თაფლი, როგორც ქართული წარმატების საზომი

ქართული თაფლი ერთ-ერთია იმ პროდუქტთაგან, რომელსაც ექსპორტისა და მსოფლიოში წარმატების დიდი პოტენციალი აქვს. მსგავსად სხვა პროდუქტებისა, თაფლის შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია ხარისხი და მისი სისუფთავე. შესაბამისად _ მნიშვნელოვანია ნდობა მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. რაც უფრო მეტ სტანდარტს უწესებს ფერმერი საკუთარ თავს, მით უფრო მარტივი ხდება მისთვის საერთაშორისო სტანდარტების მორგება. სწორედ ეს სტანდარტებია ის გარანტია, რაც განსაზღვრავს ხარისხსა და, შესაბამისად, _ ნდობას.

ლევან ხმელიძე _ მეფუტკრე:
„ვვარაუდობთ, რომ წელს 3-დან 5 ტონამდე თაფლს ავიღებთ, რაც უნდა ცუდი პერიოდი იყოს. ფუტკრის 250 ოჯახი გვყავს. თუ მეფუტკრეობა იარსებებს, როგორც დარგი, ქართული ეკონომიკის განვითარებაში მისი წვლილი საკმაოდ დიდი იქნება. ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტების საფუძველზე ჩვენ მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღება შეგვიძლია. ეს სტანდარტი, პირველ ყოვლისა, ეხება მკურნალობას. თუ სახელმწიფო ხელს შეგვიწყობს საფუტკრე ზონების გამოცხადებაში, სადაც დაბინძურების ელემენტები არ აღმოჩნდება, ეკონომიკაში მეფუტკრეობა დიდ წვლილს შეიტანს. ჩვენი თაფლი კი არის მაღალი ხარისხის, მაგრამ ჩვენ არ ვაფასებთ შესაბამისად. მაღალ ხარისხს, შეიძლება, მაღალი ფასიც დავურთოთ და ამ მაღალი ფასით გავიდეთ ევრობაზარზე. გარდა ევროპული ბაზრისა, საინტერესოა, რომ ინტერესი აზიურმა ბაზარმაც გამოიჩინა. მოთხოვნა ძალიან იზრდება. ჯერ სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებთ და ვერ გადის, თორემ მოთხოვნა უკვე დიდია. თუ თაფლი ექსპორტზე გავა, დღევანდელი 3000 მეფუტკრე გადაიქცევა 6000 მეფუტკრედ. სახელმწიფოს სტრატეგია არის კოოპერატივის განვითარება, გაფართოება და მაღალმთიან რეგიონებში ერთგვაროვანი პროდუქტის შექმნა. ფერმერებს გაერთიანება და ერთმანეთის გვერდით დგომა გვჭირდება. უნდა დამზადდეს ქართული და კარგი. თაფლის ნატურალურობაზე საუბარი ზედმეტია. მის ნატურალურობას განსაზღვრავს მეფუტკრის კეთილსინდისიერება. სახელმწიფოს მხრიდან უნდა არსებობდეს შესაბამისი პრევენციული ზომები, შემოწმება სურსათის უვნებლობის სააგენტოდან, რომ თუ თაფლში შაქარდანამატები აღმოჩნდება, ეს იქნება არანატურალური პროდუქცია, რომელიც ბაზრიდან უნდა ამოიღონ და საჯარიმო სანქციები გაატარონ. მსგავსი შემთხვევების არსებობის გამო უკვე იჩაგრებიან ის მეფუტკრეები, რომლებიც ნატურალურ თაფლს აწარმოებენ. რაც შეეხება მის ხარისხს, აქ უკვე საქმე არა მხოლოდ შაქარსა და შერევასთან გვაქვს, არამედ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესსაც. რას გულისხმობს მკურნალობის პროცესი? უმეტესწილად, თაფლში, შეიძლება, დაბინძურებები აღმოჩნდეს. კოოპერატივების სააგენტო, ერთი მხრივ, ატარებს ტრენინგებს, მაგრამ თუ მეფუტკრეების ცნობიერება არ გაიზარდა, რომ ჩვენს თაფლში არ უნდა იყოს დაბინძურება, ანუ ის ქიმიური ელემენტები, რასაც ევროკავშირი კრძალავს, წინსვლა რთული იქნება. უნდა შეიქმნას საფუტკრე ზონები, ძირითადად, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც უხვად არის წაბლის, ცაცხვის ხეობები. ისინი უნდა გამოცხადდეს საფუტკრე ზონად, უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მეფუტკრეებმა იქ მომთაბარეობა უნდა შეძლონ. ასეთი ზონები გვაქვს და პროდუქტიულად უნდა გამოვიყენოთ. არ უნდა ჩავერიოთ ქიმიურად, მეფუტკრე უნდა იყოს კეთილსინდისიერი. დიდი ჯარიმები უნდა იყოს იმათ მიმართ, ვინც თაფლს აყალბებს. სანამ ეს არ იქნება, მანამდე ჩვენი პროდუქცია აქტიურად ვერ იწარმოებს. თბილისში ყველა შაქრიან წყალს ყიდის ან გარეულს. ცნობიერება იმ დონეზეა, რომ გინდა – არ გინდა, ყველა ერთ ქვაბში იხარშება. სახელმწიფომ მკაცრი რეჟიმი უნდა შემოიღოს. ნატურალურ თაფლზე რომ გაიზრდება მოთხოვნა, დასაქმდება კიდეც ბევრი და ადგილობრივ ბაზარზეც შევიტანთ ჩვენს თაფლს“.

2015 წლიდან საქართველოში აქტიურად მუშაობს თაფლის ლაბორატორია. მისი ინფორმაციით: „სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ასევე წარმატებით გაიარა რეაკრედიტაციის პროცესი. 2017 წელს ლაბორატორიას მიენიჭა ეროვნული აკრედიტაციაც; ლაბორატორიის ისო/იეკ 17025:2010-ის სტანდარტთან შესაბამისობა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ დადებითად შეფასდა.
შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებული) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამის დასადასტურებლად სპეციალისტები პერმანენტულად გადიან პროფესიულ ტესტირებებს. პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისთვის შეთავაზებული ტესტირების უტყუარობისა და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე _ საერთაშორისო აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას.
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სააკრედიტაციო ნუსხას კვლევები ეტაპობრივად ემატება. მათ შორის, სააკრედიტაციო ნუსხაში შესულია ყველა ის დანერგილი მეთოდიც, რომლითაც, ამჟამად, თაფლს იკვლევენ.
ამ ეტაპზე სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში დანერგილია თაფლის კვლევა ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე, ასევე უვნებლობის პარამეტრებზე შესაძლებელია ჩატარდეს:
1. ანტიბიოტიკების: ტეტრაციკლინის, ოქსიტეტრაციკლინისა და ქლორტეტრაციკლინის განსაზღვრა თაფლში;
2. ქლორამფენიკოლის განსაზღვრა თაფლში;
3. ქლორორგანული პესტიციდების: ჰექსაქლორციკლოჰექსანი (α,β,γ,δ იზომერები), დდტ და მისი მეტაბოლიტები (DDT, DDD, DDE), ჰეპტაქლორი) განსაზღვრა;
4. ფოსფორორგანული პესტიციდების (ბიფენტრინი, დელტამეტრინი, ესფენვალერატი, კარბოსულფანი, ფენვალერატი, ქლორპირიფოსი, ციპერმეტრინი, პარათიონ-მეთილი);
5. კადმიუმის (Cd);
6. ტყვიის (Pb);
7. დარიშხანის (As) განსაზღვრა თაფლში;
8. რადიონუკლიდების ცეზიუმ-137 (Cs-137) და სტრონციუმ-90 (Sr-90) ხვედრითი აქტივობის განსაზღვრა;
9. ექსპრეს-მეთოდები;
10. ქლორამფენიკოლისა და ნიტროიმი დაზოლების განსაზღვრა თაფლში;
11. ანტიბიოტიკების ტეტრაციკლინის ჯგუფის, ქინოლების, ცეპტიოფურის, თიამფენიკოლის, სტრეპტომიცინისა და თილოზინის ჯგუფების განსაზღვრა თაფლში;
12. ნიტროფურანების ჯგუფის (AOZ, AMOZ, AHD, SEM) განსაზღვრა თაფლში.
ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდების დანერგვის პროცესში ეხმარებიან საერთაშორისო ექსპერტები და ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიის სპეციალისტები.
მეთოდების დანერგვის პროცესი სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტანდარტიზებულია და ექვემდებარება საერთაშორისო მოთხოვნებს“.

გიორგი კეპაშვილი _ „მეფუტკრეთა გილდიის“ ხელმძღვანელი:
„სამწუხაროდ, საქართველოში მეფუტკრეობა განვითარებული ვერ არის. ის რჩება მოყვარულთა დონეზე. პროფესიონალების ნაწილი ძალიან მცირეა. პრობლემები გვაქვს წარმოებული თაფლის ხარისხთანაც. რამდენიმე წლის წინათ პარლამენტის აგრარულ კომიტეტს ჩვენი ხედვა და კონცეფცია მოვახსენეთ, რომელსაც ჰქვია „მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია 2014-2020 წლებში“. აქ მივუთითეთ პრობლემები, ვაჩვენეთ მათი მოგვარების გზები და შევადგინეთ სამოქმედო გეგმა, _ ვის რა და როდის უნდა გაეკეთებინა. სამწუხაროდ, ეს ქაღალდზე დარჩა და არაფერი გაკეთდა. რაც შეეხება ხარისხს, თუ ვსაუბრობთ არაპროფესიონალებზე, ე. ი., ხარისხი დაბალია. თუ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა როლს შეასრულებს მეფუტკრეობა ეროვნულ ეკონომიკაში, მნიშვნელოვან როლს მხოლოდ მაშინ შეასრულებს, როდესაც მოწესრიგებული მეფუტკრეობა იქნება. ვგულისხმობ, რომ გაიზრდება პროფესიონალთა რიცხვი სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯზე და, აგრეთვე, გაიზრდება პროდუქციის ხარისხი, რადგან მწარმოებელს ეცოდინება, როგორ დაამზადოს ის სწორად. ქართული თაფლი არის მაღალი ხარისხის, მაღალი კატეგორიის. არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად სად დამზადდა იგი _ საქართველოში ყველგან მდიდარი ფლორაა წარმოდგენილი. ეს პროდუქტი არის ექსპორტის მაღალი პოტენციის მატარებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ, რეალურად, შესაძლებელია თაფლის ექსპორტის გახორციელება, მაგრამ ამის არარსებობის მიზეზებია: შესაბამისი ცოდნის დაბალი დონე, არაპროფესიონალიზმი და წარმოებული პროდუქციის სერტიფიცირების საკითხის სრულად მოუწესრიგებლობა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კერძოდ _ კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, საკმარისად ბევრი პროექტი განახორციელა და მეწარმეები შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყო. პროფესიონალები, პრაქტიკულად, არ არიან _ მათი პროცენტული რაოდენობა მცირეა. აქედან გამომდინარე, მეფუტკრეობა ვერც ეკონომიკას შეუწყობს ხელს, ვერც წარმოებას გაზრდის და შესაბამისი პოტენციალიც არსებულ დონეზე დარჩება“.

„საქართველოს სოფლის მეურნეობა 2016“ _ შესაბამისი ანგარიშის მიხედვით ფუტკრის ოჯახების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
2014 წელს საქართველოში სულ 190.7 ათასი სკა იყო. 2015 წლისთვის ამ მონაცემმა 197.1 ათასი სკა შეადგინა, ხოლო 2016 წლისთვის მაჩვენებელი 205.3 ათას სკამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით საქართველოს რეგიონებიდან კახეთი ლიდერობს.
სხვა რეგიონების პოზიციები ასეთი თანმიმდევრობით ნაწილდება: იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, შიდა ქართლი და დანარჩენი რეგიონები. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლთან დაკავშირებული შესაბამისი მონაცემები 2014 და 2015 წლებში არ არსებობდა, ანუ მეფუტკრეობა აქ უკვე 2016 წლიდან განვითარდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ევროდირექტივების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლიდან გამოკვლეულია თაფლის 369 ნიმუში, მათ შორის დარღვევა გამოვლინდა 82 ნიმუშში (22%): „2016 წელს თაფლის საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების აქტუალურობის გათვალისწინებით დამატებით განხორციელდა 18 ნიმუშის აღება ლაბორატორიული კვლევისთვის. დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 3 ნიმუშში.
აღსანიშნავია ბოლო ოთხი წლის მანძილზე თაფლში ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარიული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების პროცენტული კლება, რაც ევროკომისიამ დადებითად შეაფასა“. პროცენტულად ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
2013 წელს _ 38%;
2014 წელს _ 25%;
2015 წელს _ 19%;
2016 წელს _ 17%.
ამ მაჩვენებლის ლოგიკური გაგრძელების მოლოდინის იმედით, სავარაუდოა, რომ ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე წარმატებას მიაღწევს. რაც უფრო მეტად იზრუნებს მეწარმე საკუთარი პროდუქტის სიჯანსაღესა და ბუნებრიობაზე, მით მეტად დაჩქარდება საერთაშორისო დონეზე წინსვლის პროცესი.

მარიამ ტიელიძე