პრეზიდენტის დემარში _ პოზიტივი თუ ნეგატივი?..

უნდა დაეტოვებინა თუ არა პრეზიდენტს პარლამენტი?.. ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე ბუნებრივია, არ არსებობს. პრეზიდენტი ისეთივე პოლიტიკოსია, როგორც ნებისმიერი დეპუტატი და პოლიტიკური პარტიის წევრი. მას თავისუფლად შეუძლია მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები და სამართლებრივად მას ვერავინ შეედავება.

ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რამდენად სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა გიორგი მარგველაშვილმა, როდესაც თავისივე ყოველწლიური ანგარიში მიატოვა და პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა?
შეფასებები, ალბათ, იმდენივე იქნება, რამდენნაირი დამოკიდებულებაც არსებობს საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის მიმართ. დავიწყოთ იმით, რასაც ჰქვია რეგლამენტი და პრეზიდენტისთვის დეპუტატებთან დებატებში შესვლის უფლების შეზღუდვა. პარლამენტის რეგლამენტი ესაა კანონი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშაოს პარლამენტმა, როგორ მიიღოს კანონი და ა. შ. მასში საპარლამენტო დებატების წესებიც და კიდევ უამრავი რამ არის გაწერილი. მათ შორის ისიც, თუ როგორ უნდა გამოცხადდნენ მთავრობის წევრები პარლამენტში, როცა მათ ოპოზიციური ფრაქცია იწვევს კითხვებზე პასუხების გასაცემად.
საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით პარლამენტის რეგლამენტი ხშირად უმრავლესობის ხელში არსებული იარაღი უფროა, ვიდრე კანონი ყველასთვის. პარლამენტის ხელმძღვანელობა მას ხშირად ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობის შესაზღუდად იყენებს, მაგრამ როცა რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმები მასაც ეხება, მაშინ ისე მარტივად ივიწყებენ რეგლამენტს, თითქოს ასეთი რამ ბუნებაში არც არსებობდეს.
მაგალითად მაშინ, როცა მინისტრები ოპოზიციის მოთხოვნით პარლამენტში არიან დაბარებულნი, უმრავლესობისთვის პარლამენტის რეგლამენტი თავის მნიშვნელობას კარგავს. უცებ აღმოჩნდება, რომ მისი ნორმები სავალდებულო შესასრულებელი აღარ არის. რეგლამენტზე გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება ის გარემოება, რომ რომელიღაცა მინისტრს „არ სცალია“. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს „არ სცალია“ ხშირად მთელი ოთხი წელიწადი გრძელდება ხოლმე, ანუ ხელისუფლებისთვის პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაზე იოლი არაფერია. რეგლამენტი ხომ მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ეხება. მას არანაირი შეხება მოსახლეობასთან არ აქვს. მისი დარღვევით საზოგადოებას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ უუარესდება, ასე რომ, რა პრობლემაა მისი იგნორირება და საკუთარ თავზე მორგება?!
სამაგიეროდ, პარლამენტის რეგლამენტი უმკაცრესი კანონი ხდება, როგორც კი ის ოპოზიციასა და ჩვენს დღევანდელ შემთხვევაში ივანიშვილის მიერ ათვალწუნებულ საქართველოს პრეზიდენტს ეხება.
დიახ, რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტი თავისი ანგარიშის შემდეგ უსმენს დეპუტატების გამოსვლებს და ბოლოს აჯამებს, კითხვებზე პასუხს ცემს და აფასებს. თუმცა საქართველოს 27-წლიანი პარლამენტარიზმის უახლეს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ პრეზიდენტისთვის რეპლიკის უფლება შეეზღუდოთ ან რომელიმე დეპუტატისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ მიეცათ. დებატების დროს ასეთი გაპაექრება იმდენად ჩვეულებრივი და ფორმატისთვის დამახასიათებელი რამაა, რომ კანონში მისი დეტალურად გაწერა სრული უაზრობა იქნებოდა.
ყველა პრეზიდენტს ჰქონია შემთხვევა, როცა პარლამენტში მიმდინარე დებატებზე მასსა და დეპუტატებს შორის კამათი შემდგარა. ყოფილა შემთხვევები, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ დეპუტატს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 15-20 წუთსაც კი გაგრძელებულა.
მაგრამ რა ქნას ჩვენმა ახალგაზრდა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც ძალიან უნდა, თავი მოაწონოს პარტიის ახალ თავმჯდომარეს?! ბიძინა ივანიშვილისთვის გულის მოფხანა ხომ პირდაპირ პროპორციულად მარგველაშვილისთვის ღრენაზე გადის. „ქართულ ოცნებაში“ კი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია საკითხი, თუ ვინ მიიღებს თანამდებობაზე რეინკარნირებული ბიძინა ივანიშვილის მოწყალებას. პარტიაში არსებული დაპირისპირების ფონზე მის წინაშე წაკეკლუცება მეოცნებეებისთვის დღეს მთავარი საზრუნავია. ბიძინას კეთილგანწყობა გადაწყვეტს, სად იქნება ეს ცხვრის ფარა ხვალ, _ აბიბინებულ იალაღებზე თუ პანღურით გაგდებული და ცხვრების სადგომში გამოკეტილი?..
ასე რომ, კობახიძემ შანსი არ გაუშვა, ივანიშვილის წინაშე წარმოჩენილიყო და პრეზიდენტს რეპლიკის უფლება ჩამოართვა. მეტიც: მან მარგველაშვილი კანონის დარღვევის მცდელობაშიც დაადანაშაულა და ნოტაციაც კი წაუკითხა, _ ნწ, ნწ, ნწ, როგორ არ გრცხვენია პრეზიდენტ კაცს, ეს რეებს ითხოვო…
საინტერესოა, კობახიძის გვერდით მარგველაშვილი კი არა, ბიძინა ივანიშვილი რომ მჯდარიყო, არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსით, როგორ ფიქრობთ, პარლამენტის თავმჯდომარე მასაც აუკრძალავდა დეპუტატებთან დებატებში შესვლას და ენაზე კბილის დაჭერას მოსთხოვდა?.. რა თქმა უნდა, _ არა!
სწორედ ამიტომ „ქართული ოცნება“ და კერძოდ პარლამენტის თავმჯდომარე ორმაგ სტანდარტს იყენებდნენ და რეგლამენტით ხელისუფლების სასარგებლოდ მანიპულირებდნენ.
დავუბრუნდეთ კვლავ პრეზიდენტსა და მის ემოციურ ნაბიჯს. პოლიტიკურ სპექტრში მისმა გადაწყვეტილებამ, პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა პარლამენტი, პოზიტიური შეფასებები ვერ მოიპოვა. რაც არ უნდა იყოს, ეს იყო პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში და საკუთარი ანგარიშის პროტესტის ნიშნად დატოვება, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურად გამოიყურება.
მარგველაშვილმა თავისი დემარშით პარლამენტის თავმჯდომარის ორმაგი სტანდარტიც გადაფარა და იმის მაგივრად, რომ კრიტიკის ობიექტი კობახიძე გამხდარიყო, საზოგადოებას მთელი ყურადღება თავის საკამათო საქციელზე გადაატანინა. „ოცნებამ“, რაღა თქმა უნდა, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და პრეზიდენტი მწვავე კითხვებისგან გაქცევაში დაადანაშაულა. დემარშის შემდეგ ხელისუფლება „ყურშასავით“ გაყოყოჩდა და მარგველაშვილს სულ შეშინებული მთავარსარდალი უძახა. ესეც არ აკმარეს და იმაშიც დაადანაშაულეს, რომ ყოველივე ეს მარგველაშვილს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და მიზეზს ეძებდა გასაქცევადო.
მარგველაშვილის დემარში არ მოეწონათ ოპოზიციაშიც. რაც არ უნდა იყოს, პრეზიდენტს მეტად გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება მართებს. მართალია, იგი დღეს, პრაქტიკულად, ოპოზიციონერი პრეზიდენტია, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქმედებები არ უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ის, რაც საზოგადოებისთვის მისაღებია ხელისუფლებასთან მებრძოლი რადიკალი ოპოზიციონერისგან ვერფრით იქნება მისაღები ქვეყნის, თუნდაც, ოპოზიციონერი პრეზიდენტისგან.
მარგველაშვილი რომ დარჩენილიყო სხდომაზე და თავის დასკვნით გამოსვლაში მის მიმართ გამოთქმული ბრალდებებისთვისაც ეპასუხა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის იქით წარედგინა ბრალდებები რეგლამენტით მანიპულირებისთვის, გაცილებით მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებოდა.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ მარგველაშვილის ეს ოპოზიციონერობაც, რაღაც, ნახევრად მოხარშულ და უმარილო თევზს ჰგავს. არავის ახსოვს, მარგველაშვილს ქვეყანაში არსებული უმთავრესი პრობლემების სათავე გაეკრიტიკებინოს. მისი პირიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ საწინააღმდეგო სიტყვა ჯერ არავის მოუსმენია. ასეთი ოპოზიციონერობა კი დღეს აღარავის აკმაყოფილებს. თუ ივანიშვილი ისევ ხელშეუხებელი ზევსი იქნება ოლიმპოზე, რამდენიც არ უნდა ლანძღონ და აგინონ ერთმანეთს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ამ დაპირისპირებას სერიოზულად არავინ შეხედავს. საზოგადოებაში დღეს ისეთი ოპოზიციური ლიდერის მოლოდინია, რომელიც შეტევას ივანიშვილზე მიიტანს და არა მის ცხვრის ფარაზე.
იმედია, მარგველაშვილის დემარში პარლამენტში ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გარკვევას მაინც შეუწყობს ხელს. კერძოდ იმის, აპირებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მეორე ვადით კენჭისყრას? მარგველაშვილს თავისი პოზიციის დაფიქსირება ისედაც დააგვიანდა. კულუარებს უკვე დიდი ხანია გასცდა მისი პოზიცია, რომ ჯერ „ქართული ოცნების“ კანდიდატის დასახელებას ელოდება და მერე გადაწყვეტს, იყაროს თუ არა კენჭი. ასეთი უხერხემლო პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, ყველანაირ ლოგიკასაა მოკლებული და არაფერს, გარდა შიშისა, არ წარმოაჩენს. ასეთი კაპიტულანტური წინაპირობებით გადამწყვეტ ბრძოლაში შესვლა წარმატების მომტანი ნაკლებად იქნება.
პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა მარგველაშვილი, ალბათ, უნდა დაარწმუნოს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, დააყენებს თუ არა იგი თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“. მან უნდა გაიაზროს, რომ დროულად გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მისთვის კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ, ზოგადად, პოლიტიკური პროცესისთვისაა აუცილებელი.
მარგველაშვილის პოზიცია, აპირებს თუ არა კენჭი იყაროს პრეზიდენტობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის. როგორც ჩანს, ოპოზიციაში „დიმიტრი გელოვანი“, რომელსაც ყველა დაუჭერს მხარს, ჯერ ვერ იპოვეს. ამიტომ ბევრი უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ მზადაა, მარგველაშვილს ამოუდგეს გვერდით და ერთიანი კანდიდატის პროექტი სწორედ მოქმედი პრეზიდენტის გარშემო განახორციელოს. ამ მიმართულებით ყველას დაასწერეს და მარგველაშვილის გვერდით ადგილის „დაბევება“ სცადეს „ახალმა მემარჯვენეებმა“ და ალასანიას ყოფილმა პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ოპოზიციის დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ, ელის.
პარლამენტის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ მარგველაშვილს უნდა ესმოდეს, რომ თუ იგი მაინც გადაწყვეტს კენჭი იყაროს მეორე ვადით პრეზიდენტობაზე, მას რადიკალური ოპოზიციონერის ტყავში შეძრომა მოუწევს. თამასა მან თავად აწია. პრეზიდენტის დემარში პარლამენტში რადიკალური ქმედების იშვიათი ნიმუშია. თუ ის ბრძოლაში წავა, „არც მწვადისა და არც შამფურის“ პოლიტიკას მისგან აღარავინ მიიღებს. მას უნდა ესმოდეს, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში შედის, რომელშიც მისი მთავარი მოწინააღმდე იქნება არა პარლამენტის თავმჯდომარე, ან პრემიერ-მინისტრი, ან, თუნდაც, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილი, რომლისაც მარგველაშვილს დღემდე ასე ეშინია. თუ მან ეს შიში ვერ დაძლია, ბრძოლაში წასვლას არვითარი აზრი არ აქვს. ასეთი საპრეზიდენტო კანდიდატი კი არც ოპოზიციას სჭირდება და არც _ ქვეყანას. ასეთ შემთხვევაში მარგველაშვილმა უმჯობესია, გამბედაობა მოიკრიბოს და რაც შეიძლება მალე გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, რომ აღარ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
ვერ ვიტყვი, რომ მარგველაშვილის ასეთი ნაბიჯი შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება, მაგრამ ოპოზიციის რიგებში, დაბნეულობასთან ერთად, გარკვეულობასა და სიცხადეს მაინც შეიტანს. ოპოზიცია, რომელიც მთელი გაზაფხულია, ერთიან კანდიდატზე მსჯელობს, ბოლოს და ბოლოს, დადგება იმ რეალობის წინაშე, რომ მარგველაშვილი აღარ იქნება ეს ერთიანი კანდიდატი და ვიღაც ახალია მოსაძებნი. „გოდოს“ მოლოდინში ყოფნა სტაგნაციის მთავარი მიზეზია. როცა ყველა გაიგებს და დაიჯერებს, რომ ის აღარ მოდის, პროცესები ერთიორად დაჩქარდება.
ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რომ მარგველაშვილი დროზე გაერკვეს, ემთხვევა თუ არა მისი სურვილები და მისი შესაძლებლობები ერთმანეთს. არჩევნებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ოპოზიციამ სულ იდეალური კანდიდატი რომ იპოვოს, მას მაინც სჭირდება დრო იმისთვის, რომ საზოგადოებამ მის შესახებ გაიგოს.
ოპოზიციის შანსები საპრეზიდენტო არჩევნებზე ისევე მაღალია, როგორც დაბალი. მაღალია იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი და ელექტორალური მდგომარეობა დრესდღეობით კატასტროფულია. ყველანაირი სოციოლოგია გვერდზე რომ გადავდოთ, ამის შესანიშნავი ინდიკატორი ბოლო სამი არჩევნებია: 2014-ში ადგილობრივზე და 2016-ში საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“მისული ამომრჩევლების ნახევრის, ანუ 50%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვა. მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის წყალობით, სრულიად დაუმსახურებლად და უსამართლოდ, მოიპოვა უმრავლესობა. პრაქტიკულად იგივე მოხდა 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც, სადაც რომ არა ტოტალური გაყალბება, რომლის უამრავი დამადასტურებელი ფაქტი უკვე გაიგზავნა სტრასბურგში, კახი კალაძე იმ თავის სამარცხვინოდ მოპარულ 51%-საც ვერ იხილავდა.
სამივე არჩევნები მოწმობს, რომ „ოცნებამ“ საზოგადოების მხადაჭერა გაფლანგა და ამომრჩეველთა ხმები, რომლითაც მან ხელისუფლება უნდა შეინარჩუნოს, სულ უფრო და უფრო კლებულობს. შერეული მაჟორიტარული სისტემა კი, რომელიც უკვე მთელ მსოფლიოში სახელმწიფოს ჩამორჩენილობის სინონიმია, საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნებას“ ვერ გამოადგება. პრეზიდენტობის კანდიდატი ან აიღებს ხმების 50%-ზე მეტს, ან _ ვერა. მაჟორიტარები მას ვერ დაეხმარებიან.
„ოცნებას“, თითქოს, ქვა აღმართში დაეწიაო, ისეთი დარტყმა მიიღო მმართველმა პარტიამ შიდა დაპირისპირების სახით. იდეოლოგიურმა დინამიტმა, რომელიც ივანიშვილის პარტიაში ცოტა ხნის წინათ აფეთქდა, „ქართულ ოცნებაში“ უზარმაზარი უფსკრული გააჩინა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, წარმოაჩინა, რადგან ეს უფსკრული ორი წლის წინათ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გაჩნდა.
„ქართულ ოცნებაში“, ტრადიციულად, ერთმანეთისგან განსხვავებული ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები არიან გაერთიანებულნი. მანამ, სანამ „ოცნება“ იყო კოალიცია, ეს გახლდათ ყველაზე ეკლექტური კოალიცია, რომელიც კი ოდესმე ხელისუფლებაში მოსულა. გაერთიანებული იყვნენ ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველაზე კონსერვატიული და ლიბერალური ორგანიზაციები. ამიტომაც იყო პირველი ოთხი წელი სრული სტაგნაციისა და უმოქმედობის პერიოდი ქვეყანაში.
2016 წლის არჩევნებისთვის კოალიცია კი დაიშალა, მაგრამ ეკლექტურობა „ოცნებამ“ მაინც ვერ მოიშორა. პარტიის ახალ და ძველ წევრებს შორის კვლავ იდეოლოგიური შეუთავსებლობა აღმოჩნდა. კალაძის მიერ პარტიაში მიყვანილი ახალგაზრდები და, თავის დროზე, „ოცნების“ დამფუძნებელი „ძველები“ რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები აღმოჩნდნენ.
ვითარება განსაკუთრებით იმან დაძაბა, რომ საპარლამენტო მმართველობის ბერკეტები სწორედ იმ ახალგაზრდების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც „ოცნებას“ მხოლოდ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე შეუერთდნენ. ზოგიერთი კი საერთოდ ყოფილი ხელისუფლებიდან გადმობარგდა. პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც შედარებით გვიან გახდა „ქართული ოცნების“ სახე და ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მას მიანიჭა უპირატესობა. ეჭვგარეშეა, რომ კობახიძე სწორედ ივანიშვილის მხარდაჭერით გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. ბუნებრივია, უფრო სტაჟიან მეოცნებეებს ეს არ მოეწონათ. ბევრმა, ალბათ, იეჭვიანა კიდეც, რატომ გაკეთდა არჩევანი ამ პატარა და სრულიად გამოუცდელ ბავშვზე და რატომ არ შეირჩა პარლამენტის თავმჯდომარე იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ყველაზე მეტი იბრძოლეს „ოცნებისთვის“, რომლებმაც ყველაზე მეტი გარისკეს და თავიც გადადეს ამ პარტიისთვის? ძალაუფლება, თანამდებობა და ჭკუის მასწავლებლის როლი კი იმათ ერგოთ, ვისი თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდნილა და მზა-მზარეულზე მოვიდნენ ხელისუფლებაში.
აღშფოთების ფიალაში ბოლო წვეთი ის იყო, რომ კობახიძემ და მისმა დასაყრდენმა სპიკერატმა, ანუ მდინარაძემ, თალაკვაძემ და ჩუგოშვილმა „ძველებს“ ყველანაირი უფლება ჩამოართვეს და ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ საკუთარი მოსაზრების შეუთანხმებლად გამოთქმისთვის დისციპლინური სასჯელითაც დაემუქრნენ.
როგორც ვნახეთ, დისციპლინური სასჯელები საჭირო აღარ გახდა, რადგანაც დაშლილი პარტიის შეკოწიწება თავად ივანიშვილმა ითავა, „ოცნებაში“ კი დისციპლინაც ისაა, მორალიც და სამართალიც. მალე პარტიის თავმჯდომარეც ოფიციალურად ივანიშვილი იქნება, თუმცა მოვალეობის შესრულებას უკვე აქტიურად შეუდგა.
ივანიშვილის გააქტიურებამდე „ოცნების“ ორივე ფრთას, „ძველებსაც“ და „ახალგაზრდებსაც“, იმის იმედი ჰქონდათ, რომ მამა მარჩენალი სწორედ მათ მხარეს დაიჭერდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს რისხვას დაატეხდა თავს.
რისხვის პირველი გამოვლინება ის იყო, რომ ივანიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა პარლამენტის ხელმძღვანელობა, კერძოდ, სერიოზულად მოხვდა ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს კი საერთოდ „შენ აქ როგორ მოხვდიო?!“ _ ჰკითხა ივანიშვილმა.
ის იყო, „ძველებმა“ იფიქრეს, გვეშველაო და გაჯეჯილება დაიწყეს, ბიძინამ ისევ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. გამოაცხადა, რომ პარტიის პოლიტსაბჭო უნდა გავანახევროო და გაანახევრა კიდეც, ოღონ გაპანღურებულ ნახევარში სულ ისეთი მეოცნებეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც, თავის დროზე, „ოცნება“ დააფუძნეს და საკუთარი რისკის ფასად ივანიშვილს გვერდით დაუდგნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, პარტიის პოლიტსაბჭოდან „მოტეხეს“ ისეთი დამსახურებული მეოცნებეები, როგორებიც არიან: ირაკლი სესიაშვილი, სოფო კილაძე, ეკა ბესელია, გედი ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, თემურ ჭკუასელი, აკაკი ზოიძე, რომან კაკულია და სხვები.
ე. ი. ივანიშვილმა კალაძის გუნდს აახია ყურები, თუმცა პოლიტსაბჭოდან კვირიკაშვილის გუნდი გაყარა. „შენ აქ რა გინდაო?!“ _ მამუკა მდინარაძეს მიახალა, ხოლო კარისკენ მაინც ეკა ბესელიასა და გედი ფოფხაძეს მიუთითა. როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის ერთგვარი ტაქტიკაა. ცოტა არ იყოს დამაბნეველი, მაგრამ, ეტყობა, რომ არაერთხელ აპრობირებული.
„ქართული ოცნების“ ერთიან გუნდად შენარჩუნება დიდხანს რომ ვეღარ მოხერხდება, დღეს უკვე ყველას ესმის. როგორც ჩანს, ამის დიდი სურვილი არც აღარავის აქვს. მთავარია, მოჩვენებითი ერთიანობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე მაინც შენარჩუნდეს. რამდენიც არ უნდა იძახონ ზვიად კვაჭანტირაძემ და ეკა ბესელიამ, პოლიტსაბჭოდან რომ გამოგვყარეს, ერთი წამითაც არ გვწყდება გულიო, ყველას ესმის, რომ ეს წყენა არსად გაქრება. პირიქით, პოლიტსაბჭოს ასეთი ნაჯახისებური რეფორმირებით ბიძინა ივანიშვილმა პარტიაში არსებული უფსკრული ერთიორად გააღრმავა.
„ოცნების“ ელექტორალური პრობლემები და მმართველ პარტიაში წარმოქმნილი დაპირისპირება საპრეზიდენტო არჩევნების წინ შესანიშნავ ფორას აძლევს ოპოზიციას, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციაში რამდენიმე თვით მაინც გვერდზე გადადებენ პოლიტიკურ ამბიციებსა და ერთიან კანდიდატზე შეჯერდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის შანსი არის ნუ-ლი.

დემნა ვეშაპიძე