როგორ უთხრის ძირს რუსული სპეცსამსახური ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას?!!

12 მაისის „ბართლომეს ღამემ“ ქართული პოლიტიკა სხვა კალაპოტში გადაიყვანა, ანუ ნარკობიზნესთან ბრძოლის ის ფორმა, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა, აჩენს ეჭვს, რომ ამ ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციას პოლიტიკური საფანელი ჰქონდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მომხდარში, რაღაცნაირად, „რუსული ნარატივი“ დაინახა. რა შუაშია რუსეთიო? _ იკითხეს „პროქოცებმა“. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია _ კლუბური ცხოვრება (ხაზს ვუსვამ _ კლუბური ცხოვრება და არა _ წამალდამოკიდებულება ან „ბარიგობა“) დასავლეთთან, დემოკრატიასთან, თავისუფლებასთან ასოცირდება. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც, როცა წითელ იმპერიაში ბევრი რამე იკრძალებოდა, მათ შორის, მუსიკაც და ასევე საბჭოთა ადამიანებს იმაშიც არწმუნებდნენ, რომ სექსი „ხიხია“ იყო და ამიტომ სექსით არ უნდა დაკავებულიყვნენ. სხვათა შორის, კომუნისტების ცრუ და ფარისევლურ მორალს კარგად წარმოაჩენს „სექსუალური ქცევის“ კოდექსი, რომელიც 1924 წელს გამოცემულ ბროშურაში დაისტამბა: „რევოლუცია და ახალგაზრდობა“. „წითელი სექსის“ კოდექსი 12 მუხლისგან შედგებოდა და ეს მუხლები გახლდათ:
„მუხლი 1: პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს.
მუხლი 2: აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილებების შეკავება, ქორწინება კი სოციალურ და ბიოლოგიურ მომწიფების პერიოდში, 20-25 წლის ასაკშია დასაშვები.
მუხლი 3: სქესობრივი კავშირი მხოლოდ სიყვარულის ობიექტის მიმართ მრავალმხრივი სიმპათიისა და მიჩვევის დასკვნითი ნაწილია.
მუხლი 4: სასიყვარულო აქტი მოცემულ მომენტში წყვილს შორის არსებული სიღრმისეული და რთული განცდების დაბოლოებაა.
მუხლი 5: სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს.
მუხლი 6: სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია. რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნება.
მუხლი 7: სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური.
მუხლი 8: ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი გაგიჩნდეთ – საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე.
მუხლი 9: სქესობრივი ობიექტის შერჩევა, კლასობრივი რევოლუციის თანახმად, პროლეტარისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულობით უნდა მოხდეს.
მუხლი 10: სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მოხიბვლის სხვა ხერხები.
მუხლი 11: დაუშვებელია ეჭვიანობა.
მუხლი 12: კლასს შეუძლია ჩაერიოს თავისი წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას არაფერში შეუშლის ხელს, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება“.
მართალია, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო და „ერთა მძლე კავშირი ძმური“ 28 წლის წინათ დაინგრა, მაგრამ საზოგადოების ნაწილში საბჭოური მენტალობა დღემდე ცოცხლობს, ანუ თუ დავაკვირდებით, ე. წ. მორალისტები დღესაც ამბობენ, რომ სექსი „ხიხიაა“ და ამ იდეოლოგიას უმეტესად ისინი მისდევენ, რომლებიც ჭეშმარიტ მართლმადიდებლებსა და ქრისტიანებს უწოდებენ თავს. სიტყვამ მოიტანა და შემთხვევითი, ალბათ, არც ის არის, რომ მართლმადიდებლობას, უმეტესად, ისინი იცავენ, რომლებიც ღიად თუ ფარულად სამშობლოდ ჩრდილოეთს, ე. ი., რუსეთს მიიჩნევენ და, პრაქტიკულად, ვლადიმირ პუტინის თეზასაც იზიარებენ, რომ სსრკ-ს დაშლა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო.
იმაში გასაკვირი და, მით უმეტეს, ახალი, რომ ყველაზე დიდი „მართლმადიდებლები“, ღიად თუ ფარულად, რუსეთუმეები არიან, არაფერია, რადგან საქართველოს უახლესი ისტორია ნათელყოფს, რომ კრემლი ქართულ ცნობიერებაზე სწორედ ეკლესიის, უფრო სწორად, ზოგიერთი ქართველი მღვდელმსახურის საშუალებით ახდენდა გავლენას და ახდენს. ხოლო იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მართლაც ეროვნულ ფასეულობებსა და მართლმადიდებლობას იცავდნენ და იცავენ, კრემლი „ცეცხლითა და მახვილით“ უსწორდებოდა და ეს უტრირებული ნათქვამი არ გახლავთ. დიახ, ჩვენმა „დიდმა ძმამ“ და „ერთმორწმუნე“ მეზობელმა ყველა მოძღვარი, ვინც რუსულ იმპერიალიზმს აპროტესტებდა, საიქიოს გაისტუმრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მხვდელმსახურთა მკვლელობები გამოუძიებელი დარჩა.
ფაქტები კი ასეთია:
1917 წლის 17 სექტემბერს, პირველი საეკლესიო კრების ბოლო დღეს, ეკლესიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აერჩია. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობლის ორი კანდიდატი გახლდათ _ ეპისკოპოსი კირიონი და მიტროპოლიტი ლეონიდე. 448 დელეგატიდან 237-მა კირიონს დაუჭირა მხარი, რაც რუსეთის იმპერიისთვის ცხელი წყლის გადასხმას ჰგავდა. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ შეიძლება დავუშვათ, რომ კათოლიკოს კირიონის თავიდან მოცილება სწორედ იმავე დღეს დაიგეგმა (პატრიარქის მკვლელობაზე ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ), თუმცა ჭეშმარიტად ქართველ მღვდელმსახურთა მკვლელობები კირიონის საიქიოში გასტუმრებით არ დარულებულა:
უწმინდესის იდუმალებით მოცული გარდაცვალებიდან მალევე დაუდგენელი პირები კირიონ მეორის საარჩევნო აგიტაციის მეთაურს, მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს საკუთარ სახლთან მოკლავენ;
ამავე პერიოდიში მცხეთაში, ჯვრის მონასტერში მოკლულ არქიმანდრიტ მირიანს იპოვიან;
1918 წლის სექტემბერში ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონს (გიორგაძე) საკუთარი სიძე მოწამლავს;

30-იან წლებში მომავალ პატრიარქს, დავით დევდარიანს (ყოფილ ომბუდსმენ ნანა დევდარიანის ღვიძლი ბაბუა) სამი შვილიდან ერთ-ერთი შიმშილითა და სიცივით მოუკვდება. დავითი დასახმარებლად მდიდარ ნათესავს მიაკითხავს, _ რახან მღვდელი ვარ, შეშა არავინ მომყიდა, ვიცი, სამი ნავთქურა გაქვს და ერთი მათხოვე, სიკვდილისგან სხვა შვილები მაინც ვიხსნაო. მდიდარი ნათესავი დავითის თხოვნას ყურად არ იღებს.
სხვათა შორის, უცნაურია თავად პატრიარქ დავიდ დევდარიანის აღსასრულიც: ის დიაბეტით დაავადდა და საავადმყოფოში იძულებით დააწვინეს. ამბობენ, რომ პატრიარქს სასიკვდილო არაფერი სჭირდა, მაგრამ ერთი ვერსიით, ნემსის გაკეთება დაუგვიანეს, კომაში ჩავარდა და მოკვდა;

დავით მეხუთის სიკვდილამდე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი, გვარად მაჭავარიანი, უკვალოდ გაქრება;
50-იან წლებში ეპისკოპოს ნაუმ შავიანიძის ვაჟს დახვრეტენ; პროტოდიაკონ ამბროსი ახობაძეს გადასახლებაში მარჯვენა ხელს დაუშანთავენ, პირჯვარი რომ ვერ გადაიწეროო.
ქართული ეკლესიის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მღვდელმსახურთა ტრაგედიები რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო ინსპირირებულ-დაგეგმილი. ასევე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩრდილოეთის უშიშროებას ჩვენს ეკლესიაში მეკავშირეები დღესაც უხვად ჰყავს, თუმცა კონკრეტული ფაქტების გარეშე ვინმეს დადანაშაულება უდანაშაულობის პრეზუმპციისა და, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ შეიძლება.
რაც შეეხება კათოლიკოს კირიონ მეორის (საძაგლიშვილი) აღსასრულს, რომელიც, თავის დროზე, თვითმკვლელობად მოინათლა, იმ დეტალების გასაჯაროებით, რომელსაც „ქრონიკა+“ დღეს გთავაზობთ, დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ კირიონს სიცოცხლე სუიციდით არ დაუსრულებია და ის ბინძური რუსული თამაშების მსხვერპლი გახდა.
მაშ, ასე! ზუსტად ასი წლით უკან დავბრუნდეთ და თვალი გადავავლოთ 1918 წლის 26 ივნისის ქრონიკას, რომელზედაც ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რ. ივანიცკი (ინგილო), თავის დროზე, ამბობდა:
„მარტყოფის მონასტრის საიდუმლო უცნობია! რა მოხდა წმინდა ანტონის მონასტერში, დანამდვილებით არავინ იცის… საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათალიკოზმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მისი სასიკვდილო იარაღზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც!“
კირიონ საძაგლიშვილის პატრიოტიზმი რუსებს ნერვებს უშლიდა და ჯერ კიდევ ცარიზმის დროს საერო ხელისუფლებამ მასზე საიდუმლო მეთვალყურეობა დააწესა. მას „სასულიერო მთავრობაც“ „პოლიტიკურად არასაიმედო და მეფის ხელისუფლებისთვის მიუღებელ პიროვნებად“ მიიჩნევდა და ავიწროებდა. მეტიც: კირიონი გორის ეპისკოპოსობიდან გაათავისუფლეს, სამშობლოში მოღვაწეობა აუკრძალეს და რუსეთში, კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში გააგზავნეს, რაც, პრინციპში, გადასახლება იყო. ქართული ეკლესიის თავდადებულ ქომაგ ნიკოლოზ დურნოვის გადმოცემით, კირიონ საძაგლიშვილის საქართველოდან განდევნის საბაბი სვეტიცხოვლის ტაძარში საბერძნეთის დედოფლის მიმართ მის მიერ წარმოთქმული მისალმება გახდა, რომელშიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს ეკლესიის აღმავლობა-წინსვლა ალეგორიულად მოიხსენია.
1905 წელს კირიონ საძაგლიშვილს საქართველოში აბრუნებენ და სოხუმის ეპარქიის მმართველად ნიშნავენ. სწორედ ამ დროს მეფის რუსეთი სოხუმში ასიმილისტურ, ანუ აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილების პოლიტიკის გატარებას იწყებს, რასაც კირიონი უპირისპირდება. 1907 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ კირიონის წინააღმდეგ ბრძოლა განახლდა და, აფხაზთა გაქართველების ბრალდებით, იგი სოხუმის ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლეს. ადგილობრივი მოსახლეობა კირიონის დაცვას ცდილობს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საპროტესტო წერილს 909 ადამიანი აწერს ხელს, მათ შორის, _ ადგილობრივი რუსები და აფხაზებიც. „კირიონის დროს რუსები სლავურ ენაზე, ბერძნები _ ბერძნულზე, ქართველები ქართულ ენაზე ისმენდნენ წირვა-ლოცვას და აფხაზებიც მალე მოისმენდნენ აფხაზურ ენაზე“, _ ნათქვამია საპროტესტო წერილში, რომელიც არიქვშია დაცული.
ერთი სიტყვით, საარქივო მასალები მოწმობს, რომ კირიონ მეორე შეთქმულების მსხვერპლი გახდა…
1918 წლის 26 ივლისს კათოლიკოსი კირიონი მარტყოფის მონასტერში არქიმანდრიტ ტარასისა და ვასილ კბილაშვილთან ერთად ჩაბრძანდა. ერთი ვერსიით, პატრიარქს მარტყოფში ქრისტეფორე კაპანაძეც უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ ვინაიდან კირიონს საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში წიგნები დარჩა, ქრისტეფორე გზიდან მიაბრუნა და წიგნების წამოღება დაავალა…
„…პატრიარქმა წელზე არამიწიერი სიცივე იგრძნო. ჯერ გაუკვირდა, მერე ცალყბად გაიღიმა.
შეეშინდა?..
ალბათ, _ არა…
ანდა რისი უნდა შეშინებოდა?! ეს ხომ „ბრაუნინგია“, მისი გადასახლებისა და ჭირ-ვარამის თანამოსაყდრე…
ისე, კირიონს სიკვდილი სულ ფეხდაფეხ დაჰყვება. მართალია, რუს ეგზარხოსებს თავი როგორღაც დააღწია, მაგრამ კინაღამ სამშობლოში მოკლეს. ეს ამბავი შარშან, 1917 წლის 1-ლ ოქტომბერს სვეტიცხოველში სწორედ იმ დღეს მოხდა, კირიონი კათალიკოზ-პატრიარქად რომ აღსაყდრდა:
უწმინდესმა წირვა დაასრულა და, მღვდელმთავრების თანხლებით, გასასვლელისკენ დაიძრა. მოულოდნელად უცნობი მიუახლოვდა და ქაღალდის ნაგლეჯი მიაჩეჩა. ანონიმურ წერილში გარკვევით ეწერა, ხალხში მკვლელია დამალული და ტაძრიდან გახვალ თუ არა გესვრისო.
პატრიარქი წამითაც არ შეყოვნებულა…
გასასვლელამდე რამდენიმე ნაბიჯიღაა დარჩენილი…
მრევლი დაზაფრულია…
ყარამან კიკნაველიძემ ხალხის ტალღა გაარღვია და კირიონს გვერდით ამოუდგა. ყარამანი ავტორიტეტული კაცია. ადრე, თურმე, ყაჩაღად ყოფილა გავარდნილი…
_ მომეცით ხელი, თქვენო უწმინდესობავ! აბა, ვინმემ გაბედოს თქვენთვის სროლა! _ შესძახა კიკნაველიძემ და პატრიარქი სამშვიდობოს გამოიყვანა…
ამ ამბიდან გავა სამი-ოთხი თვე და კირიონის მოკვლას კიდევ ცდიან. „მკვლელობის სცენარი“ კი საეკლესიო საბჭოს იმ სხდომაზე „დაიწერება“, რომელზეც კათოლიკოსის პირადი მდივანი და საკათოლიკოსო საქმეთა მმართველი უნდა აერჩიათ. ამ თანამდებობაზე კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინცაძემ დავით დავიდოვის კანდიდატურა წამოაყენეს. დავიდოვის გაგონებაზე კირიონს ფერი ეცვალა, თუმცა არ შეიმჩნია…
ზემოხსენებულ თანამდებობაზე კეკელიძე და ცინცაძე პროტექციას უწევენ კიდევ ერთ პიროვნებას _ ალექსანდრე ნიკიტინს, თუმცა კირიონი ვეღარ მოითმენს და წამოიძახებს:
_ თქვენ თუ საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავიდოვს აირჩევთ, მე კათოლიკოსის ხარისხს ავიყრი!
დარბაზში სამარისებური სიჩუმე გამეფდება…
სიტყვას ითხოვს საბჭოს წევრი, ობერ-პროკურორი ჩიტო კაპანაძე:
_ გასაოცარია ზოგიერთის განწყობილება, როგორ შეიძლება საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად იმ კაცის არჩევა, რომელიც მუდამ რუსის ეგზარხოსების ჯაშუში იყო!
დავით დავიდოვის მომხრეებს საბოლოოდ წაუხდათ ნირი…
საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად ალექსანდრე ნიკიტინს ირჩევენ…
_ ბატონო ჩიტო, დავით დავიდოვი შეშფოთებული გეძებთ, დღეს უკვე სამჯერ გიკითხათ, _ მოახსენა მეორე დღეს სამსახურში მისულ კაპანაძეს მსახურმა, თუმცა ობერ-პროკურორს ამ ფაქტისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია…
…საკათოლიკოსო საბჭო დღესაც შეიკრიბება. ანაზდეულად დარბაზში დავით დავიდოვი შემოვა, დამსწრე საზოგადოებას ცივად მიესალმება და ჩიტო კაპანაძეს მკვახედ ჰკითხავს:
_ თქვენ რა სთქვით ჩემზე?
_ ის, რაც ვიცოდი და საჭიროდ მივიჩნიე. უკან დაიწიეთ და თქვენი ადგილი დაიჭირეთ!
_ გაიმეორეთ, რა სთქვით? _ დავიდოვს თვალები დემონივით უელავს.
_ მე ის ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ვინც რუსი ეგზარხოსების ჯაშუში იყო, თავისუფალი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველი ვერ იქნება! _ აუღელვებლად წარმოთქვა კაპანაძემ. სწორედ ამ დროს დავიდოვმა მუშტი მოუქნია. მერე, რევოლვერიც იშიშვლა, თუმცა დავით ჩიქოვანმა იმარჯვა და დავიდოვს ხელები დაუჭირა. ამასობაში მილიციაც მოვიდა…
მერე, დრო რომ გავა, რევოლვერმომარჯვებული დავიდოვი კირიონის კაბინეტშიც შევარდება, თუმცა ამჯერად მორჩილი გერმოგენე იმარჯვებს და კათოლიკოსს „დემონის ბრჭყალებისგან“ იხსნის…
…ლოცვა რომ დაასრულა, კირიონმა სამუშაოს მიჰყო ხელი. ამასობაში ნაშუაღამევიც დადგა.
პატრიარქი დასაძინებლად მოემზადა…
ზუსტად ღამის პირველი საათია…
უწმინდესი, როგორც წესი, დილის 5 საათზე იღვიძებს. ამ ტრადიციას, ალბათ, არც დღეს დაარღვევს, მაგრამ… უკვე 6 სრულდება, კირიონი კი არ ჩანს.
რატომ?
რა ხდება?
ნეტავ, ავად ხომ არაა?
_ ცოტა ხანს კიდევ ვაცალოთ და თუ კარი არ გააღო, ჩვენ შევიდეთ, _ გადაულაპარაკა ვასილ კბილაშვილმა არქიმანდრიტ ტარასის.
ცოტა ხანიც გავიდა…
კირიონი ისევ არ ჩანს…
არქიმანდრიტი ტარასი და დავით კბილაშვილი კათოლიკოსის საძინებელში შედიან…
კირიონი საწოლზეა მისვენებული, სახე წითლად აქვს შეღებილი…
„ბრაუნინგიც“ აქვეა…
უწმინდესმა პატრიარქმა თავი მოიკლა?
არა, ეს შეუძლებელია!
დაუჯერებელია!..
იქნებ, ვინმე ფანჯრიდან შემოიპარა და მოკლა?
ეს უფრო ლოგიკურია, მაგრამ კათოლიკოსის ოთახს მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს, რომელიც მიწიდან 4 მეტრითაა დაცილებული. მაშასადამე, მკვლელს ოთახში უხმაუროდ შეღწევა გაუჭირდებოდა.
აბა, რა მოხდა?!
„ბოროტი სული“, იქნებ, კარიდან შემოვიდა?
დავუშვათ, ასეა, მაგრამ სანამ კირიონამდე მიაღწევდა, ჯერ ის ოთახი უნდა გაევლო, სადაც არქიმანდრიტ ტარასისა და ვასილ კბილაშვილს ეძინათ, მაგრამ მათ ხმაური კი არა, ფაჩუნიც არ გაუგონიათ…
ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უწმინდესმა პატრიარქმა თავი მოიკლა? ისე, თუ თავის მოკვლას აპირებდა, ქრისტეფორე კაპანაძე წიგნების წამოსაღებად თბილისში რატომღა დატოვა?
იმ ღამეს მარტყოფის ტაძარში, იქნებ, დემონი შეიპარა?
იქნებ, თავად ლუციფერმა გამოჰკრა თითი „ბრაუნინგს“?
იქნებ… იქნებ…
…და კიდევ უამრავი „იქნებ“…
გავა წლები და ეს „იქნებ“ უარესად გაფართოვდება, ჩაიხლართება, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აიზილება და საქმე იქამდეც კი მივა, რომ ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი იტყვის, კირიონს „ბრაუნინგისთვის“ კი არ უნდა მიემართა, არამედ ქართველი ერისთვისო. ისე, ისტორიკოს ჯანაშვილს კირიონი არც სიცოცხლეში ჰყვარებია, თურმე…“
მარტყოფის მონასტრის ტრაგედიიდან წელს ასი წელი გადის. ამ ხნის განმავლობაში უწმინდესი პატრიარქის სიკვდილი, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ შეისწავლა. ისე, გასაკვირი არაა, რომ „წითლები“ ამ ტრაგედიით არ დაინტერესდნენ, მაგრამ კირიონი ხომ ნოე ჟორდანიას ხელისუფლების დროს მოკლეს.
რატომ დადუმდა ეროვნული მთავრობა? ვინ შეუკვეთა კირიონის განადგურება? ვინ მოიყვანა „განაჩენი სისრულეში“? რა ვერსიები გაჩნდა იმდროინდელ ქართულ პრესაში და მიდის თუ არა კვალი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან? _ ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. ერთი კია: კირიონის დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. საფლავის ქვა, საკათოლიკოსო საბჭოს დავალებით, დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ და ქრისტეფორე კაპანაძემ ნეოფიტე აგლაძეს დაამზადებინეს და 1919 წლის 10 ივნისს დადგეს.
საინტერესო დეტალი: კირიონის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კერძოდ, 1918 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა ტარდება, რომელსაც, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, თბილელი მიტროპოლიტი და კათოლიკოს-პატრიაქრის მოსაყდრე, ლეონიდეც ესწრება. საბჭო კირიონის მემკვიდრედ სწორედ მას ასახელებს. ზოგიერთი მღვდელმსახური ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ზუგდიდელი მღვდელი ტროფიმე ჯოხთაბერიძე კი შინაგან საქმეთა მინისტრს საგანგებო დეპეშას უგზავნის, სადაც ნათქვამია, რომ ეს კათოლიკოსის არჩევის არაკანონიერი და არადემოკრატიული გზა არის. პარალელურად, საგანგებო დეპეშას მთავრობის თავმჯდომარეც იღებს და ანონიმური ავტორი ნოე ჟორდანიას ეკითხება:
„ვინ მისცა საკათალიკოსო საბჭოს განუსაზღვრელი უფლება, რომ ხალხის დაუკითხავად სწყვეტს საქართველოს ეკლესიის ბედს? ჩვენ გყვავდა ღირსეული კაცი, მაგრამ მას შურით მაცქერალმა კაცმა არ აცალა სიცოცხლე და თავისი ბინძური ხელი შეურია მის წმინდა სისხლში!“
1919 წლის თებერვალში სვეტიცხოველში მიტროპოლიტი ლეონიდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ეკურთხება. საგანგებოდ ამ დღისთვის მთავრობა მცხეთაში მატარებელს დანიშნავს. ლეონიდეს აღსაყდრებას ექვთიმე თაყაიშვილიც დაესწრება.
კირიონის დაკრძალვის დღეს, 1918 წლის 7 ივლისს, სიონის საპატრიარქოს ტაძარში დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ განაცხადა:
„არ ვიცი, შენი ასეთი მოულოდნელი და უცნაური სიკვდილი ჩვენი გაუგებრობის თუ უმადურობის ნაყოფია. ვერ გამიგია, რას ვთხოულობდით კიდევ შენგან?! სხვა ქვეყანაში ასეთ ნაამაგარ, დამშვრალ მცხოვან მოღვაწეს დაასვენებენ ხოლმე, სიბერის ჟამს დაუტკბობენ, განვლილ ტანჯვა-წამებას დაუამებენ და თუ კიდევ სამოღვაწოდ მოიწვევენ, მაშინ თავს ევლებიან მას, ტვირთს უმსუბუქებენ, რათა მისი სიბრძნე-გამოცდილებით ასარგებლონ ქვეყანა. ჩვენ ასე ვერ მოვიქეცით… ქედმაღლობა, გამძვინვარებული შური, საარაკო თავხედობა გამოვიჩინეთ“.
სხვათა შორის, კირიონის გარდაცვალების შემდეგ, კერძოდ, 1918 წლის სექტემბერში, მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე, ასევე მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე და ბერები _ მირიანი და გერმოგენი მოკლეს(!).
მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კირიონ მეორე (საძაგლიშვილი) წმინდანად შერაცხა.
ე. წ. რუსული ინტრიგები, როგორც აღვნიშნეთ, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე დაჰკლებია და ამის ნათელი მაგალითია „ციანიდის საქმე“, რომლის შესახებაც უკვე ბევრი ითქვა, ამიტომაც ამ თემას აღარ განვავრცობთ, თუმცა „ქრონიკა+“ ყურადღებას გაამახვილებს ერთ არცთუ უმნიშვნელო დეტალზე, რომელიც „ციანიდის საქმეს“ უძღოდა:
2014 წლის ზაფხულში სოციალურ ქსელში პატრიარქის სახელით განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ილია მეორე თითქოს გადადგომას აპირებდა. ამ თემაზე საუბრისას უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც გარკვეული მიზეზის გამო ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, ჩვენს გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ „ციანიდის სკანდალამდე“ სამი წლით ადრე პატრიარქის შესაძლო გადადგომის თემის შემოგდებით რუსულმა სპეცსამსახურმა, რომელიც საბჭოთა „კაგებეს“ სამართალმემკვიდრეა, სიტუაცია დატესტა:
„ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში პატრიარქის გადადგომის პრეცედენტი, როგორც ვიცი, არ ყოფილა და მსგავსი ფაქტი კათოლიკური ეკლესიისთვისაც უცხოა _ ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე წლის წინათ რომის პაპის გადადგომას რამხელა აჟიოტაჟი მოყვა. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ თავის დროზე პატრიარქის გადადგომა „შემოგდებული“ იყო, რომელიც მიზნად ისახავდა დაძაბულობასა და ეკლესიის შიგნით განხეთქილების დათესვას. სხვათა შორის, წინა ხელისუფლებას ეკლესიაში თავისი დასაყრდენი ჰყავდა და ვითარების განეიტრალება მხოლოდ პატრიარქის გონიერებით მოხერხდა. საპატრიარქოში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობას აწარმოებენ და იმაზე ფიქრობენ, თუ ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი. „ციანიდის საქმე“ და რამდენიმე წლის წინათ ილია II-ის სახელით გავრცელებული განცხადებაც პატრიარქზე დარტყმა, მასზე ზემოქმედება იყო და მეტი არაფერი, რაც რუსული სცენარია.
ზოგადად, რუსულ სპეცსამსახურებს ახასიათებთ _ ვიდრე თემას შემოაგდებენ, განვითარების მთელი მოდელი აქვთ აწყობილი. იმ ტერიტორიებზე, რომელიც კრემლის ინტერესებშია, ეროვნული და რელიგიური შუღლის გასაღვივებლად რუსული სპეცსამსახურების უზარმაზარი ანალიტიკური დეპარტამენტები მუშაობენ“.
ჩვენივე წყაროს თქმით, მოსკოვში დღემდე ფუნქციონირებს საბჭოთა კავშირის დროს დაარსებული ე. წ. ცნობიერების ინსტიტუტი, რომელიც მასების განწყობებს სწავლობს და სპეცსამსახურსა თუ პოლიტიკურ ელიტას იმ მესიჯებს აწვდის, თუ როგორ უნდა მოხდეს ხალხის ცნობიერებაზე ზემოქმედება. ამ მხრივ, როგორც უშიშროების ყოფილი თანამშრომელი „ქრონიკა+“-ს ეუბნება, საქართველოს მოსახლეობაც შესწავლილია და ჩრდილოეთი სწორედ ამ თემებით მანიპულირებს, ანუ დადგენილია, რომ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე „სუსტი წერტილი“ ნაციონალური გრძნობებია და, როგორც ირკვევა, კრემლი სწორედ ამ თემებით აპელირებს _ ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ დასავლეთი ჩვენს ეროვნულობას, მართლმადიდებლობას ემუქრება და ამიტომ საქართველოში ლიბერალიზმმა ვერ უნდა მოიკიდოს ფეხი. არადა, მართლმადიდებლობა ყველაზე ლიბერალური რელიგიაა!
ასე რომ, ჰიბრიდული ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ახლა მოდუნება და პროვოკაციებზე წამოგება ყველაზე დიდი შეცდომა იქნება!

გიორგი აბაშიძე