„ეს იყო ჩემ მიმართ პირდაპირი ანგარიშსწორება, რათა საჯარო სამსახურის სხვა მოსამსახურემ ჩივილი ვერ გაბედოს!“

უსამართლო პარადოქსებს რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვაწყდებით, ეს ახალი ამბავი არ უნდა იყოს, თუმცა შემთხვევა, რომელზედაც დღეს უნდა გიამბოთ, მაინც საოცარია! თუ სრული აზრი არ ჩამოგიყალიბდებათ, ისე მაინც დაფიქრდებით ქვეყნის იუსტიციის მინისტრის სამართალდარღვევებზე, სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობასა და პროფესიონალების უსაფუძვლოდ ჩაგვრაზე.

საქმე ეხება 41 წლის ნატალია ივანიძეს და მის დავას იუსტიციის სამინისტროსთან. ქეისი პრეცენდენტს არ წარმოადგენს, თუმცა ცალსახად უსამართლობის გრძნობას გაგიჩენთ და მიხვდებით, როგორ შეიძლება ჩვეულებრივი სამართალდამრღვევი იყო, თუმცა მინისტრობა „ყველაფერს გიგვარებდეს“; დაინახავთ, თუ როგორ შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გერქვას და ერთმნიშვნელოვნად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდე; როგორ შეიძლება, რამდენიმე ათასლარიანი დანამატით „გაჩუმებდნენ“ და ამის შემყურე მაინც ბრძოლის უნარი არ დაკარგო იმ ქვეყანაში, სადაც მოგებულ ომს უზენაესი წაგებულად გიცხადებს!
ნატალია ივანიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს, დღეს 41 წლისაა და უნივერსიტეტის დამთავრებიდან, 23 წლიდან მუშაობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. 1998 წელს მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ, შემდეგ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსად გადავიდა, იქ უკვე კანონშემოქმედებაში მუშაობდა (სადაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და მისი ცვლილებები უშუალოდ მის ხელში გადიოდა), მას მერე, 2012 წლამდე, ენერგეტიკის სამინისტროში იურიდიული სამმართველოს უფროსად და მოგვიანებით გენინსპექციაში მუშაობის წლები იყო, შემდეგ კი კონკურსის წესით იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს მრჩევლად დაინიშნა. ეს ის სამსახურია, რომელიც სსიპებსაც ამოწმებდა. 2015 წლის მარტში სსიპ _ დანაშაულის პრევენციის ცენტრში კვლავ ჯანსაღი კონკურენციის შედეგად დაინიშნა და სამი თვის მანძილზე უფროსის მოვალეობას ასრულებდა, 2015 წლის 3 ნოემბერს კი, მოულოდნელად, უმიზეზოდ გაათავისუფლეს.

ნატალია ივანიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
„2013 წლიდან იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში კონკურსის პირობებით დავიწყე მუშაობა, იქ ორი წლის მანძილზე ვიმუშავე და შემდეგ ქ-ნმა თეამ იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ დანაშაულის პრევენციის ცენტრში გადამიყვანა! იქ ჯერ სამი თვის განმავლობაში უფროსის მოვალეობას ვასრულებდი, შიდა კონტროლის ინსტიტუტი ახალი ჩამოყალიბებული იყო, ამიტომ დავიწყე დებულების დახვეწასა და სისტემის გამართვაზე მუშაობა, შევქმენი საფუძველი და, ფაქტობრივად, მთელი სისტემა ავუწყვე. შემდეგ ჩატარდა კონკურსი და 60 მონაწილეთაგან მე ამირჩიეს _ კვლავ სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დავინიშნე. ამ ამბის შემდეგ ოქტომბერში ჩატარდა შიდა კონტროლის გასვლითი შეხვედრა კახეთში. ყველამ ვიცოდით, რომ განსახილველი თემა შიდა კონტროლის განვითარების გზები, პრობლემები, გამოწვევები უნდა ყოფილიყო. მოულოდნელად, შეხვედრის თემა პოლიტიზებული ხდება. ქ-ნი თეა თითს უქნევს თანამშრომლებს, მათ შორის, მეც და ამბობს: _ აი, შეიძლება, ნატალია ივანიძეს მოსწონდეს „ნაციონალები“. ამის გამგონე სახტად დავრჩი, რადგან ეს არანაირ კავშირში არ იყო განსახილველ თემასთან და მით უფრო, იმ სიტუაციასთან!
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში გვიწერია, რომ საჯარო მოსამსახურემ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვას! ამ დროს მინისტრი ატარებს შიდა შეხვედრას და საჯაროდ მეუბნება ამას! ჩემს თავზე რომ არაფერი ვთქვა, თანამშრომლები განცვიფრებულები იყვნენ, გადმომხედეს და ყველა მეკითხებოდა, _ რა ხდებაო? მე პასუხი არ მქონდა! რომ მცოდნოდა, ეს შეხვედრა პოლიტიზებული გახდებოდა, არც დავესწრებოდი! ეს იყო შიდა კონტროლის შეხვედრა და ჩემი პრობლემებით ვიყავი მისული, მინდოდა მესაუბრა იმაზე, თუ რას ვაკეთებდით, რა გვქონდა გასაკეთებელი, მოსაგვარებელი და ა. შ. ცოტა ხანში სწორედ ამ ნოტზე დასრულდა ეს შეხვედრა და ძალიან ცუდი განწყობით წამოვედი იქიდან… ეს მოხდა ოქტომბრის შუა რიცხვებში და უკვე 3 ნოემბერს მეუბნებიან, რომ გამოსაცდელი ვადა ამომეწურა, მაყენებენ ფაქტის წინაშე და სამსახურიდან მიშვებენ!
არც შენიშვნა, არც მითითება, რომ რაიმეს ვერ ვასრულებ (მსგავსი რამეც რომ ეთქვათ, ესეც სასაცილო იქნებოდა, რადგან მთელი სისტემა მე ავუწყვე, კონკურსიც გავიარე და სრულიად დამსახურებულადაც მეჭირა ის ადგილი!), არ უთქვამთ! ჩემი განთავისუფლებიდან ორ დღეში კი ათავისუფლებენ იმ ადამიანს, ვინც მე სამსახურიდან დამითხოვა.
სამსახურიდან განთავისუფლებისთანავე, რა თქმა უნდა, არ მოვიცადე და დავა სასამართლოში დავიწყე. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები, რა თქმა უნდა, სრული წარმატებით მოვიგე და მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარეს პირდაპირ მიუთითა, რომ მათ ვერც ერთი ხელშესახები მიზეზიც კი ვერ წარმოადგინეს იმისა, თუ რატომ დამითხოვეს სამსახურიდან. არ იყო წარმოდგენილი არც წერილობითი და არც ზეპირი მტკიცებულება. ორივე ინსტანციამ ეს მითითებები მისცა და სამსახურში ჩემი აღდგენის გადაწყვეტილება გამოიტანეს, თან განაცდურის ანაზღაურების წესით!
საინტერესო ის გახლდათ, რომ მოწინააღმდეგე მხარემ, მათმა ადვოკატმა აკაკი სამხარაძემ, მორიგება შემომთავაზა. მითხრეს, რომ თანხა მე დამესახელებინა და მოსაფიქრებლად ორი დღე მომცეს. არ უნდოდათ, სამსახურში დავბრუნებულიყავი, თუმცა ჩემი მორიგება ნიშნავდა, რომ მე უსამართლობას შევეგუებოდი, არადა, ჩემი მიზანი სამართლიანობის აღდგენა იყო და არის! ამიტომაც, რა თქმა უნდა, მორიგებაზე უარი ვუთხარი და მათ საქმე კასაციაზე შეიტანეს. ეს უკანასკნელი კი 2016 წლის თებერვლიდან და 2018 წლის 18 აპრილამდე გაიწელა!
ჩემდა გასაკვირად, უზენაესმა სასამართლომ მთლიანად შეცვალა ეს საქმე, წარმოებაში მიიღო და სრულიად გააუქმა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები. მე, რომელიც უკვე სამი წელია, არ ვმუშაობ, მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მაკისრებს 2166 ლარს და + 1350 ლარს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადს… გადაწყვეტილება, რომელიც 18 აპრილს მიიღეს, მე 19-ში საღამოს ტელეფონის საშუალებით შემატყობინეს. ჩემი ყოველგვარი განცხადების გარეშე, 23 აპრილს თვითონ შეცვალეს თავისივე გადაწყვეტილება და მწერენ, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა შეეშალათ და რომ 1050 ლარით ზედმეტი წერია სარეზოლუციოში. ე. ი. ბიუჯეტის სასარგებლოდ 300 ლარის გადახდა მეკისრება. ეს გადაწყვეტილება კი საბოლოოა და არ გასაჩივრდება!
დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პირდაპირი ანგარიშსწორება ჩემ მიმართ, რათა საჯარო სამსახურის სხვა მოსამსახურემ ვერ გაბედოს ჩივილი. ეს არის თავი და თავი, ფაბულა! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის არაჰუმანური, არაადამიანური, კანონსაწინააღმდეგო და ყოველგვარ სამართლებრივ პრინციპებს მოკლებული გადაწყვეტილება“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს შემთხვევა ერთადერთი არ არის, როდესაც თანამშრომლებს ყოველ მიზეზგარეშე ათავისუფლებენ. აქვე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ მსგავსი ტიპის სარჩელები, ძირითადად, დასაშვებად ცნობილი არ არის!
ნატალიას შემთხვევამდე ორი მოსამსახურე, _ ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე _ უკანონო ბრალდებით ამავე სსიპიდან გაათავისუფლა იმავე დირექტორმა, ჯონი კვინიკაძემ და მათი საჩივრები უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად არ ცნო, შესაბამისად, დღეისთვის ეს თანამშრომლები სამსახურში უნდა აღადგინონ და იუსტიციის სამინისტრომ მათ 70 000 ლარი უნდა გადაუხადოს განაცდურის სახით. სამინისტრო და ქ-ნი მინისტრი ამ გადაწყვეტილებას არ ასრულებს და ამ თანამშრომლებმა უკვე პროკურატურაშიც კი შეიტანეს საქმე.
რაც შეეხება ნატალიას საქმეს და უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელ გადაწყვეტილებას, თუ ყველაფერ ზემოთ აღნიშნულს კარგად ავწონ-დავწონით და გავიაზრებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ სხდომაზე დასწრების საშუალებაც კი არ მისცა მომჩივანს, ამ შემთხვევაში ნატალიასა და ამავე სხდომაზე მტკიცებულებების არმქონე მხარის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ არათუ მოსამართლეების კომპეტენტურობასა და პროფესიონალიზმზე, არამედ, მინიმუმ, მათ კეთილსინდისიერებაზე მაინც უნდა დავეჭვდეთ!

„რა ვუყო ჩემ მიმართ გამოტანილ უკანონო გადაწყვეტილებას?! უზენაეს სასამართლოს სხდომაზე დასწრება ვთხოვე, მათ კი უარყვეს: „არ დაკმაყოფილდეს ნატალია ივანიძის მოთხოვნა ზეპირი მოსმენის გამართვაზე“, _ წერენ. ვერაფრით ვხვდები, რატომ არ უნდა დაეკმაყოფილებინათ დასწრების მოთხოვნა მაინც?! ფაქტობრივად, საჯარო სამსახურში მუშაობის შანსებს მისპობდნენ და არ უნდა ენახათ, თუ ვინ ვარ, როგორ ვმეტყველებ, სად მაქვს პრობლემა?! ეს ხომ ქაღალდომანია არ არის, ეს მოქალაქესთან ურთიერთობაა!
რაც დადგენილი იყო პირველ და მეორე ინსტანციაში, იმაზე მეტ, დამატებით მტკიცებულებას უზენაესი ვერ მოიტანდა. ბუნებაში აღარ იყო რაიმე სხვა მტკიცებულება მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად, თუ არა ანგარიშსწორება, მითითება, დავალება!
ჯერ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი ჩამბარდა, სამოტივაციო არ დაუწერიათ, მაგრამ არ მაინტერესებს, რას ჩაწერენ შიგნით. მათ მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, მე არ დამასწრეს მის განხილვას და ახალი რა გარემოება უნდა გამოეძიებინათ?! ამას იურისტობა არ სჭირდება!“ _ აღნიშნავს ნატალია ივანიძე, რომელიც გაჩერებას არ გეგმავს და სამართლიანობის აღსადგენად ევროსასამართლოსთვის მიმართვას აპირებს! როგორც ამბობს, სამართლიანობისთვის ბოლომდე იბრძლებს და არ დაიღლება!

უზენაეს სასამართლოში ნატალია ივანიძის საქმის განმხილველი მოსამართლეები კი გახლდნენ ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი და თავმჯდომარე ნინო ბაქაქური.
საქმის მნიშვნელობიდან და გადაწყვეტილების აბსურდულობიდან გამომდინარე, „ქრონიკა+“ ზემოთ ჩამოთვლილი იურისტების კვალიფიკაციითა და მათ ანაზღაურებაზე დანამატით დაინტერესდა:

ნინო ბაქაქური

ნინო ბაქაქურს იურისტის კვალიფიკაცია 2001 წელს მიენიჭა, როცა მან თბილისის იურიდიული ინსტიტუტი დაამთავრა და საგულისხმოა, რომ ეს დაწესებულება დღეს არც არსებობს, მეტიც, Google-ს საძიებო სისტემაშიც ვერ შეხვდებით!
კიდევ ერთი გარემოება: გასული წლის აგვისტოში, როდესაც ნინო ბაქაქურს ნატალია ივანიძის საქმე იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ ჰქონდა განსახილველი, იგი ევრომოსამართლეობის სურვილით კონკურსში მონაწილეობდა, სადაც აქტიური შეხება ჰქონდა ქ-ნ თეა წულუკიანთან. ეს მხოლოდ ფაქტია. არის თუ არა აქ ჯაჭვური კავშირი, ეს თავად განსაჯეთ!
ცნობილია, რომ ევროპის საბჭოს პროექტ „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ოფიციალურ გახსნაზე, რომელსაც ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სასამართლოს, პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, ნინო ბაქაქურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:
„სასამართლოსადმი პატივისცემა და საზოგადოების ნდობა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სასამართლოს საქმიანობით მიიღწვა. სასამართლო ამას მოიპოვებს მხოლოდ თავისი გადაწყვეტილებებით, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დასაბუთებული. ვერავითარი ნეგატიური პიარი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, ვერ შექმნის საზოგადოების უნდობლობას სასამართლოს მიმართ, თუ სასამართლო მართლმსაჯულებას ამ პრინციპების შესაბამისად განახორციელებს“.
დღეს ეს სტატია ნეგატიური პიარს წარმოადგენს თუ სამართლის საზოგადოებისთვის გაცნობას, აქ პასუხი ცალსახაა! ფაქტი სახეზეა და მარტივად რომ ვთქვათ, სიმართლე შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს!
უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ნინო ბაქაქურს გასული წლის იანვარში ხელფასზე დანამატის სახით 8953, ივლისში კი 8456 ლარი აუღია.

ბესარიონ ალავიძე

რაც შეეხება ბესარიონ ალავიძეს, მისი კვალიფიკაცია სადავოც კი იყო: 2013 წელს საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ბესარიონ ალავიძის საქმის გამოთხოვით მიმართა. მათი თქმით, ალავიძეს მეორადი სწავლების განყოფილების დიპლომები აქვს, რომელიც პირს არ ანიჭებს იურისტის კვალიფიკაციას, შესაბამისად, ასეთი დიპლომი არ არის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია კატეგორიულად მოითხოვს, რომ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს იურისტის კვალიფიკაცია. შესაბამისად, გასულ წლებში ალავიძის საქმე უზენაესმა საბჭომ თავად განიხილა… ამ ადამიანს მხოლოდ გასულ წელს, ერთ თვეში, ხელფასზე დანამატის სახით 14829 ლარი აქვს აღებული!

ზურაბ ძლიერიშვილი

იგი ერთდროულად 9 უნივერსიტეტის პროფესორია, თუმცა ეს აპრიორი კარგ მოსამართლეობას, რასაკვირველია, არ გულისხმობს. რთულია გადაჭრით რამის თქმა, თუმცა საფიქრებელია, რომ როდესაც ამდენ უნივერსიტეტში კითხულობ ლექციას, სემინარებს, ატარებ გამოცდებს და ლექტორის სხვა ყველა მოვალეობის შესრულება გევალება, დრო ნაკლებად გრჩება სასამართლო საქმეების გარემოებებში ჩასახედად!
ზურაბ ძლიერიშვილს 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, დანამატის სახით, 12218 ლარი აქვს აღებული.

თეა წულუკიანი

თავად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2016 წელს, ინფორმაციის დამალვის გამო ჩვეულებრივ სამართალდამრღვევად ცნეს. ინფორმაცია, რომლის დამალვაც თეა წულუკიანს კანონდამრღვევის სტატუსის ფასად დაუჯდა, სამინისტროში 2015 წელს გაცემულ ხელფასებს, პრემიებს, დანამატებსა და სხვა წარმომადგენლობით ხარჯებს ეხებოდა: „თეა წულუკიანი, დაბადებული 1975 წლის 21 იანვარს, ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა“, _ აღნიშნულია სასამართლო გადაწყვეტილებაში! მინისტრმა საქმე სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან წააგო.
მარტივად საფიქრებელია, რომ მინისტრმა, რომელიც ინფორმაციას მალავს, პოლიტიკური ნიშნით შეარჩიოს ან, საერთოდ, უმიზეზოდ გაათავისუფლოს ძალიან კვალიფიციური თანამშრომელი, როგორც ეს ნატალიას შემთხვევაში მოხდა!

ნატალია ივანიძე:
„მთელი ჩემი ცხოვრება სწავლასა და განათლებას შევალიე! თუკი ვინმე იყო ჩემ გარშემო, ყველა წინ წავწიე, დავეხმარე, ცოდნა მივეცი და უსამართლობას ვერ შევეგუები! ჩემმა თანამშრომლებმაც იციან, რომ არ გავჩერდები და მაგალითი ვიქნები სხვებისთვის, თუ როგორ არ უნდა დაირღვეს ადამიანის უფლებები!
მინდა, პასუხი გამცენ, რატომ არ მიმიწვიეს სხდომაზე, საიდან მოიტანეს ახალი გარემოებები?!
3 წლის წინათ ისეთი საფუძვლით გამომიშვეს, თითქოს გამოსაცდელი ვადა ვერ გავიარე, რომ ვისთან უნდა მივსულიყავი, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება ხელში არ მექნებოდა?! ახლა ჩემი სავიზიტო ბარათი იმ ორი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, რომელთაც თქვეს, რომ მე არაფერი დამირღვევია და სამინისტროს ქმედება უკანონო იყო! ვინც სარეზოლუციო ნაწილს წაიკითხავს, ყველა გაიგებს, რომ სხდომაზე დასწრებას ვთხოვდი, იქნებ, ეკითხათ, რაც აინტერესებდათ, იქნებ, ენახათ, ვინ ვიყავი, როგორ ვმეტყველებ, რატომ ვითხოვ ამას, ხომ უნდა იცოდე, ვის საქმეს განიხილავ, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ხარ?!
მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიურ პიარს ერიდებიან, ფაქტი სახეზეა!
ის ორი კეთილსინდისიერი მოქალაქე, რომელთაც ჩემ სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება, ვერ შექმნის სურათს, რადგან მათი სამართლიანი გადაწყვეტილებები უზენაესმა გააცამტვერა! ეს დაშინება იყო სხვა საჯარო მოსამსახურეებისთვის. ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა სამი წელიწადია, სახლში ვარ. რატომ? კვალიფიკაცია არ მაქვს?! საკონსტიტუციო სასამართლოდან მოყოლებული, პარლამენტით, ენერგეტიკის სამინისტროთი დამთავრებული, არ ყოფილა უწყება, სადაც წარმატებით არ მემუშავა და ერთი შენიშვნა არ მიმიღია მადლობის გარდა!
ახლა სამოტივაციო ნაწილს ფორმალურად ველოდები, რომ სტრასბურგში გავაგრძელო ბრძოლა, რომელსაც ან ერთი თვის ვადაში გამომიგზავნიან, ან დააჩქარებენ, რომ ბაჟი გადავიხადო. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არც გასაჩივრდება საქართველოში, ამიტომ აუცილებლად მივმართავ ევროსასამართლოს!“

საბოლოოდ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მარტივია სიმართლის დანახვა, რომელიც ერთია და აუცილებლად თვალში საცემი.
ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი, ყოველთვის!

ნინო ტაბაღუა