აქცია ქვეყნის გამარჯვებისთვის და არა „კაიფისთვის“

ორი წლის წინ, როდესაც შს ექსმინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „ბირჟა მაფიის“ კარტი გაათამაშა და აღშფოთებული ახალგაზრდები ქუჩაში გამოვიდნენ, ძალიან სკეპტიკური მოსაზრება გამოვთქვი მათი ზეიმის მიმართ. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი „ფეისებისა“ და ფულიანი მამიკოების შვილების მხარდაჭერით არ გამოიხატება.

მაშინ ის „გამარჯვება“ ბერა ივანიშვილსაც მიეწერა. და თუ ბერას ცალკეულ პოზიციებს გავიხსენებთ და გავაანალიზებთ, ცხადია, რომ ის უფრო არსებული სიტუაციებით არის ნაკარნახევი, ვიდრე პოლიტიკური ან საზოგადოებრივი პრაგმატიზმით. ეტყობა, მასაც სჭირდება ქუჩაში ათასობით უკმაყოფილო ადამიანი და ესკალაცია იმისთვის, რომ ოჯახის უფროსი საკუთარ პოზიციაში დაარწმუნოს. ეს პოზიტიური გამონათებები დროთა განმავლობაში თავად მას დააზარალებს. პრობლემა ქვეყანაში საკმაოდ ბევრია და თუ ბერა ახალგაზრდების, თანატოლების პრობლემების მოგვარებაზე, მათთვის ცხოვრების გაუმჯობესებაზე მხოლოდ მას შემდეგ იფიქრებს, რაც ოჯახის უფროსის მიერ შექმნილი სისტემა ვიღაცას თავს გაუჩეჩქვავს ან ციხეში ჩააგდებს, ასეთი რეაგირება და გულწრფელობა ჩალის ფასია. ამის მიუხედავად, მაინც შევეცადოთ, რომ ეჭვი არ შევიტანოთ მის გულწრფელობაში და ზემოთქმული მოსაზრება კეთილი რჩევა იყოს მისთვის.
ახლა ბოლო ვნებათაღელვის შესახებ. მოვაშოროთ ამ ყველაფერს ავანტიურისტები, პოლიტიკანები და ჩასვრილები.
ამის შემდეგ დავტოვოთ თავად თემა _ ნარკოპოლიტიკა. რადგან კლუბებში შევარდნის მიზეზი ნარკოტიკები იყო, განვითარებული მოვლენებიც ამ შევარდნის საფუძველზე გახლდათ ისპირირებული და ბოლოს, ბექას _ კრიმინალი რომ არ არის, იმისი _ და მინისტრის შეთანხმება, მაინც ამ თემამდე დავიდა.
ახლა ისეთი ვითარებაა, რომ თვით ის ადამიანებიც, რომლებიც ნარკოტიკებზე არიან გამდიდრებულნი და სხვისი შვილების გაუბედურებით აქვთ მილიონები დაგროვილი, აცხადებენ, რომ ნარკორეალიზატორებს დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოეცხადოს. მაგრამ უშვებთ იმას, რომ ეს 8 ახალგაზრდა, რომელიც ბოლო სპეცოპერაციისას დაიჭირეს შესაძლოა, „სამსახურში“ იყვნენ და მათი ამ საქმეში ჩართვის იძულება მოხდა? ანუ ვის ვუცხადებთ ბრძოლას, _ ამათ თუ იმათ, ვინც ამ ნარკოკარტელის სათავეშია და რომელიც ფანტომივით გვემალება და რომლის არსებობა ყველამ ვიცით და არავინ ვამბობთ? ეს ნაკრკოკარტელი ის 8 ახალგაზრდა ნამდვილად არ არის, ეს ნარკოკარტელი დიდია მოცულობითაც და შინაარსობრივადაც და მასში სახელმწიფოც არის ჩართული ცალკეული ჩინოვნიკებისა თუ სტრუქტურების მეშვეობით. თან ამჟამად მოქმედი ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია და ინსტრუმენტია სახელმწიფოს ხელში.
ახლა ქვეყნის კანონმდებლები და აღმასრულებელი ხელისუფლება აცხადებს, რომ ლიბერალიზაციის მიმართულებით მიდის. თუმცა ცხადია, რომ ეს მის ინტერესებში არ შედის და პრობლემა მართლა გრამების განსაზღვრა კი არ არის, რა უნდა იყოს მიჩნეული დიდ დოზად და რა მისაღებ დოზად, არამედ ის, რომ არავის სურს ლიბერალიზაცია და ლეგალიზება.
ჩვენ გვაქვს პორტუგალიის მაგალითი, გვაქვს სტატისტიკა, რომ ამ ქვეყანაში ნარკომომხმარებელი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ახლა საქართველოში გვყავს და დღეს, სულ რაღაც, რამდენიმე წელიწადში კანონის მიღებიდან, ამ ქვეყანაში ყველაზე ნაკლები ნარკომომხმარებელი ცხოვრობს. ბმული სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ შემცირებულია სხვა სახის დანაშაულიც _ ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა.
რატომ არ მივდივართ ამ გზით? მაგრამ იქამდე ვთქვათ, რას ვითხოვთ ჩვენ _ საზოგადოება? ლიბერალიზაციასა და ნარკოტიკების სრულ კონცენტრაციას ხელისუფლების ხელში.
მოდელი ძალიან მარტივია _ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც არის ნარკოტიკის მომხმარებელი, ვალდებული უნდა იყოს, განაცხადოს ამის შესახებ და დადგეს აღრიცხვაზე. დამალვა უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი.
ნარკომომხმარებელს ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება უნდა მიაწოდოს თავად სახელმწიფომ და ფასი იყოს შავი ბაზრის ფასის ფარგლებში. ნარკომომხმარებელს კი კანონით უნდა აეკრძალოს ამ ნარკოტიკული საშუალების გადაყიდვა.
ნებისმიერ ნარკომომხმარებელს უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება სახელმწიფოს ხარჯზე, არა უმეტეს ორი შემთხვევისა.
ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის უნდა დაწესდეს შეზღუდვები და მათ აეკრძალოთ:
საქმიანობა სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებებში;
ავტომანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვა;
საქმიანობა სამედიცინო დაწესებულებებში, საბანკო და საფინანსო სექტორში;
სამაშველო სამსახურში;
საქმიანობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
სახელმწიფომ უარი უნდა თქვას მათი სწავლა-განათლების დაფინანსებაზე;
და ა. შ. შესაბამისად, ამ მხრივ რეგულაციები უნდა იყოს ძალიან მკაცრი.
ანალიტიკოსი დავით გამცემლიძე მიიჩნევს, რომ ინფორმაცია ნარკომანის შესახებ უნდა გადაეგზავნოს ევროკავშირს, რომელთანაც მოქმედებს უვიზო ერჟიმი და ყველა სხვა სახელმწიფოს სამართალდამცველ ორგანოს. ამ ინფორმაციაში იგი იქნება დახასიათებული, როგორც პოტენციური საფრთხის შემცველი პიროვნება.
მისივე მოსაზრებით, იმ ნარკომანებს, რომლებსაც არ აქვთ მატერიალური საშუალება, შეიძინონ ნარკოტიკული ნივთიერება სახელმწიფოსგან, სახელმწიფო (საკითხის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ) უფასოდ უნდა აწვდიდეს ნებისმიერ ნარკოტიკულ ნივთიერებას: „ეს მოქალაქე ცხადდება ვალაუვალად და ეკისრება სამუდამო გადასახდელი. იგი იქნება პოლიციის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ყოველ მის შენაძენს მკაცრად აკონტროლებენ შესაბამისი ორგანოები“.
რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ სანქციებს, ეს მიმართულებაც უმკაცრესად უნდა დარეგულირდეს. ვსაუბრობ კანონის მიღების შემდეგ დადგენილი რეგულაციების დარღვევაზე.
ამავდროულად, დამსაქმებლებს უნდა მიეცეთ იმის უფლება, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ნარკომომხმარებელთა ღია ელექტრონულ ბაზაზე, _ დამსაქმებელს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს შეამოწმოს, არის თუ არა კონკრეტული პირი დეკლარირებული ნარკომანი და ამის საფუძლეზე გადაწყვიტოს მისი სამსახურში აყვანის საკითხი. თუმცა ნარკომანს, სრული გამოჯანმრთელების შემდეგ (რასაც ადგენს სახელმწიფო ხანგრძლივი და რთული შემოწმებებით, მათ შორის, თმის ღერის ანალიზის უახლესი ტექნოლოგიით) უფლება მიეცემა, დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა სახელმწიფო სექტორში და მოეხსნება დასაქმებასთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვები.
დავით გამცემლიძის მოსაზრებით, თუ ნარკომანი გამოთქვამს გულწრფელ სურვილს, განიკურნოს ამ მავნე და სოციალური საფრთხის შემცველი სენისგან, ანუ დაიბრუნოს ყველა შეზღუდული უფლება და ამოეწეროს ნარკომანთა ნაციონალური ბაზიდან, სახელმწიფო უფინანსებს მძიმე, ხანგრძლივ და მტკივნეულ რეაბილიტაციის კურსს სპეციალიზებულ დაწესებულებაში, საიდანაც იგი გამოეწერება მხოლოდ სრული განკურნების შემდეგ. ამ დაწესებულებაში იქმნება კომფორტული პირობები, მაგრამ იზღუდება მისი თავისუფლება სრულ რეაბილიტაციამდე, რასაც რამდენიმე წელი დასჭირდება.
ეს ყველაფერი არის თითქმის ანალოგია პორტუგალიური ნარკოპოლიტიკის უკვე გამოცდილი ეფექტისა.
რაც შეეხება ე. წ. მსუბუქი ნარკოტიკის _ მარიხუანისა და სხვ. დეკრიმინალიზაციას, აქ ადვილად არის შესაძლებელი ჰოლანდიური მეთოდის გამოყენება. თუმცა ეს შემთხვევაც არ გულისხმობს მარიხუანის მუდმივ მოხმარებას და უმჯობესია, აქაც ოფიციალური მიმართულებით წავიდეთ. ანუ კონკრეტულ მოქალაქეს უფლება ჰქონდეს, არანარკომომხმარებლის სტატუსით მოიხმაროს მარიხუანა, თუმცა ყოველი ასეთი ფაქტი უნდა იყოს რეგისტრირებული მონაცემთა ბაზაში. შეზღუდვა უნდა მოქმედებდეს ამ მიმართებითაც და ასეთი სახის მომხმარებელს მარიხუანის მოხმარების შემდეგ უნდა აეკრძალოს სატრანსპორტო საშუალების მართვა მინიმუმ 12 საათის განმავლობაში.
ახლა კი ისევ ბოლო დღეების მოვლენებს დავუბრუნდები. მართალია, ცალკეული პოლიტიკური ძალები და პერსონები აცხადებენ, რომ აქცია „დამარცხდა“, მაგრამ აქ მათი პოლიტიკური მიზნები უფრო იკვეთება, ვიდრე ახალგაზრდების წუხილი. არა, არ დამარცხებულან, რადგან თუ შს მინისტრი გიორგი გახარია დანაპირებს შეასრულებს და ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონის მიღება დაჩქარდება, ჩვენს საზოგადოებას ნაკლებად ეყოლება გაუბედურებული ოჯახები, ცხოვრება დამახინჯებული ადამიანები და სახელმწიფო, ასე თუ ისე, მოიშორებს „ჩამდების“ იარლიყს.
შესაბამისად, ეს კანონი, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებშია და თუ ამას ხელისუფლება სწორად გაიაზრებს, ეს ახალგაზრდები მისი პარტნიორები უფრო იქნებიან, ვიდრე ნარკომანები, რომლებიც „კაიფის“ მეტზე არაფერზე ფიქრობენ. პირიქით, დაფიქრდნენ ხელისუფლებაში და მიხვდებიან, რომ ეს ახალგაზრდები ქვეყნის გამარჯვებისთვის იბრძვიან.
აქვე არ შემიძლია არ დავძინო კლუბების საკითხი. ძალიან მარტივად ვიტყვი, _ ეს კლუბები მხოლოდ ამ ბავშვების არ არის, ჩემია, თქვენია, ქვეყნისაა და შეეშვით კლუბებს.

კოკა წერეთლი