რომელი კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში ყველაზე ხშირად?

სხვადასხვა მომსახურების შესაძენად სახელმწიფო უწყებები საკმაოდ ხშირად აცხადებენ ტენდერებს.
შესყიდვის კატეგორიებისა და მოთხოვნების მიხედვით, ასევე იმ ვადის გათვალისწინებით, რა პერიოდშიც უნდა შეირჩეს კონკრეტული მიმწოდებელი მომსახურების შესაძენად, ტენდერები სხვადასხვა ტიპის არსებობს, მათ შორის, ყველაზე ხშირად სახელმწიფო უწყებები და სამინისტროები ელექტრონულ ტენდერებს აცხადებენ აუქციონის გარეშე, რომელიც პროცედურების გამარტივებასა და დროში შემოკლებას გულისხმობს.

ამავდროულად, მსგავსი ტიპის ტენდერებში უმეტესად ვხვდებით ერთ პრეტენდენტს, რაც, თავის მხრივ, კონკურენციის ნაკლებობასა და მომსახურების ხარისხის შედარებით დაბალ დონეზე მიანიშნებს.
ხშირია ასევე ე. წ. მორგებული ტენდერები, როდესაც შემსყიდველს, მაგალითად, რომელიმე სახელმწიფო უწყებას გამოცხადებული აქვს ტენდერი ისეთი მომსახურების შეძენაზე ან კონკრეტულად ისეთ პროდუქტზე, რომლის მოთხოვნათა დოკუმენტაციის ზუსტი აღწერა უშუალოდ ერგება, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი კომპანიის პროდუქციას, შესაბამისად, ამ ტენდერში მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობს და იმარჯვებს კიდეც.
ამ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, თუ რატომ მოერგო კონკრეტული მოთხოვნები კონკრეტული მიმწოდებლის პროდუქციას ასე ზუსტად? გარკვეული გარიგება ან კორუფცია ხომ არ იყო, რაც საკმაოდ დიდი დანაშაულია და მომსახურების მიმღებთა უფლებების დარღვევას წარმოადგენს?
„ქრონიკა+“ იმ კომპანიებით დაინტერესდა, რომლებიც საკმაოდ ხშირად იმარჯვებენ სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.
გთავაზობთ რამდენიმე ასეთი მიმწოდებლის შესახებ ინფორმაციას.
– რამ განაპირობა მათი ასეთი წარმატება?
– ხომ არ არსებობს რამე კონკრეტული საფუძველი მათი ხშირი გამარჯვებისა სატენდერო პროცედურებში და რამდენად სანდოა ეს კომპანიები სხვადასხვა სოციალური პროექტის განსახორციელებლად?
ტენდერების მონიტორის ოფიციალური გვერდი გვთავაზობს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც იკვეთება ძირითადი შემსყიდველები და ძირითადი მიმწოდებელები, ანუ კონკრეტული კომპანიები, რომლებმაც ყველაზე ხშირად გაიმარჯვეს გამოცხადებულ ტენდერებში და, შესაბამისად, საკმაოდ დიდი თანხაც მიიღეს სხვადასხვა ტიპის მომსახურების შესასრულებლად.
ამ სტატისტიკური მონაცემების თანახმად გამოიკვეთა ძირითადი შემსყიდველები, რომელთა შორისაც ლიდერობს შპს „იუ ჯი თი“.

შპს „იუ ჯი თი“

მან სულ 534 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, აქედან 54%-ში, დაახლოებით, 288 ტენდერში გამარჯვებულად დასახელდა, 31% წააგო, ხოლო ამ საერთო ტენდერების 4% კვლავაც მიმდინარეობს და უცნობია, მიაღწევს თუ არა „იუ ჯი თი“ კვლავაც წარმატებას და მიიღებს თუ არა უფლებას, კონკრეტული სატენდერო დავალება განახორციელოს?
სულ, ჯამურად, კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს 100 942 701 ლარს, ხოლო მის მიერ მოგებული კონტრაქტების საერთო საბაზრო ღირებულება აჭარბებს 89 მილიონ ლარს.
„იუ ჯი თიმ“ ასევე მონაწილეობა მიიღო 2556 გამარტივებულ შესყიდვაში.
ძირითადად მის მიერ გაყიდული მომსახურება მოიცავს კომპიუტერულ მოწყობილობებსა და აქსესუარებს, შემსყიდველად კი გვევლინება გარდა საქართველოს განათლების სამინისტროსა და სხვა საჯარო უწყებებისა, ასევე სხვადასხვა სოფლის საჯარო სკოლები, რომელთაც შედარებით მცირე მოცულობის ტენდერი ჰქონდათ გამოცხადებული კომპიუტერული მომსახურების შესაძენად.
„იუ ჯი თის“ შემსყიდველებს შორის ლიდერობს შემოსავლების სამსახური, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული ბანკი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ვიგებთ, რომ ეს კომპანია 1997 წლიდან ფუნქციონირებს და საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს.
გენერალური დირექტორი გახლავთ ერმილე სულაძე, დირექტორის თანამდებობას კი იკავებს გურამ ხოჯანაშვილი.
რაც შეეხება ერმილე სულაძეს, ის გარდა „იუ ჯი თისა“ ასევე ფლობს 21-მდე კომპანიას, რომელიც, ძირითადად, სწორედ „იუ ჯი თის“ შვილობილი კომპანიებია და მის შემადგენლობაში შედის, მათ შორის, შპს პისიშოპ.ჯი და სხვ.
შპს „იუ ჯი თის“ სახელი რამდენიმე წლის წინათ განათლების სფეროში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება.
საქმე ის არის, რომ 2014 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში პირველკლასელებისთვის გადასაცემი კომპიუტერების შეტანა სწორედ ამ კომპანიას მიანდო, რაც მისმა კონკურენტმა კომპანია „ალგორითმმა“ გააპროტესტა, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ სფეროში და წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა პირველკლასელების შესაბამისი კომპიუტერებით მომარაგებას. „ალგორითმმა“ ტენდერის შედეგები გააპროტესტა და განმარტა, რომ სამინისტრო „იუ ჯი თის“ ეხმარებოდა.
ამის დასასაბუთებლად იმის დამტკიცებაც კმარა, რომ „იუ ჯი თის“ მიერ შემოთავაზებული ნოუთბუქები არ იყო ქარხნულად დაცული და გარანტია არ გააჩნდა. მას ასევე სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზით აღმოუჩინეს ტექნიკური წუნი.
მიუხედავად იმისა, რომ საქმემ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა და სასამართლოშიც გადაინაცვლა, საბოლოოდ, სახელმწიფომ, კერძოდ, განათლების სამინისტრომ, არ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება და უკვე მეოთხე წელია, სხვადასხვა სკოლაში პირველკლასელებს ნოუთბუქებით შპს „იუ ჯი თი“ უზრუნველყოფს, რომლის პროდუქციისა და მისი ხარისხის მიმართ დღემდე კითხვებია.
2017 წლის 27 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შპს „იუ ჯი თი“ ვალდებულია, 53 700 ცალი პორტაბელური კომპიუტერი Acer Travel Mate B117 Notebook PC სააგენტოს ეტაპობრივად მიაწოდოს. ეს მოხდა პროგრამა ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში.
რეალურად, 4 წლის შემდეგაც განათლების სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლად რჩება შპს „იუ ჯი თი“, რომლის დისკვალიფიკაციასთან და ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი არსებობდა.
ეს ეჭვები და კითხვის ნიშნები დღემდე რჩება, რადგან დღესაც საკმაოდ ხშირია პირველკლასელთათვის გადაცემული კომპიუტერული მოწყობილობების დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევები, რაც დამატებით ხარჯად ევლინება მოსწავლის ოჯახსა და მშობლებს, რომლებსაც თანხის ანაზღაურება უწევთ.
მივყვეთ ამ ხსენებული კომპანიის მფლობელებს.
როგორც უკვე ითქვა, დირექტორის თანამდებობა უკავია გურამ ხოჯანაშვილს, რომელიც ერმილე სულაძესთან ერთად კიდევ რამდენიმე სხვა კომპანიას ფლობს.
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად ყველა მათგანი ერთსა და იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, რაც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, თუმცა მაინც ქმნის გარკვეულ ეჭვსა და კითხვებს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის ღირებულება, რომელიც მინიმალური თანხით განისაზღვრება, ყველა ამ კომპანიას „ქართუ ბანკში“ აქვს გადახდილი, მაშინ როდესაც შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების, როგორც იურიდიული პირის, რეგისტრაციისთვის თანხის გადახდა ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.
– რატომ, მაინცდამაინც, „ქართუ ბანკი“?
– არსებობს რამე სახის კავშირი ამ ბანკსა და კომპანიას შორის?
ეს კითხვები ბევრად ლოგიკური ხდება იმ ფონზე, როდესაც შპს „იუ ჯი თი“ საკმაოდ ბევრ ტენდერში აღწევს წარმატებას და საკუთარ მომსახურებას საბოლოო საერთო ღირებულებით საკმაოდ ძვირად ყიდის.
დამატებით შპს „იუ ჯი თი“-ზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის IT ტექნოლოგიების სფეროში ერთადერთი კომპანია, რომელიც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაშია დარეგისტრირებული.
თეთრ სიაში ის მიმწოდებელი რეგისტრირდება, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის მოთხოვნებს.
აქ დარეგისტრირებული მიმწოდებლები გარკვეული სახის შეღავათებით სარგებლობენ. ისინი შეიძლება განთავისუფლდნენ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისგან. ასევე ისინი თავისუფლდებიან ტენდერში საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან.
„იუ ჯი თის“ გვერდით ამ თეთრ სიაში ასევე ვხვდებით ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა: „მაგთიკომი“, „ავერსი“, „ალდაგი ბისიაი“ და „საქართველოს ფოსტა“.
– როგორ მოახერხა საკმაოდ ბევრჯერ დისკვალიფიცირებულმა და საეჭვო ხარისხის პროდუქციის მქონე კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს თეთრ სიაში მოხვედრა?
– ამით ხომ არ უადვილებენ მას სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებას?
– ან ხომ არ იქმნება მასზე მორგებული სატენდერო გარემო?
შპს „იუ ჯი თის“ საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორიაც აქვს.
მისი დამფუძნებელი ბიზნესმენი გიორგი ჭირაქაძე წლების განმავლობაში იყო ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, თუმცა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მისი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და წარმატებული ბიზნესის ბედიც შეიცვალა. სწორედ ამ პერიოდში შპს „იუ ჯი თის“ თავდაცვის სამინისტროს კონსულტაციური მომსახურებისთვის 11 მილიონამდე ლარის მიღებაზე ედავებოდნენ. შემდეგ ეს თემა მიყუჩდა და ამ თანხის ბედი დღემდე გაურკვეველია.

„ვია ვიტა“

მეორე კომპანია, რომელიც ასევე სატენდერო სფეროში თავისი გამარჯვებული ტენდერების რაოდენობით ლიდერობს, არის „ვია ვიტა“.
ამ კომპანიამ 12 ტენდერიდან 75%-ში გაიმარჯვა, ხოლო 25%-ში დამარცხდა.
მის მიერ მოგებული კონტრაქტების საერთო საბაზრო ღირებულება 27 000 000 ლარს აღემატება.
„ვია ვიტამ“ ასევე წარმატებით განახორციელა 18 გამარტივებული შესყიდვა.
ძირითადად ამ კომპანიის მიერ გაყიდული მომსახურების კატეგორიაა სამედიცინო მოწყობილობები, ხოლო შემსყიდველი გახლავთ სოციალური მომსახურების სააგენტო, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო.
საჯარო რეესტრიდან მიღებული ამონაწერის თანახმად შპს „ვია ვიტა“ 2002 წლიდანაა დარეგისტრირებული და სამედიცინო ბაზარზე ფუნქციონირებს.
მისი გენერალური დირექტორი გახლავთ იოსებ მაისურაძე, რომელიც გარდა ამ კომპანიისა ასევე ფლობს სხვა უძრავ ქონებას და ბიზნესს, მათ შორის, შპს „ქართულ რაგბსა“ და შპს „ჯიქს“, რომელთა დირექტორის თანამდებობასაც იკავებს იგი.
თავად კომპანია „ვია ვიტასა“ და მისი დამფუძნებლების სახელები წლების წინათ საკმაოდ გამხაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდებოდა.
2011 წელს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო აუდიტის შედეგად კონტროლის პალატამ სისტემური ნაკლოვანებები გამოავლინა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გახლდათ ის, რომ კომპანია „ვია ვიტა“ ჯანდაცვის სამინისტროს სადიალიზე მასალას ხელოვნურად გაზრდილ ფასად აწვდიდა. კერძოდ, მათ მიერ მიწოდებული მასალის ღირებულება საქართველოში 60%-ით აღემატებოდა ევროპის ქვეყნების ფასებს.
სწორედ ამის გამო 14 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის მთავარმა პროკურატურამ შპს „ვია ვიტას“ დამფუძნებლები დააკავა, მათ შორის, იოსებ მაისურაძე და მერაბ ანთაძე, რომლებიც დღესაც იკავებენ წამყვან თანამდებობებს აღნიშნულ კომპანიაში და საკმაოდ ბევრ ტენდერსა და შესყიდვაში იმარჯვებენ.
შპს „ვია ვიტა“ კვლავაა ჩართული ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო დიალიზის პროგრამაში, მაშინ როცა მისი სახელი და მისი მომსახურების ფასები, ხარისხთან ერთად, უკვე წლებია, კითხვებსა და ეჭვებს ბადებს.
2017 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ადასტურებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ სწორედ სადიალიზე სახელმწიფო პროგრამისთვის აუცილებელი მედიკამენტები და მასალა შეიძინა შპს „ვია ვიტასგან“, სადაც მომსახურების საერთო საბაზრო ღირებულება 270 000 ლარს აღემატებოდა.
– რატომ ანდობს სახელმწიფო გაფლანგვაში ერთხელ უკვე ბრალდებულ კომპანიას ჯანდაცვის სფეროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული პროგრამის განხორციელებას?
_ რა რისკები არსებობს ამ კუთხით? _ საკითხავი სწორედ ესაა.

შპს „ჯეუ გრუპი“

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ტენდერებში ხშირად იმარჯვებს და ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებლად მიიჩნევა ტენდერების მონიტორინგის შედეგად, გახლავთ შპს „ჯეუ გრუპი“, რომელმაც 148 საერთო ტენდერიდან საკმაოდ ბევრ ტენდერში გაიმარჯვა და 8,314,045.41 ლარის ღირებულების კონტრაქტი მოიგო.
მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები _ ეს არის სწორედ ის მომსახურების კატეგორია, რასაც შპს „ჯეუ გრუპი“ ყიდის ძირითადად ისეთ სახელმწიფო უწყებებზე, როგორიც არის თბილისის მერია, გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური განვითარების ფონდი.
საჯაროო რეესტრის ამონაწერის თანახმად ამ კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 2008 წლის 23 აპრილი, ხოლო მისი 50%-იანი წილის მფლობელი გახლავთ გიორგი მარკოიშვილი.
გიორგი მარკოიშვილი, გარდა შპს „ჯეუ გრუპისა“, ასევე ოთხ კომპანიას ფლობს, მათ შორის, საქართველოს კალათბურთელთა ასოციაციასა და შპს „ჯეუ დეველოპმენტს“, რომელთა დირექტორადაც გვევლინება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2017 წელს გიორგი მარკოიშვილმა 25 000 ლარის ოდენობით შემოწირულობა გადასცა პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“.
ამავე პერიოდში საკმაოდ ბევრი ტენდერი დასრულდა სწორედ ამ კომპანიის გამარჯვებით, შესაბამისად, ჩნდება კითხვები:
– რატომ დაემთხვა კომპანიის მფლობელის მიერ განხორციელებული პოლიტიკური შემოწირულობების გაცემის თარიღი ტენდერის პერიოდებს?
– რატომ გაიღო ამხელა თანხა შპს „ჯეუ გრუპის“ მეწილემ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ?
მით უმეტეს კითხვებს ამძაფრებს ისიც, რომ ზუსტად ამ დროს შპს „ჯეუ გრუპის“ მეორე მეწილე ნინო კიკაბიძემ 25 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მთლიანი კომპანიის შეწირულობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ იყო.

ანა ურუშაძე