ძმები გილაურები, „გადაგდებული” მეწარმეები და საქმეში ჩართული ბარაკ ობამა?!

ts

რატომ გაკოტრდნენ მეწარმეობის განვითარების ამერიკულ პროექტში მონაწილე ქართველი მეწარმეები? რატომ ითხოვს „საქართველოს ბანკი” ქართველი მეწარმეებისგან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გადასახდელ ფულს და რა წერილი მისწერა ქართველმა ადვოკატმა ამერიკის პრეზიდენტს? „ქრონიკა+”-ს ესაუბრება „ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის” დირექტორი, ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი:

„ – უჩვეულო და უპრეცედენტო ამბავი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ამერიკის მთავრობის მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ქართველ მეწარმეებს ეხება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2006 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს მეწარმეობის განვითარების პროგრამა შესთავაზა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ინიციატივა იყო. კერძოდ, ამერიკის მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებზე გაცემულიყო იაფი კრედიტი. სიტყვა საქმედ იქცა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ პროექტის განხორციელებისთვის სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკში” შექმნა 600 000-იანი საგარანტიო დეპოზიტი, საიდანაც უნდა მომხდარიყო საგარანტიო სესხების გაცემა. ყველაზე საინტერესო იყო პირობა, რომლის თანახმად, თუკი მეწარმეს სესხის დაბრუნება გაუჭირდებოდა, თანხის მხოლოდ 10%-ს გადაიხდიდა, დანარჩენი 90% კი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გადასახდელი იყო.

_ სესხი კი არა, საჩუქარი ყოფილა…

_ ნამდვილად ასეა! ვინაიდან ეს იყო სუსტი კომპანიებისა და ფიზიკური პირების გაძლიერების მიზნით გაცემული კრედიტი, მეწარმის რისკი, ფაქტობრივად, ნული გახლდათ. ერთ-ერთი კლიენტი, რომელიც სატყუარას წამოეგო, შპს „აგროგანვითარება ქარელია”, რომლის ინტერესებსაც ვიცავ.

_ სატყუარას რატომ?

_ ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. „საქართველოს ბანკმა” შპს საქართველოს „აგროგანვითარება ქარელს” გაუფორმა ხელშეკრულება 150 000 დოლარზე, სადაც ჩაიწერა, რომ თუ მსესხებელი სრული თანხის დაბრუნებას ვერ შეძლებდა, მხოლოდ 30 000 დოლარს გადაიხდიდა, დანარჩენ 120 000 დოლარი კი ამერიკელების მიერ „საქართველოს ბანკში” ჩადებული 600 000-დოლარიანი დეპოზიტიდან დაიფარებოდა. „აგროგანვითარება ქარელის” გარდა დაახლოებით 60-70 სესხი გაიცა, მაგრამ ეს შედარებით მცირე სესხები იყო. პრინციპი გახლდათ ასეთი, რომ ყველგან გარანტორად გამოდიოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრაქტორი „პიეიკონსალტინგი”. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, გეტყვით, რომ კრედიტის თანხებით „აგროგანვითარება ქარელმა” ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში სათბური ააგო და მუშაობას შეუდგა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მსესხებელს დავალიანების გამო შუა ზამთარში გაზს გაუთიშავდნენ. რა თქმა უნდა, პროდუქცია გაფუჭდა და კომპანიამ სესხის დროულად დაფარვა ვერ შეძლო.

_ თუ სწორად ვხვდები, ამ შემთხვევაში უნდა ამოქმედებულიყო ხელშეკრულების მუხლი, რომლითაც სესხის დაფარვა საგარანტიო თანხებიდან მოხდებოდა.

_ დიახ. ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა, რადგან 2007 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, დღემდე დაუდგენელი მიზეზით, „საქართველოს ბანკის” დეპოზიტიდან მოხსნა საგარანტიო 600 000 დოლარი და გაიტანა. ჩვენ დავიწყეთ USAID -ის საქართველოში მუშაობის შესწავლა და მოვიპოვეთ სააგენტოს ანგარიში იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული თანხა გაიტანეს დაუდგენელი მიზეზებით. GESI -ის პროექტის შესახებ „იუესაიდის” 2010 წლის ანგარიშში წერია, რომ „სესხის გარანტიის პროგრამა” („Loan Guarantee Program”) სამი წელი გაგრძელდებოდა და იგი უნდა ყოფილიყო სამაგალითო პროექტი შერჩეულ რეგიონებში, თუმცა ორი წლის შემდეგ USAID -მა, უცნობი მიზეზების გამო, გააუქმა.

_ თქვენი აზრით, „საქართველოს ბანკმა” გარანტორს ხელშეკრულების დარღვევისა და საგარანტიო თანხების გატანის უფლება რატომ მისცა?

_ არ ვიცი, მაგრამ ამ დროს ძმები გილაურებიდან ერთი პრემიერ-მინისტრი იყო და მეორე – „საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი. ჩვენ მოვიპოვეთ წერილები, რომლებშიც „იუესაიდი” „საქართველოს ბანკს” ჰპირდება, – ჩემი 600 000 დოლარი გამატანინე და 100 000-იან გრანტს მოგცემთო. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი „შინაურულად”, მხარეებს შორის კულუარული მოლაპარაკებებით გადაწყდა!

_ თქვენი თქმით, 600 000 დოლარის გამო ამერიკელებმა მეგობარი ქვეყანა „გადააგდეს”?

_ მე ფაქტებს მოგიყვებით და დასკვნები თავად გამოიტანეთ. ამერიკის მთავრობის დავალებით ამერიკულმა კომპანიამ მოიტანა ამერიკული ფული, „საქართველოს ბანკს” საგარანტიო დაუდო, სესხების გაცემა დაავალა და… ეს ფული უკან წაიღო. რა თქმა უნდა, 600 000 დოლარის საქართველოში შემოტანაზე ბუშის რეზოლუცია არ იქნება, მაგრამ ეს ამბავი მაინც მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა. უფრო ანეკდოტური ამ საქმის გაგრძელებაა: „აგროგანვითარება ქარელმა” „საქართველოს ბანკისთვის” მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 000 დოლარის გადახდა მოახერხა. ამასობაში, კომპანიას სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო ვალდებულებებიც დაუგროვდა და სათბურში საგადასახადო სამსახური შევიდა. კომპანიას დანადგარებიდან დაწყებული, მილებით დამთავრებული, ყველაფერი აუქციონზე გაუყიდეს. 2009 წელს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აუქციონიდან შემოსული თანხები პირველი რიგის კრედიტორის, ანუ „საქართველოს ბანკის” დავალიანების დაფარვაზე უნდა წასულიყო და რაც დარჩებოდა, სახელმწიფოს უნდა წაეღო, აღმასრულებელმა კი მთელი თანხა სახელმწიფოს გადასცა. ამის შემდეგ, 2010-2011 წლებში, „საქართველოს ბანკმაც” დაიწყო თავისი ფულის მოთხოვნა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

_ იცოდა თუ არა „საქართველოს ბანკმა” აუქციონის შესახებ, რომელიც „აგროგანვითარება ქარელის” ქონებაზე ჩატარდა?

_ რა თქმა უნდა, იცოდა. იმ პირობით, რომ საგადასახადო სამსახურები აუქციონიდან შემოსულ თანხებს მას გადასცემდნენ, ბანკმა „აგროგანვითარება ქარელის” ქონების აუქციონზე გატანაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა აუქციონის შემდეგ თანხების მიღებაზე პრეტენზია აღარ გამოუთქვამს. ვიმეორებ: იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით აუქციონიდან შემოსული ფული პირველი რიგის კრედიტორს, ანუ „საქართველოს ბანკს” ეკუთვნოდა. ვინაიდან ბანკის ნაცვლად ფული სახელმწიფომ მიიღო, ბანკს ჰქონდა გასაჩივრების ერთთვიანი პერიოდი, რომელიც არ გამოიყენა და თავისი უმოქმედობით ზარალი მიიყენა. ჩვენ მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რატომ დათმო „საქართველოს ბანკმა” ნებაყოფლობით ფული სახელმწიფოს სასარგებლოდ და რატომ დაიწყო მისი მოთხოვნა წლების შემდეგ, როცა გასაჩივრების ვადა გავიდა?!

_ შეიძლება თუ არა ეს განვიხილოთ, როგორც „ძმური შეთანხმების” ნაწილი?

_ ანუ ეს ფული მე მეკუთვნის, მაგრამ შენ წაიღე და მსესხებლებისგან მე ამოვიღებო, არა? არ ვიცი… „ძმობას” რომ თავი დავანებოთ, ეს ის პერიოდია, როცა კომერციული ბანკი სახელმწიფოს ნაწილი და ჯიბე იყო. მე მივედი აღმასრულებელთან და ვკითხე, – რატომ არ იმოქმედა კანონის თანახმად და რატომ არ გადასცა „აგროგანვითარება ქარელის” ქონების გაყიდვით მიღებული თანხა „საქართველოს ბანკს” და იცით, რა მიპასუხა? – ხელფასს ვინც მიხდის, ფული იმას მივეციო. ვითარება იმდენად პარადოქსულია, რომ ყველაფერი აბსურდის თეატრს დაემსგავსა და კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. 2010 წელს, მსესხებლებისგან ფულის ამოღების მიზნით, „საქართველოს ბანკმა” სასამართლოს მიმართა. ბანკი ითხოვს, რომ სესხის სრული მოცულობა, ანუ 150 000 დოლარი ქართულმა კომპანიამ დაფაროს. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა მხარი დაუჭირეს „საქართველოს ბანკის” სარჩელს. მოსამართლემ, რომელიც, სხვათა შორის, „საქართველოს ბანკის” ყოფილი იურისტია, თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მსესხებლებმა წინდახედულება არ გამოიჩინეს და მეორე მხარის გადახდისუნარიანობა არ გადაამოწმეს.

_ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გადახდისუნარიანობა და სანდოობა უნდა გადაგემოწმებინათო?

_ დიახ, უნდა დარწმუნებულიყავით, მართლა გადამხდელი იყო თუ არაო?! რაღა უნდა გადაემოწმებინათ, როცა სესხის ხელშეკრულებაში წერია, რომ სააგენტოს „საქართველოს ბანკში” 600 000-დოლარიანი დეპოზიტი აქვს გახსნილი? „საქართველოს ბანკი” ამბობს, დედას და მამას გეფიცები, 120 000 ამერიკელების გადასახდელია და 30 000 – შენიო, მოსამართლე კი აცხადებს, ეს არაფერს ნიშნავს და ის თუ არ იხდის, შენ უნდა გადაიხადო, იმიტომ, რომ ის ბანკია და შენ – კერძო პირიო. ზოგადად, კომერციული ბანკების მიმართ ასეთი ტენდენციური დამოკიდებულება სიახლეს არ წარმოადგენს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ პირდაპირ მითხრა: ბანკის პოზიცია ერთი პროცენტით თუ მაძლევს შანსს, მის პოზიციას დავიჭერო. მაღალი ალბათობით, საქართველოს უზენაესი სასამართლო თავს აარიდებს და არ განიხილავს ჩვენს საკასაციო საჩივარს. ალბათ, უზენაესი თავს არ აიტკივებს ასეთ პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებით, თუმცა ეს პოლიტიკური საკითხი კი არა, ქვეყნისთვის ლაფის დასხმაა. მიმაჩნია, რომ ამერიკელებმა ქართველ მეწარმეებს „გადაუარეს” და იმის ახსნასაც არ კადრულობენ, თუ რა გახდა საგარანტიო თანხის ქვეყნიდან გატანის მიზეზი?!!

_ რას მოიმოქმედებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ვარაუდი გამართლდა და უზენაესმა სასამართლომ საკასაციო სარჩელი განუხილველი დატოვა?

_ შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 20 ივლისს ამერიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა სპეციალური ხელშეკრულება, რომელშიც არის დებულება ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ. ხელშეკრულების მეორე მუხლი ითვალისწინებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოს შექმნას, რომელიც განიხილავს ამერიკასა და საქართველოს შორის ვაჭრობის და ინვესტიციის საკითხებს. ამ საბჭოსაც მივწერე, ამერიკის პრეზიდენტსაც, სავაჭრო წარმომადგენელსაც, ამერიკის საელჩოსაც, ეკონომიკის მინისტრსაც და ერთადერთი პასუხი, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე მოვიდა, ბატონი ბარაკ ობამასგან იყო. მიმაჩნია, რომ ამერიკის სენატმა და კონგრესმა უნდა შექმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს და დასჯის USAID -ის წარმომადგენლებს, რომლებმაც თავიანთი უპასუხისმგებლო ქმედებებით ქართველი მეწარმეები დააზარალეს. ვფიქრობ, რომ ამ საქმეს ადგილიდან დაძრავს ქართველების დიდი მეგობარი და ამერიკული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი სენატორი, მაკკეინი – ადამიანი, რომელმაც ინიცირება გაუკეთა ამჟამად ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უმთავრეს სამხედრო მოკავშირედ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს არ მივმართე, იმიტომ, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებაში, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობას და ინვესტიციას არეგულირებს, პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ეკონომიკის სამინისტრო მოქმედებს. სამწუხაროდ, კვირიკაშვილის უწყება ძალიან არაადეკვატურად მუშაობს. მივმართავ, მინდობილობას გავუგზავნი, ვთხოვ, განიხილოს და არავითარი პასუხი! ბოლოს და ბოლოს, ამერიკის პრეზიდენტმა გვიპასუხა და ჩვენი ეკონომიკის სამინისტრო რა გახდა?!”

ზურაბ ვანიშვილის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და მას შორის ეპისტოლარული ურთიერთობა რამდენიმე თვის წინათ დაიწყო. ქართველმა ადვოკატმა ბარაკ ობამას ელექტრონულ ფოსტაზე რამდენიმე წერილის გაგზავნის შემდეგ 15 მაისს პრეზიდენტის ლაკონიური პასუხი მიიღო: „ბატონო ზურაბ, ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ თქვენს წერილს”. პასუხი რომ დაგვიანდა, ზურაბ ვანიშვილმა 12 ივნისს ბარაკ ობამას წერილი ფოსტით გადაუგზავნა და ამჟამად პასუხის მოლოდინის რეჟიმშია. ამერიკის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში (რომლის ასლები ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის, მიხაელ ფრომანისა და საქართველოს სავაჭრო-საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელის, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე გაიგზავნა) საუბარია იმაზე, რომ ამჟამად საქართველოში არის სასამართლო საქმე, რომელშიც საქართველოს ბანკი უჩივის საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს იმ სესხისათვის, რომელიც გარანტირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. ჰესის სესხის სადემონსტრაციო პროგრამა (საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ინიციატივა) იყო შექმნილი შვიდწლიანი ხანგრძლივობისთვის, მაგრამ 2 წლის შემდეგ გაუქმდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დღემდე დაუდგენელი მიზეზით. USAID -მა, მისმა კონტრაქტორმა  PIEI CONSULTING-მა და „საქართველოს ბანკმა” ამის შესახებ არ აცნობეს სესხის ბენეფიციარებს, იმის მიუხედავად, რომ ამ პროგრამით სესხები უკვე გაცემული იყო 21 მსესხებლისთვის. ჰესის პროექტის ბენეფიციარები  მოითხოვენ დაუყოვნებლივ ყურადღებას აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოების მხრიდან. წერილის ავტორი ითხოვს, რომ აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო საბჭომ, 2007 წლის 20 ივნისის სავაჭრო და საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, განიხილოს აღნიშნული საკითხი: „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2014 წლის 3 აპრილს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა მიმართვა საქართველოს მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიმართ, რომელშიც მოვითხოვეთ აღნიშნული საკითხის განხილვა. წერილი საკანონმდებლო მაცნეში გამოვაქვეყნეთ იმისათვის, რომ მივიღოთ ერთობლივი ზომები და ბოლო მოეღოს ამ უცნაურ საკითხს, რომელიც გამოწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. ვითხოვთ თქვენს ყურადღებას და წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის”.

„ქრონიკა+”  დაუკავშირდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და „საქართველოს ბანკს”, რომლებისგანაც ოფიციალურ პასუხებს ამ დრომდე ველით.

ნელი თორდია