რა ხდება „ოცნებასა“ და მარტვილში?

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გემოვნება, უფრო სწორად, უგემოვნობა ყოველგვარ ფარგლებს სცდება. ეს პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც სახელმწიფოს მართავს, დროთა განმავლობაში ყალიბდება, როგორც მახინჯად ამბიციური პოლიტიკური კასტა ყოველგვარი ცივილიზებული სტანდარტების გარეშე და ასევე დროთა განმავლობაში თუ ასე გააგრძელა თავისი საქმიანობა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნება.

ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ „ოცნებას“ და მის წინამორბედ მმართველ პარტიებს ყოველთვის ჰქონდათ თანაგუნდელების ხელის დაფარების სენი. თუ „მოქალაქეთა კავშირისთვის“ ხელის დაფარება სისტემური მექანიზმი იყო და სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკსა და თანამდებობის პირს მხოლოდ მაშინ აკავებდნენ, თუ ის ერთიანი თამაშის წესს დააღვევდნენ, ანუ ზევით წასაღებ ფულს მოტეხდნენ ან იმაზე მეტს მოიდომებდნენ თავისთვის, ვიდრე ეს „დადგენილი“ იყო, „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ მხრივ, მეტი სიმკაცრე ჰქონდა და „ნულოვანი ტოლერანტობის“ პირობებში კორუფცია ქვედა და საშუალო, გნებავთ, მაღალ დონეზეც, ფაქტობრივად, ამოიძირკვა. რაც შეეხება ელიტარულ კორუფციას, „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი ვერც ერთი ფაქტი ვერ მოიტანა. არსად დადასტურებულა, მით უფრო, სასამართლოს მიერ, რომ სააკაშვილმა 11 მილიარდი წაიღო სახლში ან უგულავამ ის ფული მიითვისა, რისთვისაც გაასამართლეს, არც მერაბიშვილია დაკავებული სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის და ა. შ.
ამ ფონზე, თუნდაც, კორუფციის კონტექსტში „ოცნება“ ისეთ ფოკუსებს აკეთებს და პოლიტიკურად გაუმართლებელ ნაბიჯებს დგამს, რომ ძალაუნებურად ჩნდება განცდა „მოქალაქეთა კავშირის“ დროიდელი კორუფციული სისტემის აღორძინების შესახებ.

საკითხი ერთ-ერთი ბოლო ფაქტის მაგალითზე განვიხილოთ:
ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამეგრელოში სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც დაკავებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წულაია. წულაიას ბრალი ედება სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც თაღლითობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის ყოფილი შემადგენლობა: თავმჯდომარე გოჩა ხურცილავა (მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი); როლანდ წულაია (მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი); ვაჟა გეგია (ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი); გოგი ძარია (ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი); ამბროსი ჭყონია (საკრებულოს ყოფილი წევრი); ჯონი ჯელია (საკრებულოს ყოფილი წევრი).
სამართალდამცველებმა ამ ადამიანებს საპროცესო გარიგება შესთავაზეს და გირაოს – 5-5 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამასთან, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსი გია ჩიხლაძე და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა კეკელია. მათ წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ გირაო აქვთ შეფარდებული. სასამართლო პროცესი ივნისშია ჩანიშნული.
დიახ, ცუდი ფაქტია, მაგრამ ამას პოლიტიკურ კონტექსტში შევხედოთ, რადგან სამართალდამცველებმა თავისი საქმე გააკეთეს.
იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ლამის, მთელი მარტვილის მერია პასუხისგებაში მისცა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არათუ არ მსჯელობს ამ ადამიანების უშუალო ხელმძღვანელისა და პარტიული ლიდერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არამედ მას ჭარბი ნდობა გამოუცხადა და მარტვილის მერი _ ალექსანდრე გრიგალავა, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩია.
პოლიტიკური ცინიზმის ეს მაგალითი თვალნათლივ ცხადყოფს არათუ უკვე ჩადენილი ქმედების (რის გამოც პასუხისგებაში მიეცა არაერთი პირი) გაუბრალოებას, არამედ უფრო დიდი საფრთხის შემცველია. ამ გადაწყვეტილებით „ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ახალისებს თანაგუნდელების დანაშაულებრივ ქმედებებს და მის პოლიტიკურ თანაგუნდელებს დაუსჯელობის სინდრომს უყალიბებს. თან ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა სამართალადამცველი სტრუქტურები ცდილობენ იბრძოლონ დანაშაულის წინააღმდეგ. ანუ რეალურად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს უშლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პოლიტიკური პასუხისმგებლობის არეალიდან გაჰყავს პერსონა, რომელიც თანამდებობრივად (საჯარო და პოლიტიკური) პასუხისმგებელია საკუთარი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციის გამართულ საქმიანობაზე.
აღნიშნულ საკითხს სახელმწიფოებრივ პრიზმაში თუ შევხედავთ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა პოლიტიკურ საბოტაჟს უწყობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მაგრამ დავუშვათ, რომ ეს გუნდში გადასაწყვეტი საკითხია და ასევე სახელმწიფოებრივ ჭრილში, მაგრამ სხვა რაკურსით შევხედოთ აღნიშნულ მფარველობას. რას გვეუბნება ამ გადაწყვეტილებით „ოცნება“ მოსახლეობას? რას ეუბნება საჯარო მოსამსახურეებს? პირველი: რომ საკუთარი თანაგუნდელების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ სცნობს; მეორე: არ დასჯის და პირიქით, წაახალისებს ნებისმიერ ქმედებას, თუ ეს მის პოლიტიკურ ინტერესში იქნება; მესამე: საჯარო მოსამსახურეებს იმდენის მოპარვა შეუძლიათ, რამდენის უფლებასაც თავად მისცემენ.
ისე, მარტვილის მერის თემა საკმაოდ ჩახლართულია. „ქრონიკა+“ წერდა, რომ მას სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია მფარველობდა და სწორედ მისი უშუალო მონაწილეობითა და გადაწყვეტილებით იყარა კენჭი მერის თანამდებობაზე, თუმცა როგორც ამბობენ, ბოლო დროს გრიგალავასა და შონიას შორის შავმა კატამ გაირბინა და ახლა შონია „სტავკას“ მის პირველ მოადგილე დავით სურმავაზე აკეთებს, რომლის ძმაც მარტვილის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა.
მარტვილში არ მალავენ და ღიად საუბრობენ, რომ ზემოაღნიშნული დაკავებების ფაქტში სურმავებს დიდი წვლილი მიუძღვით. ამ მოარულ ხმებში ხშირად მოისმენთ ფრიდონ ინჯიას სახელსა და გვარს. როგორც ირკვევა, სურმავებს სწორედ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, თბილისის საკრებულოს უხუცესი წევრი, კავშირგაბმულობის ექსმინისტრი ფრიდონ ინჯია მფარველობს და ლობირებს. იმასაც ამბობენ, რომ დაკავებული, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წულაია, სწორედ ინჯიას მიწას შეეხო „ცუდად“, რასაც მთელი ეს დავიდარაბა მოყვა.
ამჟამად, თურმე, პოლიტიკური ინტერესის ფორმირება შემდეგი სახით მიმდინარეობს: შონიას სურს, მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ დანელიას ხელით მოიშოროს ალექსანდრე გრიგალავა; ვადამდელ არჩევნებში კი პირველი მოადგილე დავით სურმავა უნდა გაიყვანონ მერის პოსტზე. როგორც ამბობენ, სქემას ფრიდონ ინჯიაც დასთანხმებია და „ქართულ ოცნებას“ ამ კონფიგურაციის დალაგებაში საკუთარ თანადგომასაც სთავაზობს. თუ ამ სქემამ არ იმუშავა, მიმდინარე ეტაპზე გუბერნატორისთვის გრიგალავაზე მისაღები კადრი მაინც არ არსებობს.
ეს ყველაფერი მაინც მოარულ ხმებზე დაყრდნობილი მსჯელობაა. ფაქტი კი, ჯერჯერობით, ერთია _ გრიგალავას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დანიშვნით შონიამ, კვირიკაშვილისა და კობახიძის თანადგომით, ვირეშმაკული სვლა გააკეთა და სუსს კორუფციასთან ბრძოლაში ხელი შეუშალა და ამით საკუთარი თავიც გადაირჩინა. როგორც ამბობენ, გრიგალავამ ერთ-ერთ შეხვედრაზე პირდაპირ თქვა, _ თუ შონია არ დამიცავს, მოუწევს ჩემთან ერთად ყოფნაო. სავარაუდოდ, სამეგრელოს გუბერნატორს ეს ამბავი მყისიერად მიუტანეს და სწორედ ამით იყო განპირობებული მისი რუდუნება ალექსანდრე გრიგალავას დასაცავად. მაგრამ სწორედ ამითაც არის განპირობებული ის გარემოება, რომ შონია მარტვილისთვის ახალ გამგებელს ეძებს. გრიგალავა უკვე აღარ არის სანდო შონიასთვის.
დაბოლოს, ეს ერთი მაგალითიც ცხადყოფს, რომ „ოცნება“ თავისი ხარბი ჩინოვნიკების მეშვეობით ქვეყანაში პოლიტიკური უპასუხისმგებლობის სტანდარტს ნერგავს, რაც მას მახინჯად ამბიციურ პოლიტიკურ კასტად აყალიბებს.
პოლიტიკურ არენაზე დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს ამ მეტად საშიში ტენდენციის აღკვეთა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კასტა დროთა განმავლობაში მას მიუბრუნდება.

არმაზ მეტრეველი