ვუჩმახებთ პრეზიდენტებს!

10609213_10203788671692659_2081295692_n

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ორ დაფაზე ეთამაშება ჭადრაკს საქართველოს ორ პრეზიდენტს – აქეთ მოქმედს, იქით – ყოფილს… და ორივე დაფაზე ქიშს უცხადებს „მეფეებს” – ერთი დე იურე მოქმედი და დე ფაქტო უმოქმედო – აქ, რეზიდენციაში ჰყავს მიმწყვდეული და მეორე – დე იურე „ექსი”, მაგრამ რეალურად მოქმედი – გასულია კონტროლის ზონიდან და როგორც მანანა ძალუა ამბობს, ცდილობენ მისი გადაადგილების შეზღუდვას.

პრემიერი ღარიბაშვილი ჯერ მისვლას ჰპირდება პრეზიდენტს უშიშროების საბჭოზე და შემდეგ არ მიდის. საჯაროდ ამცირებს. სხდომაზე გამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარე ისე ეფარება პრემიერს, რომ ამ დაცვისას თავის თავს იმცირებს – პრემიერის მიუსვლელობას მოუცლელობით ხსნის და რა გამოდის? თავად მოცლილია, რაკი უშიშროების საბჭოზე გამოცხადდა?  თავად პრემიერი მედიას ნამუსზე აგდებს, – დამატებით აჟიოტაჟს ნუ ატეხთ, ჩემი მისვლა საჭირო არ იყო, მინისტრები გავგზავნეო. და რას ამბობს მის მიერ წარგზავნილი ხუაშაქ ცოქალი – უკაცრავად, მაია ფანჯიკიძე? – ჩვენ ნატოში შესასვლელად მზადა ვართო. და ამას მე მიმტკიცებს, თქვენ გიმტკიცებთ! არადა, სჯობდა, ეს თავისი სიძისთვის ეთქვა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გამოგვიცხადა, რომ ჩვენ ნატოში შესასვლელად მზად არ ვართ. იქნებ, სჯობდეს, სიძე-სიდედრმა მაინც იმოქმედოს ამ ქვეყანაში შეთანხმებულად?

მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ცელქობის ხასიათს ატარებს იმასთან შედარებით, რასაც მოქმედი ხელისუფლება აწარმოებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. უფლებამოსილების გადამეტებაში ედავებიან.

მაშინ ხელისუფლებამ მიიღო ზომები სახელმწიფო გადატრიალების თავიდან ასაცილებლად, დაარბია დემონსტრაცია, შეიჭრა ტელევიზიაში, წავიდა რადიკალურ ნაბიჯებზე. ფაქტია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა იკისრა თავად დღეს ბრალდებულმა და მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმაც და დღეს ბრალდების მოწმე და მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძემაც, რომელმაც საჯაროდ გამოგვიცხადა, რომ მათ უნდა გადაერჩინათ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან. ეს, თავად მიშას თქმისა არ იყოს, ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ისტორიკოსების გასარჩევია. მაგრამ მოქმედ ხელისუფლებას „მოუთმენლობა გულისა” სჭირს და ამ გადაწყვეტილებას იურისტები არჩევენ, ადგილობრივებიც და უცხოეთიდან ჩამოყვანილი პენსიონერი პროკურორებიც.

თავის დროზე, როცა ზვიად გამსახურდია იდგა ანალოგიური გამოწვევის წინაშე, რა მოხდებოდა, რომ შეჭრილიყო მაშინდელ ტელევიზიაში, რომ დაერბია აქცია, კისერი მოეგრიხა სიგუა-კიტოვანისთვის, მიეღო გადამჭრელი ზომები? თავიდან იქნებოდა აცილებული მოვლენების შემდგომი ტრაგიკული განვითარება. ვერ განხორციელდებოდა რუსული სცენარი, არ დაიღვრებოდა ძმათა სისხლი, შევარდნაძე დარჩებოდა მართლაც „უმუშავარი” და გეკითხებით, – სად ვიქნებოდით დღეს? იქ, სადაც დღეს ლიტვა, ლატვია, ესტონეთია! რა თქმა უნდა, მაშინაც ატყდებოდა გნიასი, რომ არავინ აპირებდა გადატრიალებას, რომ არავინ აპირებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, რომ ხელისუფლების ქმედებამ ზიანი მიაყენა აპარატურას, ჟურნალისტებს, აქციის მონაწილეებს და ა. შ.

ხომ კარგად გამოირკვა, რომ აპირებდნენ კიდეც და დაამხეს კიდეც? რა უნდა ქნას ხელისუფლებამ – მშვიდად უყუროს ურმის გადაბრუნებას და მერე ატეხოს განგაში, თუ დროზე აიცილოს საფრთხე?

როგორი დამონტაჟებულიც არ უნდა ყოფილიყო კოდუა-პატარკაციშვილის ჩანაწერი, ხომ ფაქტი იყო და ნათლად იკვეთებოდა, რომ ხელისუფლების შეცვლა სურდა პატარკაციშვილს – იავნანით თუ იავნანის გარეშე? ვინმეს სჯერა, რომ პატარკაციშვილი კოდუას ვანოს ძილის პრობლემებზე სასაუბროდ შეხვდა? თუ უბრალოდ ძილზეა საუბარი, მაშინ პატარკაციშვილი იმ კაცზე ისაუბრებდა, ვისთვისაც ასეთი პრიორიტეტულია ძილის თემა – ივანიშვილზე. დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილი ღიად საუბრობს (ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში), რომ მაშინ ივანიშვილი მომხრე იყო უკიდურესად გადამწყვეტი მოქმედებებისა და მეტიც, მერაბიშვილს ურჩევდა ყველანაირ ხრიკებს პატარკაციშვილის წინააღმდეგ.

ისე, სააკაშვილი ისეთ განცხადებებს აკეთებს, ივანიშვილი დიდად მადლობელი უნდა იყოს, რომ მან ჩვენება არ მისცა პროკურატურას. ფაქტია, რომ 10 საქმეზე მოწმედ გამოძახებული სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება მხოლოდ ამ საქმეზე, რბილად რომ ვთქვათ, ერთგვარ უხერხულობას ქმნის. უხერხულობას სწორედ ივანიშვილისთვის, რადგან ყველას კარგად მოეხსენება პატარკაშვილ-ივანიშვილის დაპირისპირებაც და ისიც, მაშინ ვის გვერდით იდგა ივანიშვილი.

მოკლედ, მოხდა ის, რაც მოხდა – ხელისუფლებამ თავიდან აიცილა გადატრიალების საფრთხე. ყოველ შემთხვევაში, მაშინ მათ მიერ ასე შეფასდა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც იდგნენ და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. კიდევ ვიმეორებ: თავის დროზე ზვიად გამსახურდიასაც რომ „გადაემეტებინა უფლებამოსილებისთვის”, შეინარჩუნებდა თუ არა იგი ძალაუფლებას და სახელმწიფო – მშვიდობას?

რასაკვირველია, ამის მიღება ძნელია მათთვის, ვინც თავად იწვნია იმ გადაწყვეტილებების სიმწარე – ქუჩაში თუ იგივე ტელეკომპანია „იმედში” – დარბევისას; რასაკვირველია, რომელიმე კოლეგა მომიტრიალდება და მეტყვის, რომ მე არ შემხებია და ამიტომ ვლაპარაკობ შორიდან ლაღად. სულაც არ იყო 7 ნოემბერი ჩემგან შორს. თუ ვინმესთვის ოდნავ მაინც საინტერესოა, შემიძლია განვუმარტო, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს მხუთავი გაზი თეატრალურ უნივერსიტეტშიც შემოაგდეს, სადაც ვიმყოფებოდი როგორც სტუდენტი და სხვა სტუდენტებთან ერთად მეც ვიდექი რეალური საფრთხის წინაშე – გაგუდვის წინაშე და რომ არა უნივერსიტეტის თანამშრომლის, ბატონ ბიჭიკო ნიყვაშვილის ექსტრემალურად მიღებული გადაწყვეტილება, არაერთი სტუდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. სწორედ მას გაახსენდა კრიტიკულ მომენტში, რეალურად, ერთადერთი აუდიტორია, რომლის ფანჯრებიც გადიოდა არა რუსთაველზე, არამედ მეორე მხარეს და იქ მოითქვა სული მთელმა თეატრალურმა. თავისთავად ცხადია, ეს საფრთხე ვერ მოვა იმასთან, რაც მაშინ დატრიალდა ტელეკომპანია „იმედში”, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა მოჰყვებოდა იმ ინფორმაციების გავრცელებას, რა ინფორმაციებსაც ავრცელებდა მაშინ ეს ტელეკომპანია? კარგად გაიხსენეთ, რას ემსახურებოდა საზოგადოებაში პანიკის თესვა, რომ „სპეცნაზი” მიდის სამების ასაღებად?..

მოკლედ, რისთვის ასამართლებენ დღეს სააკაშვილს, – თუ რატომ არ აცალა დამხობა? შნო რატომ აღმოაჩნდა ამ საფრთხის მოგერიების?

და კიდევ: საერთოდ, რას ემსახურება ეს ყველაფერი? ყველას ხომ კარგად მოეხსენება, რომ დასავლეთის არც ერთი ქვეყანა მათ სააკაშვილს არ გადმოსცემს? ამ ხელისუფლებას კეზერაშვილი არავინ მისცა და სააკაშვილს მისცემენ? მით უმეტეს, როცა სენატორები, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ღიად გამოხატავენ შეშფოთებას და აღშფოთებას? რა მოხდება ამ ყველაფრის შემდეგ? სააკაშვილი ვერ ჩავა რუსეთში, სადაც ისედაც ვერ ჩადიოდა და სააკაშვილი ვერ ჩამოვა საქართველოში, სადაც ისედაც არ ჩამოდიოდა და როგორც ჩანს, სწორედ ამ „არჩამოსვლას” უქმნიან მყარ იურიდიულ საფუძველს.

სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით აღტაცებულია პუტინისგან კონტროლირებადი რუსული მედია. პუტინისთვის ეს ცნობა, ალბათ, ერთადერთი ნუგეშია იმის ფონზე, რა შავი დღეც ადგას უკრაინაში. ფაქტია, ჩვენმა ხელისუფლებამ იგი უკიდეგანოდ გაახარა, მაგრამ არა მგონია, პუტინი ისე „გამოხუილებულიყოს”, რომ მას სჯეროდეს, რომ რომელიმე ევროპული ქვეყანა, ან აშშ სააკაშვილს ჩააბარებს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. მას სააკაშვილი საფრთხეს უქმნის იმით, რომ დადის, დადის, დადის და ლაპარაკობს, ლაპარაკობს – უცხოური ტელეეთერებიდან. მისთვის პატიმრობის შეფარდება ამ მხრივ არაფერს ცვლის, არა მგონია, „სიენენმა”, ან რომელიმე წამყვანმა ტელეარხმა ქართული პროკურატურის მიერ შეფარდებული პატიმრობის გამო უარი თქვას სააკაშვილის ეთერში მიწვევაზე. ასე რომ, ძნელი დასაჯერებელია, პუტინს რამე ხელშესახები სარგებელი ჰქონდეს ამ ამბებიდან, გარდა ემოციური ტკბობისა. სარგებელი ისევ ჩვენს ხელისუფლებას აქვს, რომელიც ამ გზით – სააკაშვილის საქართველოში არჩამოშვების გზით – თავიდან იცილებს რევოლუციის საფრთხეს. მაგრამ ამ ხელისუფლების მიერ ქიშგამოცხადებული სააკაშვილი, ამ ხელისუფლებას ქიშითვე პასუხობს. ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში საქართველოში შექმნილ ამ სიტუაციას ძალიან დროებითი უწოდა და გაიხსენა ისიც, რომ იანუკოვიჩმა მას უკრაინაში შესვლა აუკრძალა და სამი თვის თავზე მოხდა ის, რაც მოხდა… „დღეს რაც უფრო მეტად გააგრძელებს ივანიშვილი იმას, რასაც აკეთებს, ამას ექნება მით უფრო სწრაფი დასასრული”, – დასძინა სააკაშვილმა და შემდგ ისაუბრა რა რუსეთში და პუტინის თავზე მოვლენების შესაძლო, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გარდაუვლად განვითარებაზე, დაასახელა ვადა – რამდენიმე თვიდან, მაქიმუმ, 2 წლამდე და რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ იმ დროისთვის საქართველოში იყოს ეს ხელისუფლება… რეალურად მან ქიში გამოუცხადა ამ ხელისუფლებას. ივანიშვილსაც და პრემიერ ღარიბაშვილსაც ავიწყდებათ, რომ სააკაშვილი ჭადრაკის მეფისგან და მათ მიერ ხელდასხმული მარგველაშვილისგან განსხვავებული ფიგურაა – გადაადგილების თვალსაზრისითაც და ძალითაც.

 

რეზო შატაკიშვილი