ნარკოსკანდალი _ გახმაურებული და გაუხმაურებელი დეტალები

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტპატიმრების სიებით, პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიითა და პრეზიდენტის შეწყალებით მძიმე დანაშაულში, მათ შორის, ნარკოტიკების რეალიზაციაში მხილებული პირები პატიმრობიდან განთავისუფლდნენ, რამდენიმე მათგანი ხელისუფლების ღია რუპორად გადაიქცა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში (მაგ., ქეთევან ზარნაძე, მამუკა მჭედლიშვილი და ა. შ.), დანარჩენი კი მშვიდად დაუბრუნდა ძველ საქმიანობას.

ნარკოტიკების ერთ-ერთი მსხვილი რეალიზატორი, რომელიც ციხეში თამაზაშვილის თანამოსაკნე იყო, მისი პირადი რეკომენდაციით შეიწყალა პრეზიდენტმა გიორგი მაგველაშვილმა. „ქრონიკა+“-ის წყაროს მტკიცებით, სწორედ ვუგარ ალიევის მეშვეობით დაიწყო თამაზაშვილმა ძველი კავშირების აღდგენა და ნარკოტრაფიკის სქემის ხელახლა აწყობა.
ის, რომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი კახა თარგამაძის მინისტრობის დროს პირადად იყო პანკისზე გამავალი მსხვილი ნარკოტრასის ხელმძღვანელი, ახალი არავისთვის არის. ამ საქმეში მისი მარჯვენა ხელი სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია იყო, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი გახლდათ და სწორედ მისი თანამშრომლები დააცილებდნენ საქართველოში ნარკოტიკების მსხვილ პარტიებს.
მას შემდეგ, რაც თამაზაშვილის სიძე ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, თამაზაშვილს თბილისში ჩეჩნებმა ჩამოაკითხეს. მუსა, ასე ერქვა ჩეჩენს, რომელიც შს მინისტრის სიმამრთან ნარკოტიკების ტრანზიტის სქემის დასალაგებლად ჩამოვიდა. მოლაპარაკებები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გავლით რამდენიმე ახალი ნარკოტრასის აღდგენის თაობაზე წარმატებით დასრულდა, მაგრამ თამაზაშვილს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უშლიდა ხელს, _ შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, რომელიც ივანიშვილის ძირითადი საყრდენი იყო ამ სისტემაში და რომელსაც ძნელად გამოეპარებოდა ნარკოტიკების ტრანზიტი. თამაზაშვილმა ლაშა ამირეჯიბისა და გიორგი ფარესიშვილის მეშვეობით დაიწყო ე. წ. კვერცხების სკანდალის აგორება გელა ხვედელიძისა და გია ხუხაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ივანიშვილის მრჩეველი იყო და მისი ნდობით სარგებლობდა. როგორც მოგვიანებით ლაშა ამირეჯიბმა აღიარა, თამაზაშვილმა მას $20 000 გადაუხადა. სოლიდური თანხა დადეს კვერცხის კონტრაბანდისტებმაც. მოგვიანებით, ნუგზარ ფოფხაძის სახლში, გიორგი მამაცაშვილის დახმარებით, დაიგეგმა ლაშა ამირეჯიბისა და გელა ხვედელიძის შეხვედრა. მინისტრის მოადგილე შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილის თხოვნით მივიდა. მას შემდეგ, რაც საუბარი ზოგად თემებს შეეხო და დასასრულისკენ წავიდა, გიორგი მამაცაშვილმა სრულიად მოულოდნელად გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველ ფირზე დაიწყო საუბარი, რომელიც მასაც ნანახი ჰქონდა და _ ნუგზარ ფოფხაძესაც. ხვედელიძეს ფირზე სიტყვა არ უთქვამს. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვას ამ შეხვედრის ჩანაწერმა მისცა საშუალება, გელა ხვედელიძის წინააღმდეგ ბინძური პროვოკაცია მოეწყო, როცა ინტერნეტში თავიანთი აგენტების მეშვეობით ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი გაავრცელეს და ხვედელიძეს დააბრალეს. ცხადია, გიორგი მამაცაშვილისა და ნუგზარ ფოფხაძის დაკითხვა აზრად არავის მოსვლია. არარსებულ დანაშაულში გელა ხვედელიძეს დასდეს ბრალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოაშორეს და თამაზაშვილმა სრული კარტბლანში მიიღო. საკუთარ სიძეს სამეგრელოს გუბერნატორად ნარკოტრასის ერთ-ერთი კურატორი ლევან შონია დაანიშნინა, შონიასა და დათო შენგელიას მეშვეობით ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საზღვრის კონტროლი დაიწყო.
ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრობის დროს ქვეყანაში რამდენიმე ნარკოსკანდალი გახმაურდა. ყველაზე ცნობილი ე. წ. თხევადი ჰეროინის თემა იყო. ბურუსით მოცულია სომხეთში დაკავებული საქართველოდან წასული ტვირთი. ტრაილერის მძღოლი ავთანდილ მარტიაშვილი დღესაც სომხეთის ციხეში იხდის სასჯელს.
როგორც ალექსანდრე ჭიკაიძის, ისე გიორგი მღებრიშვილის დროს საქართველო და თბილისი ნარკოტიკმა წალეკა, ლამის ყველა ქუჩაზე იჯდა „ბარიგა“, რომელიც ყველა დასახელების ნარკოტიკს ყიდდა. ერთი უბანი (ვაზისუბანი) თავდაცვის მინისტრის ძმას, კიტასაც დაუთმეს და თან სპეცსაშვი, „ნარუშილოვკაც“ მიაყოლეს, რომ პატრულის თანამშრომლებს ზედმეტად არ შეეწუხებინათ.
2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში ნარკოტიკების რეალიზაცია უფრო „ნავაროჩენი“ გახდა, ბაზარზე ახალი ტიპის სინთეზური ნარკოტიკი, ე. წ. შოკოლადის ბიო გამოჩნდა. ეს იმდენად მძიმე ფორმის ნარკოტიკია, მალევე იწვევს მასზე დამოკიდებულებას, ფსიქიკურ აშლილობასა და სიკვდილსაც. იმხანად თბილისში არაერთი ცნობილი ოჯახის წევრი სწორედ ამ ნარკოტიკით გარდაიცვალა.
ნარკოტიკების გამოწერა დაიწყო ინტერნეტით. სქემა იყო მარტივი და მოქნილი: ინტერნეტში მითითებულ მისამართზე რიცხავდი ფულს, მაშინ უმეტესად გადარიცხვები ხდებოდა საქართველოს ბანკის Eმონეყ-ს სისტემის მეშვეობით და გამოწერილ ნარკოტიკს ე. წ. ფეხი მითითებულ მისამართზე ტოვებდა. იმხანად „ქრონიკა+“-ს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინტერნეტით გამოწერილი ნარკოტიკი რამდენჯერმე ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან დატოვეს და ინტერნეტით ნარკოტიკების გამოწერის სქემას სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი „კრიშავდა“.
„ქრონიკა+“-ში თამაზაშვილ-შონია-მღებრიშვილის ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით რამდენიმე მასალა ზედიზედ გამოქვეყნდა. სწორედ ამ მხილებას მოყვა ჩემი შვილისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჩადება. ოპერაცია თამაზაშვილის პროტეჟე დავით ნატრიაშვილის კაბინეტში დაიგეგმა, ჩადებას კი პირადად ხელმძღვანელობდა თამაზაშვილის ხელის ბიჭი, მთავარი სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილი, მეტსახელად „შტანგა“.
2017 წლის 3 აპრილს, დილის ათ საათზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოვაქვეყნე სტატუსი, რომელიც სწორედ ინტერნატით ე. წ. ბიოს გაყიდვის სქემას ეხებოდა. სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ ჩემს მეგობარ გელა ხვედელიძეს და ის სასიკვდილოდ გაიმეტეს. გოგაშვილი ფიქრობდა, რომ ბიოს რეალიზაციის სქემა ხვედელიძემ გაშიფრა. საქმე დღემდე გამოუძიებელია. სუსმა ყველა ქუჩაზე სათვალთვალო კამერების, მათ შორის, 112-ის ჩანაწერები წაშალა, ხოლო ერთადერთი ფირი, რომელზედაც შანიძის ქუჩაზე თავდამსხმელის ავტომანქანა ჩანს, ხვედელიძის ადვოკატებს ექსპერტიზისთვის არ გადასცეს.
„ქრონიკა+“-ის რამდენიმეწლიანი ბრძოლა ე. წ. კახელების კარტელის მხილებისთვის, ფაქტობრივად, უშედეგო იყო. წლების განმავლობაში არც ერთი მსხვილი ნარკორეალიზატორი მღებრიშვილის უწყებას არ დაუკავებია.
სიტუაცია რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც შს მინისტრის პოსტზე მღებრიშვილი გიორგი გახარიამ შეცვალა. პირველივე დღეს თანამდებობა დატოვეს ნარკორეალიზატორების მფარველებმა, ხოლო ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სამინისტრომ 30-ზე მეტი მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა და უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი ამოიღო.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაცია შს სამინისტროს მიერ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირის დაკავება გახლდათ.
დაკავებული გიორგი გოგებაშვილი შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის, იაკობ გოგებაშვილის ძმა გახლავთ, ხოლო დაკავებული გოგონა _ მისი მეუღლე ნინო გეგელაშვილი. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ვინ არიან ძმები გოგებაშვილები?
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ძმები გოგებაშვილები 2014 წლამდე სამეგრელოში, კონკრეტულად კი სენაკის რაიონში, ძველ სენაკში ცხოვრობდნენ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისინი გოჩა დგებუაძის შტაბში ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდნენ, 2016 წელს იაკობ და გიორგი გოგებაშვილები საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. ძმა ლევან შონიას რეკომენდაციით პოლიციაში გიორგი მღებრიშვილმა მოაწყო, მეორე ძმამ კი მეგობარ გოგონასთან ერთად ნარკოტიკებით ვაჭრობას მიჰყო ხელი. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ეს „კანალი“ კახელების კარტელის ერთ-ერთი მსხვილი რეალიზაციის სანდო რგოლი იყო და ის სწორედ ოკუპირებული აფხაზეთიდან მარაგდებოდა.
რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ღამის კლუბებთან დაიწყო ნარკორეალიზატორების დაკავება.
„ქრონიკა+“-ის წყარო საინტერესო დეტალებს ყვება, თუ როგორ დაიგეგმა ორგანიზებული შეტევა შს ახალი მინისტრის წინააღმდეგ.
მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ გახარიასთან მსხვილი ნარკორეალიზატორები თემას ვერ დაალაგებდნენ და ის მათგან წილს არ მიიღებდა, კახელების კარტელმა ბაზარზე ე. წ. მკვლელი ნარკოტიკი შემოუშვა. შვიდი ახალგაზრდა ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალა, რამდენიმე კი უგონო მდგომარეობაში დღესაც საავადმყოფოში, კომაში იმყოფება. თუ პირველ შემთხვევაში გარდაცვლილები გამოუცდელი ახალგაზრდები იყვნენ, ბოლოს უკვე 38 წლის ადამიანები დაიღუპნენ. დადასტურებული ინფორმაციით, ისინი ე. წ. მკვლელ ნარკოტიკზე დაპატიჟეს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ გარდაცვლილების რიცხვი 15-მდე უნდა გაზრდილიყო, სულ სამი დივერსიული ჯგუფი მოქმედებდა და დაკავების შემთხვევაშიც ადვილად გაირკვეოდა, რომ ე. წ. ბარიგა ან პოლიციელის ოჯახის წევრი იყო, ან ახლო მეგობარი. ამის შემდეგ კი დაიწყებოდა გიორგი გახარიას დისკრედიტაციის კამპანია და ცალკეული ჯგუფები თანამდებობიდან მის გადაყენებას მოითხოვდნენ. კარტელის გეგმაში გარკვეული კორექტირება შეიტანა სწორედ ბოლო დროს ჩატარებულმა წარმატებულმა სპეცოპერაციამ. თანხის მიღების სქემა მარტივი იყო: ნარკოტიკის გამოწერის შემდეგ თანხა „აჭარაბეთის“ ანგარიშზე ირიცხებოდა. მსგავსი რამ კახელების კარტელმა ერთხელ უკვე გამოიყენა, როცა წყალმომარაგების კომპანიის მთავარ ბუღალტერს კომპანიის თანხას „აჭარაბეთის“ ანგარიშზე არიცხინებდნენ. მოგვიანებით, თამარ ფხოველიშვილი დააკავეს და ზვიად ჯანყარაშვილი და არჩილ ცაბუტაშვილი გარეთ დარჩნენ, რეალურად კი თანხა სწორედ მათ გაიყვეს.
იყო თუ არა ღამის კლუბებში სპეცდანიშნულების რაზმებით შესვლა მართებული გადაწყვეტილება? როგორც გაირკვა, კლუბში შესული ყველა პოლიციელი აღჭურვილი იყო სამხრე კამერით და უწყვეტ რეჟიმშია გადაღებული კლუბების შიგნით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება გარე პერიმეტრზე პოლიციის მოქმედებას, ეს ძალიან ჰგავდა კამერების წინ დადგმულ პროვოკაციას, რომელსაც საზოგადოებაში მუხტის აწევა უნდა მოჰყოლოდა. პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს პოლიცია პირდაპირ იპარავდა, მანქანებში ტენიდა და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდა, ადვოკატებს არ უმხელდნენ მათ ადგილსამყოფელს, ბევრი მათგანი თბილისის ახლომდებარე ქალაქების წინასწარი დაკავების საკნებში გადაიყვანეს. სწორედ ამ ქმედებებმა გამოიწვიეს ის, რომ მეორე დღეს დაანონსებულ აქციაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ძალადობის გასაპროტესტებლად მივიდა. შს მინისტრი ამბობს, რომ გამოძიება აუცილებლად ჩატარდება და მოძალადე პოლიციელები დაისჯებიან.
პოლიციის ცალკეული დანაყოფების მიერ დაშვებული შეცდომების გამოყენება დაიწყეს რევანშისტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა. ძალადობის, ჩადებების, პატიმრების მხარდამჭერი განცხადებები ნელ-ნელა უკანა პლანზე გადავიდა და აქციის მონაწილეებმა შს მინისტრის გადადგომის ულტიმატუმი დააყენეს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის უკან თბილისის არჩეული მერი კახი კალაძე მოიაზრება, რომელიც საარჩევნო კამპანიისას აქტიურად იყენებდა მათ რესურსს და გარანტიც იყო, რომ ნარკოტიკების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონი პარლამენტში აუცილებლად გავიდოდა, მეორე მხრივ კი „ბასიანის“ ერთ-ერთი მეპატრონის, ნაჯა ორაშვილის მამა გიორგი კვირიკაშვილის ახლო მეგობარია. ჩვენი წყარო ამბობს, რომ სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფებიდან წამოვიდა შს მინისტრის გადაყენების მესიჯი, შემსრულებლებმა კი ცოტა გადაამლაშეს, პრემიერის გადადგომაც მოითხოვეს, თუმცა ნაჯა ორაშვილის მამამ ეს შეცდომა მალევე გამოასწორა, სოციალური ქსელით განცხადება გააკეთა, რომ აქციის მხრიდან პრემიერის გადადგომის მოთხოვნა სწორი არ არის. საპროტესტო აქციის პოლიტიკური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიშალა კარვები, გაიმართა ივენთი და გამოცხადდა, რომ იწყებოდა ხანგრძლივი და პერმანენტული პროტესტი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ღამემ პარლამენტთან მშვიდად, ექსცესების გარეშე ჩაიარა. მეორე დილით ბექა წიქარიშვილმა განცხადება გააკეთა, რომ ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით აქცია აღარ გაგრძელდებოდა (თუმცა იმ მომენტისთვის არანაირი საფრთხე რეალურად არ არსებობდა) და პოლიციას კარვების დემონტაჟის საშუალება მისცა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ წინა საღამოს ცალკე პრემიერსა და ცალკე თბილისის მერს კატეგორიულად მოსთხოვეს მათ მიერ ინსპირირებული აქციის დაშლა. კალაძემ საჯარო განცხადებაში „თეთრი ხმაურის“ აქტივისტებისადმი სიმპათიები დაადასტურა, ხოლო არასაჯაროდ მათ დირექტივა მისცა, დაშლილიყვნენ.
აქციის მშვიდობიანი დაშლა არც კახელების კარტელისა და არც სოსო გოგაშვილის ინტერესებში არ შედიოდა. აქციის ლიდერებზე მათი გავლენები ბევრად უფრო ხისტი აღმოჩნდა. ყველასთვის მოულოდნელად ბექა წიქარიშვილმა ახალი განცხადება გაავრცელა, _ სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა და სამ საათზე ისევ პარლამენტის წინ ვიკრიბებითო. პარალელურად კი სუსმა მის მიერ მართული და დაფინანსებული ფაშისტური ჯგუფების მობილიზაციაც გამოაცხადა. მათ შეკრება კონტრაქციაზე დაიწყეს. მთელი საღამოს განმავლობაში პოლიცია ცდილობდა აგრესიული კონტრაქციის მოგერიებას, მათ არაერთხელ სცადეს კორდონის გარღვევა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოიყვანა, ეს უფრო კონტრაქციის უკან მდგომი სუსის მაღალჩინოსნების მისამართით გაგზავნილი მესიჯი იყო, _ თუ კონტრაქციის აგრესია არ შეწყდებოდა, მათ დაარბევდნენ.
პარალელურად, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოლაპარაკება დაიწყო გიორგი გახარიასა და ძირითადი აქციის ორგანიზატორებს შორის. შეხვედრას ბექა წიქარიშვილი და ბაია პატარაია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა თბილისის არჩეული მერი კახი კალაძეც. მას არც ფუნქციურად, არც თანამდებობრივად არ ევალებოდა შეხვედრაზე დასწრება, მხოლოდ „თეთრი ხმაურის“ პატრონის სტატუსი ჰქონდა. მოგვიანებით, გიორგი გახარია აქციაზე პირადად გავიდა. მან ბოდიში მოუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო დაშავდნენ და თავადაც მოითხოვა საპასუხო ბოდიში იმ პოლიციელების მისამართით, რომლებსაც უხეშად აგინებდნენ და ლანძღავდნენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ დროს სუსის შენობაში მივიდა მთავარი მეხანძრე გიორგი მღებრიშვილი, რომელიც ვახტანგ გომელაურსა და სოსო გოგაშვილს ტეტ ა ტეტ შეხვდა. ეს ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ გომელაური და გოგაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციის სადავეებს ჩამოშორებული იყვნენ, რადგან ოპერატიული მართვის პულტი ჩიტაძეზეა და არა „მოდულში“.
საბოლოოდ კი იმ აქციამ, რომელიც წინა დღით შს მინისტრის გადადგომას ითხოვდა, გიორგი გახარიას ტაში დაუკრა. კონსულტაციები დაიწყო კანონპროექტთან დაკავშირებით და მოლაპარაკების მაგიდას, სახალხო დამცველის მონაწილეობით, არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები მიუსხდნენ.
პირველი სამუშაო შეხვედრის მერე გახარიამ განაცხადა, რომ ღამის კლუბში სპეცოპერაციის დროს შესული ყველა პოლიციელი აღჭურვილი იყო სამხრე კამერებით და პროცესი უწყვეტ რეჟიმშია გადაღებული. საჩივრების შემთხვევაში გამოძიებული იქნება ცალკეული პოლიციელების შესაძლო დანაშაული. ოპერატიული თვალთვალის სამი თვის განმავლობაში გადაღებულია ღამის კლუბებში ნარკოტიკების რეალიზაციის ოცამდე ფაქტი და ვიდეომასალას სახალხო დამცველს გადასცემენ. კლუბებში ამოღებულ ნივთიერებას უტარებენ ექსპერტიზას და სწორედ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა სახის ნარკოტიკთან გვაქვს საქმე.
ძირითადი აქციისა და კონტრაქციის დაპირისპირების პიკზე ინტერნეტში ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი LEGALIძE გამოჩნდა. ბერა მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციას უჭერს მხარს, ეს კი არაჩადებასთან ერთად ბოლო წლის საპროტესტო მოძრაობის ძირითადი მოთხოვნა იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუცილებლად უნდა გამოიძიოს, ვინ შექმნა და საიდან ფინანსდება ფაშისტური ჯგუფი, რომელიც 13 მაისის აქციაზე გამოჩნდა. წინ 17 მაისია. სუსის მიერ დაფინანსებული მარგინალი ჯგუფები კიდევ ერთი დიდი პროვოკაციის მოწყობას შეეცდებიან და ამის მერე, იმედია, მარში, ფარში და ტრანში დასრულდება.

ელისო კილაძე