ბავშვის ფსიქოლოგია _ პროცესები, პრობლემები, შედეგები

„სადღაც, 25 წელია, რაც ფსიქოლოგი ვარ. 25 წლიდან ვიტყვი, რომ 10 წელი შემეცნებასა და განვითარებას მოვანდომე. რა თქმა უნდა, პარალელურად, ვმუშაობდი, მაგრამ იმ ცოდნასა და გამოცდილებას ვაგროვებდი, რომლითაც დღეს ბავშვებს ვეხმარები. ეს გამოცდილება აუცილებელია. წარმოუდგენელია ფსიქოთერაპევტობა და ფსიქოლოგობა, მით უმეტეს, პრაქტიკული ფსიქოლოგობა, განვლილი გზის გარეშე. ბუნებრივია, ამ განვლილ გზაზე იყო ბევრი რთული, ბევრიც საინტერესო შემთხვევა. გამოიკვეთა გარკვეული გამოცდილება და ტენდენციები“…

„ქრონიკა+“ ესაუბრება ბავშვთა ფსიქოლოგ ირინა ნიკოლაიშვილს:
_ ძირითადად, ბავშვები თქვენთან რა მიზეზებით მოჰყავთ?
დავაკვირდი, რომ სეზონურად სხვადასხვა ტენდენცია იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, ამ ეტაპზე ძალიან აქტუალურია შემთხვევები, როდესაც ბავშვები მიდიან სკოლაში ან მშობლები, რომლებიც ამზადებენ ბავშვებს საბავშვო ბაღისთვის. სექტემბერსა და, დავუშვათ, წლის დასაწყისში ძალიან აქტუალურია საბავშვო ბაღებში პატარების მისვლის თემა _ მშობელთან განშორება ან ძიძის ცვლილება. რა თქმა უნდა, სეზონი არ აქვს მეორე ან მესამე შვილის გაჩენას და ეჭვიანობის ფაქტორს. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ დღეს საოცრად დიდი ნაკადია პაციენტებისა. უაღრესად გაზრდილია ნაკადი მეტყველების შეფერხების, ასოციალურობის, დევიანტური ქცევის (ქცევითი აშლილობები), ჰიპერაქტიურობის პრობლემებით. უკვე შეინიშნება, რომ ძალიან რთულია ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა ამ ქვეყანაზე. რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რამდენიმე წლის, 10-15 წლის წინათ, სტუდენტისთვის რომ გვეჩვენებინა, როგორი იყო ქცევითი აშლილობა, როგორი იყო აუტისტური სპექტრის აშლილობა, როგორი იყო მეტყველების შეფერხების პაციენტი, იშვიათი სანახაობა გახლდათ. ამაზე ერთეული ლოგოპედები და ქცევის თერაპევტები მუშაობდნენ, არ იყო ასეთი მასობრივი პრობლემები.
_ ამ სტატისტიკის ზრდის მიზეზებზე რისი თქმა არის შესაძლებელი?
_ არა მარტო მე, არამედ დღეს მოქმედი წამყვანი ფსიქოლოგებიც ცალსახად აღნიშნავენ, რომ ყოველი სახეცვლილი და არაჯანსაღი გარემოება, რომელიც ძალიან მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე, ცუდად აისახება მომდევნო თაობაზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯანსაღი განვითარების დროს ტექნოლოგიური პროცესი ბავშვებზე დადებითად აისახება, მაგრამ როდესაც არის რაიმე დარღვევა, კონკრეტული უნარის შეფერხება, კრიზისი რომელიმე ასაკობრივ კატეგორიაში და ამ დროს სუსტი ქცევები, სუსტი მხარეები ჩანაცვლდება იმ ქმედებებით, რომელიც არის მათთვის ყველაზე მარტივად მისაღწევი, მაგალითად, წვდომა ტელევიზორთან, პლანშეტთან, სათამაშოებთან და ამით ხდება მთელი დღის, მათი მთელი აქტივობის ჩანაცვლება, მაშინ ეს ძალიან უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე.
_ როგორ მართოს მშობელმა, რა არის ნორმირებული დოზა?
_ რა თქმა უნდა, ზუსტად ისაა ჩვენი გონიერება და ის პირობა გვაძლევს მშობლის სტატუსს, რომ გაცილებით მეტად მობილიზებულები და ინფორმირებულები უნდა გავხდეთ მანამ, სანამ ბავშვის აღზრდას დავიწყებთ და მანამ, სანამ შესაბამის პრობლემებს წავაწყდებით. სამწუხაროდ, ჯერ იწყება პრობლემა და შემდეგ ფიქრი მის მოგვარებაზე. ჩემი მუშაობა, რა თქმა უნდა, ეფუძნება ამ პრინციპს: თუ მშობელთან არ არის აქტიური და მჭიდრო კომუნიკაცია, ვერანაირ შედეგზე ვერ გავალთ. პირველ ყოვლისა, ვხვდები მშობლებს, ვიღებ მათგან ჩემთვის სასურველ ყველა ინფორმაციას, რომელიც მათი შვილების პრობლემის დასაძლევად დამჭირდება; გარდა მშობლებისა ვხვდები ბებიებს, ბაბუებს, თუ საჭიროა. სანამ ერთ სამუშაო გეგმას არ შევიმუშავებთ, სანამ ერთ გზაზე არ დავდგებით, შეუძლებელია იქამდე რაიმე მოსალოდნელ შედეგზე საუბარი. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე წარმატებისთვის მიმიღწევია, ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ერთიანობა. სხვა შემთხვევაში მუშაობას არ ვიწყებ. ზოგჯერ ძალიან კატეგორიულობაც კი მიწევს. ეს იმიტომ, რომ ბავშვს, რომელიც ჩემთან ვიზიტზე შემოდის, სრულიად განსხვავებული გარემო ხვდება. ეს არც საბავშვო ბაღს ჰგავს, არც _ სკოლას, არც _ სამედიცინო დაწესებულებას; არც ფსიქოლოგი ჰგავს მასწავლებელსა და ექიმს. იმას, რასაც მოწყურებულები არიან _ მშვიდ, წყნარ, მათთვის საინტერესო თემებზე საუბარს _ ამით ვურთიერთობთ. აქედან გამომდინარე, ისინი ამ გარემოში თითქოს ანგელოზებივით იქცევიან. ხშირად მშობლები ასეთ კომენტარებსაც აკეთებენ, _ ასე არსად იქცევა. აქ საუბარია სწორი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნაზე. ეს ხდება ბევრგან. რა თქმა უნდა, გარემოში, რომელშიც მათი ინტერესები კმაყოფილდება და მათ სურვილებს იზიარებენ, როცა პრობლემის დაძლევის სხვადასხვა მექანიზმზე ვფიქრობთ, ეს მათ იდეალურ შესაძლებლობას უქმნის, რომ მთლიანად დაიცალონ ემოციებისგან. ასაკის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში, მშობლებიც ესწრებიან შესაბამის სეანსებს. უკვირთ ხოლმე, რანაირად ახერხებთ ფსიქოლოგები, რომ მოკლე პერიოდში იღებთ იმ ინფორმაციას, რაც ჩვენი შვილების შესახებ საერთოდ არ ვიცოდითო. თუ ბავშვი ზედმეტად აქტიურობს, ხშირად მიწევს ხოლმე მშობლისთვის მინიშნება, რომ აცადონ და არ შეაწყვეტინონ საუბარი. როდესაც გვინდა, რომ ბავშვი ჯანსაღ გარემოში გავზარდოთ, ეს არ ნიშნავს მხოლოდ კარგად მოწყობილ ოთახს, კვების უზრუნველყოფილ რეჟიმს… რა თქმა უნდა, ეს ფაქტორები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ყველაფერი შეცვლადია. შესაძლებელია, დაწყებით ასაკში ბავშვს არ ჰქონდეს მისთვის განკუთვნილი ადგილი, სათანადო კვების რაციონი, ხშირად ვერ მიჰყავდეს მშობელს დასასვენებლად სუფთა ჰაერზე, მაგრამ ეს ყველაფერი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება, შეიცვალოს. იმას, რასაც განვითარების სრულფასოვანი გზა ჰქვია, თუ რაღაც უმნიშვნელოვანეს დეტალებს გამოტოვებ, სამწუხაროდ, უკან ვეღარასდროს დააბრუნებ _ ბავშვები ამ პერიოდს ისე გაივლიან, რომ რაღაც კრიზისი, დეფიციტი, ერთმანეთს დაემატება და შემდეგ საზოგადოებას მოევლინება ადამიანი, რომელსაც ბევრი გაუაზრებელი და ტკივილნარევი ემოცია აქვს. მერე ის იწყებს ამ ყველაფერთან დამოუკიდებლად გამკლავებას. უმნიშვნელოვანესია, როგორ გაივლის იმ პირველ პერიოდებს, რასაც სოციუმთან, სამყაროსთან ურთიერთობა ჰქვია. ამიტომ კატეგორიულ მოთხოვნად მიხდება ხოლმე ამ საკითხის წინ წამოწევა, რომ დედასა და შვილს შორის სიმბიოზური კავშირი იყოს. ფეხმძიმობის, ახალშობილობის პერიოდში აუცილებლად უნდა იყოს, მეტ-ნაკლებად, მშვიდი, დაცული ემოციური გარემო, რომელიც ბავშვს სრულფასოვანი ბუნების შექმნასა და უნარების გამომუშავებაში შეუწყობს ხელს. დამერწმუნეთ, ისე არ ხდება, რომ ფეხმძიმობის დროს მიზეზი არ იყო თვითონ მშობლების ჯანმრთელობა.
_ რა შემთხვევაში უჭირთ (არ უჭირთ) ბავშვებს თქვენთან, როგორც ფსიქოლოგთან ურთიერთობა?
_ ძალიან ხშირად მშობლები მეკითხებიან, და ეს სწორიც არის, რა უნდა უთხრან თავიანთ შვილებს, როდესაც ფსიქოლოგთან მიჰყავთ? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა აქვს. თუ ბავშვი მცირეწლოვანია, მას სხვანაირად ვუხსნით. მას რომ სიტყვა „ფსიქოლოგი“ უხსენო, რა თქმა უნდა, მისთვის გაუგებარი იქნება. გასაგებ ენაზე ვაწვდით, რომ სათამაშოდ მოდის და ა. შ., მაგრამ თუ საქმე შედარებით მოზრდილ ასაკთან გვაქვს, როდესაც თანასწორუფლებიანი საუბარია შესაძლებელი, მის მშობლებს ვთხოვ ხოლმე, რომ მე თვითონ ავუხსნი, სად მოვიდა მოზარდი. მიუხედავად ვიზიტამდელი შეთანხმებისა, ხშირად დაურეკავთ და უთქვამთ, რომ შეიძლება ბავშვი არ წამოყვეთ ან არ უყვარს ასეთი რაღაცები… ამ შემთხვევაში უფრო სათუთად, გააზრებულად და მათთვის უმტკივნეულოდ გვიწევს ამ ყველაფრის შეფუთვა. არის შემთხვევები, როდესაც მოკლე პერიოდშივე ხვდები, რომ პაციენტი მთლიანად მოცულია შენით და პროცესებში მოგყვება; არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე დღე გჭირდება იმისთვის, რომ ბავშვის ნდობა მოიპოვო. მივდივართ იქამდე, თუ რამდენად ფლობს მშობელი საკუთარი შვილის ხასიათს, იცის მისი თვისებები და იცნობს მის ემოციურ მდგომარეობას. თუ ეს ასეა, ჩვენი შეხვედრების შედეგები მით უფრო წარმატებულია. ეს იმიტომ, რომ ისინი ჩვენთან წინასწარ ამყარებენ კონტაქტს, ბავშვისთვის გასაგებ არგუმენტებს ვაწვდით, ისინი შვილებს გადასცემენ და შემდგომ ჩვენი ურთიერთობა და მუშაობა წარმატებულია. ბევრ რამეს ვხვდებით მათი მშობლებისგან, მეგობრებისგან და პედაგოგებისგან განსხვავებულად. ძალიან ხშირად ბავშვებს მოუხარიათ კიდეც, რომ იმ გარემოში მოხვდნენ, რომელშიც ეს ყველაფერი არ იქნება აკრძალული.
_ ძირითადად, როგორ მიმდინარეობს ბავშვების რეაბილიტაციის პროცესი?
_ ინკლუზიური ჩამორჩენის დროს ბავშვების ჩვენთან სიარული გარკვეულ დასწავლას, უნარების შეძენასა და გამომუშავებას მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, ეს ინტენსივობა მეტ შედეგს გვაძლევს. საერთოდ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე და ქცევითი აშლილობის ბავშვებთან თუ რაიმე შედეგი მიიღწევა მსოფლიო სტანდარტის მიხედვით, საუბარია რვასაათიან დატვირთვაზე. პროცესი უნდა იყოს კომპლექსური. ეს ციკლი უნდა არსებობდეს ყოველდღიურად, რაღაც გარკვეულ რეჟიმში, რომ მოხდეს დასწავლა, გამყარება და მათი უნარების გამომუშავება. არის რიგი პაციენტებისა, რომლებიც სკოლასავით ხშირად გვსტუმრობენ. სხვანაირად შეუძლებელია შესაბამისი შედეგის მიღწევა. მაგრამ არიან პაციენტები, რომლებიც მათი ასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე, შეზღუდულები არიან დროში ან არ არის ამის აუცილებლობა. ისინი დიდი ინტერვალის შემდეგ გვსტუმრობენ. ყველაფერი მაინც დაფუძნებულია ნდობის ფაქტორზე. რასაკვირველია, ყველა ფსიქოლოგს საკუთარი მეთოდი აქვს და შედეგს დროის გარკვეულ ინტერვალში აღწევს ყველა. რაც უფრო მოკლე პერიოდში აღწევ ამას, მუშაობა მით უფრო წარმატებულად მიიჩნევა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, მიწევს ისეთ რთულ დიაგნოზებთან შეხება, რომელზედაც ვიტყოდი, რომ ერთეულ ბავშვებს აქვთ. როცა ბავშვს ასეთი მძიმე დიაგნოზისთვის იმეტებ, გარკვეულ პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდე, რომ ამ ერთი დიაგნოზის უკან დგას ძალიან ბევრი უარყოფითი ემოცია და ტკივილი. მქონია უამრავი შემთხვევა, რომ დიაგნოზი არ ყოფილა იმ სირთულის, როგორც მოიაზრებოდა; ან გამოსავალი რომ არსებობს და ნამუშევარი არ არის. ძალიან ბევრი პაციენტი მყავს უცხოეთში დიაგნოზირებული და იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და ქართული გარემო სჭირდებათ, კვლავ უწევთ სამშობლოში დაბრუნება. შეუძლებელია, ამ პროცესში წარმატებული იყო, თუ გუნდურად მუშაობის უნარი არ გაგაჩნია. ამდენად, უცხოელებთან თანამშრომლობის გამოცდილება ხელსაყრელია და დიდი ძალის მომცემი. არის შემთხვევები, როდესაც ვიბარებ მხოლოდ მშობელს, რომ მან შეძლოს საკუთარ თავში რაღაცების გადაფასება. მე შემიძლია მოდელირება, ბავშვის ქცევა იმ კონდიციამდე მივიყვანო, რომ სხვამაც შეძლოს მასთან ანალოგიური ქმედება. აქედან გამომდინარე თუ ჩვენს ურთიერთობასა და გამომუშავებულ ჩვევებს სხვაგან არ გადაუტანენ და არ მოარგებენ სოციუმს, შეუძლებელია წარმატებულ შედეგზე ლაპარაკი. ბავშვებისგან არაფერს ვითხოვ. ბუნებრივია, ჩემთან კონფლიქტი ვერ ექნებათ. ხშირ შემთხვევაში მშობლები მისვამენ კიდეც კითხვას, _ ასე რომ იქცეოდეს ჩვენთანაც და ასეთი მშვიდი რომ იყოს? პრობლემა არ არის მხოლოდ ბავშვი. პრობლემა არის მშობლებისა და ბავშვის ურთიერთობა. მშობლებთან ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რომ იყვნენ გაცილებით ყურადღებიანები და დაკვირვებულები. თანამედროვე, 21-ე საუკუნის მშობელს არ ეპატიება რაღაცებზე თქმა, _ ეს არ ვიცოდი, _ იმიტომ, რომ დღეს ყველაფრის საშუალებაა. ბევრი რაღაც ჩვენ ყველამ არ ვიცით, ვიძიებთ, ვკითხულობთ, კითხვას ვსვამთ… მაგრამ როცა შვილის გასაზრდელად ემზადები, მეტი უნდა გააკეთო. დღეს არის ამის საშუალება. ჩემს თავს ასეთ მოთხოვნას ვუყენებ: არ ვმუშაობ იქ, სადაც მეორე ვიზიტი პირველისგან არ განსხვავდება. სულ მცირეოდენი სხვაობა მაინც უნდა იყოს. თუ წინასწარ მოლოდინებს ჩემთვის არ განვსაზღვრავ, თვითონ მჭირდება ძალა ამისთვის.
_ რამდენად რეალურია ალბათობა იმისა, რომ წარმატებულად მიჩნეული პროცესის შემდეგ პრობლემა კვლავ განმეორდეს?
_ აქ საუბარია ფსიქიკასთან ურთიერთობაზე. ეს ისეთი სათუთი პროცესია, რომ შესაძლოა, დროის რაღაც მომენტში ძალიან კარგად წამოგყვეს პაციენტი, საუკეთესოდ შედგეს ურთიერთობა, განთავისუფლდეს არსებული პრობლემისგან, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ასპროცენტიანი. შეიძლება, პრობლემამ იმავე სახით არ იჩინოს თავი. საინტერესოა, როცა გირეკავს მშობელი, რომ ბავშვის მეტყველება აბსოლუტურად საღი იყო და გუშინ, პატარა სტრერის საფუძველზე, ენის ბორძიკი დაიწყო. როდესაც მსგავს ახალ მომხდარ პროცესთან გაქვს საქმე, ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი წარმატებული შედეგის მიღწევა. მაგრამ ეს არანაირად გაძლევს იმის გარანტიას, რომ მორიგი სტრესის შემთხვევაში იგივე არ განმეორდება. რაც უფრო ადრეულ ასაკში გამოიმუშავებს ბავშვი გარკვეული სტრესის დაძლევის უნარებს, მით მეტად გადაიწევს ეს სირთულე და, შესაძლოა, მეტჯერ აღარც განმეორდეს. წინასწარ ხდება მშობლებთან გარკვეულ რაღაცებთან შეთანხმება, რომ პრობლემის ასპროცენტიანი დაძლევის შესაძლებლობა არის, მაგრამ სახეცვლილად აუცილებლად განმეორდება მომავალში. ჩვენ მზარდ ადამიანზე ვსაუბრობთ, რომელიც ყველა ასაკობრივ კატეგორიაში განსხვავებულია. ხშირად ხდება, როდესაც მშობელი ასეთ კომენტარს აკეთებს, _ ეს რომ მცოდნოდა, მაშინ ასე არ მოვიქცეოდი. აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ჩვენც ყოველდღიურად ვიზრდებით ჩვენს შვილებთან ერთად, მაგრამ მაინც უნდა მოვემზადოთ ამ ეტაპისთვის. როდესაც ბავშვის რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია, ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ იმ დასწავლილი ქცევის მოდელი, რომელსაც ის გამოიმუშავებს, იყოს ჯანსაღი, უკეთესი და კორექტული, სოციუმზე მეტად მორგებული. პრობლემური ბავშვები აქტიურად ითვისებენ როგორც კარგს, ისე _ ცუდს. სტანდარტის მიხედვით, მსოფლიოს ყველა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ისე არის მოწყობილი, შესვლისა და გამოსვლის დროს სხვადასხვა სირთულის ბავშვი ერთმანეთს არ ხვდება.
_ პრობლემის გენეტიკურ საფუძვლებზე რას გვეტყვით?
_ როდესაც პრობლემას გენეტიკა განაპირობებს, არსებობს ასეთი მიდგომა, _ გარემოს ასპროცენტიანი ცვლილება. ეს ძალიან რთული მოსაპოვებელია. საუბარია ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მომხმარებლის შვილებზე. არსებობს კვლევები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ თუ გარემოს ასპროცენტიან ცვლილებას უზრუნველვყოფთ, ამ პრობლემის დათრგუნვა შესაძლებელია. სამწუხაროდ, ყველა ასეთი შემთხვევის დროს მსგავსი ცვლილება შეუძლებელია.

მარიამ ტიელიძე