ქართველი კარდიოქირურგი საერთაშორისო კონგრესზე

17-19 მაისს რუმინეთი, ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მეორე საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს სახელწოდებით “პროგრესი კარდიოლოგიასა და კარდიოვასკულარულ ქირურგიაში” სადაც საქართველოდან მიწვეული კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი სესიის თავმჯდომარე და მომხსენებელია თემაზე “ აორტის სარქვლის ქირურგიული მკურნალობა მინი ინვაზიურად”.

ქართველი ექიმი საკუთარ გამოცდილებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ უმაღლესი დონის სფეროს ექსპერტებს გაუზიარებს. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება იმ ოპერაციის დეტალები, რომელიც ქართველმა კარდიოქირურგმა ბოლო ვიზიტის დროს, სპეციალური მიწვევით 17 წლის რუმინელ გოგონას გაუკეთა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ქარაზანიშვილი იტალიაში 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული კარდიოქირურგია, რომელიც უნიკალურ ოპერაციებს მინი ინვაზიურად ატარებს. იგი დღეს კლინიკა “Helsicore”-ში თავის გუნდთან ერთად მოღვაწეობს.

გასულ თვეს ქართულ და რუმინულ მხარეს, კლინიკებს “Helsicore “ -სა და “ნიკოლა სტანჩოიუს სახელობის გულის ინსტიტუტს” შორის კოლაბორაციას ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანიც რუმინელი ქირურგებისთვის მინი ინვაზიური ქირურგიის სწავლებაა. კოლაბორაციის ფარგლებში გასულ თვეს რუმინეთს ლევან ქარაზანიშვილი თავის გუნდათან ერთად მასტერკლასების ჩასატარებლად სტუმრობდა.

კონგრესზე რუმინულმა მხარემ საჯარო მადლობა გადაუხადა ლევან ქარაზანიშვილს და მის გუნდს გაწეული დახმარებისა და სწავლებისთვის.

ღონისძიება სამდღიანია და იგი 19 მაისს სრულდება.