საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკა – 1917 წლის ოქტომბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-14.

მდგომარეობა რუსეთში

1917 წლის ოქტომბერი რუსეთისთვის საბედისწერო გამოდგა. სწორედ ოქტომბერში მოაწყვეს ბოლშევიკებმა სამხედრო გადატრიალება და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. 1917 წლის ოქტომბრის შემდეგ მსოფლიო 70 წელიწადზე მეტ ხანს აკვირდებოდა საშინელ ექსპერიმენტს, რომელსაც სახელად კომუნიზმი ერქვა.
ოქტომბრის ქართულ გაზეთებში ბოლშევიკური რევოლუციის შესახებ ცნობები არ გვხვდება. ეს იმას უკავშირდება, რომ, დღევანდელობისგან განსხვავებით, იმ დროში ინფორმაცია დიდი დაგვიანებით გადაიცემოდა. თუმცა ქართულ გაზეთებში დეტალური ცნობებია დაბეჭდილი, თუ როგორ იძაბებოდა ვითარება ბოლშევიკური გადატრიალების წინ.
როგორც ჩანს, რუსეთის დროებითმა მთავრობამ ქვეყნის მართვის სადავეები საბოლოოდ დაკარგა. ომის, საყოველთაო გაჭირვებისა და ქაოსის პირობებში მყოფი რუსული საზოგადოება დემოკრატიისთვის მზად არ აღმოჩნდა და უკიდურესი მემარცხენე იდეების მქადაგებელი კომუნისტური პარტიის მსხვერპლი გახდა.
მდგომარეობის ესკალაციას გერმანიის არმიის მიერ პეტერბურგის მიმართულებით დაწყებულმა შეტევამ შეუწყო ხელი. როგორც გაზეთები იუწყებოდნენ, სექტემბრის მიწურულს კაიზერის სამხედრო ფლოტმა ბალტიის ზღვაში წარმატებული ოპერაცია განახორციელა და რამდენიმე სტრატეგიული კუნძულის ხელში ჩაგდება მოახერხა. გარდა ამისა, გერმანელთა სახმელეთო ძალები პეტერბურგის გზატკეცილზე გამოჩნდნენ და რუსეთის დედაქალაქს რეალური საფრთხე დაემუქრა.
გაზეთი „საქართველო“. 3 ოქტომბერი: „საზღვაო მთავარი შტაბი იუწყება: კუნძულ ეზელზე მტერი პირველად ენკენისთვის 30-ს დილის 10 საათზე გადმოვიდა. მტერმა შესძლო ჩვენი ჯარის წინააღმდეგობა დაეძლივნა. კუნძულის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი მტრის ხელშია. პრენსბურგს 12 ვერსის მანძილზე მოუახლოვდნენ“.
მტრის შემოტევის შესაჩერებლად რუსეთის დროებითმა მთავრობამ პეტერბურგის გაძლიერებული დაცვის ზომებს მიმართა და პარალელურად ქალაქის ევაკუაციის სამზადისი დაიწყო.
მთავრობის ხელმძღვანელმა კერენსკიმ კი ბალტიის ფლოტის მეზღვაურებს სპეციალური განცხადებით მიმართა: „გადაეცით ბალტიის ფლოტს, რომ მისთვის მრისხანე საათმა ჩამორეკა. რუსეთი ელის თქვენგან შველას, და მე, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, მოვითხოვ ფლოტის თავგანწირვას. დადგა დრო, როდესაც ბალტიის ფლოტს შეძლება ეძლევა, რომ სამშობლოს, თავისუფლების და რევოლუციის სახელით განწიროს თავი. იგი დაამტკიცებს, რომ ამის ღირსია. კრონშტადტელებს გასაჭირისთვის ყველაფერი მზადა აქვთ. დაე, გამოისყიდონ „პეტროპავლოვსკის“ ღალატი და დაე, ფლოტმა მოიგერიოს მტერი იმ ოფიცრებთან ერთად, რომელთა სამშობლოს სიყვარული ყველამ იცის“.
გერმანელთა შემოტევას 9 ოქტომბრის ნომერში გაზეთი „საქართველო“ პირველ გვერდზე ვრცელ მასალას უძღვნის, სადაც განხილულია მოვლენათა შემდგომი განვითარების სავარაუდო სურათი. ამ ცნობის მიხედვით, გერმანიის ჯარისა და ფლოტის შეთანხმებულმა მოქმედებამ კუნძული ეზელი, პრაქტიკულად, მოწყვიტა რუსეთს. ეს გარემოება კი იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი მთლიანად კარგავდა რიგის ყურეს. გაზეთი ვარაუდობდა, გერმანელები მხოლოდ ეზელის დაკავებით არ დაკმაყოფილდებოდნენ: „თუ გერმანეთის შტაბმა ზამთრის პირას რუსეთის ფრონტზე ასეთი სახიფათო ოპერაცია დაიწყო, უეჭველია, მას უფრო სერიოზული განზრახვა აქვს, ვიდრე პატარა კუნძულისა და რამდენიმე მეორეხარისხოვანი ნავთსადგურის დაპყრობაა. მოსალოდნელია, რომ გერმანეთის ჯარისა და ფლოტის მოქმედება თანდათან გაძლიერდება და გაფართოვდება.
რუსის მთავრობამ, როგორც ჩანს, განსჭვრიტა კიდეც გერმანიის განზრახვა და პეტროგრადის დაცლას შეუდგა. გადაწყვეტილია, რომ მთავრობის დაწესებულებანი, უწინარეს ყოვლისა, სენატი და ქაღალდის ფულის დამამზადებელი ექსპედიცია მოსკოვში იქმნება გადატანილი. მართლაც შესაძლებელია, რომ გერმანელებმა აღარ დააყოვნონ და ზამთარშივე გაილაშქრონ პეტროგრადისკენ“.
მოსახლეობაში გაძლიერდა ბოლშევიკთა ანტისამთავრობო აგიტაცია. პრესაში გამოჩნდა ცნობა, რომ ლენინის პარტია შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდა. ამასთან დაკავშირებით პეტროგრადის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელმა განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ასეთი ძნელბედობის ჟამს, რუსული დემოკრატიისთვის და, საერთოდ, რუსული სახელმწიფოსთვის, მსგავსი გამოსვლები დიდი უბედურების მომტანი გახდებოდა. ამის გათვალისწინებით მთავრობამ პეტროგრადში აკრძალა მიტინგებისა და კრებების გამართვა. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ უწესრიგობის შემთხვევაში მთავრობა სასტიკ და უმკაცრეს ზომებს მიიღებდა შფოთის მოთავეების წინააღმდეგ.
მთელი რუსეთი უდიდესი ქაოსისკენ მიექანებოდა. კაზაკთა ორმა ასეულმა ფეოდოსია ააოხრა, წესრიგის აღსადგენად სამხედრო კრეისერის გამოძახება გახდა საჭირო. ნიჟნი ნოვგოროდში ქუჩის გამოსვლები არ წყდება; რიაზანის გუბერნიაში გლეხობა აჯანყდა და მემამულეთა სახლები დაარბია; ბეჟეცკში ჯარისკაცები ღვინის საწყობებს შეესიენ და შემდეგ მთელ ქალაქი დაარბიეს; ცარიცინში მარტო ერთი თვის განმავლობაში 200-მდე ძარცვა მოხდა; რეველში მთვრალი ჯარისკაცების წინააღმდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, ტყვიამფრქვევები გამოეყენებინა.
გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 13 ოქტომბერი: „რუსეთის მოქალაქე თვალ-ღია უცქერის სახელმწიფოს ძაფ-ძაფად დაშლას და არ იცის, რის საწინააღმდეგოდ აიმართოს: გარეშე მტერის უკუსაქცევად, თუ საშინაო მთლიანობის დასამყარებლად. პოლონეთი, ბალტიის მხარე, ლიტვა, ფინლანდია – მხოლოდ წარსულის ამბავია და რუსეთის შემადგენელ ნაწილებში უკვე აღარ ითვლებიან; უკრაინაც ხომ ძაფზე ჰკიდია და ყუბანის ყაზახობამაც კი მოსძებნა თავისი გზა.
„პეტრეს ფანჯარა“ გერმანეთის ფარდით არის ჩამოფარებული და გაზეთები უკვე სარწმუნოდ იუწყებიან, რომ მთავრობას თავის ბარგი მოსკოვისკენ მიაქვსო. რუსეთის სახელმწიფო მოღვაწენი აღარ ჰფარავენ მდგომარეობის მთელს საშინელებას…“

ქუთაისის დარბევა

1917 წლის 2 ოქტომბერს საშინელი დარბევა მოხდა ქუთაისში. ცარიცინიდან ჩამოსული სამხედრო ნაწილის მთვრალი ჯარისკაცები მთელ ქალაქს მოედნენ და ყველაფერი ააოხრეს. როგორც გაზეთი იუწყება, უწესრიგობა დღის სამ საათზე დაიწყო და თითქმის მთელი დღეს გაგრძელდა. ჯარისკაცები ამტვრევდნენ სავაჭრო სახლებს, მაღაზიებს, იტაცებდნენ საქონელს. ქვებით ჩაამსხვრიეს ქუჩის ფარნები და საათები. მოსახლეობა ისე შეშინდა, რომ გარეთ ვეღარ გამოდიოდა. 5 საათზე ქალაქის ხელისუფლებამ ბრბოს ნაწილი გაფანტა, მაგრამ ვითარების გამოსწორებას ამან ხელი ვერ შუწყო. ქუთაისი მტრის მიერ დაკავებულ ქალაქს ჰგავდა. მილიცია აგრესიულ ბრბოსთან ვერაფერს გახდა. მილიციის უფროს, პრაპორშიკ ჟღენტს ჯერ ქვები დაუშინეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. ქუთაისი საშინელ სანახავს წარმოადგენდა. საღამოს 7 საათზე ქუჩებში ჯარისკაცთა ბრბომ კიდევ უფრო იმატა. ქალაქში თითქმის არ დარჩა მაღაზია, რომელშიც სამხედროები არ შეიჭრნენ და არ დალეწეს.
ღამით ანარქია კიდევ უფრო გაძლიერდა. ქალაქში სამხედროების გარდა ქუჩაში აღარავინ დადიოდა. მაღაზიებიდან გაზიდეს ყოველგვარი საქონელი. რასაც ვერ მოიხმარდნენ იქვე ჩალის ფასად ჰყიდდნენ ან სასმელში ცვლიდნენ. ცეცხლი წაუკიდეს აბზიანიძის ხილის ქარხანას. თეთრ ხიდთან მდებარე რამდენიმე მაღაზიიდან ბავშვების სათამაშოებიც კი გაიტაცეს. ზოგიერთ უბნებში სროლა ისმოდა.
დარბევის შედეგად დაიწვა თევდორაძის, ალიხანოვის, აბაშიძის, მკერვალიძის მაღაზიები.
მეორე დღეს ქალაქში არსებულ ვითარებას გაზეთი „საქართველო“ ასე გადმოგვცემს: „გათენდა. საზოგადოება ჯარს მოელოდა. მეამბოხეებს კი დასისხლიანებული ხელებით მიჰქონდათ სხვა და სხვა ნივთები. დამსხვრეულ სავაჭროებს ათვალიერებდნენ, კიდევ ხომ არაფერი დაგვრჩაო. ქალაქი საშინელ სურათს წარმოადგენდა. ქუჩები მინის ნამსხვრევებითა და ქაღალდებით იყო მოფენილი. ქვაფენილები ფიცრებით იყო ავსებული. გიმნაზიის ქუჩაზე თეატრის მახლობლათ სიარულიც სჭირდა.
დილით ადრე თბილისიდან ჩამოვიდა ევგენი გეგეჭკორი, იოსებ მაჭავარიანი და სხვანი. საზოგადოება მათ სიხარულით შეხვდა. დილის 8 საათზე ბათომიდანაც მოაღწია 300-მდე შეიარაღებულმა ჯარისკაცმა, უმეტესი ნაწილი რუსობაა. „პოგრომის“ მომწყობნი შეშინდნენ, თან და თან დაიფანტნენ. 12 საათზე თბილისიდან 1500-მდე იუნკერიც ჩამოვიდა. იმათ ტყვიის მფრქვეველებიც ჩამოიტანეს. იუნკერები სავაჟო გიმნაზიის დარბაზში მოათავსეს და შემდეგ ქუჩებში დაარიგეს. ისინი ყველაზე ენერგიულად იცავენ წესრიგს“.
ქუთაისში მომხდარ უწესრიგობასთან დაკავშირებით 3 ოქტომბერს გუბერნიის კომისარმა ქალაქში საგანგებო წესები შემოიღო, რომლის მიხედვითაც: ქუთაისსა და მის შემოგარენში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა. აიკრძალა ქუჩებში შეკრება და მიტინგის გამართვა; საგანგებო ნებართვის გარეშე, აიკრძალა ქალაქში იარაღის ტარება და საღამოს 7 საათის შემდეგ გადაადგილება. გარდა ამისა, კომისრის განკარგულებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემოდა ყველა ის პირი, რომელსაც დარბევაში მონაწილეობა ან ნაქურდალის შესყიდვა დაუმტკიცდებოდა.
საგანგებო მდგომარეობის გამო შეწყდა ადგილობრივი გაზეთების გამოცემა, შეჩერდა სწავლა სკოლებში, მუშაობა შეჩერდა ქალაქის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში.
გაზეთი „საქართველო“ 4 ოქტომბრის ნომერში ქუთაისში მომხდარ დარბევას ეხმაურება და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ სპეციალურ სტატიას აქვეყნებს: „ქუთაისის ბედი მრისხანე გაფრთხილებაა მთელი საქართველოსთვის. რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული უკანასკნელი დარბევა, სულ ერთია; საქმე მხოლოდ პურის ულუფის შემცირებაში კი არ არის, აქ უფრო ღრმა მიზეზებია – სულიერი განწყობილება, რომელსაც განიცდის საქართველოს ქალაქებში დაბანაკებული რუსის ჯარი რევოლუციის შემდეგ სავალალოა. ომის ფაქტიური შეჩერება, ყაზარმებში უსაქმო ცხოვრება, სოციალისტური პარტიების უკიდურესი ქადაგი, ქართველების „ავტონომიის“ შიში, დემობილიზაციის მოლოდინი და ბოლოს საჭმელ-სასმელის და ტანსაცმლის ნაკლებობა – ჰქმნის იმ ნიადაგს, რომელზედაც რუსის გარნიზონების და ადგილობრივ არარუს მცხოვრებლებს შორის ყოველთვის შეიძლება საშინელი ექსცესების აღმოცენება“.

არმია

ჯარისკაცთა დაუმორჩილებლობა და უწესრიგობა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. 1-ლი ოქტომბრის გაზეთში დაბეჭდილი ცნობის მიხედვით, თბილისის სარკინიგზო სადგურზე ჯარისკაცებსა და რკინიგზის კომენდანტის თანაშემწე შტაბს-კაპიტან კონსტანტინოვს შორის შელაპარაკება მოხდა. ჯარისკაცებისგან შეშინებულმა კონსტანტინოვმა თავს გაქცევით უშველა, მაგრამ სამხედროები მას მუქარით გაეკიდნენ. მაშინ შტაბს-კაპიტანმა რევოლვერიდან რამდენჯერმე გაისროლა. ამან დაშოშმინების ნაცვლად ჯარისკაცები კიდევ უფრო გაახელა. კონსტანტინოვს გოგოლის ქუჩაზე დაეწივნენ და სასტიკად სცემეს. ურტყამდნენ ჩექმებს, ჯოხებს, აგურებს. გააფთრებულ ბრბოს შტაბს-კაპიტანი მოქალაქეებმა ძლივს გამოსტაცეს ხელიდან და ლაზარეთში გადაიყვანეს.
25 ოქტომბერს თბილისში კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ტრამვაის ვაგონში ურიგოდ ასვლა მოინდომა, რამაც მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეებს ოფიცერმა ხოზიევმა დაუჭირა მხარი, რომელმაც ჯარისკაცს ვაგონიდან ჩასვლა მოსთხოვა, მაგრამ ჯარისკაცი მას არ დაემორჩილა და გინება დაუწყო. ამის საპასუხოდ ხოზიევმა რევოლვერიდან დაჭრა იგი. შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: „რევოლვერის ხმაზე, სხვა ჯარისკაცები მოგროვდნენ და ხოზიევს უმოწყალოდ დაუწყეს ცემა. ხოზიევი ცემისგან გარდაიცვალა. გაბრაზებულმა ჯარისკაცებმა ტაჩკაზე დააგდეს გვამი და ავლაბრის ხიდიდან მტკვარში გადაისროლეს. ბრაზმორეული ჯარისკაცები ქუჩაში პროტესტს აცხადებდნენ ტრამვაის ტარიფის გადიდების გამო და ტარიფის შემცირებას მოითხოვდნენ“.

კრიმინალური ქრონიკა

რუსეთის იმპერიაში მდგომარეობა იმ დონემდე დამძიმდა, რომ ხელისუფლება ბოროტმოქმედთა დაპატიმრებასაც კი ვეღარ ახერხებდა. საქმე ის არის, რომ ქურდებს, ყაჩაღებსა და მკვლელებს ხალხი თავად უსწორდებოდა და მილიციას მათი დაპატიმრების საშუალებას უსპობდა. მეტიც: დამნაშავეთა ლინჩის წესით გასამართლებაში თავად მილიციელებიც მონაწილეობდნენ და ამაზე პასუხს არავინ სთხოვდა. სახასიათო შემთხვევაზე გაზეთი „საქართველო“ 9 ოქტომბრის ნომერში მოგვითხრობს: თელავის მაზრის სოფელ ველისციხეში შეიპყრეს ორი დამნაშავე, რომელსაც ბრალი ედებოდა სოფელ მუკუზანის მკვიდრის, ვინმე სიხარულიძის მკვლელობაში. ბოროტმოქმედები ტაბატაძე და შაიშმელაშვილი ადგილობრივ კომისარიატში წაიყვანეს. ეს რომ მოსახლეობამ გაიგო, ყველა კომისარიატისკენ დაიძრა და შენობას ალყა შემოარტყა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ უმრავლესობა იმ დღეს სიხარულიძის დასაფლავებაზე იყო ნამყოფი. აღშფოთებული ხალხი მკვლელების გადმოცემას ითხოვდა. იმის ნაცვლად, რომ კომისარიატს მოსახლეობა დაეწყნარებინა, საპირისპირო მოხდა. კომისრის თანაშემწე ხატინოვმა ხალხს მიმართა, რომ დამნაშავეებს სასამართლოს გარეშე გასწორებოდნენ.
გაზეთი „საქართველო“. 9 ოქტომბერი: „ხალხს ისედაც აღელვებულს, მეტიც აღარ უნდოდა! მართალია კომისარმა ოგანოვმა სცადა დაემშვიდებინა ხალხი, მაგრამ ხატინოვის აგიტაციის შემდეგ ყურს ვიღა უგდებდა!.. რამდენიმე კაცი ხატინოვის მეთაურობით რევოლვერით და თოფებით ხელში შეიჭრა ოთახში, გამოიყვანა ტაბატაძე, ჩამოიყვანეს დაბლა და მოჰკლეს. შემდეგ გამოიყვანეს ბორკილებში ჩაჭედილი მეორე შეპყრობილი, ასწიეს და აივნიდან დაბლა გადმოაგდეს, თან დააყოლეს რევოლვერები და თოფები. ესროდენ მილიციონერები, ესროდნენ გარეშენიც. მერე განა აკმარეს დამნაშავეთ ეს სასჯელი? გამოათრიეს ქუჩაში დახოცილთა გვამები და ასე თრევით გაემართნენ ბაზრისკენ. ხალხი ღვინით და სისხლით მთვრალი უკან მისდევდა სიცილ-ხარხარით. ამ საზარელმა პროცესიამ გაიარა მთელი ბაზარი, გავიდა სოფლის გარეთ ხევზე, დაყარა დახოცილები სანაგვეზე და შემდეგ ჩააქვავა. მთელი სოფელი, დიდი და პატარა, კაცი თუ ქალი აქ იყო. შემდეგ კმაყოფილნი ნელ-ნელა დაიშალა ხალხი“.
საზოგადოება გაავდა და შეუბრალებელი გახდა. ადამიანს სულ მცირე დანაშაულისთვისაც კი ადგილზე უსწორდებოდნენ და არაფერს პატიობდნენ. 23 ოქტომბერს ავლაბარში ჯარისკაცის ფარაჯაში გამოწყობილმა კაცმა გამვლელ ქალს ხელჩანთა გამოგლიჯა და გაიქცა. ქალის კივილი იქვე შემთხვევით მყოფმა ჯარისკაცებმა გაიგეს და თავდამსხმელს გამოუდგნენ. როდესაც მძარცველი დაიჭირეს, მოვიდა მილიციაც, რომელიც ქურდის დაპატიმრებას შეეცადა, მაგრამ ჯარისკაცებმა გადაჭრით მოითხოვეს მისი მოკვლა. მილიციელმაც აღარ დააყოვნა და რევოლვერით ქუჩაშივე დახვრიტა დამნაშავე, რომელიც ჯარიდან გაქცეული დეზერტირი აღმოჩნდა.
4 ოქტომბერს გაქურდეს ქალაქის ხაზინა, საიდანაც 150 ათასი მანეთი გაიტაცეს. იმავე დღის ნომერში გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულია ცნობა, რომელიც ფოსტის ეტლზე თავდასხმას იუწყება. ეტლს სახელმწიფო ხაზინის კუთვნილი 350 ათასი მანეთი გადაჰქონდა, როდესაც აწყურთან ყაჩაღები დახვდნენ. ატყდა ორმხრივი სროლა. ერთი მილიციელი დაიჭრა. აწყურიდან საშველად მოსულმა მილიციის რაზმმა თავდამსხმელთა მოგერიება და ორი ყაჩაღის დატყვევება მოახერხა. სროლაზე ადგილობრივი მცხოვრებლები მოგროვდნენ, რომლებმაც ყაჩაღების ჩაქოლვა მოითხოვეს, მაგრამ ამაში მათ მილიციის უფროსმა შალვა მაღლაკელიძემ შეუშალა ხელი. მაღლაკელიძემ აღშფოთებული ხალხის დაწყნარება მოახერხა და პატიმრებს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

კირიონ II-ის აღსაყდრება

ოქტომბრის დასაწყისში საქართველოში ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა _ 100-წლიანი წყვეტის შემდეგ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აკურთხეს. საქართველოს ეკლესიამ 1917 წლის მარტში ჯერ ავტოკეფალიური უფლება დაიბრუნა, შემდეგ კი ეკლესიის წინამძღოლიც აირჩია. საქართველოს პატრიარქი კირიონ მეორე (საძაგლიშვილი) გახდა.
ამ დღეს მცხეთაში უამრავმა მოქალაქემ მოიყარა თავი. როგორც გაზეთი „საქართველო“ იუწყება, სვეტიცხოველთან, დაახლოებით, 100 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები, ქართველი პოლიტიკოსები, საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეები. სვეტიცხოვლის გალავანი მორთული იყო ყვავილებით. ისმოდა ქართული გალობა.
გაზეთი „საქართველო“. 4 ოქტომბერი: „დღევანდელი დღე ბედნიერ ქორწილსა ჰგავს, დღევანდელი დღე ფერების სიხარულია, მასში გაცოცხლდა ძვირფასობა ძველი საქართველოსი, აღმოსავლეთის სიხალისე და თუ ქართული გული მიეჩვია სიბნელეში კვნესას, დღეს იგი სრულიად გათბა და ცახცახობს დაუქრობელ ცეცხლის სიახლოვეს.
ბრძნული ნაბიჯით მობრძანდება უწმინდესი, უნეტარესი და ხალხის ერთი წყებიდან მეორე წყებაში გადადის მისი სახელი (კირიონ II, _ რედ.). სვეტებად გაშენებულ ხალხს ჯვარს სახავს კათალიკოსი და მიაღწევს ეკლესიის კარებს, რომელშიც მას ხვდება შემოსილი სამღვდელოება. გარედან ისმის ხმები ეროვნულ ჰიმნისა, რომელსაც ასრულებს ძვირფასით მორთულ ჭაბუკთა გუნდი.
იწყება წირვა. ხალხით ავსებულ ეკლესიაში მოსჩანს მრავალი უცხოელი, მათ შორის, ყურადღებას იპყრობენ ინგლისის, ბელგეთის და საფრანგეთის კონსულები, რომელნიც მოსულან აქ თავის ამალით. როდესაც კათალიკოსი შემოსეს ძველებურ ანაფორით და მიტრით, ეს იყო კიდევ ერთი ახალი წუთი, რომ აგრძნობინა ხალხს სანატრელი გაცოცხლება ძველი საქართველოსი. პატრიარქის სახე იმ წუთში უსათუოდ დაუვიწყარია. ის იყო მთლად უძრავი და განათებული. წარსული ტანჯვა სჩანდა მის ფერმკრთალობაში. მისი ხმა იყო ნელი და მთრთოლავი და საკმეველის წმინდა სურნელებაში მორწმუნე გული იგრძნობდა მისტიურათ განგების სიახლოვეს.
დასრულდა კურთხევა და მთავარ დიაკვანმა სალარიძემ მკვეთრი და მრეკავი ხმით წარმოსთქვა სანატრელი „აქსიოს“, რომელიც გავიდა ხალხში და სამჯერ იქმნა განმეორებული მთელი ტაძრის მიერ. ამის შემდეგ კათოლიკოსმა აკურთხა თბილელი მიტროპოლიტი ანტონი და დეკანოზ კეკელიძეს უბოძა მიტრა“.

ეკონომიკა

საქართველოში, ისევე როგორც რუსეთის მთელ იმპერიაში, ეკონომიკა სულს ღაფავს. თუ რამდენიმე თვის წინ მოქალაქეს კიდევ შეეძლო პირველადი მოთხოვნილების საგნებისა და საკვების შოვნა, 1917 წლის შემოდგომაზე ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ქვეყანაში უწყვეტი გაფიცვებია. გაიფიცნენ ტრამვაის მოსამსახურეები, სამხერხაოები და ფარმაცევტები.
გაზეთი „საქართველო“. 7 ოქტომბერი: „აფთიაქების მოსამსახურეებმა განაცხადება გააკრეს ქალაქში შემდეგის შინაარსით: ვინაიდან გაფიცვა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აფთიაქის მეპატრონეებს უნდათ ფასი მოუმატონ წამლებს, ნებას არ მივცემთ ასე მოიქცნენ და მიტომ ვიფიცებით. ხოლო რომ ქალაქი უწამლოდ არ დარჩეს, ქალაქის გამგეობას რეკვიზიციის წესით 11 აფთიაქი აუღია ქალაქის სხვა და სხვა ადგილას და ამ აფთიაქებში წამალს მისცემენ მცხოვრებთ“. თბილისში სკოლის მოსწავლეებიც კი გაიფიცნენ, _ საპედაგოგო საბჭოების მუშაობაში მათი დელეგატებიც მონაწილეობდნენ.
კიდევ უფრო შემცირდა შაქრისა და პურის რაციონი, რომელიც ისედაც ბარათებით იყიდებოდა.
17 ოქტომბერს მოცემული ცნობით თბილისში შიმშილი დაიწყო: „ღვინობისთვის 15-ს მდგომარეობა პურის მხრივ იგივე იყო თბილისში, რაც წინა დღეებში. ნახევარი გირვანქა პურისთვის ხალხი განუწყვეტლივ აწყდებოდა ფურნეებს დღიან-ღამიანათ; ყველგან ისმოდა ტირილი, გინება და მუქარა. სასადილოებში და რესტორნებში მოსადილეები უპურობის გამო უსადილოდ დარჩნენ“.
სასადილოების პატრონები ჩივიან, რომ ქალაქის გამგეობის მიერ თითოეულ სასადილოზე გამოყოფილი ერთი ფუთი გამომცხვარი პური რამდენიმე საათში თავდება და ისინი უპუროდ რჩებიან. ამის გამო სასადილოების უმეტესობა იძლებულია, მუშტარი უკან გააბრუნოს.
ქალაქში მოქმედი ცნობილი სასადილოების ერთგვარი ქსელი, რომელსაც „ფინჯანი ჩაი“ ერქვა, 18 ოქტომბერს მეტად საყურადღებო განცხადებას აქვეყნებს. ამ განცხადებით ირკვევა, რომ ქალაქის სასურსათო კომიტეტის დადგენილებით, „ფინჯან ჩაიში“ სტუმრებს პური მხოლოდ საკერძო ბარათების მიხედვით გაეცემათ. აქვე მოქალაქეებს ურჩევენ, რომ შეიძინონ საკერძო ბარათი. განცხადება ირწმუნებოდა, რომ ეს ბარათი მოქალაქისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში მას ერთი მეოთხედი გირვანქა პური ერგებოდა. ეს ულუფა კი სადილად ორ კაცს ეყოფოდა.
საგუბერნიო სასურსათო კომიტეტმა ბარათები შემოიღო ფეხსაცმელზეც. გაზეთი იუწყება, რომ კომიტეტმა დაასრულა თბილისში ფეხსაცმელებისა და კალოშების შეფასება და საგანგებო წესი შეიმუშავა. ამ წესის მიხედვით, მყიდველს მაღაზიაში უნდა წარადგინა შაქრის ბარათი, რაც საქონლის შეძენის აუცილებელ ნორმას წარმოადგენდა. როგორც ჩანს, იმ დროს შაქრის ბარათი, ერთგვარად, პირადობის მოწმობის მაგივრობას წევდა. ცნობაში აღნიშნულია, რომ ფეხსაცმლის ფასი უკვე დადგენილი ჰქონდა და ეს ფასი შევაჭრებას აღარ ექვემდებარებოდა.
13 ოქტომბერს გაზეთი „საქართველო“ თბილისის სასურსათო კომიტეტის მოზრდილ განცხადებას აქვეყნებს, სადაც დეტალურად არის მოცემული ქალაქში ფეხსაცმელების შეძენის წესები: „ერთის მხრივ ფეხსაცმელებისა და ტყავეულობის უსაზღვროთ გაძვირების გამო და მეორეს მხრივ ამ საქონლის მეტის მეტად ნაკლებობის და მათ ქალაქში სპეკულაციის გავრცელების გამო, ქალაქის სასურსათო კომიტეტმა მცხოვრებთ ფეხსაცმელებით უფრო სამართლიანათ უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სპეკულაციის ძირიანად აღმოსაფხვრელად, შეიმუშავა რამდენიმე ზომა, რომლებიც ძალაში შევა 9 ოქტომბრიდან ამა წლისა. ეს ზომები შემდეგია:
გადაწყვეტილია თვითეულ მოქალაქეს ექვსი თვის განმავლობაში მიეცეს უფლება ერთი წყვილი ფეხსაცმლის ყიდვისა, რისთვისაც ყიდვის დროს უნდა წარუდგინოს მაღაზიის პატრონს შაქრის ბარათი, რომელზედაც აღნიშნება თუ რამდენი ფეხსაცმელი იყიდა ბარათის პატრონმა.
ფეხსაცმელი და კალოში იძლევა მხოლოდ ფეხზე მოზომვის შემდეგ.
ფასები დამზადებულ ფეხსაცმელზე განსაზღვრულია განსაკუთრებულ კომისიის მიერ და დამტკიცებულია ქალაქის სასურსათო კომიტეტის მიერ.
ბაზარზე მასალის ნაკლებობის გამო აღკრძალულია ქალების ფეხსაცმელების შეკერვა ძირიდან 24 სანტიმეტრზე უმაღლესის. არსებული მაღალ ყელიანი ქალის ფეხსაცმელები შემოწმებულია სასურსათო კომიტეტის ბეჭდით.
ამას გარდა, მიღებულია ზომები უბნებში ძველი ფეხსაცმელების შესაკეთებლად სახელოსნოების დასაარსებლად.
კალოშები (თითო წყვილი წელიწადში) იყიდება ნიხრზე. ამჟამად ქალაქში არის მხოლოდ დარჩენილი კალოშები ძველი ფასონისა; კალოშების ფაბრიკიდან მიღების შემდეგ გაიყიდება ბარათებში აღნიშვნით, როგორც ეს პირველ მუხლში არის აღნიშნული.
საქონლის დამალვისათვის, საქონელს ჩამოართმევენ და სპეკულიანტებს პასუხისგებაში მისცემენ.
პროვინციებისთვის გამოყოფილია ნაწილი ფეხსაცმელებისა ქალაქში არსებულ ფეხსაცმელებიდან. მოქალაქეებმა უნდა მოიწონონ ეს ზომა, რადგანაც ვაძლევთ რა სოფლის ხალხს ნაწილს ქალაქში არსებულ საქონლისა, მის მაგიერ მივიღებთ სოფლიდან მათ ნაწარმოებს: შეშას, ნახშირს და სხვ. რაც ჩვენთვის ძლიერ საჭირო არის“.

მიხეილ ბასილაძე