აფხაზური ანბანი რუსმა გენერალმა შექმნა

ორსაუკუნოვანმა რუსულმა იმპერიალისტურ-შოვინისტურმა პოლიტიკამ თავისი ავი საქმე გააკეთა. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგონებდნენ ათასგვარ ფანტასტიკურ თეორიას, მათ შორის, ისეთს, როგორიცაა აფხაზთა აფრიკული წარმომავლობა. ბოლოს და ბოლოს, რას ეფუძნება აფხაზური სეპარატიზმი? ყველაფერი ხომ ისტორიის გაყალბებით დაიწყო?!.

აფხაზთა აფრიკული წარმოშობის იდეა, ისე როგორც სხვა მსგავსი, კრემლში მოფიქრებული მზაკვრული ჩანაფიქრია და შესაძლებელია, დაემყაროს ერთადერთ წყაროს, რომელსაც ისტორიკოსები არ იზიარებენ. ესაა ჰეროდოტეს მონაცემი კოლხთა ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ. აქ აფხაზეთი ნახსენებიც არაა და მას აფხაზმა მოღვაწემ და მეცნიერმა, ხუხუტი ბღაჟბამ, საკადრისი პასუხი გასცა: „აფხაზთა აფრიკული წარმოშობის თეორიის მცდარობა გასაგებია, ვინაიდან აფხაზები წარმოადგენდნენ ქართველთა ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ტომს, რომელიც სახლობდა საქართველოსა და კავკასიაში“.
სეპარატისტული დამოკიდებულების მცდარობას ყველაზე დიდი სეპარატისტი, ნესტორ ლაკობაც კი აღიარებს: „…თავდაპირველად ჩვენ გვრცხვენოდა საკუთარი თავისთვის რესპუბლიკის „პრეზიდენტები“, სახკომები და ა. შ. გვეწოდებინა, მაგრამ გადის ერთი, ორი, სამი და ა. შ. დღე და ეს მორცხვობა ქრება!
…აფხაზეთი წარმოადგენს მრავალქსოვილიან რესპუბლიკას, ამასთან, ცალკეული ნაწილები ამ რესპუბლიკისა ჯერ კიდევ არ არის ურთიერთშეზრდილ-შეხორცებული ისე, როგორც საჭიროა. საკითხის დასმა, რომ აფხაზეთი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და უნდა გამოეყოს საქართველოს, მიგვიყვანდა იქამდე, რომ აფხაზეთი დაიშლებოდა, როგორც ქაღალდის ხუხულა, აგებული ცელქი ბავშვის ხელით. ასე დგას საკითხი რეალურად. ამაზე ლაპარაკობს სინამდვილე, თუ მას ისე გავითვალისწინებთ, როგორც არის!“
რა ღონისძიებებს ატარებდა რუსეთი ამ მხარის საქართველოსგან მოწყვეტის მიზნით? ეს იყო მისთვის ჩვეული ორმაგი სტანდარტები. აფხაზები „მეფის წინაშე დამნაშავე ხალხად“ ოფიციალურად გამოაცხადეს(!!!), რასაც მოჰყვა მუჰაჯირობა.
ამ ტრაგედიას თ. აჩუგბა ასე განმარტავს: „ის ფაქტი, რომ ლტოლვილთა შორის მრავლად იყვნენ ქრისტიანებიც, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს აფხაზთა მუჰაჯირობის ძალდატანებით ხასიათს, მეორე მხრივ კი აქარწყლებს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც თითქოსდა აფხაზების მუჰაჯირობა აფხაზების რელიგიურ ფანატიზმს ემყარებოდა. სინამდვილეში, რელიგიური ფანატიზმის საფუძველზე აფხაზების გადასახლების ფუჭი თეორია ცარიზმის მიერ იყო შეთითხნილი, რომელსაც მხარს უბამდნენ რეაქციული პრესა და ცალკეული ისტორიკოსები. აღნიშნული თეორიის მიზანი იყო, მიჩქმალულიყო ცარიზმის მიერ ჩადენილ ბოროტებათა არსი და მუჰაჯირობით გამოწვეული ტრაგედია თავად აფხაზ ხალხს გადაბრალებოდა!“
მუჰაჯირთა ნაწილი სამშობლოში სამი გემით დაბრუნდა: მათ ნება არ დართეს, უშუალოდ საკუთარ სახლ-კარს დაბრუნებოდნენ და აჭარაში დამკვიდრდნენ _ მათ ქართული მიწის ნებისმიერი ნაწილი საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდათ! ასე გაჩნდა სამი დიდი დასახლება, მრავალრიცხოვანი აფხაზები დღესაც ლაღად ცხოვრობენ ბათუმსა და მის შემოგარენში!
რუსები, პარალელურად, ქმნიდნენ ე. წ. აფხაზურ ანბანს! პირველი „აფხაზური ანბანი“ 1862 წელს რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა რუსმა მეცნიერმა, ჩინით ჟანდარმერიის გენერალმა, პეტრე უსლარმა! იგი რეალობას ვერ გაექცა, ამ ანბანს უწოდა არა აფხაზური, არამედ _ „ქართულ-კავკასიური ანბანი!“ ეს ის უსლარია, რომელიც ურცხვად ირწმუნებოდა, კავკასიელ მთიელებს არ შეუძლიათ იქონიონ საკუთარი სამწერლო ლიტერატურაო. მისივე სიტყვებით, „ტუზემნაია გრამატა“ უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ქართული გავდევნოთ და კავკასიელებს რუსულის შესწავლა გავუადვილოთო!
1892 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე მაჭავარიანისა და დიმიტრი გულიას მიერ შედგენილი სახელმძღვანელო: „აფხაზური ანბანი“. 1926-1928 წლებში გამოიყენებოდა ნიკო მარის „ანალიტიკური ანბანი“ _ ვერც ამას უწოდეს „აფხაზური ანბანი“. 1938-1954 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ქართული გრაფიკით სარგებლობდა! ოსებთან დაკავშირებით აღვნიშნავთ: ამგვარი რეფორმა შეეხო მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ ოსებს. კრემლში სიძულვილი დიდხანს ვერ დამალეს და 1954 წლიდან ორივე რეგიონში ისევ რუსული (სლავურ-კირილური) გრაფიკა დანერგეს. სხვათა შორის, მიხეილ ბუთბამ თურქეთში მცხოვრები აფხაზებისთვის ლათინურზე დაფუძნებული ცალკე ანბანი შექმნა, რომელიც 1919 წელს სტამბულში გამოქვეყნდა, მაგრამ თურქულმა ხელისუფლებამ მის დანერგვას ხელი შეუშალა.
რა ენაზე საუბრობდნენ აფხაზები იმ დროს, როცა „აფხაზთა სამეფო“ არსებობდა? აქ კი შირვანი ხაკანი (XI ს.) გვახსენდება: „ტრფობით შენი თეთრი სახის და კავების, მას რომ ამკობს, აფხაზეთში დავესახლე და ქართულად ვლაპარაკობ.
ერთ მშვენიერ დღეს ფეხს დავკრავ და აფხაზეთს გავალ… ღია დამხვდება ქართველების კარები, მჯერა“.
საქართველოს გაერთიანების ერთ-ერთმა მებაირაღემ, აფხაზთა მეფე კონსტანტინემ, 904 წელს ქართლზე ილაშქრა და შეიერთა (მისი მეფობის აღნიშვნით იწყებენ წარწერას ერედვის ეკლესიის აღმშენებელი და არხის გამყვანი ოსტატები _ რასაკვირველია, ეს წარწერები ქართულია!). აფხაზი მეფეები საქართველოს ერთიანობის მოწინააღმდეგეებს უსასტიკესად უსწორდებოდნენ და შვილსაც არ ინდობდნენ _ გიორგი II-მ (922-957 წწ.) სიკვდილით დასაჯა შვილი, ქართლის ერისთავი კონსტანტი!
აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ნიკო მარიც კი ადასტურებს, რომ აფხაზური სატომო სახელი წარმოიშვა „მასხიდან“ („მესხი“). იგივეს ამტკიცებს და საკითხს უტყუარს ხდის პავლე ინგოროყვაც, ჩერქეზული წარმოშობის ჭეშმარიტი ქართველი. ივანე ჯავახიშვილი სარწმუნოდ მიიჩნევს მარის ამ მოსაზრებას, აზუსტებს და ყურადღებას ამახვილებს ბიბლიაში მოხსენიებული კიდევ ერთი ქართველური ტომის „მეშეხად“ წოდებულ საკუთარ სახელზე, კერძოდ კი „-ხი“ დაბოლოებაზე, რომელიც ეროვნების აღმნიშვნელი ქართული სუფიქსია! ანუ გაბედულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქართველთა ერთ-ერთი უძველესი ნაციონალური გამაერთიანებელი ტერმინია „მესხი!“ ასე რომ, არც ისაა შემთხვევითი, „მცხეთა“ საქართველოს უძველესი დედაქალაქი, „მესხთა ქალაქს“ ნიშნავს!
სხვათა შორის, ძველი ბერძნული წყაროების თანახმად ნიკოფსიას (დაახლოებით დღევანდელი ტუაფსე), ჩვ.წ.აღ.-მდე V ს-ში ეწოდებოდა „ძველი ლაზიკა“, ზოგ წყაროში მას „ლაზთა ქალაქადაც“ მოიხსენიებენ, ხოლო 1920 წელს ქართულ-აფხაზური გაერთიანებული ჯარი სრულად აკონტროლებდა სოჭის ოლქს, სადაც მრავალრიცხოვანი ქართველები ისტორიულად და დღესაც ცხოვრობენ (პლაცტუნკაში).
რუსული ბარბაროსობა _ მუჰაჯირობა, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ და აღვნიშნოთ: აფხაზთა საკუთარი მიწა-წყლიდან აყრას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა ქართული საზოგადოება, სხვა პროგრესისტებთან ერთად თავისი წონიანი სიტყვა თქვა ილია ჭავჭავაძემ! ქართულმა დელეგაციამ ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოში აფხაზ მუჰაჯირთა უკან დაბრუნება კატეგორიულად მოითხოვა. შოვინისტური რუსული მმართველობა ქართველთა პატრიოტულ მოთხოვნას გულცივად შეხვდა. 1920 წელს დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებამ ანტანტის გაერთიანების უმაღლეს საბჭოზე, ოფიციალური წესით, კვლავ დააყენა საკითხი მუჰაჯირთა სამშობლოში, საქართველოში დაბრუნების თაობაზე. სამწუხაროდ, ქართველთა დაჟინებულობას დადებითი შედეგი ისევ რუსული ხიშტების საქართველოში შემოჭრის (1921 წ.) გამო არ მოჰყოლია.

ხვიჩა ჯოჯუა