ვალერი გელბახიანი: „შევცდი, ბადრისთვის არ უნდა დამეჯერებინა!”

Captureaa

კითხვები, რომლებიც არ დასმულა აქამდე

პასუხები, რომლებიც არ წაგიკითხავთ

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალის წაყენების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის საქმე კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სისხლის სამართლის საქმე არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის წინააღმდეგ 2007 წლის 24 დეკემბერს აღიძრა. პრეზიდენტობის კანდიდატს ბრალი დასდეს შეთქმულების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაში. „ქრონიკა+”-მა ექსკლუზიურად გაასაჯაროვა ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრის ჩანაწერის სრული ვერსია. დღევანდელ ნომერში ვიწყებთ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნებას. პატარკაციშვილის საარჩევნი შტაბის ხელმძღვანელი, ვალერი გელბახიანი, „ქრონიკა+”-სთან შვიდწლიან დუმილს არღვევს და ექსკლუზიურად პასუხობს ყველა იმ კითხვას, რომელიც პატარკაციშვილის საქმეზე ჯერ არ დასმულა.

 

_ ბატონო ვალერი, სისხლის სამართლის საქმის მასალები იწყება ასე: პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი შევიდა დანაშაულებრივ კავშირში საკუთარი საარჩევნო შტაბის უფროსთან, ვალერი გელბახიანთან, შექმნა შეთქმულთა ჯგუფი და დაიწყო სახელმწიფო  გადატრიალების მომზადება. რა მოხდა რეალურად? მივყვეთ ქრონოლოგიას.

_ სისხლის სამართლის საქმის ეს ნაწილი არის აგებული სიცრუეზე! არავითარი გადატრიალების მოწყობა არ იგეგმებოდა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ჩვენ ვცდილობდით ერეკლე კოდუასთან კავშირების ძებნას. საქმის მასალებში არის ოქმები, ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ ვიდრე მე შემხვდებოდა მარინა გაბუნია, მანამდე ის ხვდებოდა კოდუას და მისგან იღებდა ინსტრუქტაჟს, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ჩემი კავშირზე გაყვანა „სოდის” უფროსთან. ასეც იყო: ჯერ კიდევ მანამ, სანამ ჩვენი შეხვედრა შედგებოდა, საარჩევნო შტაბის ორმა წევრმა, დეპუტატებმა გუგე ცანავამ და ვალერი იზორიამ, მთხოვეს შეხვედრა ერეკლე კოდუას დედასთან, ლაურა ღაჭავასთან, რაზეც მე მათ ტაქტიკური უარი ვუთხარი. ორი-სამი დღის განმავლობაში ჩემთან იყო ეს კატეგორიული მოთხოვნა.

_ რატომ უნდა შეხვედროდით ლაურა ღაჭავას?

_ ისინი მეუბნებოდნენ, რომ არის ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ჩვენს საქმეს წაადგესო.

_ ანუ ეს იყო ის ინფორმაცია, რომელიც იმხანად თბილისში ვრცელდებოდა, რომ სერიოზული დაპირისპირება მოხდა ერეკლე კოდუასა და ვანო მერაბიშვილს შორის და ამ დაპირისპირების დეტალებზე ტაქსის მძღოლებიც კი ლაპარაკობდნენ?

_ ინფორმაცია იყო ასეთი: თითქოს ერეკლე კოდუას ძმა მოხვდა გაუგებრობაში, მას საქართველოში წართმეული მანქანები გადაჰყავდა ერევანში და იქ ყიდდა ამ მანქანებს, ათეთრებდა ფულს და გადმოჰქონდა უკან. ამბობდნენ, რომ მას დაუთვალეს ეს ფული, წარმოიშვა სერიოზული კონფლიქტი ძმასთან. ამის გამო კოდუას მოუხდა თავდაცვა, როგორც თავის უშუალო მინისტრთან, ისე პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ეს ამბავი ჭორი იყო თუ მართალი, კაცმა არ იცის, უფრო სპეციალურად შექმნილი ლეგენდაა, რომელიც ჩვენამდეც მოვიდა. შემდეგ როცა გავიდა ორი-სამი დღე, დეპუტატებმა კატეგორიულად დამიყენეს საკითხი, თუ ერთი ადამიანის მიღება პრობლემაა, აბა, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ? საერთოდ წავალთ შტაბიდანო! ეს ისეთი განცხადება იყო, ბუნებრივია, მე რაღაც ზომები უნდა მიმეღო. მათ მიიღეს ჩემგან თანხმობა ერეკლე კოდუას დედასთან შეხვედრაზე. იმავე საღამოს მე „სკაიპით” ველაპარაკე ბადრის და ვუთხარი, რომ კოდუას დედა ითხოვდა ჩემთან შეხვედრას. მკითხა, – ამ ქალს იცნობო? მე ვუთხარი, რომ არა, – კოდუასო? – არც კოდუას, ვიცი, ვინც არის, მაგრამ პირადად არ ვიცნობ-მეთქი. რა უნდათ, კონკრეტულად, ისიც არ ვიცი-მეთქი, – შენც ადექი და შეხვდი, გავიგებთ, რა უნდათო. ეს იყო და ეს.

_ რა მოხდა შემდეგ?

_ გუგე ცანავამ და ვალერი იზორიამ მომიყვანეს სტუმარი, მე მასთან შეხვედრა გადავწყვიტე არა ჩემს სამუშაო ოთახში, დახურულ სივრცეში, არამედ „არკადიის” საერთო დარბაზში. აღმოჩნდა, რომ ეს იყო მარინა გაბუნია. გამეცნო. ვიკითხე, – თქვენ რა შუაში ხართ-მეთქი? – მე ერეკლე კოდუას დედის დაქალი ვარო. სხვათა შორის, კოდუასა და გაბუნიას ჩანაწერში ჩანს, ეუბნება კიდეც მას, მე დედაშენის მეგობარი ვარო. მარინა გაბუნიამ მითხრა, რომ არის კოდუების ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, პროფესიით იურისტია, რომ მას სურს, გვერდით დაგვიდგეს და დაგვეხმაროს.

_ დავაზუსტებ, თუ შეიძლება: მარინა გაბუნია თავის დროზე მუშაობდა აჭარაში, თქვენც წლების განმავლობაში ასლან აბაშიძის კარზე გავლენიანი ადამიანი იყავით, იცნობდით თუ არა მას იმ დროს?

_ არა, არ ვიცნობდი, არასოდეს არ მინახავს. მან მითხრა, რომ ერთხელ მივეხმარე „აღორძინებას”, დიდუბეში ვიყავი მოსამართლეო. მე ეს ფაქტი არ მახსოვს. მარინა გაბუნია გავიცანი სწორედ იმ დღეს „არკადიაში”. ამის შემდეგ მე მას ვუთხარი, რომ ვიფიქრებდი კოდუასთან შეხვედრაზე. – პასუხი ტელეფონზე არ მომწეროო! შევთანხმდით, რომ მოვიდოდა მეორე დღეს „არკადიაში” და პასუხს ვეტყოდი. ასეც მოხდა, კიდევ ველაპარაკე ბადრის, ავუხსენი დეტალები, – ღირს კი ეს შეხვედრა-მეთქი? – არაო, შეხვდი, სჯობია. ცოტა გოიმიაო და მანამ მე გადავამოწმებ (ჩვენს ერთ ნაცნობთან გადაამოწმა მოსკოვში), სანდო წყაროს ვკითხეო, იცის, კოდუა არ იკადრებს უკადრებელსო. კონტროლქვეშ არისო.

ერთი რამე მითხრა, – როცა შეხვდები, დაარწმუნე, რომ საქართველოსთვის, მისი სახელმწიფოსთვის და მისი მომავლისთვის სჯობია, ახლა დადგეს ხალხის გვერდით და მის პოზიციაზეო. არ ემსახუროს დამნაშავე რეჟიმსო.

_ უნდა ჩაგეკითხოთ: ეს სანდო წყარო იყო თუ არა „კანონიერი ქურდი”, ტარიელ ონიანი?

_ გაზეთისთვის ეს საჭირო არ არის. მითხრა, „სანდო წყაროო”. ამ თემაზე საუბარი ახლა გამართლებული არ არის, ამიტომ მე შევხვდი ერეკლე კოდუას ორთაჭალაში, საკუთარ ბინაში, მანამდე საუბარი იყო სომხეთში, ერევანში შეხვედრაზე, თბილისის ზღვაზე, მინდორში შეხვედრაზე და ა. შ. დამღალა ამ ქალმა შემოთავაზებებით. ბოლოს და ბოლოს, ვუთხარი, – ისეთ რამეზე ხომ არ ვხვდები იმ კაცს, რომ დასამალი მქონდეს რამე?! სადაც უნდა, იქ შევხვდები-მეთქი.

_ ვალერი, თქვენი გამოცდილების კაცი, ცხადია, ფიქრობდით, რომ ერეკლე კოდუა თქვენს საუბარს იწერდა.

_ კი ბატონო, ვუთხარი კიდევაც, ჩაეწერა ასჯერ, ორასჯერ. არაფერს არ ვიტყოდი იმაზე მეტს, რაც უნდა მეთქვა. ჩემს ჩანაწერებსაც თუ კარგად წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ლექციას ვუკითხავ ერეკლე კოდუას იმაზე, რომ სახელმწიფო ინტერესებს აღარ სჭირდებოდა 7 ნოემბერი და ახალი სამოქალაქო დაპირისპირება, რომ პირიქით უნდა დამდგარიყო კანონიერების სადარაჯოზე და არ მიეცა ახალი დარბევების საშუალება. ამაში ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია, ჩვენი ინტერესიც ეს არის.

_ სხვათა შორის, მათი შეხვედრის ჩანაწერში ბადრი პატარკაციშვილი მას ეუბნება, – ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიღოთ ლეგიტიმაცია და პროცესები არ უნდა გავიდეს კონსტიტუციური ფარგლებიდან. ორჯერ უმეორებს ამას, გამომდინარე აქედან, სახელმწიფო გადატრიალების მზადება, ფაქტობრივად, სპეკულაციაა…

_ მოდი, ასე ვთქვათ, დავაკონკრეტოთ: ინიციატივა მოდიოდა თავად ხელისუფლებიდან თავად კოდუას მეშვეობით. ეს იმითაც დასტურდება, რომ მას პატაკი აქვს დაწერილი თავისი მოადგილის სახელზე, იწყება სპეცოპერაციაო. ამ დროს ის არის პოლიციის მაღალჩინოსანი, მე ვარ დეპუტატი, რანაირადაც არ უნდა მომევლინოს კოდუა, ვიცი, რომ პოლიციის მაღალჩინოსანია, კონსპირაციას ვერ დაიცავს.

_ ერეკლე კოდუას ორჯერ შეხვდით?

_ პირველი შეხვედრისას ეს იყო მოთელვითი საუბარი, არავითარი ზედმეტობა არ თქმულა არც ერთი მხრიდან, მაგრამ შუა საუბარში შემოვიდა მარინა გაბუნია. მან თქვა, – კოდუამ თქვენი ინტერესები რომ დაიცვას, ორასი მილიონი უნდა გადაიხადოთო. ბადრის, რა, ორასი მილიონი არ უნდა გადაიხადოს, ფულის მეტი რა აქვსო? მე ვუთხარი, – ქალბატონო, მე ერთი კაპიკის გადამხდელი არ ვარ, ბადრი რას გადაიხდის და რას – არა, ეს უნდა გაირკვეს ბადრისთან და არა ჩემთან-მეთქი! რატომ შევხვდი მეორედ? არ ვაპირებდი, უკვე გავიგე, რომ, პრინციპში, საუბარი იყო არაფერზე, არაფერში ფულის გაკეთებაზე. ამის შემდეგ ბადრიმ მითხრა, – ჩამოდი, აქ ვილაპარაკოთო. გადავფრინდი თელ-ავივში, სხვა საკითხებიც გვქონდა, რაღაც მომენტში ცალკე გავედით. ბერეზოვსკი იყო იქ, გოგა ხაინდრავა, გოგლა ჟვანია. გამოვეყავით მთავარ ჯგუფს, განვიხილეთ ეს თემა, ანალიზი გავუკეთეთ ყველა პლუსს და ყველა მინუსს. ბადრიმ იქ თქვა, რომ მე კოდუა აბსოლუტურად არ მაინტერესებს არაფერში, კოდუამ რა უნდა გააკეთოსო? ბოლო-ბოლო, მინისტრია იქ და მერეა კოდუაო, ამიტომ მაგის ლაპარაკი არაფერში მჭირდებაო, არ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ ეგ არ გვაინტერესებსო. კოდუა მე მაინტერესებს იმ ჩანაწერის ამბავში, სადაც ჩეჩენ „ბოევიკს” უკვეთავენ ჩემს ლიკვიდაციასო.

ახმადოვი ვინ იყო, უკვე იცოდა, მასთან შენახვედრიც იყო ბადრის წარმომადგენელი, ჩაწერილი ჰყავდათ და მზად იყო ჩვენების მისაცემად, მაგრამ საქართველოს მხრიდან დამკვეთი პიროვნების იდენტიფიკაცია იყო საჭირო, ეს არ იყო დაზუსტებული. ბადრიმ მითხრა, – კოდუა იმიტომ მჭირდება, რომ მოვასმენინებ ხმას და მეტყვის, ეს ვინააო. იქნებ, შენ მოასმენინო და გვითხრას, ეგ ვინააო? მე ვუთხარი, – მე რომ მოვასმენინო და დამიდასტუროს, მერე რა? ჩაწერით კოდუა იქით თუ ჩამწერს, მე თავს არ ჩამაწერინებს-მეთქი. – აბა, რაღაცა უნდა მოვიფიქროთო, – მოიფიქრე შენ, ბადრი, მე რა უნდა მოვიფიქრო-მეთქი? – კარგიო, მაშინ დავანებოთ თავი საერთოდო… და ასე დავშორდით. თელ-ავივიდან წამოვედი იმ პირობით, რომ კოდუას აღარ შევხვედროდი. ამის შემდეგ კიდევ რაღაცები ვილაპარაკეთ და წამოვედი. მარინა გაბუნია შტაბში ისევ მოვიდა, რომელსაც ვუთხარი, რომ კოდუასთან ჩემი შეხვედრა აღარ შედგებოდა, – ამ საქმისთვის მე აღარ მცალია-მეთქი, – დავამთავრე ამ ქალთან ამით საუბარი. იმავე ღამეს მირეკავს ბადრი, – „სკაიპში” შემოდიო. ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, გადავწყვიტე, უნდა შევხვდე ერეკლე კოდუასო. ან ლონდონში ან თელ-ავივში აირჩიოს, სად უნდა შეხვედრაო. უნდა შევხვდე და უნდა ჩავიწეროო. მე მაწყობს, რომ ლონდონში წამოვიდესო. აქ, „სკოტლანდ იარდში”, განცხადებები მაქვს შეტანილი და ამ ჩანაწერსაც შევიტანო. მოელაპარაკე კოდუას, შეხვედრის დრო შეათანხმე და სასტუმროსაც „დავბრონავთო”. ამის გამო მე მივაწვდინე ხმა მარინა გაბუნიას, დავთქვით შეხვედრა აეროპორტის გზაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში. მერე აღმოჩნდა, რომ ეს სასტუმრო დედამისს ეკუთვნოდა. იქ დიდხანს საუბარი არ ყოფილა. მე გადავეცი დანაბარები, – ბადრი შეგხვდება, უნდა ჩახვიდე ლონდონში-მეთქი. – ლონდონი მაწყობს, ჩემი ძმაა იქ და ვნახავო, – სასტუმროც „დაბრონილი” იქნება და იქ მიხვალ-მეთქი. წერილი გავუგზავნე მეორე დღეს ჩემი მძღოლის ხელით. „ჰილტონი” „დაიბრონა” ანატოლი მოტკინის სახელზე. ამ შეხვედრაზე მარინა გაბუნიამ ისევ დაიწყო ფულზე ლაპარაკი, – რამდენს გადაიხდის ბადრი, ას მილიონს ხომ მაინც გადაიხდისო? მე ვუთხარი, – ჩემი მისია შესრულებულია, თქვენი შეხვედრის მერე მე აღარ ვმონაწილეობ არაფერში, გავდივარ თამაშიდან, ფულიც თქვენ გაიყავით და საქმეც თქვენი იყოს, მე დამანებეთ თავი-მეთქი. როგორც კი წამოვედი, ჩანაწერი ხომ გრძელდება, ისინი დარჩნენ, გაბუნია ეუბნება კოდუას, – ხედავ ახლა ამან რა თქვაო? ეს რატომ გადის თამაშიდან, ეტყობა, ჩაშვებას აპირებს ჩვენსასო. კოდუა აწყნარებს, – ასე არ არისო. თუ გადატრიალებას ვაწყობდით, კონტაქტს რატომ დავასრულებდი?

_ იყო თუ არა შეცდომა ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან ერეკლე კოდუასთან შეხვედრა?

_ არა შეცდომა არ ყოფილა, რომ არ დაესწრო მაშინდელ ხელისუფლებას და არ გამოექვეყნებინა ჩანაწერების ნაწილი, ბადრი აპირებდა მის გასაჯაროებას. მაშინ ბადრი ამხელდა სააკაშვილის ხელისუფლებას, „სკოტლანდ იარდი” გამოძიებას დაიწყებდა და ამ პროცესს ექნებოდა საერთაშორისო რეზონანსი მთელ მსოფლიოში. მიშა იყო დამკვეთი პრეზიდენტობის კანდიდატის ლიკვიდაციისა და ის იყო დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აი, ამას ვადასტურებდით. ბადრის ტაქტიკა იყო აბსოლუტურად სწორი. ასი წელი არ აინტერესებდა ბადრის, კოდუას სპეცრაზმი ჰყავდა თუ ტანკები. მას აიტერესებდა ის, რაც კოდუამ მას დაუდასტურა „მასტერასთან” დაკავშირებით.

_ ერეკლე კოდუა ჩანაწერში მას ეუბნება, რომ „მასტერა” მისი არ არის, ახალაიასია.

_ დიახ, ასეა, ეს ნიშნავდა იმას, რომ „მასტერას” ვინაობა გაშიფრული იყო და ისიც, რომ ის ოფიციალურ სტრუქტურას, ანუ პოლიციას წარმოადგენდა.

_ ახლა, ცოტა ხნით, ეს თემა აქ შევაჩეროთ და მინდა სრულიად სხვა პროცესზე გადავერთოთ. კულისებში აქტიურად მიდიოდა მოლაპარაკება, რომ ბადრი პატარკაციშვილს მოეხსნა კანდიდატურა. ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც ბადრისთან ამ წინადადებით დადიოდნენ?

_ გოგა ხაინდრავა, მე და გოგლა ჟვანია. გოგლა ჟვანიას უნდოდა, ბადრის მოეხსნა კანდიდატურა, გოგა ხაინდრავას უნდოდა, ბადრის მოეხსნა კანდიდატურა გაჩეჩილაძის სასარგებლოდ. მეც არაერთგზის მთხოვეს კიდეც, დავხმარებოდი მათ ამ საქმეში. მეც მიმაჩნდა, რომ საჭირო იყო, ოპოზიციას ჰყოლოდა ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ვინ იქნებოდა ეს კანდიდატი,  კანდიდატების გადასაწყვეტი იყო და არა ჩვენი. ბადრის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე ვიყავი და, ბუნებრივია, ვერ ვეტყოდი ბადრის იმას, რომ მოიხსენი კანდიდატურა-მეთქი. არანაირი უპირატესობა გაჩეჩილაძის პროგრამას პატარკაციშვილის პროგრამაზე არ ჰქონდა. თუ მხარდაჭერაზე იყო საუბარი, მოსალოდნელი იყო, რომ ხალხი გაჩეჩილაძეზე მეტად ბადრი პატარკაციშვილს დაუჭერდა მხარს. რესურსიც მეტი ჰქონდა ბადრის და ა. შ. ამიტომ მე ვვარაუდობდი, რომ გაჩეჩილაძის კანდიდატურის მოხსნა უფრო რეალური იყო, ვიდრე ბადრის. პირველად ეს ამბავი გოგამ მითხრა, ხაინდრავამ. მე ვუთხარი, – ჩემგან ეს ამბავი არ გამოვა, მაგრამ მე წამოგყვებით, დავესწრები ამ შეხვედრას და ერთად განვიხილოთ-მეთქი.

_ ეს იყო ის შეხვედრა თელ-ავივში, როცა ყველამ ერთად მოიყარეთ თავი…

_ დაიწყო შეხვედრა. ერთი მხრივ, იქ იყო ბორის ბერეზოვსკი და ბადრი, აქეთ ჩვენ სამნი. ეს ხდება იმ სასტუმროში, სადაც კემპდაუნის ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. ეს ხდება იმ ნომერში, სადაც ამერიკის პრეზიდენტი ცხოვრობდა. ისტორიული აპარტამენტებია. დაიწყო საუბარი ხაინდრავამ. პირველი კითხვა დასვა ბორის ბერეზოვსკიმ, – რატომ უნდა მოხსნას ბადრიმ კანდიდატურა? მან უპასუხა, – მაღალი საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის და დიპკორპუსისთვის უფრო მისაღები იქნება, რომ ლიდერი იყოს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, რომ პოლიტიკისთვის ეს უფრო ფასეულია, ვიდრე ოლიგარქი. ბადრიმ უთხრა, – მე მესმის თქვენი, მაგრამ დანარჩენი კანდიდატები რას იზამენ, მოხსნიან კანდიდატურასო? – ეგ სალაპარაკოაო. – ბადრიმ განაგრძო, – მოვხსენი მე კანდიდატურა, შტაბი გადმოვაწყვე და ჩემი ფინანსური რესურსები მოგახმარეთ, გაიმარჯვა „გრეჩიხამ”, ბადრი პატარკაციშვილს რა? სააკაშვილს საქმე აქვს აღძრული ბადრის წინააღმდეგ, დავუშვათ, ამერიკელებმა უთხრეს, ეს ბადრი მოსაშორებელია, გაქვს გარანტია, რომ „გრეჩიხა” ხელს არ მახლებსო? – ამერიკელებმა თუ უთხრეს, მე რა გარანტია მაქვსო? – უპასუხა გოგა ხაინდრავამ. – გამარჯობა შენიო, გარანტიებს ვერ მაძლევთ, მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტი დათმეთო, – ვერაო, ხაინდრავამ, პრემიერ-მინისტრის პოსტს ვერ დავთმობთო. შეთანხმება ვერ შედგა. ბერეზოვსკიმ უთხრა, – სისულელეა ამის განხილვა, სიამოვნებით მოვისმენდი გაჩეჩილაძის კანდიდატურის მოხსნის საკითხსო. ასე წამოვედით. თუმცა თბილისში ეს შეხვედრები გაგრძელდა.

– ერთ-ერთი ასეთი კონსპირაციული შეხვედრის დროს შეხვდით სანდრა რულოვსს.

_ გოგა ხაინდრავა ამ საკითხებზე სასაუბროდ იყო ამერიკის საელჩოში, რომ გაერკვია, რა გარანტიებს იძლეოდნენ ამერიკელები, თუ ბადრი პატარკაციშვილი მოხსნიდა კანდიდატურას? რატომღაც, ამერიკელებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ბადრი რუსულ ინტერესებში იყო და მათ ინტერესებში არჩევნებში ბადრის მონაწილეობა არ შედიოდა, ამიტომ როდესაც დადგა ეს საკითხი, ხაინდრავამ დამირეკა, – გარკვეულია იქაც უკვე ყველაფერი და იქნებ, შევხვდეთო. შეხვედრა დავთქვით სასტუმრი „მერიოტის” კაფეში ღამის სამ საათზე. მე გვიან მივედი, გოგა ხაინდრავა და გოგლა ჟვანია იქ დამხვდნენ. არ ვიცი, რა დამთხვევა იყო, დავსხედით თუ არა, მეზობელ მაგიდასთან სანდრა რულოვსი მოგვევლინა. დავიბენი ადამიანურად, გამარჯობა არ ვუთხარი. როგორია, კონსპირაციული შეხვედრა გვაქვს! ვერ გამოვხატე ელემენტარული ყურადღებაც კი. მოვიდა სანდრა მაგიდასთან, – თქვენო ქართველები არა ხართო? მიშას გამო არ მეუბნებით გამარჯობასო? შეგვარცხვინა. ამან სიტუაცია სუფრაზე სერიოზულად დაძაბა. არ ვიცი, შემთხვევითი იყო, დამთხვევა იყო, ყველაფერი შეიძლებოდა მეფიქრა, მაგრამ საიდუმლო სერობაზე ღამის სამ საათზე თუ სანდრა გაჩნდებოდა, ვერ ვიფიქრებდი. გოგლა ჟვანიამ მითხრა, უნდა ჩავიდეთო. ეს შაბათი ღამეა. მე ვუთხარი ორივეს, – ერევანში მივდივარ, ხვალ ბადრისთან მექნება საუბარი, მაგ საკითხზე დაველაპარაკები, თუ დასტურს გვეტყვის, ჩავიდეთო. ბადრი მარტივ რამეს ითხოვდა, – მე რომ შენი ვარ, თქვენ ჩემი ხართ? საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ბადრი ვისაც აფინანსებდა, ყველამ მის წინააღმდეგ იყარა კენჭი. ოპოზიციის სამიზნე გახდა არა მიშა, არამედ ბადრი. მას არ უნდოდა რეალურად პრეზიდენტობა, არჩევის შემთხვევაშიც კი რეფერენდუმის გამართვას და საპარლამენტო რესპუბლიკად გადაკეთებას აპირებდა.

_ ასე აღმოჩნდით 23 დეკემბერს ერევანში. გულწრფელად მითხარით, ნამდვილად დასარეკად წახვედით, თუ წახვედით იმიტომ, რომ თქვენმა მეგობარმა, ბადრი ბიწაძემ, გაგაფრთხილათ, რომ მეორე დღეს იგეგმებოდა თქვენი დაჭერა?

_ არავითარი გაფრთხილება ჩემი მისამართით არ ყოფილა. რომ მოეწოდებინათ ეს ინფორმაცია, მადლობელი დავრჩებოდი, სხვა ზომებს მივიღებდი, არ წავიდოდი, აქ დავრჩებოდი და აქედან გავაგრძელებდი სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლას. დაჭერით ვერ დამიჭერდნენ, თავი რომ მოეკლათ. დიდი-დიდი, ეჭვმიტანილის სტატუსით დავეკითხე, სხვა არაფერი. საარჩევნო კამპანია იყო, შტაბის უფროსის დაჭერა დიდი სკანდალი იქნებოდა, ვერ გარისკავდნენ.

_ „ოცნებამ” საარჩევნო შტაბის უფროსი, გიგი უგულავა დააკავა. მათ თუ გარისკეს, „ნაცები” რატომ ვერ გარისკავდნენ?

_ გიგი უგულავა ორი წელი იყო თბილისის მერი, მას უამრავ სამეურნეო დანაშაულს ედავებოდნენ, მე დეპუტატი ვიყავი. რაზე უნდა დავეჭირეთ? წმინდა პოლიტიკური დაჭერა იქნებოდა, ჩაიშლებოდა საარჩევნო პროცესი. შტაბი თუ დაიშლებოდა, ეს პროცესი ისედაც ჩაშლილი იყო. რად უნდოდა დაჭერები? თუ ეს ბადრი ბიწაძემ იცოდა და არ გამაფრთხილა, დღემდე საწყენია ეს. მე და ვიქტორ ჯაფარიძე გადავედით ერევანში. გზა იყო ძალიან ცუდი, რვა საათზე დავურეკე ბადრის. მითხრა, – ძალიან კმაყოფილი ვარ, კოდუას შევხვდი, რაც მინდოდა, ჩავწერე, „მასტერას” საკითხზეც ყველაფერი გარკვეულიაო. ხვალ დილით ამ ჩანაწერს „სკოტლანდ იარდში” ვაგზავნი და გამოძიებაც დაიწყება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგო, – ლონდონში, ყველაზე ცივილიზებულ ქალაქში, იგეგმებოდა პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობაო. მე ვკითხე, – სხვა რამეზე რა ილაპარაკეთ-მეთქი? – არაფერი, ყველაფერზე ვილაპარაკეთ და დავაბოლეთ ერთმანეთიო. რადგან გვიანი იყო, ყინვა და ცუდი გზა, იქ დავრჩით იმ ღამეს და მე და ვიქტორ ჯაფარიძე დილით თბილისისკენ გამოვემართეთ. 12 საათზე ვიქტორ ჯაფარიძის ცოლმა დარეკა, – ამას რას ვისმენ ტელევიზიითო?! რა ხდებაო? ტელეფონით მოგვასმენინა ჩანაწერი. დავიბენი, რა უნდა მექნა? არც ვაციე, არც ვაცხელე, დავრეკე საარჩევნო შტაბში ჩვენი პრეს-სამსახურის უფროსთან, ელისო კილაძესთან და ვთხოვე, სამ საათზე დაენიშნა ბრიფინგი, რომ მეპასუხა ამ ბრალდებებისთვის.

_ გიდასტურებ, ასე იყო, თუმცა მე დღესაც იმ აზრზე ვარ, ისინი აუცილებლად დაგაკავებდნენ საზღვარზე და ის, რომ შენ იყავი პარლამენტის დეპუტატი, ეს მათთვის დაბრკოლება არ იყო. არ მოგცემდნენ საქართველოში დაბრუნებისა და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების საშუალებას.

_ მე უნდა გამერისკა, შევცდი, ბადრისთვის არ უნდა დამეჯერებინა, რამდენჯერმე დამირეკა. ხუთი კილომეტრი იყო დარჩენილი საზღვრამდე, ბოლოს რომ დამირეკა, – შენ თუ ახლა იქით გადახვალ, მე კითხვები გამიჩნდებაო, შენ რომ დაგიჭირონ და იძულებით გალაპარაკონ რაღაცებიო? ძალიან ბევრს იღებ შენს თავზეო, მე მირჩევნია, იყო უსაფრთხოდ და იყო ცოცხალიო. იქვე ვუთხარი, – მე თუ იქით არ გადავალ და ბრძოლას არ გავაგრძელებ, შენი ამბავი დასრულებულია, ციხეშიც რომ ვიჯდე, უკეთესია, გაგიადვილდება პოლიტიკური ბრძოლა-მეთქი. ჩვენ ახლა შეცდომას ვუშვებთ-მეთქი. – მე ჩემი გითხარი, როგორც გინდა, ისე მოიქეციო. ეს სიტყვები იყო გადამწყვეტი! ბადრიმ ისევ დამირეკა, – ახლა თვითმფრინავი გზაშია, ერევანში დაფრინდება და ლონდონში წამოგიყვანსო. ეს იყო მისი პირადი ბორტი. ავედი თვითმფრინავში და გავფრინდი ლონდონში, ჩავფრინდი ლონდონში, გატვიკის ტრაპთან მელოდებოდა ბორის ბერეზოვსკის მძღოლი, გამიყვანა აეროპორტიდან და მიმიყვანა ბერეზოვსკის ვილაზე.

_ და ამის მერე იყო დევნილობაში გატარებული რამდენიმე წელი. ჩვენ ამ დეტალებზე ხშირად გვისაუბრია და ამჯერად აღარ შევჩერდები, უბრალოდ, მინდა, ორ რამეზე გკითხოთ: სააკაშვილმა მოახერხა და შეინარჩუნა პრეზიდენტის პოსტი ლევან გაჩეჩილაძესთან შეთანხმების შემდეგ და მეორე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელმაც რეალურად ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის ამ ქმედებას და რომელიც დღეს აცხადებს, რომ აწყობდა თუ არა ბადრი პატარკაციშვილი გადატრიალებას, გამოძიებამ უნდა დაადგინოსო.

_ ნინო ბურჯანაძეს მაშინ ის თანამდებობა ეკავა, რომ ვალდებული იყო, ასე ეთქვა, რადგან სხვაგვარად თანამონაწილე გამოდის, მაგრამ დღეს მე ვიტყვი პირველად იმას, რომ ნინო ბურჯანაძესა და ბადრი პატარკაციშვილს შორის იყო მოლაპარაკებები, ჯერ კიდევ, 2007 წლის მაისში, შემდეგ 2007 წლის აგვისტოში იყო მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების თემა იყო ბადრისა და ნინოს გაერთიანება ერთ პოლიტიკურ ძალად და ბრძოლის დაწყება მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ. მაგრამ ეს იმაზე იყო გათვლილი, რომ 2008 წლის მაისში ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები და ეს არჩევნები ამ ორ ძალას უნდა მოეგო, რაც გააკეთა კიდეც ბიძინა ივანიშვილმა, იმ სქემით წავიდა ბადრი პატარკაციშვილი, მაგრამ ბოლო მომენტში ნინო ბურჯანაძემ უარი თქვა.

_ მოხდა თუ არა ეს იმიტომ, რომ ინფორმაციამ გაჟონა და სააკაშვილმა ბურჯანაძეს პატარკაციშვილთან შეხვედრების ჩანაწერები დაუდო?

_ ბოლო შეხვედრა შედგა რესტორან „მეტეხში”. იქ ქორწილი ტარდებოდა და გვერდით კუპე იყო „დაბრონილი”, რომელიც „დაბრონა” ბადრი პატარკაციშვილის მეგობარმა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ვინც „დაბრონა”, მან შეხვედრის ჩანაწერიც გააკეთა. ჩანაწერმა სად და როგორ იტრიალა, არ ვიცი, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ სააკაშვილის ხელში აღმოჩნდა. სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია ამ მოლაპარაკებების თაობაზე და, როგორც ჩანს, ბურჯანაძე გაანეიტრალა.

_ ბოლო მომენტამდე ნინო ბურჯანაძე იყო მძევალი სააკაშვილის ხელში.

_ მძევალი იყო, არ გამოვრიცხავ, თუმცა დღემდე არ მსმენია ამის თაობაზე. ვკითხე ბურჯანაძეს, მაგრამ არ მიპასუხა. ვიდრე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, მასთან ნამყოფი ვარ სამჯერ. მე ვიყავი ფრაქციის თავმჯდომარე და კომუნიკაციის პრობლემა არ მქონდა. მოვითხოვე მისი გარანტიები, რომ ბადრი პატარკაციშვილს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ჰქონოდა საქართველოში ჩამოსვლისა და საპრეზიდენტო კამპანიის წარმოების საშუალება, მაგრამ მან პატიოსნად მითხრა, რომ მას გარანტიების გაცემა არ შეეძლო, რადგან არ იყო დაზღვეული, რომ ჩამოსვლისთანავე პატარკაციშვილს დააკავებდნენ. ხელისუფლებას ისევ სააკაშვილი აკონტროლებდა.

_ ლევან გაჩეჩილაძე და ბოლო შეკითხვას დაგისვამ…

_ გაჩეჩილაძის განცხადებები, მას შემდეგ, რაც ბადრის ამბები გახმაურდა, ცხადია, არ იყო სწორი და ბადრიც ძალიან გაღიზიანებული იყო, როდესაც მან, ფაქტობრივად, ბადრისგან გამიჯვნა და დისტანცირება დაიწყო, გზავნილები გააკეთა, რომ იყო ბადრის ოპონენტი და არა სააკაშვილის, მიშას წისქვილზე დაასხა წყალი. მე მაშინ ვთქვი კიდეც: საქართველოში მაშინდელ ოპოზიციას გაეხარდა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

_ და ბოლო კითხვა: მე მაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძეს დაავალა, შეხვედროდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და მოსთხოვა მათ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება. ბურჯანაძეს მხოლოდ ერთი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დაეთანხმა და იმავე საღამოს დაგმო ბადრი პატარკაციშვილის მიერ „სახელმწიფო გადატრიალების” მცდელობა.

_ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერმა პირადად განმიცხადა მე, რომ დაგვიძახა ბურჯანაძემ და გვითხრა, ტელევიზიით გამოდით და დაგმეთ ეს პროცესებიო. არავინ არ დაეთანხმა, ჩემდა სამწუხაროდ, მას მხოლოდ დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა და იმავე საღამოს საშინელი ტექსტით გამოვიდა: ამ ვაჟბატონებმა უნდა იცოდნენ და ა. შ. გეგონებოდა, ჩვენ მართლა სახელმწიფო გადამტრიალებლები ვიყავით.

_ დღეს გვქონდა ექსკლუზივების დღე. ყველაფერი, რასაც ამ ინტერვიუში მკითხველი წაიკითხავს, თქვით პირველად. დარჩა თუ არა რამე, რასაც ჯერ კიდევ ინახავთ და რომელზეც საჯაროდ საუბარს ჯერ კიდევ არ მიიჩნევთ საჭიროდ?

_ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დარჩა რამდენიმე საკითხი და ეს ეხება ბადრის უცნაურ გარდაცვალებას. სხვა დეტალებზე სხვა დროს…

 

ელისო კილაძე