„პროფესიული გადაწვა“, როგორც აქტიური და ყოველდღიური პროცესი

ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი მოცემულობებია, რომელთა გარკვეულ ნაწილსაც ინდივიდუალურ დონეზე ვაცნობიერებთ. ამასთან, ისეთი გარემოებებიც გვხვდება, რომელიც ჩვენს პიროვნებასთან უახლოესია, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ, სანამ გარკვეული, მძაფრი შედეგის წინაშე არ დავდგებით.

არ არსებობს პროფესია, რომელიც სტრესსა და გადაჭარბებულ პერიოდულ ემოციას არ გულისხმობდეს. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთია, რაც აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის და რაც სწორედ ადამიანებმა უნდა გააანალიზონ საკუთარი გარემოდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე.
13 მაისს ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში _ თბილისი“ მედიასემინარი გამართა. მაისი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღიარებულია, როგორც „მწვანე ბაფთის თვე“, რაც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. „მწვანე ბაფთის კამპანია“ ემსახურება ფსიქიკური პრობლემების მიმართ ტოლერანტობის ზრდასა და სტიგმის შემცირებას.

მედიასემინარს გაუძღვა პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი _ ფსიქოლოგი: „ჩვენ, ჩვეულებრივ, როდესაც სამსახურს ვიპოვით ხოლმე, ძალიან ბედნიერები ვართ. ამის შემდეგ, როდესაც, უკვე, ძალიან დიდი დატვირთვით გვიწევს მუშაობა, ვამბობთ: „უსამსახურობას ეს სჯობს“. ფაქტობრივად, თუ ჩვენ დასვენების შესაძლებლობა არ გვეძლევა, ძალიან დიდი მოთხოვნებია ჩვენ მიმართ სამსახურში, თუ ჩვენი სამსახური დაკავშირებულია სტრესთან, მაგალითად _ მოკლე ვადაში ბევრი რამ გვაქვს მოსასწრები ან იმ ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებიც ძალიან სტრესულ გარემოში არიან (შეიძლება, იტირონ, გვეჩხუბონ) _ აი, ეს მოცემულობები რისკფაქტორებია იმისა, რომ დაგროვდეს, კუმულირდეს (შეკრება) სტრესი. ჩვენ ვუმკლავდებით ერთ სტრესს, ორ სტრესს, მაგრამ თუ ქრონიკულად არ ვისვენებთ, ქრონიკულად ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, ქრონიკულად ვღელავთ, რომ თუ ჩვენს ყველა დავალებას არ შევასრულებთ, სხვას მონახავენ ჩვენ ნაცვლად, თუ ეს სამუშაო თვითრეალიზაციის საშუალებას არ გვაძლევს და ჩვენთვის უინტერესოა _ ესეც რისკფაქტორია. მოვლენების ასეთი არაკეთილსაიმედო განვითარების დროს ვდგებით იმ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენი სტრესი კუმულირდება და სამსახურთან დაკავშირებული კუმულირებული სტრესი იწვევს პრობლემურ მდგომარეობას, რომელიც აისახება ემოციებზე, ჩვენს აზრებზე, ეჭვი გვეპარება ჩვენ მიერ გაკეთებულის საჭიროებაში, საკუთარ შესაძლებლობებში, გარშემომყოფ ადამიანებში. თუ ისეთ ორგანიზაციაში მუშაობს ადამიანი, სადაც ძლიერად იტვირთება ის და ამას ვერავინ ხედავს, არავინ აღნიშნავს, არავინ აქებს მას ან თუ ადამიანები ძალიან კონკურენტულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილები და შენ თავს დაცულად ვერ გრძნობ, ან არასამართლიანად ნაწილდება დატვირთვები _ ბევრი ფაქტორია, რომელიც იწვევს პროფესიულ გადაწვას. პროფესიული გადაწვა ვლინდება შემდეგნაირად: შეიძლება, გაჩნდეს ფიზიკური სიმპტომები _ თავის ტკივილები, წელის ტკივილები, დილიდანვე დაღლილი გაღვიძება, ძილის დარღვევები, წნევა, გულის აჩქარება; ეს ყველაფერი, შეიძლება, დაკავშირებული იყოს პროფესიულ გადაწვასთან. პლუს, ემოციური ფონი _ შეიძლება, ძალიან ადვილად ატირდე, ადვილად გიჩუყდებოდეს გული, ყველაფერზე ბრაზდებოდე… შეიძლება, მოხდეს პირიქით _ ადამიანს გაუშეშდეს ემოციები და გრძნობდეს, რომ მას უყვარს საკუთარი ოჯახის წევრი, მაგრამ ამ სიყვარულს ვერ გრძნობდეს. შეიძლება, ქცევის დონეზე ვლინდებოდეს სტრესი _ ვთქვათ, ბევრს ჭამდე. დაღლილი რომ მოვდივარ სახლში, რაღაცით მინდა, რომ ეს აღგზნებული, ნერვული სისტემა დავიმშვიდო. ეს უკვე ბევრ სხვა უარყოფით ეფექტს იწვევს, მაგალითად, ალკოჰოლთან დაკავშირებით“.

ფატი მამიაშვილი _ მედიაკონსულტანტი:
„პირველ ყოვლისა, მსგავსი შეხვედრები საჭიროა მედიასთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, რომ დაეხმაროს მედიასაშუალებებს, გაიუმჯობესოს ცოდნა და განათლება, ამ შემთხვევაში, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მედიაში საკმაოდ მაღალია სტიგმა. ძალიან ხშირად ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ დაავადებებს შორის ზღვარი არ ივლება და ბევრ მედიასაშუალებას, სამწუხაროდ, მიაჩნია, რომ ეს ორივე ცნება არის ერთი და იგივე. ძალიან ხშირად ჟურნალისტები არ წერენ იმას, რასაც ფიქრობენ. შეიძლება, ჟურნალისტმა დაწეროს ისეთი სტატია, რომელშიც ტოლერანტობა გამოხატოს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ, მაგრამ, გულის სიღრმეში, ისიც სტიგმატიზებული იყოს იმიტომ, რომ თავადაც საზოგადოების წევრია. ამდენად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველას შეეხება და ყველას შეგვიძლია, დავეხმაროთ ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს და ჩვენი ცოდნა გავიუმჯობესოთ ამ მიმართულებით. „მწვანე ბაფთა“ და მაისი არის სიმბოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის სოლიდარობისადმი. ბევრ ქვეყანაში აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ ცნობიერების ამაღლების კამპანიები. წელს დავიწყეთ ჟურნალისტებითა და მედიაკამპანიით. „მწვანე ბაფთა 2018-ის“ მთავარი მესიჯი იყო სტრესი. სტრესულ სიტუაციაში მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შეხვედრის კიდევ ერთი გზავნილი იყო, რომ ჩვენს უშუალო ხელმძღვანელს აქვს მნიშვნელოვანი ვალდებულებები და, ასევე, მედიაორგანიზაციას, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ. ამის განზოგადება შეიძლება ნებისმიერი პროფესიისთვის. ჩვენი ყველა პროექტის შემთხვევაში, რომლის მედიაკონსულტანტიც მე ვარ, მიდგომა არის ასეთი _ ტრენერი ყოველთვის უნდა იყოს უმაღლესი კლასის პროფესიონალი, რომელსაც აქვს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება მედიასთან კომუნიკაციის, როგორც, ამ შემთხვევაში, ქალბატონი ჯანა გახლდათ“.

ნინო აღდგომელაშვილი, პროექტის კოორდინატორი:
„ცნობიერების ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. რომელი ფსიქიკური აშლილობაც უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი იმიტომ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის მქონე ადამიანები არიან გარიყულები. „მწვანე ბაფთისთვის“ კამპანია ჩვენ სტრესით დავიწყეთ. სტრესი, თავისთავად, არ არის ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ თუ ვერ შეძლებ ადრეულ პერიოდშივე სტრესის ნიშნების ამოცნობას, ეს ადამიანს ნელ-ნელა მიიყვანს დეპრესიამდე ან შფოთვამდე, რაც უკვე თავისთავად განეკუთვნება ფსიქიკურ აშლილობას. სიტუაცია რომ არ გართულდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იცოდნენ სტრესის ნიშნების ამოცნობა. ზოგადად, ასეთი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია ცნობიერების ამაღლების კუთხით, რომ სტიგმა შემცირდეს. გარდა სტიგმის შემცირებისა, ადამიანმა რაც უფრო მეტი იცის საკუთარ ჯანმრთელობაზე და, მით უმეტეს, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომელიც, რატომღაც, ტაბუდადებულია საქართველოში, მით მეტად აკონტროლებს თავის ცხოვრებას. ადამიანს რცხვენია საკუთარი პრობლემის გამჟღავნების, ამიტომ საჭიროა ასეთი ტიპის კამპანიები. ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. გადავწყვიტეთ, რომ მაისი იყოს, უბრალოდ, აქტიური თვე ამ მიმართულებით. ეს რამდენიმე ქვეყანაში ტარდება. წლევანდელი თემა იყო სტრესი, თორემ სხვადასხვა დროს განიხილება სხვადასხვა თემა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სტრესი არის ის მნიშვნელოვანი, რაც, თავისთავად, ფსიქიკური აშლილობა არ არის, მაგრამ ყურადღების არმიქცევის შემთხვევაში, შეიძლება, უფრო მძიმე ფორმა მიიღოს. ორი წლის წინ იყო, რომ ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის სამოქმედო გეგმა გაიწერა. მისი ერთ-ერთი ნაწილი იყო ცნობიერების ამაღლება. ცნობიერების ამაღლებაზე ცალკე სამოქმედო გეგმაც კი დაიწერა, რომელშიც ჩართული იყო სამთავრობო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები… უკვე პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმვამდეც მივიდა საქმე, მაგრამ იმ დროისთვის, რატომღაც, სახელმწიფომ ვერ მოიცალა, რომ ეს გეგმა დაემტკიცებინა. მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმ მხრივ, რომ ჩვენ, სამოქალაქმა სექტორმა, ჩვენი გასაკეთებელი საქმე მაინც უნდა გავაკეთოთ. უბრალოდ, ეს, ხშირ შემთხვევაში, არის ხოლმე ფინანსებთან დაკავშირებული და საჭიროა მთავრობის დახმარება. ცნობიერების ასამაღლებლად უნდა ჩატარდეს ისეთი კამპანიები, როგორიც არის მარათონები, გარბენები, ანუ შედარებით მასშტაბური ღონისძიებები, რომელთა გახორციელებაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება შესაძლებელი. ეს კონკრეტული პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. ჩვენ აქტივობები დავგეგმეთ. ვცდილობთ, რომ გავაძლიეროთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მომხმარებლები და მათი ოჯახის წევრები, რადგან მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებში. გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხს კომპლექსურად მივუდგეთ _ ვიმუშავოთ სამთავრობო დონეზე პოლიტიკის დოკუმენტებზე და ა. შ. ჩვენი პროექტი ხუთ ქალაქში ხორციელდება: თბილისში, სიღნაღში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში“.

პროექტ „ფსიქიკური აშლილობებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა საქართველოში“ მიზანია სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება და ფსიქიკური აშლილობებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა.
კონკრეტული ამოცანებია ფსიქიკური აშლილობებისა და ფსიქო-სოციალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა და დაცვა ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების გაზრდის გზით; ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის განხორციელება და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის დანერგვა; ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

პროექტის ძირითადი აქტივობები შემდეგია:
1. სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის გაძლიერება: MH2R (Mental Health & Human Rights) პლატფორმის შექმნა თბილისსა და რეგიონებში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე, მათ შორის, სერვისის მომხმარებელთა ორგანიზაციების მონაწილეობით და ამ თემების ირგვლივ საზოგადოებრივი მოძრაობის გაძლიერება; პლატფორმის მისიის, ხედვისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება; საზაფხულო და ზამთრის MH2R-სკოლები პლატფორმის წევრების უნარების გასაძლიერებლად; პოლიტიკური დიალოგები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე;
2. მედიის მობილიზაცია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე: პროექტის მედია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; მედია-კამპანიები საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი); მედიის წარმომადგენელთა ტრენინგები, მედიის მობილიზაცია: დისკუსიები, ტოქშოუები, მედია ლანჩები, კონკურსები;
3. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და MH2Rკამპანია: სხვადასხვა სახის კამპანიის დაგეგმვა, მათ შორის, ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია, მარათონი, კლდეზე ცოცვა, ველორბოლა და სხვა სპორტული ღონისძიებები;
4. საკანონმდებლო და პოლიტიკის პაკეტების კომპონენტი მოიცავს ფსიქიატრიის შესახებ არსებული კანონის ანალიზს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის სტანდარტების ჭრილში; მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებასა და რამდენიმე „მწვანე ნაშრომის“ (Green Paper) სახით გამოცემას შემდგომი დებატებისა და განხილვისთვის;
5. ფსიქიკური აშლილობებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ადამიანის უფლებებისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის პილოტირება ორ რეგიონში (თბილისი და ბათუმი); ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის დახვეწა, მონიტორინგის გუნდის შერჩევა და სწავლება, მონიტორინგის განხორციელება, დასკვნების გავრცელება;
6. ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია არასრულწლოვნებისთვის: ინდიკატიური პრევენციის ინოვაციური პროგრამების განვითარება და სერვისების პილოტირება თბილისსა და ბათუმში, რაც მიმართულია ბავშვებზე, არასრულწლოვანებზე და მათ ოჯახებზე, რომელთაც აქვთ ფსიქოაქტიური საშუალებების ბოროტადმოხმარების რისკი და/ან არიან კანონთან კონფლიქტში;
7. მესამე მხარის ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა _ მცირე პროექტების კომპონენტი: ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ისეთი საქმიანობების განსახორციელებლად, როგორიცაა ფსიქიკური აშლილობებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირთა მოძრაობის გაძლიერება, უფლებების აღიარება, ადგილობრივი თემების ინფორმირება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე და სხვ.
ფონდმა „გლობალური ინიციატიავა ფსიქიატრიაში _ თბილისი“ შეიმუშავა პუბლიკაცია „ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სტრესის პრევენცია“. ამ პუბლიკაციის მიხედვით „სტრესი ორგანიზმის არასპეციფიკური პასუხია ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც ადაპტაციას მოითხოვს. თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება ჭარბ, სწარაფად ცვალებად და ხშირად, ინტენსიურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. მასთან გასამკლავებლად ჩვეულზე მეტი ენერგია და მობილიზაციაა საჭირო. სტრესულ სიტუაციაში ჩვენი ორგანიზმი ემზადება მოქმედებისთვის და ახდენს საჭირო ენერგიის მობილიზებას“.

ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში _ თბილისი“ გვთავაზობს შემდეგ მნიშვნელოვან გზავნილებს:
რა არის სტრესი _ გვეხმარება თუ გვაზიანებს? _ სტრესი ზოგჯერ გვეხმარება, ზოგჯერ კი _ გვაზიანებს;
რა იწვევს სტრესს? _ სტრესი სუბიექტური გამოცდილებაა;
რა გავლენას ახდენს სტრესი? _ სტრესი გავლენას ახდენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ ურთიერთობებზე, იწვევს ან ართულებს სხვადასხვა დაავადებას;
როგორ ვრეაგირებთ სტრესზე? _ სტრესთან გამკლავების საუკეთესო გზაა გავაცნობიეროთ დაძლევის სტრატეგიები.

მარიამ ტიელიძე