ნარკოლოგი: “მეფედრონის შემადგენლობა არ არის გაშიფრული, რის გამოც მკურნალობა ძნელია…”

„ქრონიკა+“ გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს ქართველ ნარკოლოგ ხატია ლორიასთან, რომელიც პირველად დეტალურად აღწერს მეფედრონის ზემოქმედებას ქართველ ახალგაზრდებზე _ მის სიმპტომებსა და შედეგებს.

_ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შორის ერთ-ერთი გავრცელებული კლასი გახლავთ ე. წ. ჩანაცვლებული კატინონები. ამ უკანასკნელის ყველაზე პოპულარული ნიმუშია მეფედრონი და მეტილონი.
_ მეფედრონის შემთხვევაში, დამოკიდებულება როგორ ყალიბდება?
_ მეფედრონი ეს არის დიზაინერული ნარკოტიკი, რომელიც მიიღება სინთეზირებული ამფეტამინისა და ხელოვნურ პირობებში მიღებული კატიონებისგან. ის ახდენს მასტიმულირებელ და აღგმზნებ ზეგავლენას ნერვულ სისტემაზე. რაც ყველაზე მთავარია, იწვევს მყარ მიჩვევას და შემდგომ დამოკიდებულებას.
_ მომხმარებელი მეფედრონდამოკიდებული ხდება?
_ ახლა მისმინეთ: იგი იწვევს მიჩვევას, რაც უნდა განვასხვავოთ ოპიატების ჯგუფის მომხმარებელთა (ჰეროინი, კოკაინი და ა. შ.) დამოკიდებულებისგან. აგიხსნით: მეფედრონს იმდენად სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს, „მეფედრონისტების“ ენაზე მას ეძახიან „მაგიას“. იგი მარილოვანი ნარკოტიკების რიცხვს განეკუთვნება და ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა.
_ აი, ეს მარილოვანი აგვიხსენით, თუ შეიძლება?
_ პირობითი დასახელებაა. უბრალოდ, კრისტალიზებული ფხვნილის კონსისტენცია აქვს და აბების სახით იყიდება. მას ან სუფთა სახით იყენებენ, ანდა საინექციო სითხეში ურევენ ინტრავენური მოხმარებისთვის.
_ როგორ მოქმედებს იგი ადამიანის ორგანიზმზე? შეგვპირდით, რომ ამას დეტალურად აღგვიწერდით…
_ მთელი უბედურება ის არის, რომ იმდენად, რამდენადაც სინთეტიკური ნარკოტიკები არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე, მათი შემადგენლობა ბოლომდე შესწავლილი არ არის. ზოგადად, მეფედრონი თავისი ზემოქმედებით ორგანიზმზე წააგავს ამფეტამინის, კოკაინისა და მეტამფეტამინის ზემოქმედებას. შემადგენლობის ბოლომდე გაუშიფრაობა ძალზე ართულებს დამოკიდებულების დიაგნოსტირებას და მკურნალობას.
_ მაგრამ რაღაც ხომ არის ცნობილი?
_ კი ბატონო. ცნობილია ამ ნივთიერების ზემოქმედება ორგანიზმზე, შედეგები და სიმპტომები.
_ სხვათა შორის, სანამ ინტერვიუს ჩამოგართმევდით, მანამდე მეფედრონზე წავიკითხე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მეფედრონი 2007 წელს შემოვიდა და 2 წლის განმავლობაში ლეგალური იყო. მას იყენებდნენ, როგორც აბაზანის მარილს, მცენარეთა სასუქს და როგორც მღრღნელების საწინააღმდეგო საშუალებას. რა არის აქედან სიმართლე?
_ ევროპაში 2010 წელს აიკრძალა, მათ შორის, თქვენ მიერ დასახელებულ არეალში. თუმცა ამით მისი პოპულარულობა ნარკომანებს შორის საერთოდ არ შესუსტებულა. კლუბებში თავისუფლად იყიდებოდა, მხოლოდ სხვადასხვა სახელწოდებით დაშიფრული: მეფი, მიაუ და ა. შ. ყველაზე საგანგაშო ამ ყველაფერში ის იყო, რომ ამ სახეობის ნარკოტიკების მომხმარებლები ყოველთვის იყვნენ მოზარდები და ახალგაზრდობა. სწრაფი და ძლიერი ეფექტის მოხდენის გამო მას, ძირითადად, ასეთ თინეიჯერულ მრავალრიცხოვან საღამოებზე იყენებენ. მეფედრონი იმდენად მყარ მიჩვევას იწვევს, რომ შეუძლებელია დამოუკიდებლად მასზე უარის თქმა.
_ ანუ გადაჩვევა სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს?
_ ჯერ იმას განგიმარტავთ, როგორ ხდება მისი მიღება და თავად მიხვდებით ყველაფერს. ალბათ, ძალიან ცოტამ იცის იმის შესახებ, რომ მეფედრონი მიიღება რამდენიმენაირად: ვენაში ინექციის სახით, ინტრონაზალურად (ცხვირი), რექტალურად (უკანა ტანი) და პერორალურად (პირით). ყველაზე სწრაფი ეფექტი აქვს ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემდეგ ან ვენაში შეყვანის დროს. ბევრი ნარკომანი ღრძილებზეც ისვამს ანდა საკვებში იმატებს. თუმცა რა ხერხითაც არ უნდა მიიღონ, ეფექტი ყველგან და ყოველთვის დამღუპველია.
_ რატომ მიმართავენ მეფედრონს, იაფია?
_ არც ისე. უფრო სწორად, მხოლოდ მაგიტომ არა. მიღების დროს დგება ეიფორიის შეგრძნება, დეპრესია ქრება, ხასიათი უმჯობესდება, ადამიანი უფრო კომუნიკაბელური ხდება. ჰოდა, კიდევ, ამ დროს სექსუალურად ძალიან აქტიურები ხდებიან. სწორედ ამით აიხსნება შემდეგი ეფექტი _ მეფედრონი ურტყამს როგორც ქალის, ისე კაცის რეპროდუქციულ უნარს. როდესაც ეს ეფექტი გადის, დგება შემდეგი ეტაპი: მადის დაკარგვა, რასაც წონის მკვეთრი დაკლებისკენ მივყავართ, არტერიული წნევის მომატება კრიტიკულ ზღვრამდე, ორგანიზმის თერმორეგულაციის დარღვევა. სრული აპათია.
სწორედ ამ დროს უჩნდება მეფედრონდამოკიდებულს ახალი დოზის დაუძლეველი მიღების სურვილი.
_ და თუ არ მიიღო, რა მოხდება, „ლომკა“ ეწყება?
_ ამ შემთხვევაში მთლად მასე არ არის. იწყება უძილობა, კოშმარული სიზმრები, კიდურების კანკალი, თავბრუსხვევა, ცხვირიდან სისხლდენა, კუნთებისა და თავის ტკივილი. სიმპტომები იმისდა მიხედვით არის გამოხატული, თუ რა სტაჟის მომხმარებელთან გვაქვს საქმე. საკმარისია, ასეთი „ლომკის“ შემდეგ ნარკომანმა კვლავ მიიღოს მეფედრონის დოზა, რომ ყველა სიმპტომი ეხსნება 30 წუთში. ახალი დოზის ზემოქმედება გრძელდება 4-9 საათი.
_ არადა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეფედრონს არ ახასიათებს დამოკიდებულება…
_ რას ლაპარაკობთ?! უძლიერეს დამოკიდებულებას იწვევს. შეიძლება, ასეთი აზრი იმიტომ დაიბადა, რომ თავიდან იგეგმებოდა მეფედრონის გამოყენება ჩანაცვლებით თერაპიაში კოკაინ და ამფეტამინდამოკიდებული ნარკომანების მკურნალობისთვის. შემდეგ სასწრაფოდ ამოაგდეს, ვინადან კვლევებმა უჩვენა, რომ იგი უარეს დამოკიდებულებას იწვევდა. წარმოიდგინეთ, ერთხელ გასინჯვაც საკმარისია, რომ ამ ნივთიერების მიმართ უძლიერესი დამოკიდებულება გაგიჩნდეთ. უფრო ხშირად ეს იმ ადამიანებს ემართებათ, რომელთაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, არ არიან დარწმუნებული თავის თავში და მუდმივად განიცდიან სტრესს.
_ და თუ უცებ მოვწყვეტთ მეფედრონს ახალგაზრდას?
_ გამორიცხეთ! ეს ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს, მათ შორის, სუიცუდურ გადახრებს…

თამარ როსტიაშვილი