საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკა – 1917 წლის ნოემბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-15.

რუსეთის იმპერიაში დაწყებულმა უზარმაზარმა პოლიტიკურმა რყევებმა 1917 წლის ნოემბრის გაზეთებში თითქმის მთლიანად მოსპო სხვა სახის ინფორმაცია. შეიარაღებული გადატრიალების შედეგად ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკები დამკვიდრდნენ; დაემხო რუსეთის დროებითი მთავრობა; ამიერკავკასიაში გაჩნდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი ნიშნები; ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს ინიციატივით საქართველოში შეიქმნა ეროვნული საბჭო. მოკლედ, 1917 წლის ნოემბრის ამბებს თუ თვალს გადავავლებთ ნათლად გამოჩნდება, რომ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი არა მარტო რუსეთის იმპერიისთვის, არამედ კავკასიის რეგიონისთვისაც.
მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით:

ბოლშევიკური გადატრიალება

1917 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკურმა პარტიამ პეტროგრადში შეიარაღებული ამბოხი მოაწყო და ზამთრის სასახლე აიღო. პარტიული აქტივის გარდა ამბოხში მონაწილეობდნენ საჯარისო ნაწილებიც. ბოლშევიკური აგიტაციით ჯარისკაცები იმდენად იყვნენ მოწამლულები, რომ შეიარაღებული გადატრიალების დროს ლენინის პარტიის მოწოდებაზე ქუჩაში მთელი პოლკები გამოვიდა. ჯარისკაცთა მხარდაჭერა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ომის შეწყვეტისა და დემობილიზაციის პერსპექტივით მოხიბლულმა ჯარისკაცებმა ადვილად დაძლიეს სამთავრობო ძალების სუსტი წინააღმდეგობა და ზედიზედ დაიკავეს ქალაქის ყველა საკვანძო და სტრატეგიული ობიექტი. ჯანყის დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში, ამბოხებულები ზამთრის სასახლის გარდა, უკვე აკონტროლებდნენ ფოსტა-ტელეგრაფის შენობას, სარკინიგზო სადგურს, სამხედრო საწყობებს, ხიდებს, ქალაქში შესასვლელ მაგისტრალებს.
ქართულ პრესაში ბოლშევიკური გადატრიალების შესახებ პირველი ცნობები ნოემბრის დასაწყისში, ანუ პეტროგრადში დატრიალებული მოვლენებიდან, დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ გაჩნდა.
2 ნოემბრის გაზეთი „საქართველო“ პირველ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც სახელად „რევოლუცია და ბოლშევიკები“ ჰქვია: „რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი ქვეყანა მოწყვეტილია რუსეთზე, არ ვიცით რა ხდება პეტროგრადში. ვიცით მხოლოდ, ბოლშევიკებმა ზარბაზნების და თოფების საშუალებით აიღეს საზამთრო სასახლე, სადაც სცხოვრობს უზენაესი მხედართმთავარი და სადაც დროებით მთავრობის მინისტრები სათათბიროდ იკრიბებიან.
ტელეგრაფის სააგენტომ მხოლოდ მოასწრო ეცნობებინა, რომ ბოლშევიკებმა დაატუსაღეს მინისტრები და კერენსკი, რომელიც იმ დროს ჯარში ყოფილა, ჯარს მიუძღვება პეტროგრადის ასაღებათო და ამაზე შესწყდა ცნობები სააგენტოსი, მერმე მავთული გადაგვიჭრეს“.
ამავე ნომერში გაზეთი ვრცელ მიმოხილვას უძღვნის ლენინის პარტიას და იმ მიზეზებს მიმოიხილავს, რომელმაც ხელი შეუწყო ბოლშევიკების შეიარაღებულ გამოსვლასა და ქუჩაში ხალხის გამოყვანას. სტატიაში აღნიშნულია, რომ კომუნისტები ომისა და გაჭირვებისგან დაღლილ მოსახლეობას ყველა პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდნენ. ამ დაპირებებს შორის კი პირველი ადგილი მსოფლიო ომიდან რუსეთის გამოსვლა და ღარიბი მოსახლეობისთვის მიწის დარიგებას ეკავა: „ზავი დიდი კოზირია ლენინის ხელში, ისე მოსძულდა ყველას ომი, ისე მოაბეზრა მან ყველას თავი, რომ იგინიც კი, ვინც არ თანაუგრძნობენ, უნებლიეთ გაჰყვება ლენინს, ოღონდ მან ზავი ჩამოაგდოს და მშიერ ოჯახს მარჩენალი დაუბრუნოს. ლენინმა დაამტკიცა, რომ იგი ნიჭიერი მეამბოხეა, მან კარგად იცის როგორი მიმზიდველია გაუთავებელ ომისგან დამშვრალ ხალხისთვის მისი ლოზუნგი: ზავი, ზავი და კიდევ ზავი! მკითხველს ეხსომება, რა სისწრაფით მოედვა ლენინის მოძღვრება მდაბიო ხალხს და რა თანაგრძნობა გამოიწვია მისმა დაპირებამ კერძო მესაკუთრეების უძრავ-ქონების გლეხებზე უსასყიდლოდ გადასაცემად. ლენინმა და მისმა მეგობრებმა მდაბიო ხალხს მადა გაუხსნეს. „თუ ჩვენ გვიწამებთ და გამოგვყვებით, _ ეუბნეოდნენ ისინი გლეხებს და ჯარის კაცებს, _ თქვენი იქნება რუსეთის თვალუწვდენელი ველები და მდინარეები და მასთან დაუყოვნებელი ზავიო“. ლენინის მოპირდაპირენი კი უქადაგებდნენ ხალხს: „თქვენგან მოპოვებული თავისუფლება ბედნიერებას დაამყარებს რუსეთში, მაგრამ ამ ბედნიერების შესარჩენად საჭიროა ომი ბოლომდის მივიყვანოთ, რომ მტრები ვაიძულოთ მიიღოს ზავის ის პირობები, რომელიც ჩვენთვის სასურველიაო“.
ლენინის ლოზუნგები და მისი დაპირებები ხალხისთვის უფრო მიმზიდველი იყო, „რათ მინდა ბედნიერება, თუ მე არ ვიქნები, ან რა ბედნიერებაა, რომელსაც მე ვერ ვიგრძნობ“, _ ჰფიქრობდა იგი და მყისვე უბრუნა ზურგი მთავრობას და გაჰყვა ლენინს…“
2 ნოემბერს გაზეთი აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კარგად ჩანს, რომ პეტროგრადში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობდა. 29 ნოემბერს იუნკერთა სასწავლებლის კურსანტებმა ტელეგრაფის სადგური დაიკავეს, რის შემდეგაც ბოლშევიკებმა შენობის შტურმი გადაწყვიტეს. იუნკერთა შენობიდან გამოდევნა წითლებმა მხოლოდ არტილერიის დახმარებით შეძლეს. მთელ ქალაქში ზარბაზნების გამაყრუებელი კანონადა და ტყვიამფრქვევთა კაკანი ისმოდა. პირველ რიგში, ლენინის პარტია იმ სამხედრო სასწავლებლების დამორჩილებას ცდილობდა, რომლებმაც ბოლშევიკებს ღია წინააღმდეგობა გაუწიეს: დაბომბეს ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელი, ბრძოლა მიდიოდა პავლეს სასწავლებელთან. პეტროგრადი დანარჩენი რუსეთისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. არ მუშაობდა ფოსტა-ტელეგრაფი, არ მუშაობდა მაღაზიები. ხელისუფლება აღარ არსებობდა. რუსეთში ხანგრძლივი ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირების ეპოქა დაიწყო.
გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 9 ნოემბერი: „დილის 7 საათზე ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელს ჯარმა და წითელ გვარდიელებმა ალყა შემოარტყეს და იუნკერებს წინადადება მისცეს დანებებულიყვნენ. ულტიმატუმი იუნკერებმა არ მიიღეს. ასტყდა მკაცრი სროლა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა. წითელ გვარდიელებს ტყვიის მფრქვეველებიც ჰქონიათ. თავს დამსხმელებმა 3 დიუმიანი ზარბაზანი მოიტანეს. ზარბაზნების რამდენიმე გასროლის შემდეგ იუნკერებმა სროლა შესწყვიტეს. თოფ მომარჯვებული წითელ გვარდიელები მაშინვე გაექანნენ სასწავლებლის შესავალისკენ, მაგრამ, ჩასაფრებული იუნკერები მკაცრი სროლით შეხვდნენ. ამის შემდეგ როგორც ერთ მებრძოლს განუცხადებია, წითელ გვარდიელებს „ქარიშხლისებური“ სროლა აუტეხიათ“. მესამე საათზე იუნკერებმა თეთრი ბაირაღი აღმართეს. დანებებულთ წითელ გვარდიელები დაჰპირდნენ, რომ მათ დაიცავენ ბრბოს თვით გასამართლებისგან, მაგრამ გაუყენეს თუ არა იუნკერები პეტრე-პავლეს ციხის გზას, თვით კანვოირებმა დაიწყეს იუნკერების თვით გასამართლება და არ დაინდვეს. მოკლული და დაჭრილი 200-მდეა. ბრბომ გაცარცვა ვლადიმირის სასწავლებლის საწყობები“.

ამიერკავკასიის კომისარიატი

რუსეთში ბოლშევიკების მოსვლისა და დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ ყოფილი იმპერიის პერიფერიებში ძალაუფლება დაკარგეს დროებითი მთავრობის წარმომადგენლობებმა. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება შეეხო ამიერკავკასიის რეგიონსაც. 19 ნოემბერს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ტფილისში შეჩერდა ოზაკომის, იგივე ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის მუშაობა.
მოყვანილია ოზაკომის საგანგებო სხდომის დადგენილება ამ ორგანოს გაუქმების შესახებ: „რადგანაც პეტროგრადთან და დროებით მთავრობასთან ურთიერთობა შესწყდა, შესდგა ამიერ კავკასიის საოლქო მთავრობა. დავადგინეთ: მხედველობაში ვიღებთ პოლიტიკურ მომენტის მძიმე პირობებს, აგრედვე გაუქმებას რუსეთის ცენტრალურ მთავრობისას, რომლის რწმუნებულებითაც ჩვენ ვმოქმედობდით, და ჩვენ, ამიერ კავკასიის საგანგებო კომიტეტის წევრებმა დავადგინეთ ხელი ავიღოთ ჩვენს თანამდებობაზე, ვინაიდან უკვე შესდგა ამიერკავკასიის საოლქო ახალი მთავრობა. ამიერ კავკასიის საგანგებო კომიტეტის წევრნი: ჩხენკელი, პაპაჯანოვი და ჯაფაროვი“.
ამიერკავკასიაში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელსაც ამიერკავკასიის კომისარიატი ერქვა. 11 ნოემბერს თბილისში საგანგებო თათბირი შედგა, რომელმაც ამიერკავკასიაში დროებითი მთავრობის მოწყობის საკითხი განიხილა. გაზეთის ინფორმაციით ეს თათბირი დილის 11 საათზე სახალხო სახლში დაიწყო, რომელსაც ევგენი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა. თათბირში მონაწილეობდა რეგიონში მოქმედი ყველა წონიანი პოლიტიკური პარტია: სოციალ-დემოკრატები, ბოლშევიკები, სოციალ-რევოლუციონერები, დაშნაკები, სოციალ-ფედერალისტები, მაჰმადიანთა დემოკრატიული ორგანიზაციები. მათ გარდა თათბირს ესწრებოდნენ აგრეთვე პროფესიულ კავშირთა და კოოპერატივების წარმომადგენლები, კავკასიის არმიის დეპუტატები, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები.
სხდომა კავკასიის მხედრობის კომისარ დონსკოის სიტყვით გაიხსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლშევიკების შეიარაღებული გამოსვლის შემდეგ რუსეთი ანარქიამ მოიცვა და ქვეყნის მომავალი მეტად ბუნდოვნად გამოიყურებოდა. ამიერკავკასია ცენტრს მოწყდა და ამიტომ დონსკოიმ წინადადება წამოაყენა რეგიონში დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ. დონსკოის სიტყვა ბოლშევიკმა ფილიპე მახარაძემ გააპროტესტა და განაცხადა, რომ რუსეთში არავითარი ქაოსი და სამოქალაქო დაპირისპირება არ არსებობს და იქ მხოლოდ კონტრრევოლუციას უსწორდებიანო. შემდეგ სხდომაზე სიტყვა ნოე ჟორდანიამ აიღო და სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით განცხადება გააკეთა, რომ მისი პარტია იზიარებს დონსკოის წინადადებას ამიერკავკასიის მთავრობის შექმნის შესახებ. ჟორდანიას აზრით ეს იქნებოდა დროებითი მთავრობა და ის რეგიონში გადაჭრიდა ფინანსურ, სასურსათო და სხვადასხვა საკითხს. ჟორდანიას სიტყვას სხდომაზე ტაშით შეეგებნენ.
18 ნოემბერს გაზეთ „საქართველოში“ უკვე ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის, იგივე ამიერკავკასიის კომისარიატის სრული შემადგენლობა გამოქვეყნდა. აქვე მოცემული იყო კომისარიატის ბრძანებაც: „კავკასიის კომისარიატმა გიორგობისთვის 15-ის თარიღით შემდეგი ბრძანება გამოსცა: პოლიტიკურ მომენტის განსაკუთრებულ პირობების და ცენტრალ საერთო სახელმწიფო მთავრობის უქონლობის გამო გიორგობისთვის 15-დან ჩვენ ამისა ქვემოხელის მომწერნი კომისარიატის წევრები შევუდექით თავთავიანთ თანამდებობის ასრულებას. კავკასიის კომისარიატს ენიჭება სრული სახელმწიფოებრივი უფლება მოსილება ამიერ-კავკასიის საზღვრებში. ხსენებულ კომისარიატს ემორჩილებიან ყველა სამთავრობო დაწესებულებანი და ამიერ-კავკასიის სხვა და სხვა მოხელენი. წინადადებას ვაძლევთ ყველა დაწესებულებებს და მოხელეთ საქმეების შესახებ კომისარიატს მიმართონ.
კომისარიატის თავმჯდომარე, შრომის სამინისტროს საქმისა და გარეშე საქმეთა კომისარი ე.პ. გეგეჭკორი.
საშინაო საქმეთა სამინისტროს კომისარი ა.ი. ჩხენკელი.
სამხედრო და საზღვაო სამინისტროს კომისარი ა.დ. დონსკოი.
ფინანსთა სამინისტროს კომისარი კარჩიკიანი.
სახალხო განათლების სამინისტროს კომისრის ხან-ხოისკის მაგიერ _ ხას-მამედოვი.
იუსტიციის სამინისტროს კომისარი შ.ვ. ალექსეევ-მესხიევი.
გზათა სამინისტროს კომისარი ხ. მელიქ ასლანოვი.
მიწათ-მოქმედების სამინისტროს კომისარი ნერუჩევი.
სასურსათო საქმეთა სამინისტროს კომისარი ტერ-გაზარიანი.
საზოგადოებრივ მზრუნველობის სამინისტროს კომისარი ოგაჯანოვი.
სახელმწიფო კონტროლის საქმეთა კომისარი ხას-მამედოვი“.
უკვე მეორე დღეს, 1917 წლის 19 ნოემბერს, გაზეთი „საქართველო“ ამიერკავკასიის კომისარიატის პროგრამას აქვეყნებს, საიდანაც ჩანს, თუ რა პოლიტიკას გაატარებდა რეგიონის დროებითი მთავრობა. დასაწყისში აღნიშნული იყო, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი წარმოადგენდა დროებით მთავრობას, რომელიც იმოქმედებდა რუსეთში დამფუძნებელი კრების, იგივე პარლამენტის მოწვევამდე. თუ რუსეთში მოვლენები იმგვარად განვითარდებოდა, რომ დამფუძნებელი კრება ვერ შეიკრიბებოდა, მაშინ ამიერკავკასიის კომისარიატი მუშაობას გააგრძელებდა ამიერკავკასიისა და კავკასიის ფრონტის დამფუძნებელი კრების წევრთა ყრილობამდე. შემდეგ აღნიშნული იყო, რომ კომისარიატი გაუძღვებოდა რეგიონის ფინანსებს, ტრანსპორტის, სურსათისა და ზოგადად ეკონომიკის საქმეს; იგი მიხედავდა ჯარში მობილიზაციისა და დემობილიზაციის საკითხს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, განახორციელებდა კონტროლს წარმოებასა და შრომის განაწილებაზე; დაიცავდა მუშათა კლასის ინტერესებს, გაანაწილებდა საუფლისწულო, საეკლესიო და აგრეთვე მსხვილი მემამულეებისთვის ჩამორთმეულ მიწებს; მოსპობდა წოდებრივ უპირატესობას და გააუქმებდა ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფდა წოდებრივ უპირატესობას.
მოწოდებაში აღნიშნული იყო, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი მხარს უჭერდა რუსეთის რევოლუციის მიერ აღიარებულ ხალხთა სრულ თვითგამორკვევას და ეცდებოდა, ამიერკავკასიაში ეროვნული საკითხი უმოკლეს დროში სამართლიანად გადაეჭრა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამიერკავკასიის კომისარიატი საჭიროდ ცნობდა რუსული ფრონტის მთლიანობის დაცვას და ამ მიმართულებით აპირებდა ენერგიული ნაბიჯების გადადგმას. მოწოდება შემდეგნაირად სრულდებოდა: „ამ ღონისძიებათა დაუყოვნებლივ განხორციელება შეიძლება მხოლოდ ერთის პირობით; თუ ჯარმა და მცხოვრებლებმა, _ მუშებმა, გლეხებმა და ჯარისკაცებმა, _ ენერგიულად დაუჭირეს მხარი ამიერ-კავკასიის რევოლუციონურ მთავრობის ყველა ღონისძიებას!
ამიერკავკასიის კომისარიატის განკარგულებანი და ბრძანებანი შეურჩევლად უნდა სრულდებოდეს ადგილობრივ. ამ მთავრობისადმი ყოველი ურჩობა ამიერ-კავკასიის ერთა არსებითი ინტერესების წინააღმდეგ ხელის აღმართვად ჩაითვლება და ისე ჩაითვლება როგორც ბოროტი სამოქალაქო და ეროვნებათა შორის განხეთქილებისკენ მიმართული მოქმედება, რის მოსასპობადაც ამ მთავრობის შემქნელი პარტიები და ორგანიზაციები ყოველ ზომებს არ დაერიდებიან.
ამ მძიმე ტვირთის აღებისთანავე ამიერ-კავკასიის კომისარიატი მიჰმართავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია რევოლუციისა და თავისუფლების ინტერესები, მჭიდროდ შეკავშირდნენ ამიერ-კავკასიის მთავრობის გარშემო და მხარდამხარ გაჰყვნენ მას რევოლუციონურ შემოქმედებითი მუშაობის გზაზე.
ამიერკავკასიის ერებო! თქვენი ბედი თქვენსავე ხელშია. დავამტკიცოთ, რომ ღირსნი ვართ ამ დიადი მისიისა. აღვმაღლდეთ ამ ისტორიულ მიზნებამდის და ცხადად ვაჩვენოთ მთელს ქვეყანას, თუ როგორ უნდა დიდი რევოლუციის მცნებათა მტკიცედ დაცვა და მათი ცხოვრებაში გატარება“.
ამიერკავკასია ფორმალურად რუსეთს მოწყდა. ასი წლის წინათ, კავკასიაში რუსეთის შემოსვლის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რეგიონს დამოუკიდებელი, საკუთარი ხელისუფლება ჰყავდა. მართალია, კომისარიატს დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია და თავი ისევ რუსეთის ნაწილად მიაჩნდა, მაგრამ, რეალურად, კავკასიამ საკუთარი საქმეების მოგვარება თავად დაიწყო.
ხელისუფლების ცვლილებისა და რეგიონში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 27 ნოემბერს სპეციალური ბრძანება გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს სიმშვიდის დაცვისკენ მოუწოდებდა, ხოლო მილიციის უფროსს ქალაქის დაცვის გაძლიერებას ავალებდა.
ამ ბრძანების მიხედვით იმ მილიციელს, ვინც პოსტს დაუკითხავად დატოვებდა, სამი თვით პატიმრობა ემუქრებოდა. მილიციასთან ერთად წესრიგის დაცვა ევალებოდა წითელი გვარდიის ნაწილებსაც, რომლებიც ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნა. გვარდია, ძირითადად, მუშებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომ აღმასრულებელი კომიტეტი იმ დაწესებულებებს მოუწოდებდა, სადაც მუშაობდნენ გვარდიელები, მათთვის ჯამაგირი არ შეეწყვიტათ, სანამ ისინი ქალაქში რევოლუციური წესრიგის დაცვას ემსახურებოდნენ. გარდა ამისა, ბრძანებულებაში ნათქვამი იყო: „მილიცია და წითელ-გვარდიელები მოვალენი არიან: ა) დაუყოვნებლივ დაატუსაღონ ყველა, ვინც ხალხს მოუწოდებს დარბევისათვის, ძალადობისათვის, ვინც ერთი ეროვნების წარმომადგენლებს მეორეზე ასისინებენ და თავისი მოქმედებით საზოგადო წესიერებას არღვევენ და ბ) ნება არ მისცენ ქუჩებში და მოედნებზე კრებები და მიტინგები გამართონ.
ყველა სახლის პატრონს ევალებათ: 1) დაუყოვნებლივ შეუდგნენ ეზოებისა და ქუჩების დაწმენდას; ქუჩები ყოველ დღე უნდა დაჰგავონ ღამის 12 საათიდან დილის 6-მდე. 2) დააყენონ სახლების წინ მეეზოვეები, რომლებიც მილიციის ყოველგვარ განკარგულებებს უნდა ასრულებდნენ. ვინც ამ სავალდებულო დადგენილებას დაარღვევს დაისჯება: პირველად 3 თვემდე ციხეში დატუსაღებით, ხოლო მეორედ მთელი მხარიდან იქნება გაძევებული.
თბილისის ყველა ვაჭრები მოვალენი არიან, მტკიცედ დაიცვან სასურსათო კომიტეტის მიერ დაწესებული ნიხრი. ნიხრის დარღვევაში, საქონლის გადამალვაში და საქონელზე, განსაკუთრებით პირველი საჭიროების ფასების ხელოვნურად აწევაში შენიშნულ ვაჭრებს ან დააპატიმრებენ, ან და ამიერ-კავკასიიდან სრულიად გადაასახლებენ.
ქალაქის სასურსათო კომიტეტს ევალება გადახედოს ნიხრი და ბაზრის საერთო პირობებს შეუფარდოს იგი. სასურსათო კომიტეტს ევალება ენერგიული ზომები მიიღოს პურისა და პირველ საჭიროების სხვა საგნების გასასყიდ ადგილების გასამრავლებლად. ქალაქში პურის შემოზიდვის შესახებ ცნობები ყოველ დღე უნდა ეუწყოს აღმასრულებელ კომიტეტს“.

საქართველოს ეროვნული ყრილობა

კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც 1917 წლის ნოემბერში მოხდა. 12 ნოემბერს გაზეთმა „საქართველომ“ ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ 19 ნოემბერს თბილისში საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა გაიმართებოდა.
ინტერპარტიული საბჭოს გადაწყვეტილებით ყრილობაზე მოწვეულნი იყვნენ: 1. ინტერპარიული საბჭოს 25 წევრი; 2. სათავადაზნაურო საკრებულოს წარმომადგენლები (თბილისის გუბერნიის _ 12 და ქუთაისის გუბერნიის _ 8 წარმომადგენელი); 3. ქართულ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლები _ 2 დელეგატი თითოეული პარტიიდან; 4. საგუბერნიო, საოლქო, სამაზრო და უმაზრო ქალაქების თვითმმართველობის წევრები; 5. სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლები; 6. ქართულ კულტურულ დაწესებულებათა წარმომადგენლები. მათ შორის: ქართული კულტურულ-საგანმანათლებო საზოგადოება, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საქართველოს საისტორიო საზოგადოება, ქართული დრამატული საზოგადოება, ქუთაისის ქართველ ქალთა საზოგადოება, თბილისის სახალხო უნივერსიტეტი, ქართველ მწერალთა კავშირი, ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, ქართველ ტექნიკოსთა საზოგადოება და ა.შ.; 7. მოსკოვის, პეტერბურგის, კავკავის, ბაქოს, როსტოვის ქართული კულტურული ცენტრები; 8 ქართველ მაჰმადიანთა საზოგადოება; 9 ქუთაისის ქართველ ებრაელთა საზოგადოების წევრები; 9 საქართველოს მასწავლებელთა კავშირის წარმომადგენლები 10. ნაფიც ვექილთა საბჭო; 11 ჯარისკაცთა კავშირის წარმომადგენლები; 12 კოოპერატიული კავშირის წარმომადგენლები; 13 ვაჭრობა-მრეწველების წარმომადგენლები; 14 საკათალიკოსოს წარმომადგენლები. ანუ სხვანაირად, რომ ვთქვათ, ეს იყო სრულიად საქართველოს საერთო კრება, სადაც საქართველოს მომავლის შესახებ უნდა ემსჯელათ.
18 ნოემბრის ნომერში კი მოცემულია ეროვნული ყრილობის დღის წესრიგი. პირველ საკითხად დასახელებულია „თანამედროვე მომენტი და ქართველი ერი“. ამ თემაზე ნოე ჟორდანია ისაუბრებდა. მეორე საკითხად კი განიხილებოდა საქართველოს თავად-აზნაურთა ქონების მიღება და მოვლა-პატრონობა _ მომხსენებელი კოტე აფხაზი იყო. ეროვნული ყრილობა 19 ნოემბერს სახელმწიფო თეატრის შენობაში გაიხსნა.
გაზეთი „საქართველო“, 21 ნოემბერი: „დილის 9 საათიდან აუარებელი ხალხი მიეშურებოდა სახელმწიფო თეატრისკენ, სადაც დანიშნული იყო ეროვნული ყრილობა. თეატრში წესრიგის მიმცემნი იყვნენ და სტუმრებს ბილეთებით უშვებდნენ. ვინც წინა დღეებში ვერ მოასწრო შესასვლელი ბილეთების აღება, გარედ დარჩა. ამისთანები ძალიან ბევრნი იყვნენ, რადგან თეატრში ადგილი არ იყო. 12 საათზე თეატრი გაიჭედა ხალხით. პარტერებში, ლოჟებში, იარუსებზე, კორიდორებსა და სცენაზედაც ტევა არ იყო. ვისაც დასაჯდომი ადგილები ვერ ეშოვა ფეხზე იდგნენ. ლოჟებში ადგილი უჭირავთ საპატიო სტუმრებს: ამიერ-კავკასიის კომისარიატის წევრებს; ამიერკავკასიის სარევოლუციო ცენტრების დელეგატებს; უცხო სახელმწიფოთა (ინგლისისა, საფრანგეთისა, ამერიკისა, იტალიისა და სპარსეთისა) დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს…
ნაშუადღევის 1-ლ საათსა და 15 წუთზე სცენის ფარდა აიხადა და კრება გახსნა ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა, რომელმაც ვრცელი, საპროგრამო სიტყვით მიმართა კრებას. აკაკი ჩხენკელის სიტყვა დიდი გრძნობითა და პათოსით იქმნა წარმოთქმული. ნაშუადღევის ორ საათზე ჩხენკელმა თავისი სიტყვა გაათავა, კრება გახსნილად გამოაცხადა და წინადადება მისცა ყრილობას აერჩია პრეზიდიუმი…“
ეროვნული ყრილობის სხდომები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და ბოლოს რამდენიმე რეზოლუცია მიიღო, რომელთა შორის უმთავრესი მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ეხებოდა. ეროვნული ყრილობის რეზოლუციით, საქართველო რუსულ ორიენტაციაზე იდგა და რუსულ დემოკრატიასთან ერთად მოქმედებით ფიქრობდა თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და ეროვნული მისწრაფებების განხორციელებას. აქვე აღნიშნული იყო, რომ რუსეთში დაწყებულმა არეულობამ ამიერკავკასია აიძულა, თავისი საშინაო საქმეები თავისით მოეგვარებინა. ამიტომ ყრილობა მხარს უჭერდა ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნას. ყრილობამ საჭიროდ მიიჩნია, შეექმნა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის შესადგენად 60 წევრი აირჩიეს: „ყრილობა საჭიროდ სთვლის განხორციელებულ იქმნას საქართველოში ისეთი ნორმები, რომელნიც მას საშვალებას მისცემენ თავისუფალ განვითარებისთვის და ავალებენ დამფუძნებელი კრების ქართველ დელეგატებს მოითხოვონ რუსეთის დამფუძნებელ კრებაზე ამ ნორმების მიღება. ასეთ ნორმებად არის: საქართველოს სრული ტერიტორიალური თვითმართველობა საკუთრი საკანონმდებლო კრებით ადგილობრივ საკითხებზედ. ტერიტორიის საკითხები გაიმიჯნება დაინტერესებულ მოსაზღვრე ერებთან შეთანხმებით. საქართველოში მოქცეულ ეროვნულ უმცირესობანი მიიღებენ სრულ უფლებრივ გარანტიას კულტურულ განვითარებისას. სამაჰმადიანო საქართველოს მიენიჭება ფართო თვითმართველობა…
თუ რუსეთის სამოქალაქო ომი გაგრძელდა და დამფუძნებელი კრების მოწვევა ახლო მომავალში ვერ მოხერხდა, უნდა იქმნას მოწვეული ადგილობრივი დამფუძნებელი კრებები, როგორც ამიერკავკასიის, ისე ცალ-ცალკე ერების, რომელნიც ურთიერთის თანხმობით დაამყარებენ შესაფერ დემოკრატიულ და ეროვნულ წყობილებას, როგორც თვითეულ ეროვნულ ტერიტორიალურ ერთეულებში, ისე მთელ ამიერ-კავკასიაში“.

მიხეილ ბასილაძე