ბირჟაზე ვაჭრობა და მორიგი დაზარალებული

ფინანსური მაქინაციები რომ საქართველოში გააქტიურებულია, ეს კარგა ხნის წინათ შეამჩნია საზოგადოებამაც და შესაბამისმა უწყებებმაც. სწორედ ამის ფონზე შემოიღო ეროვნულმა ბანკმა სპეციალური რეგულაციები, რომელიც შესაბამის დაწესებულებებს შეეხო და დაიხურა კიდეც, თუმცა ბევრი კომპანია ბაზარზე შეფარვით ახორციელებს თავის საქმიანობას და ეჭვის საფუძველს არ აჩენს…

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ტალღა ფინანსური პირამიდებით დაიწყო, რასაც FX სისტემები მოყვა. ეს უკანასკნელი დღესაც აქტიურია და საკმაოდ ბევრი ადამიანის ფინანსურ და მორალურ ზარალს იწვევს.
დღეს პაატა კვირიკაშვილზე გიყვებით, _ ადამიანზე, რომელსაც ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში მისვლისას საერთაშორისო ბაზარზე ისე დააწყებინეს ვაჭრობა, რომ თავად არც ერთ ტრანზაქციას არ ახორციელებლდა. გიყვებით 56 წლის მამაკაცზე, რომელმაც საკუთარი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის გამო ამავე თანხიდან $2800 დაკარგა.
რესპონდენტი, რომელიც პროფესიით ექიმია, ყვება, რომ გასული წლის იანვრიდან მის ტელეფონზე მუდმივად რეკავდა ვინმე თეა ყაველაშვილი და ეცნობოდა როგორც სასწავლო ცენტრ Globex Analytix-ის წარმომადგენელი; იწვევდა ლექციებზე, რომლის ღირებულებაც მაშინ $5000-ს შეადგენდა, თუმცა გარანტიას აძლევდა, რომ ისეთ ფინანსურ ცოდნას შესძენდა, რომელიც აუცილებლად დიდ მოგებას მოიტანდა!
როგორც კვირიკაშვილი ამბობს, იანვარშივე მათ ოფისში უფასო, საცდელ ლექციასაც დაესწრო, თუმცა რადგანაც სისტემას ვერაფერი გაუგო, სახლში კომპიუტერსაც კი არ ფლობდა და ფინანსურ საკითხებში ვერ ერკვეოდა, გადაწყვიტა, ამ სისტემისთვის თავი დაენებებინა და ასეც მოიქცა, თუმცა რამდენიმე თვეში ზარები განახლდა. კვლავ მისვლას, სწავლებასა და დიდი თანხის მოგებას სთავაზობდნენ.
ჩევნი რესპონდენტი თბილისის მერიის სსიპ სასწრაფო დახმარების ცენტრში უფროს ექიმად მუშაობდა, თუმცა გასული წლის 3 ივლისს პაატა სამსახურიდან გაათავისუფლეს, 4 ივლისს კი მის მობილურ ტელეფონზე კვლავ თეას ზარის ხმა გაისმის, _ ახლა უკვე ახლ პროექტში ჩართვა შესთავაზა, რომელსაც, თურმე, არც თანხის გადახდა და არც კომპიუტერის ქონა არ სჭირდებოდა.

პაატა კვირიკაშვილი:
„4 ივლისს თეამ კვლავ დამირეკა და მითხრა, _ ახალი პროექტი გვაქვს, სადაც არც სწავლა, არც თანხის გადახდა და არც კომპიუტერი არ გჭირდებათ, ტრეიდერზე (მოვაჭრეზე) მიგაბამთ და რასაც ის ივაჭრებს, თქვენთან ავტომატურად გადმოვა, შედეგს კი თავად ნახავთო. მეც უმუშევარი ვიყავი და ვფიქრობდი, როგორ მეცხოვრა. ბანკის ვალებიც მქონდა და ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მისი შემოთავაზებით დავინტერესდი. ცენტრში ხელახლა მივედი. ეს ჩემთვის მეორე მისვლა იყო მათთან, რადგან იანვარში უკვე ვიყავი მათ ლექციაზე, რომელსაც მთავარი ანალიტიკოსი, გიორგი ფუხაშვილი ატარებდა. ვერაფერი გავიგე იმ დიაგრამებიდან, რომელსაც გვაჩვენებდა, უბრალოდ, დამამახსოვრდა, რომ თქვა, _ ვაჭრობის შემდეგ საკუთარ ანგარიშს დაზღვევაზე დააყენებთ და წყნარად დაიძინებთო. ახსენა ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აშშ-ს ფედერალური ბანკის დირექტორის გამოსვლებს აქცევდნენ ყურადღებას, რადგან მათი გამოსვლების შემდეგ ხდებოდა კურსის სწრაფი ცვალებადობა, ამით კი ძალიან ბევრს იგებდნენ. ჩემ გარდა ფუხაშვილის ლექციას 20-30 ადამიანი უსმენდა. მე პირადად ვერაფერი გავიგე და თავი დავანებე!
ზემოთ აღნიშნულის მერე, უკვე 4 ივლისს, დამირეკეს, დამაიმედეს, რომ კარგ მოგებას ვნახავდი და ოფისში მისულს ახალგაზრდა ბიჭი, ვინმე თენგიზ ტეტუნაშვილი გამაცნეს, რომელმაც მითხრა, _ ახლავე უნდა გავხსნათ ანგარიში, რომ დღეიდანვე ნახოთ მოგებაო, თან დღეს აქციაა და ხვალ აღარ იქნება შესაძლებელი, ასეთი კარგი პირობებით ანგარიშის გახსნაო. ამის გამო ბანკიდან 5000-ლარიანი სესხი გამოვიტანე, რომელიც 2000 აშშ დოლარამდე გამოვიდა. მათ ოფისში მივიტანე და მან თვითონ გამიხსნა ანგარიში ლატვიის Pasta Bank-ში. აქვე გამიხსნეს პირადი კაბინეტიც, სადაც ჩანდა, თუ რა ნომერი იყო ჩემი ანგარიში, რა თანხა მქონდა და ა. შ. შემდეგ უკვე აქ ვხედავდი, რაზე მიდიოდა ვაჭრობა, რა ოდენობის იყო თანხა, მოგება-წაგება და ამ კაბინეტის პაროლი მხოლოდ მე უნდა მცოდნოდა; შემდეგ კი, რადგან ჩემ გარეშე თავად ვაჭრობდნენ, პაროლი მე შემყავდა და თვითონ ახორციელებდნენ ტრანზაქციებს.
თავიდან ვიტყვი, რომ ეს თანხა მხოლოდ იმ პირობით მივეცი და ვენდე, რომ მითხრეს, ნებისმიერ დროს ბანკიდან მისი უკან გამოტანა შეგიძლიაო, თან არა ნაწილის, არამედ სრული თანხის!
ანგარიში რომ გამიხსნეს, საბუთი მომცეს, მითხრეს, სრული ფორმალობააო და ხელი მომაწერინეს. ხელი მოვაწერე ხელშეკრულებასაც, სადაც პირობები მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზეა(!) წარმოდგენილი.
ანგარიშის გახსნისთანავე მაჩვენეს, რომ ბონუსად $600 დაირიცხა, რომელიც რამდენიმე ვაჭრობის შემდეგ უნდა გაქეშებულიყო. მითხრეს, რომ შეტანილი $2000 არ იყო საკმარისი(!!!) და მომდევნო დღეებშიც შევიტანე თანხები, _ რაც უფრო მეტი ანგარიში გექნება, მით მეტი ბონუსი დაგერიცხება და მოგების მეტი შანსი გექნებაო, _ დამარიგეს. ჯამურად, ანგარიშზე სხვადასხვა ბანკიდან ნასესხები $13 000 მქონდა.
დაახლოებით, 10 დღის შემდეგ მირეკავს თეა და მეუბნება, _ დიდ მოგებაში ხართ, ტრეიდერი ძალიან კარგად ვაჭრობს და უკვე $3000-ზე მეტი მოიგეთ, ახლავე მოდით და თქვენი თვალით ნახეთ ეს ყველაფერიო. მეც სასწრაფოდ წავედი და ჩემს პირად კაბინეტში ვნახე, რომ $3600-მდე იყო მოგება. გამიხარდა და ვუთხარი, _ შემიძლია, ეს თანხა გამოვიტანო-მეთქი? _ რა თქმა უნდა, თუმცა, უმჯობესია, ადგილზე გქონდეთ, რადგან გამოტანის შემთხვევაში ბონუსები დაგეკარგებათო, _ მიპასუხა. მაჩვენა კიდეც, როგორ იკარგებოდა ბონუსები, თუ თანხის განაღდებას დავაპირებდით. რადგან უკვე მანახეს, რომ ამ სისტემით ჩემს ანგარიშზე თანხა იზრდებოდა, მკითხეს, სწავლა ხომ არ დაგვეწყო და რამდენიმე წიგნიც ხომ არ შეგვეძინაო?! მაგრამ მე ყოველთვის ვეუბნებოდი, _ ის თანხა კრედიტის ფულია და სწავლებაში ვერ დავხარჯავ-მეთქი. ამის თქმის მერე ცალკე ოთახში გავიდნენ, მოითათბირეს და მითხრეს, ამ ტრეიდერს ჩაგხსნით, ძალიან დიდ თანხებზე მუშაობს და სხვაზე მიგაბამთ, რომელიც პატარა თანხებით ვაჭრობს, თუმცა სულ იგებსო. თავიდან გამიკვირდა, თუმცა სხვა რა გზა იყო და დავეთანხმე.
ამ სხვა ტრეიდერზე (მოვაჭრე) მიბმის შემდეგ დღეებში ანგარიშის ისტორიის ნახვა დავიწყე და ვხედავდი, რომ მუდმივად $150-200-ის წაგება ფიქსირდებოდა და თანხა კლებულობდა. ერთხელაც თეას ვუთხარი, _ ცუდად ვაჭრობს ეს ახალი ტრეიდერი და ისევ ძველზე „მიმაბი“-მეთქი. ამ დროს ტეტუნაშვილმა მითხრა, _ ის ტრეიდერი, რომელიც კარგად ვაჭრობდა, მე ვიყავი და იმიტომ ჩაგეხსენით, რომ მე „მასტერის“ გამოცდები მაქვს ჩასაბარებელიო (თავიდან მეუბნებოდნენ, არ ვიცით, ვინ არის „მასტერი“, მხოლოდ კოდებით ვცნობთ მოვაჭრესო და მერე თავად გამომიტყდა, მე ვიყავიო). თუმცა ჩემი დაჟინებული თხოვნით, რომ ეს ახალი ტრეიდერი ისევ ჩაენაცვლებინათ, მასაც „ჩამხსნა“ თეამ და როცა უკვე ჩანაცვლებაზე მიდგა საქმე, გამოვიდა, თითქოს სხვა ტრეიდერზე „მიბმა არ იცოდა“(!), ამიტომ იქაურ თანამშრომელს დაუძახა, რომელიც ყველა კლიენტს ხვდება და კომპიუტერულად უხსნის, ასწავლის რაღაცებს. თეამ საქმის ვითარება აუხსნა და იმ ბიჭმა პლატფორმის გახსნა მოინდომა, სადაც ნახა, თუ რა ხდება უშუალოდ ვაჭრობის დროს, რაზე მიდის ვაჭრობა, როდის, რამდენით და ა. შ. როგორც კი ეს ყველაფერი ნახა, თქვა, _ აქ ვეღარავის მივაბამთ, ღია პოზიციებია და ვაჭრობა მიდის (აქ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა), თავად უნდა ივაჭროთო, _ მითხრეს. მე კიდევ წარმოდგენაც არ მქონდა ვაჭრობაზე. ამ გოგომ იმ პირობით შემიტყუა მათთან, რომ თვითონ ივაჭრებდნენ და მე ტრეიდერს მიმაბამდნენ. ამ დროსაც იგივე მითხრა, _ ნუ გეშინიათ, ბ-ნო პაატა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვირეკოთ და დახმარებას გაგიწევთო! მაშინ ანგარიშზე ჩემი თანხიანად $16 000-მდე მქონდა (ეს ყველაფერი კი ერთ თვეში ხდება). ამ დროიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, ჩემი ფული თავის ნებაზე იყო მიშვებული, აღარავინ აკონტროლებდა. შემდეგ დღეებში რომ ვაკვირდებოდი, თანხამ კატასტროფულად დაიწყო კლება, თეას რომ ვურეკავდი, მითიშავდა, ზარს არ პასუხობდა და ა. შ. გადავწყვიტე, საქმეში ჩემი ახლობელი ჩამერთო, რომელსაც ფინანსური განათლება აქვს მიღებული. იქნებ, მას ევაჭრა და რამე მოეხერხებინა ჩემი თანხისთვის.
მივეცი პირადი კაბინეტის პაროლი და მონაცემები დავუტოვე. მეორე დღეს მამამისთან ერთად შემხვდა, მითხრეს, _ უიმედოა ეს ყველაფერი და ასე რომ გააგრძელო, ფულს დაკარგავ, ამიტომ სანამ თანხას სრულად დაკარგავ, გავაჩეროთ ვაჭრობაო. იმ პერიოდში კომპანიას ოფისი თავისუფლების მოედანზე ჰქონდა. აქ ჩემს ხსენებულ ახლობლებთან ერთად მივედი და ფუხაშვილის კაბინეტში მის მოადგილესთან, ნანა კოპაძესთან ვისაუბრეთ. ვუთხარით, რომ შეცდომაში შემიყვანეს, რადგან მითხრეს, რომ ცოდნის გარეშე, „მასტერის“ დახმარებით, ფულს მოვიგებდი. ვუთხარით, რომ აუცილებლად ვიჩივლებდით და მან თქვა, რომ ხელი მაქვს მოწერილი ყველა საბუთზე, შესაბამისად, თურმე, რისკების შესახებ ვიცოდი (არადა, მეუბნებოდნენ, რომ რისკი მინიმალურია და მისი დასტაბილურება დაზღვევით შეიძლება, შესაბამისად, ვერაფერს წააგებთ, გარანტიას გაძლევთო!). იქიდან საკუთარი თანხის დაბრუნებაზე პასუხების გარეშე წამოვედით.
თანხის უკან დაბრუნებაც პრობლემა გახდა. მე ბანკებთან ინტერნეტით ურთიერთობა არ ვიცოდი და ისევ ჩემი ახლობელი დამეხმარა, რომელმაც ბანკთან უშუალო კომუნიკაციის შემდეგ შეძლო და ჩემი 13 000 დოლარიდან ბანკმა $10 200 ერთი თვის შემდეგ დამიბრუნა, თუმცა რჩებოდა 2800 დოლარი, რომელიც კომპანიას უნდა დაებრუნებინა (ბონუსები საერთოდ რომ არ ჩავთვალო). მე ხომ $13 000 მქონდა შეტანილი მათთან.
ამ ამბის შემდეგ, სამართლიანობის აღდგენისა და საკუთარი თანხის სრულად უკან დაბრუნების მიზნით, გენერალურ პროკურატურას მივმართე, საიდანაც ჯერ პასუხი არ იყო, შემდეგ ისნის რაიონის სამმართველოდან დამირეკეს, ახსნა-განმარტება დამაწერინეს, შემდეგ გადავიდა ეს ყველაფერი ძველი თბილისის სამმართველოში, იქ ჩემი საქმე ვინმე დათო თორაძეს „ეწერა“, რომელმაც ახსნა-განმარტებაც კი არ ჩამომართვა, _ არ მცალიაო… ორ თვეში ამ ადგილიდან სხვაგან გადასულა და ამჯერად საქმე ვინმე ვასილ აბაშმაძეს „გადაეწერა“, რომელთან მისვლისას გავარკვიე, რომ თავიდან არც კი სცოდნია, რა განცხადებაზე იყო საუბარი. ხელახლა ავუხსენი, ვაპოვნინე და ერთი თვის მერე მითხრა, საქმის მოკვლევა მიდის, ყველა უნდა დავკითხოო. მერე ვიგებ, საბოლოო დასკვნაში წერია, რომ ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და რომ სასამართლოსთვის უნდა მიმემართა სამოქალაქო სარჩელით.
პერიოდულად, როდესაც იმ სასწავლო ცენტრში მივდიოდი და ვთხოვდი, თანხა უკან დაებრუნებინათ ან საქმის წარმოებაში მიღების საბუთს გაცნობოდნენ და ხელი მოეწერათ, ცინიკურად მპასუხობდნენ, _ კალამი არ გვაქვს და ხელს ვერ მოვაწერთო.
იმავე შინაარსის განცხადებითა და იგივე მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც მივმართე, საიდანაც კვლავ იგივე პასუხი მომივიდა, რაზედაც მათ მეორე განცხადება დავუწერე, რომ მათ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდი.
რამდენიმე თვის წინ Globex Analytix-დან კვლავ დამირეკეს, სწავლა და ლექციაზე დასწრება შემომთავაზეს მათ ცენტრში. რა თქმა უნდა, გამოველაპარაკე და ამჯერად რომ თეა ყაველაშვილზე ვიკითხე, მიპასუხეს, _ აქ აღარ მუშაობსო. არ ვიცი, მომატყუეს თუ არა, თუმცა ასე იყო.
ეს სასწავლო ცენტრია და არა სავაჭრო! ვფიქრობ, კლიენტის ვაჭრობაში ჩართვა, ანგარიშის გახსნა შეუსაბამო იყო მათი საქმიანობისთვის. თავიდან ანგარიშების გახსნაზე საუბარი არ იყო! მხოლოდ სწავლას მთავაზობდნენ, მაჩვენებდნენ ამობეჭდილ ფურცლებს, სადაც ნახავდით, რომ თითქოს ვიღაცას შეტანილი ჰქონდა $20 000 და დამატებით 10 000, 12 000 ჰქონდა მოგებული.
ჯერ ერთი, არ შემეშვნენ, _ მოდი, ისწავლეო… და მაგაზე რომ უარი ვუთხარი, მერე იმით შემიტყუეს, რომ აქ ყოფნას ცოდნა არ სჭირდებაო, თუმცა აუცილებლად მოგებაში იქნებით, არ იქნება წაგებაო! ფუხაშვილთან სალაპარაკოდ რომ ვიყავით, მაშინაც მისმა მოადგილემ თქვა, _ თვითონ აკეთებდა ყველაფერს ბ-ნი პაატაო, ამაზე ხელიც მოწერილი აქვსო, არადა, მე არანაირი ტრანზაქცია არ განმიხორციელებია…“ _ ამბობს პაატა კვირიკაშვილი და მხოლოდ იმას ითხოვს, რომ კანონის ძალით მისი კუთვნილი თანხა, 2800 აშშ დოლარი, დაიბრუნოს.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რას წარმოადგენს კომპანია Globex Analytix და რეალურად მართლაც ისე სთავაზობენ ვაჭრობას ადამიანებს, რომ მათ არანაირი გამოცდილება ან ცოდნა არ სჭირდებათ?!
გადავწყვიტეთ, პატარა ჟურნალისტური გამოძიება ჩაგვეტარებინა:
სამუშაო დღეებში ცენტრში დავრეკეთ და მათთან ვაჭრობისა და სწავლის დაწყების მსურველად გავეცანით. მოგვიანებით, ვესტუმრეთ კიდეც, ოღონდ ამჯერად არა თავისუფლების მოედანზე, არამედ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, _ ბიზნეს თაუერში, მე-9 სართულზე არიან გადმოსულები და შეხვედრაც დიდი სიამოვნებით დამინიშნეს.
ოფისში მისულს, ტრადიციულად, თეთრ კედლებზე რამდენიმე ქალაქში დროის მაჩვენებელი საათი ეკიდა, მიმღებში გოგონა იჯდა და მოკლე დერეფანი არც ისე პატარა ოთახს უერთდებოდა, სადაც მოგვიანებით გადავინაცვლე, თუმცა მანამდე ჯერ მოსაცდელში მომიწია ყოფნა, საიდანაც პირდაპირ შეგეძლოთ უკვე რამდენჯერმე ნახსენები ცენტრის მთავარ ანალიტიკოს გიორგი ფუხაშვილის კაბინეტი დაგენახათ. აქვე, საკუთარ კომპიუტერთან თავადაც მოკალათებულიყო.
რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ ის ადამიანი მოვიდა, რომელსაც ჩემთვის დეტალები უნდა აეხსნა. იმ შედარებით დიდი ოთახში გავედით, სადაც რამდენიმე კომპიუტერი იდგა, იყო დაფაც შესაბამისი დანიშნულებისთვის, კუთხეში კი ვიღაც ქალბატონი გაბმით საუბრობდა მობილურზე და ვიღაცას სისტემის სარგებლიანობაზე, თანხის დაბანდებაზე, ფულის (მანი) მენეჯმენტზე ესაუბრებოდა. თან საკმაოდ ხმამაღლა იყო ჩართული ტელევიზორიც, რომელიც იმ წუთას ვიღაც რუსი ეკონომისტის ანალიტიკას გადმოსცემდა…
ადამიანი, რომლის ვინაობასაც არ გავასაჯაროებთ, დაახლოებით, 25 წლის ახალგაზრდა გამოდგა, რომელიც (როგორც მოგვიანებით გავარკვიე) პროფესიით იურისტი აღმოჩნდა. მან პირობაც კი მომცა, რომ ერთ კვირაში ისეთ ცოდნას მივიღებდი, რომ ვაჭრობას თავისუფლად შევძლებდი!
მითხრა, რომ თავად, ძირითადად, ევრო-დოლართან მიმართებით ვაჭრობდა, მისი გამოცდილება ცენტრის შექმნიდან, ანუ 2012 წლიდან მოდიოდა და იმაშიც დამარჯერებლად მარწმუნებდა, რომ ნებისმიერი პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანს შეეძლო ვაჭრობა და მოგება… რომ არ აქვს მნიშვნელობა, ფინანსური განათლება გაქვს თუ სამედიცინო. ერთ კვირაში ყველაფერს შეისწავლიდი, შემდეგ კი, თუ სურვილი გექნებოდა, შეგეძლო ფასიანი, რამდენიმე კვირიანი კურსებიც გაგევლო, რომლის ფასიც 2500 აშშ დოლარიდან იწყებოდა და 5000 აშშ დოლარს აღწევდა.
მოყვა ცენტრის ისტორიაც, საიდანაც გავარკვიე, რომ ეს სასწავლო ცენტრია და იგი 2012 წელს შეიქმნა. სწორედ იმის გამო, რომ სასწავლო ცენტრია და არა სავაჭრო, მათ არ შეხებიათ გასული წლის ეროვნული ბანკის რეგულაციებიც!
მითხრა ისიც, რომ თავდაპირველად ბირჟაზე, მხოლოდ და მხოლოდ, ნიუ-იორკში, უოლ სტრიტზე შეგვეძლო ვაჭრობა, მაგრამ უკვე ამის შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნიდანაც გაქვთ, ბაზარი ნებისმიერი მოვაჭრისთვის ღიააო. საუბრობდა წარმატებით დასრულებულ სასწავლო კურსებზეც, რომელმაც ტრეიდერს რამდენიმე ათასიანი მოგება მოუტანა. ახსენებდა ფულის (მანი) მენეჯმენტს და გაიხსენა პრეცედენტიც, როცა რამდენიმე დღის წინ ცენტრის მიერ მომზადებულმა ტრეიდერმა ანგარიშიდან 45 000 ლარი გაიტანა. მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც 2000 აშშ დოლარით დაწყებული ვაჭრობა 11 000 დოლარამდე აუყვანიათ და შემდეგ თანხა გამოუტანიათ.
პარალელურად კუთხეში მჯდომი ქალბატონის ხმამაღლა, გაბმით საუბარი იმის შთაბეჭდილებას გაგიჩენდათ, რომ ვიღაცას სავაჭროდ მოსვლას და ჯერ სწავლებას სთავაზობდა. ცოტა ხანში ოთახში თავად ფუხაშვილიც შემოვიდა და ოთახის შუაგულში მდგომ კომპიუტერთან ერთ-ერთ ახალმოსულ ქალბატონს მიუჯდა. სწორედ მას უხსნიდა ვაჭრობის მთავარ პრინციპებსა და სარგებლიანობას.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ადამიანებისა, გაბმით და აზრის გაუწყვეტლად მესაუბრებოდა ჩემზე მომაგრებული იქაური თანამშრომელი და საკუთარ მაგალითზე გასული თვის მოგების ტენდენციასაც მაჩვენებდა, _ ცხრილში მოყვანილი იყო დღეების მიხედვით ვაჭრობიდან მიღებული მოგება და თვის ბოლოს მისი ჯამური რაოდენობა. აღმოჩნდა, რომ „გათვლილად“ ვაჭრობის შემდეგ მისი მოგება თვის ბოლოს 4000 აშშ დოლარს უდრიდა. თამამად აღნიშნა ისიც, რომ კარგი ტრეიდერია, რადგან შეუძლია, ანალიზის საფუძველზე საკმაოდ სწორი დასკვნები გააკეთოს, რაც თანხის მოგების საწინდარია!
ჩემთვის კი, დამწყებისთვის, სისტემის გასატესტად ჯერ დემო (საცდელი) ექაუნთიც საკმარისი იქნებოდა, რომ ვაჭრობისთვის ალღო ამეღო. იქვე, კუთხეში მდგარ დაფაზე კი „სი სქემა“ დახატა, რაც პირველად და შემდგომი თანხის შემოტანისას დარიცხულ ბონუსებს ითვალისწინებს. მესაუბრა პირადი კაბინეტის სისტემაზე და 100-50-30%-იან ბონუსებზეც.
კითხვაზე, თუ რამდენად სარისკო იყო ეს ყველაფერი და რამხელა იყო იმის შანსი, რომ შემოტანილ თანხას დავკარგავდი, მიპასუხა, რომ მინიმალური! სწორედ ამისთვის, რისკების შესამცირებლად, მჭირდებოდა სწავლა და ანალიზის გაკეთება. მაგალითად მოჰყავდა შარშან ტრენინგ და სწავლება გავლილი ტრეიდერები, რომლებიც დღეს, მისი თქმით, საკმაოდ წარმატებულად ვაჭრობენ, რაშიც მათ კონკრეტული ინდიკატორები ეხმარება. ამ ინდიკატორებს კი სწავლა სჭირდებოდათ.
კითხვაზე, თუ შეიძლებოდა, რომ ჩემ გარდა სხვას ევაჭრა ჩემი ექაუნთით, მოგება კი მე დამრჩენოდა (როგორც ჩვენი რესპონდენტის, პაატა კვირიკაშვილის შემთხვევაში), მიპასუხა, რომ ეს არაფრით არ შეიძლება, რადგან ჩემი ანგარიში მხოლოდ მე მეკუთვნოდა და შესაბამისად, მხოლოდ მე უნდა მევაჭრა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი საქმე ისე არ წავიდოდა, როგორც კონკრეტულ მომხმარებელს, ამ შემთხვევაში, მე „მაწყობდა“, მითხრა, რომ თანხის უკან დაბრუნება აუცილებლად და სრულად შემეძლო!
ისიც ვკითხე, თუ იყო პრეცედენტი იმისა, რომ მათთან მისულმა მოვაჭრემ თანხა სრულად ვერ დაიბრუნა (როგორც პაატას შემთხვევაში), რაზედაც გადაჭრით მითხრა, რომ მსგავსი შემთხვევა მათთან არ მომხდარა და თანხის სრულად დაბრუნების გარანტიაც მომცა!
ძალიან მინდოდა, ჩვენი რესპონდენტის საქმე მასთან და გიორგი ფუხაშვილთანაც განმეხილა, თუმცა მისული ვიყავი არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც ვაჭრობის მსურველი. მათთან ყოფნისას ისიც გავარკვიე, რომ ეროვნული ბანკის რეგულაცია იმის გამო არ შეეხოთ, რომ სასწავლო ცენტრი არის და არა სავაჭრო, თუმცა ვაჭრობენ კიდევაც…
ჩვენი საუბრის დასრულების შემდეგ ერთმანეთს მომავალი შეხვედრის სურვილით და იმედით დავემშვიდობეთ. მეორე დღეს დამირეკეს კიდევაც სწავლის დაწყების თაობაზე. შემომთავაზეს, რომ დღესვე დამეწყო სწავლა და შემდეგ ვაჭრობა, თუმცა კორექტულად ავუხსენი, რომ ამ ეტაპზე ამ საქმიანობისთვის მზად არ ვარ და მადლობაც გადავუხადე გუშინდელი შეხვედრისთვის.
საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, რამდენად ასრულებს ეს ცენტრი თავის მოვალეობას, ამაზე ზუსტად ვერ გიპასუხებთ, ფაქტია, რომ ჩემი იქ ყოფნის პერიოდშიც იყო მოსული სასწავლებლად ერთი ქალბატონი. ფაქტია, ის თანამშრომელი, რომელიც მე მიხსნიდა დეტალებს, კარგად იყო გათვითცნობიერებული სისტემაში, თუმცა რატომ მოხდა პაატა კვირიკაშვილის შემთხვევაში მსგავსი ფაქტი, საკითხავია. არადა, მას რისკების შესახებაც უნდა სცოდნოდა, მხოლოდ თავად უნდა ევაჭრა, მუდმივად სხვაზე არ უნდა ყოფილიყო მიბმული და ბოლოს, სრულად უნდა მიეღო ის თანხა, რაც შეიტანა. ამ ხნის მანძილზე არ უნდა ეწვალა კუთვნილი თანხის უკან მისაღებად და არც ცინიკურად უნდა მისდგომოდნენ მის საქმეს!
პაატა კვირიკაშვილი სასამართლოში ჩივილს აპირებს. ვნახოთ, რა შედეგებს გამოიღებს სამართლიანობისთვის ბრძოლა…

ნინო ტაბაღუა