აზერბაიჯანული თეატრის დასი სპექტაკლებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამზადებს

დაბზარული კედლები, დახეული ფარდები, დაჟანგული მილები, დამტვრეული პროექტორები, ჩამონგრეული სახურავი, დაზიანებული იატაკი, ცივი ოთახები და გაუსაძლისი პირობები _ ეს თბილისში, გორგასლის პირველ ნომერში მდებარე ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრია.

11-კაციანი დასი უკვე წლებია, მოხეტიალედ ცხოვრებს და სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში დგამს. აზერბაიჯანული თეატრის დასი სპექტაკლებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამზადებს. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, თეატრის შენობის აღდგენა შეუძლებელია.
ეს არის XXI საუკუნის რეალობა და გარემო, სადაც მსახიობებს არაადამინურ, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ მუშაობა.
თბილისის ჰ. ალიევის სახელობის სახელმწიფო აზერბაიჯანული თეატრი 2004 წელს აღდგა თბილისის ძველ უბანში _ აბანოთუბანში. აზერბაჯანული დრამატურგიის პირველი ნიმუშები, ახუნდოვის 6 ცნობილი კომედია, XIX საუკუნის 40-იან წლებში დაიდგა თბილისში. აზერბაიჯანული სახალხო სახლი, რომელიც ასევე ცნობილი იყო ნარიმანოვის კლუბის სახელით, 1912 წლიდან 1947 წლამდე ფუნქციონირებდა და იდგმებოდა როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული, რუსული და ევროპული პიესები.
2004 წელს, 57-წლიანი პაუზის შემდეგ, თეატრი კვლავ დაუბრუნდა მაყურებელს. არაადამიანური პირობების მიუხედავად დასი ენთუაზიაზმს არ კარგავს და აქტიურად მუშაობს ახალ რეპერტუარზე.
თეატრის არქივიდან, საგაზეთო სტატიებიდან და სამეცნიერო კვლევებიდან ირკვევა, რომ იმ პერიოდში, ბარენბეკოვის ქარვასლის სარდაფში, ახუნდოვის პიესა „ლენკორანის ხანის ვეზირის თავგადასავლის“ მიხედვით, აზერბაიჯანელი ინტელიგენციის ერთი ნაწილის ინიციატივით და მონაწილეობით, დაიდგა კომედია „არაბთა ხანის ვეზირი“.
1910 წელს აზერბაიჯანული თეატრი ზუბალოვის სახელობის სახალხო სახლის (ამჟამინდელი კოტე მარჯანიშვილის თეატრი) სრულუფლებიანი წევრი გახდა. გამოჩენილ მსახიობ ვასო აბაშიძის, მწერალ შალვა დადიანისა და საზოგადო მოღვაწე ვალერიან გუნიას დახმარებით გადაწყდა, რომ თვეში რამდენჯერმე ეთამაშათ სპექტაკლები ქართული თეატრის შენობაში.
თბილისის აზერბაიჯანული თეატრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გამოჩენილმა აზერბაიჯანელმა ოსტატებმა: ჰუსეინ არაბლინსკიმ, აბულფატ ველიმ, სიდგი რუხულამ, ჰუსეინგულუ სარაბსკიმ… მათ გვერდით წარმატებით თამაშობდა საქართველოს სახლხო არტისტი ტასო აბაშიძეც. შექსპირი, შილერი, მოლიერი, გოგოლი, ჩეხოვი იყვნენ მათი საყვარელი ავტორები.
აზერბაიჯანული თეატრის დასმა ქ. ადანის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სტამბულის, ანტალიის, ალანიის, ბურსის დრამატული, მუსიკალური და თოჯინების თეატრებთან ერთად და ფესტივალის სპეციალური პრიზიც ჩამოიტანა.
ამ თეატრმა აღზარდა ისეთი ცნობილი არტისტები, რომლებიც შემდეგ ბაქოსა და სხვა რესპუბლიკების წამყვან სცენებზე თამაშობდნენ. 2004 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობდნენ ირაკლი აზიკური, გოჩა კაპანაძე და ზურაბ სიხარულიძე, ახლა კი, უკვე 2 წელია, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე დაინიშნა. ის მრავალი წელი თურქეთის რესპუბლიკაში მოღვაწეობდა, მისი აღზრდილია არაერთი თურქი კინოვარსკვლავი.
აზერბაიჯანული თეატრის თანამშრომლებს წარმატებები და ახალი შემოქმედებითი ენერგია აძლევს ძალას, გამბედაობას და მოტივაციას, იყვნენ ერთად და ერთსულოვნნი თეატრის აღორძინების საქმეში. თეატრში, ამჟამად, ორ ახალ პიესაზე მუშაობენ: აქვსენტი ცაგარელის „ოინბაზს“ კობა სხილაძე დგამს, ხოლო სემა გიოქთაშის „ჯურღმულში“ ახალ სასცენო ინტერპრეტაციას დავით ნიკოლაძე წარმოადგენს. პრემიერები მაისის ბოლოს პანტომიმის თეატრში გაიმართება, ახალ სეზონში კი ამ სპექტაკლებით დასი თურქეთის რესპუბლიკაში გასტროლსაც აპირებს.

„ქრონიკა+“ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს _ ვარლამ ნიკოლაძეს ესაუბრა:
_ ბატონო ვარლამ, თქვენ რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნეთ, რა სიტუაცია დაგხვდათ აქ და რა შეიცვალა თქვენ შემდეგ?
_ შენობის თვალსაზრისით დამხვდა ის, რაც თქვენც ნახეთ _ სამარცხვინო მდგომარეობა. რაც თქვენ დაგემართათ შენობის ნახვისას, უარესი დამემართა მე, როდესაც თეატრის დაფინანსებაში ჩავიხედე. ამ თეატრის წლიური დაფინანსება 145 ათას ლარს შეადგენს. შემდეგი შოკი დამემართა მაშინ, როდესაც გავიგე, რომ დასში არის მხოლოდ 11 მსახიობი, როცა სახელმწიფო თეატრში, მინიმუმ, 40-30 კაცი მაინც უნდა იყოს. ამ თერთმეტ მსახიობს ამდენივე დირექტორი ჰყავს. ამ დროს შტატში გათვალისწინებული არ არის სცენის მუშა, გამნათებელი, რეკვიზიტორი და თეატრის ტექნიკური პერსონალი. თეატრს ასევე არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალება დეკორაციების გადასაადგილებლად თეატრებში, რადგან ჩვენ, მოგეხსენებათ, დარბაზს ვქირაობთ და სხვადასხვა თეატრის სცენაზე გვიწევს თამაში.
_ არ გიჭირთ ასეთ გაუსაძლის პირობებში მუშაობა?
_ მიჭირს რომელია! რეალურად, 11 მსახიობიდან 8 მუშაობს. რვა მსახიობით რა გინდა, რომ გააკეთო? აქედან სამი ქალია, დანარჩენი _ მამაკაცი. სულ პიესის ძებნაში ვარ. ისეთი პიესა უნდა ვეძებო, სადაც როლები თანაბრად გადანაწილდება. რაც ამ თეატრში მოვედი, უკვე 4 სპექტაკლი გამოვუშვით. სადადგმო თანხას კულტურის სამინისტრო გვაძლევს, რომელიც ლიმიტირებულია. უნდა დაკმაყოფილდე იმას, რასაც მოგცემენ. ზოგ სპექტაკლს ჰყოფნის ეს თანხა, ზოგს _ არა.
_ არ გიცდიათ, რომ დახმარებისთვის ალიევისთვის ან სხვა კონკრეტული უწყებისთვის მიგემართათ?
_ ამ ორი წლის მანძილზე 100-ზე მეტი წერილი მაქვს გაგზავნილი. ძალიან ნაწყენი ვარ „სოკარზე“. ეს არის აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც საქართველოში ყველაფერს აფინანსებს, ამ თეატრის გარდა.
_ როცა წერილები გაგზავნეთ, პასუხად რა მიიღეთ?
_ პირადად ალიევისგან ან მისი ფონდისგან არავითარი პასუხი არ მიგვიღია, მხოლოდ აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო გამოგვეხმაურა და ერთი თვის სახელფასო ფონდით დაგვასაჩუქრა.
_ როგორც ვიცი, თქვენ კულტურის სამინისტრომ ალტერნატიული ფართი შემოგთავაზათ, მაგრამ უარი უთხარით. რატომ?
_ კულტურის სამინისტრო გვთავაზობდა 813 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, სადაც უნდა აშენებულიყო თეატრი, მაგრამ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს 813 კვ.მ. მხოლოდ სცენაა, დარბაზი და შესასვლელი ფოიე. კითხვა მაქვს, _ თეატრს სხვა არაფერი სჭირდება? სად იქნებოდა საგრიმიორი ოთახი, გასახდელი, სარეპეტიციო, დეკორაციების შესანახი საწყობი და გარდერობი? ეს ყველაფერი რომ დაიანგარიშოთ, მინიმუმ, 1400 კვ.მ.-ის შენობა მაინც უნდა იყოს, რომ თეატრმა იარსებობს და ფუნქციონირება გააგრძელოს.
_ თეატრის რესტავრაციაზე რას ამბობენ?
_ სამხარაულის დასკვნის შედეგად თეატრის შენობას რესტავრაცია ვერ გაუკეთდება, რადგან ერთ აგურს რომ ხელი მოვკიდოთ, შენობა მთლიანად ჩამოინგრევაო. თუმცა მე ჩემი მეგობრები მოვიყვანე, რომლებიც არქიტექტორები არიან, სარდაფში ჩავიდნენ, ყველაფერი დაათვალიერეს და მითხრეს, რომ ეს შენობა ჩვეულებრივად გარემონტდებაო, არაფერიც არ დაინგრევაო.
_ სამხარაულის დასკვნა რაზე მეტყველებს?
_ არ ვიცი. ფაქტია, რომ სამხარაულის დასკვნა გარემონტების უფლებას არ გვაძლევს.
_ კულტურის სამინისტრომ თეატრებს დაფინანსება შეუმცირა. თქვენს თეატრსაც შეეხო ეს ცვლილებები?
_ რა თქმა უნდა! ყველა სახელმწიფო თეატრს კულტურის სამინისტრომ დაფინანსების 10% დააკლო. ამ თეატრის წლიური დაფინანსება თუ იყო 160 ათასი ლარი, ახლა, დაახლოებით, 140-მდეა ჩამოსული.
_ მსახიობის მაქსიმალური ხელფასი რამდენია?
_ 300 ლარი.
_ როგორ ინარჩუნებთ ამ ენთუზიაზმს?
_ გიჟი კაცი ვარ, ნორმალური რომ ვყოფილიყავი, დიდი ხნის წინათ ვიტყოდი ამ პროფესიაზე უარს.
_ მინისტრ გიორგაძესთან თუ გქონიათ შეხვედრა?
_ რა თქმა უნდა.
_ რას გეუბნებათ?
_ არაფერს, არ შემიძლია დაფინანსებაო.
_ თუმცა როგორია მისი პოზიცია?
_ მისი პოზიციაა, რომ იყოს მინისტრი. ვეღარ გავიგე უკვე, ვის, რა ეხება.
_ ე. ი. სახელმწიფოს ამ თეატრის არსებობა დიდად არ ანაღვლებს?
_ ალბათ! რადგან ზედმეტი ტვირთი არავის სჭირდება, თუმცა ეს თეატრი გახსნილია და უკან ნაბიჯის გადადგმა დაუშვებელია. ამ თეატრის დახურვა გამოიწვევს დიდ საერთაშორისო პოლიტიკურ სკანდალს. არ ვარ მიამიტი კაცი, მაგრამ ვხვდები, რომ ვიღაცას რაღაცის ჩანაფიქრი აქვს.
_ რა ჩანაფიქრს გულისხმობთ?
_ როგორ გითხრათ. ალბათ, ვიღაცას ამ შენობაზე თვალი უდგას. მოგეხსენებათ, ქალაქის გულია და ტურისტული ცენტრი.
_ თეატრში არსებულ სიტუაციაზე მსახიობები რას ამბობენ?
_ 14 წელია, მსახიობებს ასეთ გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა. თავის დროზე მეტს ამბობდნენ, ახლა წუწუნებენ. 3 მსახიობს ყოველდღე გარდაბნიდან უწევს სიარული. დღეში მგზავრობისთვის 5 ლარი სჭირდებათ, თვეში 150 ლარი მხოლოდ გზაში ეხარჯებათ და ხელფასი 175 ლარი ერიცხებათ.
_ გაქვთ იმედი, რომ რამე გამოსწორდება?
_ კაცი იმედით ცოცხლობს… ეს იმედიც თუ გადამეწურა, მაშინ არ ვიცი.

„ქრონიკა+“ თეატრის თანამშრომლებსაც გაესაუბრა:

კახი ლაზარიშვილი _ თეატრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი:
_ თქვენი თვალით ნახეთ, როგორი ვითარებაა ჩვენს თეატრში. ყოველ დილით შიშით მოვდივართ, _ დღის ბოლომდე ცოცხლები დავრჩებით თუ არა, არ ვიცით. ეს შენობა ასეთ მდგომარეობაში გადმოგვეცა და რეალობა დღითი დღე უარესდება. ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. საქართველოს კულტურის სამინისტრო, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად გვეხმარება.
_ სად ჩანს მათი დახმარება?
_ პროექტებს გვიფინანსებენ; ვსხვადასხვა თეატრალურ ფესტივალში ვმონაწილეობთ, მაგრამ ამ შენობის აღდგენასა და რეაბლიტაციას სოლიდური თანხა სჭირდება, რასაც, ალბათ, მარტო საქართველოს კულტურის სამინისტრო ვერ შეძლებს, თუ აზერბაიჯანულმა მხარემაც არ მიიღო ზომები. აზერბაიჯანის აბსოლუტურად ყველა სტრუქტურას გავუგზავნეთ წერილები: დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული ჰ. ალიევის სახელობის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელით, ყველას ვთხოვთ დახმარებას და ყურადღებას, მაგრამ….
_ მაგრამ?
_ იმედს არ ვკარგავთ. ალბათ, ამ თეატრისთვისაც მოიცლიან და მოგვხედავენ. შარშან აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი იყო ჩვენს თეატრში, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ პირობებში ვმუშაობთ, აღშფოთდა და ნანახით შეწუხდა.
_ მარტო აღშფოთება არ კმარა.
_ რა თქმა უნდა, თუმცა დაგვპირდა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებთან პირადად გვიშუამდგომლებდა. ველოდებით.

შეილა ჯაფაროვა _ მსახიობი:
_ 2004 წლიდან მსახიობებს ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. არ გვაქვს საგრიმიოროები, ხელფასები ძალიან დაბალია, რის გამოც უმეტესობა სხვა სამსახურებშიც მუშაობს. თეატრში სპექტაკლებს ვერ ვთამაშობთ, რადგან შენობა ძალიან ავარიულია. რეპეტიციებსაც დიდი რისკის ფასად ვატარებთ. ჩვენი ნათამაშები ყველა სპექტაკლი საგასტროლო სპექტაკლს ჰგავს, რადგან ყველა ჯერზე გვიწევს დეკორაციების სხვა სცენებზე გადატანა და უკან დაბრუნება. დავიღალეთ ჩვენი კოსტიუმების მოვლით.
_ როგორი იმედით შეჰყურებთ თქვენი თეატრის მომავალს?
_ საერთოდ აღარ გვაქვს იმედი, ჩვენი პროფესიით შევძლებთ კი ოდესმე ოჯახების შენახვას? ხელფასი გზის ფულადაც არ გვყოფნის, მაგრამ თეატრის სიყვარულით მაინც ვაგრძელებთ მუშაობას. თვითონვე ვართ მსახიობებიც, სცენის მუშებიც, მეგარდერობეებიც, გრიმიორებიც, რეკვიზიტორებიც, მაგრამ როდემდე გვეყოფა ეს გამძლეობა, არ ვიცით. რა თქმა უნდა, ვდგამთ და ვთამაშობთ ახალ სპექტაკლებს, მაგრამ ნორმალური შემოქმედებითი ცხოვრება გვენატრება.

გიორგი საკარული