სკოლამდელი განათლება საქართველოში

როგორც ცნობილია, ადამიანს ბავშვობაში მოსმენილი და ათვისებული განსაკუთრებულად ამახსოვრდება მთელი ცხოვრების მანძილზე. რადგან ეს იდეა მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი, სწორედ მსოფლიო დონეზევე უნდა უზრუნველვყოთ ბავშვებისთვის ნებისმიერი სახის გარემო. განათლება და მასთან დაკავშირებული პროცესები განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რადგან, ამ შემთხვევაში, რთულია ინფორმაციის ინდივიდუალური მიწოდება და ადვილია შეცდომების დაშვება.

თამუნა კაცაძე, მშობელი:
„ჩემი პირველი შვილი 2 წლის და 7 თვის იყო, როდესაც პირველად მივიყვანე ბაღში, ხოლო მეორე _ 3 წლის და 7 თვის. პირველი შვილი უკვე 3 წელია, ბაღში დადის, ხოლო მეორე _ მხოლოდ 1 წელია. პირველ ყოვლისა, ბავშვები ამით სწავლობენ თანატოლებთან ურთიერთობას, მეორეც _ ჯგუფურად თამაშს, ხოლო ჯგუფურად მეცადინეობა ბავშვებს ბევრ საჭირო უნარს უვითარებს, რაც, შემდგომ, სკოლაში ადაპტაციას უადვილებს. მესამეც _ ბავშვები ეგუებიან ახალ გარემოს, იმუშავებენ იმუნიტეტს გარკვეული დაავადებების მიმართ (ბაღში სიარულის პირველ წელს თუ ხშირად ცივდებოდა ბავშვი და ადვილად ედებოდა თავისი თანატოლებისგან ვირუსები, შემდგომ წლებში უკვე ძლიერი იმუნიტეტი გამოიმუშავა და უფრო იშვიათად ემართება ვირუსული ინფექცია). სწორედ ამ მიზეზების გამო გადავწყვიტე ბავშვების ბაღში მიყვანა. ბაღი შევარჩიე ტერიტორიული სიახლოვისა და იქ არსებული გარემოს მხრივ: როგორი პერსონალი მუშაობს, არის თუ არა გარემონტებული შენობა, როგორი ეზო აქვს, როგორი ოთახები, დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები, როგორია კვება, რამდენი ბავშვია ჯგუფში და ა. შ. სკოლამდელი განათლება _ ესაა უპირველესი რამ, რომ ბავშვი შემდეგი ეტაპისთვის მოემზადოს. სკოლამდელ განათლებაში არ ვგულისხმობ, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს წერა-კითხვა ან არითმეტიკა, ბავშვმა უნდა იცოდეს მოზარდებთან ურთიერთობა, უფროსის (მასწავლებელი) მითითებების შესრულება, ყურადღების კონცენტრირება და ა. შ. ეფექტიანობას რაც შეეხება, ამაზე ზოგად პასუხს ვერ გავცემ, რადგან არ ვიცი, თუ რა ხდება სხვა ბაღებში, შემიძლია მხოლოდ პირადი მაგალითებით ვიმსჯელო. ჩემი შვილების პედაგოგი თითქმის ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს თავისი მიდგომებითა და ურთიერთობით ბავშვებთან, რაც შემდომ მათ სკოლის პერიოდში დაეხმარება, რომ ადვილად შეეგუონ ახალ გარემოს. კიდევ აღვნიშნავ, რომ სკოლამდელი განათლება, ეს ტერმინი, ბევრი მშობლის მიერ არასწორადაა გაგებული, განათლებაში მხოლოდ ქართულისა და მათემატიკის სწავლა არ მოიაზრება, ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან და ჩემ მიერ ამ ტერმინის ახსნიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ჩემი შვილების პედაგოგი ნამდვილად დადებით ეფექტს ახდენს მათი სკოლამდელი განათლების მიღებაზე. ცვლილებებს რაც შეეხება, უფრო ბევრ სახალისო და, ამავდროულად, ცოდნის მისაღებად საჭირო თამაშს შემოვიტანდი, რომელიც მათ დაეხმარება თანატოლებთან ურთიერთობისას და გარკვეული მასალის (იქნება ეს ლექსი, ფერები, ციფრებისა და ასოების ცნობა, თუ სხვა რამ) ათვისებაში. ჩემს უფროს შვილს, ფაქტობრივად, უკვე ის ცოდნა აქვს, რომელიც მას სკოლის საბაზისო საფეხურზე დაეხმარება. მას შეუძლია საკუთარი თავის შესახებ, მისი მშობლებისა და ოჯახის შესახებ საუბარი, იცის სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, მითითებების შესრულება, ყურადღებით მოსმენა, მისი ცოდნის ფარგლებში დასმულ კითხვებზე შესაბამისი და ადეკვატური პასუხების გაცემა და ა. შ.“

გიორგი გახელაძე _ განათლების ექსპერტი:
„დღევანდელ საქართველოში სკოლამდელი განათლება არაეფექტიანია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მიზეზი ის არის, რომ სკოლამდელი განათლებით სარგებლობს შესაბამისი ასაკის ბავშვების, თითქმის, ნახევარი. ეს მაჩვენებელი ორი წლის წინათ 46%-ს შეადგენდა, ახლა, მგონი, ნახევარს ცოტა გადააჭარბა. ყველა ბავშვი არ ან ვერ სარგებლობს სკოლამდელი განათლების სისტემით. ეს რაც შეეხება რაოდენობრივ მახასიათებელს. თვისობრივი თვალსაზრისით სკოლამდელი განათლების ხარისხი, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია. მარტივად რომ ვთქვათ, ამის მაჩვენებელი არის სწორედ ბავშვების სასკოლო მზაობის კვლევა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, თუ არ ვცდები, ოთხი წლის წინათ. ამის მიხედვით აღმოჩნდა, რომ 6 წლის ბავშვების მზაობა სკოლისთვის, იმ ბავშვების ჩათვლით, რომლებიც ბაღებში დადიან, ძალიან დაბალია, თუმცა ამ უკანასკნელთა მზაობა უკეთესი იყო იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც ბაღებში არ დადიან. თუმცა არც, მაინცდამაინც, სახარბიელო. ეს სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ბავშვების სოციალური უნარ-ჩვევებისა და სწავლის უნარ-ჩვევების განვითარებას, რითაც ისინი უნდა შეეგებონ სკოლას. მართალია, UNICEF-ის დახმარებით საკმაოდ კვალიფიციური სტანდარტები შეიქმნა სკოლამდელი განათლების სისტემაში და ეს სტანდარტები კარგად შედგენილია, მაგრამ ის, ჯერჯერობით, არ ამოქმედებულა. თვითონ სკოლამდელი განათლების შესახებ კანონი, შედარებით, ახალი მიღებულია, ის მართვის სხვა სისტემასაც ითვალისწინებს, მართვის ამგვარ მოდელზე ჯერ ყველა ბაღი არც არის გადასული. ერთიანი სტანდარტის დანერგვა-შემოღება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ“, კერძოდ მისმა დაქვემდებარებულმა ორგანიზაცია „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სააგენტომ“, ჯერ დაწყებული არც არის. ეფექტიანი იქნებოდა შემდეგი რამ: ცვლილებების ინიციატორი არ უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლება, თუმცა, რატომღაც, ამ გზას ვადგავართ. ინიციატორი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობა და მუნიციპალიტეტები. სკოლამდელი განათლება სწორედაც რომ ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადამიანებისთვის და ყველაზე ახლოს უნდა იყოს ოჯახთან. ამიტომ არის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვანი. ეს რომ დღევანდელ საქართველოში შესაძლებელი გახდეს, სადავეები საკუთარ ხელში აუცილებლად უნდა აიღოს მუნიციპალიტეტებმა. ეს უკანასკნელნი იმის ლობირებას მაინც უნდა აკეთებდნენ, რომ მათ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში, რომელიც ნახევრად გამოცარიელებულია, მოიპოვოს სკოლამდელი დაწესებულებების ინტეგრირების უფლება. ეს კარგია და არ იქნებოდა საჭირო, მაინცდამაინც, ახალი შენობების აშენება. სკოლამდელი განათლების სავალდებულოობასთან დაკავშირებით არაფერი იგეგმება. ასეთი ტიპის რადიკალური რეფორმა, სინამდვილეში, მომწიფებულიც არის და საჭიროც XXI საუკუნეში. მეტსაც გეტყვით: სკოლამდელი და დაწყებითი საბაზისო განათლება უნდა იყოს სავალდებულო, ანუ სამი წლიდან 15 წლამდე ბავშვების განათლება უნდა იყოს სავალდებულო. სამაგიეროდ, სახელმწიფომ უარი უნდა თქვას, და ეს იქნება ძალიან რთული, საშუალო საფეხურის ზოგადი განათლების გარანტირებულ უზრუნველყოფაზე“.

ნათია კილასონია, მშობელი:
„ჩემი შვილი 2 წლის იყო, როცა ბაღში მივიყვანეთ. მერვე თვეა, რაც პროცესი მიმდინარეობს. არსებობენ მშობლები, რომლებიც არ მიიჩნევენ საჭიროდ, საკუთარი შვილები ბაღში ატარონ, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი უკვე უშვებენ შვილის აღზრდაში შეცდომას. მართალია, დღესდღეობით, ძალიან ბევრი პრობლემაა ბაღში, რაც გამოსასწორებელია, თუმცა იგივე ხდება სკოლებში. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ბავშვი სკოლის გარეშე დავტოვოთ? ბაღი კი აუცილებელი წინაპირობაა სკოლისა. მეორე საკითხია, რამდენად ასრულებს მის ფუნქციას. სწორედ ამიტომ აუცილებელია, ბავშვმა გაიაროს ეს ეტაპი, რასაც ბაღი აძლევს. თუნდაც ისწავლოს ლექსები, მოემზადოს ზეიმისთვის, ძერწოს, ხატოს, ჩაიცვას მისთვის საყვარელი ფორმა და გამოვიდეს ზეიმზე. ორი წლის ბავშვი უკვე იწყებს საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას. სახლში დატოვებული ბავშვი აკლდება ამ ყველაფერს და ის ხდება ინტერნეტით გაზრდილი ბავშვი. ეს დღევანდელი თაობის სენია. პირადად მე მეორე პატარა მყავს, შესაბამისად, ვერ ვუთმობ დროს და მისი პირველი მოთხოვნა სახლში შემოსვლისთანავე არის კომპიუტერი. რა თქმა უნდა, უარს ვეუბნები. ისიც ითრგუნება, იბუტება და პროტესტს გამოთქვამს. ამიტომ მას უკვე გახანგრძლივებულში ვტოვებ. 5 საათის ნაცვლად 6 საათზე მომყავს და იმ ერთს საათს არა კომპიუტერის თამაშში, არამედ, როგორც თვითონ ეძახის, „ჯმაკაცებთან“ თამაშში ხარჯავს. რეგისტრაციის დროს ის სამი ბაღი ჩავწერე, რომელიც საცხოვრებელ ადგილთან უფრო ახლოს იყო. ამ ასაკის ბავშვისთვის შესაბამის განათლებას აძლევენ. უამრავი რამ ისწავლა. თუმცა, ალბათ, სკოლაში შესვლის დროს ვნახავთ შედეგს, რამდენად არის მზად, გადავიდეს მეორე საფეხურზე. აუცილებელია პედაგოგების გადამზადება _ მკაცრი გადამზადება. ეს არის ის ასაკი, როდესაც ბავშვი შორდება დედის კალთას და მიდის, ეჯახება რაღაც ახალს სრულიად მარტო და ვერ ხვდება, რატომ დატოვა დედამ მარტო, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, იქ ვინ დახვდება. ეს არის უპირველესი, ზუსტად იცოდე, ვის ანდობ შვილს, რომ მის შინაგან სამყაროში არ მოხდეს რამე გარდატეხა, რაც მასზე იმოქმედებს და უკვე პირადად ჩემთვის მეორეხარისხოვანია, რას ასწავლიან მას, ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ სტრესს. ჯერ მხოლოდ სამი წლისაა და მას უკვე ასწავლეს ფერების ცნობა, ყვება ზღაპრებს, რომელსაც ყოველდღე უყვებიან; მოაქვს ნივთები, რომელსაც მასწავლებელთან ერთად აკეთებს;. იცის უამრავი ლექსი. ეს ყველაფერი ჩემთვის, ჯერჯერობით, მისი ასაკიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელია. ვფიქრობ, ბაღი მისცემს შესაბამის განათლებას, იმ ელემენტარულს, რაც სჭირდება. მინდა, ჩემმა შვილმა ყველაფერი მიიღოს მისი ასაკის შესაბამისად და 3 წლის ასაკში მასწავლებელმა არ წამოარტყას, რომ ათამდე ვერ დათვალა“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს მონაცემებს საჯარო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შესახებ მუნიციპალიტეტების მიხედვით. მონაცემები მოიცავს 2017-2018 წლებს. ამ სტატისტიკის მიხედვით:
საქართველოში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების საერთო რაოდენობა 1438 შეადგენს. აქედან თბილისში _ 171, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში _ 114, გურიაში _ 75, იმერეთში _ 283, კახეთში _ 208, მცხეთა-მთიანეთში _ 62, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთში _ 46, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 243, სამცხე-ჯავახეთში _ 50, ქვემო ქართლში _ 107, ხოლო შიდა ქართლში _ 79.

რაც შეეხება ჩართულ ბავშვთა რაოდენობას: საერთო მაჩვენებელმა, საქართველოს მასშტაბით, 153230 აღსაზრდელი შეადგინა. აქედან: თბილისში _ 61247, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში _ 13098, გურიაში _ 3609, იმერეთში _ 23328, კახეთში _ 11407, მცხეთა-მთიანეთში _ 3183, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთში _ 987, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 11066, სამცხე-ჯავახეთში _ 4104, ქვემო ქართლში – 13942, ხოლო შიდა ქართლში _ 7259.

არანაკლებ მნიშვნელოვანია აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწის საერთო რაოდენობა: საქართველოს მასშტაბით ამ მაჩვენებლმა 12394 ადამიანი შეადგინა. აქედან: თბილისში _ 4390, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში _ 1138, გურიაში _ 348, იმერეთში _ 2230, კახეთში _ 921, მცხეთა-მთიანეთში _ 351, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთში _ 141, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1126, სამცხე-ჯავახეთში _ 400, ქვემო ქართლში _ 858, ხოლო შიდა ქართლში _ 491.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარების ხელშესაწყობად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფუნქციონირებს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველო: „სამმართველოს მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლამდელი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული ბავშვის სკოლისთვის მომზადებასა და მათთვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფას. სამმართველო ახორციელებს სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზების მოძიებას; მუნიციპალიტეტების მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელშესაწყობად“.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში გახორციელებულია შემდეგი საქმიანობები:
 2016 წლის 8 ივნისს დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (#5366-IIს), რომელიც აწესრიგებს საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს; განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტებისა და სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებამოსილებებს, ვალდებულებებს, ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;
 გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ _ საქართველოს“ მხარდაჭერით შემუშავდა „ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი“ (რომელიც აწესებს დაბადებიდან სასკოლო მზაობის პროგრამის დაწყებამდე ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის მისაღწევ შედეგებს და საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მახასიათებლებს) და „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი“ (რომელიც განსაზღვრავს აღმზრდელ-პედაგოგისთვის საჭირო ცოდნასა და კომპეტენციებს);
 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 31 აგვისტოს #110/ნ ბრძანებით დამტკიცდა „სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი“, რომლის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდისა და ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ _ საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა სასკოლო მზაობის პროგრამის აღმზრდელის გზამკვლევი, სასკოლო მზაობის პროგრამის ყოველკვირეული აქტივობების კრებული, ტრენინგ მოდული აღმზრდელ-პედაგოგებისთვის, ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემოს მოწყობისთვის საჭირო მასალებისა და რესურსების სარეკომენდაციო ჩამონათვალი (იხ.: ჰტტპ://ნცპ.გე/გე/პრესცჰოოლ-ედუცატიონ/გენერალ-პარტ/დამკჰმარე-საკჰელმდზგჰვანელოები). სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით დაწყებულია სასკოლო მზაობის პროგრამის მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომლის საფუძველზეც განხორციელდება მონიტორინგი, მონიტორინგის შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება პროგრამის შემდგომი განვითარებისათვის;
 ფუნქციონირებს სკოლამდელი განათლების ვებგვერდი www.preschooleducation.ge, სკოლამდელი განათლების „facebook“-ის გვერდი „ადრეული და სკოლამდელი განათლება საქართველოში“.

განათლების სწორად მიწოდების გზები სწორედ ადრეულ ასაკშივე უნდა შემუშავდეს. უნდა იყოს ნაფიქრი, რა ფსიქოლოგიური მოცემულობებია გასათვალისწინებელი ადრეულ ასაკში ბავშვის ცნობიერების ამაღლებისთვის. საერთო და წარმატებული სურათის მისაღებად უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, სადაც ბავშვი ვერ ერევა, შესაბამისად, ის ვალდებულია _ ენდოს. რაც უფრო მეტად იქნება ბავშვის გარემო მობილიზებული, მით მეტ წარმატებას მიაღწევს ბავშვი.

მარიამ ტიელიძე