სიცოცხლეზე შეყვარებული და მისთვის შეუპოვრად მებრძოლი მეანი

ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანას ათასობით ახალშობილისა და დედის სიცოცხლე აჩუქა! პიროვნება, რომლის ხელშიც უმძიმეს პაციენტებს გაუვლიათ. ექიმი, რომელიც, ჯერ კიდევ, ბნელი 90-იანებიდან მოყოლებული, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, უმძიმეს პაციენტებს შველოდა და სირთულეებს არ უშინდებოდა!

დღეს იმ ადამიანზე უნდა მოგიყვეთ, რომელმაც ბევრი ბრძოლის შედეგად სასურველს მაინც მიაღწია, არ დანებდა, მიზანი რეალობად აქცია და ახლა „ჩაჩავას კლინიკაში“ სამეანო სამსახურის უფროსი გახლავთ. დღეს შორენა კიკვაძეზე უნდა გიამბოთ…
დღევანდელი სტატიის გმირი ერთი შეხედვით აღგიძრავთ იმ ნდობას, რაც ამდენად მნიშვნელოვანია პაციენტისთვის ექიმთან ურთიერთობისას, მით უფრო, თუ მის ხელშია პაციენტის მომავალი შვილის ამქვეყნად მოვლინების პროცესი! სანდო სახეს უფრო დიდ სათნოებას მისი ცისფერი თვალები და გულწრფელი, კეთილი ღიმილი სძენს.
ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილ შორენას ბავშვობიდანვე ჰქონია მიზანი _ გამხდარიყო წარმატებული და სანდო გინეკოლოგი, ამიტომაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, მისი წარმატებით დამთავრების შემდეგ ინტერნატურა მე-4 სამშობიაროში გაიარა, ჩაჩავას კლინიკაში ორდინატურაში ჩააბარა, შემდეგ იყო ასპირანტურა, მას კი დისერტაციის დაცვა მოჰყვა. სწორედ ამ პერიოდში გაიხსნა „ღუდუშაურის კლინიკა“ და რადგანაც ჩვენი სტატიის მთავარი გმირის სურვილი დამოუკიდებლად მუშაობა იყო, მანაც ახალგახსნილ „ღუდუშაურის კლინიკაში“ გადაინაცვლა. სწორედ იქ გადაწყვიტა „ჩაჩავას კლინიკაში“ მიღებული ცოდნის რეალიზაცია. იხსენებს, რომ მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, ასეთი რთული თუ იქნებოდა იქ მუშაობა და უმძიმესი პაციენტების მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით:
„ყველა უმძიმესი პაციენტი ჩვენთან მოდიოდა. რა თქმა უნდა, იყვნენ ორსულები და მშობიარეები, ოღონდ ყველა მძიმე და გართულებული შემთხვევა: მკვდარი ნაყოფები, ნაადრევი მშობიარობები, მძიმე პრეეკლამფსიები, უმძიმესი ექსტრაგენიტალიური პათოლოგიები და ა. შ.
დედაქალაქში მუშაობასთან ერთად რაიონებშიც გავდიოდით! ის პერიოდია, როცა არც გზა, არც შუქი, არც გათბობა არ გვქონდა. რაიონში რომ მიხვიდოდი, გაგიჭირდებოდა ექიმისა და პაციენტის გარჩევა. დავდიოდით ასპინძაში, ახალციხეში, ახმეტაში, სვანეთში, ნინოწმინდაში… ამ „დანჯღრეული“ გზებით მთელი საქართველო შემოვიარეთ. ჩამოგვყავდა მძიმე პაციენტები და გვიხაროდა, რომ კარგი შედეგები გვქონდა! ბევრჯერ ადგილზე ხდებოდა საჭირო ჩარევა: მშობიარობა, ოპერაცია… რა თქმა უნდა, იქაურ საავადმყოფოებში სრულიად მოშლილი იყო ინფრასტრუქტურა _ აპარატურა, იარაღი, პერსონალი…“
უკვე 2013 წელს შორენა დიდი გამოცდილებით „ჩაჩავას კლინიკას“ უბრუნდება სამეანო სამსახურის უფროსად. მიუხედავად ამისა, როცა ღუდუშაურის კლინიკაში მძიმე პაციენტი შემოდის, ჩვენს მთავარ გმირსაც იქითკენ მიუწევს გული.
ამბობს, რომ მისთვის უდიდესი ბედნიერებაა მადლიერი და ჯანმრთელი პაციენტის ყოლა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ძალიან მძიმე პაციენტს გადამრჩენელი ექიმის სახელიც კი არ ახსოვს, ის მაინც არ იხევს უკან მაქსიმალურად წარმატებული შედეგის მისაღებად. შედარებით მსუბუქი და კარგ მდგომარეობაში მყოფი მშობიარეები უფრო ხშირად იმახსოვრებენ და მადლიერები არიან თავიანთი ექიმის, ვიდრე მძიმე ავადმყოფები… ამბობს, რომ ყველაზე მეტად უმადურობა და დაუნახაობა აღიზიანებს.
ხუთი წლის წინანდელ შემთხვევას იხსენებს, როცა 4-ჯერ ნაადრევი მშობიარობისა და ბავშვების გარდაცვალების შემდეგ, 800-გრამიანი ახალშობილი სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან და დედას განუზომელი სიხარული აჩუქა. დღეს მისი ნათლიაა, ბავშვიც და დედაც შესანიშნავად, ჯანმრთელად არიან!
სიამოვნებით გვიყვება, თუ რატომ აირჩია ეს მიმართულება:
„ბავშვობიდან მინდოდა მეანობა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენს დროს მოდაში იყო ექიმობა, გვეგონა, რომ ეს ძალიან კარგი, ჰუმანური საქმე იყო _ ადამიანებს ემსახურები, გადაარჩენ და ა. შ. მართლაც ასეა, მაგრამ მეანობის სირთულეებს მაშინ ვერ ვხედავდი. ეს რომ ამდენ პრობლემასთან, ღამის თევასთან და გართულებებთან იყო დაკავშირებული, ვერ აღვიქვამდი. დღეს რომ თავიდან დავიწყო ცხოვრება, ისევ იგივეს მოვინდომებ მთელი სულით და გულით, თუმცა რომ მახსენდება, რამდენად დაუგეგმავია მეანის ცხოვრება, რამდენად რთულია იგი, შეიძლება რაღაცები შემეცვალა!
რთული მარტო იმიტომ კი არ არის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჯანმრთელი ქალი და ბავშვი მოდის, შეიძლება ყველაფერი სავალალოდ დამთავრდეს, არამედ აქ არის კიდევ მეორე ასპექტი _ აბსოლუტურად შებოჭილი ხარ, არ იცი, რომელ დღეს რა შეიძლება მოხდეს. არც ერთი დღე არ გაქვს თავისუფალი!“
სხვებისთვის სიხარულის მომტან ექიმს ძვირფასი დრო არ ენანება საკუთარი შვილისთვის, მარიამისთვის, რომელიც უდიდეს სიხარულს ანიჭებს მას!
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად კარგა ხნის ემანსიპირებული და ჩამოყალიბებული პიროვნებაა, მიაჩნია, რომ თავისუფალი მაინც არ არის! სამსახურის ყოველდღიური რუტინაც რომ არ გავითვალისწინოთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს საკუთარი შვილის, მამისა და ყველა მისთვის ძვირფასი ადამიანის მიმართ. ამბობს, რომ დიდი ძალა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
ადამიანში ყველაზე მეტად სიყვარულის გრძნობას აფასებს! სამწუხაროდ, დღეს ბევრი მისთვის საყვარელი ადამიანი აღარ არის შორენას გვერდით, მათ შორის, მეუღლე, დედა, ძმა… სწორედ ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც ყველაზე მეტად ენატრება!..
ამბობს, რომ წარსულში საკმაოდ ბევრი რამ უნდა გაეკეთებინა, თუმცა არ ან ვერ შეძლო, რასაც ნანობს კიდევაც. იხსენებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთა, თუმცა ეს მის სასარგებლოდ არ დასრულდა. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს წარსულზე არ ფიქრობს და მაქსიმალურად ცდილობს იმით დაკმაყოფილდეს, რაც კარგი და სასიამოვნოა!
„ჩაჩავას კლინიკის“ სამეანო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე დიდ პრობლემას განათლების დაბალი დონე ქმნის:
„რაც ექიმი ვარ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არავის უზრუნია ქართველი ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე. ცოტა ხნის წინათ ანკარაში ვიყავი, იქ ერთი თვე გავატარე და ვნახე, რომ თითქმის ყველა ინგლისურად საუბრობდა. განათლება ყველას ამერიკასა და ევროპაში ჰქონდა მიღებული, ეს პროცესი კი საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღო, მან გადაწყვიტა, რომ ჭკვიანი და განათლებული ექიმები ჰყოლოდა, ამისთვის ისინი საზღვარგარეთ გაუშვა განათლების მისაღებად და ცოტა ხნის შემდეგ სულ აღარ იქნება ამის საჭიროება, თავად ქვეყანაში იქნებიან საკმაოდ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც თავად ასწავლიან ახალგაზრდებს“.
დიდი გამოცდილების მქონე ექიმი გვიმხელს, რომ წარმატების მთავარი გარანტი შრომა, პოტენციალი და იღბალია. მან სწორედ ასე, დაუღალავი შრომით, სწორი არჩევანის გაკეთებით და ცოტა იღბლის დახმარებით მოახერხა შემდგარ ადამიანად ჩამოყალიბება.
ჩვენი სტატიის გმირმა გასულ კვირას იზეიმა დაბადების დღე და ესეც იმ ქუთაისში, ასე ძალიან რომ უყვარს:
„მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისი ძალიან მიყვარს, უკვე იშვიათად მენატრება იქაურობა, შეიძლება იმიტომაც, რომ საფლავების გარდა ძალიან ახლო აღარავინ მეგულება. თუმცა მოვინდომე, რომ წელს დაბადების დღეს იქ შევხვედროდი, ძალიან დადებითი და სასიამოვნო დღე გამოვიდა“.
სწორედ დაბადების დღის სიურპრიზად შვილმა შორენას პარიზისკენ გასამგზავრებელი ბილეთები შეუძინა. მოგზაურობა კი მისთვის განტვირთვა, ახალი ემოციებით ავსება და ევროპული კულტურის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა:
„თავისუფალი დრო რომ მქონდეს, ძალიან ბევრს ვიმოგზაურებდი. ჩემთვის ყველა ადგილი კარგია, წყალტუბოშიც კი (რომელიც ასე ახლოა ქუთაისთან) დიდი სიამოვნებით წავიდოდი. ვანში მეუღლის სოფელი გვაქვს, იქაც აუცილებლად წავიდოდი, რომ შემეძლოს.
საქართველო ძალიან ლამაზია და აქ ყველაფერი მომწონს. ნარიყალაზეც რომ ავდივარ, ამითაც ძალიან ნასიამოვნები ვარ.
საქართველოს შემდეგ იტალია მიყვარს ძალიან! იქიდან სრულიად „შეშლილი“ ჩამოვედი. მას შემდეგ, რაც მოგზაურობისთვის დრო ჩამივარდა ხელში, პირველი ქვეყანა, სადაც წავედი, იტალია იყო.
ცოტა ხნის წინათ დუბაიშიც ვიყავი, იქ უზარმაზარი ცათამბჯენებია და უკვე ერთ კვირაში ქოთნებში ვეძებდი ნამდვილ მიწას. წვიმა რომ არ მოდიოდა, მაგის გამოც უბედურად ვგრძნობდი თავს. მეგონა, რომ წვიმის არმოსვლის გამო იქ სიცოცხლე არ იყო! დუბაიში ულამაზესი და უდიდეს ტერიტორიაზე გაშენებული „სამოთხის ბაღი“ დავათვალიერეთ, სადაც ენით აღუწერელი სილამაზეა შექმნილი ხელოვნური ყვავილებისგან, მაგრამ მე იმხელა ხელოვნურ ბაღს ერთი ცალი მინდორში ამოსული ყვავილი მირჩევნია!“ _ ამბობს სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული შორენა!
როდესაც თავისუფლების მისეული გაგებით დავინტერესდი, მიპასუხა: „ხანდახან მარტოობა და თავისუფლება ერთმანეთისგან ვერ გამირჩევია! ზოგადად კი ვფიქრობ, რომ ეს ცნება დამოუკიდებლობას გულისხმობს, როცა თავად „ფეხზე დგახარ“ და შეგიძლია ვიღაცას რაღაც კარგი გაუკეთო, ასიამოვნო. თავისუფლება არ არის უცებ სახლის კარის მოჯახუნება და წამოსვლა… ის საკუთარ ნებაზე უარის თქმასაც გულისხმობს!“
როცა უკვე ცხოვრების მთავარ მიზანს მიაღწია, ახალი გეზი აიღო, უნდა, რომ 65 წლის ასაკში სამსახურისგან დაისვენოს და უზრუნველყოფილად იცხოვროს, საკუთარი დრო სრულად გამოიყენოს, შვილიშვილები ასეირნოს და ა. შ. ამისთვის კი მუშაობას აგრძელებს და არ იღლება!
ამბობს, რომ კომფორტი ძალიან უყვარს, რაც არა მხოლოდ მატერიალურ ყოფას, არამედ, პირველ რიგში, საყვარელი ადამიანების ჯანმრთელად, კარგად ყოფნას გულისხმობს!
მიუხედავად უზარმაზარი გამოწვევების დაძლევისა და მიზნის მიღწევისა, მიაჩნია, რომ მის უდიდეს მიღწევას ქალიშვილი, მარიამი წარმოადგენს.
ყოველთვის ეიმედება შვილი და მამა, _ 84 წლის ბ-ნი ოთარ კიკვაძე, რომელიც დღესაც შესანიშნავ ფორმაშია და მუდმივად ახალს ეძებს. ეიმედება ის მეგობრებიც, რომლებიც შორენასთვის ძალიან ახლოს არიან.
პიროვნება, რომელმაც არსებითი გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე, შორენას მეუღლე გახლდათ. მთავარი გმირი ამბობს, რომ სწორედ მან შეუცვალა ცხოვრება, _ 22 წლის ასაკიდან, ფაქტობრივად, გაზარდა, ყოველთვის სწორ რჩევებს აძლევდა და ბევრი რამ ასწავლა.
საკუთარ თავზე გულწრფელად საუბრობს:
„ნამდვილი შორენა კიკვაძე ერთი კეთილი ადამიანია. მგონია, რომ კარგი დედა (ხანდახან კი ვკამათობთ მე და ჩემი შვილი, მაგრამ მაინც), კარგი შვილი და ექიმი ვარ… რთულია საკუთარ თავზე ისაუბრო, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ, ზოგადად, კეთილი და მშრომელი ვარ, ყოველთვის კარგის კეთებას ვცდილობ და სულაც არ მგონია, რომ ბოროტი ან ცუდი ადამიანი ვარ. არაფრით გამოვირჩევი სხვებისგან, თუმცა უნდა ვთქვა, რომ საკუთარი თავი ნამდვილად ნაპოვნი მაქვს. ვიცი, სად და რატომ ვარ!“
გვიმხელს, რომ ის საქმე, რასაც აკეთებს, მისთვის მთელი ცხოვრებაა!
შორენას უყვარს საკუთარი საქმე, ქართული მუსიკა და უყვარს მარკესი, ხშირად კითხულობს ოთარ ჭილაძის შემოქმედებას… პარალელურად ყველანაირად ცდილობს, რომ განვითარებას არ ჩამორჩეს და დღევანდელობას მაქსიმალურად აუწყოს ფეხი! ღიმილით იხსენებს, რომ დაღლილს ფილმის ყურებისას ხშირად ეძინება ხოლმე, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შეუძლია ხელახლა უყუროს გამოტოვებულ ნაწილს, რაც ძალიან ახარებს. უყვარს ტექნიკა და ტექნოლოგიებიც…
მის კაბინეტში შესვლისას ფანჯრის რაფაზე მიჯრით დალაგებულ რამდენიმე ყვავილს დაინახავთ, რომელთაც ხშირად (როგორც მოგვიანებით გაგვიმხილა) ესაუბრება ხოლმე, უყვარს მათთან ერთად ყოფნა, მოსწონს შეგრძნება, რომ ისინიც ცოცხლობენ:
„ყველაფერი მიყვარს, რაც ცოცხალია და სიხარულს განიჭებს! ის ბედნიერი სახე მიყვარს, ჩემი დანახვისას მამას რომ აქვს ხოლმე. მინდა, დიდხანს იყოს, იგი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ისედაც მას ვგავარ ყველაფრით, მას კიდევ ზღვისფერთავალება შორენა ვგონივარ“.
სჯერა ადამიანებისა და უზენაესი ძალის! სჯერა, რომ ადამიანმა ყოველთვის სიკეთე უნდა აკეთოს! გული წყდება ხალხის დამოკიდებულებაზე ერთმანეთის მიმართ, გული სწყდება იმ დაძაბულობასა და შუღლზე, რასაც ყოველდღიურად ხედავს. განსაკუთრებულად განიცდის ექიმების მიმართ დაუმსახურებელ უპატივცემულობას: „არ ვიცი, ეს დამოკიდებულება ვინ ან რამ შექმნა, მაგრამ ფაქტია, რომ არის! დიდი კვალი დააჩნია ექიმებს შავმა პიარმა. ჯერ არდასრულებულ შემთხვევას უკვე ნეგატიურად განიხილავენ და ხშირად მინდა, ასეთ ადამიანებს ვუთხრა, _ თუ ჩვენ არ გჭირდებით და არ გვაფასებთ, მაშინ თავად მიხედეთ საკუთარ თავს!
რა თქმა უნდა, პაციენტს პატივისცემით უნდა მოეპყრა, უნდა აიტანო მისი სისუსტეები, თუმცა არავის აქვს უფლება, რომ ექიმი დაუმსახურებლად შეურაცხყოს!
მინდა, რომ რა ცხოვრებაც მქონდა და მექნება, ყველა ნაწილში კარგი დავინახო. ცუდზე არ ვიტირო, მომავლის იმედი მქონდეს და დღეს რაც მაქვს, იმით დავკმაყოფილდე. დანარჩენი რა იქნება, არავინ იცის, არც მე! ერთი რაც ვიცი ისაა, რომ ხსნა სიყვარულშია!“

შორენა კიკვაძემ „ქრონიკა+“-ის ვიზიტის შემდეგ კვლავ საკუთარი საქმე გააგრძელა და ახლაც, როდესაც ამ სტატიას კითხულობთ, ის ახალი სიცოცხლის დედამიწაზე მშვიდობით მოვლინებაზე ზრუნავს!

ნინო ტაბაღუა