ინდოეთი, ჩინეთი და იაპონია საქართველოში

რაც უფრო მეტი მიმართულებითაა ქვეყანა მრავალფეროვანი, მით მეტადაა ის სანტერესო საერთაშორისო დონეზე. ინდივიდუალური მრავალმხრივობაა სწორედ ის, რაც გლობალურ წინსვლას განაპირობებს. კონკრეტული ქვეყნის ეროვნული მახასიათებლები ზუსტადაც რომ სხვა ქვეყნის მახასიათებლებთან შერწყმის შედეგადაა მეტად საინტერესო.
„საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“ ინდოეთის, ჩინეთისა და იაპონიის უცნობი კოლექციები გამოფინა.

მუზეუმი, ბერძნულად „მუზათა ტაძარი“, ოდითგანვე ხელოვნების ნიმუშების დასაცავად იქმნებოდა. გარდა იმისა, რომ მუზეუმი თავს უყრის საუკუნეებს, ეპოქებსა და ქვეყნებს, მისი მოწესრიგებული და ლოგიკური გარემო სტიმული უნდა იყოს, რომ ისინი რაც შეიძლება ბევრმა დამთვალიერებელმა იხილოს. „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ ნამდვილად ინახავს საუკუნეებს და მანპინძლობს სხვადასხვა ეროვნების სტუმრებს.
26 აპრილს სწორედ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართა ინდოეთის, ჩინეთისა და იაპონიის ექსპონატების გამოფენა. ეს იყო პირველი გამოფენა ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ნიმუშებისა, რომელიც მსგავსი მასშტაბით მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხსენებული ქვეყნების ფერწერის, ქანდაკებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების 500-მდე ნიმუში. სხვადასხვა დროს შექმნილი თითოეული ექსპონატი ავტომატურად ამხელს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელია. სწორედ საკუთარი ქვეყნის იდენტობას უსვამს ხაზს ყოველი ნამუშევარი. გამოყენებული მასალებისა და ფერების მრავალფეროვნებით უდიდესი დარბაზი თავისთავად განათდა და გახალისდა. წარმოდგენილი ექსპონატები დროში გამოგზაურებთ და ყველაფერს, რაც კი ინდოეთსა და შორეულ აღმოსავლეთზე ოდესმე წაგვიკითხავს, ერთ სივრცეში უყრის თავს.
გარდა ნამუშევრების მრავალფეროვნებისა და სიუხვისა, დარბაზში ამ კონკრეტული ქვეყნების (და არა მარტო) წარმომადგენლების სიმრავლეც შეინიშნება. ერთ სივრცეში მოქცეული ქართველი, ინდოელი, ჩინელი, იაპონელი და ევროპელი არც თუ ისე განსხვავებულად აღიქვამს და აფასებს ზემოჩამოთვლილი ქვეყნების კულტურულ თავისებურებებს.

დავით ლორთქიფანიძე _ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი:
„ეს არის განახლებული ექსპოზიცია. ეს დარბაზი აჩვენებს იმას, რომ კოლექციები არ არის მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატი, არამედ არის სამეცნიერო ინფრასტრუქტურა. ასე რომ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ყველაფერი გაერთიანებულია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ეროვნული მუზეუმი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების კულტურის მოვლა და ფართო საზოგადოებისთვის მისი გაცნობა. ის, რომ დღეს აქ იხსნება განახლებული აღმოსავლური კოლექციები იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთ ადგილზე არ ვჩერდებით და რაც ყველაზე პრინციპულია, ახალგაზრდები სწვლობენ არა მხოლოდ აზიურ კულტურას, არამედ იმას, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში. დარწმუნებული ვარ, იქნება ბევრი ახალი საგანმანათლებლო პროგრამა. საერთო ჯამში, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა წაგებული არავინაა. ყველა მოგებული ვართ იმით, რომ გავიხედოთ ხვალისკენ, შევხედოთ სამყაროს სხვა თვალით და შევხედოთ სამყაროს საქართველოდან უფრო დიდ სივრცეში. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან და, ერთი მხრივ, გაუგებარი რჩებოდა, რატომ საერთაშორისო ექსპოზიციები საქართველოში ტურიზმთან ერთად? მგონი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ტურიზმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური შემოსავალი და ცნობადობა, ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნისა და, რაც მთავარია, ღირებულებების აღდგენა. საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც შეგვიძლია, სხვადასხვა ქვეყანას ვუმასპინძლოთ“.

გამოფენის ყველა ექსპონატი მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ. წ. I ათასწლეულით დათარიღებული ჩინური ბრინჯაოს ჭურჭელი მსხვერპლშეწირვისთვის, XV-XVIII საუკუნეების ჩინური ფაიფურის ნაკეთობები, XVII საუკუნის ჩინელი მხატვრის, ჯან მუს ფერწერა აბრეშუმზე, XVIII საუკუნის იაპონური ფაიფურწარმოების ბრწყინვალე ნიმუშები _ საცუმას წყვილი ლარნაკი რომანოვების კოლექციიდან, იმავე პერიოდის იარაღი, იაპონელი მებრძოლის _ სამურაის განუყრელი ატრიბუტი, XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ინდური ქიშმირის თირმა-მილების კოლექცია და ა. შ.

სალომე ტუღუში _ დამთვალიერებელი:
„ვერ ვიტყვი, რომ აზიური კულტურა ჩრდილშია, მაგრამ, ვფიქრობ, ის იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე დღევანდელ რეალობაში ეთმობა მას ყურადღება და სივრცე. თითოეული ექსპონატი ისეთი ნამუშევარია, რომელიც გაფიქრებს ამ კონკრეტული ნივთის გარემოზე. გარემოზე, რომელშიც ის იქმნებოდა და რომელშიც ის გამოიყენებოდა. ზუსტად ისეთია ყოველი ნამუშევარი, როგორიც ფილმებში გვინახავს ან წარმოგვიდგენია. ძალიან საინტერესოა, ზოგადად, ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის უპირველესია, რომ ჩვენივე რესურსი გამოვფინოთ, მაგრამ სულ სხვა საკითხია, რა მნიშვნელობისაა უცხო ქვეყნებთან ამ სახის კულტურული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები აუცილებელია, უპირველესად, ადგილობრივ დონეზე და არანაკლებ საერთაშორისო ასპარეზზე“.

გიორგი ჩოგოვაძე _ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
„საქართველოში კულტურის განვითარება, ჩვენი საზოგადოების განვითარება, ერთ-ერთი მთავარია ქვეყნის მშნებელობისთვის და მათ შორის _ ტურიზმისთვისაც. ვიღაცას, შეიძლება, გაუკვირდეს, მაგრამ ჩვენი ადამიანური გამოცდილება, რომელსაც სტუმრებს ვუზიარებთ, არის ერთ-ერთი მთავარი. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ჩვენი ბუნება, რაც უფრო კეთილგანწყობილები ვიქნებით და სტუმარ-მასპინძლობას შევინარჩუნებთ, უფრო წარმატებული იქნება მთელი ქვეყანაც და ტურიზმის მიმართულებაც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს საზოგადოებას, მომავალ თაობებს, ასევე ტურისტებს ძალიან დააინტერესებთ ეს ყველაფერი. ისინი ყურადღებით ეცნობიან არა მხოლოდ ქართულს, არამედ, თუნდაც, ამ ტიპის გამოფენებს“.

ინდური, ჩინური და იაპონური კულტურების ის ექსპონატები, რომლებიც საგამოფენოდ შეირჩა და რომელთა დიდი ნაწილი პირველად წარდგა ფართო აუდიტორიის წინაშე, განსაზღვრული იყო, როგორც გზამკვლევი შორეული აღმოსავლეთის უკეთ შეცნობისთვის.

ქეთი ახვლედიანი _ დამთვალიერებელი:
„პროექტის შესახებ არ ვიცოდი მანამ, სანამ ეს კონკრეტული ღონისძიება არ დაიგეგმა. ამ ქვეყნების კულტურის შესახებ ზოგადი წარმოდგენები მქონდა, _ გამოფენაზე მისულს ექსპონატების დიდი ნაწილის ეროვნული კუთვნილება მეცნო. ეს სამივე ქვეყანა იმდენად ინდივიდუალურია, ყოველ ნამუშევარს ეტყობა საკუთარი ქვეყნის ხელი. მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის საღამოები იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს შორია გაცვლა-გამოცვლა შედგეს. საინტერესოა ყოველი ნამუშევრის თითოეული დეტალი“.

ნათია დემურიშვილი _ პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი:
„სამი წლის წინათ, როცა ეს პროექტი იწერებოდა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო არა მხოლოდ აღმოსავლური ექსპოზიციების კვლევა, არამედ მეტი ინტერესის გაღვივება ქართულ საზოგადოებაში. მგონი, ეს გამოფენა დასტურია იმისა, რომ ტრადიციულად ინტერესი აღმოსავლური ცივილიზაციის მიმართ საქართველოში არსებობდა და კვლავაც არსებობს. ეს პროექტი, „უცნობი კოლექციების კვლევა“, გახლავთ სწორედ ის პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა საქართველოსა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების კომპლექსური კვლევებისთვის. ეს გახლავთ პროექტი, რომელიც „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მხარდაჭერით გახორციელდა და ჩვენი საკვლევი მასალა გახლდათ ინდოეთი, ჩინეთი და იაპონია. ტრადიციუალად, აღმოსავლეთის მიმართ ინტერესი დიდი იყო, მაგრამ უფრო მეტად _ ახლო აღმოსავლეთის მიმართ. შორეული აღმოსავლეთი და ინდოეთი ცოტა, ასე ვთქვათ, მივიწყებული გვქონდა. შევეცადეთ, ამ სამწლიანი პროექტის ფარგლებში ეს გაგვეკეთებინა. ყველა ექსპონატი აღინუსხა, მოწესრიგდა ბაზები, ყველა ინდურ-ჩინურ-იაპონური ფოტო, პასპორტი გაკეთდა; ჩატარდა გაცნობა, რესტავრაცია, დაზიანებული ექსპონატების კონსერვაცია. სამუშაო ძალიან ვრცელი იყო. „აბრეშუმის გზის“ ნაწილი ვიყავით. საქართველო ჩართული იყო ამ გაცვლა-გამოცვლაში. ჩვენთან არსებობდა, ილექებოდა, შემოჰქონდათ ჩინური აბრეშუმი, ფაიფური და ყველაფერიც. თუ ამას ვიკვლევთ, ე. ი., ვიკვლევთ ჩვენს ურთიერთობებს აღმოსავლეთ სამყაროსთან. უკვე გვიან პერიოდში საქართველომ ევროპული გეზი აიღო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღმოსავლურ ურთიერთობებს უარი ვუთხრათ“.

2015 წლიდან ექსპონატთა კომპლექსური სამეცნიერო კვლევა, რესტავრაცია-კონსერვაცია, მონოგრაფიის გამოცემა და გამოფენის მომზადება შესაძლებელი გახდა „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოში უძველესი აზიური კულტურა ყოველთვის იყო ცნობილი და დაფასებული. სწორედ „აბრეშუმის გზის“ უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-საქარავნო მაგისტრალის არსებობა ამის ერთ-ერთი დასტურია. არქეოლოგიური მასალითა და წერილობითი წყაროებით მტკიცდება, რომ საქართველოში უძველეს დროში შემოჰქონდათ საუკეთესო ხარისხის ჩინური აბრეშუმი, ფაიფურისა თუ ქაშანურის ჭურჭელი, ინდური ქსოვილები, ხალიჩები, საკმაულები, მარცვეული კულტურები, ადგილობრივი პროდუქტები, ადგილობრივი სხვადასხვა სახის მასალა და სხვ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი:
„შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის ხელოვნების მიმართ ინტერესი გამოიხატა კავკასიის მუზეუმში აღმოსავლური ხელოვნების მდიდარი კოლექციების შექმნით. კავკასიის მუზეუმის, ქართველი და უცხოელი მეცენატების, კოლექციონერების, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების ძალისხმევით კოლექცია გამდიდრდა ჩინეთის, იაპონიისა და ინდოეთის მატერიალური კულტურის პირველხარისხოვანი ძეგლებით. 1950-იანი წლებიდან, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმების დაარსების შემდგომ, აღმოსავლური ექსპონატების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აქ დაიდო ბინა. ეს კოლექცია შემდგომ პერიოდშიც ივსებოდა. გამოფენილი ექსპონატების უმრავლესობა სწორედ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლური კოლექციიდანაა წარმოდგენილი. ეს გამოფენა უნდა იყოს მოტივაცია, რომ ბევრი მსგავსი პროექტი გახორციელდეს. ამდენ დამთვალიერებელსაც არ ველოდით. ხალხს ის აინტერესებს, რაც საუკუნეებს ითვლის…“

უამრავი დამთვალიერებელი მოვიდა. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ტიპის გამოფენა, მეტ-ნაკლებად, უცხო ან იშვიათობა გახლავთ ქართული აუდიტორიისთვის, ეს საშუალება ბევრმა ხელიდან არ გაუშვა. ინდოეთის, ჩინეთისა და იაპონიის უცნობი კოლექცია თანაბრად საინტერესო იყო როგორც ქართველისთვის, ისე _ აზიელისთვისა და ევროპელისთვის. სწორედ მსგავსი ურთიერთობებია საჭირო განვითარებისთვის. ასეთი სტუმარ-მასპინძლობა აუცილებლად განაპირობებს კულტურულ და სხვა სახის წინსვლას.

მარიამ ტიელიძე