ნასახლარებად ქცეული მთის სოფლები

მთა დედამიწის მხოლოდ შემაღლებული ნაწილი არაა. ის, ჯერ კიდევ, უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანის ყურადღებას. პირველი ნასახლარები ხომ სწორედ მთაში გაჩნდა, თუმცა დღეს ჩვენს ქვეყანაში, სხვა მრავალის მსგავსად, ეს პროცესიც გაუკუღმართებულია. პირიქით, ხდება მიგრაცია და შრომითი ძალების გადანაწილებაც.

1:0 ბარის სასარგებლოდ. მრავალჭირნახულსა და ოდითგან ჩვენს მყარ ზღუდედ ქცეულ მთას კი მხოლოდ დაცარიელებული სოფლებიღა რჩება უწინდელი დიდების მოსაგონრად.
2016 წლის მონაცემებით საქართველოში დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 162-დან 223-მდე გაიზარდა.
2017 წლისთვის ამ მაჩვენებელმა კიდევ უფრო მოიმატა. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 250 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ამდენივე სოფელი კი მთლიანად დაცარიელებულია.
ცნობისთვის: საქართველოში, დაახლოებით, 4700 სოფელია.
რამდენად საგანგაშოა ეს რიცხვი?
სოფლების საერთო რაოდენობის ფონზე ამდენი დაცარიელებული ან სრულიად გაუკაცრიელებული სოფელი საკმაოდ მაღალი და არასახარბიელო მაჩვენებელია.
საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სოციალურ და საგადასახადო შეღავათს.
მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ორგანომ „მთის კანონიც“ კი მიიღო, რომელიც სოფლად დასახლებულთათვის შესაბამისი პირობების შექმნას გულისხმობს.
თუმცა სოფლებიდან მოქალაქეთა ურბანულ ცენტრებში გადაბარგების შეჩერება მაინც ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ასეულობით სოფელი გაუკაცრიელდა ან რამდენიმე მოქალაქის იმედად დარჩა.
შიდა მიგრაციის ტენდენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მწვავე და აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შეიმჩნევა. ამის მიზეზები კომპლექსურია და შესაბამისად განსაკუთრებულ ყურადღებასა და საერთო სტრატეგიას საჭიროებს, რომელიც მიმართული იქნება პრობლემის ყველა ასპექტისკენ.
სწორედ ზემოთ ხსენებული მთის კანონი განსაზღვრავს ამ მასშტაბური პრობლემის პრევენციის გზებსა და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მთიდან მიგრაციის შეუქცევადი პროცესის დასარეგულირებლად უნდა გადაიდგას. ეს კანონი ასევე განსაზღვრავს თავად ტერიტორიისთვის მთის სტატუსის მინიჭების საკითხსაც.
კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად მიიჩნევა ტერიტორია, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს. სტატუსი ადგილობრივი მოქალაქეებისთვის რამდენიმე შეღავათს ითვალისწინებს და გათვლილია იმისათვის, რომ მოსახლეობა სოფელში დაბრუნდეს და დარჩეს.
თუმცა სტატუსი ყველასთვის ადვილად მოსაპოვებელი ვერ აღმოჩნდა და რამდენიმე მაღალმთიანი სოფელი დღეს სტატუსის გარეშეა დარჩენილი, რაც უკვე წლებია, დიდი პროტესტის საგანია.
– რა კონკრეტულ შეღავათებს ითვალისწინებს ეს კანონპროექტი მთის მოსახლეობისთვის და რამდენად ეფექტიანია გადადგმული ნაბიჯები მთიდან მიგრაციული პროცესების შესაჩერებლად?
სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური შეღავათების დაწესებას: საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისთვის, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიური დანამატის – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის – მიცემას. ასევე განსაზღვრულია მთაში მომუშავე ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალისთვის გარდა ანაზღაურებისა გარკვეული დანამატების გაცემაც, ზამთარში მძიმე გარემო პირობების გათვალისწინებით სახელმწიფო ასევე ვალდებულებას იღებს მთაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის შესახებ.
სოციალური შეღავათები ასევე მოიცავს განათლების, ენერგეტიკისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს, რომელიც მთაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება.

ეს კანონპროექტი თავისი არსით და პირობებით მისაღებია 21 წლის შოთი წიკლაურისთვის, რომელიც წარმოშობით დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბახანიდანაა. ამჟამად ეს სოფელი მთლიანად დაცარიელებულია და აქ მოსახლეობა უკვე დიდი ხანია, აღარ ცხოვრობს:
„ჩემი სოფლიდან მიგრაცია XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო. მთას ძალიან გაუჭირდა, არ იყო საკვები, გზა, სხვა საცხოვრებელი პირობები. ასე აღმოჩნდა გუდამაყრის მოსახლეობის ნაწილი შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. სოფლები დღესაც იცლება, რამდენიმე კომლიღაა დარჩენილი. ზამთრობით განსაკუთრებით იცლება მთის სოფლები. ცივი ზამთარი იცის ჩვენთან, მხოლოდ რამდენიმე მოხუციღა რჩება.
რაც შეეხება ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, რეალობაში ნაკლებად ეფექტიანი გამოდგა, თუმცა მაინც სასიკეთო ცვლილებაა და ამ პრობლემის პრევენციის ერთ-ერთი კარგი საშუალება“.

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ნაბიჯები იდგმება, ფაქტი ფაქტად რჩება და მთის სოფლების გაუკაცრიელებისა და დაცარიელების ფაქტები ყოველდღიურად იზრდება.

მთის განვითარებისა და მეტი ხელშეწყობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას 28 წლის ჯარჯი ბაშინურიძე. ის წარმოშობით თუშეთიდან, სოფელ კოკლათიდანაა. სოფელი მთლიანად დაცარიელებულია და აქ მხოლოდ ზაფხულობით ადის რამდენიმე ოჯახი:
„არ იყო ჩვენთან გზა, ინფრასტრუქტურა, კავშირი ცივილიზაციასთან _ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახალგაზრდებს. გზა ნელი ტემპით კეთდება. მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტია. ეს კარგია, სამუშაო ადგილებიც ჩნდება და უგზოობის პრობლემაც მოგვარდება, თუმცა ზამთრობით აქ ცხოვრება მაინც შეუძლებელია.
ბუნება არ გვაძლევს თითქოს აქ ცხოვრების საშუალებას, თუმცა მთიელი მთის ერთგულია და სულ მცირე ხელშეწყობაც რომ იყოს, აქაურობას არც ერთ შემთხვევაში არ დატოვებს. ტურისტული ზონის გამრავალფეროვნებაა აუცილებელი. ამ კუთხით გეგმები მაქვს, „კარვების ქალაქის“ პროექტის წარდგენასა და განხორციელებას ვაპირებ“.

ბუნება რომ მბრძანებელია, ამაში 90-იანი წლების ბოლოს მაღალმთიანი აჭარის მოსახლებაც დარწმუნდა. გახშირებულმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ათასობით ადამიანი ეკომიგრანტად აქცია და მშობლიურ კერას მოსწყვიტა. შედეგი აქაც სავალალოა. ხულოს რაიონში უმეტესი სოფლები სრულად დაცლილი და გაუკაცრიელებულია.
მაღალმთიან რეგიონებში ზვავის, მიწისძვრისა და სხვა გეოლოგიური პრობლემების გამო ბევრი სახლი დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია, ამიტომ სოფლები მოსახლეობისგან ნელ-ნელა იცლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ბოლო წლებში სტიქიების მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა და უფრო მეტ აქტივაციას განიცდის. ეს ყოველივე ეკომიგრანტების განსაკუთრებით დიდ და მზარდ რაოდენობაში აისახება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფების შედეგად საქართველოში სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ 400-ს მიაღწია, ხოლო ზარალი 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. ყოველივე ეს კი აისახება ეკომიგრანტების განსაკუთრებით დიდ და მზარდ რაოდენობაში.
საქართველოში ეკოლოგიური მიგრაციების მასშტაბის მიხედვით, შეიძლება ითქვას, ორი პიკი გამოიყოფა: სვანეთი-აჭარის 1987 წლის და რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის რეგიონების 1991 წლის.
ეკომიგრანტების განსახლება, ძირითადად, აჭარის მაღალმთიანეთიდან მიმდინარეობს, რადგან აჭარა უკიდურესად მცირემიწიან რეგიონს წარმოადგენს და ბუნებრივი კატასტროფების მაღალი სიხშირითაც გამოირჩევა.
მაღალმთიანი აჭარიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, წლების განმავლობაში, 9 ათას ოჯახზე მეტი, დაახლოებით, 40 ათასი ადამიანი განსახლდა.

42 წლის ნანა შაინიძე ეკომიგრატი 90-იანი წლების დასაწყისში გახდა. დღეს იგი ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად:
„წარმოშობით ხულოს რაიონის სოფელ რაფთიდან ვარ. ჩვენს სოფელში ხშირი იყო მეწყერი, 4-ჯერ გაგვტაცა მდინარემ ხიდი, არ იყო გზა, გასართობი ახალგაზრდებისთვის და ბუნებრივია, სოფელიც დაიცალა. გაუკაცრიელდა ჩემი უბანი, რომელსაც პურის ყანას ვეძახდით.
გარდა ამ გარემო პირობებისა და იმ საფრთხეებისა, რაც სტიქიურ უბედურებებს უკავშირდება, ასევე საფრთხე მეზობელი თურქეთიდან შეფარვითი ფორმებით იჩენს თავს. ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ, რომ ხიხანის ციხესთან, რომელიც თამარ მეფის დროს აშენდა, თურქები მავთულხლართებიდან ჭრიდნენ ცელით ბალახს. საჭიროა ამაზე ყურადღების მიქცევაც“.

2015-17 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამაში ნათქვამია, რომ შიდა მიგრაციის შესახებ სისტემური მონაცემები არ არსებობს. ეს ცალკე პრობლემაა.
– საინტერესოა, რატომ არ ინტერესდებიან ამ სერიოზული პრობლემით და რატომ არ იკვლევენ მას?!
რაც შეეხება ტრანსპორტს, პროგრამაში ასევე მითითებულია, რომ ტრანსპორტის ნაკლებობა და ცუდი გზები ხშირი პრობლემაა განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში.
პროგრამის მიხედვით გამოიკვეთა მთის სოფლების დაცარიელების ძირითადი მიზეზები: არა წყალი, არა დენი, არა გზა და შესაბამისად, აღარც _ ადამიანი!

შიდა მიგრაციის გააქტიურებასა და მის გამომწვევ მიზეზებზე „ქრონიკა+“-ს თსუ-ს პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის ლექტორი, ბატონი გიორგი კვინიკაძე ესაუბრება:
_ მიგრაცია ერთი ფაქტორით კი არა, ფაქტორთა ერთობლიობითაა განპირობებული. 90-იანების ბოლოს ჩვენს ქვეყანას, ფაქტობრივად, არ ჰქონდა ეკონომიკა, ამას თან დაერთო მწვავე კონფლიქტი რეგიონში და პროცესებიც გართულდა. ამან ეკონომიკური სტაგნაცია გამოიწვია. მთასა და ბარში ცხოვრების დონეებს შორის გაჩნდა სხვაობა, რამაც გაააქტიურა ურბანიზაცია _ მოსახლეობის ქალაქებში გადასახლება. სამუშაო ძალები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქალაქებში არათანაბრად გადანაწილდა და მთელმა ძალამ თბილისში მოიყარა თავი.
ცალკე გამოსაყოფია ის საკითხიც, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანას გამაგრებული და დაცული საზღვარი არ გააჩნია. საბჭოთა კავშირში არ მომხდარა ჩვენი საზღვრების დემარკაცია და მას შემდეგ დაუცველია საქართველოს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვარი. გლობალიზაციის პროცესში არ რჩება ცარიელი ადგილი, ამიტომაც რეალურად მივიჩნევ საფრთხეს, რომ დაცარიელებულ მთის სოფლებს უცხოტომელები დაიკავებენ, თან ამის პრაქტიკა ისტორიაში გვაქვს.
_ პრობლემის გადაჭრის გზად რა გესახებათ?
_ მთაში გავრცელებული სახეობის _ მეცხოველეობის განვითარება, ასევე მთისთვის ტურისტული ფუნქციის სრულად მინიჭება და ათვისება.
მთის სამინისტროს შექმნას სჯობს, კარგად გაერკვნენ თავად ტერმინ მთის მნიშვნელობაში. მთის სიმაღლე ხომ ზღვის დონიდან არ იზომება და მის განმსაზღვრელ კრიტერიუმად შეიძლება მთის დახრილობა, მისი ეკონომიკური ფუნქცია და სარგებლიანობა მივიჩნიოთ. ჯერ ამის ცოდნაა საჭირო და მერე, თუნდაც, სამინისტროს მთის ეწოდოს, თუნდაც, ყინულისა და თუნდაც, _ მწვერვალის.

ანა ურუშაძე