ქუჩის შვილები

ეს არის ამბავი ბავშვებზე, რომელთაც ბავშვობა არ გააჩნიათ.
ეს არის ამბავი ნაადრევად გაზრდილ და რეალობას შეჭიდებულ მოზარდებზე, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და საარსებოდ ფულს სწორედ ქუჩაშივე გამოიმუშავებენ. ეს ამბავი სწორედ მათზეა, ქუჩის შვილებზე.

ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში ქუჩაში და, ამავდროულად, მუშაობს საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად.
2016 წელს, სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 634 ბავშვი დაფიქსირდა, მათგან 50 სხვადასხვა სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში ჩართეს.
საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სწორედ ქუჩაში მომუშავე ბავშვებია.
არსებული მაღალი რისკებისა და პრობლემების გათვალისწინებით ქუჩაში მცხოვრები ბავშვები სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.
კანონმდებლობაში გაჩნდა მიუსაფარი ბავშვის ცნება, რითაც შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება, შემდგომ კი მათთვის სათანადო დოკუმენტაციის შექმნის უზრუნველყოფა.
უკვე წლებია, პრობლემად რჩება მიუსაფარი და ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგება.
არარსებული საბუთებისა და გართულებული პროცედურების გამო ბავშვები ვერ ახერხებენ განათლების, ჯანდაცვის მომსახურების მიღებას, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული, მოზარდისთვის ფუნდამენტურად და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა უფლებებით სარგებლობას.
თუ ერთხელ მაინც გიმგზავრიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან მეტროთი, აუცილებლად დაინახავდით ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა ნივთს, მათ შორის, ხატებსა და სანთლებს, სთავაზობენ მგზავრებს და სანაცვლოდ მოგროვებული ხურდით საარსებო პურს ყიდულობენ.
ხელგამოწვდილი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიმრავლე განსაკუთრებით დედაქალაქში შეიმჩნევა.
საგანგაშოა მიუსაფარ ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ისტორიები განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, უმეტესად, მიზეზები მსგავსია, რის გამოც მათ ასეთ მძიმე პრობლემებთან გამკლავება უწევთ.
მეურვის არყოლა, მძიმე ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფინანსური პრობლემები _ ეს იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალია, რაც უმეტეს შემთხვევაში ბავშვების მიუსაფრობას განაპირობებს.
არასამთავრობო სექტორი ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემებსა და მათ კომპლექსურობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ამ თემაზე „ქრონიკა+“-ის კითხვებს „საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა პროგრამის მენეჯერმა, თამარ შარაშიძემ უპასუხა:
„საქართველოს კარიტასი“ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან 2007 წლიდან მუშაობს. იმ პერიოდში სახელმწიფო ამ კუთხით არსებულ პრობლემას საერთოდ არ აღიარებდა. არ არსებობდა არც ერთი საკანონმდებლო აქტი და/ან რეგულაცია, რომელიც რეალურად დაიცავდა მიუსაფარი ბავშვის უფლებას. ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მრავალწლიანი ადვოკატირების შედეგად 2012 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის დახმარებით დავიწყეთ პროექტი „ახალი ინიციატივა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ“. ინიციატივა მოიაზრებდა მომსახურებების ამოქმედებასა და პარალელურად ადვოკატირებას საკანონმდებლო ცვლილების მიზნით. 2014 წლიდან სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში გაჩნდა მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამა და შედეგად სახელმწიფომ დაიწყო მიუსაფარ ბავშვთა სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება.
ერთ-ერთი მთავარი უწყების _ სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობა ეფექტიანი ვერ იქნება, თუ კვალიფიციურ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა არ მოიმატებს. დღეს ბევრი თავდადებული და პროფესიონალი სოციალური მუშაკია სმ-ის სააგენტოში, თუმცა მაშინ, როცა ერთი სოციალური მუშაკი თვეში, საშუალოდ, 100 შემთხვევაზე მუშაობს და ვიზიტებზე საკუთარი ხარჯებით დადის, შედეგები ვერ გვექნება.
ასევეე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია სოციალური მუშაკის არსებობა სკოლაში. ეს პრევენციის მიზნით გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“.

ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ბავშვების ფუნდამენტური უფლებები ირღვევა _ ისინი არ არიან დაცულები ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ხდებიან შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლები, ვერ იღებენ განათლებას და სამედიცინო მომსახურებას.
საკმაოდ ხშირია შრომითი იძულება.
არის შემთხვევები, როდესაც მოზარდები საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მუშაობენ სხვადასხვა მძიმე სამუშაოზე და მიღებულ თანხას კონკრეტულ პიროვნებას აძლევენ, რომელიც სრულად ითვისებს მას. ამ სამუშაოების შესრულების დროს არ არის დაცული შრომითი უსაფრთხოებისა და, ზოგადად, ბავშვთა შრომითი უფლებები, რომელიც არასრულწლოვანთა დასაქმებას კრძალავს და კონკრეტულ შემთხვევებს განსაზღვრავს, როდესაც ბავშვს მუშაობა შეუძლია.
– რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება მიუსაფარი ბავშვების საკმაოდ ბევრი პრობლემის მოსაგვარებლად?
– რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ქუჩის შვილებს?
ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2014 წელს ჯანდაცვის სამინისტროსა და ორგანიზაცია „კარიტას გეორგიკას“ ერთობლივი მუშაობის შედეგად მობილური ჯგუფები შეიქმნა, რომელსაც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოგვარება უშუალოდ დაევალა. მას შემდეგ საქართველოში, დღემდე, სულ 4 მობილური ჯგუფი მუშაობს, _ 3 თბილისში და 1 _ ქუთაისში.
მობილური ჯგუფი ოთხი ადამიანისგანაა დაკომპლექტებული. ისინი განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლები არიან და, შესაბამისად, განსხვავებული მიდგომით მუშაობენ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, მძღოლი და თანასწორ-განმანათლებელი _ ეს მობილური ჯგუფის შემადგენლობაა. თანასწორ-განმანათლებელი გულისხმობს 18 წლის ან უფროს ადამიანს, რომელიც ბავშვობაში თავად იყო მიუსაფარი და რეაბილიტაციის გზა გაიარა.
საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია მობილური ჯგუფის მუშაობა მიუსაფარ ბავშვებთან. მობილური ჯგუფის წევრთა განცხადებით, ბავშვები საკმაოდ აგრესიულები არიან ან, უმეტეს შემთხვევაში, ერიდებიან კონტაქტს, რაც ართულებს მათთან ურთიერთობას.
მუშაობის საწყის ეტაპზე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები იდენტიფიცირდებიან, შემდეგ მობილური ჯგუფის წევრები მათთან და მათ მშობლებთან კავშირს ამყარებენ და ცდილობენ, ბავშვი სახელმწიფო სერვისებში ჩართონ.
სწორედ მობილურ ჯგუფებს ევალება ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების გამოვლენა, მათთან ვიზიტები, მათ შესახებ შესულ შეტყობინებებზე რეაგირება და ა. შ. პროგრამა მოიცავს ფსიქოლოგის მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიულ ან სტაციონარულ მომსახურებას, ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის მოძიება/მოწესრიგებას და სხვ.
გარდა ამ ჯგუფებისა, ასევე არის კონკრეტული დაწესებულებები, სადაც მიუსაფარ ბავშვებს სხვადასხვა სერვისს მიაწოდებენ. ამ სერვისებში იგულისხმება დღის ცენტრები და თავშესაფრები. დღეის მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში სულ 6 თავშესაფარია: 4 თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი _ რუსთავში.
ამ დაწესებულებებში ბავშვებს საშუალება აქვთ იცხოვრონ, მიიღონ განათლება, ფსიქოლოგიური დახმარება საჭიროების შემთხვევაში. ეს რეაბილიტაციის საკმაოდ რთული და ეტაპობრივი პროცესია, რომელიც მიზნად ისახავს მიუსაფარი ბავშვების რესოციალიზაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრაციას.
ეს სერვისები იძლევა შესაძლებლობას, ქუჩაში მცხოვრებმა ბავშვებმა მიიღონ მუდმივი საცხოვრებლები და, ამავდროულად, სხვა პირობები, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა აუცილებელი, თუმცა როგორც ამ თემაზე მომუშავე სოციალური მუშაკები აცხადებენ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მიუსაფარი ბავშვები ან მათი ოჯახის წევრები თავშესაფარზე უარს ამბობენ და მზად არიან, ქუჩაში გააგრძელონ ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობა.
ეს სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული, შესაბამისად, ექსპერტები სხვა ტიპის სერვისების საჭიროებაზე საუბრობენ, რომელიც უშუალოდ მსგავსი ტიპის მიუსაფარ ბავშვებსა და მათ ოჯახებს მოერგება და სოციალიზაციის პროცესში დაეხმარება.

რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფოს მხრიდან და როგორია ამ კუთხით მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი _ ხათუნა ჯიქია:
„2017 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით საერთაშორისო კვლევის ფონდმა „Fafo“-მ თვისობრივი კვლევა ჩაატარა: საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები აზერბაიჯანელი თემის გათვალისწინებით“. ეს კვლევა გულისხმობს ბავშვების ქუჩაში ცხოვრების მიზეზებისა და იმ გამომწვევი საკითხების გამოაშკარავებას, რაც მათ ქუჩაში ყოფნისკენ უბიძგებს, თუმცა სტატისტიკურ მონაცემებს ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ კვლევა არ იძლევა.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშვე ბავშვები დიდი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის და სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით სოციალური მომსახურების სააგენტო ამ მიმართულებით პროგრამას ახორცილებს. ვცდილობთ მათ დახმარებას, ნდობის მოპოვებას, შემდეგ კი შესაბამის სერვისებში გადაყვანას. ისინი ქუჩაში სხვადასხვა მიზეზით ხვდებიან, მათ შორის: მძიმე სოციალური ფონი, დისფუნქციური ოჯახები, მიგრაციის მაღალი დონე და სიხშირე.
იმ ბავშვებს, რომლებიც კონტაქტში შემოდიან _ მობილურ ჯგუფებთან და სახელმწიფო მზრუნველობაში ვრიცხავთ, მათ უწესრიგდებათ და საჭიროების შესაბამისად უმზადდებათ შესაბამისი დოკუმენტაცია. მაგალითად, სააგენტო ეხმარება მოზარდებს: დაბადების მოწმობის აღებაში, იურიდიული ფაქტის დადგენასა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მოპოვებაში, რის შემდეგაც არასრულწლოვნები ერთვებიან საგანმანათლებლო და ჯანდაცვის უზრუნველმყოფ პროცესში.
მიუსაფარ ბავშვებთან კოორდინებულად ვმუშაობთ ყველა სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო უწყება, პოლიცია, განათლება, იუსტიცია, პროვაიდერი ორგანიზაციები და სხვ. რა თქმა უნდა, ერთობლივი მუშაობა უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებულია.
დღეის მდგომარეობით საქართველოში მოქმედებს 4 მობილური ჯგუფი, რომელიც შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. რა თქმა უნდა, უფრო მეტი ეფექტიანი მუშაობისთვის საჭიროა მათი რაოდენობის გაზრდა. ამ ეტაპისთვის იგეგმება მობილური ჯგუფის დამატება და შესაბამისი სერვისის გახსნა ქალაქ ბათუმში“.

ერთ-ერთი მძიმე პრობლემა, რომელთან გამკლავებაც ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს უწევთ, ძალადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მიუსაფარი მოზარდები ყველაზე ხშირად ხდებიან ძალადობის, აგრესიისა და სხვადასხვა სტიგმის მსხვერპლი.
საქართველოს მთავრობამ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.
არსებობს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის #437 დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირება) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“, რითაც ძირითადად სახელმწიფო ხელმძღვანელობს მიუსაფარი ბავშვების საკითხების დარეგულირებაში.
მოქმედი კანონმდებლობა ბავშვს მოძალადე ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლისგან იცავს. შეთავაზებული ცვლილებით შესაძლებელი ხდება არასრულწლოვნის დაცვა გარეშე პირის ძალადობისგანაც. კანონში არის „სხვა პირის“ ცნება, რომელიც, შესაძლოა, ძალადობდეს მოზარდზე. ამ ცვლილების მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხშირად შეუძლებელია დადგენა, კონკრეტულად, ვინ ძალადობს მიუსაფარ ბავშვზე?!
ბავშვთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატში მომართვიანობა მზარდია, რაც იმას მიუთითებს, რომ წინა წლებთან შედარებით მგრძნობელობა და ცნობადობა ამ საკითხის მიმართ გაზრდილია.
რთული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები, საკმაოდ ბევრი პრობლემა, რომელიც მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მძიმედ აისახება ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

რა გავლენას ახდენს მიუსაფრობა მოზარდის განვითარების პროცესზე და როგორი შეიძლება იყოს ამ მასშტაბური პრობლემის პრევენციის გზები?
„ქრონიკა+“-ს პასუხობს ფსიქოლოგი, დავითიანის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი _ ნინო კერესელიძე:
„ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის სერვისები არსებობს, მაგრამ ზოგადად მათთან მისვლა საკმაოდ რთულია. მათი ღია, თავისუფალი გარემოდან სხვადასხვა ჩარჩოში მოქცევა ურთულესი ამოცანაა, რომელსაც, ძირითადად, ბავშვები და მოზარდები თავს არიდებენ. ზოგადად, გართულებებზე თუ ვისაუბრებთ, პირველი ეს არის უკონტროლობა და კრიმინალური ქცევებისკენ მიდრეკილება, ვინაიდან ბავშვებისა და მოზარდების დიდ ნაწილს დაბადების მოწმობაც კი არ გააჩნია, შესაბამისად, კანონიერი ჩარევები ურთულესია.
მშობლების როლი აქ ძალიან დიდია. როგორც წესი, ბავშვები, რომლებიც ქუჩაში არჩვენ ცხოვრებას, მათ სახლში გაუსაძლისი მდგომარეობა აქვთ. ხშირად მათ მშობლის როლის ხელში აღება და გარეთ „საშოვარზე“ წასვლა უწევთ. ბავშვების დიდი ნაწილი ისეთი ოჯახებიდანაა, სადაც აგრესია და სხვადასხვა ტიპის ადიქცია გვხვდება.
პირველი, რაც მიუსაფარი ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლისას ჩანს, ეს არის სოციალური ურთიერთობების პრობლემა, ასევე წესებთან და რეგულაციებთან დამორჩილება მათთვის ურთულესი ამოცანაა. იქიდან გამომდინარე, რომ უკონტროლოა ის, თუ რას მოიხმარენ ქუჩაში ცხოვრებისას, ხშირია ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში მათი ყოფნა. სხვადასხვა ნივთიერებაზე ადიქცია (დამოკიდებულება), პიროვნული განვითარება, ხშირ შემთხვევაში, რჩება ინდივიდის დონეზეც კი.
აუცილებელია, სახელმწიფო პოლიტიკა და ნება მკაცრად განისაზღვროს, უფრო მეტი აქტივობა იყოს ბავშვებისთვის, რათა ისინი დაინტერესდნენ და ჩაერთონ სოციალურ ურთიერთობებში, ისწავლონ და განვითარდნენ, ჰქონდეთ საშუალება, რომ კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარება მიიღონ“.

ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, რომელიც 1989 წლის 20 ნოემბრიდან ამოქმედდა, ბავშვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება დაბადებისთანავე აქვს, მისი მონაწილე სახელმწიფოები კი ვალდებულები არიან, ბავშვისთვის ჯანდაცვა და როგორც ზოგადი, ისე პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახადონ.
ჩვენი სახელმწიფოსთვის კი კვლავაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ათასობით მიუსაფარი ბავშვი, რომელთა სახლი ქუჩაა, ფულის შოვნის საშუალება კი _ არც ისე ბავშვური საქმიანობა.
ქუჩის შვილები ხელგამოწვდილი დგანან რეალობის პირისპირ და კვლავაც ელიან მზრუნველობასა და ოჯახურ სითბოს, რაც მათ ბავშვობაწართმეულ ცხოვრებას ასე ძალიან აკლია.

ანა ურუშაძე