ინკლუზიური განათლების გამოწვევები დღეს

განათლების მიღების უფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არა მხოლოდ კონსტიტუციით, ასევე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტითაა განსაზღვრული.
ამ ფუნდამენტური უფლების განხორციელება ადრეულ ეტაპზე იწყება და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების საშუალებით ხორციელდება.

იმისთვის, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს შესაბამისი გარემო განათლების მისაღებად, სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამა არსებობს.
მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ინკლუზიური სწავლებაა, რომელიც გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.
ტერმინი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე მოიზარებს ბავშვს, რომელსაც თანატოლებთან შედარებით სიძნელე აქვს სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება.
ამას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება და კერძოდ მისი მეხუთე თავი, რომელიც ინკლუზიურ განათლებას ეხება საქართველოში.
2006 წლიდან ინკლუზიური განათლების დანერგვა მხოლოდ სკოლებში მიმდინარეობდა, 2013 წლიდან კი ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლების საფეხურზეც დაიწყო. რეგულირება ხდება განათლების შესახებ კანონებითა და ნორმატიული აქტებით. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების უფლებას სხვადასხვა საფეხურზე.
2014 წლის განათლების სამინისტროს მონაცემებით საქართველოს 2084 საჯარო სკოლიდან პანდუსების საკითხი 250 სკოლაში მოგვარდა, წლის ბოლოსთვის კი მათ რიცხვს კიდევ 13 სკოლა დაემატა.
მათივე ინფორმაციით იგეგმებოდა 2015 წლისთვის ყველა სკოლის მოწყობა და ადაპტირებული გარემოს შექმნა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
თუმცა ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. საკმაოდ ბევრ სკოლაში კვლავაც არაა პანდუსები, რომლითაც ეტლით მოსარგებლეები უფრო ადვილად შეძლებდნენ გადაადგილებას და ასევე ბევრგან არ მუშაობს ე. წ. სპეცპედაგოგი, რაც ამ კონკრეტულ სკოლებში შშმ ბავშვების სწავლების საკითხს დაარეგულირებდა.
წლების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები საზოგადოებისგან იყვნენ გარიყულნი და ისინი, ძირითადად, სახლში იკეტებოდნენ, რაც უარყოფითად აისახებოდა მათ არა მხოლოდ სოციალურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
ექსპერტები და შშმ პირებთან მომუშავე ადამიანები ერთხმად თანხმდებიან, რომ მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში აუცილებელია და ამის ერთ-ერთ ძალიან კარგ საშუალებას სწორედ სკოლებში, სასწავლო პროცესებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ჩართვა წარმოადგენს.
საქართველომ ინკლუზიური განათლების დანერგვის ვალდებულება 1995 წელს სალამანკის დეკლარაციის საფუძველზე აიღო, თუმცა ამ მიმართულებით რეალური მუშაობა მხოლოდ 2005 წლიდან დაიწყო, 2012 წელს კი ინკლუზიური განათლება ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო გახდა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 40% დასაშვებ სოციალურ ნორმად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ სტიგმას.
ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რომელიც საზოგადოების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციას დასაშვებად მიიჩნევს და იმ მასშტაბებსაც ავლენს, რასაც ხშირად იღებს ეს დისკრიმინაციული გამოვლინებები.
მიუხედავად არაერთი რეფორმისა თუ პოზიტიური ცვლილებისა, ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჯერ კიდევ უგულებელყოფილი, შეუმჩნეველი და დავიწყებული რჩება.
ინკლუზიური განათლება ნებისმიერი საჭიროების მქონე ბავშვისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს და გარკვეულ სირთულეებსაც აწყდება. ინკლუზიური განათლების უმნიშვნელოვანესი შედეგი ბავშვის სოციალური ინტეგრაციის, მეტყველების, ქცევის გაუმჯობესებასთან ერთად თვითშეფასების ამაღლებაცაა.
გარდა ამისა, ეს პროცესი ორმხრივად სარგებლიანია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და მათი თანატოლები სწავლობენ ემპათიას, ანუ თანაგანცდას, ასევე ეხმარებიან ერთმანეთს გარკვეული სირთულის დაძლევასა და პრობლემების მოგვარებაში.
ამას მრავალი კვლევა და თავად ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგებიც ადასტურებენ, სწორედ ამიტომაც ინკლუზიური განათლების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე არავინ დაობს, საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ როგორ ხორციელდება ის რეალობაში და რა გამოწვევების წინაშე დგას თანაბარუფლებიანი საგანმანათლებლო გარემო დღეს ჩვენს ქვეყანაში?
მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ეროვნულ სასწავლო გეგმასა და თვითონ ინკლუზიური სწავლების მეთოდებზე, სრულფასოვნად ეს პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ყველა შშმ ბავშვის განათლების უფლების განხორციელებას და სრულყოფილი სასწავლო გარემოს შექმნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ამის ხელშემშლელ ფაქტორად სხვადასხვა მიზეზი გვევლინება. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თავად სასწავლო გარემოში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და გაუმართაობა, რომელიც ხშირად იჩენს თავს და ინკლუზიური სწავლების პროცესსაც აფერხებს.
სასწავლო პროცესი და გარემო ნაკლებად არის მორგებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვზე; ნაკლებია მშობელსა და მასწავლებელს შორის ინტერაქცია;
ასევე ხშირია სოციალური ინტეგრაციის პრობლემებიც; სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში ფარული დისკრიმინაციაა.
უფლებრივი მდგომარეობის მხრივაც დაბალია მშობლებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ახლობლების ინფორმირებულობის დონე. ბევრმა მათგანმა შეიძლება არც იცოდეს, რომ მათ შეუძლიათ ბავშვის საჯარო სკოლაში მიყვანა და სასწავლო პროცესში მათი ჩართვა, რასაც სრულად უნდა უზრუნველყოფდეს კონკრეტული სკოლა და მისი ადმინისტრაცია.
ინკლუზიური განათლების პროგრამის ფარგლებში შემუშავდა შესაბამისად ადაპტირებული სახელმძღვანელოები, გადამზადდა პედაგოგების ნაწილი და მათ სპეცპედაგოგის სახელითაც მოიხსენიებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 2015 წლის 1-ლი მარტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის (3 729.5) დაახლოებით 3%-ია, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნების უმეტესობაში ეს რიცხვი საშუალოდ 10%-ს აღწევს.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი თბილისში ცხოვრობს, მათი რაოდენობა 28 000 აღემატება.
2015 წლის ბოლოსთვის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ ჩაატარა კვლევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ფორმალური განათლების სისტემაში ჩართვისა და განათლების საბაზო საფეხურის დამთავრების ბარიერებისა და მხარდამჭერი ფაქტორების შესახებ. კვლევა გამოიცა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით.
ამ კვლევის თანახმად, მთელ მსოფლიოში ხშირია გამოცდილება, როდესაც შშმ ბავშვები და ახალგაზრდები ტოვებენ სკოლას და საბოლოოდ, რჩებიან დასაქმებისა და ეკონომიკის მიღმა. ახალგაზრდა შშმ ქალები და მამაკაცები, როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებშიც კი უფრო მეტ დისკრიმინაციასა და მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და სამოქალაქო უთანასწორობას განიცდიან, ვიდრე მათი თანატოლები, რომელთაც არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა.
საქართველოში არ არსებობს შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ზუსტი სტატისტიკა.
2015 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 0-18 წლამდე ასაკის მხოლოდ 9,177 შშმ ბავშვი (წყარო: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო). აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრა, ჯერ კიდევ, სამედიცინო მოდელის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც არ ფასდება განვითარებასთან დაკავშირებული შეფერხებები და დიაგნოსტირება, შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭებაც.

როგორია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის პრაქტიკა? რა ძირითადი სირთულეები იჩენს თავს? რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემა?
„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს სპეცპედაგოგი, ფსიქოლოგი მაია აფხაზიშვილი _ ის 12 წელია, რაც სპეცპედაგოგად მუშაობს და თავისი საქმიანობით სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო სფეროში ინტეგრაციას უწყობს ხელს:

_ რას გულისხმობს ინკლუზიური განათლება და რა ძირითად პრინციპს ემყარება იგი?
_ ინკლუზიური განათლების მოდელი ეფუძნება რწმენას, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს განათლება და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, ამდენად, ბავშვის განვითარების საქმეში ინკლუზიურ განათლებას მთავარი როლი აქვს. საქართველოში აქტიურად ინერგება ინკლუზიური განათლების მოდელი, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევა და სირთულეა ამ კუთხით.
ინკლუზიური განათლების მოდელი დამყარებულია ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა განსხვავების აღიარება და პატივისცემა, მიკუთვნებულობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ინკლუზიური განათლების მოდელი გულისხმობს თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურ მიდგომას და განვითარების მასტიმულირებელ სასწავლო გარემოს, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, არამედ ყველასთვის.
_ რა ძირითადი სირთულეები იჩენს თავს თქვენს საქმეში?
_ მაშინ, როდესაც ეს სპეციალობა ავირჩიე, ძალიან ბუნდოვანი იყო წარმოდგენები ინკლუზიური განათლების მოდელზე და ფაქტია, ამ მიმართულებით ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი საქმის ყველაზე დიდი სირთულე, ვფიქრობ, გუნდური მუშაობის პრინციპის არარსებობა და კვალიფიციური კადრის დეფიციტია. გარდა ამისა, პრობლემად რჩება ისიც, რომ საზოგადოება ამ საკითხის მნიშვნელობის შესახებ ნაკლებადაა ინფორმირებული. საქმეს ასევე ართულებს ეკონომიკური ფაქტორები და მიზერული ხელფასი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არასაკმარისი და შეუსამაბოა გაწეულ სამუშაოსთან შედარებით.
_ ინკლუზიური განათლების პროცესში მნიშვნელოვანია თავად მშობლის ჩართვა. რა მდგომარეობაა ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში და რამდენად არის მშობელი ჩართული ინკლუზიური სწავლებით ბავშვების ინტეგრაციის პროცესებში?
_ რასაკვირველია, მშობლის ჩართულობა ყველა ასპექტში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ბევრ მშობელს თავად აქვს არასწორი წარმოდგენა ინკლუზიურ განათლებაზე და ფიქრობს, რომ თუ მის შვილს ინდივიდუალურად სპეცპედაგოგი ეყოლება, ეს მისი ჩართულობის გარანტია, თუმცა ეს ასე არ არის. მოთხოვნა და პრიორიტეტები სწორად უნდა განისაზღვროს. მშობელმა სკოლის პედაგოგის გაძლიერება და დახმარება უნდა მოითხოვოს და არა მისი კონტროლი ან იძულება. პედაგოგს მხარდაჭერა, სწავლება და მოტივაციის გაზრდა სჭირდება.
_ რა ძირითადი გამოწვევები და სირთულეები ახლავს ინკლუზიური განათლების სისტემას ჩვენს ქვეყანაში?
_ დღეისთვის ინკლუზიური განათლების მოდელის დანერგვას უამრავი გამოწვევა და სირთულე ხვდება. საზოგადოების ნაკლებად ინფორმირებულობა, ამ კუთხით გადამზადებული და კვალიფიციური კადრები, სპეცპედაგოგის მიზერული ანაზღაურება სკოლაში, რაც უკვე განსაზღვრავს სკოლიდან კვალიფიციური კადრის გადინებას, მცირე რაოდენობით ინტეგრირებული კლასების არსებობა და სხვ.
ჩემი აზრით, მთელი რესურსი პედაგოგის გაძლიერებისკენ და პროფესიული ზრდისკენ უნდა იყოს მიმართული.
რასაკვირველია, ფიზიკურ გარემო ინკლუზიური განათლების მოდელის დანერგვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თავად მომიწია მუშაობა ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ინტეგრირებულ კლასში, რომელსაც პანდუსი არ გააჩნდა და ბავშვების უმეტესი ნაწილი ეტლით მოსარგებლე იყო. რასაკვირველია, ეს ძალიან დიდ სირთულეს ქმნიდა. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს ნება და მონდომება.
_ როგორია საზოგადოების მზაობა ინკლუზიური განათლების მიმართ და როგორ შეიცვალა ეს დამოკიდებულება წლების განმავლობაში?
_ საზოგადოებრივი მზაობის კუთხით ბევრად წინ ვართ, ვიდრე, თუნდაც, 10 წლის წინათ, თუმცა მშობლების პროტესტი ხშირია და განსაკუთრებით ქცევის დარღვევის მქონე ბავშვებთან მიმართებით. ვინაიდან პედაგოგს უჭირს ქცევის მართვა და ხშირად სასწავლო პროცესი იშლება, აქაც გავიმეორებ და ისევ პედაგოგის გაძლიერებაზე ვისაუბრებ: სკოლამ, განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს პედაგოგის გადამზადება იმ კუთხით, რა კუთხითაც მას გაუჩნდება საჭიროება.
ასევე ამ სასწავლო პროცესებში უნდა ჩაერთოს ქცევითი თერაპევტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში გვაქვს მერიის აუტიზმის უფასო პროგრამა, სადაც მათ უფინანსდებათ ქცევითი თერაპია).
ინკლუზიური განათლების მოდელი არის იდეალური მოდელი თითოეული ბავშვისთვის. თუ წარმოვიდგენთ და ოდესმე მივაღწევთ იმას, რომ თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გეგმას მივიღებთ, რომელშიც დაკმაყოფილებული იქნება მიკუთვნებულობის მოთხოვნილება და ბავშვები იგრძნობენ, რომ სკოლა მათთვის მხარდამჭერი და მზრუნველი სასწავლო გარემოა, სადაც პატივს სცემენ და აღიარებენ განსხვავებას, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მოტივირებულ, საზოგადოების სრულფასოვან და სრულუფლებიან მოქალაქეებს.

ანა ურუშაძე