ტურიზმი ქართულად

საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წინსვლასა და სიძლიერეს მრავალი ფაქტორი, საბოლოოდ კი ამ მრავალი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო დიდი ისტორიის, უამრავი ტრადიციისა და გეოგრაფიულად მრავალფეროვანი პატარა ქვეყანაა, სწორი იქნება მისი, როგორც ტურისტულად საინტერესო არეალის განხილვა.

2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ყოველ მომდევნო წელს საქართველოში ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით ზრდის ტენდენცია შეინიშნება. შესაბამისი რიცხვების მნიშვნელოვანმა ზრდამ ქვეყნის ბიუჯეტზეც იქონია დადებითი გავლენა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია: „2017 წელს საქართველომ 7, 554, 936 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც 1, 194, 433 მოგზაურით მეტია 2016 წელთან შედარებით. ზრდამ 18,8% შეადგინა. 2017 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან 2 მილიარდ 75 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც 27%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით. ეს არის უპრეცედენტო, რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო განვავითაროთ ტურიზმი და ამ სფეროს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ჩვენი მიზანია, ვიზიტორების რეკორდული ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად ამაღლდეს მომსახურების ხარისხი, რისთვისაც ვმუშაობთ კერძო სექტორთან და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ტურისტული პროდუქტების რაოდენობა და სექტორი გახდეს უფრო მეტად მაღალტექნოლოგიური. ჩვენ გვაქვს ამბიცია და, ვფიქრობ, უნარებიც, რომ საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მიმართულება გახდეს. ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და კურორტების განვითარებისთვის. ამ მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის გეგმა, რომელიც ქვეყნის სივრცით მოწყობას ითვალისწინებს“.

ნიკა კვარაცხელია, ტურიზმის ექსპერტი:
„ეს მატება არის არა ტურისტების, არამედ _ ვიზიტორების; ადამიანების, რომლებიც შემოდიან საქართველოში ცოტა ხნით. ეს არის ხუთი მეზობელი ქვეყნის ვიზიტორები, რომლებსაც საქართველოში მცირე ხნით შემოსვლის მოტივაცია აქვთ. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი და უკრაინა. აი, ეს ქვეყნები იძლევა ტურისტების შემოსვლების 90%-ს. პროცესი გრძელდება. გრძელდება მოკლეხნიანი ვიზიტების რაოდენობის ზრდა და არ იცვლება იმ ტურისტების რაოდენობა, რომელიც საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში რჩება და დიდ თანხას იხდის. ესენი არიან ტურისტები ერთი დღის, ერთი ღამის თევით და, ძირითადად, ღამის თევის გარეშე. ადამიანი, რომელიც ღამის თევის გარეშე შემოდის საქართველოში, მისი შემოსვლა შეიძლება საქართველოს ტურიზმისთვის რაიმე წარმატებად მივიჩნიოთ? მთავარია შემოსავლები ტურიზმიდან და არა რაოდენობა. თანაფარდობა შემოსულ ტურისტთა რაოდენობისა შემოსავლებთან არ არის დიდად სახარბიელო, ანუ ჩვენთან არ შემოდიან ის შემოსავლიანი ტურისტები, რომლებიც, საშუალოდ, ერთ კვირაში ათას დოლარს უნდა ტოვებდნენ. ჩვენთან შემოდიან ტურისტები, რომლებიც მცირე დროით მცირე თანხებს ხარჯავენ და არც არავინ იცის, რამდენს იმიტომ, რომ თუ ეს დაკავშირებულია ტრანზიტთან, თუ ეს დაკავშირებულია ტრაილერებთან, თუ ეს დაკავშირებულია მოვაჭრეებთან, რომლებიც ბაზარზე ვაჭრობენ, არის ადამიანების მთელი რიგი კატეგორია, რომლებიც ერთი დღით, ღამის თევის გარეშე შემოდიან. რა თქმა უნდა, არიან კაზინოს მოთამაშეები და ა. შ., რაზედაც გაცილებით მეტი იხარჯება. ეს დინამიკა ბევრგანაა შემჩნეული პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში. რა თქმა უნდა, მუდმივი არაფერია. შესაძლებელია, ჯერჯერობით, ასეთი დინამიკა გაგრძელდეს და რაოდენობამ კიდევ იმატოს მომავალ წელს. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე უარყოფითს ვამბობ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვხედავ ქართული ტურიზმის წარმატებას, მაგრამ, სამწუხაროდ, იმას ვერ ვხედავ, რომ ეს იყოს ნამდვილი სამოგზაურო ტურიზმი, დასასვენებელი ტურიზმი, გრძელვადიანი ტურიზმი, მასობრივი ტურიზმი, რომელიც დაკავშირებულია ზღვასთან, ღირსშესანიშნაობებთან, მთასთან და ა. შ. ეს არის დაკავშირებული საქალაქო ტურიზმის იმ ფორმასთან, რომელიც, ნაწილობრივ, შოპინგს ნიშნავს, ნაწილობრივ _ ტრანზიტულ მგზავრობას… ათასობით არიან ისეთები, რომლებიც მხოლოდ გაივლიან საქართველოს და, შესაძლებელია, სულ რამდენიმე ათეული ლარი დახარჯონ“.

გიორგი ჩოგოვაძე _ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
„საქართველოში ტურიზმი, წლიდან წლამდე, სულ უფრო დინამიკურად ვითარდება _ ამის ნათელი მაგალითია 2017 წლის შედეგები, მათ შორის, ტურისტების რეკორდული რაოდენობა და საერთაშორისო ტურიზმიდან ქვეყანაში შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. ამ წარმატებული შედეგების გამო ტურიზმი გადაიქცა უმნიშვნელოვანეს სექტორად ქვეყანაში სავალუტო შემოსავლების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ინვესტიციების გახორციელების კუთხით. ტურიზმის განვითარების მიზანმიმართულმა და სწორმა პოლიტიკამ და მიმდინარე წელს დაგეგმილმა აქტივობებმა იმის წინაპირობა შექმნა, რომ 2018 წელი საქართველოსთვის ტურიზმის სფეროში ახალი რეკორდების წელი გახდეს. 2017 წლის შედეგები და 2018 წლის იანვრის მონაცემები იმის თამამად თქმის საშუალებას მაძლევს, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2018 წელს რვამილიონიან ნიშნულს გადააჭარბებს, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად გადააჭარბებს სამ მილიარდ აშშ დოლარს“.

2017 წლის ანგარიშის მიხედვით, უცხოელი მოგზაურები, ანუ ტურისტები, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში _ 3, 478 932 ადამიანია. ე. ი. 757, 962 ტურისტით მეტი წინა წელთან შედარებით. ზრდა +27, 9%-ს შეადგენს. პირველი ათი ქვეყანა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო შემოსვლებით ლიდერობს, შემდეგია: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, ირანი, უკრაინა, ისრაელი, ინდოეთი, ყაზახეთი და საუდის არაბეთი.
საზღვრის ტიპების მიხედვით, საერთაშორისო შემოსვლების 0.5% საზღვაო მეთოდით გახორციელდა. 1% შეადგინა იმ ტურისტების რაოდენობამ, რომელმაც სატრანსპორტოდ სარკინიგზო მგზავრობა არჩია. 20.7%-მა საჰაერო მგზავრობა აირჩია, ხოლო ტურისტების 77.8%-ისთვის პრიორიტეტული სახმელეთო ტრანსპორტი იყო.
2017 წლის ანგარიშში ვკითხულობთ:
„საქართველოს მთავრობის ორგანიზებით საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენის ციკლი გახსნა. საქართველო ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი გახდა, სადაც, გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალი წარდგა“.

მალხაზ ჭეშმარიტაშვილი _ ტურიზმის ექსპერტი:
„საქართველოს, როგორც „მეღვინეობის აკვნის“ როლი ქართული ტურიზმის განვითარებაში ძალიან დიდია. ეს იმიტომ, რომ საქართველო ღვინის კულტურის ძირძველი ქვეყანაა. თუმცა, ამ კუთხით, შესაძლებელია ბევრად მეტი ტურისტის მოზიდვა. უპირველესად, უნდა მოხდეს ქვეყნის, როგორც ღვინის კულტურის მქონე სახელმწიფოს პოპულარიზაცია. ეს ინფორმაცია ყველამ მაინც არ იცის. თუ სახელმწიფოსგან ხელშეწყობა იქნება, რომ უფრო მეტი სარეკლამო რგოლი გავიდეს, როგორიც, მაგალითად, ზამთრის ტურიზმზე გადიოდა ამ წლებში, ცნობადობაც მეტად გაიზრდება და შედარებით მეტი ტურისტიც ეყოლება საქართველოს“.

რაც შეეხება „ღვინის გზის“ პროექტს, ინვენტარიზაცია შემდეგი მიმართულებებით ჩატარდა: დაზიანებული მანიშნებლების შეცვლა და პროექტში ჩართული ახალი ობიექტებისთვის მანიშნებლების მონტაჟი. პროქტის განახლებისას 67 ახალი ობიექტი ჩაერთო. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, „ღვინის გზის“ პროექტში 124 მეღვინეობა მონაწილეობს. განახლდა ღვინის გზის რუკა და დაემატა საკონტაქტო ინფორმაცია ყველა ბენეფიციარზე.
ამავე ანგარიშის მიხედვით: „საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით, 2017 წელს უცხოეთიდან მოვიწვიეთ 683 ჟურნალისტი და 239 ტუროპერატორი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ჟურნალისტებმა საქართველოს შესახებ მოამზადეს 942 სტატია. მომზადდა 102 ტელერეპორტაჟი, სიუჟეტი და გადაცემა“.

მალხაზ ჭეშმარიტაშვილი:
_ უცხოური მედია ამით ხელს უწყობს, რომ გაიზარდოს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მნიშვნელობა. ეს ერთი და მეორე, ჩვენ ხომ გვინდა მეტი ინვესტიცია? შიდა ტურიზმი კარგია, მაგრამ ის არის საერთო დოვლათის გადანაწილება რეგიონულ დონეზე. რა თქმა უნდა, მთლიანი ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ ამ შემოსული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მეტი ვალუტა, მეტი ინვესტიცია შემოვა.
_ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო“ დააარსა. რა მიზნით დაარსდა ის?
_ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაარსებული „საკონცენფიო და საგამოფენო ბიუროს“ მიზანია საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარება და სხვადასხვა შეხვედრის, წახალისებული ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა; საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. „საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს“ ჰყავს 44 წევრი ორგანიზაცია, რომელიც, საქართველოს ფარგლებში, ყველაზე მასშტაბურ სასტუმროებს, ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებსა და ღონისძიებების გასამართ ადგილებს წარმოადგენს.
შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაგეგმა და განახორციელა პროექტი „გაიცანი საქართველო“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 27 პრესტური, მომზადდა 140 რეპორტაჟი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შესახებ ჩატარდა 7 პრესტური და მომზადდა 34 რეპორტაჟი. საქართველოში შიდა ტურიზმი ნაკლებად არის განვითარებული. თუკი მეტი იქნება შემოსავალი, შიდა ტურიზმიც გაიზრდება. ამ მიმართულებით უფრო მეტად განვითარებულია აჭარის რეგიონი. შედარებით ნაკლებად _ მთიანი რეგიონები. მოსახლეობა, უფრო მეტად, ზღვისპირა ქალაქებს სტუმრობს, ისიც, ძირითადად, ეკონომკლასებით სარგებლობს.
2017 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ამავე ადმინისტრაციის ცნობით, მიზანი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვა გახლდათ.
სხვა ქვეყნებში ვიზიტის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. საქსტატის ცნობით, ამის ძირითადი მიზეზებია: დასვენება (გართობა, რეკრეაცია), მეგობრების/ნათესავების მონახულება, განათლების მიღება, მკურნალობა/გაჯანსაღება, რელიგია/მომლოცველობა, შოპინგი, მეორე სახლის მონახულება (აგარაკი ან სხვ.), პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა და სხვ.
რაც შეეხება საშუალო თვიური ხარჯების განაწილებას კატეგორიების მიხედვით: 2017 წლის მონაცემებით, მთელი წლის მანძილზე ყველაზე მეტი თანხა ტურისტებმა საყიდლებზე დახარჯეს. თანმიმდევრობა ასეთია: კვება, სხვა, ტრანსპორტი, განთავსება და ბოლოს გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
2017 წლის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მეტად მონახულებადი რეგიონი იყო დედაქალაქი თბილისი. შემდეგი გახლდათ _ იმერეთი. მას ჰოყვება აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და აფხაზეთი.
საინტერესოა საწოლი ადგილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ამავე წლის მონაცემებით. შესაბამისი თანმიმდევრობა ასეთია: ამ მაჩვენებლით ლიდერობს თბილისი. შემდეგია აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, გურია, კახეთი, რაჭა-ლაჩხუმი-ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი და ბოლოს შიდა ქართლი.
საქართველოში მოქმედებს „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ის არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზნები და ამოცანებია საქართველოს ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარების საფუძველზე ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, ასევე საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა“.
ეფექტიანი ტურიზმი ერთ-ერთია, რაც ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სახის სიძლიერეს განსაზღვრავს. რაც მეტია ინტერესი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, მით მეტია მოტივაცია, რომ ეს ქვეყანა ყოველთვის მზად იყოს ტურისტების მისაღებად. ხანგრძლივი სტუმრობები და კმაყოფილი მოგზაურობები ზრდის იმის ალბათობას, რომ დამთვალიერებელი კიდევ დაბრუნდება კონკრეტულ ქვეყანაში. საქართველოს კი აქვს რესურსი, რომ ადამიანს „აიძულოს კვლავ დაბრუნება“.

მარიამ ტიელიძე