვიური შემოსავალი, 1000 ლარი თუ 2000. ხელფასიდან 40%-იან წილს იჭერდნენ ბანკები, ცდილობდნენ მასზე მეტი არ მოეჭრათ. დებულების მიხედვით, სესხის მომსახურების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი 50%-ია. თუ ადამიანს 16.000-ლარიანი ან მეტი შემოსავალი აქვს, მას შეუძლია, არა უმეტეს, მისი ნახევრისა, ანუ 8000 ლარი მიმართოს სესხის დაფარვაზე. ცხადია, ეს საპროცენტო განაკვეთები უკვე სხვადასხვა შემოსავლის მქონე ადამიანებში განსხვავებულ გავლენას იქონიებს.
500-ლარიანი შემოსავლის მქონესთვის 15%-იანი ზღვრის დაწესება, რაც 75 ლარს უდრის, ალბათ, ძალიან ლოგიკურიცაა, თუმცა ვისაც შემოსავალი 5000 ან 10000 ლარი აქვს, მათთვის პროცენტის შეზღუდვა შეიძლება მთლად პოზიტიურადაც არ აისახოს. აგიხსნით, რატომაც:
500-ლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანის საარსებო მინიმუმი და სესხის მომსახურების პროცენტული მაჩვენებელი (15% ანუ 75 ლარი) უფრო ახლოს არის ერთმანეთთან. თუ ადამიანის შემოსავალი არის 5000 ლარი, მისი საარსებო მინიმუმი და შემოსავალი ძალიან განსხვავებულია, ანუ მას მეტი პოტენციალი აქვს უფრო მაღალი სესხის აღებისა. რაც შეეხება 16 000 ლარსა და მასზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანს, მას შესაძლებლობა აქვს არ ამხოლოდ 8000, არამედ მეტიც დათმოს სესხის მომსახურებაზე და ამით არ დაზარალდება მისი ცხოვრების წესი. საბოლოო ჯამში, პროცენტული ზღვრის დაწესება და მისი ოდენობა დაბალშემოსავლიანებთან აბსოლუტურად ლოგიკურია! მაღალშემოსავლიანებთან კი შეიძლებოდა უფრო მაღალი ზღვარიც დაშვებულიყო (სავალდებულო არაა, რომ უფრო მაღალი ზღვარი იყოს, მაგრამ რომც დაწესებულიყო, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა). შეიძლება ადამიანს უნდოდეს ძვირადღირებული ბინის ან სხვა უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა და 10 000 ლარის ან მეტის ბინის მომსახურებაზე გადანაწილება. ის ამას ვერ შეძლებს. შეუძლია მხოლოდ შემოსავლის ნახევრის (50%-ის) გადამისამართება სესხის მომსახურებაზე. პრინციპში, ეს დიდ პრობლემას არ ქმნის, მაგრამ მათ აქვთ რესურსი და ამის შეზღუდვა სახელმწიფოს დიდს არაფერს აძლევს. ანუ ამით არც ოჯახი ზარალდება, არც სახელმწიფო და არც ბანკები.
შეიძლება ვთქვათ, რომ ბანკებისთვის არაფერი იცვლება, რადგან წესით, დაბალშემოსავლიანებს ისინი საერთოდ არ ან ძალიან შეზღუდულად აძლევდნენ სესხებს და ერთად რომ ავიღოთ, არა მგონია, ამან დიდი ცვლილება გამოიწვიოს. ამასთან, გარანტირებულად, უფრო პასუხისმგებლობით მოიქცევიან ისინიც და მათი კლიენტებიც. ბევრად უფრო მარტივია 1500 ლარის შემოსავლის მქონეს მოსთხოვო 75 ლარი, ვიდრე 500 ლარის შემოსავლიანს მოსთხოვო დაგითმოს 500-ვე ლარი თვეში. ბანკის მხრიდანაც უფრო მარტივი იქნება მოთხოვნა და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ვერ აიღებს ჭარბ ვალს, რაც პრობლემურად ითვლებოდა.
საბოლოო ჯამში, უარყოფითი გავლენის მომხდენი რეგულაცია არ არის, სწორია. ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ სწორი იმის გამოა, რომ თუ ისეთ ადამიანს სურს რაღაც მიზეზების გამო მეტი ვალის აღება, რომლის გადახდა მას არ შეუძლია თავისი შემოსავლებით, მაშინ ის შეზღუდული იქნება.
მეორე, შეიძლება ვიღაცებს არ ჰქონდეთ დადასტურებული შემოსავალი და ჰქონდეთ შემოსავლები ფულადი გზავნილების სახით ან არადეკლარირებული საქმიანობიდან. შეიძლება, არაოფიციალურად, პირობითად, 2000 ლარი ჰქონდეთ და ოფიციალურად არ შეეძლოთ 500 ლარზე მეტის დეკლარირება. ამ ადამიანებისთვის პრობლემა წარმოიქნება, რადგან რეალურად მათ შეუძლიათ სესხის აღება, მაგრამ ვერ აიღებენ, თუ ისინი ამ შემოსავალს ვერ დაადასტურებენ.
საბოლოოდ ჯამში, ეს პრობლემას მაინც არ ქმნის, რადგან სამომხმარებლო და მცირე მოცულობის სესხები, ძირითადად, სამომხმარებლო საქონლის შესაძენად მიემართება და თუ კონკრეტული მოქალაქე ამ საქონელს ან ტექნიკას არ შეიძენს, ამით არაფერიც არ დაშავდება, ტრაგედია არ იქნება. პირიქით, ჩვენ შევამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას და ის ფული, რაც უცხოურ ტექნიკაში, ახალი მოდელის მობილურზე ან კომპიუტერზე მიემართებოდა, ისევ ამ მომხმარებლების ჯიბეებში დარჩება და სხვა მიმართულებით გადამისამართდება.
პირობითად, 1000-ლარიან ვალს რომ აიღებ ტელევიზორის გამოსატანად, ამ ვალს იხდით 10 თვის განმავლობაში 100 ლარის ოდენობით. შეიძლება ის სესხი არ მოგცენ და ტელევიზორი არ იყიდო, მაგრამ თანხა, რომელიც ბანკისთვის უნდა გადაგეხადა, მაინც შენთვის გრჩება და მას უფრო მეტი სურსათის ან ხვა ყოველდღიური პროდუქტების შესაძენად დახარჯავ, რაც, საბოლოო ჯამში, უკეთესია, ვიდრე იმპორტირებული პროდუქციის დაფინანსება.

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ სჯობს, რომ კონკრეტული პრობლემის შესახებ უფრო კომპლექსურად ვიმსჯელოთ, ვიდრე მთლიანი კონტექსტიდან ამოღებულ საკითხზე და ამ საკითხის კონკრეტულ შედეგზე ვისაუბროთ…
საერთო ჯამში, ახალი რეგულაციები რეალურად შეამცირებს საზოგადოებაში ეკონომიკურ აქტივობას, მოთხოვნას ბაზარზე, განსაკუთრებით საგნების შესყიდვაზე. შემცირდება განვადებათა რაოდენობა, რასაც მოსდევს უკვე თანამშრომლების შემცირება, ოპტიმიზაცია, რაც უფრო მეტად შეამცირებს მოთხოვნას და უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე, ანუ ცალსახად, ეს შედეგი გვექნება მათ შორის იმ კონკრეტულ რეგულაციებთან ერთად, რომელიც უკვე ამოქმედდა საბანკო სექტორში.
შემიძლია ვთქვა, რომ ეს დებულება და რეგულაციები ხალხისთვის სასარგებლო ვერ იქნება, რადგან სასარგებლო კონკრეტული ადამიანისთვის ის არის, რასაც ის კონკრეტულ სიტუაციაში მიიჩნევს მისთვის მისაღებად.
ვთქვათ, სესხის აღება და ამის სანაცვლოდ უძრავი ქონების დაგირავება _ კონკრეტულ ადამიანს ამის გაკეთება იმ კონკრეტულ მომენტში უღირს და ხედავს, რომ იმ სიტუაციაში სწორედ ესაა გამოსავალი. უმრავლეს შემთხვევაში ადამიანები აზროვნებენ რაციონალურად. ცალკეულ შემთხვევაში თუ არიან ისეთი მსესხებლები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ ექცევიან თავიანთ ვალდებულებებს, მათ გამო სხვებს არ უნდა შევუზღუდოთ სესხზე წვდომა. შესაძლოა, ვუტრირებ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი კვების წყაროში თითის შეყოფას მოინდომებს. იმის შიშით, რომ იმ კონკრეტულმა ადამიანმა იქ თითი არ შეყოს, მოსახლეობას დენი არ უნდა გავუთიშოთ! დაახლოებით ესაა ეროვნული ბანკის რეგულაციის შედარება. შესაბამისად, რა არის ხალხისთვის სასარგებლო და მათთვის კარგი, ამას ერთი, ორი ან სამი „ჭკვიანი“ ან ეკონომიკის ძალიან კარგად მცოდნე ადამიანი სხვების მაგივრად ვერ გადაწყვეტს. თითოეული ადამიანი გადასარევად ხვდება, რა არის მისთვის სასარგებლო და საჭირო!

საბოლოოდ, რა ცვლილება შევა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტში და რა სახით ამოქმედდება იგი მომავალი წლის პირველი იანვრიდან, ჯერ უცნობია, თუმცა, რასაც ვხედავთ ისაა, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ე. წ. ჭარბვალიანობის შემცირებაზე.
რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში? რამდენად შემცირდება განვადებისა და სესხების რაოდენობა? მოყვება თუ არა ამ ყოველივეს საფინანსო ინსტიტუტებში კადრების ოპტიმიზაცია? _ ამასაც დრო გვაჩვენებს.

ნინო ტაბაღუა