წიხლხვედრი

თუ უბრალოდ გავიაზრებთ და ტიტველ ციფრებად არ მივიღებთ იმ სტატისტიკას, რომელიც გვამცნობს, რამდენმა ასეულმა ათასმა დატოვა საქართველო ამ ბოლო წლებში, მივხვდებით, რომ ეს ქვეყანა წილხვედრი კი არა, წიხლხვედრია. დიახ, წიხლი აღმოჩნდა ამ ქვეყნის ხვედრი _ ხალხისგან იცლება ეს ქვეყანა, მიდიან უკანმოუხედავად, გულაცრუებულნი და სასოწარკვეთილნი.

ეს პროცესი რომ ახლა იყოს დაწყებული, კიდევ შეგვეძლო თავი მოგვეტყუებინა, ეს ხალხი აქედან 2-3 წლით მიდის, რომ აუცილებლად დაბრუნდება… ჩვენ ხომ ეს კინო უკვე ვნახეთ? ხომ ვნახეთ, როგორ წავიდა მთელი ტალღა 90-იან წლებში, სწორედ ასე 2-3 წლის შემდეგ დაბრუნების იმედით და როგორ გაგრძელდა და იქცა ეს 2-3 წელი უკვე 20 და 30 წლად? ხომ ვხედავთ, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა არც არავინ დაბრუნდა ამ ქვეყანაში, ვინც კი წავიდა და საზღვარგარეთ ფეხი მოიკიდა? ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.
ივანიშვილმა მიაღწია იმას, რაც უნდოდა, საქართველო აქცია სოფლად, მიყრუებულ სოფლად! დიახ, დღეს საქართველო ზუსტად იმ მდგომარეობაშია, რაშიც, ჯერ კიდევ, საბჭოთა წლებში ჩავარდა ბევრი ქართული სოფელი. შვილები აიყარნენ და საცხოვრებლად თბილისს მიაშურეს, სოფელში დარჩნენ მოხუცები, შვილები ალაგ-ალაგ აკითხავდნენ, ხან თბილისში მოჰყავდათ მშობლები ზამთრობით, ხან შვილები ჩაჰყავდათ სოფელში _ ზაფხულობით. სწორედ ამ სოფლის მდგომარეობაშია დღეს საქართველო _ ლამის ოჯახი არაა, რომ ერთი წევრი მაინც საზღვარგარეთ არ იყოს გახიზნული, ისიც როგორც სოფელს, ისე თუ აკითხავს იშვიათად საქართველოს, ხან იქით მიჰყავს აქ დარჩენილები, თუ ამის საშუალება აქვს, ცხადია, ფინანსურად ან სამართლებრივად…
საქართველო იცლება, მაგრამ არც იცლება!
ქვეყანა იცლება საქართველოს მოქალაქეებისგან, ქართველებისგან, ამის პარალელურად რა ხდება? ქვეყანაში შემოდიან და შემოდიან უცხოელები სხვადასხვა აზიური თუ აფრიკული ქვეყნიდან. მათი ასეთი ინტენსიური შემოსვლა უკვე საზოგადოების იმ ნაწილშიც იწვევს შეშფოთებას, რომელიც სულაც არაა ქსენოფობიური განწყობებით. დიახ, ბატონებო, ქსენოფობებს სხვა რამ აღიზიანებთ და მათი შიშები ირაციონალურია, მაგრამ მოსახლეობის ნაწილის შიშები სავსებით რაციონალურია _ ჩვენ ვხედავთ როგორ იცლება ეს ქვეყანა ქართველებისგან _ საქართველოს მოქალაქეებისგან და ამის პარალელურად როგორ ივსება უცხო ქვეყნის მოქალაქეებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეების საწინააღმდეგო მოსახლეობის ამ ნაწილს არც არაფერი ექნებოდა და არც ასე შეაშინებდა, პარალელურად რომ არ ხედავდეს, როგორ იცლება ეს ქვეყანა მისი ნათესავებისგან, კოლეგებისგან, მეზობლებისგან, მეგობრებისგან… დიახ, ბატონებო, ეს სულ სხვა განცდაა, სულ სხვა შიშია და არაფერი აქვს საერთო ქსენოფობიასთან და ვინმეს ზიზღთან.
ქვეყანა იცლება და ჩვენ ამაოდ შევყურებთ ქვეყნის გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას… მიდიან შენი ახლობლები, მეგობრები, მეზობლები, ნათესავები და ვერც ვერაფერს ეუბნები, ერთი არგუმენტიც არ გაქვს, რომ არათუ გადააფიქრებინო, უბრალოდ, წასვლის გადაწყვეტილება დაუწუნო.
ან თავად რა ჭამოს, ან შვილს რა აჭამოს? რა უნდა შესთავაზო, სამშობლოს სალი კლდეების ლოკვა თუ გუგულა მაღრაძის მიერ გაძვირებულ ტკბილეულზე ნერწყვდენა? გუგულა ძალო სიგარეტის აკრძალვისგან ეშხში შევიდა, როგორც ჩანს, აღეგზნო მასებიდან წამოსულ მასობრივ გინებაზე და ახლა სხვა რეგულაციებს გვიპირებს! ხალხი შიმშილისგან სულს ღაფავს, ლუკმა-პურს ძლივს ჭამს და ეს თავად, როგორც ილია იტყოდა: „კარგად ჩასუქებული… მრგვალი, უკაცრავად არ ვიყო ამ სიტყვაზედ _ როგორც კარგი ნასუქი კურატი“, _ პარლამენტარი ქალბატონი ტკბილეულის გაძვირებით აპირებს სხვის ჭარბ წონასთან ბრძოლას! და ეს ჩვენი გუგულა ძალო ამ ხუმრობა-ხუმრობაში, პრაქტიკულად, დედალ ციციკორედ ჩამოყალიბდა.
მალე, ალბათ, ხინკლის ჭამასაც დაგვიბეგრავენ, სუნთქვასაც, ფერად სიზმრებზეც დღგ-ს დაგვიდგენენ და ამას ეძახით თავისუფალ სუნთქვას? ისეთ თავისუფლად სუნთქვას, ხალხი რომ ასეულ ათასობით გარბის ამ თავისუფალი სუნთქვისგან…
ამ ასეულ ათასებიდან, რომელთაც დატოვეს საქართველო, ცხადია, დიდი ნაწილი სწორედ ამ ხელისუფლების სათავეში მომყვანია. ამაშიცაა თავისი სიმწარე _ შენების გზაზე მდგარი ქვეყანა შეაჩერეს _ აირჩიეს „ქართული ოცნება“, მოგვიყვანეს ივანიშვილი, შემდეგ თვითონ ტლინკი ყარეს და ჩვენ დაგვიტოვეს აქ ივანიშვილი და ამ უბედურებაში ჩაგვტოვეს.
გამოკვება, განათლების მიცემა რომ იქით იყოს, როგორ გინდა გაზარდო შვილი ამ ქვეყანაში, სადაც ელემენტარულად უძლური ხარ, დაიცვა შვილი ნარკოტიკებისგან და ნარკოტიკებად შემოსაღებული სიკვდილისგან?! დიახ, ქვეყანა წალეკა ცალკე ნარკოტიკებმა და ცალკე ნარკოტიკებად გასაღებულმა სიკვდილმა. მხოლოდ ბოლო კვირის მანძილზე რამდენი ასეთი ფაქტის მოწმე გავხდით? როგორ გინდა დაიცვა შვილი, როცა ცალკე, ერთი მხრივ, სახელმწიფო ეწევა აგრესიულ ნარკოპოლიტიკას, ცალკე კონკრეტული ჯგუფები გავეშებული ეწევიან ნარკოპროპაგანდას და იმის მტკიცებას, რომ ადამიანს უფლება აქვს, რაც უნდა, ის უქნას თავის თავს. ესმის ეს ახალგაზრდას, ცალკე აკრძალულის ხიბლი იზიდავს და ცდუნებისკენ მიუწევს გული და ცალკე ეს აგდებს ხიბლში, რომ მისი უფლებაა რასაც დამართებს საკუთარ თავს და მართებენ კიდეც, მაგრამ რას? იმაზე მეტსაც, რაც უნდათ, რომ დამართონ, ვიღაც პირდაპირ სიკვდილს სთავაზობს მათ. სახელმწიფო კი რას აკეთებს? რა უნდა ქნა ამ დროს მშობელმა? რანაირად გინდა დაიზღვიო თავი იმისგან, რომ ერთ დღეს შვილს მკვდარს არ მოგიტანენ, ან უკეთეს შემთხვევაში, ცოცხალი მოგივა და დილით ლოგინში მკვდარი დაგხვდება…
არც იმის გარანტია გაქვს, რომ როგორღაც ამ ნარკოტიკებს გადარჩენილს ვინმე ნაძირალა კრიმინალი არ მოგიკლავს სადმე სრულიად უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ. კრიმინოგენური ვითარება შენი შვილების სიცოცხლეს ემუქრება და ხელისუფლება კი გაგებით მოკიდებას გთავაზობს… კატასტროფული კრიმინოგენური ვითარება, ინფლაცია, ნეპოტიზმი, ისევ აყვავებული კორუფცია, მექრთამეობა და სრული უპერსპექტივობის განცდა _ აი, ესაა, რასაც დღევანდელი ქვეყანა გვთავაზობს მის შვილებს, ვინც ჯერაც არ გავქცეულვართ აქედან.
რა გინდა, რომ ქნა? უძლებ, იჭირვებ, იკლებ ყველაფერს, მაგრამ ნელ-ნელა ყულფი ვიწროვდება, არის ზღვარი, რომლის იქით, უბრალოდ, იწყება აპათია, შიმშილი, კრიზისი და სასოწარკვეთა. რა უნდა გააკეთო? მაინცდამაინც ნიკო ლორთქიფანიძის გმირად უნდა იქცე? ისეთ „გმირად“, როგორი გმირიც მის მინიატურაშია _ „ტრაგედია უგმიროდ“?..
ეს პრობლემა თავად მეც მაქვს, მინდა შრომა, თვითრეალიზაცია და ამ შრომით მეტი ანაზღაურების მიღება, მაგრამ ეს ქვეყანა არ იძლევა არანაირ გასაქანს. ითხოვ დასაქმებას და არსაიდან ხსნა, არსაიდან ხმა. დახმარების არსი კი არც მეტი, არც ნაკლები ისაა, მომეცეს შრომის საშუალება და არა უფასო ფული, როგორც თეატრალთა უმეტესობა ითხოვს ლამაზი თვალებისთვის, მაშინაც კი, როცა ლამაზი თვალების ნაცვლად ბაყაყივით დაჭყეტილი თვალები აქვთ.
ვიცი და ვხვდები, რომ ამ ქვეყანაში ჩემი ადგილი არაა. ეს ქვეყანა არ ვიცი, ვისთვისაა. უფრო სწორად, გადასარევად ვიცი, ვისთვისაცაა… ერთი მუჭა გარეწრებისთვის და მათთან დაახლოებული პირებისთვის. არც მათ უნდათ ეს ქვეყანა მუდმივ საცხოვრებლად, შვილები აქედან კარგა ხანია, გახიზნული ჰყავთ, ეს ქვეყანა მათთვის შემოსავლიანი მამულია და მეტი არაფერი…
იცლება ქვეყანა და ჩვენ თითქოს კანი გაგვისქელდა, ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევთ და ისევ ცოლ-ქმარს ვეძახით იმ ცოლსა და ქმარს, რომელიც, აგერ უკვე, ათ წელზე მეტია, არათუ ერთ საწოლში, ერთ კონტინენტზეც არ წოლილან…. თაობები იზრდება სკაიპით და დღეს უკვე ის სკაიპით გამოზრდილი თაობაც ჩემოდანს ალაგებს და მიდის მშობლებთან…
მოსახლეობა გარბის და ხელისუფლებას სულ ნახმარ პრეზერვატივზე ჰკიდია ეს…
ხალხი გარბის და პატრიარქი, რომელიც აქამდე გაქცეულებს აქეთ უხმობდა, რას სთავაზობს ხალხს? _ თავის ბიოგრაფიას 4 ტომად და 499 ლარად…
ადამიანები წიხლს კრავენ სამშობლოს და მიდიან… ზოგი უდიერად კრავს წიხლს, ზოგიც მოწყვეტით და გულის წყვეტით, მიდიან და თვალები უკან რჩებათ, მაგრამ მაინც მიდიან… ვიღაც ამ ქვეყნის ამ კოშმარულ აწმყოს გაურბის, ამ სიბნელეს და ქსენოფობიას, რომელც აქ გიზგიზებს რუსული პროპაგანდის მომძლავრების წყალობით. და სწორედ ამ დროს ვიღაც პრეზერვატივზე თამარ მეფეს ხატავს, ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებააო. კი ბატონო, გამოხატვის თავისუფლება გაქვს, და სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც სრული აბსურდია, მაგრამ ამ დახატვით რას გამოხატავ? რომ იმ ალაგას გკიდია შენი ქვეყნის წარსული, რომელი ადგილისთვისაც ეს პრეზერვატივია განკუთვნილი… რა უნდა ელაპარაკო ქვეყანას, რომელსაც ცხოვრებაში პრეზერვატივი არ გამოუშვია, როგორღაც თავი მოაბა ამას და პირველი რაც ქნა, ადგა და ზედ თამარი _ ძლიერი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი სიმბოლო დაახატა. მეტი ვერავინ ნახა მასხრად ასაგდები და გასაფარჩაკებელი. ვაღიაროთ, ქართველებს სულ რამდენიმე მეფე გვივარგოდა, დანარჩენი ან უნიათო იყო, ან უიღბლო, ან მოღალატე.
დიახ, მაქსიმუმ, 4-5 მეფე გვივარგოდა და მათ შორის თამარი.
გეკითხებით: რატომ არ ახატავენ ინგლისელები პრეზერვატივზე ელისაბედ ტიუდორს? რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი? ვითომ მარტო მრევლის გაღიზიანებას, რაკი თამარი წმინდანია? თუ მხოლოდ ეს სურდათ, მაშინ გადასარევად შეეძლოთ აერჩიათ სხვა ვინმე წმინდანი, რომლის გამოსახვაც მხოლოდ მრევლს გააღიზიანებდა და არა წარსულის პატივისმცემელ ყველა ადამიანს. წარსულის პატივისცემაცაა და პატივისცემაც, თამარი სწორედ ის ფიგურაა, რომელიც მათშიც იმსახურებს პატივმიგებას, ვინც კრიტიკულად და არა უაპელაციოდ იღებს საკუთარი ქვეყნის ისტორიას.
ხომ არ იყო ეს ყველაფერი სწორედ დასავლური ფასეულობების დარტყმის ქვეშ დასაყენებლად? სწორედ იმისთვის, რომ გაზარდონ იმ პირთა წრე და არეალი, ვისაც გააღიზიანებენ და გაუჩენენ განცდას, რომ მათ იდენტობას ვიღაც ემუქრება, ვიღაც ლაფს ასხამს მათ ისტორიას? წმინდა რუსული საქმე ხომ არ გაკეთდა თამარის დახატვით და შემდეგ ამ ხმაურით? დაეხატათ, ბატონო, ეკატერინე მეორე, ერთგვარი სკრაბეზული რეპლიკაც იქნებოდა მიმდინარე ოკუპაციაზე!
ვიმეორებ, ყველაზე შეიძლება ღლიცინი! ყველას დაცინვა შეიძლება, მაგრამ სხვას აქვს უფლება, შენზე აზრი შეიქმნას იმის მიხედვით, რას დასცინი და ვის დასცინი!
შენ გაქვს უფლება, რაც გინდა დაახატო პრეზერვატივს, მაგრამ მეც მაქვს უფლება, შევაფასო შენი ეს ქმედება!
სხვა ყველაფერთან ერთიცაა, როცა დღეს თავზე გაზის ხეგლეჯია ივანიშვილი თავისი ეგზოტიკური გარემოცვით (ზაქარია ქუცნაშვილი, ენძელა, გუგულა ძალო და ა. შ.) და შენი სატირა ისევ 8-9 საუკუნის უკანაა მიმართული, რაღაც ვერ მეტყველებს შენზე მთლად კარგად…
ისევ და ისევ ვიმეორებ: იდიოტობა იყო აკრძალვა, რასაც მიმართა სასამართლომ, ეს ისეთივე იდიოტობა იყო, როგორც ამ „ეპატაჟნიცების“ ქმედება _ თამარის დახატვა პრეზერვატივზე.
გარდა იმისა რომ ამგვარი აკრძალვა იდიოტობაა თავისი არსით და სულისკვეთებით, სხვა ყველაფერთან ერთად ისიცაა, რითაა დაკავებული ამ ქვეყნის ხელისუფლება მაშინ, როცა ახალგაზრდები ეხოცება, როცა მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის და ქვეყანა, პრაქტიკულად, იცლება მისი აბორიგენი მოსახლეობისგან… აქეთ იმას არკვევენ, რომელმა ჭკუამხიარულმა პროვოკატორმა პრეზერვატივზე რა დაიხატა და იქით, კიდევ, ვარდების მოედანს უცვლიან სახელს… და პარლამენტში კი გვყავს ადა, რომელსაც შეუძლია დაბეჯითებით გიმტკიცოს, რომ საყდრისი ბიძინამ კი არა, მიშა სააკაშვილმა ააფეთქა.
რა შუაშია ადა ქვეყნის დაცლის თემასთან? იმ შუაშია, რომ ერთნაირი უსუსურობა გიპყრობს, როცა უყურებ ქვეყნის დაცლას და როცა უსმენ ადას _ ხედავ, გესმის, მაგრამ რა გინდა, რომ ქნა?

რეზო შატაკიშვილი