მამუკა ლოლაშვილი: კულტურის პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს…

„ქრონიკა+“-ს ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრ „მაჩაბელას“ დირექტორი _ მამუკა ლომაშვილი ესაუბრება:
_ მამუკა, რა არის და რას გულისხმობს კულტურის პოლიტიკა?
_ კულტურის პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. არ არსებობს მიდგომები და არც სტანდარტები. ძალიან ცუდი სიტუაციაა. ეს არის სფერო, რომელიც საერთოდ არავის ანაღვლებს, არავის აინტერესებს, თუ როგორ ვითარდება, რა მდგომარეობაში იმყოფებიან კულტურის მუშაკები და, ზოგადად, ხელოვანი ხალხი.
_ ივანიშვილი ხომ აფინანსებს კულტურის მუშაკებს?
_ დიახ, ქართული სეგმენტის რაღაც ნაწილს ივანიშვილმა ხელფასები დაუნიშნა, მაგრამ რამდენი ადამიანია, ვისაც ბიძინა არ უხდის ხელფასს? ან რა ვალდებულია, რომ ის აფინანსებდეს ამ ხალხს? ამ ადამიანებმა, ხელოვან ხალხზე ვსაუბრობ, იმდენი იმუშავეს და იმოღვაწეს სცენაზე, რომ მათ უნდა ჰქონდეთ გარანტირებული სიბერე.
_ სახელმწიფოსგან?
_ რა თქმა უნდა, სახელმწიფოსგან. ასე ხელწამოსაკრავი არაა ეს სფერო. მარტივი არ გეგონოთ მსახიობობა. ნუ გვავიწყდება, რომ კულტურა მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის. რომ არა ივანიშვილი, ძალიან ბევრი სარჩო-საბადებლის გარეშე დარჩებოდა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი შემოსავალი და ამ ხალხმა რა უნდა ქნას? ძალიან ბევრი ხელოვანი ვიცი, რომელიც ივანიშვილის ხელფასს იღებს, მაგრამ საერთოდ არ იზიარებს მის პოლიტიკას, პირიქით, საპირისპირო დამოკიდებულება და შეხედულება აქვს. კარგია, როდესაც სპორტსმენებს ასე უწყობენ ხელს და შესაბამისად ბევრი წარმატება მოაქვთ ამ ბიჭებს საქართველოსთვის, მაგრამ ამის ნახევარი ხელშეწყობა არაა ჩვენს სფეროში.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ აფინანსებს ივანიშვილი ამ მსახიობებს?
_ არ ვიცი. იმასაც ვერ ვხვდები, რა პრინციპით არჩევენ ამ მსახიობებს. ვიცნობ ისეთ მსახიობებს, რომლებსაც ნამდვილად ესაჭიროებოდათ ფინანსური დახმარება, მაგრამ არ დაუნიშნეს. იმ ადამიანებმა ხომ მთელი ეპოქა შექმნეს სცენაზე. არ შეიძლება ამ ხალხის დავიწყება და მიგდება.
_ პირადი ინტერესები ხომ არ იკვეთება?
_ შეიძლება, მაგრამ თუ თქვენ მეტყვით, რომ „ქართუ ფონდმა“ ვიღაცას ხელფასი მოუხსნა იმის გამო, რომ არ იზიარებდა ივანიშვილის პოლიტიკას, არ ვიქნები მართალი. პირიქით, ვიცი ადამიანები, რომლებიც იღებენ ამ ფულს, მაგრამ არ გამოდიან იმ აქციებზე, რომელიც მიმართულია დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.
_ რატომ მიაჩნია კულტურის სამინისტროს კულტურა მეორეხარისხოვნად?
_ ლელა უნდა ვიყო, კაკულია, რომ ამ კითხვაზე გიპასუხოთ. ზემოთ აღვნიშნე, რომ არ აქვთ სწორი მიდგომები. გარდა ამისა, საქმე რომ კარგად აკეთო, ის უნდა გიყვარდეს და გული შეგტკიოდეს. იქ, სადაც კულტურის მინისტრი საყდრისის აფეთქებაზე აწერს ხელს, ყველაფერი დამთავრებულია. ახლა გეტყვით ერთ მაგალითს და დასკვნა თვითონ გამოიტანეთ: ჩემმა უფროსმა მეგობარმა მითხრა, რომ მის საიუბილეო საღამოსთან დაკავშირებით მივიდა კულტურის სამინისტროში. აღარ მახსოვს, ვის ესაუბრა და კაი ხნის საუბრის შემდეგ ის პროვნება ეუბნება, რომ მაინც ვერაფერი გავიგეო. სჯობს, ეს საკითხი მინისტრთან გაარკვიოთო. ავიდა მინისტრის მისაღებ ოთახში, მოითხოვა გიორგაძესთან შეხვედრა და იმ იმედით ჩაეწერა, რომ ერთ დღესაც დაურეკავდნენ და დაიბარებდნენ. შენც არ მომიკვდე. როგორც თქვენ დაგირეკეს, ისე დაურეკეს მასაც.
_ ვინაა ეს პიროვნება?
_ სახელსა და გვარს ვერ გეტყვით, მაგრამ საუბარია ადამიანზე, რომელიც ძალიან გვიყვარს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მაყურებელში. შემდგომ შევთავაზე, რომ თბილისის მერიაში შეგვეტანა ეს პროექტი. მივიდა, შეხვდნენ, დაჰპირდნენ და არ დაუფინანსეს. ეს არის მარაზმი, აღარც ღირს უკვე საუბარი.
_ რატომ შეიცვალა ასე რადიკალურად ეს მიდგომები დღეს?
_ ეს მიდგომები არის ინდივიდუალური და სუბიექტური ხასიათის. ვისაც როგორ უნდა და აწყობს, ისე უდგება საკითხს. ადამიანთან შეხვედრას და მოსმენას წინ რა უდგას? ელემენტარული პატივისცემა, ბოლოს და ბოლოს, სამსახურებრივი მოვალეობა, მაგრამ ამას რომ მიხვდე, პიროვნება უნდა იყო და შემდეგ საქმის პროფესიონალი. არავის დაავიწყდეს, რომ ესენი ჩვენ მიერ დაქირავებული მუშაკები არიან და ნება იბოძონ შეგვხვდნენ, დაგველაპარაკონ და ნორმალური პასუხები გაგვცენ. ასეთი დილეტანტიზმი და არაპროფესიონალიზმი კარგს არაფერს მოგვიტანს.
_ მამუკა, როგორ ფიქრობთ, ვინ და როგორ უნდა განავითაროს კულტურა, საიდან უნდა წამოვიდეს ეს ინიციატივა?
_ ვინ და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებმა, რომლებსაც ხელშეწყობა და განვითარება ესაჭიროებათ. ეს კი სახელმწიფოს დახმარებისა და თანადგომის გარეშე როგორ გამოვა? პირველ რიგში უნდა არსებობდეს ამის სურვილი. მინისტრი უნდა ხვდებოდეს ხელოვან ადამიანებს, შემოქმედებით კავშირებს, ცენტრებს თუ საინიციატივო ჯგუფებს. უნდა აინტერესებდეს მათი მიდგომები, შეხედულებები, პრობლემებზე საუბარს არ უნდა გაურბოდეს. კულტურის მინისტრისა და, ზოგადად, სამინისტროს დანიშნულება მხოლოდ პანაშვიდებზე და კამერების წინ სამძიმრის თქმა არაა. ვფიქრობ, ჯერჯერობით, არაფერი შეიცვლება.

გიორგი საკარული