„მეორედ მოსვლის“ სამი მიზეზი და გაუკეთებელი საქმეებით ბაქიბუქი


მთავარი არაა, სუფლიორით კითხულობ თუ ფურცლიდან, მთავარია, რას კითხულობ. ბიძინა ივანიშვილმა ის, რაც გასაკეთებელია და რაც მას და მის გუნდს არ გაუკეთებია, ყველაფერი დაიბრალა და 22-წუთიან გამოსვლაში იმდენი ტყუილი ჩაატია, აქამდე რომ არავის ჩაუტევია. რა თქმა უნდა, ეს, უპირველეს ყოვლისა, სუფლიორის დამსახურებაა, რომელიც სხვა თემებზე გადახტომისგან გაზღვევს, თუმცა ეს სუფლიორი ივანიშვილისთვის აშკარად უცხოპლანეტური გაუგებრობაა, რომელიც ბოლომდე მაინც ვერ დაამუღამა.

როგორადაც არ უნდა იყოს, 22 წუთი გაუძლო კაცმა და ტექსტი ბოლომდე მაინც ჩაიკითხა. მთავარი ამ 22 წუთში გადმოფრქვეული სიბრძნე იყო, რომლის „ჩაანალიზებას“ დაახლოებით იგივე დრო დასჭირდება.
მაშ, ასე! _ მივყვეთ თანმიმდევრულად, არაფერი გამოვტოვოთ და ნურც ნურაფერს გავაბუქებთ.
იმაზე დიდხანს ნუ შევჩერდებით, ბიძინა ივანიშვილს გული რომ წყდება თანამდებობაზე დაბრუნების გამო და პირდაპირ მარგალიტებზე გადავიდეთ. პირველი მარგალიტი დემოკრატიასა და საქართველოში მის დონეს ეხება. ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა-სიტყვით განაცხადა:
„პირადად ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა“.
ამასთან ერთად კი საკონსტიტუციო ცვლილებები გაიხსენა და თქვა:
„წარმატებით დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმის რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესი. ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი და წინაპირობაა!“
გინდ დაიჯერეთ, გინდ _ არა, ივანიშვილის აზრით მისმა ხელისუფლებამ ქვეყანაში დემოკრატია დაამკვიდრა და ამის გამოვლინება საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. საოცარია, მაგრამ ფაქტია, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაც და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, „ვენეციის კომისია“, მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო, არ გაითვალისწინა არავის აზრი: არც პოლიტიკური პარტიების, არც არასამთავრობო სექტორისა და არც მოსახლეობის. ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა „ვენეციის კომისიის“, ეუთოს, ევროსაბჭოს მოწოდებებს, კონსტიტუცია პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად მიეღოთ; შეთანხმებულიყვნენ ოპოზიციასთან ყველაზე მნიშვნელოვან და ზეპარტიულ თემებზე, მაგალითად ისეთ თემაზე, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, რომელიც არ შეიძლება გამოხატავდეს მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ვიწრო ინტერესს. მთელი მსოფლიო უხსნიდა „ქართულ ოცნებას“, რომ საარჩევნო სისტემა არის თამაშის წესები, რომელიც საერთო უნდა იყოს ყველასთვის. ამიტომაა საჭირო კონსენსუსი, მაგრამ „ოცნებამ“ ეს არ შეისმინა და არაფერი გაითვალისწინა, რაც მის პოლიტიკურ ინტერესში არ შედიოდა. შედეგად დატოვა მაჟორიტარული სისტემა, რომლის იმედითაც აპირებს 2020 წელს მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენას.
„ოცნებამ“ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება მოსახლეობის 90%-ზე მეტის სურვილს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი იყოს პირდაპირი წესით არჩეული და არა ხელისუფლების მიერ დანიშნული. თითქოს მთელი ერი კი არა, ცხვრის ფარა ითხოვდეს რაღაცას. პრეზიდენტის არჩევის უფლება ხალხს წაართვეს და იქით ვალი დაგვდეს, _ მეტი რა გინდათ, ერთხელ კიდევ აგარჩევინებთ პრეზიდენტს და მერე მხოლოდ ჩვენ დავნიშნავთო.
აი, ყოველივე ამას ბიძინა ივანიშვილი უწოდებს დემოკრატიულ სტანდარტს და წარმატებულად დასრულებულ საკონსტიტუციო რეფორმას. მერე რა, რომ არც დემოკრატიული სტანდარტი გვივარგა და არც საკონსტიტუციო რეფორმა შედგა, მთავარია, ბიძინა გამოვიდეს ყრილობაზე და თქვას, რომ ყველაფერი კარგადაა. ხომ გჯერათ, ხალხო?!. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მე „ჭარბი ნდობა“ მაქვს, ამიტომ ჭამეთ ის, რასაც გეუბნებით და მორჩა!!!
ივანიშვილის თქმით მას და მის გუნდს სამართლიანი არჩევნებიც დაუმკვიდრებია ქვეყანაში. დიახ, დიახ, ასეთი ტყუილის თქმას, მართლაც რომ, დიდი ვაჟკაცობა სჭირდება, მაგრამ ივანიშვილს „ჭარბ ნდობასთან“ ერთად, ეტყობა, ჭარბი ვაჟკაცობაც აქვს. აი, მისი ფრაზა დემოკრატიულ არჩევნებზე:
„ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ხალხი დემოკრატიული გზით ირჩევს ხელისუფლებას და თავადვე ანიჭებს მას სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციას. დღეს ჩვენ გვყავს არა არჩევნების გაყალბებით, არამედ ხალხის ნდობის საფუძველზე შერჩეული ხელისუფლება“.
ჩავაზუსტოდ: ხალხის ნდობით ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის ნახევარზე მეტი გაძლევს ხმას. ანუ 50%-ს+1 ხმა. ასეთი გამარჯვების შემთხვევაში პარტიას სრული იურიდიული და მორალური უფლება აქვს, ერთპარტიულად დააკომპლექტოს საპარლამენტო უმრავლესობაც და მთავრობაც, მაგრამ ჩვენ სრულიად საპირისპირო ვითარება გვაქვს დღეს ქვეყანაში…(!)
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის მხოლოდ 48%-მა, ანუ ნახევარზე ნაკლებმა. ე. ი. 52%-მა „ოცნების“ წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ ივანიშვილის პარტია დღეს 80%-ით ზის პარლამენტში და არათუ საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს, საკონსტიტუციო უმრავლესობაც ხელში აქვს და თუ როგორ ჭრის და კერავს კონსტიტუციას, კი ვხედავთ ყველა.
არჩევნები არ ყალბდებაო, _ გვიმტკიცებს ივანიშვილი. როგორც ჩანს, მას დაუმალეს ან, უბრალოდ, არ მოისურვა ენახა ის ათასობით გაყალბებული ოქმი, გაყალბების ამსახველი ვიდეოკადრები და არჩევნების პროცესში ჩართული უამრავი ადამიანის ჩვენება, სადაც ტოტალურ გაყალბებაზეა საუბარი.
საქართველოს ისტორიაში ბევრი გაყალბებული არჩევნები გვინახავს, მაგრამ გაყალბების ამდენი დამადასტურებელი დოკუმენტი ოპოზიციას ჯერ არასდროს ჰქონია ხელთ. არც ის უნახავს ვინმეს, რომ მთელ ოპოზიციას, ოც პოლიტიკურ პარტიას, ერთიანი სარჩელით მიემართოს სასამართლოსთვის.
და, აი, მთელ ამ თავზე ჩამომხობილ არჩევნებს ივანიშვილი ქართველი ხალხის ახდენილ ოცნებას უწოდებს. თურმე, 48%-ს რომ მიიღებ და პარლამენტში 80%-ით შეიყვან დეპუტატებს, ეს ყოფილა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლა. ადმინისტრაციული რესურსით, 15 ლარით ადამიანების მოსყიდვით, დასტებად ბიულეტენების ყუთში ჩატენით, ოქმებით მანიპულირებით, დათვლის დროს ხმების მოპარვით რომ დაიწერ შედეგს, ეგ ყოფილა თურმე ქართველი ერის ოცნება.
ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნისო, _ ნათქვამია. როგორც ჩანს, „ჭარბი ნდობაც“ ეგრეა. ოღონდ, გარყვნასთან ერთად ეგ, როგორც ჩანს, აბრმავებს კიდეც, რადგან ილუზიას გიჩენს, რომ რაც არ უნდა მოიგონო და მოიტყუო, ამ „ჭარბი ნდობის“ გამო ერი ყველაფერს შეჭამს და ყველაფერს გადაყლაპავს.
სანამ თანამდებობაზე დაბრუნების მიზეზებს განმარტავდა, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ რამდენიმე მიღწევაზე გაამახვილა ყურადღება. მათი უმეტესობა ძალიან ზოგადი შინაარსის იყო, დაახლოებით, ასეთი: „დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისგან დაცული არიან“; ან ასეთი: „თვალში საცემია წინსვლა საგარეო მიმართულებით. საქართველო არასოდეს ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ამჟამად“. ვითომ?!! არ გეჩვენებათ, რომ რეალობა სულ სხვაა და ევროპასთან დაახლოების მაგივრად ყოველდღიურად ვშორდებით მას?!
შედარებით გასაგები და კონკრეტული იყო ტრაბახი იმით, რომ, თურმე, საქართველოში კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და მონოპოლიები საერთოდ აღარ არსებობს. მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ამონარიდს სუფლიორზე დაწერილი ტექსტიდან:
„დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავარი სოციალური ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფალი განვითარების ძირითადი საფუძველი _ კერძო საკუთრება“.
რა საინტერესოა, ვისი კერძო საკუთრებაა დაცული? აშკარაა, რომ ივანიშვილი თავის კერძო საკუთრებაზე ლაპარაკობს და გულისხმობს იმ 80 მილიონს, რომელიც მისმა კომპანია „ელიტა ბურჯმა“ 2012 წლის არჩევნებიდან მეორე დღესვე დაიბრუნა. ეს გასაგებია, მაგრამ რა შუაშია აქ ქართველი ხალხი და მათი კერძო საკუთრება? ივანიშვილს თუ არ ახსოვს, შევახსენებ, რომ თავისი 80 მილიონის დაბრუნების შემდეგ მან უტიფრად განუცხადა ქონების დაბრუნების მომლოდინე ათობით ათას ადამიანს, რომ „უკაცრავად, მაგრამ სადაა მაგდენი ფული, ყველას რომ დაგიბრუნოთ წართმეული ქონებაო?!“.
მაშინ უკვე ნათელი იყო, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში მხოლოდ თავისი ფულის დასაბრუნებლად, მის დასაცავად და მის გასამრავლებლად მოვიდა; სხვისი კერძო საკუთრება კი როგორც ეკიდა ფეხზე 2012-ში, ისე კიდია 2018-შიც.
კიდევ ერთი ბობოლა ტყუილი, რომელიც ივანიშვილმა სუფლიორის მონიტორზე ამოიკითხა, იყო ის, რომ ქვეყანაში, თურმე, თავისუფალი კონკურენცია ყვავის და ხელისუფლებამ მონოპოლიებს ბოლო მოუღო. ვინმემ შარი რომ არ მომდოს, გთავაზობთ ზუსტ ამონარიდს:
„აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზებული სფეროები“.
აი, როგორც დაიცვა და დააბრუნა „ოცნებამ“ ხალხის კერძო საკუთრება, ზუსტად ისე მოაგვარა ქვეყანაში მონოპოლიები.
ისევ იქამდე მივდივართ, რომ ივანიშვილს ან უმალავენ რაღაც-რაღაცებს, ან თვითონ არ უნდა, რეალობას გაუსწოროს თვალი. ჯერ რაც შეეხება ხელისუფლებასთან შეზრდილ ბიზნესმენებს, ხომ ვერ მეტყვის ვინმე, ვინ არიან პარლამენტში მყოფი მაჟორიტარი ბიზნესმენები? ნეტავ, ვინ ლობირებს მათ ბიზნესებს და რატომ არის მათი მონოპოლიები ხელშეუხებელი? უამრავი მაჟორიტარის დასახელება შეიძლება, რომელთა წყალობითაც ქვეყანაში ყვავის მონოპოლიები, ოლიგოპოლიები და კარტელური შეთანხმებები, მაგრამ ძალიან რომ არ შეგაწყინოთ თავი, ერთი ოქრიაშვილის დასახელებაც კმარა, რომელიც დმანისის მაჟორიტარია და მხოლოდ იმიტომაა მეოთხედ დეპუტატი, რომ თავის სააფთიაქო ქსელ „პეესპეს“ ლობირება განახორციელოს. სწორედ ასეთი, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების დამსახურებით გვაქვს ქვეყანაში ფარმაცევტული ოლიგოპოლია, რომელიც აფთიაქში შესულ ადამიანს ტყავს აძრობს და ხშირად უსახსრობის გამო უწამლოდ ტოვებს. წამალი, რომელიც კარტელურ გარიგებებში მყოფ ქართულ აფთიაქებში იყიდება, ხშირად ათჯერ ძვირი ღირს, ვიდრე იგივე წამალი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა უცხოურ ფარმაცევტულ საიტზე, რომ უბრალო წნევის წამალი, რომელიც საქართველოში ხუთი ლარი ღირს, მთელ მსოფლიოში 15-17 ცენტი, ანუ 40 თეთრი ღირს. კიდევ ურო საშინელი ვითარებაა შედარებით მძიმე დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით. წამალი, რომელიც ყველგან 100-120 ლარი ღირს, ოქრიაშვილი და მისნაირი მონოპოლისტები გვაიძულებენ, 1500 ლარად ვიყიდოთ.
ამას გარდა, იქნებ, აგვიხსნას ბიძინა ივანიშვილმა, რატომ ღირს საწვავი ყველა ბენზინგასამართ სადგურზე ერთი და იგივე ფასი, მაშინ როცა ერთი აზერბაიჯანულია, მეორე _ რუსული, მესამე _ რუმინული, მეოთხე _ ბულგარული და ა. შ.?! საინტერესოა, როგორ უნდა დავამარცხოთ მონოპოლიები, როცა ქვეყანაში არც დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახური გაგვაჩნია და არც კონკურენციის დამკვიდრებისთვის საჭირო პოლიტიკური ნება?! და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყვავიან მონოპოლიები და ხელისუფლება კი ხელის გულზე ატარებს მასთან შეზრდილ ბიზნესმენებს, ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში კონკურენციის მხრივ ყველაფერი კარგადაა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აბრმავებს ილუზიები „ჭარბ ნდობასთან“ დაკავშირებით.
საოცარია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის აზრით მან და მისმა გუნდმა მოახერხა რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია. ძნელი სათქმელია, ეს მას თავადაც სჯერა, თუ მხოლოდ იმაზეა გათვლილი, ვინც შეჭამს _ შეჭამს?.. ვინც არა და თავში ქვა უხლია. როგორც არ უნდა იყოს, ივანიშვილს ერთი წამითაც არ რცხვენია ამის თქმა მთელი ერის წინაშე. მცოცავმა ოკუპაციამ თითქმის ავტობანამდე მოაღწია, ყოველდღე იტაცებენ და კლავენ ადამიანებს და ამას, თურმე, დეესკალაცია ჰქვია. ისე, რომ ვთქვათ, ასეთი განცხადებების კეთება ივანიშვილისთვის პრობლემა არასდროს ყოფილა. ერთხელ და ორჯერ გვინახავს, როცა ბატონი ბიძინა კატეგორიულად უარყოფს თავის ნათქვამს? გავა დრო და იტყვის, _ არავითარი დეესკალაცია მე არ მიხსენებიაო. ესეც იმ სერიიდანაა, ვინც ჭამს, _ ჭამს…
მოკლედ, მიღწევებზე ლაპარაკით გული რომ იჯერა, ივანიშვილმა გადაწყვიტა, გაგვიმხილოს სამი მიზეზი, თუ რატომ აღდგა სოლოლაკის სასახლიდან და რატომ მოგვევლინა მეორედ პოლიტიკურ თანამდებობაზე?
თუ აქამდე ჩამოთვლილ, ვითომ მიღწევებს, შეგვიძლია ვუწოდოთ ტყუილი, თანამდებობაზე დაბრუნების მიზეზებს მხოლოდ ეს ტერმინი ვერ ახსნის. აქ უკვე ივანიშვილისეული არაადეკვატურობა ისეთი დოზით შემოიჭრა, რომ ცოტაც და „ია ზნაიუ ვაშუ გადაცემუსაც“ გადაფარავდა.
აი, პირველი მიზეზი, თუ რატომ გახდა ქართველი ერი ერთადერთი ერი დედამიწის ზურგზე, რომელმაც „მეორედ მოსვლა“ იხილა. მეორედ მოსულმა ბრძანა, რომ პირველი მიზეზი არის:
„ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები“.
დიახ, დიახ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ იმიტომ დავბრუნდი, რომ ოპოზიცია ისედაც მძიმე სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო მუქ ფერებში წარმოაჩენსო.
ის, რომ ოპოზიცია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ხელისუფლება აკრიტიკოს და ფერები მუქად წარმოაჩინოს, ეს ბანალური ჭეშმარიტებაა, რომელიც ყველამ ვიცით და ამაზე ყურადღების გამახვილებაც არ ღირს. გასაოცარი ისაა, ივანიშვილი რომ ანიჭებს ამ ამბავს იმხელა მნიშვნელობას, რომ ამის გამო აკეთებს იმას, რაც საშინლად ესიკვდილება, ანუ თანამდებობაზე ბრუნდება. ყველას კარგად ესმის, რომ ეს არავითარი მიზეზი არაა ივანიშვილისთვის, ეს სიტყვის მასალად ნათქვამი ფრაზაა. თითქოსდა ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომლის გამოც ზევსმა ოლიმპოდან ჩამოსვლა გადაწყვიტა. ამ ზევსს წესიერი მრჩევლები მაინც რომ ჰყავდეს, ცოტა უფრო საინტერესო მიზეზების გამოწოვაც შეიძლებოდა თითიდან, თუმცა რაც არის, ეს არის.
ივანიშვილის დაბრუნების პირველ მიზეზში გაცილებით უფრო საინტერესო პირველი ნაწილია, სადაც ის აშკარად თავისდაუნებურად აღიარებს, რომ ქვეყანაში ობიექტურად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა. ამ გულწრფელი აღიარებით ივანიშვილმა, ასევე თავისდაუნებურად, ცელი გამოუსვა იმ მიღწევებს, რომლებზედაც რამდენიმე წუთით ადრე ისაუბრა. აღარც ხალხისთვის დაბრუნებული ქონებიდან, აღარც აყვავებული და დოვლათის შემქმნელი ბიზნესიდან, პრაქტიკულად, აღარაფერი დატოვა. თუმცა იმის გამო, რომ ეს იყო ერთადერთი ფრაზა ივანიშვილის ტექსტში, რომელიც ქვეყანაში არსებულ რეალობას მცირედით მაინც შეესაბამება, ნუ გამოვეკიდებით მის კრიტიკას და გადავიდეთ „მეორედ მოსვლის“ მეორე მიზეზზე.
ეს მიზეზი პირველზე ადეკვატური იყო-მეთქი რომ ვთქვათ, არ იქნება მართალი. ივანიშვილის ფორმულირება ასეთია:
„ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი“.
ე. ი. ოპოზიციამ იმდენი უჩხიკინა ხვრელს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილი აიძულა, გარეთ გამომძვრალიყო. ამის აღიარებით ივანიშვილი მხოლოდ თავის სისუსტეს წარმოაჩენს. მისთვის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა სწორედ ის იყო, სადაც იგი ბოლო ხუთი წელიწადი იმყოფებოდა. კულუარული მმართველის როლზე კომფორტული შეუძლებელია, რამე იყოს. წარმოიდგინეთ, გაქვთ განუსაზღვრელი ძალაუფლება და ნული პასუხისმგებლობა; მართავთ ქვეყანას, იძლევით ბრძანებებს, ნიშნავთ და ათავისუფლებთ პრემიერ-მინისტრებს და მინისტრებს, აკონტროლებთ სასამართლოს, თქვენი ბანკი მართავს მთელ საბანკო სისტემას, თქვენი ხელის ბიჭები მართავენ მედიის 99%-ს. ყოველივე ამის პარალელურად კი ყველანაირ შეცდომაზე, შეუსრულებელ დაპირებებზე, უფსკრულისკენ მიმავალ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ვიღაც სხვას, რომელსაც არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, უბრალოდ, განტევების ვაცია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მთელი მთავრობა ცოცხის მდგომარეობაშია. არჩევნების წინ ძველი ცოცხი უნდა გამოიცვალოს. ხომ იყო ვიღაც ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბიძინას დავალებით საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სახლში გაუშვეს? დღემდე არ ვიცით ეს კაცი ან რა დამსახურების გამო გახდა ქვეყნის პრემიერი, ან რა დააშავა ისეთი, რომ სულ მადლობებით გააპანღურეს თანამდებობიდან. მთავარია, რომ ცოცხი მოძველდა. ძალაუფლება არ გააჩნია, მაგრამ ვინმეს ხომ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში არაფერი კარგი არ ხდება?!! ჰოდა, აგერ, ბატონო, შესანიშნავი ვაცი და დააბრალეთ ყველაფერი მას. ასეა დღევანდელი პრემიერიც და ყველა მინისტრიც. როცა ყველაფერს კულუარული მმართველი მართავს, არც ერთი ცოცხი, არც ძველი და არც ახალი, კარგად არ გვის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, გვის თუ არა? მთავარია, რომ ხალხი ამას ჭამს.
ივანიშვილის იძულებითი მოსვლის შემდეგ კი, ამ მხრივ, მდგომარეობა ნაწილობრივ მაინც შეიცვლება. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მზადაა, ყველაფერი ჭამოს, იმას მაინც დაინახავს, რომ ივანიშვილი რიგითი „ენჯეოშნიკი“ აღარაა და ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. შესაბამისად, ამ პარტიის მიერ გაკეთებულ თუ გაფუჭებულ საქმეებზეც პასუხისმგებლობა მას უნდა დაეკისროს.
ასე რომ, შეჩხიკინებამ აშკარად პოზიტიური შედეგი გამოიღო. მარტო ის რად ღირს, თავი აღარ მოგვეჭრება, რადგან აღარავინ იტყვის მსოფლიოში, საქართველოში კულუარული მმართველობააო.
დაბოლოს, „მეორედ მოსვლის“ მესამე და ყველაზე ადეკვატური მიზეზი, ივანიშვილის თქმით, ესაა:
„ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“.
თუ რამდენად სუსტი გაუგებრობები დატრიალდა „ქართულ ოცნებაში“, მთელმა ქვეყანამ ნახა. ახლებსა და ძველებს შორის გაჩენილმა უფსკრულმა უკვე ისე დააღო პირი, რომ ძალიან მალე მთელ პარტიას გადაყლაპავს. მთავარია, როდის იქნება ეს მალე? ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოჩვენებითი ერთობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე მაინც შენარჩუნდეს, შემდეგ კი დაიწყება მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამბები სწორედ მაშინ გველის. გახლეჩილ „ოცნებაში“ ძველებსაც და ახლებსაც იმის იმედი ჰქონდათ, რომ ბიძინა სწორედ მათ მხარეს დაიჭერდა. როცა პირველ შეკრებაზე ივანიშვილმა კობახიძესა და მდინარაძეს ყურები აახია, ძველებმა იფიქრეს, გვეშველაო, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. საბოლოოდ, პოლიტსაბჭოში მაინც ყურებახეულები დატოვეს და ძირძველი მეოცნებეები კი გამოაპანღურეს. ახლა რამდენიც არ უნდა იყვირონ ბესელიამ და ფოფხაძემ, სულ არ გვინდოდა პოლიტსაბჭოში ყოფნაო, ფაქტია, რომ შერიგება არ შედგა. ამდენად, დიდი ჩაანალიზება არ უნდა იმას, რომ მომავალი წლიდან დედა შვილს არ აიყვანს „ქართულ ოცნებაში“.

დემნა ვეშაპიძე