გაზაფხული ჩვენი მღელვარებისა, ანუ პარასკევიდან ორშაბათამდე

ცნობილი ამბავია, რომ საქართველო საერთაშორისო დონეზე საექსპორტოდ გატანილი საქონლით მაინცდამაინც თავს ვერ მოიწონებს, მაგრამ დღეს ეს ამბავი ტექნომუსიკამ, კლუბებმა და ღამის ცხოვრებამ “გამოასწორა”.

ჯერ კიდევ 2018 წლის 10 იანვარს CNN-მა აუცილებლად სანახავი 7 ქალაქის სია გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთ-ერთი თბილისი იყო სამი გამორჩეული ნიშნით: “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულით, ტექნომუსიკითა და ღვინით.
“ბასიანი”, “კაფე გალერი”, “ხიდზე”, “მტკვარზე” _ ეს იმ კლუბების არასრული ჩამონათვალია, რომელზე მოსახვედრადაც ევროპიდან სპეციალურად ჩამოდიან და შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ ჩვენი “ბასიანი” გერმანულ “ბერქაინისაც” არ ჩამოუვარდება!
ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ახალგაზრდების ძალა, თავისუფლების წყურვილი და ერთად დგომის მაგალითებიც გვაჩვენა, თუმცა ყველაფერი ნათელ ფერებში სულაც არ ყოფილა და, ფაქტობრივად, მივიღეთ საზოგადოება, რომელიც ორად გაიყო: ისინი, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისთვის ქუჩაში გამოვიდნენ და ისინი, რომელთაც თავისუფლების გამოხატვა სძულთ!
ყველაფერი 12 მაისს პარასკევ ღამეს დაიწყო, როდესაც შუაღამის 12 საათის შემდეგ ღამის კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” შეიარაღებული ადამიანები შეცვივდნენ და სპეცოპერაციაც დაიწყო. მოხდა ისე, რომ ორივე კლუბის ტერიტორია იქ მყოფ ადამიანებს დაატოვებინეს, რომელთა რიგებშიც სპეციალურად ჩამოსული ტურისტები იყვნენ და ზოგიერთ სტუმართან ძალის გამოყენებაც გახდა საჭირო. სწორედ ამ პერიოდში დაიხურა კიდევ ორი კლუბი: “მტკვარზე” და “ხიდზე” და იქ მყოფი სტუმრებიც “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდნენ. იმ ღამიდან მოყოლებული, სრული 48 საათის განმავლობაში, წერეთლის გამზირიდან კლუბის სტუმრებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს და 13 მაისს 15:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს, რომელსაც ათასობით მსურველი შეუერთდა!
ახალგაზრდების პროტესტი გამოიწვია სამართალდამცველების მხრიდან უხეშმა მოპყრობამ და მათი თავისუფალი ნების შეზღუდვამ. სპეცოპერაციაში ჩართული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები კლუბში შეკრებილებს არ უმარტავდნენ, თუ რა ხდებოდა, რის გამო დაატოვებინეს კლუბი. შსს მხოლოდ იმ ინფორმაციას ავრცელებდა, რომ რამდენიმე კლუბში პარალელურად მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. დამატებითი დეტალები უცნობი იყო!
მხოლოდ დილით, სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სპეცოპერაციის შედეგად ის რვა პირი დააკავეს, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული. აქვე აღნიშნული გახლდათ, რომ ეს სპეცოპერაცია 3 თვის მანძილზე იგეგმებოდა:
“2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი”, _ ეწერა შსს-ს განცხადებაში.
საქმე ის გახლავთ, რომ აღნიშნული რვა პირიდან არც ერთი არ იყო კლუბში აყვანილი. ამის შესახებ უკვე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ისაუბრა.
მოგვიანებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ის ნარკორეალიზატორები ჩანდნენ, რომლებსაც შსს უთვალთვალებდა და აიყვანა კიდეც.
ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ შსს-მ იცოდა იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებას ასაღებდნენ და თუ რვავე მათგანი კლუბში შესვლამდე აიყვანეს, მაშინ რა საჭირო იყო შენობაში შეჭრა და ამ ფორმით ხალხის გამოძევება?!
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნახევარ თბილისსა და თითქმის სრულიად საქართველოს ეძინა, სპეცოპერაციის შემდეგ კლუბის სტუმრებმა საპროტესტო აქციის გამართვა დაიწყეს და მათ თავიანთი მეგობრები, ახალგაზრდები, ის ადამიანები შეუერთდნენ, რომელთაც პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ. მათ “ბასიანისა” და “გალერის” შემდეგ საქართველოს პარლამენტისკენ გადაინაცვლეს, სადაც უკვე პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობისთვის ათეულობით პირი დააკავეს. სწორედ ამ დაკავებულებს შორის იყვნენ, “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი და “თეთრი ხმაურის” მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ბექა წიქარიშივილი. პირდაპირ ეთერში დააკავეს “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძეც. ჩანდა, რომ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებიც იყო.
ზურა ჯაფარიძე პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელ სერგი გვარჯალაძეს, რომელსაც ასევე არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, თუ რა ხდებოდა და რატომ:
“ეს არის სფერო, რომელშიც ქვეყანამ ბოლო ხუთი წლის მანძილზე სახელი გაითქვა. აქ შეიძლება 90% და მეტი არ არის მომხრე ნარკოტიკებისა და არაჯანსაღი ცხოვრების, მაგრამ ასეთი მოპყრობა არ შეიძლება. ვფიქრობ, ეს არის წამგებიანი პოზიცია. ახლა ერთი წერტილიდან მეორეში გადავდივარ, რომ არ იყოს კონფრონტაცია და უფლება არ მივცეთ ვინმეს, რომ პროვოკაცია მოაწყოს”, _ განმარტა მან. სწორედ ამ საუბრიდან ცოტა ხანშივე, ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან “გაიტაცეს”.
იმ დროისთვის არ არსებობდა პასუხისმგებელი პირი, რომელიც იტყოდა, თუ სად გადაიყვანეს ათეულობით ადამიანი, რომელიც კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიჭირეს, რაც უფრო მეტად ამძიმებდა სიტუაციას.
პარლამენტის წინ გადასულმა ახალგაზრდებმა ღამე იქ გაათენეს და უკვე გამთენიისას “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მასობრივი აქცია დააანონსა. მათ გაავრცელეს ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც “ბასიანისა” და “გალერის” ღამემდე მათ ცნობას აწვდიდნენ ღამის კლუბებზე მიზანმიმართულ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ამბობდნენ იმასაც, რომ დარწმუნებულები იყვნენ სამართალდამცველების წინასწარ გაწერილი სცენარით მოქმედებაში:
“ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით: ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა, არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ”.
უკვე დაანონსებულ 12 მაისის აქციაზე წამოყენებული მოთხოვნები შემდეგი იყო:
• დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა;
• გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია;
• დაისაჯოს 12 მაისის “შავი პარასკევის” ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი;
• მმართველ ძალაში ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან შეკრება 15:00 საათამდე ბევრად ადრე დაიწყეს, უკვე შეთანხმებულ დროს კი ადგილზე რამდენიმე ათასი ადამიანი იდგა! ცოტა ხანში მათ სამართალდამცველებისგან რუსთაველის გამზირის გადაკეტვა მოითხოვეს, თუმცა ხალხის სიმცირის მიზეზით პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.
აქციაზე იდგნენ როგორც ახალგაზრდები, ასევე მათი მშობლები, იდგნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებდნენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ აქციაზე გამოსული უნივერსიტეტის ლექტორებიც, მწერლებიც, უბრალო მოქალაქეებიც. იყო შვილიშვილებთან ერთად მოსული ბებოებიც, ერთ-ერთის გამოსვლამ აღფრთოვანება გამოიწვია იქ შეკრებილ საზოგადოებაში. სიტყვით გამოსვლისას სწორედ ისინი ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
იყო ახალგაზრდების მხრიდან პოლიციელებისთვის წყლის ჩამოტარება და შეთავაზება; წვიმის გამო იყო პოლიციელებისთვის ქოლგის დაფარების მომენტებიც…
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა კიდევ მოითხოვეს, რა დროსაც პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწევია და რუსთაველის გამზირიც გადაიკეტა.
იმის პარალელურად, რაც პარლამენტის წინ ხდებოდა, ერთი “ომი” იყო გაჩაღებული სოციალურ ქსელებში. იყვნენ ადამიანები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ ახალგაზრდებს და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მათი “ამოხოცვის” სურვილით გამოდიოდნენ. ცალკე თემა იყო Facebook დაპირისპირება და, ფაქტობრივად, საზოგადოება ორად გაიყო!
საღამოს უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კლუბურმა მუსიკამ მოიცვა. აქ ის დიჯეები უკრავდნენ, რომლებიც კლუბისთვის სპეციალურად იყვნენ მოწვეულები. ამ დღეს არ მუშაობდა არც ერთი კლუბი. ყველა, ვისაც სოლიდარობის გამოხატვა და ცეკვა უნდოდა, სწორედ პარლამენტის წინ იკრიბებოდა.
მოგვიანებით, გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც გოგონა 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავდა, რამაც დიდი აგრესია და ნეგატიური შეფასებები გამოიწვია, მათ შორის, იმ ადამიანებში, რომლებიც რამდნეიმე საათით ადრე აქციას უერთდებოდნენ.
უკვე ღამით კი, წვიმის მიუხედავად, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მაინც აგრძელებდა აქციაზე ყოფნას. კარვებიც კი გაიშალა, თუმცა უკვე მეორე დილას, 13 მაისს, როცა პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ადამიანიღა იყო დარჩენილი, პოლიციამ კარვების აშლა დაიწყო, ამას კი ცალკე შელაპარაკება მოყვა.
მეორე დღეს დაანონსდა აქციის გაგრძელების დროც. ამ პერიოდში უკვე კონტრაქციას ნეონაცისტური ჯგუფები გეგმავდნენ. ამის საფუძველი, გარკვეულწილად, ისიც გახდა, რომ პარლამენტთან შეკრებილმა ადამიანებმა დააანონსეს 17 მაისის აქცია, რომლის გამართვასაც სწორედ ამავე ტერიტორიაზე აპირებენ.
კონტრაქციის მომწყობი ჯგუფის წევრების აზით, პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება უნდა შეზღუდულიყო და მათაც ამ აქციის დარბევის მოთხოვნით შეკრება დააანონსეს.

უკვე 13 მაისს, როდესაც კონტრაქციაც დაანონსებული იყო და ადამიანებიც შეკრებილები, პარლამენტის წინ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით ახალგაზრდებმა შეკრება კვლავ დაიწყეს, ოღონდ წინა დღისგან განსხვავებით, საათების განმავლობაში, აქციაზე რამდენიმე ასეულ ადამიანს ნახავდით. ამ დღეს გვიან დაიწყო სიტყვით გამოსვლებიც.
ახალგაზრდების აქციაზე მისასვლელად პოლიციელთა კორდონების გავლა დაგჭირდებოდათ. ამის პარალელურად, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრებმა 9 აპრილის პარკში დაიწყეს შეკრება, რომელიც რუსთაველის გამზირიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს. როგორც კი კონტრაქციის მონაწილეების შეკრება დაიწყო, პოლიციელების კორდონებიც გაძლიერდა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე მისვლაც შედარებით გართულდა.
13 მაისსაც შუადღის სამ საათზე დაანონსებული აქცია რამდენიმე საათით მოგვიანებით დაიწყო და აქ კვლავ სიტყვით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები. უცვლელი იყო მოწოდებები და მოთხოვნები. საღამოს ისევ კლუბური მუსიკა ჩაირთო და მონაწილეებმაც ცეკვით გააგრძელეს პროტესტი.
შუადღისას ნეონაცისტურ ჯგუფს არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, პარლამენტის შენობასთან მდგარ ადამიანებს მიახლოებოდა, თუმცა ყველა შემთხვევაში პოლიციის კორდონები დახვდათ. ვერც ერთი გზით ვერ მოახერხეს ახალგაზრდების ჯგუფთან მიახლოება, თუმცა, საბოლოოდ, ამ ადამიანების ჯგუფები პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ხალხს უფრო მიუახლოვდა, ორ მხარეს მხოლოდ პოლიციის კორდონები ჰყოფდა. იყო მცირე შეხლა-შემოხლაც, თუმცა არავინ დაზიანებულა და კლუბური მუსიკის ხმას ნეონაცისტები გინებით, შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და ჰომოფობიურ გამონათქვამებით პასუხობდნენ. ამ ყველაფერს კი წინ ნეონაცისტების ერთად დგომა და ლოცვის, “მამაო ჩვენოს” ხმამაღალი წაკითხვა უძღოდა!
ამასობაში მთელმა ქვეყანამ შეიტყო იმაზე, რომ არც ერთი ნარკორეალიზატორი კლუბის ტერიტორიაზე არ დაუჭერიათ, ხალხი მთავრობისგან ადეკვატურ პასუხს და შეფასებას ელოდა, თუმცა აქციის მონაწილეების მოთხოვნის მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლები სპეცოპერაციაზე არ საუბრობდნენ. მხოლოდ სპეცოპერაციის გასვლიდან 20 საათის შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადება გააკეთა. მან ყურადღება ღამის ეკონომიკის გარდაუვალ განვითარებასა და წარმატებულ კლუბურ ცხოვრებაზე გააკეთა, რომელსაც წარმატებული ბიზნესი უწოდა და თქვა, რომ ის აუცილებლად გაგრძელდება. მან დაგმო ნარკოტიკების გავრცელება, რეალიზება და თქვა, რომ პარლამენტის წინ შეკრებილ ახალგაზრდებთან ერთად უნდა ებრძოლონ ნარკორეალიზატორებს. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეებმა ვერ მიიღეს პასუხი დასმულ კითხვებზე, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი და რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია კლუბში მაშინ, როცა იქ ნარკოდანაშაულისთვის არავინ დაუკავებიათ? მან კომენტარი გააკეთა ნარკოპოლიტიკაზე:
“ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის არავისთვის მისაღები. ეს არის ერთი ძალიან დიდი, სერიოზული გამოწვევა, რომელიც ყველას პრობლემას გვიქმნის ქვეყანაში, შესაბამისად, იმ ახალგაზრდებს, რმელთაც აინტერესებთ გაიგონ, თუ რას ვაპირებთ მომავალში, აქაც ვთავაზობთ, რომ შემობრძანდნენ. ჩვენი კარი ღია არის. კედელი არასდროს აღმართულა ჩვენსა და მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შორის”, _ აღნიშნა კალაძემ.
კალაძის შემდეგ ბრიფინგი უკვე სპეცოპერაციიდან 40 საათის გასვლის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ჩაინიშნა. მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მართავდა. არც კვირიკაშვილს გაუცია პასუხი აქციის მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებზე. მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნებოდა!
პრემიერის ბრიფინგის დასრულებიდან მალევე რუსთაველის გამზირზე ხელკეტებითა და ფარებით აღჭურვილი სპეცრაზმელები და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ. თანდათან პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების დასაცავად გავლებული კორდონები ძლიერდებოდა. უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიაც მივიდა, ორგანიზატორებს შეხვდა და მოლაპარაკებებიც გაიმართა, რომლის შედეგადაც მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, ყველა ის პასუხისმგებელი პირი დასჯილიყო, რომელმაც სპეცოპერაცია დაგეგმა, თუკი გადაცდომები აღმოჩნდებოდა. იგი აქციის ორგანიზატორებს სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზებზეც ესაუბრა და ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე მუშაობის გაგრძელების შესახებაც მოახსენა.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, აქციის მონაწილეები არ დააკმაყოფილა მინისტრის დაპირებამ და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რამაც არ დააყოვნა! რამდენიმე წუთში სცენაზე გიორგი გახარია ავიდა და მონაწილების მოთხოვნა შეასრულა.
ამ დროიდან აქცია უკვე მალევე დაიშალა და მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოდან ავტობუსებით გაიყვანეს.

12.05.2018.
თბილისში მიმდინარე მოვლენები არაერთმა უცხოურმა მედიამ გააშუქა:

BBC-მ სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და იგი შემდეგნაირად აღწერა:
“ათასობით ადამიანი შეიკრიბა საქართველოს დედაქალაქ თბილისის ცენტრში, რათა გაეპროტესტებინა შეიარაღებული პოლიციელების რეიდი, რომელიც ღამის ორ კლუბზე განხორციელდა”.
ინფორმაციას ავრცელებდა საინფორმაციო სააგენტო Reuters -იც:
“ხალხი შეიკრიბა თბილისის ცენტრში და შეიარაღებული პოლიციელების რეიდს აპროტესტებს ღამის კლუბებში. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას”.

თბილისში მიმდინარე აქციების პარალელურად, იქ მცხოვრები ქათველების მიერ მსგავსი აქცია დაიგეგმა ნიუ-იორკსა და ბერლინშიც. სოლიდარობის აქცია გამართეს სორბონისა და პარიზის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმაც. მხარდაჭერა და სოლიდარობა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ტალინში ქართველმა სტუდენტებმაც გამოუცხადეს.
კლუბში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა გამოცემა Only Techno-ც, რომელიც წერს, რომ “ბასიანზე” განვითარებული მოვლენები მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგია და ის აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
Resident Advisor აღნიშნავს, რომ “ბასიანზე” თავდასხმა სახელმწიფოს მხრიდან პასუხია ბოლო ორ კვირაში ნარკოტიკით რამდენიმე ადამიანის გარდაცვალებაზე, რაშიც კლუბს ადანაშაულებენ.

დღეს საზოგადოება კვლავ ორადაა გახლეჩილი, კითხვები კი პასუხგაუცემელია. ფაქტი ისაა, რომ მძიმე დღეები გამოვიარეთ, რომელიც არც მსოფლიოს დარჩენია უყურადღებოდ. რა იქნება შემდეგი და როდის გახდება ცნობილი პასუხები ყველა კითხვაზე, ეს, ჯერჯერობით, უცნობია!

ნინო ტაბაღუა