გაუკაცრიელებული სოფლები

მაღალმთიანი დასახლებებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით 2018 წელს კიდევ 15 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს, – გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-7 სხდომაზე მიიღეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას დაემატება სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების 15 სოფელი, კერძოდ: საკირე, ტაძრისი, ხანი, ლიჩი, მუხურა, მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი, წყალშავი, ზვარე, ჩრდილი, საწისქვილო, გედსამანია, ღოღეთი და ბრდაზორი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში ვკითხულობთ:

„მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ ასევე მოიწონა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2018-2022 წლების სტრატეგიის“ პროექტი, რომელიც განსაზღვრავს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათების გასაწევად სულ გამოიყო 66 160 379.56 ლარი. ამ შეღავათებით ისარგებლა 7272-მა ოჯახმა, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში შეეძინათ შვილი; 69 803-მა პენსიონერმა; 14 150-მა სოციალური პაკეტის მიმღებმა; 574-მა ექიმმა და 989 ექთანმა; 11 395-მა პედაგოგმა; 295-მა სპორტის სფეროში დასაქმებულმა მწვრთნელმა; 77 973-მა ოჯახმა – მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათით.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა ოჯახებმა ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს 15 კუბმეტრი შეშით სარგებლობის უფლება. საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იყო ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა და მეწარმე სუბიექტებმა ასევე ისარგებლეს გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათებით“.

თამარ ლუბიაური _ საზღვრისპირა სოფლის მკვიდრი:
„ახლა სადღა წავიდე, უკვე ასაკში ვარ. ჯანი რომ მქონდეს, მეც ახალგაზრდებივით წავიდოდი აქედან, ექიმი მაინც მეყოლებოდა ახლოს. სოფელს ოდესღაც 150 მკვიდრი ჰყავდა, დღეს კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანიღა ცხოვრობს“.

ილტოს ხეობა

ახმეტის მუნიციპალიტეტის ილტოს ხეობის სოფლები მიგრაციას განიცდის. ხეობაში არ არსებობს მაღაზია, ბაგა-ბაღი, საჯარო სკოლა, სამედიცინო პუნქტი. ხეობის ყველა სოფელში სასმელი წყლის პრობლემაც მძაფრად დგას.
4 სოფელი: ქვემო ჩოფჩაური, ჯაბური, ბუხრები და ბუღაანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ილტოს ხეობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელსაც ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციაში შემავალი ინგუშეთი და ჩეჩნეთი ესაზღვრება. სასაზღვრო ზონაში იგი ბოლო დასახლებული პუნქტია. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ ხელი შეუშალოს ამ დასახლებული პუნქტიდან მოქალაქეების გადინებას, მთავრობა იმ პრივილეგიასაც ართმევს, რასაც მთის კანონი ითვალისწინებს.
ახმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს ხეობას მცირერიცხოვანი მოსახლეობაც კი ტოვებს.
ადგილობრივები მესაქონლეობით ძლივს ირჩენენ თავს.
მიუხედავად იმისა, რომ ილტოს ხეობა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ტერიტორიას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ მინიჭებია.

შაქრო ტერტერაშვილი _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი:
„ილტოს ხეობის მთის სტატუსის გარეშე დარჩენას პოლიტიკურ ფაქტორს ვუკავშირებ.
მოსახლეობა ამბობს, რომ თუ მთელი რიგი შეღავათებით ვერ ისარგებლებს, ხეობისგან მხოლოდ ნასახლარიღა დარჩება. მხოლოდ ერთი სკოლაა სოფელ ნადუქნარში, სადაც ძალიან ცოტა მოსწავლე დადის. თუ ამ ადგილს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება, მოსახლეობისთვის ამ სტატუსით მოსარგებლე ადგილისთვის, არსებული შეღავათები მეტად საინტერესო იქნება და ახალგაზრდების მიგრაციაც შემცირდება. ეს რეგიონი ტურისტული თვალსაზრისითაც სტრატეგიულია, შესაბამისად, გთხოვთ, ამ ადგილს მიანიჭოთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი“.

გიორგი უძილაური _ ილტოს ხეობაში შემავალი შახვეტილას თემის მაჟორიტარი დეპუტატი:
„კანონპროექტი ამ ხეობისთვისაც ითვალისწინებდა შეღავათებს. ამის გამო 15 კომლი სახლებს დაუბრუნდა, ახლა კი არსებობს სასაზღვრო ტერიტორიის სრულად დაცლის საფრთხე.
იგივე პრობლემაა ყვარლის რაიონის სოფელ გრძელ ჭალაშიც.
ბოლოს ამ სოფელში ბავშვი 2001 წელს დაიბადა. მას მერე შობადობა აღარ ყოფილა…
სოფელი გაუკაცრიელებულია…
ერთადერთი სკოლა, რომელიც 150 ბავშვზე იყო ოდესღაც აშენებული, დღეს ამორტიზებულია.
სოფელს არანაირი შეღავათი არ გააჩნია…“

2012 წლის ბოლო სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 120 სოფელი გაუკაცრიელდა…
მთის კანონი კი ერთადერთი საშუალება იყო, მოსახლეობა სოფლებში დაბრუნებულიყო…
მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში საქართველო აგრარული ქვეყანა მალე ვეღარ იქნება.

მაკა მოსიაშვილი