„ივანიშვილს საზღვარგარეთ წასვლის ძალიან ეშინია და თუ გასვლა მოუწევს, ურჩევნია, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდეს!“

არ ვამბობ, რომ ყველაფერი, რასაც ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ამბობს, ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა, თუმცა მისი ვერსიები და ვარაუდები გარკვეულ ლოგიკას ემყარება. ასე რომ, წინამდებარე ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ პასუხი, შესაძლოა, ბევრ კითხვაზე იპოვოთ. მაგალითად, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებას სხვა თვალით შეხედოთ და იმ მოსაზრებასაც გაემიჯნოთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ხალხზე ზრუნვის მოტივით დაბრუნდა.

მოკლედ, გაწირავას თუ არა მმართველ პარტიას? რისი შეეშინდა და რა საფრთხის წინაშე დგას „ოცნების“ შემქმნელი? სად გაიცნო ბაშარ ასადი და რა ურთიერთობა აქვს ნიკოლ პაშინიანთან? _ „ქრონიკა+“ ყოფილი ფორუმელის, ისტორიკოს გუბაზ სანიკიძის სკანდალურ ინტერვიუს წარმოგიდგენთ:

_ ბატონო გუბაზ, პოლიტიკასა და „ოცნების“ კულუარებშიც კარგად ერკვევით. ჰოდა, რა გვჭირს, გვეშველება?
_ „ოცნების“ კულუარების სპეციალისტი არ ვარ და, სხვათა შორის, წარმოდგენა მაშინაც არ მქონდა, როცა კოალიციაში ვიყავით.
_ შეიძლება, მაგრამ ივანიშვილის ფსიქოლოგიას ხომ იცნობთ?
_ ნაკლებად… ისე, თვითონაც არ იციან, „ოცნებაში“ რა ხდება და როცა თვითონ არ იციან, რა ხდება, მე საიდან უნდა ვიცოდე? მოკლედ, „ოცნების“ საკითხებში ექსპერტი არ ვარ!
_ სამაგიეროდ, გეოპოლიტიკის ექსპერტი ხართ…
_ ამ მხრივ მოკრძალებული პრეტენზია მაქვს.
_ ჰოდა, ის, რაც მმართველ გუნდში ხდება, თუნდაც ივანიშვილის დაბრუნება, არ მგონია, ვიწრო პოლიტიკური ამბავი იყოს…
_ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, გარე ფაქტორები მოქმედებს. შეიძლება, ადრეც ფიქრობდა, მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნების დაჩქარებას მაინც სომხეთის ამბებთან ვაკავშირებ.
_ სომხეთის ამბები ივანიშვილის მეორედ მოსვლასთან რა კავშირშია?
_ რა კავშირშია და სომხეთშიც ავტოკრატიული მმართველობა იყო. ისე, სერჟ სარქისიანის ხელისუფლება გაცილებით მყარი გახლდათ, ვიდრე ბიძინას ხელისუფლებაა საქართველოში. ასევე, სარქისიანის პერსონაც უფრო მყარი და ძლიერია, ვიდრე _ ბიძინა ივანიშვილი.
_ შეიძლება, მაგრამ სარქისიანი ხელისუფლებაში ოფიციალურად იყო, ივანიშვილს კი სახელისუფლებო თანამდებობა ოფიციალურად არ უკავია…
_ მეც სწორედ ამას ვამბობ, რომ სარქისიანის პოზიციები უფრო სერიოზული გახლდათ _ ხელისუფლებაში იყო, სტატუსი ჰქონდა, ქვეყანასაც აკონტროლებდა, ჩრდილოეთიდან, კერძოდ, რუსეთიდან მხარდაჭერაც ჰქონდა, ჯარიც მისი იყო, უშიშროებაც და პოლიციაც, მაგრამ ბოლო დროს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. საერთოდ, სარქისიანის პარტიის წევრების უმეტესობა ყარაბაღშია ნაბრძოლი და გამობრძმედილია. ყარაბაღში სარქისიანიც ომობდა, ანუ სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ ხელისუფლებას მაინც ჩამოაცილეს.
საერთოდ, ბევრი შეთქმულების თეორიას მიჰყვება _ ქართველებს გვგონია, რომ საიდუმლოების ამოცნობის რაღაც უნარი გვაქვს, მაგრამ, სინამდვილეში, საქმე უფრო მარტივადაა.
_ მაინც, როგორ მარტივად?
_ როგორ და, _ სომხეთში ხალხი აჯანყდა, რასაც არც რუსები ელოდნენ და არც _ ამერიკელები.
_ ანუ სომხეთში პროტესტი ორგანიზებულად არ დაწყებულა?
_ არა, ამას სტიქიური ხასიათი ჰქონდა.
_ აჯანყების სტიქიურად დაწყება შესაძლებელია?
_ რა თქმა უნდა. თქვენ, რა, გგონიათ, რომ, მაგალითად, საფრანგეთის რევოლუცია ვინმემ დაგეგმა? ბასტილია ისე აიღეს, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა… მოკლედ, სარქისიანმა ხალხს ყელში ამოუყვანა, თან პირობა ჰქონდა დადებული, რომ ორი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ ხელისუფლებას დატოვებდა, მაგრამ, ელემენტარულად, მოიტყუა. სომხები ჩვენი მეზობლები არიან, მათ ზომაზე მეტად კარგად ვიცნობთ და ისინი ჩვეულებრივები არ არიან, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ასეთ სიტუაციაში სერიოზული კონსოლიდირება შეუძლიათ.
ერთი სიტყვით, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ამ გამოსვლას სათავეში ჩაუდგა.
_ ფაშინიანს საიდან იცნობთ?
_ პარლამენტიდან… საკმაოდ ნიჭიერი, განათლებული და პრინციპული კაცია. ორჯერ ციხეშიც იჯდა, ოღონდ კრიმინალის გამო კი არა, პოლიტიკურ ნიადაგზე. ფაშინიანს, რომელიც ლევ ტელპეტროსიანის კადრია, სუფთა წარსული აქვს. მართალია, ტელპეტროსიანი ასაკის გამო პოლიტიკას ჩამოცილებულია, მაგრამ თანამედროვე კავკასიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და გაწონასწორებული პოლიტიკური ფიგურაა, რასაც მისი მტრებიც აღიარებენ.
_ ე. ი., შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფაშინიანი კონსულტაციებს ტელპეტროსიანისგან იღებდა?
_ არა, არა. უბრალოდ, ფაშინიანი სათავეში მოექცა. საერთოდ, როცა ბუნტი ხდება, მას მეთაური სჭირდება და ამ როლისთვის ფაშინიანი თითქმის იდეალური აღმოჩნდა.
_ სხვათა შორის, გარკვეული ქარიზმაც აქვს _ „ზურზაკი“ და რამე…
_ დიახ… კორუფციაში გარეული არასოდეს ყოფილა, თან კარგი ტრიბუნი, ორატორია და ქუჩაც კარგად იცის.
_ სომხეთის დღევანდელ მოვლენებსა და „ვარდების რევოლუციას“ შორის პარალელის გავლება შეიძლება?
_ დიახ, შეიძლება _ მაშინ საქართველოშიც ხელისუფლება თითქმის ქუჩაში ეგდო და კარგად გემახსოვრებათ, სააკაშვილზე უკეთესი პოზიციები ჟვანიას ჰქონდა, მაგრამ ჟვანიამ რევოლუციის ლიდერობა საკუთარ თავზე ვერ აიღო.
_ რატომ ვერ აიღო?
_ პოლიტიკაში ქუჩის მართვა ძალიან რთული ხელოვნებაა და ამის უნარი ყველას არ გააჩნია. ვიმეორებ: მაშინ საქართველოში ხელისუფლება ქუჩაში ეგდო და შეეძლო, შალვა ნათელაშვილსაც აეღო, მაგრამ სააკაშვილმა დაასწრო. სხვათა შორის, ასეთ დროს ყველაფერს წუთი კი არა, წამი განსაზღვრავს…
_ არადა, მაშინვე ითქვა, რომ „ვარდების რევოლუციის“ უკან თითქოს ამერიკელები იდგნენ. მოკლედ, ბატონო გუბაზ, თქვენი ვერსიით, სომხეთში რევოლუცია ხალხმა მოაწყო. ჩვენთან?
_ სომხეთის ამბებს უფრო სპონტანური ხასიათი ჰქონდა, თან არ დაგავიწყდეთ, რომ ფაშინიანი ოპოზიციის აღიარებული ლიდერი არ ყოფილა _ შვიდპროცენტიანი პარტიის წარმომადგენელი გახლდათ, მაგრამ ვითარების სათავეში მოექცა. გახსოვთ, ჩაუშესკუ როგორ დაამხეს? _ 200-ათასიანი მიტინგი თვითონ მოაწყო, სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ქვეყნისთვის ყველაფერ კარგს გააკეთებდა, მაგრამ ხალხიდან ვიღაცამ დაუძახა, სისხლის მსმელოო და… „გასკდა“.
რაც შეეხება სომხეთის მოვლენებს, უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში სტიქიურად გამოვიდა.
_ უკმაყოფილების მთავარი საბაბ-მიზეზი რა იყო?
_ რა და სარქისიანის ტყუილი, რასაც არნახული კორუფცია და სიდუხჭირეც დაემატა. სხვათა შორის, მარცხს არ დავარქმევ, მაგრამ ხალხი მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ იყო აზერბაიჯანელებთან ბოლოდროინდელი შეტაკებით _ მაშინ აზერბაიჯანელებმა სომხებს ოთხი სოფელი დაათმობინეს. შესაბამისად, სომხებმა დაინახეს, რომ აზერბაიჯანის არმია ადრინდელზე გაცილებით ძლიერი და ორგანიზებულია. ისე, აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი თითქმის სომხეთის ბიუჯეტს უტოლდება… სარქსიანის ხელისუფლების მიმართ ფაშინიანისა და, საერთოდ, ოპოზიციის ერთ-ერთი მთვარი ბრალდება ისაა, რომ სარქსიანმა აზერბაიჯანთან სამხედრო პარიტეტი ვერ შეინარჩუნა და მას საყვედურობდნენ, კი ბატონო, რუსეთი ჩვენი მეკავშირეა, „ო-დე-კა-ბე“-ს წევრიც ვართ და რუსეთთან საერთო უსაფრთხოების სისტემაში ვართ, მაგრამ რუსეთი აზერბაიჯანზე იარაღს პერიოდულად რატომ ყიდისო?!
_ სომხეთის მოვლენებს ბიძგი მაინც ნაციონალურმა მოტივმა მისცა, არა?
_ რა თქმა უნდა _ პროტესტი, სოციალურ საკითხებთან ერთად, ქვეყნის ეროვნულმა ინტერესებმაც განსაზღვრა. ამას დაერთო სიდუხჭირე და ოლიგარქიის მართვა. დიახ, სომხეთში ხალხი ოლიგარქატის წინააღმდეგ გამოვიდა, რაც ჩვენთვის საგულისხმოა.
_ ჩვენთვის საგულისხმო რატომაა, ბატონო გუბაზ?
_ რატომაა და, _ საქართველოსაც, პრაქტიკულად, ოლიგარქია მართავს!
_ არ დაგავიწყდეთ და ამ ოლიგარქიას ხალხმა ხელისუფლება 2012 წელს აბსოლუტური ნდობითა და სიხარულით გადასცა!..
_ თქვენ წარმოიდგინეთ, თავის დროზე, სარქსიანიც ასეთი ნდობით მოიყვანეს. ჩემი ინფორმაციით და ამას სომეხი ექსპერტებიც ადასტურებენ, სარქსიანი მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს სომეხად ითვლება. მეტიც, იმასაც ამბობენ, რომ სარქსიანს ივანიშვილზე მეტი ფული აქვს.
_ სერიოზულად?
_ დიახ, სერიოზულად. ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და, როგორც ყველა ნიჭიერ ბიზნესმენს, საფრთხის გრძნობა აქვს გამახვილებული და საფრთხე იგრძნო.
_ ანუ ივანიშვილმა იგრძნო, რომ შეიძლება, საქართველოშიც გამოვიდეს ხალხი ქუჩაში?
_ დიახ, თან ივანიშვილს დასავლეთთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდა _ „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნა დიაგნოზია! თავს ვერ დავდებ, რომ ნამდვილად ასეა, მაგრამ ინფორმაცია მაქვს, რომ ივანიშვილს ურთიერთობა რუსებთანაც გაუფუჭდა!
_ რის ნიადაგზე?
_ რაღაცების გამო.
_ ფინანსური მოტივით?
_ არა, სხვა რაღაცების გამო. როცა ამერიკელსაც ჰპირდები და რუსებსაც, მერე თამასუქების გასწორება გიწევს, ამიტომ მის თავზე ღრუბლები იყრის თავს. ამას დაამატეთ მის გარშემო შეკრებილი კადრები _ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ისე შევა, როგორც ყველაზე არაეფექტიანი მენეჯერი კადრების შერჩევაში. მან ბანკის მუშაკები შეარჩია, მაგრამ ბანკის მუშაკები ქვეყანას ვერ მართავენ! საქართველო ბანკი არაა, თუმცა მას ჰგონია, რომ საქართველო რაღაც საშუალო დონის ბანკია და ეს ქვეყანა, ალბათ, შეფასებულიც აქვს, მაგრამ რიტორიკულ კი არა, მარტივ შეკითხვას ვსვამ: როცა საქართველოს აფასებ, დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა რა ღირს, ანუ ბიძინამ რამდენად შეაფასა? დადის ხმა, რომ დღეს საქართველოს ყიდვა 4 მილიარდად შეიძლება, ანუ საქართველოს ქოება ვიღაცამ შეიძლება, 4 მილიარად იყიდოს. ეს ვიღაც შეიძლება, უცხოელიც იყოს, მაგრამ იმ უცხოელმა ხომ არ იცის, იგივე დავით აღმაშენებლის საფლავის ქვას, რომელიც, სხვათა შორის, გაბზარულია, ჩვენთვის რა ფასი ადევს ან რა ღირს სვეტიცხოველი თუ ქართველი ერის მეხსიერება?
_ ქართველ ერს მეხსიერება ისევ აქვს?
_ რაღაც ნაწილს აქვს და საქმეს ეყოფა! საერთოდ, საქმეს ყოველთვის უმცირესობა, ადამიანების ჯგუფი აკეთებს და არა _ მასა. ისტორიასაც პერსონები ქმნიან! ისტორია პერსონების აღლუმია!
_ კი ბატონო, მაგრამ დღევანდელი საქართველო ისტორიას, ალბათ, ვერ შექმნის, რამეთუ პერსონები არ გვყავს!
_ დიახ, არ გვყავს, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ფიზიკისა არ იყოს, პოლიტიკასაც თავისი კანონები აქვს. არ ვიცი, ბიძინა რას იზამს, მაგრამ დღეს სახელისუფლებო ვაკუუმია და შეეცდება, ეს იგი შეავსოს!
_ ანუ ივანიშვილი პოლიტიკაში სახელისუფლებო ვაკუუმის შესავსებად დაბრუნდა?
_ დიახ, რა თქმა უნდა!
_ კი მაგრამ, ივანიშვილი ხელისუფლებაში კი არა, პოლიტიკაში დაბრუნდა და სახელისუფლებო ვაკუუმი როგორ უნდა შეავსოს?
_ მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა ხელისუფლება არ არის? ან, საერთოდ, წასული იყო? ახლა სახელი დაირქვა! ვეჭვობ, რომ ივანიშვილმა, შეიძლება, პრეზიდენტობაზეც იყაროს კენჭი!
_ ხმა დადის, „ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ უპოვიაო…
_ გარდა ამისა, ივანიშვილს გარანტია უნდა, რომ ხუთი წელი ხელს ვერავინ მოჰკიდებს.
_ ხელს „ვერავინ“, ანუ უცხოეთი ვერ მოჰკიდებს?
_ დიახ, ის უცხოეთზეა ორიენტირებული. დააკვირდით, რას აკეთებს ინგლისის ხელისუფლება.
_ რას აკეთებს?
_ რას და, _ ოფშორების დახურვა დაიწყო და ეს ყველა სახელმწიფოს შეეხება! მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში მდიდრები ზღვარს გადავიდნენ და ევროპის რიგითი მოქალაქე ამბობს, სახელმწიფო გადასახადებს რომ მახდევინებს და ცხრა პირ ტყავს მაძრობს, მდიდარს ქონება ოფშორში რომ აქვს და არაფერს იხდის, ეს როგორი სამართლიანობააო? დღეს მსოფლიომ მარცხნივ გადახრა დაიწყო იმიტომ, რომ მდიდრებმა კაცობრიობა გააღატაკეს, თვითონ კი წარმოუდგენლად მდიდრდებიან! შუა ფენა მთელ მსოფლიოში შემცირდა, საქართველოში კი საერთოდ არ არსებობს. ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ. ამიტომ ივანიშვილი იძულებული გახდა, ასპარეზზე გამოსულიყო, თორემ სხვა შემთხვევაში ხეების გლეჯას გააგრძელებდა და გაერთობოდა, მაგრამ ხიფათი იგრძნო! დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოჩენა სწორედ სომხეთის ფაქტორმა დააჩქარა!
_ ივანიშვილს, განა, არ შეეძლო, იგივე პრეზიდენტობის კანდიდატი პოლიტიკაში დაბრუნების გარეშე გამხდარიყო?
_ არ შეეძლო.
_ რატომ?
_ საფეხური სჭირდებოდა. ნახეთ, როგორ დაიდგა წარმოდგენა _ თითქოს „ოცნებამ“ სთხოვა, მობრუნდი, რა, პარტიაშიო. ახლა, შეიძლება, მეორე სპექტაკლიც დაიდგას, აი, ეხვეწებიან, _ გვესმის, რომ პრეზიდენტობა არ გინდა, მაგრამ მიდი, რა, გეხვეწებით, იქნებ, სათავეში ჩაგვიდგეო.
_ გავყვეთ ივანიშვილის გაპრეზიდენტების ვერსიას: პრეზიდენტი რომ გახდეს, ოფშორებში ანგარიშებს ვეღარ გაუყინავენ?
_ ძალიან რთული იქნება, რადგან სახელმწიფოს პირველ პირებს საერთაშორისო სამართალი იცავს!
_ ე. ი., ხუთწლიანი პრეზიდენტობით ივანიშვილი დროს მოიგებს?
_ რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, რომ თავისი საქმეების მოგვარებას „ოცნებასაც“ შესწირავს და ყველაფერსაც. ივანიშვილი „ოცნებას“ სასუქად გამოიყენებს! აი, იმათ, პოლიტსაბჭოში რომ დატოვა და ეს ახალშობილი ხბოებივით რომ უხარიათ, სასუქად გამოიყენებს!
_ ბატონო გუბაზ, ყველაფერ აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ თავის დროზე ივანიშვილი პოლიტიკაში რატომ მოვიდა, რა მიზანი ჰქონდა?
_ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მიზანი სააკაშვილის გაშვება იყო და გაუშვა, ოღონდ ივანიშვილი მარტო არ ყოფილა _ ჩვენც იქ ვიყავით. ვიღაცები ამბობენ, აი, თქვენ რომ მიხვედით ბიძინასთანო, მაგრამ ჩვენ კი არ მივედით ბიძინასთან, ბიძინა გადმოვიდა ჩვენს მხარეს. ოპოზიციას კონსოლიდაციის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, რაც ბიძინამ მოაგვარა, რაზეა საუბარი; თავიდან ძალიან კოლეგიალური იყო და სხვებსაც უსმენდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კომფორტისკენაა მიდრეკილი _ ურჩევნია, გენიოსი ეძახო, ვიდრე უთხრა, ეს საქმე არ ვარგა და არ გამოდისო. მისი გარემოცვაც ამაზე მეტყველებს _ გარშემო მაამებლები და მლიქვნელები ჰყავს!
_ თუ დღეს ივანიშვილს ურთიერთობა ამერიკელებთანაც გაუფუჭდა და რუსებთნაც, თავის დროზე, რომელი ქვეყნის თამაშს თამაშობდა?
_ როგორც ახლა ჩანს, თავის თამაშს თამაშობდა და ახლაც ამ თამაშს აგრძელებს, მაგრამ ახლა 2012 კი არა, 2018 წელია და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! ადამიანი, როგორც მანქანა, ცვდება ხოლმე. ცვეთა მსოფლიოს ისტორიაში ისეთ გრანდიოზულ მოვლენებსაც აქვს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია.
_ ივანიშვილი „მსოფლიოს გრანდიოზული მოვლენაა“?
_ ასე თვითონ ჰგონია…
_ რა ამის პასუხია და, ზოგი ამბობს, მართლია, შიდა პოლიტიკა „გადაყირავდა“, მაგრამ სომხეთი საგარეო კურსს არ შეიცვლის და ისევ ჩრდილოეთზე იქნება დამოკიდებულიო…
_ სომხეთის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა, მაგრამ არსებობს სიტყვა „მაგრამ“. ჩვენ ძალიან დიდი პროცესის დასაწყისის მომსწრეები ვართ. პაშინიანს წარმატებას თუნდაც იმიტომ ვუსურვებ, რომ ჩემი მეგობარია, თუმცა მას ბევრ პრობლემას შეუქმნიან, მაგრამ მარტო არაა _ მის უკან უძლიერესი სომხური ემიგრაცია დგას.
_ ე. წ. აშშ-ის სომხურ ლობის გულისხმობთ?
_ რა თქმა უნდა. ამერიკული სომხური დიასპორა ყოველთვის ანტირუსული იყო და ახლაც ასეა. ამ სომხურ ლობის, თავის დროზე, სარქსიანთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
_ პაშინიანისგან განსხვავებით, ვერ ვიტყვით, რომ ივანიშვილს მსოფლიოში ლობი ჰყავს, არა?
_ დიახ, ვერ ვიტყვით. ივანიშვილს ლობი არ ჰყავს. სააკაშვილის მსგავსად თავიდან ცუდი პროექტი არც ივანიშვილის პროექტი იყო, მაგრამ ეს შანსი გავუშვით _ სამწუხაროდ, პერსონები ვერ „ქაჩავენ“, რა! საქართველომ ექვსი წელი ისევ დაკარგა და ჩვენთვის ყველაზე მძიმე სწორედ ისაა, რომ დროს ვკარგავთ! ჰოდა, პროცესი იქითკენ მიდის, რომ ბიძინაც მარტო დარჩება _ ყველა, ვინც გარშემო ახვევია, მიატოვებს და ყველაფერი მას დაბრალდება! ამ ვითარების ავტორი თვითონაა, მაგრამ ყველაფერში დამნაშავე ნამდვილად არაა!
სხვათა შორის, ამის შესახებ ვუთხარი და მასთან პირნათელი ვარ! ბოლოს, ვუთხარი, თუ საერთოდ არ გაიწევით, ყველა ცუდი ამბავი თქვენ დაგბრადებათ-მეთქი.
_ რა გიპასუხათ?
_ ასეთი რამ ჩემთვის არავის უთქვამსო.
_ ანუ არ დაგიჯერათ?
_ არა, არა… მოეწონა. იმასაც გეტყვით, რომ ჩაფიქრდა. გულში ვიფიქრე: „ამას ვინ გეტყოდათ, ყველა რაღაცას „ჩაილიჩობს“-მეთქი…“ ის რომ გაწეულიყო, არბიტრად დარჩებოდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში არც ერთი პარტიის სასარგებლოდ არ უნდა ჩარეულიყო. უნდა გამოსულიყო და ეთქვა, ხალხო, ვინც მოგწონს, ხმა იმას მიეციო, მაგრამ მის ინტერესში ეს არ შედიოდა, რადგან უნდა, გარანტია ჰქონდეს.
სხვათა შორის, შეიძლება, ვცდები, მაგრამ მექმნება შთაბეჭდილება, რომ საზღვარგარეთ წასვლის ძალიან ეშინია და თუ გასვლა მოუწევს, ურჩევნია, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდეს!
_ სომხეთის რევოლუციას სირიის მოვლენები უსწრებდა. პარალელი აქაც არსებობს?
_ არა, მაგრამ ერთმანეთს დაუკავშირდება.
_ როგორ?
_ ერთ ფაქტს გეტყვით: სომხეთში გამოსვლები რომ დაიწყო, მხოლოდ რუსები კი არა, ამერიკელებიც დაიბნენ და ახლა ცოტა აზრზე მოდიან. სომხეთის რევოლუციის ხიბლიც სწორედ ეს არის, რომ ყველა დაიბნა _ სომხები კონტექსტიდან ამოვარდნენ და ახალი ვითარება შექმნეს!
_ ახალი ვითარება მხოლოდ ამიერკავკასიაში შექმნეს თუ მთელ მსოფლიო პოლიტიკაში?
_ ზოგადად. სომხეთი ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ქვეყნად ითვლებოდა: თასავლეთი მიიჩნევდა, რომ ის რუსეთის წილია, რუსეთიც ფიქრობდა, ჩემია და ხელი არავინ მოკიდოსო, მაგრამ სიტუაცია „აიჭრა“. ამიტომ დანამდვილებით ვიცი, რომ აშშ-ის კონგრესში სომხეთის ამბებს დახურული სხდომა მიუძღვნეს, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სომხურ დემოკრატიას დაეხმარონ და ეს დახმარება უკვე დაიწყეს.
_ დახმარებაში ფინანსები იგულისხმება?
_ აბსოლუტრად ყველაფერი. სომხური ემიგრაცია და სათვისტომოც სერიოზულ ფორმაშია, ანუ პაშინიანი მარტო აღარაა და ახლა სერიოზული ბრძოლა იქნება რუსებსა და ამერიკელებს შორის, რომ იქნებ, სომხეთი ერთმანეთს „აახიონ“. ნაკლებად მჯერა, მაგრამ თუ ამერიკელებმა რუსებს სომხეთი „აახიეს“, ანუ თუ სომხეთმა რუსეთს უგანა, რუსეთი სირიას დაკარგავს.
_ რატომ?
_ სირიის რუსული სამხედრო ბაზები, უმეტესწილად, გიუმრის სამხედრო ბაზიდან მარაგდება, ამიტომ ყველაფერი ეს ერთმანეთს გადაება.
_ სირიაში განხორციელებული ამერიკული საჰაერო იერიში, რომელიც სომხეთის ამბებს უსწრებდა, რისი დემონსტრირება იყო?
_ ეს დარტყმა აბსოლუტურად გაუგებარი იყო. დასავლეთმა ძალიან დიდი სისულელე ჩაიდინა _ ჯერ ერთი, დაცლილ სამხედრო ბაზებს ესროლა; მეორეც, თუ ურტყამ, უნდა გაანადგურო, მაგრამ აი, რუსეთი უნდა შევაშინოო. მერე დასხდნენ და რუსებმაც და ამერიკელებმაც ტრაექტორიები განსაზღვრეს…
_ რუსეთისა და აშშ-ისთვის სომხეთი უფრო მნიშვნელოვანია თუ სირია?
_ რა თქმა უნდა, ორივე! ეს უკვე ერთ კონტექსტშია _ თავიდან არა, მაგრამ სირია და სომხეთი ერთმანეთს ახლა გადაება!
_ ისე, როგორც ვიცი, სირიის ლიდერ ბაშარ ასადთან მეგობრობთ, არა?
_ არა, არ ვმეგობრობ, მაგრამ ოთხჯერ შევხვდი. 1987 წელს გავიცანი, მაშინ პატარა ბიჭები ვიყავით.
_ ასადი სად გაიცანით?
_ დამასკოში _ საბჭოთა კავშირის საელჩოში ორჯერ მოვიდა, მერე ლევან საღარაძის ოჯახშიც მოვიდა. მოკლედ, მეგობრები არ ვართ, მაგრამ ევროპულად გაზრდილი ნორმალური „ტიპია“. უნდა ნახოთ, მისი მეუღლე, ასმა ასადი როგორი ქალბატონია. სხვათა შორის, თავის დროზე, ბაშარი და ასმა ასადი დასავლეთის ფავორიტები იყვნენ. მეტიც, ფრანგებმა, რომლებიც დღეს სირიას ბომბავენ, საპატიო ლეგიონის ორდენი მისცეს, რომელიც ასადმა ფრანგებს ახლა უკან დაუბრუნა.
სირიის ამბები ორი მიზეზით დაიწყო: პირველი და მთავარი გაზის ტრანსპორტირებაა _ მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ფიქალის გაზის დამუშავება დაიწყეს, ე. წ. გალფის ქვეყნებში გაზის ექსპორტირების პრობლემა გაჩნდა. გაზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგი ყატარს აქვს, ამიტომ მთავარი მომხმარებელი ევროპა უნდა გახდეს. მოკლედ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გაზი ევროპაში ხმელთაშუა ზღვის პორტებიდან გაეტანათ, ხმეთლაშუა ზღვაში კი ყველაზე კარგი პორტები სირიას აქვს. ჰოდა, „დავაი“, „არაბულ გაზაფხულს“ ბაშარ ასადიც მივაყოლოთო.
_ დასავლეთი, რომლის ფავორიტიც ასადი იყო, მას რატომ არ მოელაპარაკა?
_ მარტივი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, დასავლეთის ამპარტავნება და მეორე _ ასადზე სერიოზული გავლენა ირანსა და რუსეთს ჰქონდა, ანუ მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთი და ირანიც უნდა დამსხდარიყვნენ, ეს კი დასავლეთს არ უნდოდა და ასადის დამხობაც ამიტომ გადაწყდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის ნახევარი, ყველა რელიგიური და ეროვნული უმცირესობა, ბაშარ ასადის მხარეს დადგა. სირიას ალავიტები მართავენ. ალავიტები რელიგიური უმცირესობაა. ალავიტები შიიტებად მიიჩნევიან, თუმცა მე, როგორც სპეციალისტი, ვამბობ, რომ შეიძლება, შიიტები არც არიან. სხვათა შორის, ალავიტები ქრისტიანობასთან ძალიან მჭიდრო კავშირში არიან _ ქრისტიანულ ტაძრებში ლოცულობენ. მოკლედ, სირიას ალავიტების კლანი მართავდა, არმიის გენერალიტეტიც ამ კლანის მიერ იყო დაკომპლექტებული. ტრადიციულად, ალავიტები ფრანგებთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ფრანგებმა გაყიდეს და ასადიც იძულებული გახდა, რუსეთსა და ირანს დაყრდნობოდა.
_ იმას ამბობთ, ბატონო გუბაზ, რომ ასადი დიქტატორი არაა?
_ ავტოკრატია.
_ ფაქტია, რომ ქიმიურ იარაღს იყენებს…
_ კარგი, რა! საბუთი დადონ! ჩემს პოზიციას თავი რომ გავანებოთ, რომის კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური განცხადება არსებობს, რომ საკმარისი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. კათოლიკური ეკლესია, მგონი, „ფე-ეს-ბე“-ს ფილიალი არაა!
ისე, ჩემი თეორიით, ასადს წასვლა შეიძლება, ძალიანაც უნდა, მაგრამ იმიტომ ვერ მიდის, რომ ალავიტური კლანის მძევალიცაა და არ გაუშვებენ _ ალავიტები მოკლავენ, რადგან ასადის წასვლა უმრავლესობის ჩამოშლას ნიშნავს და სუნიტები ალავიტებს ფიზიკურად გაანადგურებენ!
მოკლედ, ძალიან ჩახლართული ვითარებაა, თან ამ პრობლემატიკის მცოდნეს სპეციალური განათლება სჭირდება.
_ ბატონო გუბაზ, წეღან ირანი ახსენეთ. თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა ირანთან უვიზო რეჟიმი შემოიღო…
_ კი, შემოიღო, მაგრამ მერე ირანელი ფიზიკოსი დაიჭირა და ამერიკელებს გადასცა…
_ ჰოდა, ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებით, როგორც მაშინ ზოგი ამბობდა, ხელისუფლება აშშ-ს დაუპირისპირდა…
_ მე პირიქით მგონია.
_ ანუ?
_ ანუ ამით ამერიკელებისა და ირანის ურთიერთობაში დამატებითი არხი გაჩნდა.
_ ირანთან უვიზო რეჟიმი „ოცნებამ“ გააუქმა…
_ დიახ, „ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, აბსოლუტურად გაუმართლებლად, ირანთან სავიზო რეჟიმი შემოიღო, რაც ირანელებმა მტრობად მიიჩნიეს.
_ „ოცნებამ“ ირანთან სავიზო რეჟიმი რის გამო შემოიღო?
_ რაღაცას აჰყვა _ აი, შეგვჭამესო. ბიძინამ სომხეთი არ იცის და ირანი საიდან ეცოდინებოდა? როცა უვიზო რეჟიმი გააუქმეს, მე არ ვკურირებდი, მერე კი მე გამოვასწორე _ თეირანში რვაჯერ ჩავედი, რათა ურთიერთობა დამელაგებინა. საერთოდ, ირანის გადაკიდებას, ჯობია, ნახევარი მსოფლიო გადაგეკიდოს!

გიორგი აბაშიძე