„ივანიშვილი რუსეთმა ძალით შემოაგდო უკან პოლიტიკურ სცენაზე“

„ქრონიკა+“ ესაუბრება ნიკა რურუას:
_ 14 წელი გავიდა აჭარის რევოლუციიდან. დრომ ცხადყო ამ მოვლენის ისტორიული მნიშვნელობა, მაგრამ ამისდა მიუხედავად, დღევანდელი ხელისუფლება მაინც ცდილობს გადააფასოს ეს მოვლენები, მაგალითად, სახელი გადაარქვეს ვარდების რევოლუციის მოედანს. თქვენი აზრით, ეს ფაქტი ვარდების რევოლუციის მნიშვნელობას აკნინებს თუ თავად ამ ხელისუფლებას?
_ რა თქმა უნდა, ეს თვითონ მათ, ამ საკმაოდ უგუნური აქტის ავტორებს აზიანებს და არა ვარდების რევოლუციას. მაგ მოედნისთვის სახელის შეცვლა ვერაფერს დააკლებს ვარდების რევოლუციას, რომელმაც პოსტსაბჭოური და მეტწილად საბჭოური მმართველობის ურთიერთობები დაასრულა საქართველოში. მოედნისთვის სახელის გადარქმევა ამ ისტორიულ მოვლენას ვერაფერს დააკლებს, პირიქით ხალხს კიდევ უფრო მკაფიოდ დაანახვებს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს საკუთარი, ვიწრო პოლიტიკური ჭოგრიტით უყურებს და არად დაგიდევთ ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს. ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევა ესაა მეწვრილმანეობა, რომელიც ვიმეორებ, ისტორიას ვერანაირად შეცვლის. ეს ხაზს უსვამს ერთ რამეს _ რომ ვარდების რევოლუცია ყველაზე მეტად აღიზიანებთ შევარდნაძის გულმხურვალე მხარდამჭერებსა და იდეოლოგიურად მის მონათესავე ადამიანებს და ადამიანთა ჯგუფებს. „ქართული ოცნება“ სწორედ შევარდნაძიზმის ნამდვილი რესტავრაციაა. ესაა შევარდნაძიზმი ახალი ფორმით. კლანური მმართველობა, ოლიგარქატი, ნეპოტიზმი არის სამარკო ნიშნები, სავიზიტო ბარათი დღევანდელი ხელისუფლების. შევარდნაძის ეპოქაც ესაა, მეტი კი არაფერია.
_ დიახ, ივანიშვილის გარემოცვა, „ქართული ოცნება“ და მათი მომხრეები რეალურად შევარდნაძისტები არიან, მათთვის ივანიშვილი, პრაქტიკულად, ფულიანი მამინაცვალივითაა, რომელსაც მატერიალური კეთილდღეობისთვის იტანენ, ერთხელ დავწერე კიდეც, რომ შევარდნაძის გერები ბიძინა ივანიშვილს, როგორც ფულიან მამინაცვალს, ისე იყენებენ და ისიც ინახავს მათ, როგორც მამინაცვლები ინახავენ გერებს.
_ ვინ ვის იყენებს, ძნელი სათქმელია, ალბათ, ორივე ერთმანეთს… მე ვერ ვიტყოდი, რომ რეალურად ივანიშვილს ვინმე იყენებს, პირიქით, ივანიშვილი იყენებს საქართველოს თავისი გამდიდრებისთვის. ხომ ფაქტია, რომ სწორედ მის გამდიდრებას ემსახურება ბიტკოინები, აფეთქებული საყდრისი; ხომ ფაქტია, რომ ყველა დიდ ბიზნესს კურირებს მისი საყვარელი დეიდაშვილი უჩა; ფაქტია ბევრი მონოპოლია, რომელსაც ხელს უწყობს ივანიშვილი. ამიტომ ვინ ვის იყენებს, არ არის ძნელი მისახვედრი, ივანიშვილი იყენებს ყველა დანარჩენს, სამწუხაროდ, საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ვიმეორებ, ეს ხელისუფლება არის შევარდნაძიზმის რესტავრაცია და როგორც საფრანგეთიდან ბრიტანეთში დაბრუნებულმა მონარქმა იძია შური კრომველის ნეშტზე, ისე იძიეს ამათაც შური ვარდების რევოლუციაზე. მაგრამ როგორც ნეშტს არ ეტკინა თავის მოკვეთა, ისე მთელი მსოფლიოს მიერ პროგრესულად აღიარებულ ამ ისტორიულ მოვლენას არ დააკლდება არაფერი მოედნისთვის სახელის გადარქმევით. ამაზე მე პირადად საერთოდ არ ვნერვიულობ და ეს ფაქტი, მხოლოდ დღევანდელი მმართველი ძალის ინფანტილურობასა და მეწვრილმანეობაზე მიუთითებს. რაც შეეხება იმას, რომ ამ მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელს არქმევენ, ესეც ამ ხელისუფლებისა და მათი მხარდამჭერების ფარისევლობაა და მეტი არაფერი. „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც აუქმებდა ოკუპაციის მუზეუმს, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა. „ქართული ოცნება“ ესაა ძალა, რომელმაც ზურგი შეაქცია ქართული საზოგადოების მისწრაფებას, იყოს თავისუფალი და ძლიერი სახელმწიფო. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც უნდა იყოს სადღაც ორღობეში, რუსეთის უკანა ეზოში. მე არ ვიგონებ ამას, თავად ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არ უნდა იყოს განხეთქილების ვაშლი დასავლეთსა და რუსეთს შორის. ანუ საქართველომ თავისი ინტერესები უნდა დაივიწყოს და იყოს მაჩანჩალა ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოში. ესაა ივანიშვილის ფილოსოფია, ესაა ფილოსოფია, რომელიც საქართველოს არ სჭირდება. რუსეთის უკანა ეზოში საქართველო ვერ განვითარდება და ის ნიჭი და პოტენციალი, რომელიც ჩვენს ხალხშია, ჩვენს ახალგაზრდობაშია, არ რეალიზდება და არ იქცევა იმ მიღწევებად, რომელიც აუცილებლად სჭირდება ჩვენს პატარა ქვეყანას. ჩვენ არ უნდა მოგვატყუოს ქვეყნის ზომამ. ტერიტორიის სიმცირე ერთობ პირობითი რამაა. იმიტომ რომ საქართველო ტერიტორიით თითქმის ორჯერ უფრო დიდია შეიცარიასა და ნიდერლანდებზე. ვინ ამბობს, რომ ნიდერლანდები ან შვეიცარია პატარა ქვეყანაა? ორივეს ძალიან დიდი გავლენა აქვს მსოფლიო ცივილიზაციაზე, როგორც წარსულში, ისე ახლა, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებში. საქართველოსაც შეუძლია ეს, მაგრამ სჭირდება ხედვა, სჭირდება განათლებული ლიდერეშიპი და მოტივირებული ხალხი. ამის მაგიერ კი ივანიშვილი ხალხის გაჭირვებით მართავს ქვეყანას, დიახ, მისი მართვის მეთოდია ქვეყნის მართვა ხალხის გაჭირვებით. ის ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს აყენებს გადარჩენის აუცილებლობის წინაშე, იძულებულს ხდის მათ, ყოველდღიურად იფიქრონ ლუკმა-პურზე და აღარ და ვეღარ იფიქრონ ისეთ ამაღლებულ მიზნებზე, როგორიცაა ქვეყნის განვითარება, საზოგადოების წინსვლა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ა. შ. ვიმეორებ: ესაა შევარდნაძის ეპოქის რესტავრაცია და საბჭოთა ელიტების რევანში. შეხედეთ, ვინ წამოწიეს _ ძველი კომკავშირლები, ცეკას ფუნქციონერები, ძველი საბჭოთა ინტელიგენციის შვილები და შვილიშვილები, ესაა ხალხი, ვინც დაეპატრონა საქართველოს ბედიღბალს. მათ მშვიდად და წყნარად, ყოველგვარი შურისძიების გარეშე უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან ამ ქვეყნის მართვის სადავეები.
_ ბატონო ნიკა, ივანიშვილი პოლიტიკურ სცენაზე შემობრუნდა, მის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით არაერთი ვერსია მოვისმინეთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის მისი მობრუნების მიზეზი, რამ აიძულა და რა სურს მას?
_ ჩემი აზრით, ჯერ ერთი, კონტროლიდან გაურბოდა სიტუაცია, მის გუნდში შიდაარეულობა იყო და როგორც ჩანს, მას უნდა, რომ ხელით მართვის რეჟიმზე გადაიყვანოს ეს თავისი თოჯინების თეატრი; მეორე: არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთის პრობლემების შემდეგ რუსებმა უბრძანეს დაბრუნება. შეახსენეს, რომ სწორედ იგია პასუხისმგებელი ყველაფერზე და რომ კულისებში გასვლით ვერ მოიხსნიდა პასუხისმგებლობას. ამიტომ რაკი პასუხისმგებლობა მაინც მასზეა, გადაწყვიტა, მობრუნდეს და მმართველ ძალაში წესრიგი დაამყაროს ისე, როგორც თავის ერთ-ერთ ფირმაში, კომპანიაში. ჩემი აზრით, მას ასევე სჭირდება ლეგიტიმაცია. როგორც ვიცით, მისი ბევრი მეგობარი ოლიგარქი, მათ შორის, მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორებიც მოყვნენ აშშ-ს სანქციებში და არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი მასთანაც მივიდეს, ამიტომ მას რაღაც სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი სჭირდება ამ ყველაფრისგან თავდასაცავად.
_ ეს ვერ იქნება პარტიის თავმჯდომარეობა, ე. ი. პრეზიდენტობა უნდა?
_ ვერ გეტყვით, პრეზიდენტი, ალბათ, ვერ გახდება, ორმაგი მოქალაქეობის გამო.
_ დათმობს საფრანგეთის მოქალაქეობას.
_ ეგ არ ვიცით, გამოჩნდება, მაგრამ მგონი, ეს არ მოხდება. ის ეცდება, რომ ისევ ვინმე დასვას, მორიგი მარიონეტი გააპრეზიდენტოს და თვითონ რაღაც სამთავრობო თანამდებობას დაიკავებს. ყოველ შემთხვევაში, მზად იქნება ამისთვის _ შემოსულია პოლიტიკურ სცენაზე და როგორც კი რამე დაემუქრება, იმ წუთას დაიკავებს რაიმე თანამდებობას, რომელიც მას დროებით მიანიჭებს იმუნიტეტს. შეიძლება ეს არც დასჭირდეს და შესაბამისად არც მოხდეს, მაგრამ ის თავს იზღვევს და იტოვებს ამის შესაძლებლობას.
_ ვიდრე მორიგი მარიონეტი დაუსვამს, მინდა აზრი გკითხოთ დღევანდელ მარიონეტზე, მარგველაშვილზე, რომელიც, ერთი შეხედვით, კრიჭაში უდგას დღევანდელ ხელისუფლებას, რეალურად კი, როცა საქმე პრინციპულ საკითხზე მიდგება, ის ტიპურ ქოცობას ავლენს…
_ მე ვერ ვიტყვი, რომ მარგველაშვილი ბიძინას სურვილების შემსრულებელია, მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო მკაფიო და მკვეთრი ყოფილიყო მისი მოხსენება პარლამენტში, რაც არ იყო… მას მოჭრილი აქვს უკან მისაბრუნებელი გზა და ვურჩევდი, რომ დარჩენილი ვადის განმავლობაში ბევრად უფრო მკვეთრი და პრინციპული იყოს. რაც არ უნდა კონსტრუქციული გამოსვლები ჰქონდეს, მას ბიძინა უკან არ მიიღებს და მას ბოლომდე დაამცირებენ ბიძინას მარიონეტები. მარგველაშვილმა უნდა შეინარჩუნოს სახე და ბოლომდე პრინციპულად უერთგულოს პრეზიდენტის ვალდებულებებს, ესაა მნიშვნელოვანი.
_ ბოლომდე უერთგულოსო და რასაც აქამდე აკეთებდა, ეს დამაკმაყოფილებელი იყო თქვენთვის?
_ ყოველ შემთხვევაში, იგი რამდენჯერმე არ დაემორჩილა ივანიშვილის აბსოლუტურად არალეგიტიმურ ხუშტურებს…
_ კი, ოღონდ, არაპრინციპულ, მეორეხარისხოვან საკითხებში…
_ პრეზიდენტის სასახლიდან არგამოსვლა არ იყო არაპრინციპული საკითხი, ასევე იგი წინააღმდეგი იყო ერთპარტიული კონსტიტუციისა და არც ეს იყო მეორეხარისხოვანი საკითხი. მართალია, ბოლოს მან ხელი მოაწერა ამ კონსტიტუციას, მაგრამ ესეც მესმის. თქვა, რომ პრეცედენტის შექმნა არ სურდა, რომ ხელმოუწერელი კონსტიტუცია ჰქონოდა ქვეყანას. მარგველაშვილმა გადადგა გამბედავი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვეცოტავება, მეც, მათ შორის, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის მორჩილი პრეზიდენტია, არ არის ასე. ობიექტურობა მოითხოვს, ეს აღინიშნოს. მის ბოლო გამოსვლას პასუხი გასცეს აშკარა შეურაცხყოფით, კორუფციაშიც კი დასდეს ბრალი მას და პრეზიდენტი უნდა მიხვდეს, რომ არ გამოვა მისი და ოლიგარქის შერიგება…
_ ცივილიზებული მსოფლიო 8 მაისს ზეიმობს ფაშიზმზე გამარჯვებას, ჩვენ კი რუსებივით კვლავ 9 მაისს და ამ ყველაფერს, როგორც წესი, თან ახლავს „გეორგიევსკის ლენტები“, ბაიკერები, რუსული პროპაგანდის მომძლავრება…
_ დიახ, ამ პერიოდში ეს ყველაფერი უფრო ინტენსიური ხდება. გეუბნებით, დღევანდელი ხელისუფლება არის საბჭოთა ნარჩენებისა და ნომენკლატურის შთამომავლობის კომბინაცია, ამიტომ ისინი ყველაფერში საბჭოთები არიან, მათ შორის, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნაშიც. ფაშიზმი კი აშკარა და ღია ბოროტება იყო, მაგრამ არანაკლები ღია ბოროტება იყო საბჭოთა იმპერია, რომელმაც დაიპყრო საქართველო, არაერთი სხვა ქვეყანა და შემდეგ აღმოჩნდა გამარჯვებულების მხარეს, თავისუფალ სამყაროსთან ერთად. იმიტომ რომ კრეტინი ჰიტლერი მასაც დაესხა თავს და სტალინმა იგი დაამარცხა თავისუფალ სამყაროსთან ერთად. ძალიან გაუმართლა საბჭოთა რუსეთს, ჰიტლერი რომ დაესხა თავს, ამიტომ არ მოხდა კომუნიზმის გასამართლება, როგორც ფაშიზმი გაასამართლეს და ამის შედეგია დღეს ის უბედურებები, რაც მსოფლიოშია. პუტინი არის გაუსამართლებელი კომუნიზმის პროდუქტი. ამიტომ ჩვენ მაინცდამაინც არ უნდა ვზეიმობდეთ ამ კომუნისტურ დღესასწაულებს. პირველ რიგში, ამან საქართველო გააუბედურა და აუბედურებს დღემდე, ეს არაა სიმბოლური რაღაც უბედურება, რომელიც წარსულში იყო, წარსულში ჩვენ ბევრი მტერი გვყავდა, ფაქტობრივად, ყველა მეზობელი, რაღაც პერიოდში, ომში იყო ჩვენთან, მაგრამ დღეს ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება რუსეთს, იგი დღეს არის მტერი და ამის დაუნახაობა არ შეიძლება. სახელმწიფომ საზღვრიდანვე უნდა გააბრუნოს ყველანაირი ბაიკერები, ყველანაირი პროვოკატორები, რომლებიც ლენტებით შემოდიან ხოლმე. ვიმეორებ: საზღვრიდანვე უნდა გავაბრუნოთ, ეს ელემენტარულია, სახელმწიფომ ეს უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ მათ შეიძლება ორი ცუდი რაღაც გამოიწვიონ: ერთი _ ხალხის დათრგუნვა, დაშინება, ეს ჩვენს საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური შეტევაა, აგრესიული აქტია მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და მეორე _ მათ შეიძლება აქ რაღაც სარს გამოკრან ხელი. რომელიმე დევნილმა ან დაღუპულის ოჯახის წევრმა მათ რაღაც უქნას, უბრალოდ, იმიტომ, რომ ეს ჭრილობა ღიაა და იქიდან დღესაც მოდის სისხლი, ვგულისხმობ მიმდინარე ოკუპაციას ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ არ უნდა დავუშვათ ამგვარი პროვოკაცია და ნება არ უნდა მიეცეთ მათ აქ გასეირნების.
_ ბატონო ნიკა, გაძლიერებულია რუსული პროპაგანდა, ხელისუფლება არათუ არ ებრძვის ამ პროცესს, ხშირ შემთხვევაში ხელსაც უწყობს მას. სადამდე მიიყვანს ეს ქვეყანას?
_ დაბნეულობამდე და კაპიტულაციამდე. ესაა ამ პროპაგანდის მიზანი, რომ დანებდე და უარი თქვა თავისუფლებაზე, უთხრა, რომ მინდა ვიყო შენი კოლონია, შენ დამინიშნე გუბერნატორი და მმართე…. რუსეთის შემოშვება დაშლის საქართველოს, ქვეყნის სხვადასხვა მხარეში დასვამს ერთმანეთზე გადამტერებულ ხალხს, აქ იქნება მართული ქაოსი, ეს არაფრით არ უნდა დავუშვათ, თუ გვაქვს ოდნავი საკუთარი თავისა და საკუთარი ქვეყნის სიყვარული, სკუთარი შვილების მომავალი თუ გვაინტერესებს.
_ სწორედ შვილების მომავალი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ბოლო პერიოდში… ვგულისხმობ ნარკოტიკებით ახალგაზრდების დაღუპვის გახშირებულ შემთხვევებს. რა პროცესთან გვაქვს საქმე? გამოითქვა ეჭვი, რომ ამ ყველაფერშიც რუსების ხელი ურევია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა პროცესებთან გვაქვს საქმე? შეიძლება თუ არა, რომ ეს მართლა იყოს ჰიბრიდული ომის ნაწილი?
_ არა მგონია, ეს უფრო საძაგელი, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ნაწილია, სადაც სახელმწიფოს, უბრალოდ, თავის შეწუხება არ უნდა და ცდილობს, მომხმარებლების დევნის ხარჯზე შეებრძოლოს ნარკომანიას, რაც გამორიცხულია. როდესაც მომხმარებლების დევნას იწყებ, მომხმარებლები იწყებენ შენგან დამალვას და პროცესი სრულიად უკონტროლო ხდება. არამომაკვდინებელ ნარკოტიკებს, წესით, სახელმწიფო უნდა ამოწმებდეს, როგორც ეს კეთდება, ვთქვათ, ჰოლანდიაში, პორტუგალიაში, სადაც ნარკოტიკზე დამოკიდებული ვინც არის, მიდის და სამედიცინო პირობებში იღებს ამ ნარკოტიკს. ჩვენთან ასეთი რამ არაა და ამიტომაც ხვდება და საღდება შავ ბაზარზე ათასი რაღაცა ახალგამოგონილი, იაფი ქიმიკატი, რომელსაც ნარკოტიკებზე მოშიებული მომხმარებლები დაეწაფებიან ხოლმე და კვდებიან დიდი რაოდენობით.
_ კი მაგრამ, ხომ წარმოუდგენელია, რომ ეს ნარკოტიკები ბაზარზე ხვდებოდეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხარდაჭერის ან მათგან თვალის დახუჭვის გარეშე…
_ რა თქმა უნდა, არადა, კომპლექსურად ამ ყველაფერის მიზეზი, რა თქმა უნდა, კორუფციაა, რა თქმა უნდა, უთავბოლობაა და რა თქმა უნდა, პოლიტიკის არარსებობაა, უფრო სწორად, ძალიან ცუდი პოლიტიკის არსებობა. ეს ყველაფერია იმ რეალობის მიზეზი, რომელიც დღეს გვაქვს. იმ ადამიანებს, რომლებსაც ნარკოტიკების მოხმარება უნდათ, უნდა შეეძლოთ ეს, ოღონდ აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში, სახელმწიფო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამ გზით გამოირიცხება ასეთი მავნე ქიმიკატების შემოდინება. როცა ნარკოტიკების მომხმარებელს ეცოდინება, რომ მას შეუძლია რომელიმე საავადმყოფოში მიიღოს შემოწმებული ნარკოტიკი, რომელიც მას არ მოკლავს, ბაზარზე შემოსულ საეჭვო ქიმიკატებს ცხადია, აღარ მოიხმარს. რაც მთავარია, უნდა მოხდეს ნარკომანის დერომანტიზება და ნაკლები ადამიანი წავა ამ გზით. ეს კომპლექსური პრობლემაა, საჭიროა სპორტული ცხოვრების წესის ხელშეწყობა, სწორი ნარკოპოლიტიკა, არარეპრესიული, არამედ მზრუნველობითი და საჭიროა ამ შხამიანი, გაურკვეველი ქიმიკატების შემოდინების წინააღმდეგ ძალიან სერიოზული მობილიზაცია. იმიტომ რომ ეს ასე მარტივად და თავისით არ გაჩერდება. მით უმეტეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ართულებს მათ დეტექციას, გამოვლინებას. ადამიანი ხელით კი არ ყიდის, მიდის, სადღაც ტოვებს, მერე ახალგახსნილი ანგარიშიდან აგზავნის გზავნილს, მომხმარებელი მიდის, იღებს, კვდება და არც იცის, ვისგან იყიდა, არც იცის, რა იყიდა, ძალიან ძნელია ამის დეტექცია, ამიტომ საჭოროა რაღაც ყოვლისმომცველი პოლიტიკის შემუშავება.
_ როდესაც ვსაუბრობთ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე, თუნდაც ლეგალიზებაზე, ერთია, როდესაც ვგულისხმობთ მარიხუანას, მაგრამ ჩვენ ახლა საქმე გვაქვს გაცილებით ფართო სპექტრის ნარკოტიკებთან. რაზე უნდა წავიდეს სახელმწიფო, ყველაფერი ლეგალური უნდა გახდეს?
_ არა, არა, არ უნდა იყოს ყველაფერი ლეგალური, მაგრამ ვინც ამ ნარკოტიკებს მოიხმარს და შეგნებულად უნდა, რომ იყოს ნარკომომხმარებელი, უნდა ჰქონდეს საშუალება, სამედიცინო პირობებში მიიღოს ქარხნული წესით დამზადებული და შემოწმებული ნარკოტიკი და არ მოუწიოს შავ ბაზარზე წასვლა. შავი ბაზარია, რაც კლავს. ამავე დროს, როდესაც ინსტიტუციონალიზებული ხდება ნარკომანია და ნარკომომხმარებელი სახელმწიფოსგან იღებს ამ სერვისს, იქვე უნდა შესთავაზო რეაბილიტაციის საშუალებაც, იქვე უნდა შესთავაზო თავის დანებების პროგრამაც, რომელიც ბევრ ადამიანს გადაარჩენს. დღეს ასეთი რამე არ არსებობს საქართველოში. არის მეტადონის პროგრმა, რომელიც, თავისთავად, კარგია, მაგრამ მიდიან, ამ მეტადონს სვამენ და შემდეგ მეტადონზე გადადიან. ჩანაცვლება ხდება. კი, ეს არ არის ლეტალური, მაგრამ მისი ხანგრძლივი მოხმარებაც კლავს. ცხადია, სულ არაფერს ეს სჯობს, მაგრამ აქაც ცვლილებებია საჭირო, რომ ადამიანს თავის დანებება შეეძლოს. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა საჭირო, მრავალნაირი თერაპია არსებობს: შრომითი, სპორტული, რელიგიური, ბევრი რამაა, რისი გამოყენებაც შეგვიძლია. არაფრის გამოგონება არაა საჭირო, ნარკომანია მარტო საქართველოს ჭირი არაა, იტალიაშია, ჰოლანდიაშია, პორტუგალიაშია ასეთი სარეაბილიტაციო ცენტრები, სწავლა და გაკეთება უნდა.
_ ბოლო პერიოდში ქართულმა სასამართლომ სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო პრეზერვატივებთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით ცხადია, ხელყოფილია გამოხატვის თავისუფლება, არ უნდა აკრძალულიყო, მაგრამ ის, რაც ასაკრძალი არაა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მას აპრიორი ტაში უნდა დავუკრათ? თქვენთვის პირადად რამდენად მისაღებია ძლიერი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს, თამარ მეფის პრეზერვატივზე დახატვა?
_ ეგ კარიკატურა, ეგ მულტფილმი რანაირადაა თამარ მეფე? სისულელეა. ჩემი აზრით, ეს იყო შეგნებული პროვოკაცია, რომელსაც მიზნად ჰქონდა იმის დადგენა, რამდენად დაცულია ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. თავისთავად, შეიძლება ეს ექსტრემალური აქტია, მაგრამ მე აბსოლუტურად არ მაღიზიანებს, იმიტომ რომ ამით, ამ კარიკატურით, ამ მულტფილმის პრეზერვატივზე დახატვით თამარ მეფეს არაფერი აკლდება. ჩემი აზრით, პრეზერვატივს სხვა ფუნქცია აქვს და იქ პორტრეტებს არაფერი ესაქმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა აიკრძალოს. უბრალოდ, ეს გემოვნების ამბავია. ესაა ცუდი ხუმრობა, ცუდი გემოვნება, მაგრამ სიტყვის თავისუფლება იცავს ცუდ გემოვნებასაც, ცუდ ხუმრობასაც, არაპოპულარულ აზრსაც. თუნდაც ცუდი იუმორის, ხუმრობის აკრძალვა დაუშვებელია. მაგრამ ცხადია, არც ამის მოწონების ვალდებულება აქვს ვინმეს. ეგ პირადი საქმეა, ვისაც უნდა, ტაში დაუკრას, ვისაც უნდა, საწინააღმდეგო აზრი გამოხატოს. მე პირადად არანაირი სურვილი არ მაქვს, ტაში დავუკრა ასეთ ცუდ ხუმრობებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ ცუდ ხუმრობებს არსებობის უფლება აქვს. ესაა თავისუფლება. თავისუფლება არ არის ის, რომ რაც ჩვენ მოგვწონს, ის იყოს მხოლოდ დაშვებული. ვიღაცას ჩვენ არ მოვწონვართ, ვიღაცა ჩვენ არ მოგვწონს, ერთმანეთს ხომ ვერ ავკრძალავთ? თავის დროზე ამერიკაში ჯოისის „ულისე“ _ მთელ მსოფლიოში ლიტერატურის უდიდეს მოვლენად მიჩნეული ნაწარმოები _ აკრძალეს, როგორც უხამსი და პორნოგრაფიული ლიტერატურა. შემდეგ უზენაეს სასამართლოში პროცესი მოიგეს და ისევ დაუშვეს „ულისე“, მაგრამ ხომ იყო აკრძალული? იმ წუთის გამეფებული შეხედულებები მუდამ მართალი არ არის ხოლმე, ამიტომ ყოველთვის ჯობია, მეტი თავისუფლება, ვიდრე ნაკლები. ვიმეორებ, რეალურად, თამარ მეფეს ეს ვერაფერს დააკლებს. როგორ შეიძლება, ამ კარიკატურამ რამე დააკლოს თამარს, ამ მართლაც უდიდეს ისტორიულ ფიგურას!
_ პოლიტიკურ პროცესებს რომ დავუბრუნდეთ, როგორ ფიქრობთ, თეორიულად თუ მაინცაა შანსი, რომ ქვეყანაში ისეთივე პროცესები განვითარდეს, რაც მეზობელ სომხეთში მოხდა?
_ სომხეთში სრულიად ბუნებრივი რამ მოხდა, გაიზარდა თაობა, რომელსაც აღარ უნდა პოსტსაბჭოთა ნაგავში ცხოვრება. აბსოლუტურად საბჭოური მეთოდებით იმართებოდა ქვეყანა და ეს გააპროტესტა დიდმა ნაწილმა, წამოზრდილმა თაობამ, პირველ რიგში და უფროსმა თაობამაც, ვინც, უბრალოდ, დაიღალა უპერსპექტივობით. რუსეთის სატელიტად ყოფნა, რეალურად, ძალიან წამგებიანია ქვეყნისთვის. რუსეთის სატელიტობა ნიშნავს იმას, რომ ვერასოდეს გადაასწრებ რუსეთს ვერც განვითარების ტემპში და ვერც დონეში, ყოველთვის იქნები მაჩანჩალა და არასოდეს გაგიშვებს იქამდე, სადამდეც შენ გჭირდება მისვლა. სომხები ამას მიხვდნენ, გამოვიდნენ და ერთობით გადააყენეს თავისი პრორუსი პრემიერი, ამიტომ ეს ძალიან კარგი მოვლენაა და ჩვენზეც აუცილებლად იმოქმედებს. ეს იციან რუსებმაც და სწორედ ამიტომ შემოაგდეს ივანიშვილი უკან სცენაზე ძალით.
_ თუმცა ივანიშვილმა დაინახა ისიც, რომ რუსეთმა ვერაფერი გააკეთა იგივე სარქსიანის დასაცავად, ბაზიდან ვერც კი გამოიყვანა ჯარი, ივანიშვილისთვის ეს სიგნალიც იყო, რომ ვერც მას დაიცავს რუსი. მით უმეტეს, აქ ჯარის შემოყვნაა საჭირო და არა უბრალოდ ყაზარმიდან გამოყვანა.
_ რა თქმა უნდა, როცა მთელი ერი ერთიანდება, ვერანაირი უცხო ძალა ვერ ჩაერევა, თუნდაც იმიტომ, რომ მათ მიერ ამ ფორმით მხარდაჭერილი ლიდერი ლეგიტიმურობას ვერანაირად მოიპოვებს. რუსის ხიშტებით 21-ე საუკუნეში კოლაბორაციონისტები ვერ გაიმარჯვებენ. ახლა მთავარია, საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რომ უმოქმედობით, შეგუებით, ნიჰილიზმით, გულგრილობით სიტუაცია მათთვის, უფრო და უფრო, დამძიმდა, ამიტომ აუცილებელია, რომ რაციონალურად ვიაზროვნოთ, მივხვდეთ, რომ მოქმედება აუცილებელია პირობების გასაუმჯობესებლად. საზოგადოება უნდა ენდოს იმ ლიდერებს, რომელთაც საქმის გაკეთება შეუძლიათ და სჯეროდეს საკუთარი ძალების. უნდა გვჯეროდეს ჩვენი ძალების. ესაა აუცილებელი. სომხეთმა მოახერხა, ჩვენც მოვახერხებთ, იმიტომ რომ ეს უპასუხისმგებლო, ანგარიშვალდებულების არმქონე ოლიგარქატი ჩვენთან არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, უნდა დამთავრდეს და ხაზს ვუსვამ: უნდა დამთავრდეს რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მშვიდობიანად. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შურისძიებით დავკავდეთ. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მოუწევთ ხელისუფლების დათმობა და ამას რაც უფრო მშვიდობიანად გააკეთებენ, მათთვისაც და ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ქვეყანას ჩვენ ისე არ მოვექცევით, როგორც ეგენი მოექცნენ, პოლიტიკურ დევნას არ გამოვაცხადებთ. მე პირადად ამის წინააღმდეგი ვარ, ეს უნდა დამთავრდეს ქვეყანაში. ხელისუფლების ცვლილება არ უნდა ნიშნავდეს ჭინკებზე ნადირობას პოლიტიკური ნიშნით, არ შეიძლება. ერთადერთი, ვინც ვერ იქნება ამისგან დაცული, არის ის, ვინც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და, უბრალოდ, არღვევს ჩვენს კონსტიტუციას.
ვიმეორებ, ჩვენ მშვიდობიანად, წყნარად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, თუ ის ამის საშუალებას მისცემს საკუთარ ხალხს, თუ არ მისცემს, მაინც შეიცვლება და მათთვის უარესი შედეგებით. პროგრესს, წინსვლას, თავისუფლებას წინ ვერაფერი დაუდგება. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ეს პოსტსაბჭოთა რევანში და საბჭოთა ნომენკლატურის ნარჩენების მმართველობა. ამის ფუფუნება ჩვენს ქვეყანას არ აქვს! დროა, დაკარგული წლები ავანაზღაუროთ სერიოზული, მუხლჩაუხრელი, პატიოსანი, თავდაუზოგავი შრომით, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ განთავისუფლდეს ამდენი დაგროვილი პრობლემისგან, რაც განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო 6 წლის განმავლობაში.

რეზო შატაკიშვილი