“როცა სეტყვა მორჩა, მერე ისროლეს, დასეტყვილ ვენახებს რაღად უნდოდა რაკეტები?”

2015 წელს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ საქართველოში, კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდა. მსგავსმა სისტემამ საქართველოში 25 წლის წინათ შეწყვიტა არსებობა. სისტემის შექმნის უმთავრესი მიზანი კახეთის რეგიონში 600 000 ათასი ჰა სახნავ-სათესი მიწების სეტყვისგან დაცვაა.

პროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და მისი ინიციატორი საქართველოს მთავრობა იყო.
გეგმის თანახმად სისტემა 2015 წლის მაისში ჩადგა მწყობრში. პირველი სროლები 28 მაისს განხორციელდა.
სეტყვის აღმკვეთი სამუშაოების მიზანი, ძირითადად, შემდეგია: მკვეთრად უნდა მოხდეს დაღმავალი სეტყვის მარცვლების ზომაში შემცირება ან მათი გარდაქმნა და შეცვლა წვიმის წვეთებად, ღრუბლების განსაზღვრულ სფეროებში სპეციალური რეაგენტის გაფანტვით მანამ, სანამ სეტყვის მარცვლები ფორმირდება.
ადრეული ტიპის სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა საქართველოში 1960 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა. მაშინდელი სისტემა „ალაზნის“ მუშაობის ეფექტიანობა არც ისე მაღალი იყო, მუშაობის შემდეგ კი მოსავლის ქიმიურ დაბინძურებას იწვევდა ტყვიითა და იოდიდით.
დღესდღეობით კახეთში დამონტაჟებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა ერთიან ავტომატიზებულ კომპლექსს წარმოადგენს, რომელსაც სეტყვასაშიშ კერაზე მყისიერი ზემოქმედება შეუძლია.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული დანადგარის შესყიდვა 20 მილიონ ლარს შეადგენს. მართალია, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გვაქვს, მაგრამ კახეთი ისევ დაისეტყვა. ამჯერად სეტყვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მოხდა. ადგილობრივები ამ დრომდე ითვლიან მიყენებულ ზარალს. აქ, დაახლოებით, 800 ჰა-ზე მეტი ვენახი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა.

მოსახლეობა დღემდე უყურადღებობას უჩივის:
„სეტყვა 17 წუთის განმავლობაში ანგრევდა აქაურობას, წაიღო ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნდა, თუ რაიმეს იმედი გვქონდა, აღარ გვაქვს. სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებზე საუბარი ხომ სასაცილიოა. 17 წუთის მერე, როცა სეტყვა მორჩა, მხოლოდ მაშინ გაისროლეს, მხოლოდ მაშინ! დასეტყვილ ვენახებს რაღად უნდოდა სეტყვის რაკეტები?“

„დაზღვეული არ მაქვს, მამაპაპური ვენახია და ვერა და ვერ გავიფორმე, რომ გამეფორმებინა, ალბათ, დავაზღვევდი, მაგრამ რადგან არ მქონდა, ამის გამო ხელისუფლებას ჩემი და ჩემნაირების დარდი არ უნდა ჰქონდეს?“

„მთელი ღამე ვფიქრობ, რით ვაჭამო ბავშვებს, როგორ გადავიხადო ბანკის ვალები? დავაზღვიე, მაგრამ სადაზღვევო კომპანიამ გამომიცხადა, ყვავილობაშია და არ აგინაზღაურებო. ვინ აჭმევს ჩემს შვილებს ან ვინ გადაიხდის ვალებს ბანკში, სულ ეგ მაფიქრებს. შეიძლება, გადავყვე კიდეც ამ ამბავს“.

„არც ხელისუფლება გვწყალობს და არც ბუნება. აი, ესაა ჩემი სათქმელი, ილაპარაკე-არ ილაპარაკე, გლეხის დარდი არავის აქვს“.

ადგილობრივებს შეხვდა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის კახეთის რეგიონის თავმჯდომარე _ გიორგი ბოტკოველი:
– ხელისუფლებას ვეკითხები, სად არის დღეს ის? სიტუაცია ასეთია: ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში დაზიანებულია, დაახლოებით, 800 ჰა ვენახი, დაზიანება არის 70-80%. მოსახლეობას აქვს მთავარი კითხვა: სად წავიდა ის 20 მილიონი ლარი ხალხის ფული, რაც სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟში დაიხარჯა?! რატომ მოხდა გასროლა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც 15-20 წუთის განმავლობაში ისეტყვებოდა ვენახები?! მეორე უმნიშვნელოვანესი კითხვა, რაზედაც ადამიანებმა უნდა მიიღონ პასუხი, _ სად არის დაზღვევა? სადაზღვევო კომპანიები ხალხს ეუბნება, ვისაც ამ 800 ჰა-დან დაზღვეული ჰქონდა ვენახები, რომ ანაზღაურება ხდება ყვავილობის მერე. ე. ი. როცა ვაზი ყვავილობაში შევა, ის ყველაზე ფაქიზ და სათუთ მდგომარეობაშია, რომელსაც სასტიკად აზიანებს სეტყვა და უმთავრესი პრობლემა, რაც სოფელ გავაზის მოსახლეობის წინაშეა და, ალბათ, არა მარტო მათ წინაშე, დახმარება ან გვერდით დგომა _ ეს სიტყვა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სრულიად დაავიწყეს“.

ნიკა ვარდოშვილი _ კახეთის რეგიონის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, სხვა დროსაც ყოფილა წუხილი მოსახლეობისგან, რადგან დროულად ან საერთოდ არ მუშაობს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. მე თუ მკითხავთ, იმ უფუნქციო სამსახურში, რომელსაც კახეთის გუბერნია ჰქვია, გაზაფხულიდან შემოდგომამადე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უნდა მუშაობდეს შტაბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს როგორც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობას, ასევე სახნავ-სათესი სავარგულების დროულ დამუშავებას. წესით, ისეთ გაჭირვებულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ერთი კვ.მ. მიწაც არ უნდა გვქონდეს დაუმუშავებელი. სოფლებში მცხოვრები ჩვენი მშრომელი ხალხი ვერ ახერხებს მიწის დამუშავებას იმის გამო, რომ საწვავის ყიდვის შესაძლებლობა არ გააჩნია. პარალელურად კახეთის გუბერნატორი იმდენ ბენზინს ხარჯავს, რომ ნახევარი სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას მოხმარდებოდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და მუნიციპალიტეტის საკრებულომ კეთილი ინებოს და ბიუჯეტში არსებული სარეზერვო ფონდის თანხები გავაზის მოსახლეობას მოახმაროს“.

ყვარლის მუნიციპალიტეტის განცხადება:
„10 მაისს ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა. დღეს დილიდან ჩვენს მუნიციპალიტეტში შექმნილი ზარალის შემსწავლელი კომისია სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ დაზარალებულ მოსახლეობასთან.
ყვარლის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 54 სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის გასროლა, რისი ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე ჩამოიცალა. ასევე მჭიდროდ დასახლებული პუნქტების თავზე დაფიქსირდა წვრილი სეტყვის მოსვლა, სადაც უსაფრთხოების ნორმების დაცვიდან გამომდინარე, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის გამოყენება შეზღუდულია.
სეტყვასაწინააღმდეგო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მუდმივად ახორციელებს კახეთის რეგიონის თავზე მიმდინარე ატმოსფერულ პროცესებზე დაკვირვებას“.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის განცხადებები ერთმანეთს არ ემთხვევა. არადა, კომპანია „დელტა“ სულ რამდენიმე ხნის წინ მედიით განსხვავებულ განცხადებებს აკეთებდა.

უჩა ძოძუაშვილი:
„დელტას მიერ შემუშავებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს 96-97%-იან ეფექტიანობას, დარჩენილი 3-4% ყველაზე მტკივნეულად ამახსოვრდება საქართველოს მოსახლეობას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით განეიტრალებული სეტყვასაშიში პროცესები და თავიდან აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი. ამან გამოიწვია იმ ქვეყნების დაინტერესება, რომლებიც ძველ სისტემებს იყენებენ და რომელთა რეაგირების დრო, საშუალოდ, 7-15 წუთია მაშინ, როდესაც ჩვენს სისტემას გადაწყვეტილების მიღებიდან პირველი გასროლის განხორციელებამდე, საშუალოდ, 15-20 წამი ჰყოფნის. კახეთში დამონტაჟებულმა სისტემამ 2015-2017 წლების სეზონზე არსებული შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. გასული წლების არსებული სტატისტიკის გაანალიზება გვაჩვენებს, რომ „დელტას“ ავტომატიზებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად სეტყვისგან მოსალოდნელი ზარალი რამდენჯერმე მცირდება“.

„დელტას“ მონაცემები:
„2017 წლის განმავლობაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 274 სეტყვასაშიში ზონა, ჯამურად 3790 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტით დაამუშავა. წლის განმავლობაში ჩატარებული სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების ეფექტიანობამ 96,3% შეადგინა, ხოლო ეკონომიკურმა ეფექტიანობამ _ 25 600 000 ლარი.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა „დელტამ“ 2013 წელს საქართველოს მთავრობის დაკვეთით დაიწყო. სისტემის შექმნა 15 მილიონი ლარი დაჯდა. სისტემის როგორც ელექტრონული, ასევე მექანიკური კომპონენტების უდიდესი ნაწილი საქართველოში „დელტას“ საწარმოებშია დამზადებული. სისტემის შემადგენლობაში შედის მართვის ცენტრი თბილისში, ცენტრალური მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი სიღნაღთან და 83 ერთეული სტაციონარული სარაკეტო გამშვები მთელი კახეთის მასშტაბით“.

მართალია, „დელტა“ მიიჩნევს, რომ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა 96-97%-იან ეფექტიანობას უზრუნველყოფს, მაგრამ სოფელ გავაზში ფაქტია, 800 ჰა ვენახი და ბაღი უმძიმესად დაისეტყვა.
სოფელ გავაზის მოსახლეობის ძირითად შემოსავალს სწორედ ვენახიდან და ბაღებიდან მიღებული მოსავალი და მისი რეალიზაცია შეადგენს. დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, 2019 წლის შემოდგომამდე სოფელს შიმშილი ელოდება, თუმცა ხელისუფლებას განცხადება არ გაუკეთებია, სადაც ვნახავდით, რომ ისინი გლეხებისთვის ზარალის თუნდაც ნაწილობრივ ანაზღაურებას მაინც აპირებენ.

მაკა მოსიაშვილი