თანამედროვე მონობა საქართველოში

ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათიათასობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი.
ტრეფიკინგი, იგივე ადამიანით ვაჭრობა, სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრიაა მსოფლიოში, რომელიც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს როგორც ქვეყანას, ასევე კონკრეტულ ინდივიდებსა და მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ან და სარგებლის მიცემის, ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით.
ეს უმძიმესი დანაშაული თანამედროვე მონობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც XXI საუკუნის ყველაზე მწვავე პრობლემასაც უწოდებენ.
ტრეფიკინგის მსხვერპლნი, ძირითადად, ის ადამიანები ხდებიან, რომლებიც, უკეთესი სამუშაოს ძიებაში, სხვა ქვეყნებს მიმართავენ. მიგრაცია, უმეტესწილად, არალეგალურია. გაეროს მონაცემებით, ყოველწლიურად, დაახლოებით, ოთხ მილიონამდე ადამიანი კვეთს სხვადასხვა ქვეყნის საზღვარს და იძულებით შრომაში ან სექსინდუსტრიაში ერთვება.
ამ ადამიანების მდგომარეობა ძალიან რთულია და უმეტეს შემთხვევაში ისინი ტრეფიკინგის შემდეგ ვეღარ ახერხებენ საზოგადოებაში ინტეგრირებასა და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებას.
ტრეფიკინგი ადამიანების უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხერხდება მსხვერპლის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა.
ყოველ წელიწადს მსოფლიოში, საშუალოდ, ორიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70% ქალები და ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ.
ეს რიცხვები და საგანგაშო სტატისტიკა კარგად მიანიშნებს, რომ ადამიანებით ვაჭრობის, ანუ მონობის ეს თანამედროვე ფორმა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის და დიდი საშიშროება, რომელიც სახელმწიფოსა და ინდივიდს უქმნის საფრთხეს.
რა კონკრეტული რეგულაციები არსებობს და როგორ იცავს სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ტრეფიკინგის მძიმე უღლისგან?
საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა „საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საფუძველს. გარდა ამისა, საქართველოს მიერ რატიფიცირებულია „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ოქმი“ და „ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.
საქართველოს ოც ქვეყანასთან აქვს გაფორმებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პოლიციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საერთაშორისო შეთანხმებები, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროშიც. ტრეფიკინგის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამისი ოქმი ხელმოწერილია თურქეთის რესპუბლიკასთან.
საქართველო ადამიანით ვაჭრობის სფეროში დიდი ხნის განმავლობაში განეკუთვნებოდა მესამე კატეგორიის ქვეყანას, რაც საგანგაშო მაჩვენებელია და იმაზე მიანიშნებს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ხდება.
ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი შედარებით უკეთესობისკენ შეიცვალა და საქართველომ დატოვა ნეგატიური კატეგორია, თუმცა მონაცემები მაინც საგანგაშოა.
საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე დაუცველია და საზღვრის გადაკვეთის ან სხვა ქვეყანაში სამსახურის დაწყებისას ძალიან ხშირად ხდება ტრეფიკინგის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლი.
თავად ტრეფიკინგი საკმაოდ კომპლექსური დანაშაულებრივი ქსელია, რომელიც რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს. მათ შორის არის მსხვერპლთა წარმოშობის, ტრანზიტის ან მიმღები ქვეყანაა, ან მათი კომბინაცია, ან ყველა ერთად.
სწორედ ამიტომაც, ამ მასშტაბური პრობლემის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია მსოფლიოს ყველა ქვეყნის თანამშრომლობა და ერთობლივი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ტრეფიკინგის ქსელის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
მანამდე კი სანამ ეს ერთიანი ძალისხმევა ნაკლებად არსებობს, ტრეფიკინგი რჩება უმძიმეს დანაშაულად, რომელიც ყოველდღიურად არღვევს ადამიანთა უფლებებს, მათ შორის, ბავშვების ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა განათლებისა და ჯანდაცვის მიღების უფლება.
ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანები უკეთესი მომავლის იმედით ან ტოვებენ საზღვრებს, ან ქვეყანაშივე იწყებენ მუშაობას, სადაც მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები არაადამიანური, გარემო კი არაჰუმანურია.
ტრეფიკინგის სხვადასხვა ფორმა არსებობს. მათ შორის განსაკუთრებით გავრცელებულია სექსუალური ტრეფიკინგი, ასევე შრომითი ტრეფიკინგი, როდესაც ადამიანები მოტყუებით იწყებენ მუშაობას და მათ უწევთ მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რაც აზიანებს მათ ფსიქიკას.
შრომითი ექსპლუატაცია არის ადამიანების მოვაჭრის მიერ მსხვერპლის გამოყენება ან გაყიდვა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.
2015 წლის 28 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ქვეყანას არ გაუუმჯობესებია პოზიცია ადამიანით ვაჭრობისა და იძულებითი შრომის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
მხარდაჭერის მიუხედავად საქართველო კვლავ რჩება ტრეფიკინგის წყაროდ, სატრანზიტო და საბოლოო დანიშნულების ქვეყნად კაცთა, ქალთა და ბავშვთა სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის მდგომარეობით. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად გადადგმული რიგი ნაბიჯების მიუხედავად, სახელმწიფოს მცდელობა არაეფექტიანია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრეფიკინგი კომპლექსურად შესასწავლი საკითხია, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
ტრეფიკინგის ერთ-ერთ წყაროდ საქართველოში აჭარა სახელდება.
ცალკე განსახილველი საკითხია ტრეფიკინგის მსხვერპლისთვის სტატუსის მინიჭების პროცედურები და წესები, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ დახმარებასა და პროგრამებს ითვალისწინებს ამ დანაშაულით დაზარალებული ადამიანებისთვის.
ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი საქართველოში ორგვარად ისაზღვრება. ერთ შემთხვევაში სამართალდამცველები განსაზღვრავენ, რის შემდეგაც მსხვერპლს აქვს სრული უფლება, მიმართოს ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდს და მოითხოვოს იმ სრული სერვისების მიღება, რომელიც ფონდს აქვს (თავშესაფარი, იურიდიული და ფსიქოლოგიური მომსახურება, ერთჯერადი კონპენსაცია 1000 ლარის ოდენობით).
მეორე შემთხვევაში სტატუსს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები .
მსხვერპლთა სარეაბილიტაციო პროცესში სხვადასხვა უწყებისა და სპეციალობის წარმომადგენლები არიან ჩართული, მათ შორის სოციალური მუშაკები, რომლებიც კონკრეტული მიდგომებით ცდილობენ ამ ადამიანების რესოციალიზაციის ხელშეწყობას და არსებული სტიგმების შედეგად დათრგუნვილი ადამიანების ინტეგრაციას სოციუმში.

– როგორია სოცმუშაკის როლი ამ სარეაბილიტაციო პროგრამაში?
„ქრონიკა+“-ის კითხვებს უპასუხეს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში:
„გარდა სხვა სპეციალისტების ჩართულობისა, სოციალური მუშაკის როლი გამოკვეთილია ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელების პროცესში, როგორც მსხვერპლის რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მხარდაჭერის პროცესში, ასევე პრევენციის დროსაც. კერძოდ:
მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის როლი საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზების პროცესში, რათა საზოგადოებას უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნას იმ საფრთხეებზე, რომელიც დაკავშირებულია ტრეფიკინგთან.
საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ, რაც პრობლემურ საკითხს წარმოადგენს და აფერხებს როგორც მის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ისე – აღნიშნული დანაშაულის პრევენციას.
ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება მოწყვლად ოჯახებთან და პირებთან მუშაობის დროს აუცილებელია. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნარების განვითარების მიმართულებით მუშაობა არასრულწლოვან პირებთან.
გარდა ამისა თემთან მუშაობა _ რესურსებისა და მომსახურებების განვითარების ადვოკატირება, რეინტეგრაციის პროცესის დაგეგმვა. მონიტორინგის პროცესის განხორციელება თემში ტრეფიკინგის მსხვერპლის რეინტეგრაციის შემდეგ“.

საქართველოდან ტრეფიკინგის მსხვერპლი ჩვენი მოქალაქეები ყველაზე ხშირად მეზობელ თურქეთში, ასევე ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ხდებიან.
გასულ წელს მსოფლიოში ტრეფიკინგისთვის 10.000 ადამიანი იყო ბრალდებული, მაშინ როდესაც ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა ათობით მილიონს აჭარბებდა.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ პრობლემად რჩება ადამიანების დაბალი ცნობიერების დონე და ინფორმაციის ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ბევრს საუბრობენ ტრეფიკინგის მწვავე პრობლემაზე, ბევრმა არ იცის, კონკრეტულად რას უკავშირდება ეს დანაშაული და რა პროცედურებით შეიძლება გამოვლინდეს იგი? ამიტომაც შესაბამისი უწყებები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები საზღვრის გადაკვეთის დროს და განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ თავიანთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩნდეს უცხო პირის ხელში.
ტრეფიკინგის ერთ-ერთი მძიმე და საკმაოდ გავრცელებული სახეობაა ბავშვთა ტრეფიკინგი.
ტრეფიკინგის მსხვერპლი ძირითადად ის ბავშვები აღმოჩნდებიან, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობელთა თუ სხვა მზრუნველ პირთა ყურადღებას, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მშობლები თვითონ ყიდიან შვილებს. ხშირად ქუჩაში მცხოვრები ბავშვები მონურ მდგომარეობაში არიან.
მშობლები ან სხვა პირები არასრულწლოვნებს აიძულებენ შრომას, მათხოვრობას და ფულს თვითონ ართმევენ. ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა უმრავლესობა, ძირითადად, სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან, მათ ასევე იაფ მუშახელად იყენებენ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში.
ყოველწლიურად 1.2 მილიონი ბავშვი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედება.
ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვები დაუყოვნებლივ დახმარებას საჭიროებენ, რათა მათ შემდგომში სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრების საშუალება მიეცეთ.
ინდოეთში საათში, დაახლოებით, 11 ბავშვი იკარგება, მათ ნაწილს მშობლები ნებით რამდენიმე ათეულ დოლარად ყიდიან, ნაწილი კი სამსახურის ან სკოლაში მოწყობის დაპირებით მოტყუებით მიჰყავთ დიდ ქალაქებში, სადაც, როგორც წესი, შინამოსამსახურეები ან ტრეფიკინგის მსხვერპლები ხდებიან. ქვეყანაში, სადაც 15 მილიონამდე მონა ცხოვრობს, შინამოსამსახურედ, დაახლოებით, 4 მილიონ ბავშვს უწევს მუშაობა. უცნობია ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა, თუმცა ცნობილია ის, რომ ბავშვებს დღე-ღამეში, დაახლოებით, 16-საათიან სამუშაო გრაფიკით უწევთ მუშაობა ისეთ მძიმე საქმეებზე, როგორიც არის სამშენებლო სამუშაოები, ქარხნები, საბადოები, ტვირთის გადაზიდვა და სხვ.
მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში, იქ სადაც სიღარიბე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, ძალიან ბევრი ბავშვი იმყოფება XXI საუკუნის მონობაში და კარგავს ბავშვობას.

– რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ტრეფიკინგმა ბავშვების განვითარებაზე?
– როგორია მათი რეაბილიტაციის პროცესის სირთულეები?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ბავშვთა ფსიქოლოგი _ თამარ ჩოჩიშვილი:
„ბავშვების შემთხვევაში ასმაგად უფრო რთულია ტრეფიკინგი და მისი სახეობები. ეს კიდევ უფრო დიდი სტრესია მოზარდებისთვის, რომელთა ფსიქიკა მოწყვლადია და სენსიტიურია გარემო მოვლენების მიმართ.
როდესაც ბავშვზე ძალადობენ, აქ უკვე სერიოზული კომპლექსური ჩარევაა აუცილებელი. რეაბილიტაციის პროცესი ბავშვების შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივია, რათა საბოლოო ჯამში ბავშვმა შეძლოს ბევრი პრობლემის გადალახვა.
ტრეფიკინგის გამოვლინებაა ასევე ის, რაც საქართველოში საკმაოდ ხშირად ხდება, როდესაც მეტროში ბავშვები დადიან და შემწეობას ითხოვენ. მათ ამას კონკრეტული პირები აიძულებენ, ხოლო შესაბამისი უწყებები ამ მნიშვნელოვან პრობლემებზე არ რეაგირებენ.
კომპლექსური მუშაობა აუცილებელია ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვებთან. სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი თანაბრად უნდა უწყობდეს ხელს ამ მოზარდების რეაბილიტაციის პროცესს. ხშირია ასევე ფიზიკური დაზიანებები. ამ შემთხვევაში ექიმების ჩარევა ხდება აუცილებელი. ეს პროცესი იმდენ ხანს უნდა გაგრძელდეს, რამდენიც საჭიროა თავად პაციენტისთვის, ანუ დაზარალებულისთვის. არ უნდა იყოს განსაზღვრული სარეაბილიტაციო პერიოდი, რადგან ეს ინდივიდუალური უფროა და ზოგისთვის შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს გამოყოფილი დრო, ზოგისთვის კი _ არა.
რეაბილიტაციის შემდგომ აუცილებელია რესოციალიზაცია ანუ ამ ადამიანების დასაქმება თუკი ის ზრდასრულია და თუ ბავშვია, განათლების მიღება და სხვა ფუნდამენტური უფლებების განხორციელება“.

ადამიანით ვაჭრობა ის უმძიმესი პრობლემაა, რომელიც უკვე საუკუნეებია, არსებობს. ცოტა უფრო ნაკლებია, რაც საჯარო და აქტიური განხილვის საკითხია, თუმცა მაინც ინარჩუნებს დაუძლეველი პრობლემის სტატუსს.
XXI საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ადამიანისთვის შეუძლებელი თითქმის არაფერი აღარაა, მსოფლიოს უამრავი „მონა“ ჰყავს, ადამიანები, რომლებიც არასაკმარისი მონდომებისა თუ კონკრეტული ჯგუფების დაინტერესების გამო საკუთარი ნების წინააღმდეგ იმყოფებიან ტრეფიკინგის მარწუხების ქვეშ.

ანა ურუშაძე