მარტო კლასში

სოფლის შენებას რა უნდა?
ამ შეკითხვას თუ სოფელ მარადისის მცხოვრებლებს დაუსვამთ, პასუხად აუცილებლად მიიღებთ იმ ისტორიას, რაც მათ 1990-იანი წლებიდან დღემდე გამოიარეს.

მაღალმთიანი აჭარის სტიქიურ უბედურებებს გამოხიზნული კორტოხის მკვიდრნი ზღვისგან ათასობით კილომეტრის აქეთ, მარნეულის რაიონში ჩამოასახლეს.
მხოლოდ საკუთარი ძალებით, სახსრებითა და უდიდესი მონდომებით შექმნეს სიცარიელისგან ხის სახლები, ხოლო მიუვალი ადგილისგან _ შეკრული სოფელი.
მარნეულიდან 15 წუთის სავალზე სოფელ მარადისის აბრას შეხვდებით, რომელიც გაუწყებთ, რომ აქ ზღვა არა, მაგრამ ზღვისპირელი ხალხით დასახლებული სოფელი იწყება.
ეს ყულარის თემია, მდინარე ხრამის მარჯვენა სანაპირო.
აქაურებს დიდი ხანია სჯერათ მარადისობის.
სოფელ მარადისში 200-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
ერთმანეთის გვერდით სომეხ კაცებს ცოლად ქართველი ქალები მოჰყავთ, აზერბაიჯანელი ოჯახის შვილები კი სათამაშოდ კვლავ ქართველ ბავშვებს უხმობენ.
მიმოხვეული გზის გავლის შემდეგ დიდი მინდორი შეგხვდებათ, კიდევ ფეხბურთის ორი კარი და მოედანი ჟრიამულის გარეშე.
გვერდით თეთრ პერანგსა და შავ კაბაში გამოწყობილმა პატარა გოგონამ ჩამიარა, თმა თეთრი ბაფთით ჰქონდა შეკრული და ხელში წითელი ყვავილების კონა ეჭირა. ჩქარი ნაბიჯებით მიმავალმა დაუდევრად გადააბიჯა გზებზე გუბურებს და პატარა ეზოს კარი შეაღო.
წითელყვავილებიან გოგონას თანატოლები გამოეგებნენ:
_ მოხვედი, თამილა?
_ ეს რა მოგიტანია?
_ ლამარა მასწავლებლისთვისაა, _
ჩუმად უპასუხა თავსდამტყდარ ყველა კითხვას პატარა გოგონამ.
თამილა პაქსაძე მეხუთე კლასის მოსწავლეა. მალე უკვე მეექვსე კლასის ერთადერთი მოსწავლე იქნება.
ახლაც, საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე, წიგნები სკოლაში დააბრუნა და საყვარელ ლამარა მასწავლებელს დამშვიდობების ნიშნად ყვავილები მოართვა.
თამილას მსგავსად სოფელ მარადისის სკოლაში 60-მდე ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლე სწავლობს.
მეათე კლასში სამი მოსწავლეა, მეთერთმეტეში უკვე _ ოთხი.
პატარაა სოფელი და მოსწავლეც რომ ცოტა იყოს, რა გასაკვირიაო, _ ამბობენ სოფელში, მაგრამ მხოლოდ ეს არაა.
ერთსართულიანი სკოლა სულ რვა ოთახისგან შედგება, რომელთაგანაც ერთი ოთახი ერთდროულად ასრულებს ბიბლიოთეკის, კომპიუტერების ცენტრისა და საწყობის ფუნქციას.
სკოლა 90-იანებში ჩამოსახლებულმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა საკუთარი სახსრებით ააგეს ისე, როგორც ყველაფერი ამ სოფელში და ქართულის შესწავლის საშუალება დამხვდურ აზერბაიჯანელებსაც მისცეს.
დანგრეული და ავარიული შენობის კიბესთან გოგონების ჯგუფია შეკრებილი. „წეროებს“ თამაშობენ. მათი ჟრიამული აცოცხლებს არემარეს, გეგონება, ბევრის თავშეყრააო, არადა, მხოლოდ ოთხნი არიან.
სკოლის დამთავრება არ უხარიათ, ზაფხულში გასართობს რთულად პოულობენ. მერე ისევ სექტემბერს დაელოდებიან, როცა კვლავაც დაირეკება მარადისის სკოლაში ზარი და მოუხმობს მათ მერხებისკენ.
სკოლის დირექტორი, რუსლან ბოლქვაძე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„პატარა სკოლაა, კონტინგენტიც არაა დიდი. თუმცა ეს შენობა არასაკმარისია და ამიტომაც ორი ცვლა გვყავს. არ გვაქვს ელემენტარული მერხები და სხვა საჭირო ინვენტარი, რომ არაფერი ვთქვათ სპორტულ მოედანზე, რომლის პროექტიც უკვე წელიწადია, დაიწერა. დაფინანსდა კიდეც, თუმცა ჯერ კიდევ არ აშენებულა. ბევრჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, შესაბამის უწყებებს, თუმცა, როგორც ხედავთ, რეაგირება არაა. ისევ ამ რთულ პირობებში გვიწევს სასწავლო პროცესის გაგრძელება“.
ალტერნატივა არ არსებობს. განათლების მისაღებად სკოლაში სიარული აუცილებელია, სხვა სკოლა კი, რომელიც შედარებით კეთილმოწყობილია, კილომეტრების დაშორებითაა მარნეულის ცენტრში.
ადგილობრივები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ყოფაზე ჩივიან, თუმცა მშობლებს ყველაზე მეტად სკოლის პრობლემა აწუხებთ:
„წყალი გრაფიკით გვაქვს, გაზიფიცირებამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ის მაფიქრებს, რომ ჩემი შვილი ასეთ სკოლაში დადის. მიხარია, რომ სწავლობს, თანატოლებთან აქვს კავშირი, თუმცა ასეთი პირობები ნამდვილად რთულია მისთვის. ბევრი იძულებული გახდა, ბავშვი სხვა სკოლაში ეტარებინა და თვითონაც აიბარგა სოფლიდან. არადა, ეს სოფელი ამ ხელებით ჩვენ თვითონ შევქმენით და ახლა უნდა დაიცალოს?!“
ემზარ ბოლქვაძეს შვილებისა და მათი თანატოლების ბედი ადარდებს, უფრო ხშირად კი ზღვაზე ფიქრობს. ზღვის სურნელი ენატრება ყველაზე მეტად:
„იქ, სოფელში კარგი სკოლა გვქონდა, კეთილმოწყობილი, დიდი. იქ ყველაფერი სხვანაირი იყო. ალბათ საკუთარ ადგილ-მამულში ყველაფერი სხვანაირი გვეჩვენება, მაგრამ იქ მართლა ნაკლებად მაწუხებდა პრობლემები. აქ კი აღარავის ვახსოვართ. თუ ჩვენ არა, იქნებ, ჩვენი პატარები მაინც შეიბრალონ. სწავლა უნდათ, განათლების მიღება და ამის საშუალებას მაინც ნუ წაართმევენ“.
საქართველოს მასშტაბით 40- მდე ისეთი სკოლაა, რომლებშიც მოსწავლეთა დაბალი რაოდენობაა, კლასებში კი თითო-თითო მოსწავლე სწავლობს. მათ შორის სჭარბობს მაღალმთიანი რეგიონების სკოლები.
რაჭა, მაღალმთიანი აჭარა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი, ცაგერი, წალენჯიხა, ხონი, – ეს ის ადგილებია, სადაც სკოლებს მოსწავლეები ყველაზე მეტად უჭირთ.
2017 წლის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა სრული რაოდენობის დაახლოებით 8% ისეთ კლასებში სწავლობს, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ხუთი ან ნაკლებია. მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის დამახასიათებელია კლასკომპლექტები.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლასკომპლექტების შექმნა. კლასკომპლექტში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს. კლასკომპლექტის შექმნის შემთხვევაში რეკომენდებულია, ერთი საფეხურის ფარგლებში შეიქმნას და ერთ კლასკომპლექტში ორ კლასზე მეტი არ გაერთიანდეს. კლასკომპლექტები სკოლისა და, შესაბამისად, სოფლის გადარჩენის კარგი საშუალებაცაა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდი უკვე კარგა ხანია, გამოიყენება და თან საკმაოდ წარმატებითაც, მასწავლებლები და განათლების ექსპერტები მაინც ინდივიდუალური სწავლების უპირატესობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ სასწავლო მასალებს შორის განსხვავება მოსწავლეების განვითარებასა და მათ საგანმანათლებლო დონეზე უარყოფითად აისახება.
მაგრამ რეალურად მცირეკონტინგენტიან სკოლებში, სადაც მხოლოდ ათობით ბავშვი სწავლობს, ზოგიერთ კლასში კი მერხზე ერთი მოსწავლე ზის, ეს საშუალება ერთადერთია, რაც ინარჩუნებს სკოლას და მის ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
მცირეკონტინგენტიანი სკოლების თემა პირდაპირაა მიბმული ხშირ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში გახშირებულ მიგრაციულ და ურბანიზაციულ პროცესებთან.
მასობრივი გადინება სოფლებიდან, მთიდან მიგრაცია, საზღვრების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა, _ ეს პროცესები არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ყოფაზე აისახება უარყოფითად, ასევე, თავის მხრივ, საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის განათლების სისტემასაც.
ზოგიერთ სოფელში არა მხოლოდ მიგრაციული პროცესები, ასევე სკოლების არასათანადო ინფრასტრუქტურა და სხვა პრობლემებიც განაპირობებს სკოლაში მოსწავლეთა მცირე რაოდენობას.
შორ გზაზე მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა ცალკე ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც კიდევ ერთ პრობლემად აწვება სოფლად მცხოვრებლებს.
მშობლების უმეტესობა, რომელიც ტოვებს სოფლებსა და თავიანთი შვილებისთვის ქალაქის სკოლებს ამჯობინებს, ახალგაზრდული აქტივობების ნაკლებობასა და სხვადასხვა კულტურული წრის არარსებობაზე მიანიშნებენ, რაც, მათი აზრით, მომავალი თაობის განვითარებისა და პიროვნული ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ამ კუთხით წინა წელს გარკვეული სახის სასიკეთო ძვრები დაიწყო.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსა და შპს „ელ ჯორჯიას“ს შორის 2017 წლის 30 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება 13 მცირეკონტინგენტიანი საჯაროს სკოლის მშენებლობასა და ერთი სკოლის ტიპური სამშენებლო პროექტის მომზადებაზე. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 5 494 93 ლარს.
გარდა ინფრასტრუქტურისა, ასევე სირთულეები მცირეკონტინგენტიანი სკოლების შემთხვევაში თავს იჩენს მომუშავე პერსონალთანაც. მასწავლებლებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოსწავლეების რაოდენობა ცოტაა, კლასკომპლექტებთან მუშაობისას ორმაგი დატვირთვით უწევთ სასწავლო პროცესის წარმათვა, რაც საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა. ამ დამატებითი საქმისთვის მათ დანამატის სახით მიზერული თანხა ერიცხებათ არსებულ ხელფასზე.
სოფლები იცლება თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში და ამის ყველაზე კარგი ინდიკატორი სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობების კლებაა. საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის ბოლო ორი საყოველთაო აღწერის მონაცემებსაც თუ გადავხედავთ, აქაც ვნახავთ, რომ ქვეყანაში სოფლად მცხოვრებთა რიცხვი იკლებს. 2002 წელს სოფელში საქართველოს მოსახლეობის 47,7% ცხოვრობდა, 2014 წელს კი – 42,6%.
გარდა მცირეკონტინგენტიანი სკოლებისა, ასევე ვხვდებით ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც, სადაც არც ერთი მოსწავლე არ სწავლობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლარის დაწყებით საჯარო სკოლას მოსწავლე საერთოდ აღარ ჰყავს. პირველკლასელი სკოლას არც შარშან და არც ორი წლის წინათ არ მიუღია. მიუხედავად ამისა, სკოლა ოფიციალურად გაუქმებული არ არის და შტატში ერთი მასწავლებელი ირიცხება. ის იმედით ელოდება იმ დღეს, როდესაც კვლავ გაიღება სკოლის კარი და მისი პროფესიაც გამოსადეგი და სასარგებლო გახდება მომავალი თაობებისთვის.
მიგრაციული პროცესების ფონზე სულ უფრო იზრდება იმ სკოლების რაოდენობა, სადაც ძალიან ცოტა მოსწავლე სწავლობს ან საერთოდაც აღარ ირიცხება მასში ბავშვები.
ამ სკოლებს საკმაოდ ბევრი პრობლემური საკითხი აწუხებს და უფრო რთულ პირობებში უწევს ფუნქციონირება, ვიდრე სხვა სკოლებს.
ზღვისპირელი ეკომიგრანტებით დასახლებული მარნეულის სოფელ მარადისის სკოლაც მათ შორისაა.
წელს პირველ კლასში რვა მოსწავლე მიდის. ეს წინა წელთან შედარებით აშკარა პროგრესია. მომავალი ნათელია თამილას წითელი ყვავილებივით და იმ ზღვასავით, აჭარაში რომ დატოვეს და მაინც სიზმრებით ატარებენ მარნეულის რაიონშიც.

ანა ურუშაძე