ბევრი მიწიერი სამოთხე საქართველოში

ქართველებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ქვეყნის სილამაზესა და მრავალფეროვნებაზე უცხოელთაგანაც მრავალჯერ თქმულა საოცარი და დიდებული სიტყვები. პატარა საქართველოს დიდი ისტორია, ჩვეულებები, ბუნება, მითები და ადამიანები არაერთხელ ყოფილა სხვა საზოგადოებების მუზა. დიდი სიამაყეა ქართველისთვის, რომ პატარა სამშობლოს კიდევ უფრო პატარა თითოეული რეგიონი იმდენად ინდივიდუალურია, რომ მარტივია ამოიცნო, რომელი კუთხის შვილია ერთი ადამიანი.

კახეთი

ნინი მოსიაშვილი:
„კახელი ვარ და ძალიან მიხარია, რომ მის მიწაში მყარად მაქვს ფესვები გამდგარი. ეს ხომ ის კუთხეა, სადაც ქართველებთან ერთად ჰარმონიულად თანაცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები და ქისტები. ჩემი სტუმართმოყვარე კუთხე ყველაზე ძვირფასია, რაც გამაჩნია. ჩემი ალავერდი, ნეკრესი, თეთრი გიორგი, გრემი, იყალთოს აკადემია, ერეკლე მეორის ნატერფალი სახლ-მუზეუმი, ჩემი თუშეთი, შუამთა… ესაა ჩემი მადლიანი კუთხე.
კახეთი, ტერიტორიულად, ყველაზე დიდი კუთხეა საქართველოში. გამომდინარე აქედან, მისი მოსახლეობა რამდენიმე რაიონშია განაწილებული და ყველა მათგანს გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. თუმცა, ერთიანი სურათის წარმოდგენაც შესაძლებელია. ზოგადად, კახელი ადამიანი ძალიან ალალია, უყვარს სტუმრის პატივისცემა. ბოლო წვეთამდე მოგართმევენ, რაც აბადიათ. ყველა კახელის გულში იმალება ვაზის უკვდავი ტრადიციის სიყვარულიც. მისი მოვლა, გაფრთხილება და გამრავლება, თითქოს, შესისხლხორცებული აქვს ქართველ გლეხს. სიმართლეს შეესაბამება ისიც, რომ ცოტა უხეშები ვართ. ეს კი, ალბათ, ჩვენი პირდაპირობითაა გამოწვეული, მაგრამ ესეც გარკვეულ სიტუაციებში. ერთი უარყოფითი თვისება გვაქვს _ ცოტა ზარმაცები ვართ დასავლეთის ხალხთან შედარებით. მეტის გაკეთების საშუალება გვაქვს, მაგრამ, ზედმეტად, თავს არ ვიწუხებთ.
კახურ სუფრას რაც შეეხება, ის, მართლაც, საოცრად გემრიელია. ყველასთვის ცნობილია, რომ კახელებს ღორის ხორცისგან დამზადებული საჭმელები ტრადიციად გვაქვს ქცეული. კახური მწვადის შესახებ არაერთ ქვეყანაშია ცნობილი. ეს კი იმიტომ, რომ მის მოსამზადებლად განსაკუთრებულ ტექნოლოგიას ვიყენებთ. ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს ხაშლამა, ბოზბაში, შილაფლავი… არც მცენარეული საკვები გვავიწყდება. მაგალითად, კახურ სუფრაზე ყოველთვის დევს ჯონჯოლი, ანუ ჯონჯოლის ხის ყვავილის მწნილი. შეუძლებელია, კახეთზე საუბრისას ჩვენი საფირმო, განსაკუთრებული ჩაროზი ჩურჩხელა არ გაგახსენდეს. ბადაგისა და თხილეულისგან დამზადებული ეს უგემრიელესი ნობათი მთელ მსოფლიოშია განთქმული. რაც შეეხება კახურ ღვინოს, მგონი, სადავო არ არის, რომ საქართველოში საუკეთესო მრავალი ჯიშის ყურძენი კახეთში ხარობს. თუმცა, განსაკუთრებით პოპულარულია რქაწითელისგან დამზადებული თეთრი და საფერავისგან დამზადებული შავი ღვინოები. საფერავს, სუფრასთან თრობის გარდა, სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ. ყოველ საღამოს ერთი ჭიქა რომ დააყოლოთ სადილს, წნევა აუცილებლად დაგირეგულირდებათ და თქვენს სისხლსაც მოშორდება ქოლესტერინი.
არ ვიტყვი, რომ კახეთის მსგავსი რეგიონი არ მოიძებნება. ყველას თავისი რომ ურჩევნია, გასაკვირი სულაც არ არის. კახეთი, განსაკუთრებით კი, თელავი, ცნობილია, როგორც კულტურული ქალაქი. მართლაც, აქ ძალიან თანამედროვე ხალხი ცხოვრობს. მინდა აღვნიშნო სოფელი კისისხევი, სადაც საქართველოში ყველაზე მეტი ტაძარია. გვაქვს დიდი სოფლებიც. ასევე, მნიშვნელოვანია კახეთის მიწების ნაყოფიერება და უხვმოსავლიანობა. სავარგული მიწების გარდა, საძოვარიც ბევრია, ამიტომ მესაქონლეობაც ძალიან განვითარებულია.
მითებზე, უპირველესად, ვირებთან ურთიერთობა მახსენდება. ნამდვილად სასაცილოა და ჩვენ თვითონაც ძალიან ვხალისობთ, მაგრამ, ამჟამად, კახეთში ვირს ძალიან იშვიათად შეხვდებით. შესაბამისად, ნახევარი კახეთი „მეორე ნახევრის“ გარეშე დადის. ტრადიციებს რაც შეეხება, შემოდგომა თავად ტრადიციაა _ რთველი, თათარობა და, ზამთრის პირზე, „ღორის ქელეხი“ (ასე ვეძახით). ჭაჭის გამოხდაც ჩვენებურია. ყველაზე დიდი დღესასწაული ერეკლე მეორის დაბადების დღეა, ანუ ერეკლეობა, იგივე _ თელავქალაქობა. ამ დროს მთელ ქალაქში ფაცხებია გაშლილი, სადაც მწვადი იწვება, თან ღვინის დასაგემოვნებლადაც გეპატიჟებიან, სადაც თექის ნაკეთობების გამოფენაა და თიხაც ერთგვარი ტრადიციაა. სოფელ ვარდისუბანში არის ერთი კუთხე, რომელიც განთქმულია ქვევრების კეთების განსაკუთრებული ტექნოლოგიით. თიხაც ძალიან განსხვავებულია და ნაკეთობაც, ამიტომ აქ მთელი საქართველოდან მოდიან ქვევრების შესაკვეთად. თვითონ ვაზის კულტურასა და ტრადიციებზე რა ვთქვა აქამდე უთქმელი? კახელი მის გარეშე წარმოუდგენელია“.

სამეგრელო

ქრისტინა საჯაია:
„სამეგრელოსთან მაკავშირებს ცხოვრების 12 წელი, ჩემი სოფელი საყვარელი ადამიანებით, გარემო, რომელიც ყველა კეთილ, კარგ და საინტერესო ტრადიაციას აერთიანებს.
მეგრელი ძალიან ენერგიული, ცნობისმოყვარე, კეთილი და სტუმართმოყვარე ადამიანია. ლხინსა თუ გაჭირვებაში _ მხარში მდგომი. მეგრელები გამჭრიახები არიან და ამიტომაც ხშირად (ეშლებათ) ხუმრობენ მათ აფერისტობაზე. ბევრი ანეკტოდია შექმნილი მეგრელების სისხარტეზეც. მეგრული სუფრის მთავარი ელემენტები ღომი, გებჟალია, ელარჯი, სულუგუნი და მეგრული ხაჭაპურია. ამას ემატება ბლომად წიწმატი, მწვანე ხახვი და ლობიო. რაც მთავარია, სუფრა ჭაჭის, ღვინისა და კეთილი გულის გარეშე არ არსებობს, შეზარხოშებულზე კი მეგრული ჰანგები, რომელიც სუფრას ძალიან უხდება.
სუფრას უკავშირდება „მიპატიჟების“ ტრადიცია. სამეგრელოში მიპატიჟებაზე უარის თქმა არ შეიძლება. მასპინძელი მანამდე გთხოვს დაწვევას, ვიდრე არ დათანხმდები. ადამიანები ქმნიან მის განსაკუთრებულობას ან მთა და ზღვა, ტრადიციები, მეგრული სიმღერა, კარგი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ა. შ., მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი მისი სიახლოვეა აფხაზეთთან. სამეგრელოში ყოფნისას ყველაზე მეტად გრძნობ აფხაზეთს, თითქოს მისი ჩურჩულიც კი გესმის და რომ ხელის გაწვდენაზეა კიდევ ერთი, გამორჩეული კუთხე.
სამეგრელოში დღემდე არის შემორჩენილი რამდენიმე ცრურწმენა. მაგალითად ის, რომ დღესასწაულებზე მიწის დამუშავება არ შეიძლება; ორშაბათს _ ფულის გასესხება და მთვარის კლებისას ვენახის გასხვლა… ასევე ძალიან პოპულარულია ხალხური მედიცინა, რომელსაც ბევრი ადამიანი მიმართავს და კმაყოფილიც არის. როგორც ამბობენ, სამეგრელოში დამზადებული ამ წამლებით ბევრი დაავადების დამარცხება შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში გველის, მორიელისა თუ სხვა შხამიანი წარმოშობის ნაკბენს შელოცვებით მკურნალობენ. შელოცვების მიმართ რწმენა იმდენად დიდია, რომ შემლოცველები მეზობელი სოფლებიდანაც კი დაჰყავთ. შელოცვები თაობებით გადაეცემა დედიდან შვილს და ა. შ.
კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც ამ ბოლო დროს აღმოფხვრას ექვემდებარება, გლოვის ტრადიციაა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ სამეგრელოში მიცვალებული შვიდ ან მეტ დღეს ესვენა; შინაგან გლოვასთან ერთად კი გარეგანიც ძალიან დიდხანს გრძელდება, რაც გამოიხატება იმით, რომ 40 დღე არ შეიძლება ტელევიზორის ჩართვა, ძაძების გახდა (ხშირად ძაძები მთელი ცხოვრება აცვიათ), სასტუმრო ოთახში კი გარდაცვლილის ტანსაცმელსა და ნივთებს აწყობენ. ხორცის მირთმევა კი მხოლოდ ცხრა დღის გასვლის შემდეგ შეიძლება. მამაკაცები 40 დღეს, მიცვალებულის პატივსაცემად, წვერს უშვებენ და მხოლოდ ორმოცის შემდეგ იპარსავენ.
რაც შეეხება დღესასწაულებს: 28 აგვისტოს, მარიამობას, სამეგრელოში „ჭიაკოკონობაა“. გზაჯვარედინებზე ბორბალს ცეცხლს უკიდებენ და სამჯერ გადაახტებიან, ზოგიერთის წმენით, ეს მათ ბოროტი ძალებისა და ეშმაკებისგან ათავისუფლებს. ახალი თაობისთვის კი ეს არის ერთად შეკრებისა და მოხარშული სიმინდის დაგემოვნების ტრადიცია.
საახალწო ტრადიციებს თუ გავიხსენებთ, ახალი წლის ღამეს, ტრადიციული შუშხუნებისა და სხვა ასაფეთქებელი საშუალებების გარდა, ბევრ ოჯახში თოფის გასროლით ხვდებიან მას. 15 იანვარს აღინიშნება ძველი დროით ბედობა, ანუ „კუჩხა“, რომელიც ითვალისწინებს, რომ ამ დღეს პირველად ის ადამიანი უნდა გესტუმროს, რომელსაც „კარგი ფეხი“ აქვს. რწმენის მიხედვით, სწორედ ამ „ფეხზეა“ დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა. გადმოცემის თანახმად, სამეგრელოში, ძველად, რამდენიმე „კარგი ფეხით“ ცნობილი ადამიანი გამოირჩეოდა, რომელთაც ქირაობდნენ კიდეც სტუმრობისთვის“.

იმერეთი

გივი ბერაძე:
„მე სულითა და გულით იმერელი ვარ, იმერეთის ერთ-ერთ გამორჩეულ რაიონში _ ბაღდათში დავიბადე, იქ გავიზარდე, აღვიზარდე და განათლებაც იქ მივიღე. მოკლედ, იქაური სიყვარულით, სითბოთი და კულტურით მოვიწამლე, რომელიც მინდა, სულ თან გამყვეს.
იმერელს, პირველ ყოვლისა, სტუმარ-მასპინძლობა ახასიათებს. თბილი და გულიანია, ალბათ, ყველა კუთხის წარმომადგენელთა შორის. ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, სტუმრისთვის უკანასკნელი ლუკმის გამეტებაც რომ შეგვიძლია, სტუმარს მთელი სითბოთი რომ ვიღებთ და გულში რომ ვიხუტებთ. ასეთ სითბოსთან ერთად იმერელს ვერ დაუკარგავ მის იუმორს, გემრიელ და ლაზათიან სიტყვა-პასუხს _ აი, ჩახუჭუჭებულ-ჩაკვარახჭინებული ნათქვამი რომ უყვარს და სათქმელს სიყვარულით გადმოსცემს.
იმერული სუფრა ერთგვარი აკადემიაა, სადაც ყველაზე „ღლაპი“ და ყველაზე ბრძენი ერთად იყრის ხოლმე თავს და ერთმანეთისგან სწავლობს. იმერულ სუფრაზე დიდი სიყვარული სუფევს, ერთმანეთის რიდითა და კრძალვით სხედან ხოლმე და სადღეგრძელოებში საკუთარ გულის სათქმელს ამბობენ. იმერული სუფრა და ქეიფი არასდროს ყოფილა მარტო ღვინის სმაში გაჯიბრების ასპარეზი, _ ეს იყო სხარტი სიტყვა-პასუხის, სიყვარულის, ზრდილობის, ურთიერთპატივისცემის, რაინდული თავდაჭერილობის, ერისა და მამულისადმი ერთგულების დემონსტრაცია და განა კი შეიძლება იქ, სადაც სუფრაზე ნეშონიანი მჭადი, ქოთნის ლობიო, მწვანილი, (ღვინო ციცქა-ცოლიკოური) ხანის სულგუნი, შემწვარი წიწილა, ახლად ამოყრილი შოთის პური და გარშემო ასეთი თბილი და საყვარელი ხალხი ზის, სხვაგვარად იყოს?! შეუძლებელია, რადგან ეს იმერეთია და იმერული სუფრაა.
სტუმარ-მასპინძლობა და დაჟინებული, თავგამოდებითი დაპატიჟება გამოარჩევს იმერეთს სხვა კუთხეებისგან. სულ რომ არაფერი ჰქონდეს და ერთი ჭიქა ცივი წყალი მოგაწოდოს, მაინც ისე გულიანად დაგპატიჟებს და იმდენჯერ გეტყვის, „მობრძანდი-შემოიარეო“, უარს ვერ ეტყვი. პირიქით, უარი ისე სწყინს ხოლმე იმერელს, სჯობს, სულ რომ არ გწყუროდეს, მაინც დალიო ის მოწოდებული ჭიქა წყალი. და შემდეგ ხდება სასწაული _ როგორც უნდა საუკეთესო მასპინძლობა გაწიოს იმერელმა, ბოლოს მაინც ბოდიშს მოიხდის და იტყვის, _ ისე ვერ ვქენი, რაფრაც მე მინდოდა და შენ გეკუთვნოდაო… იუმორიც გამორჩეული გვაქვს _ სიმართლის ისე ლამაზად, შეფუთულად და სასაცილოდ გადმოცემა ვიცით, რომ, ალბათ, ამით დავიკვეხნით საქვეყნოდ.
მახსოვს ქორწილის ტრადიცია, რომელიც ეზოში უნდა გამართულიყო სეფაში, _ დღევანდელი დარბაზების ადრეული ვარიანტი. იყო მაყრიონის მიღებისა და გასტუმრების წესი. იმერეთში ადრე სახლის საძირკვლის ჩაყრის რიტუალიც ჰქონიათ. მიწას ბარით, პირველად, ოჯახის უფროსი შეეხებოდა, დალოცვას წარმოთქვამდა, ატანდნენ მაგიურ ძალებს, ქვებს, აცხობდნენ ხაჭაპურს, წირავდნენ ფრინველებსა და ცხვრებს და ა.შ.“

აჭარა

მარიამ ბოლქვაძე:
„აჭარა ჩემი მშობლიური კუთხეა. აქ დავიბადე, გავიზარდე და მივიღე განათლება. ბევრი ტრადიცია ჩემთვისაც სასიამოვნო და, ზოგჯერ, უცნაურიც კი არის, მაგრამ მიყვარს ჩემი კუთხე და ვამაყობ, რომ აჭარელი ვარ.
აჭარა, ისევე როგორც სხვა კუთხეები, მრავალი განსხვავებული და გამორჩეული ტრდიციის მატარებელია. მინდა აღვნიშნო აჭარელი ადამიანის ჩაცმულობა, რომელიც, დღევანდელთან შედარებით, რადიკალურად განსხვავდება. აჭარელს ყველაფერი, რაც აცვია, მოკლეა და ტანზე მჭიდროდ დამდგარი. აჭარელ კაცს ახასიათებს ულვაში, რომელიც მამაკაცურ თვისებებს უსვამს ხაზს. მანდილოსნებს ტანზე გამოყვანილი ჭრელი ჩითის კაბები აცვიათ. ფეხებზე ადგილობრივად მოქსოვილი, ჭრელი წინდები აცვიათ და ძროხის ტყავისგან შეკერილი ქალამნები, თავზე კი თეთრი „სილგი“ და ვიწროდ შუბლზე გაკრული ხელმანდილი. ხასიათით ფიცხი, შრომისმოყვარე და მებრძოლი სულის ადამიანები არიან, ქალები კი მეტად თავმდაბალნი და, დიდი შრომის მიუხედავად, ოჯახის ერთგულები. აჭარული სუფრა, ძირითადად, შეიცავს ცხიმოვანი პროდუქტისგან დამზადებულ საჭმელს, რომელიც სტუმრისთვის მეტად თვალში საცემი და მადისაღმძვრელია. აჭარული სუფრის მნიშვნელოვან კერძად ითვლება ბორანო და აჭარული ხაჭაპური, რომელიც ბევრი ყველითა და „იაღით“ (კარაქი) მზადდება. ასევე სინორი, ბორეგი, დოშორვა, ნაღვიბორანო, ხავიწი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ყურუთი, რომელიც ხაჭოსა და სიმინდის ფქვილისგან მზადდება. ასეთ სუფრაზე მჯდომი ადამიანი უკმაყოფილო ვერ დატოვებს აჭარას.
აჭარა დიდი ისტორიის მატარებელი კუთხეა. ის სხვა კუთხეებისგან თავისი ისტორიით, რელიგიითა და განსხვავებული დიალექტით გამოირჩევა. აჭარა 300 წლის განმავლობაში თურქთა ბატონობის ქვეშ იყო და, ამის გამო, აქ ძირითად რელიგიად მუსლიმანობა დამკვიდრდა. ასევე გამოირჩევა მთაგორიანი რელიეფითა და კლდოვანი საფრით. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანი ნარგავები.
ტრადიციები აჭარაში მრავლადაა. აქ ყველა ოჯახს ჰქონდა სტუმრისთვის გამოყოფილი ერთი ოთახი, რომელსაც „მეიდან ოდა“ ეწოდებოდა. მას ცალკე შესასვლელი ჰქონდა და არასდროს იკეტებოდა. ღამით მოსულ სტუმარს თავისუფლად შეეძლო შესვლა და ღამის გათენება. ოთახში იყო შეშის ღუმელი, ღუმელთან _ შეშა პატარა გობით, ნავთის ლამპა და მატყლის საწოლი. სტუმრის მიღებასთან ერთად განსხვავებულია დაოჯახების პროცესიც. როცა ქალი თხოვდება, ბიჭის ოჯახში მიაქვთ საწოლი, მატყლის დოშეგი (ლეიბი) და საბანი, რომელსაც მზითევი ეწოდება. ასევე, ეწევიან მომთაბარეობას. ის მოიცავს მაისიდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდს. მემთეურები მიდიან პირუტყვით მთაში, რომელსაც „იაილებს“ უწოდებენ. მემთეურობის შუა პერიოდში, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას, აღინიშნება ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა“ (მემხლიანობა), სადაც ტარდება სპორტული შეჯიბრებები: დოღი (ცხენოსნობა), ჭიდაობა. ასევე, ტარდება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული მომღერლებისა და მოცეკვავეების შემადგენლობით“.

სვანეთი

ელა ფურელიანი:
„სვანეთი ჩემი განუყრელი ნაწილია იმიტომ, რომ სვანეთის პატარა სოფელში გავიზარდე, დავდიოდი ბაღსა და სკოლაში, იქ ცხოვრობენ მშობლები და ძმა, ყველა ჩემი ახლობელი, ბებო, სამეგობრო და უამრავი ნაცნობი. სვანეთის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ამიტომ უნივერსიტეტში როგორც კი დასვენებები მეწყება, მეორე დღესვე, ექვსსაათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, ჩემს საყვარელ სოფელში ჩავდივარ. იქ კი იწყება საოცნებო განტვირთვა ყველაფრისგან, დედას დაცხობილი კუბდარი, თბილი კერა და გარშემო საყვარელი ადამიანები…
სვანები ცოტა რთული ხალხი ვართ. საცხოვრებელი პირობები, გარემო და ცხოვრების სტილი დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. საზოგადოებისთვის სვანი ასოცირდება მკაცრ ბუნებასა და გაუღიმარ სახესთან, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი უფრო ფასადურია, ვიდრე ბუნებრივი. ნამდვილად გვახასიათებს წარბშეკრული სიარული, თუმცა ძალიან სტუმართმოყვარე, თბილი და მოსიყვარულე ხალხი ვართ. სვანმა თუ გიძმო, ნიშნავს, რომ შენ გამო ტყვიასაც მარტივად შეეფეთება, თუმცა ღალატის პატიება ძალიან უჭირთ, ამიტომ სიმკაცრეს არასდროს კარგავენ თვით შვილებთანაც კი.
სვანური სუფრა ეს არის ერთმანეთზე დახვავებული სხვადასხვა სახეობის საჭმლის წყობა. ზოგი ჩვენია, ზოგიც სხვა კუთხეებიდან გვაქვს ნასესხები. თუმცა, შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ერთ-ერთი უხვი სუფრა ვიცით. ჩვენი მარგალიტი, რა თქმა უნდა, კუბდარია, რომელსაც ყველა ოჯახი განსხვავებულად აკეთებს. არ არსებობს ერთი კონკრეტული რეცეპტი. სვანებს ძალიან გვიყვარს, აგრეთვე, ლობიანი ყველით, რომელიც უფრო რაჭულია, თუ არ ვცდები, მაგრამ გასვენებაშიც კი ლობიანს მხოლოდ ყველგარეულს აცხობენ.
სიმკაცრე ყველა მთის ხალხს ახასიათებს, მაგრამ სვანეთში იმდენად მკაცრია საზოგადოება, რომ, შეიძლება, შვილიც კი გაწიროს მამამ მისთვის სამარცხვინო ან მიუღებელი საქციელის ჩადენის გამო.
როგორც ბებიაჩემისა და უფროსი ხალხისგან მსმენია, ძალინ ბევრი მითია ჭინკებსა და ტყის ქალებზე. ხშირ შემთხვევაში ეს მითები საუკუნეებს ითვლის და ამოუცნობ ფაქტებს ეხება. ტრადიციებით საკმაოდ მდიდარი მხარეა. არის ძალიან ბევრი დღესასწაული, რომელიც დღემდე შემორჩენილია. ყველაზე საინტერესო და უკვე საკმაოდ ცნობილია ქუნარეში _ სულების პატივისცემის კვირეული; ლამპრობა ყველამ კარგად იცის, თუმცა ქვემო სვანეთში ლამპრობა არ გვაქვს და მის ნაცვლად აულ-მაული ვიცით, რომელსაც ყველიერის ბოლოს აღვნიშნავთ მარხვის დაწყებამდე და ამ დღეს თითქოს გადაულოცავს ერთი კუთხე მეორეს მელიებს, ქორებსა და ა. შ. შინაური ფრინველების დასაცავად. დღესასწაულებიდან გამოვყოფდი მარიამობას, აღდგომასა და შობას. სამივე ძალიან დიდი ზარზეიმით აღინიშნება, თუმცა არანაკლებ საინტერესოა გიორგობაც. ამ დღეს უამრავი ადამიანი სწირავს ცხვარს ტაძარს. აგრეთვე, გვაქვს სკალდობა და კვირიკობა. სკალდობა ყოველ წელს აღდგომიდან მეშვიდე კვირას აღინიშნება და ქვემო სვანებისთვის სახალხო დღესასწაულია, ხოლო კვირიკობა 28 ივლისს აღინიშნება და ამ დღეს მთელი ქვემო სვანეთი ზემო სვანეთში მიდის მოსალოცად წმინა ივლიტასა და კვირიაკეს ტაძარში (ერთგვარი ტრადიციაა)“.

გურია

ნინი შარაშიძე:
„მე ყველაფერი მაკავშირებს გურიასთან. დიაგნოზით გურული ვარ და მკურნალობას არ ვექვემდებარები.
გურული ადამიანი ფიცხია, სწრაფი, ერთგული, მხიარული… როგორც გვეძახიან, „აბდლები“… მშრომელი და თან კარგი კრიმანჭულის სიმღერის ხასიათზე რომ არის. გურული სუფრა გულიანია _ ოჯახი და დიასახლისი ძალიან რომ ცდილობს სტუმრის გახარებას, ისეთი. გურული კრიმანჭული ჭეშმარიტად გურულ მოვლენად მიიჩნევა.
გურულებს გვაქვს გურული კალანდა, რომელიც 6 იანვარს თენდება და ყველა ოჯახში რკალისებური ფორმის გურული ღვეზელი ცხვება ცოცხლებისა და მიცვალებულების სახელზე. ღამის 12 საათზე იჭრება ღვეზელი და მთელი ოჯახი ერთმანეთს ქრისტეშობას ულოცავს.
გვაქვს ასეთი ტრადიცია _ ლელო. ძალიან მძიმე ბურთს სოფლის მოძღვარი აკურთხებს და მთელი სოფელი მის მოსაპოვებლად იბრძვის. მერე ბურთს სოფლის ყველაზე ახალგაზრდა მიცვალებულის საფლავზე ტოვებენ მომავალ წლამდე.
არსებობს მითი მარიამ ბუკისციხელის შესახებ (ბუკისციხე ჩემი სოფელია): მარიამი ქვრივი იყო, რომელსაც სამი გოგო ჰყავდა. ისეთ დროს ცხოვრობდა, როცა ადამიანებს იტაცებდნენ და ყიდდნენ. ამ ქალის სიმამაცე სახელგანთქმულია _ ის სახლში შემოჭრილ მამაკაცებს, თურქებს, თავისით გაუმკლავდა, თავის ქალიშვილებთან ერთად სხვენში დამალულმა მტრებს ადუღებული წყალი გადაასხა და ასე დაიცვა ქალიშვილები მოტაცებისგან. არსებობს იმავე სახელობის პიესა და სპექტაკლიც, რომელიც გურიის თეატრების სცენებზე არაერთხელ დაიდგა“.

„ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს; ამასთან, სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას“, _ უთქვამს გერმანელ ვინკელმანს. ფერადი საქართველო ამ სიტყვების თქმიდან სამი საუკუნის შემდეგაც მშვენიერ ადამიანთა და ქმნილებათა ქვეყანაა, რომლის ყოველი კუთხე ერთმანეთისგან განსხვავებულია. თითოეულ მხარეს საკუთარი ისტორია და მახასიათებელი აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთიანდება.

მარიამ ტიელიძე