თელავი – კახეთის საოცრება

„ვისაც უნდა, სასწაული იხილოს, მან სავსემთვარიან ღამეს თელავიდან ალაზნის ველს უნდა უყუროს“, _ ასე შეამკო მე-19 საუკუნის გამოჩენილმა გერმანელმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწე არტურ ლაისტმა კახეთის ქალაქებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი თელავი.

კახეთის ქალაქებს შორის თელავი ერთ-ერთი უძველესია. ქალაქის სახელწოდება ეტიმოლოგიურად უნდა უკავშირდებოდეს ხე-მცენარე თელას, რომელიც ამ რეგიონისთვის საკმაოდ დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს. თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიან ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.
თელავი პირველად მოიხსენიება ბერძენი გეოგრაფის, პტოლემე კლავდიუსის ნაშრომში „თელადა“ ფორმით.
მოგვიანებით, არაბი გეოგრაფი ალ-მუკადასი აღნიშნავს, რომ თელავის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენდნენ.
ცხადია, ამ დროს თელავი საკმაოდ მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. აშკარად ჩანს, რომ თელავი ქალაქია უკვე ადრეფეოდალური ხანის პირველ ნახევარში, ე. ი. მანამ, სანამ იქ კახეთის პირველი მეფეები დამკვიდრდებოდნენ.
XII საუკუნეში თელავი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ,
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყურადღებას იპყრობს ციხე-სიმაგრე ბატონის ციხე. XVII-XVIII საუკუნეებში აქ მოთავსებული იყო კახეთის მეფეთა რეზიდენცია. „ბატონის ციხეს“ უკავია პლატო ბატონის წყალსა და კაკლის ხევებს შორის. სამხრეთის მხარეს, კედლის წინ არსებულ მოედანზე, ძველად სპორტული ასპარეზობანი იმართებოდა. ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე ერეკლე II-ის სახელობის სკვერი და ქალაქის ცენტრალური მოედანია.
თუმცა სწორედ ამის იქით ტერიტორია არასდროს შეუსწავლიათ თელავის არქეოლოგებს. დღეს სურათი შეცვლილია. არქეოლოგებმა ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ჯერ კიდევ 3 წლის წინ მიაკვლიეს გვირაბს. სწორედ გვირაბისა და არაერთი კერამიკული ნივთის აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა კვლევების გაგრძელების იდეაც.
როგორც ცნობილია, ქალაქის ისტორიულ უბნებში უახლოეს პერიოდში მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები დაიწყება, რაც სპეციალისტების მოსაზრებით, არაერთი საინტერესო აღმოჩენის წინაპირობა გახდება.

სამუშაოებს ილიას სახელმწიფო ინივერსიტეტის პროფესორი ნიკა თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობს:
„უკვე სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენმა, თელავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და დახმარებით, თელავის მერიის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის მთ. სპეციალისტ, ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ გაგნიძის დიდი ძალისხმევით, აღმოაჩინა ძველი ქალაქ თელავის (IX_X სს-ებში დაარსებული) ნაშთები და საბოლოოდ, უტყუარად დაადასტურა ეს ფაქტი“.

„ქრონიკა+“ ესაუბრება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროს ვახტანგ გაგნიძეს:
_ რა ისტორიული ექსკლუზივი აქვს დღეს თელავს?
_ ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ახლად გამოვლენილი გვირაბი და გალავანი, რომელიც თარიღდება IX-X საუკუნეებით, იმის საფუძველს იძლევა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კვირიკესეული ციხის _ ქვედა ციხის გალავნის კონტურებთან.
ამას გარდა, მნიშვნელოვანია მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი 3000-მდე კერამიკული მასალა, რაც ადასტურებს, რომ თელავი ვაჭრობითა და ხელოსნობით მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, საიდანაც ადგილობრივი წარმოება ექსპორტის სახით გადიოდა ევროპასა და აზიაში. ვფიქრობ, თელავი ამ პერიოდისთვის კი არ იყო ახლად ჩამოყალიბებული ადმინისტრაციული ერთეული, არამედ მას უფრო ადრეულ პერიოდშიც ეკონომიკურ-რელიგიურ-პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, ამას კი შემდგომი კვლევითი საქმიანობები დაადასტურებს.
_ შესაძლოა, სავაჭრო გზა აქ გადიოდა?
_ თავისუფლად შესაძლოა. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავერკვეთ და მზის შუქზე გამოვიტანოთ ის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, რაც არ ვიცით და მიწის ქვეშ არსებობს, ვიცოდეთ, რისი მფლობელებიც ვართ, აღვადგინოთ ისტორიული ხაზი, რომელიც ამ პერიოდამდე ჩვენთვის უცნობია და ამ ყველაფერს სწორი მიმართულება მივცეთ ეკონომიკური კუთხითაც.
_ გვაძლევს თუ არა აღმოჩენა საფუძველს, რომ ტურისტებს ახალი სანახაობა შევუქმნათ და დავაინტერესოთ?
_ ახლად გამოვლენილ არქიტექტურულ ობიექტებთან ერთად ვცდილობთ შევქმნათ ტურისტული მარშრუტი, სადაც შემოსულ სტუმარს საშუალება მიეცემა, ქალაქი შინაარსობრივად წაიკითხოს.
_ რა ეტაპზეა დღეის მდგომარეობით სამუშაოები?
_ ამჟამად გამოცხადებულია კიდევ ერთი ტენდერი, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება დაბახნების, ზუზუმბოს, მაწანწრისა და ყადორის ბორცვებზე.
_ კერძოდ, რა სიახლე გვექნება ამ ტერიტორიიდან?
_ დაბახნების ტერიტორიაზე უკვე არის ნიშნები იმისა, რომ ტერიტორია, ჯერ კიდევ, გვიანბრინჯაოს ხანაში დასახლებული ჩანს, მიწის დონეზე გამოიკვეთა გალავნის კონტურები და წრიული ნაგებობის (სავარაუდოდ, IX-X სს. ბურჯის), ნაშთები. რაც შეეხება ყადორის ბორცვს, აქ, თავის დროზე, ეკლესია მდგარა, სადაც ყადი მჯდარა და ხალხს ასამართლებდა. გადმოცემით, სახელწოდება ყადორიც, ანუ ყადორის ბორცვიც, სწორედ აქედან მომდინარეობს, ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს VII საუკუნის შუა პერიოდიდან XI საუკუნის შუა პერიოდამდელ საეკლესიო ხუროთმოძღვრულ ნიმუშთან.
_ ე. ი. ცოცხლდება თელავის დაარსებიდან დღემდე?
_ სწორი შეფასებაა. თუ არქეოლოგიური სამუშაოების არეალებს დავაკვირდებით, ერთ, სწორად გამიზნული ტურისტული მარშრუტის ჩამოყალიბების იდეას მივიღებთ. დამთვალიერებელი ქალაქის შეცნობას ზუზუბოდან, გვიანბრინჯაოს პერიოდის ნამოსახლარიდან დაიწყებს, გადავა დაბახნებზე, სადაც ნახულობს შუასაუკუნეების ნაშთებს, შემდეგ ინაცვლებს უშუალოდ კვირიკესეულ ციხე-გალავანში, მიემართება ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სადაც XIX საუკუნის ურბანული ქსოვილია ჩამოყალიბებული,
შემდეგ მიემართება ქალაქის ცენტრში, ნახულობს XX-XXI საუკუნის არქიტექტურას, შემდეგ ნახულობს VI ს-ის ღვთაების სამნავიან ბაზილიკას და ყორჩიბაშიშვილების ციხის ნაშთებს. აღნიშნული ციხის ბურჯის რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს მიმდინარე წელს. შემდეგ ჩაივლის ბაგრატიონის ქუჩას, სადაც ასევე XIX საუკუნის სავაჭრო რიგის შენობებია, გადადის გვირაბის ქუჩაზე, აქ მდებარეობს ძვ. აბანო, შემდეგ ამავე ქუჩით მიემართება მთავარი ღირსშესანიშნაობის გასაცნობად ბატონის ციხის ტერიტორიაზე, იქ ეცნობა ერეკლეს სასახლეს და მუზეუმის ექსპოზიციებს, შემდგომში კი ქალაქის უკიდურეს აღმოსავლეთ მონაკვეთში დამთვალიერებელი ნახულობს ვახვახიშვილების ციხის ნაშთებს და ნადიკვრის პარკს.
ქალაქი უნდა გახდეს საინტერესო და მონახულებადი, თელავმა უნდა შეასრულოს კახეთის ტურისტული ჰაბის ფუნქცია, ამისთვის მას ყველანაირი რესურსი აქვს. მადლობა მინდა ვუთხრა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომლებიც ხელს გვიწყობენ ამ საინტერესო და ქალაქის მომავლისთვის საჭირო საქმეში“.

თელავის ისტორიულ უბნებში მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს სრულად აფინანსებდა ქალაქის მერია.

შოთა ნარეკლიშვილი _ თელავის მერი:
„მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები წელსაც მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჩატარდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტირებისთვის წლევანდელი ბიუჯეტიდან 85 000 ლარამდე დაიხარჯება“.

P. S. თელავი ოთხ გორაზეა გაშენებული…
და ის დიდ ისტორიას ინახავს…

მაკა მოსიაშვილი