ვის სახელზეა გაფორმებული ბაკურიანში სოსო გოგაშვილის მიწის ნაკვეთი?

სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა მარტვილის რაიონში მიწების უკანონო განკარგვის კორუფციული სქემა გახსნა და რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
მიწების სკანდალი პირველად ბორჯომში გასკდა და დეტალები საზოგადოებას ლეიბორისტული პარტიის ბირჯომის დეპუტატმა გიორგი გიუნაშვილმა გააცნო.
მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. ბაკურიანის მიწების სკანდალი თაროზეა შემოდებული და არც არვინ იცის, გამოძიება როდის დასრულდება.

„ქრონიკა+“ კიდევ ერთხელ უბრუნდება მიწების სკანდალს და გიორგი გიუაშვილს ესაუბრება:
_ ბაკურიანის მიწების სკანდალი სამი წლის წინ დაიწყო. 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის იანვრამდე პერიოდში, სამ-ოთხ თვეში, დერეფანივით გაიხსნა. არ ვიცი, ეს განგებ გაკეთდა, რაღაც ძალების მიერ შეგნებულად, თუ ამათ უნიათობასა და არაკომპეტენტურობას დავაბრალო. რეესტრი მიყოლებით არეგისტრირებდა მიწებს, საკმაოდ დიდ ფართობებს. მხოლოდ საარქივო ცნობის მიხედვით, რომელსაც მოქალაქეები რეესტრში იღებდნენ, ბაკურიანზეა, ძირითადად, ლაპარაკი, მაგრამ ზოგადი პრაქტიკა იყო ყველა სოფელსა და ყველა დაბაზე. ისეთი მიწები დარეგისტრირდა, რომელიც, ფაქტობრივად, გაფორმებული არ ჰქონდათ, საგადასახადო სიებში შედიოდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეებმა თვითონაც არ იცოდნენ, სად იყო ეს მიწები. ჰექტრები ეწერათ, მაგრამ სად იყო, არ იცოდნენ. თავისუფალ ადგილებს ნახულობდნენ და ჩვეულებრივად არეგისტრირებდნენ. ამ დარეგისტრირებისთვის რეესტრის ერთ-ერთი მოთხოვნა საარქივო ცნობის წარდგენა იყო, რომელიც ბაკურიანის გამგებელ გოჩა გობრონიძეს უნდა გაეცა მიწის ადგილმდებარეობის შესახებ. ბაკურიანის გამგებელი დადებით ცნობებს აძლევდა მიწის მდგომარეობის შესახებ, უდასტურებდა, რომ ამ საარქივო ცნობაში ასახული მიწა მათ მიერ ნახაზით წარმოდგენილ ადგილზე მდებარეობს და შემდეგ ეს ნაკვეთები ჩვეულებრივად რეგისტრირდებოდა საჯარო რეესტრში. ამ ფორმით, დაახლოებით, 40-დან 50 ნაკვეთამდე დარეგისტრირდა, ძირითადად, _ ტყის მონაკვეთები, ე. წ. კოხტის ძირი, მიტარბის მისასვლელი გზები, სადაც ზუსტად ახლა მიმდინარეობს ხაზარაძის საბაგიროებისა და კვირიკაშვილის ერთობლივი ბიზნესგეგმები, სათხილამურო ინფრასტრუქტურის შექმნა. შემდეგ, რატომღაც, სახელმწიფო დაინტერესდა, მოქალაქეებმაც რამდენიმე განცხადება შეიტანეს და როცა ეს ფაქტი შევიტყვე, მეც შევიტანე განცხადება პროკურატურაში და გამოძიება დაიწყო. სამი განჩინება არსებობს სასამართლოს მიერ პროკურატურის მიმართვის საფუძველზე გამოტანილი და სამივე ხელზე მაქვს. ვიმეორებ: დაახლოებით 40-დან 50 ნაკვეთამდეა, ტყის მონაკვეთები, ფიჭვნარი, ნაძვნარი და უღრანი ტყე რომ არის კოხტისა და საუკეთესო ადგილები მიტარბის გზის გასწვრივ ჩასასვლელში, წრიულთან ახლომახლო _ ყველა ეს მიწა არის გოჩა გობრონიძის ცნობებით დარეგისტრირებული. განჩინებაში პირდაპირ გახლავთ მითითებული, რომ საქმე აღძრულია 332-ე მუხლის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია გამგეობის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. საუბრობდნენ, რომ გოჩა გობრონიძე პასუხისგებაში უნდა მიეცათ, მაგრამ, რატომღაც, ვითარება სრულიად შეიცვალა, _ ყველანაირი პასუხისმგებლობა ააცილეს. განჩინებაში პირდაპირ წერია, რომ მისი ცნობით და მისი დანაშაულით არის ეს გაკეთებული. არათუ პასუხისმგებლობა, სამსახურებრივი უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერეს გამოძიების დასრულებამდე.
_ გიორგი, რას უკავშირებთ ამ ფაქტს?
_ გოჩა გობრონიძემ გამოძიებასთან ითანამშრომლა. ნახევარი ბაკურიანი (ამ 40-დან 1/3), უამრავი ადამიანი მისცეს პასუხისგებაში და ეს მიწები საკუთარი ხელით უკან დააბრუნებინეს სახელმწიფოსთვის. ზოგს პირობითი აქვს, ზოგს უზარმაზარი ჯარიმა შეატანინეს, უბრალო ადამიანებზე გადატეხეს ჯოხი, ამზომველიც კი პასუხისგებაში მისცეს. ეს გაიძვერა კი, რომელიც იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში გაეშვათ და ციხეში აღმოჩენილიყო ან რაღაც მსჯავრი მიეღო, ამ სამარცხვინო საქმის შემდეგ რომში, მილანსა და ფლორენციაში გაუშვეს სამოგზაუროდ სახელმწიფო ხარჯით (მივლინება)! ასეთ გადახვევას გავაკეთებ: გოჩა გობრონიძე მივლინებით ლატვიაში იყო წასული და იქიდან გამგებელს ონლაინ რეჟიმით სწერს, _ ლატვია არ მაკმაყოფილებს, აქ არაფერი საინტერესო არ არის და იტალიაში გამიშვითო. გამგებელი ონლაინ თანხმობას უდასტურებს, _ კი ბატონო, გაგიშვებო და ლოზანაში უშვებს, არის ასეთი სამთო-სათხილამურო კურორტი იტალიაში. ყველაფერი ეს ხდება არაოფიციალურად. მივლინება ვიცი მე, როდესაც ორგანიზაცია მიგიწვევს და შენ მივლინებაში უშვებ თანამშრომელს შენივე ხელმოწერით ხელქვეითის განცხადების საფუძველზე. რაც მოხდა, ეს კრიმინალია!.. გობრონიძე მიდის არა ლოზანაში, არამედ _ რომში, მილანსა და ფლორენციაში, სამთო-სათხილამურო კურორტის ხელშეწყობის ფარგლებში. რა უნდა რომსა და მილანში საერთოდ თოვლს და სათხილამურო კურორტს?!
9 დღე იყო იქ და ერთი დღეც, ვითომ, ლოზანაში. ძირითადად იყო არადანიშნულების ქალაქებში. 6000 ლარამდე თანხა გაიხარჯა ბიუჯეტიდან. რატომ მოვყევი ეს? იმიტომ, რომ ვინ მისცემდა ასეთი პარპაშისა და ამის გაკეთების საშუალებას? ჩემი კულუარული ინფორმაციით, განა არ ხვდებოდა ყოფილი გამგებელი ყიფიანი, სისულელეს რომ აკეთებდა არადანიშნულებისამებრ გაგზავნილი მივლინებით, მაგრამ სოსო გოგაშვილის მოთხოვნას წინააღმდეგობა ვერ გაუწია. გოგაშვილმა ტელეფონით დაურეკა გამგებელს და უთხრა, რომ არც განიხილოთ თემა, უპრობლემოდ გაუშვითო. რაიონში ყველამ იცის, რომ გოგაშვილი მოიაზრებოდა გოჩა გობრონიძის ლობისტად, მის მფარველად. გობრონიძე ხელშეუხებელია, უშიშროებისა და სუსის კადრია. ბოლო წუთამდე ის ბორჯომში ერთ-ერთ პირველ ვიცე-მერად მოიაზრებოდა და დღემდე ეს ადგილი ვაკანტურია. ზუსტად მანდ იყო ჭიდილი გედეონ ფოფხაძესა და სუსს შორის, რომ თავისი ძმა, ბესიკ ფოფხაძე, რომელმაც სამარცხვინოდ წააგო სამაჟორიტარო უბანი, ვიცე-მერად უნდა დაენიშნათ. სუსი ცდილობდა, გობრონიძე გაეშვათ. გობრონიძის კვალი იკვეთებოდა მიწების თემაშიც, ესეც პირადი ინფორმაციებით ვიცი. იმ აზომვებში, ამ დარეგისტრირებასა და ა. შ. მონაწილეები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ეს გობრონიძის დავალებით გააკეთეს. ერთ-ერთი მიწა, რომელიც ზუსტად იქ არის, იმ 25-იანის ჩასასვლელთან, ერთ-ერთ ბაკურიანელზეა გაფორმებულია (ამ ეტაპზე სახელსა და გვარს არ დავასახელებ). მიწა ჰა-ზე მეტია, უზარმაზარი მიწის ნაკვეთია. ის პიროვნება, ვისზედაც ნაკვეთი გაფორმდა, ხელშეუხებელია, _ არც გამოძიებაში დაუბარებიათ და არც პასუხისგებაში მიუციათ…
_ ფიქრობთ, რომ ეს გოგაშვილის მიწის ნაკვეთია?
_ კი არ ვფიქრობ, ნამდვილად ესეა, სოსო გოგაშვილის არის. უბრალოდ, ამ მიწის გოგაშვილის ახლობელზე გადაფორმება ვერ მოესწრო. ზუსტად იმ დღეებში, როდესაც გოგაშვილის წარმომადგენელი, როგორც ვიცი, მისი ოჯახის წევრი, ძალიან ახლობელი, ბორჯომში ჩამოვიდა, რეესტრში უნდა მისულიყვნენ გადასაფორმებლად, იმ დღეს დაყადაღდა ეს მიწები და გაფორმება ვეღარ მოხერხდა. ამიტომ აღნიშნული მიწა დღემდე ისევ იმ ბაკურიანელზეა გაფორმებული.
_ რა ბედი ეწია იმ მიწებს, რომელიც კვირიკაშვილის ახლო მეგობრის, ნოზაძის მამას ჰქონდა გადაცემული?
_ რამდენიმე მიწის ნაკვეთიდან ზოგი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ზოგი _ შოთა ხაბარელს გადასცეს და გაუცვალეს, ანუ ეს მიწები ისევ „ქართული ოცნების“ ანაბარაა. რა მნიშვნელობა აქვს, ქუმარიტაშვილს ექნება ეს მიწა გაფორმებული, კოზანაშვილს, აკოფიანს, რომელიმე ადგილობრივს თუ ხაბარელს, რომელსაც ტყის უზარმაზარი მიწის მონაკვეთი ჰქონდა, მიუვალი და გამოუსადეგარი იყო. გოჩა გობრონიძის მიერ წართმეულ და გაფორმებულ ერთ-ერთ მიწაზე, მერე გლეხზე წართმეული, აიღეს და გაცვლა გაუკეთეს. დღეს ხაბარელს უზარმაზარი მიწის ნაკვეთი აქვს საუკეთესო ადგილას, ბიძინა ივანიშვილთან ახლოს.
_ სხვა ჩინოვნიკები ვინ არიან, რომლებიც შეიძლება იდგნენ ბაკურიანისა და ბორჯომის მიწების უკან და რეალურად არ ჩანან?
_ ასე ვთქვათ, დაბალი ჩინოვნიკების დონეზე ეს არ გაკეთებულა. ფაქტობრივად, ჯერჯერობით, ესენი იკვეთება. რა თქმა უნდა, კიდევ ვიტყვი, რომ ეს მიზანმიმართული წართმევაც, ამდენი გაყალბებაც იმიტომ მოხდა, რომ გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ხაზარაძის ინტერესი გამოიკვეთა, _ მიტარბი მთლიანად ხაზარაძემ იყიდა წლების წინათ. ყოფილი გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, 2006-2007 წლებში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაკლერობდა მიტარბის მიწებით და შემდეგ ყიდდა. ოსებისგან კვადრატულს 2-3 ლარად ყიდულობდნენ და მერე „თიბისი ჯგუფზე“ 9-10 ლარად ყიდდა. დღეს კვირიკაშვილისა და ხაზარაძის ტანდემი იქ საბაგიროებს აკეთებს, რაღაც ბიზნესგანვითარებებს და აი, ამ მიწებზე გაივლისა ზუსტად საბაგიეროები და მთელი ინფრასტრუქტურაც იქ მოეწყობა. პირდაპირ ასე ვთქვათ: სახელმწიფო, ანუ ჩინოვნიკები მაფიოზები გახდნენ და მათ ინტერესში შედიოდა სწორედ ამ მიწების ხალხზე ჩამორთმევა და შემდეგ საკუთარი ინტერესების განხორციელება.
_ როგორც ჩანს, გედი ფოფხაძეს არ დაუფასდა ის ამაგი, უმრავლესობაში შეტანილ დისონანსს ვგულისხმობ და საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ის პოლიტსაბჭოში არ შეიყვანეს. როგორია მისი გავლენები ბორჯომში?
_ გედი ფოფხაძე გასაოცარი გაიძვერაა, ნამუს და ძარღვგაწყვეტილი. ერთ მაგალითს მოვიყვან: როდესაც ის 2016 წელს კენჭს იყრიდა, ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება იყო ბორჯომში მის მიმართ. ასპინძასა და ბორჯომში მან არჩევნებში პირველი ტური ვერ მოიგო და ახალქალაქის 17 სოფლის ხმების საფუძველზე უპირობო გამარჯვება მოიპოვა. ბორჯომში არის სოფელი ახალდაბა, ყველაზე ბევრი ამომრჩეველი იმ დაბაშია. უარყოფითი განწყობა რომ იყო მის მიმართ, მივიდა იქ, _ თქვენთან რომ არ ვიყავი ეს წლები, ვერ მნახულობდით, აწი სულ თქვენთან უნდა ვიყოო და არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. ან როგორ მისცა სამინისტრომ საათები, ხალხი დააბოლა, გაეხარდათ, _ გედი სულ ჩვენთან იქნება და ბავშვებს ასწავლისო. არჩევნების მერე გედი თვალით აღარავის უნახავს. წინასაარჩევნოდ გედიმ, მისი მოთხოვნით და გავლენებით, ბორჯომი მთლიანად ჩაკეტა, ხელისუფლება არ გაეკარა, არჩევნებზე პასუხისმგებლობა მთლიანად გედი ფოფხაძემ აიღო. მისი გარემოცვის დაპირება იყო, რომ 70%-ს დადებდა არჩევნებზე, მთლიანად „ოცნებას“ უნდა გაემარჯვა და 38 თუ 39% აიღო. მთლიანად ჩააგდო არჩევნები. ეს პირველივე ტურის დასრულების შემდეგ გამოჩნდა, როცა მისმა ძმამ წააგო. 15:13-ზე დაჯდა საკრებულო და მთლიანად, ჯამში, ოპოზიციამ მოიგო და 70% პროცენტი კი არა, დაახლოებით, 39% აიღო „ოცნებამ“. მეორე ტურის წინ სუსმა ეგრევე ღონისძიებები გაატარა. ბორჯომის დღევანდელი მერი არ არის არჩეული, ანუ ბორჯომს ჰყავს ყურით მოთრეული მერი, რომელიც სუს-მა გაათრია. პირველივე ტურის დასრულების შემდეგ მერობის კანდიდატს სუსმა ცალკე გაუხსნა ოფისი ქალაქის გაღმა, მეორე მხარეს. სუს-ის ოფისი გაუხსნა ლიპარტიამ, მოაცილა და მოაშორა ფოფხაძეებს, ცალკე „სასტავი“ ცდილობდა და ყველაფერი გააკეთეს, რომ „ოცნებას“ მოეგო. დაახლოებით 500 ამომრჩეველი ჩამოიყვანეს, რომელიც რაიონშია რეგისტრირებული და არ იყო სიებში. მეორე ტური სუსმა ფულით და ამომრჩევლის დაშინებით მოიგო.
_ ამიტომ ჩამოაშორეს გედი ფოფხაძე ბორჯომს?
_ გედი ფოფხაძე ბორჯომს ვეღარ გაეკარება იმიტომ, რომ მან ამხელა ზარალი მიაყენა „ქართულ ოცნებას“. შემდეგ იყო ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენებიც, თუმცა ამ მოშორებასა და მოვლენებში, გარკვეულწილად, გედი ფოფხაძე მაინც გამოიყენეს და მისი აქტივიც გამოიყენეს რაღაც დოზით ბორჯომში განვითარებულ მოვლენებში.
_ როგორც ჩანს, გედის ეკა ბესელიამაც ვერ უშველა, რადგან ეკა ბესელიაც ვერ მოხვდა პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში.
_ რა თქმა უნდა, ვერ უშველა. მისი ძმაც, ასე ვთქვათ, ვიცე-მერად ვერ გავიდა. ამ გაყიდულ საკრებულოშიც შესუსტებული პოზიცია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სია უშუალოდ მისი ხალხითაა დაკომპლექტებული, მისი ხელის ბიჭები არიან საკრებულოს სიაში, მაინც არ გაუშვეს თანამდებობებზე მისი კადრები, _ არც კომისიებში, არც თავმჯდომარედ, არც მოადგილედ. ჯერჯერობით გედის გავლენები ბორჯომში არ არის. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეც გედისაა, ფრაქციებს, ხელის ბიჭებს ძვალი გადაუგდეს იმიტომ, რომ იმათაც აღარ ჰყავთ ხალხი იქ, ფიზიკურად სია ისეა დაკომპლექტებული, რომ ეს ფოფხაძის ექვსეულიც რომ გაეყვანათ მთლიანად, შემდეგი ექვსეული იმაზე უარესი შემოდიოდა და როტაციას აზრი არ ჰქონდა… ძალიან კარგიც არის, იმიტომ, რომ ამ თვალსაზრისით, ხელისუფლება მთლიანად სუსმა წაიღო ბორჯომში.
მაგის დახმარებით არის არჩევნები ჩატარებული და ჩვენი მოვლენებიც მაგ პერიოდში იყო. მეუფე სერაფიმეს თემას რომ შევეხოთ, როგორც იკვეთება, პირდაპირ გოგაშვილთან იყო დაკავშირებული ეს სკანდალი და პირადი საუბრებით ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს სცენარიც ზუსტად გოგაშვილის გათამაშებული იყო.
_ გიორგი, როგორც ვიცი, გოგონას დედას საბანკო ვალდებულებებიც დაუფარეს ბანკში.
_ დედა ნოტარიუსი იყო, ალბათ, რაღაცაში ჰყავდათ გამოჭერილი და რაღაც მაგდაგვარი, მოსმენილი მაქვს ჩანაწერი, რომ ეს ქალი მიდის და იწერს მეუფეს, როგორ გამოდის მერე და იღრიჯება, ჯდება მანქანაში… აშკარად ჩანდა, რომ ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზები იყო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მეუფე ბინძური კამპანიის მსხვერპლი გახდა. ბუზი გაუბერეს სპილოდ და ამ ადამიანს საქვეყნოდ მოჭრეს თავი, ისეთ მოღვაწეს, რომელიც 21 წელია, ბორჯომს ასე აშენებდა. მაგ მხრივ დღეს კატასტროფული ვითარებაა, ეს ცალკე თემაა და ამაზე ცალკე დარტყმა იქნება. ბორჯომის ეპარქიის დაფინანსება 30 ათასით არის გაზრდილი. დღევანდელ მეუფეს სულ არ აინტერესებს, ეპარქიის განვითარებისთვის არანაირი ხელშეწყობა არ ხდება, არც თავის მღვდლებს აფინანსებს, არც ხელფასებს აძლევს, ეკლესიებს ელექტროენერგიის ვალები აქვთ 200-300 ლარი და დენს უჭრიან. ეს 160 ათასი ლარი სად მიდის, კაციშვილმა არ იცის. გაგიკვირდებათ და იქ პრემიებიც კი ჩასმულია. ბორჯომის ეპარქიაში პრემია აქვს ჩასმული მეუფეს, ფაქტობრივად, ამჟამინდელი მეუფეც სუსის კადრია. ისეთ რაღაცებს აკეთებს, ეკლესიებში მრევლი განახევრებულია. გოგაშვილს ბორჯომში მეუფე სერაფიმეს გავლენები ხელს უშლიდა და იმიტომაც მოიშორა თავიდან, ახლა ჰყავს მორჩილი და მისი დავალებების შემსრულებელი ეპარქია.

ელისო კილაძე