რას პასუხობს დავით ხონელიძის ადვოკატი პარტნიორთა მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებზე?

„ქრონიკა+“-ის რამდენიმე ნომერში ქვეყნდება ჟურნალისტური გამოძიების მასალები, რომლებიც შპს „ხონელიძის სახელობის კლინიკაში“ დაწყებულ ფინანსურ დავასა და ცნობილი მეან-გინეკოლოგის, ირაკლი მერკვილაძის დაკავების დეტალებს ეხება.

„ქრონიკა+“-ს კლინიკის ადვოკატი დავით შველიძე დაუკავშირდა და გვთხოვა, დავით ხონელიძის პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებზე მეორე მხარისთვის პასუხის გაცემის საშუალება მიგვეცა.
ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ ადვოკატ დავით შველიძის საპასუხო ინტერვიუს:

_ ბატონო დავით, თქვენ ბრძანეთ, რომ დავით ხონელიძის პარტნიორები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად მოგვიყევით, რას გულისხმობდით?
_ არ ვაპირებდით ცნობილი ექიმის, ირაკლი მერკვილაძისთვის მის მიერ გავრცელებულ, რბილად რომ ვთქვა, არასწორ ინფორმაციაზე პასუხის გაცემას, მაგრამ, მოგეხსენებათ, ქუთაისი არცთუ დიდი ქალაქია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ერთმანეთს კარგად იცნობს, ამასთან, სამედიცინო საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ვინც წერილი წაიკითხა, გაუჩნდა გარკვეული კითხვები, რომელმაც პასუხი მოითხოვა და გადავწყვიტეთ, ამ თემისადმი ინტერესის მქონე ადამიანებისთვის რამდენიმე საკითხზე მიგვეცა განმარტებები.
რეალობა ასეთია: ირაკლი მერკვილაძე და პარტნიორების 1/3-ზე ნაკლები „ხონელიძის კლინიკის“ ყველა სასიკეთო წამოწყების წინააღმდეგ გამოდის.
დავიწყოთ იმით, რაც ბატონი ირაკლისა და მისი ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წერილში წერია: „რადგან კლინიკის ძველი შენობა ახალ რეგულაციებს ვერ დააკმაყოფილებდა, სწორედ ამიტომ პარტნიორებმა გადაწყვიტეს, თანაბარი ხარჯების გაღებით და თანაბარ წილებში შეეძინათ კლინიკის გვერდით აუქციონზე გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი და მასზე აეშენებინათ თანამედროვე მოთხოვნების მქონე სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც გააგრძელებდნენ თავიანთ საქმიანობას. აღნიშნულ შეთავაზებაზე კლინიკის თორმეტი პარტნიორიდან წინააღმდეგობა გამოთქვა მხოლოდ ხონელიძემ, რომლისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა წილების თანაბარი გადანაწილება…“
ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ ინფორმაციაში მკითხველისა და საზოგადოებისთვის საკუთრების უფლების ხელყოფის მცდელობის ყველაზე სერიოზული საკითხია შენიღბული, კერძოდ: ამ გამათანაბრებელი შეთავაზების დღეს დავით ხონელიძის წილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში 31%-ს შეადგენდა და შეთავაზებით ირაკლი მერკვილაძე ცდილობდა, ეს წილი 8,5%-მდე დაეყვანა ისე, რომ ხონელიძისთვის საზოგადოების 23%-ში კომპენსაციაც არ გადაეხადა. მეტიც: მერკვილაძის წინადადების მიხედვით, დავით ხონელიძეს თავისი წილის უდიდესი ნაწილი უსასყიდლოდ უნდა გადაენაწილებინა პარტნიორებისთვის და პლუს დაეფინანსებინა ახალი შენობის მშენებლობა. ხონელიძის წინადადება იყო იმავე ადგილზე ისე, რომ კლინიკის საქმიანობა არ შეჩერებულიყო, უკვე არსებული წილების გადაუნაწილებლად, ნაკლები დანახარჯით, ახალი კორპუსის მშენებლობა. ხონელიძის ეს, რეალობის შესაბამისი კონტრწინადადება, ცნობილი ექიმისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და თუ რატომ, აქვე განვმარტავ: 2010 წლის 14 სექტემბერს მომჩივნებმა, სხვა პარტნიორებთან და მესამე პირებთან ერთად (სულ 11 ადამიანი), შექმნეს შპს „იმედი“. 10 პარტნიორიდან თითოეულს ერგო 9,5%, ხოლო მეთერთმეტეს _ დარჩენილი 5%. საქმე ის არის, რომ დღეისთვის, იმ ახლად შექმნილ კლინიკაში, წილების 24%-ს უკვე ფლობს ირაკლი მერკვილაძე, ანუ პარტნიორების წილების გათანაბრებასა და მათი ქონებრივი უფლებების დაცვაზე მზრუნველი ცნობილი ექიმი. აი, ეს, _ მომავალში თავისი წილის მოცულობის გაზრდა, _ იყო მისი რეალური მიზანი იმ დროს, როცა წილების თანაბრად გადანაწილების თეორია გამოიგონა და დავით ხონელიძეს ამ უკანასკნელის კუთვნილი წილის 23%-ით შემცირება შესთავაზა. მის ამ ჩანაფიქრს, რა თქმა უნდა, დროულად მიხვდა ბატონი დავითი და ამის გამო მერკვილაძემ ხონელიძის წილის ტექნიკურად ექსპროპრიაცია ვერ განახორციელა.
2010 წლის 14 სექტემბერს მომჩივნებმა, სწორედ ირაკლი მერკვილაძის ხელმძღვანელობით, შექმნეს რა კონკურენტი საზოგადოება _ შპს „იმედი“ (ს/კ 412673174), იქვე, შპს „ხონელიძის კლინიკის“ ღობის მომიჯნავედ, ლორთქიფანიძის ქ. #13-ში, 2010 წლის 13 ოქტომბერს შეიძინეს უძრავი ქონება და დაიწყეს ზუსტად იმავე პროფილის მქონე სამშობიარო სახლის მშენებლობა. ამასთან, კონკურენტი საზოგადოების შენობის მშენებლობას, რემონტსა და ტექნიკურ-მატერიალური ბაზის აღჭურვას მისი დამფუძნებლები, მოპასუხე საზოგადოებიდან მიღებული შემოსავლებით ახდენდნენ. ამავდროულად, 2011 წელს ირაკლი მერკვილაძემ, იმ დროისთვის მოქმედი წესდების იმპერატიული მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, ისე, რომ ამის შესახებ არავის არაფერი აცნობა, კლინიკის გვერდის ავლით, საკუთარ სახლში დაიწყო კლინიკის პაციენტების კლინიკისაგან მალულად მიღება. აღნიშნული საკითხი პარტნიორთა კრებამ განიხილა, სადაც მან აღიარა მის მიერ ჩადენილი საქციელი და საზოგადოებას საკომპენსაციოდ 1500 ლარი გადაუხადა. მეტიც: მომჩივნებმა, რომლებიც იმ დროისთვის შპს „ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის“ („ქუთაისის სამეანო-გინეკოლოგიური საავადმყოფო“) თანამშრომლები იყვნენ, კარგად იცოდნენ, რომ ამ დაწესებულებას ქალაქში იცნობდნენ, როგორც მე-2 სამშობიარო სახლს, რის გამოც ახლად დაფუძნებულ საზოგადოებას, 2012 წლის 18 დეკემბერს, შეუცვალეს სახელი და დაარქვეს შპს „ქუთაისის ახალი #2 სამშობიარო სახლი“. პარტნიორთა მხრიდან ამ არაპარტნიორულმა, მეტიც, მინიმუმ, ბიზნესმორალისთვის შეუფერებელმა ქმედებებმა გამოიწვია ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვა. მოსარჩელეები ყოველნაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას, რისთვისაც დაირქვეს პაციენტების შეცდომაში შემყვანი, მოპასუხე ორგანიზაციის ის სახელი, რაც ქუთაისისა და რეგიონის მოსახლეობისთვის საყოველთაოდ იყო ცნობილი. ცდილობენ და რიგ შემთხვევაში გამოსდით კიდეც, გადაიბირონ მოპასუხესთან დასაქმებული, კვალიფიკაციაამაღლებული პროფესიონალი კადრები, ასაჩივრებენ პარტნიორთა კრებებისა თუ დირექტორის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა არა მარტო ხელი შეუშალონ საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას, არამედ, პიროვნული დაძაბულობების კერების შექმნით ცდილობენ, საზოგადოების მენეჯმენტის წონასწორობიდან გამოყვანას, რასაც სწორედ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ხმათა უმრავლესობის მქონე პარტნიორებისა და დირექტორის ქმედებების გამო ვერ ახერხებენ.
_ გქონდათ თუ არა მცდელობა, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილიყო არსებული დაპირისპირება?
_ არაერთხელ შევთავაზეთ მათ მორიგების სხვადასხვა პირობა, მათ შორის, მათი კუთვნილი წილების გამოსყიდვა. რამდენჯერმე დაასახელეს მათთვის, თითქოსდა, მისაღები ფასი, რის შემდეგაც გამოიძებნენ შეძენის მსურველები, მაგრამ ბოლო მომენტში, გამოგონილი მიზეზებით, უარს აცხადებდნენ შეთანხმებული ფასით წილის გასხვისებაზე.
მომჩივნების ქმედებებით საზოგადოების განვითარების შეფერხების სურვილის უტყუარად დამადასტურებელია ის გარემოება, რომ მიუხედავად მათთვის არაერთი და დეტალური განმარტებისა (მათ შორის, პარტნიორთა კრებაზე), რომ საზოგადოების ძველი, სტანდარტებთან შეუსაბამო შენობის ეზოში დატოვება აშკარა ზიანის მომტანი იყო საზოგადოებისთვის, სარჩელი შეიტანეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით, შეჩერდა დემონტაჟის დაწყებული სამუშაოები, რამაც საზოგადოება, მატერიალური თვალსაზრისით, სერიოზულად დააზარალა. მომავალში ეს განჩინება გაუქმდა, მაგრამ სამუშაოების განახლება 2017 წლის ბოლომდე ვეღარ მოხერხდა, რამაც საზოგადოებისთვის მათ მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.
_ ბ-ნო დავით, პარტნიორების საჩივარში საუბარია სხვადასხვა ფინანსურ დარღვევაზეც.
_ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე მკითხველის ყურადღების ზედმეტად გამახვილება არ ღირს, მაგრამ მხოლოდ ერთ, ჩემი აზრით, ღრმად ამორალურ თემაზე შევჩერდები: ქართული მედიცინის ერთ-ერთ სახელოვან ადამიანს, ლერი ხონელიძეს, 2008 წლის სექტემბერში ხელფასი სწორედ ირაკლი მერკვილაძემ დაუნიშნა და ამ გადაწყვეტილების მიღებაში არც ლერი და არც დავით ხონელიძეებს მონაწილეობა არ მიუღიათ. არადა, საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ ხელფასი ბატონ ლერის, შპს-ს ინტერესების საზიანოდ, მისმა შვილმა დავით ხონელიძემ დაუნიშნა. ამ საკითხზე მათ საჩივრებით აავსეს სასამართლო და პროკურატურა, მაგრამ იქ მომჩივნებს სწორედ 2008 წლის სექტემბრის ხელშეკრულება აჩვენეს და მისი შინაარსი შეახსენეს, ხოლო თვითონ პრესისთვის ინფორმაციის მიწოდებისას ასეთი დოკუმენტის არსებობა დაივიწყეს.
_ პარტნიორების მხრიდან საუბარია იმაზეც, რომ დავით ხონელიძე ამ სფეროს სპეციალისტი არ არის და არ იცნობს სამედიცინო კლინიკის მუშაობის სპეციფიკას.
_ ორიოდე სიტყვით საზოგადოების დირექტორ დავით ხონელიძის საქმიანობასაც შევეხები: 2008 წელს, სანამ დავით ხონელიძე დირექტორი გახდებოდა, საზოგადოების შემოსავალი 735.541 ლარი, ხოლო მოგება 89.669 ლარი იყო; 2009-ში, ანუ ხონელიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, საზოგადოების შემოსავალი ორჯერ (1.346.011 ლარი), ხოლო მოგება 2,7-ჯერ (242.656 ლარი) გაიზარდა. წინსვლა კიდევ უფრო თვალში საცემი გახდა 2010 წელს, _ საზოგადოების შემოსავალმა 2 მილიონს, მოგებამ 530 ათას ლარს გადააჭარბა. შემოსავლებისა და მოგების მაჩვენებელი სტაბილური იყო 2011-2012 წლებშიც, კერძოდ: შემოსავალი 2.2 მილიონ ლარზე მეტი იყო, ხოლო მოგება 520 ათასზე ნაკლები არ ყოფილა. 2013 წელს საზოგადოების მოგება 729.000 ლარზე მეტი იყო. ეს ციფრები თვალნათლივ აჩვენებს, რომ დროის უმცირეს მონაკვეთში საზოგადოების მენეჯმენტმა სწორედ დავით ხონელიძის ხელმძღვანელობით, მომჩივანთა გააფთრებული ხელშეშლის პირობებში, შეძლო ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და 4-5 წელიწადში მოგების მაჩვენებლის 9-ჯერ და მეტად გაზრდა. გახადა რა საზოგადოების განვითარება სტაბილური, დირექტორმა დაიწყო ტექნიკურ-მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა და აღსრულება. დავით ხონელიძემ 2009 წელს ჩაიბარა კლინიკის შენობა, რომლის საბაზრო ფასი მხოლოდ 160 ათასი ლარი იყო, ხოლო დღეს საზოგადოებას აქვს თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი, 4 მილიონი ლარის მხოლოდ საბალანსო ღირებულების მქონე ახალი შენობა. ამასთან, კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და სხვა სახის ტექნიკით.
ახალი შენობის ექსპლუატაციაში მიღებისა და მასში მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი სერვისის შეთავაზებამ გამოიწვია ის, რომ გასული წლის ბოლოდან შემოსავლების განუხრელად ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც საზოგადოების კიდევ უფრო განვითარების წინაპირობაა.
ცხადია, რომ მომჩივნები, საზოგადოების წარმატებებით განაწყენებულნი, ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, შეაფერხონ შპს „ხონელიძის კლინიკის“ წინსვლა და განვითარება, რადგან ეს, მათი აზრით, მათ მიერ შექმნილი დაწესებულების კონკურენტულ გარემოში განვითარებისთვის სერიოზული ხელშემშლელია.
ირაკლი მერკვილაძე ფიქრობს, რომ სიცრუის ტირაჟირებით, მისგან გამოგონილი ფაქტების თავისებური ინტერპრეტაციით, შეძლებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, შპს „ხონელიძის კლინიკის“ წარმატებების დაკნინებას, მისი დირექტორის, პარტნიორების უდიდესი ნაწილისა და თანამშრომლების სწორი გადაწყვეტილებების მისებურად წარმოჩენას, რაც ისევე ფუჭი მცდელობაა, როგორც მისი მანამდე გადადგმული, კრახისთვის განწირული, რეალურად კი დავით ხონელიძის წილის მითვისებისა და კლინიკის განვითარების ხელშეშლისთვის გადადგმული შეფარულ-შენიღბული თუ აშკარა ნაბიჯები.

ელისო კილაძე