სოფლის მეურნეობის ექსპერტი: “ქართველებს ურჩევნიათ, ცოცხალი ცხვარი გაყიდონ, ვიდრე თავი შეიწუხონ და ხორცი აწარმოონ…”

საქართველოს ბუნება ბევრის შესაძლებლობას იძლევა. ერთ-ერთი შესაძლებლობა ბუნებრივისა და ჯანსაღის წარმოებაა. ამის პარალელურად, საინტერესოა მოთხოვნა და ინტერესი ნატურალურის მიმართ. რაც დრო გადის, ადამიანი მით მეტად ითხოვს ჯანსაღს. „ბუნების ნობათის“ დაფასება დღევანდელი პროცესია, რომელიც მიმდინარეობს როგორც ადგილობრივ ქართულ ბაზარზე, ისე _ მის ფარგლებს გარეთ.

სანამ სტატისტიკურ და სხვა სახის მონაცემებს შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია, სწორად იყოს გააზრებული ის ტერმინოლოგია, რომელიც ქვემოთ შეგხვდებათ.
მეურნეობა (სასოფლო მეურნეობა) _ ეკონომიკური ერთეული, რომელიც ერთიანი ხელმძღვანელობით აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, მიუხედავად მისი ზომისა, იურიდიული სტატუსისა, აქტივების მფლობელობის ფორმისა (საკუთარი თუ იჯარით აღებული) და წარმოების მიზნისა (რეალიზაცია თუ საკუთარი მოხმარება);
ერთწლიანი კულტურა _ სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომლის ზრდის სრული ციკლი ერთ წელზე ნაკლებ პერიოდს მოიცავს. წინამდებარე პუბლიკაციაში ამავე კატეგორიას განეკუთვნება დათესილი მრავალწლიანი ბალახებიც (იონჯა, სამყურა, ესპარცეტი და სხვ.);
მემცენარეობის პროდუქტების წარმოება _ წლის განმავლობაში სახნავიდან და მრავალწლოვანი კულტურებისგან მიღებული პროდუქცია;
პირუტყვის სულადობა _ ყველა სახისა და ასაკის პირუტყვის რაოდენობა დროის გარკვეული მომენტისთვის;
რძის წარმოება _ ფურების, ფურკამეჩების, დედა ცხვრებისა და თხებისაგან მოწველილი რძის სრული რაოდენობა. ხბოების, ზაქების, ბატკნებისა და თიკნების მიერ უშუალოდ მიშვებით გამოწოვილი რძე წარმოებაში არ ჩაითვლება;
ხორცის წარმოება _ დაკვლით მიღებული პირუტყვისა და ფრინველის ხორცის მთლიანი წონა, წარმოებული როგორც ადგილობრივ სასოფლო მეურნეობებში, ასევე იმპორტირებული ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველისგან.
სოფლის მეურნეობის სექტორის ზოგად სტატისტიკაში პროდუქციის წარმოების ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მეცხოველეობაზე მოდის. მომდევნო პოზიცია მემცენარეობას უკავია. პროცენტულად მას მეტყევეობა, ნადირობა და მეთევზეობა მოჰყვება, ხოლო მეოთხე ადგილი სასოფლო-სამეურნეო მომსახურებას უკავია. ამ მაჩვენებლით, 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ოთხივე კატეგორიაში მზარდი დინამიკა შეინიშნება.
ბოლო წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ხსენებულ კატეგორიებში 2015 წელს 3873 მილიონი ლარის პროდუქცია გამომუშავდა. 2016 წელს _ 4058 მილიონი, ხოლო 2017 წელს _ 4147 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს ეს მაჩვენებელი 2375 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობის სტატისტიკას: 2001 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მისმა რიცხვმა იკლო. 2001 წელს სოფლის მოსახლეობის პროცენტობა მთელ მოსახლეობასთან 48,2% იყო. წლების მანძილზე ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა, უკვე 2015 წლისთვის მაჩვენებელმა 42,8% შეადგინა. მომდევნო წლებში ეს სტატისტიკა უცვლელი დარჩა.
რაც შეეხება ერთწლიანი კულტურების წარმოებას: 2006 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მოძრავი ციფრები შეინიშნებოდა. ეს ნიშნავს, რომ წარმოებული პროდუქცია წლების მიხედვით ხან კლებულობდა, ხან მატულობდა. 2017 წელს სულ 92,7 ათასი ტონა ხორბალი იწარმოა; ქერი _ 42,8 ათასი ტონა; ბოსტნეული _ 120,5 ათასი ტონა.
2006 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ იკლო. ეს პროცესი ყოველწლიურად მიმდინარეობდა და, საბოლოოდ, 2017 წლის მონაცემებით, სხვაობამ 179.9 ათასი სული შეადგინა. ამავე წლების მონაცემებით იკლო ღორის სულადობამაც. 2006 წლიდან 2017 წლამდე ღორის სულადობის სხვაობამ 179 ათასი შეადგინა. რაც შეეხება ცხვარსა და თხას, ამ შემთხვევაში მატებაა, _ ნამატმა 177.3 ათასი სული შეადგინა.
ხორცის წარმოებას რაც შეეხება, 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 59.3 ათასი ტონა შეადგინა. 2015 წელს მან 66.7 ათას ტონას მიაღწია. მომდევნო წლისთვის მაჩვენებელი იყო 66.1 ათასი ტონა, ხოლო ბოლო მონაცემებით _ 2017 წლისთვის ამ რიცხვმა 59.4 ათასი ტონა შეადგინა. კვერცხის წარმოებაში ამ წლების მანძლზე საბოლოოდ მატება შეინიშნება _ 2014 წლის მონაცემით 551.9 მილიონი ცალი კვერცხი იწარმოა. მომდევნო წელს მაჩვენებელმა 602.5 მილიონი შეადგინა; 2016 წელს _ 590.4 მილიონი, ხოლო 2017 წელს იწარმოა 579.2 კვერცხი. რძის წარმოებაში ამავე წლების მანძილზე კლების ტენდენცია შეინიშნება. 2014 წელს 588.8 მილიონი ლიტრი რძე იწარმოა. მომდევნო წელს მაჩვენებელია 566.3 მილიონი, 2016 წელს _ 540.1 მილიონი ლიტრი, ხოლო 2017 წლისთვის ამ მაჩვენებლმა 501.9 ლიტრი რძე შეადგინა.
ფურისა და ფურკამეჩის საშუალო წლიური წველადობის მონაცემები ასე გამოიყურება: 2014 წელს 1364 ლიტრი რძე იწარმოა, მომდევნო წელს _ 1325 ლიტრი, ხოლო 2016 წლის მონაცემებით _ 1421 ლიტრი.

თამაზ კუნჭულია _ სოფლის მეურნეობის ექსპერტი:
„მეცხოველეობის პროდუქტების ექსპორტი ძალიან ცოტა გვაქვს. ფაქტობრივად, შემოგვაქვს. შემოდიოდა საბჭოთა პერიოდის დროს და იქიდან მოყოლებული შემოდის. დაანგარიშებულია, რომ ხორცის წარმოებით საქართველოს არ შეუძლია, დაიკმაყოფილოს საკუთარი თავი. რძის წარმოებით ეს პროცესი შესაძლებელია, მაგრამ უნდა გაიზარდოს წველადობა. ფაქტობრივად, რაც არის, ის უნდა გაორმაგდეს, რომ მოსახლეობა უზრუნველვყოთ. იზრდება ფრინველის ხორცზე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ ჯერ მაინც სიმცირეა. ბოლოს ასეთი რამ ჩამოყალიბდა, რომ ცოცხალი პირუტყვი ძალიან დიდი რაოდენობით გადის. შარშან, მაგალითად, 100 000 სულზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გავიდა. გადის დიდი რაოდენობით ცხვარი, ამაზეა მოთხოვნილება, როგორც ირკვევა, ძირითადად, მუსლიმანურ ქვეყნებში. შარშან დიდი რაოდენობით გავიდა აზერბაიჯანსა და ერაყში. ქართველებს ურჩევნიათ, ცოცხალი გაყიდონ, ვიდრე თავი შეიწუხონ და აწარმოონ. ადგილობრივ ქართულ ბაზარზე მსგავსი მეცხოველეობის პროდუქტების მიმართ მოთხოვნა ყოველთვის არის. ეს მოთხოვნა იქნება ყოველთვის, რადგან მეცხოველეობა ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობას. არ არსებობს საშიშროება, რომ პროდუქცია იწარმოოს და ის ვერ გაიყიდოს“.

როგორია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცემა რეგიონების მიხედვით?
მთლიანი საქართველოს მასშტაბით, 2016 წლისთვის, ამ მაჩვენებელმა 83,7 ათასი სული შეადგინა. ეს მაჩვენებელი 36.7 ათასი სულით მეტია 2006 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან მიმართებით. ეს ნიშნავს, რომ ამ წლების მანძილზე შესაბამისმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იმატა. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცემის მხრივ 2016 წლისთვის ყველაზე მეტად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი გამოირჩევა. რეგიონების უმეტესი ნაწილის შემთხვევაში შეინიშნება მატების ტენდენცია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016-2017 წლების მოსავლიანობის განსაზღვრის კვლევების მიხედვით მონაცემები ასეთია: 2016 წელს შიდა ქართლში 3.5 ტონა ხორბალი მოვიდა, ხოლო კახეთში _ 4.2 ტონა. ამავე წლის სტატისტიკით კახეთში 5.8 ტონა სიმინდის მოსავალი აიღეს, იმერეთში _ 3.7 ტონა, გურიაში _ 2.9, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 3.8 ტონა. 2017 წლის შედეგებს რაც შეეხება, შიდა ქართლსა და კახეთში 3.2 ტონა ხორბლის მოსავალი აიღეს; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში _ 6.1 ტონა მანდარინი, ხოლო შიდა ქართლში _ 6.2 ტონა ვაშლის მოსავალი აიღეს. აღსანიშნავია, რომ ხორბლის მოსავლიანობის განსაზღვრის კვლევაში გამოიკითხა მხოლოდ ის მეურნეობები, რომელთა ხორბლის ნათესი ფართობი არანაკლებ 3 ჰა-ს შეადგენდა. ვაშლის მოსავლიანობის განსაზღვრის კვლევაში კი გამოიკითხა მხოლოდ ის მეურნეობები, რომელთა ვაშლის ბაღების ფართობი არანაკლებ 1 ჰა-ს შეადგენდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბოლო ანგარიში 2016 წელს გამოაქვეყნა. ამ ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების ღირებულებამ 3.9 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად 4.4 მლრდ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია შეიქმნა. აგრობიზნესის სექტორში პროდუქციის მთლიანი გამოშვება 2.3%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მონაცემს, რაც, ძირითადად, გამოწვეულია პირველადი პროდუქციის გამოშვების ზრდით, სადაც ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ს შეადგენს. 2016 წელს სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გამოშვება 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 40.4%-ით, ხოლო გადამამუშავებელ სექტორში 18.0%-იანი ზრდა ფიქსირდება. სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მაჩვენებელი, როგორც ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, 2016 წელს იყო 248.8 მლნ ლარი, რაც 28.5%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს, ხოლო 126.4%-ით აღემატება 2012 წლის მონაცემს. „ქვეყანაში იზრდება აგრარული სექტორით ბიზნესწრეების წარმომადგენელთა დაინტერესება. 2016 წელს, საწარმოთა მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, განხორციელდა 2.8 მლრდ ლარის ღირებულების საკვები პროდუქტების წარმოება, რაც 41%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. 2017 წლის დასაწყისისთვის აგროსასურსათო სექტორში სულ 4249 საწარმო მოქმედებს, მათ შორის, 1753 საწარმო განთავსებულია თბილისში“, _ აღნიშნულია ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით აგროსასურსათო სექტორში მოქმედი საწარმოები რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა: მთლიანი საქართველოს მასშტაბით 3621 მცირე საწარმო დაანგარიშდა, საშუალო საწარმოს რაოდენობამ 338 შეადგინა, ხოლო მსხვილი საწარმოს რაოდენობამ _ 290. არსებული საწარმოებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში განაწილდა, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობით _ რაჭა-ლეჩხუმ/ქვემო სვანეთში. „არსებული საწარმოებიდან 1035 ერთეული აწარმოებს პირველად სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ხოლო დანარჩენი საწარმო სოფლის მეურნეობის პროდუქციას გადაამუშავებს“, _ მითითებულია ანგარიშში.
რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას: ბოლო მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებულია 692.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 13.1%-ით აღემატება 2015 წლისას და 35.6%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემებს. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მთლიან ექსპორტში აგროსასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილი 33%-ს შეადგენს. ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი (26%), ღვინო (16%), სპირტიანი სასმელები (13%), მინერალური და მტკნარი წყლები (12%), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (5%), თევზის ფქვილი (2%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (2%), ციტრუსი (2%) და სხვ. 2016 წელს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი 88 ქვეყანაში გახორციელდა. 2016 წელს საქართველოში აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი გახორციელდა 105 ქვეყნიდან.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითად ფუნქციას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გახორციელება წარმოადგენს. „საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020-ის“ მიხედვით სამი პრიორიტეტი გამოიკვეთა: 1. ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა; 2. სოციალური პირობები და ცხოვრების დონე; 3. გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა. 2012 წლის 8 მაისიდან კი ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“, რომლის მიხედვითაც ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

მარიამ ტიელიძე