ახალგაზრდა ფერმერები და მათი არჩევანი

ნებისმიერ სფეროში სპეციალისტი და პროფესიონალი ადამიანი ამ სფეროს განვითარების გარანტია. თუკი ეს პროცესი ადრეული ასაკიდანვე იღებს სათავეს, მონდომების პარალელურად, იზრდება გამოცდილება, შესაბამისი უნარები და იზრდება ხარისხიანი შედეგების რაოდენობა. იქიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი უმთავრესია, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ თუ სხვა სახის განვითარებას, წარმატებული და ენთუზიასტი ახალგაზრდა ფერმერების არსებობა აუცილებელიც კია.

24 წლის ბაია აბულაძე ბაღდათის რაიონ სოფელ ობჩიდან არის. დაამთავრა საჯარო მართვის ადმინისტრირება, მაგრამ, ამჯერად, საოჯახო ბიზნესს უძღვება, რომელსაც „ბაიას ღვინო“ ჰქვია:
„ჩვენი ძირითადი პროფილია ღვინის წარმოება და ტურისტების მასპინძლობა. ეს საქმიანობა ჩვენი ოჯახისთვის ძალიან დიდხნიანი ტრადიციაა, მაგრამ 2015 წლიდან დავიწყეთ, როგორც ბიზნესი. „აწარმოე საქართველოს“ პირველივე წლის ბენეფიციარები ვართ. 5000 ლარით შევძელით, რომ ბოთლში ჩამოსასხმელი მოწყობილობები, ბოთლები და ყველა საჭირო დანადგარი გვეყიდა, დაგვემზადებინა ეტიკეტი და არსებული პროცესებისთვის საბოლოო სახე მიგვეცა. ძალიან დიდი ინტერესი მაქვს, ზოგადად, ღვინის მიმართ. ახლა მეტად გამიძლიერდა ეს ინტერესი და კარგად მოვკიდე ხელი ამ მიმართულებას. ძალიან მინდოდა, რაღაც ისეთი გაგვეკეთებინა ჩვენს სოფელში, რაც იმის საშუალებას მოგვცემდა, რომ რაიმე ღირებული შეგვექმნა. პირველ ყოვლისა, ვამზადებთ იმერულ ღვინოებს. ყველა ჯიში, რასაც ვიყენებთ, არის ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი: ცოლიკაური, ციცქა, ალადასტური და ა. შ. საქართველოში, დაახლოებით, 40-მდე ობიექტთან ვთანამშრომლობთ. ძირითადად, უფრო ბუტიკურ რესტორნებში იყიდება ჩვენი ღვინო. სწორედ ასეთი ტიპის რესტორნები აქცევს ყურადღებას სპეციალურ ღვინოებს და ორიენტირებულია ამ სექტორზე. ამასთან ერთად, 2017 წლიდან უკვე ჩვენ მიერ წარმოებული ღვინის ექსპორტსაც ვახდენთ: ავსტრიაში, გერმანიასა და უკვე ამერიკაში გავიტანეთ წელს პირველი პარტია. კარგი ღვინის მახასიათებლად, უპირველეს ყოვლისა, ყველა ხარისხიან ყურძენს მიიჩნევს. სასურველია, ყურძენი იყოს დაკვირვების პროცესში. ამასთან ერთად, კარგ ხარისხს სჭირდება სისუფთავე, რომელიც ამ კონკრეტულ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე _ სტანდარტების დაცვა. ამასთან ერთად ნელ-ნელა უკვე შემოდის და მკვიდრდება ჩვენს აზროვნებაში ის ტერმინი, რომელსაც ფრანგები ხშირად იყენებენ. ეს არის „ტერუარი“. როგორც ფრანგები ამბობენ, ყველა სპეციალური და განსაკუთრებული ღვინო განსაკუთრებული არქივიდან არის წამოსული. დღევანდელ ქართულ ბაზარზე კონკურენცია, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენსავით მცირე მარნების რაოდენობა საკმაოდ იზრდება. ეს ძალიან გვახარებს იმიტომ, რომ სექტორი ძლიერდება. ექსპორტიორების მხრიდანაც უკვე ძალიან დიდი ყურადღება და დაინტერესება იგრძნობა. კონკურენციას კიდევ ის განაპირობებს, რომ ქართული ღვინის სახელი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. ამას თან ერთვის ის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის, რაც ღვინოზე მოთხოვნას ზრდის. ვმონაწილეობთ ძალიან ბევრ შიდა ღონისძიებაში. წელს გავხდი „საუკეთესო ლიდერი ქალი ბიზნესში“. 2016 წელს „წლის ფერმერად“ დამასახელეს. ეს ყველაფერი ხელს გვიწყობს და მოტივაციას გვაძლევს. ჩვენი უპირველესი გეგმაა, რომ ჩვენი ბიოწარმოების სერტიფიცირება მოვახდინოთ, რასაც, მინიმუმ, სამი წელი სჭირდება. ასევე გვსურს, ავაშენოთ ახალი, ყველანაირი სტანდარტით აღჭურვილი საწარმო. ასევე ვაპირებთ ჩვენი წარმოების მცირეოდენით გაზრდას. გვაქვს ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა“.

24 წლის ოთო დევიძე სოფელ წითელხევში დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობს. ამბროსი დევიძისა და ირმა სტეფანოვას ოჯახის მიწის ფართობი აქ ყველა დანარჩენს აღემატება. დიდ მეურნეობაში ამ ოჯახმა რამდენიმე წლის წინათ შეაბიჯა და ნელ-ნელა, წინ და წინ მიდის. მათი ბაღები, ძირითადად, ახალგაზრდაა, თუმცა _ დაბერების დიდი პერსპექტივით:
„ორი კომლი ვართ _ მამაჩემისა და ჩემი. მეორე მიწა, რომელიც მამაჩემს ჰქონდა, ჩვენ მოგვცა, რომ ჩვენ გვესარგებლა“.
ცნობისთვის: ორი კომლი მიწის საერთო ფართობი ორჰექტარ-ნახევარს შეადგენს.
სოფელ წითელხევში 1250 კომლი ცხოვრობს. ბაღდათის რაიონში, სოფელ დიმის შემდეგ, ის ყველაზე მრავალმოსახლიანია. აქ სამუშაო ადგილები არ არის. ყველა ასაკისა და ყველა სქესის შემოსავლის წყარო მიწის დამუშავებაა. მეურნეობა ყველასთვის ეტაპობრივი სეზონური შემოსავალია. ზამთარში მოსახლეობა მოყვანილი პროდუქტის რეალიზებითა და შენახული თანხებით ინახავს თავს.
ოთო დევიძისთვის მიწის დამუშავება უბრალო ამბავი არ არის. განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და მონდომებით ის ახალგაზრდა ბაღების სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ოჯახის მიწები 1400 ძირი თხილის ბაღს ითვლის. როგორც ოთო ამბობს, სურს, სანერგე მეურნეობა გააკეთოს, რომ ნერგები აწარმოოს, თუმცა ამ საქმისთვის, მოსავალს ელოდება, რომ ფინანსურად ხელი შეეწყოს. თხილის ბაღების გარდა ოთო ქლიავის ჯიშებზეც საუბრობს. გეგმავს, საჩირე გააკეთოს და ჩირი აწარმოოს. ოჯახს ცალკე აქვს 300 ძირი შავი ქლიავის ბაღი.
ოჯახს ორ ჰა-მდე თხილი აქვს, რაც, ჯამურად, 1400 ბუდნას გულისხმობს. შემოსავლის ერთადერთი წყარო სეზონურია _ იწყება გაზაფხულზე მარწყვით, რაც დევიძეებში ტონა-ნახევრამდე იკრიფება. მარწყვის შემდეგ ოჯახს ბლის იმედი აქვს. აქვთ 50 ძირი „კვერნაძის ბალი“. ბალს ქლიავი მოჰყვება, ქლიავს _ თხილი და ა. შ. 40X100 ფართობზე გაკეთებული ტალავერი საადრეო ჯიშებია. ყურძნის ნაწილი მათ ბაზარზე გააქვთ გასაყიდად, მეორე ნაწილით კი ღვინოს სახლისთვის ამზადებენ. პროდუქტი საკუთარი ტექნიკით გააქვთ ბაზარზე, თხილს ვაჭარს აბარებენ, დანარჩენი ან ვაჭარს მიაქვს, ან დევიძეები თვითონ ყიდიან ადგილობრივ ბაზარზე. პარასკეობითა და შაბათობით ბაღდათის რაიონში ბაზრობის დღეებია. მოსავლის ნაწილს ისინი სწორედ იქ ყიდიან.
ოჯახს ფუტკრების ათი ოჯახიც აქვს. მათ სამომავლო გეგმებში ამ საქმის გაფართოებაც შედის.
„ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ პატარა მიწის პრობლემებია სოფელში“, _ წითელხევში, ძირითადად, წითელი მიწებია. როგორც გამოიკვლიეს, ნიადაგი აქ კალიუმს შეიცავს. დევიძეებმა აქაური მიწა გეოლოგებს ანახვეს და გამოაკვლევინეს, თუ რა სახის მინერალები და სასუქი უნდა მიეწოდებინათ მისთვის, რომ მიწა უფრო მეტად ნაყოფიერი გამხდარიყო. ოჯახი მიწის სიძლიერისთვის სპეციფიკურ მინარევებს იყენებს, სასუქს კი გამოკვლევის მიხედვით აძლევს. საერთოდ, აქ მიწა ძალიან სარგებლიანი არ არის. ჯერჯერობით, სოფლის მიწების 30%-იც კი არ არის ათვისებული. მიწების სიმცირეს მოსახლეობა არ უჩივის, მაგრამ მისი ძირითადი ნაწილი კერძო მესაკუთრეობაშია, ხალხს საშუალება არ გააჩნია.
ამბროსი დევიძე ფინანსებთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს: „ხალხი სოფელში ვერაფერს აკეთებს. მე თვითონ, 4-5 წლის მანძილზე, რუსეთში დავდიოდი და იქიდან ვგზავნიდი თანხებს მეურნეობისთვის“.
ოჯახს თითქმის ყველანაირი ჯიშის ხე აქვს, თუმცა ყველაფრის რეალიზებას არ ახდენს.
ოჯახი მიწების მორწყვასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც საუბრობს. სოფელს წყალი სისტემურად მიეწოდება, თუმცა სარწყავი სერვისით ვერ დაიკვეხნის. შლანგებით გაზომვა და მორწყვა კი დიდ სირთულეებს უკავშირდება. სარწყავი სისტემის უქონლობის გამო დევიძეებმა მიწაში საკუთარი ხელით გაიყვანეს არხები და მოსავალს ასე რწყავენ. თუმცა მოსავლის გარკვეული ნაწილი მაინც ფუჭდება ხოლმე.
ყველაზე დიდი მიწის მფლობელ ოჯახს სამეურნეო გეგმებიც დიდი აქვს _ ის მეწარმედ დარეგისტრირებას გეგმავს, რათა სანერგე და საკონსერვე მეურნეობას მიჰყოს ხელი. სურს, ასევე, ვარდის ჯიშების გამოყვანა და გაყიდვა, თუმცა, ამ მხრივ, ჯერ მხოლოდ სწავლების ეტაპზე არიან, თუ როგორ შეიძლება სათბურში ვარდის გამოყვანა და მოვლა. როცა ვარდებს გამოიყვანენ, ამის შემდეგ გამსაღებლებისა და ჩაბარების პუნქტების მოძებნასაც დაიწყებენ. ვარდების გამოყვანით განსაკუთრებით დევიძეების ოჯახის ყველაზე პატარა წევრია დაინტერესებული. ოთო ამ საქმეს დიდი ენთუზიაზმით უდგება. მას ის მეგობრებთან ერთად გეგმავს“.

35 წლის ლევან ხმელიძე მეფუტკრეა. ის ქუთაისში დაიბადა. ოთხი წელიწადია, რაც სოფლის მეურნეობის საკითხებშია ჩართული: „ოთხი წელიწადია, რაც მეფუტკრეობით დავსაქმდი, მაგრამ უკვე მეშვიდე წელიწადი გადის, რაც გადავწყვიტე სოფლის განვითარება. თბილისში მუშაობის პერსპექტივა მქონდა, მაგრამ ჩემს თავს ჩემს სოფელში ვხედავდი. ჩემი ახალგაზრდობის ძალა, ენერგია მინდოდა, იქ დამეხარჯა, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩემს სამშობლოს. ეს ადგილი იყო ჩემი სოფელი. აქ 120 ოჯახი ცხოვრობს, ზამთარში 20 ოჯახიღა თუ რჩება მუდმივ მოსახლედ. თუ საკუთარ თავს არ მოსთხოვე პირველ ყოვლისა, სხვას არ უნდა მოსთხოვო. მთელი ოჯახი გადავერთვეთ სოფლის მეურნეობაზე. ოჯახმაც მხარი დამიჭირა. რა თქმა უნდა, მის გარეშე ამას ვერ გავაკეთებდი. თავიდან ვაზის სანერგე მეურნეობა გავაკეთეთ. პირველ ყოვლისა, გავაანალიზე _ ჩემს სოფელში ადგილობრივი გარემო შევისწავლე. ვიფიქრე, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რომ შემოსავლის წყაროდ მექცია?.. პრიორიტეტულად მივიჩნიე მეფუტკრეობა, მევენახეობა და თევზსაშენი. ამ მიმართულებების განვითარება გადავწყვიტე. ამ ეტაპზე პროდუქციის ექსპორტს არ ვაწარმოებთ. ვითვისებთ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს. ძირითადად, ჩვენი საფუტკრე ბაზა არის ლეჩხუმი. მომთაბარეობას ვეწევით. თანასოფლელებთან ერთად კოოპერატივი დავაფუძნეთ. გავიაზრე, რა სიკეთე მოაქვს კოოპერატივს, გაერთიანებას. ხუთი ადამიანი გავწევრიანდით, ტექნიკური აღჭურვილობა მივიღეთ და მომთაბარეობა დავიწყეთ. ფუტკარი იმერეთში გადაგვყავს, შემდეგ კი ისევ ლეჩხუმში გადმოგვყავს. დღევანდელ ქართულ ბაზარზე არავინ არის ჩემი კონკურენტი. თუ ნატურალურ პროდუქციას აწარმოებ, ის უკვე მოთხოვნადია. ერთია, რომ ბაზარი არ იცნობს კონკრეტული მეწარმის პროდუქციას. ამის პრობლემა მაქვს. შიდა ბაზარი იმხელა გვაქვს, თუ ადგილობრივ ბაზარს მოვამარაგებთ, მასაც არ ეყოფა. ექსპორტზე ხომ, ჯერჯერობით, ზედმეტია საუბარი. ჩემი აზრით, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია მაღალი ხარისხის პროდუქციის შესაქმნელად და ქართულ საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად, რომ მოსახლეობამ შეიძინოს ადგილობრივი, ქართული პროდუქცია. ოღონდ გარანტიას უნდა აძლევდე ყველას, რომ შენი პროდუქცია მაღალი ხარისხისაა. როგორც მწარმოებლებს, ჩვენ სწორედ ეს გვევალება, ხოლო თუ საზოგადოება ცნობიერებას აიმაღლებს, რომ ჩემი პროდუქციის შეძენით, პარალელურად, ქვეყანა გაძლიერდება, არსებული პროდუქტი ადგილზევე გაიყიდება. უპირველესი სამომავლო გეგმა არის ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენ, გარკვეულწილად, რაღაც ეტაპს მივაღწიეთ. ორ წელიწადში საკმაოდ წინსვლები გვაქვს ტექნიკური აღჭურვილობითა და თვითონ საფუტკრე მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ჩაგვიტარდა ტრენინგები, რომელიც საშუალებას მაძლევს, რომ თუ ადრე ფუტკრის 30 ოჯახის მოვლა მერთულებოდა, 200-300 ოჯახს, კოოპერატივის წევრებთან ერთად, გუნდური მუშაობით მოვუარო. ახლა ახალი ეტაპი გვჭირდება ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. თუ გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია ევროკავშირში შევიტანოთ, ის არა მარტო ბიოლოგიურად სუფთა უნდა იყოს, არამედ ტექნიკური აღჭურვილობა შესაბამისი უნდა იყოს. პროდუქტის განვითარებიდან გადავერთეთ აგროტურიზმის განვითარებაში. ისეთ რეგიონში ვართ, რომ ამ მიმართულების განვითარება საჭიროა“.

საქართველოს სოფლის მეურნეობა ათობით საუკუნეს ითვლის. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიაზრებს საკუთარ შესაძლებლობებს არსებული რესურსის სწორად ათვისების საკითხში, მით მეტად ძლიერი იქნება ქვეყანა. სწორედ ქართული მიწის მრავალფეროვნებაა ქართველების ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გლობალური მასშტაბით, რასაც მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.

მარიამ ტიელიძე