რუბრიკა: აქ _ ჩვენთან, საქართველოში!

სოფელი საბათლო

აქ _ ჩვენთან, საქართველოში, ერთი სოფელია…
სადღაც, საზღვრის პირას…
მას საბათლო ჰქვია…
საქართველო ხომ მრავალი ერის სამშობლოა, ასეა აქაც.

წელს 100 წელი შესრულდება, რაც სოფელში გასული საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანიდან სომეხი ხალხი გადმოსახლდა…
დღეს საბათლო, ძირითადად, სომხური სოფელია, თუმცა სოფელში ასევე ცხოვრობენ აჭარლები, ინგილოები, აზერბაიჯანელები, მთიულები და ხევსურებიც… ასე რომ, სოფელს მრავალი კულტურა და ტრადიცია აერთიანებს.
საბათლო საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთით მდებარეობს, მის იქით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქართული მამალი აღარ ყივის.
სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. თემის ცენტრი მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 210 მეტრზე, მუნიციპალური ცენტრიდან კი 70 კმ.-თია დაშორებული.
საბათლო საქართველოა. სოფელი ძალიან ლამაზია თავისი ფლორით და ფაუნით; მისი ინტერნაციონალურობა კი უნიკალურს ხდის მისი ტრადიციების მრავალფეროვნებას.
სოფელი მისი მიმდებარე სოფლებიდან 13-15 კმ.-ით არის დაშორებული, მაგრამ ყველაზე ახლოსაა აზერბაიჯანის საზღვართან, რომელთანაც, დაახლოებით, 300-350 მეტრი აშორებს. აზერბაიჯანსა და საბათლოს ერთამენთისგან მდინარე ალაზანი საზღვრავს.

სოფლის პრობლემა

სოფელი მოწყვეტილია ყველასა და ყველაფერს, უგზოობა მუნიციპალურ ცენტრთან მის კავშირს ართულებს, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ თუნდაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 30-35%-მა არ იცის მისი არსებობის შესახებ.
XX საუკუნის შუა წლებში საბათლო ერთ-ერთ ძლიერ საბჭოთა სოფლად სახელდებოდა. სოფლის ძირითად მეურნეობას მევენახეობა წარმოადგენს, საქართველოში პირველად ყურძენი სიმწიფეში სწორედ საბათლოშია. ასე რომ, წესით, მოსახლეობას, რომლის თითო ოჯახსაც თითქმის ერთი ჰა ვენახი აქვს გაშენებული, არ უნდა უჭირდეს, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, სხვა ყველა ზონისგან განსხვავებით, სოფლის ყურძენ საფერავს, კაბერნესა და რქაწითელს მინიმალურ ფასად იბარებენ ღვინის ქარხნები. მიზეზს ყურძნის მაღალი შაქრიანობა წარმოადგენს.
სოფელს ერთი საჯარო სკოლა აქვს. 2014 წლის აღწერით სოფელში 396 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით სოფელს უკვე გაუკაცრიელების პრობლემა ელოდება, _ უმრავლესობა ახალგაზრდებისა სოფელში უკან აღარ ბრუნდება და საცხოვრებლად დედაქალაქში ან რომელიმე დიდ ქალაქში გადადის, სოფლის დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა სამუშაოდ წასული.

აღდგომა

საბათლოელების მნიშვნელოვანი პრობლემა საავადმყოფოსთან მათი დაშორებაა. სწორდ ამ მიზეზით დღემდე ქალები სოფელში მშობიარობენ, შესაბამისად, ბევრ დაბადებულ ბავშვს არ გააჩნია დაბადების მოწმობა, არის შემთხვევები, როცა ამ სოფლის ბავშვები სკოლაში მსმენელებად დადიან, მიზეზი კი მათი საბუთების არარსებობაა.

„ქრონიკა+“-ს ადგილობრივი მოხუცი ქალბატონი ესაუბრა:
_ ასე ცაზე ვართ გამოკიდებული… სანამ კომუნისტები იყვნენ, აქვე აზერბაიჯანული სოფელი მუღანლოა, სადაც საავადმყოფოც იყო და იქ ვაქცევდით ჩვენს თავს ყურადღებას, ვისაც იქით, გაღმა გასვლა არ უნდოდა, ქედებში არხილოში პატარა საავადმყოფო იყო, მშობიარეც იქ მიგვყავდა, სადაც რჩებოდა, ახლა ისეთი გზაა, ქალს მშობიარობა გზაშივე მოუწევს და იქამდე ვერც მივა, აღარც ქედებშია საავადმყოფო, ამტომ სოფლის ძველი ტრადიცია აღდგა და ისევ სოფლის ბებიაქალი ამშობიარებს…
_ ინფექცია ან სიკვდილიანობა რომ იყოს?
_ საავადმყოფოები, თავი ბოლო, 80 წელია, რაც არსებობს. მანამდე როგორ მრავლდებოდა მსოფლიო? რა უშლიდა ხელს?

სოფლის აჭრილ ბილიკებს მივყვებით, გზაზე კიდევ ერთი ბებო გვხვდება:
_ ბებო, დღეობა როდისაა სოფელში?
_ წინათ იყო, ახლა მოკვდა.
_ რა მოკვდა, ბებო?
ხის პატარა სკამზე ჩამოჯდა, წინ გრძელი ჯოხი გადმოიდო და მოყოლა დაიწყო:
_ დღეობა იყო პირველ მაისს „კოლხოზი“ ხალხის, საქონელი დაიკვლებოდა და ხალხში რიგდებოდა. ამიტომ მაგ დღეს იყო სოფლის დღეობა. საერთოდ, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში სხვადასხვა დღეებშია აღდგომა, მაგრამ ჩვენს სოფელ საბათლოში რადგან არ ვიცოდით, ნამდვილი სომხები როდის იხდიან აღდგომას, დავაწესეთ და პირველ მაისს ჩავატარეთ აღდგომის დღე, ხოლო 2 მაისს მკვდრების დღე დავარქვით. თან მაშინ იოლი იყო დღეობა, ყველა „კოლხოზს“ გვირიგებდნენ საქონლის ხორცს და მეტი რაღა იყო საჭირო?
_ ახლა კიდევ ზეიმობთ, ბებო?
_ ახლა აღარ.
_ რატომ, ბებო? ისევ ხომ არის 1 მაისი?
_ 1 მაისი არის, მაგრამ „კოლხოზი“ აღარ არის და არც ფულია, მარტო სასაფლაოზე მივდივართ 2 მაისს და მაშინ ვიხდით აღდგომას.

ასე და ამგვარად აქ აღდგომაც სხვა ფერია და სხვა გვარი.
ჯანმრთელობაც სხვანაირი იციან და ექიმობაც…
სოფლის ძირითადმა მოსახლეობამ არც კი იცის, ვინაა საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, მათი სამშობლო საბათლოა და მეტი არაფერი…
მიზეზი კი ერთია: ერთ მხარეს აზერბაიჯანია, ვისთანაც ეროვნული შუღლი აქვთ…
მეორე მხარეს _ საქართველო, ოღონდ იქ სხვა საქართველო ახსოვთ სინამდვილეში, ახლა აქ სხვა საქართველოა…
საბათლოს საქართველო იცლება, საზღვარი კი უპატრონოდ რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როცა სოფელში ქართული მამალი აღარ იყივლებს, შეიძლება ალაზანი ადიდდეს, კალაპოტიც შეიცვალოს და ნასოფლარი გაღმა _ აზერბაიჯანში დარჩეს.

მაკა მოსიაშვილი